ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი!

მტკვარი ცხრილით როგორ უნდა აირწყოს?

ქარი რას დააკლებს ქვითკირის კლდესა,

თუ გინდ წლის-წლობამდის ქროლვა დაიწყოს!

თუ გინდ გაათეთრო სპილენძის თასი,

სპილენძი ერთია, ვერცხლი - ათასი!

ჭიქას არ ედება ალმასის ფასი,

თუ გინდ ოქროს ბეჭედშიაც გაიწყოს!

ზოგზოგი კაცია ეშმაკის მუშა;

ეშმაკის ნაშენი ღმერთმან დაფუშა...

გოგრა არ გახდება შირაზის შუშა,

რა გინდა მაღლა თახჩაშიაც შაიწყოს!

თუ გინდ თევზი დაჰკლა, - არ დაიყვირებს.

ფეხთ ჰინის დადება რათ უნდათ ვირებს?

ქვიშა ბამბის ალაგს ვერ დაიჭირებს,

თუ გინდ ყუთნის საბანშიაც ჩაიწყოს.

ნურვინ იტყვით - ეს ყმაწვილი ვინა ვარ!

ანა-ბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ.

საიათნოვა მქვიან არუთინა ვარ.

სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს.