1

მე უსწავლელსა ვით მეძლოს, ვისზედ ვსთქვი ანბანთ-ქებანი?

ბრძენს უნდა ექო იმისი ციმციმი, ბრწყინვალებანი,

მინდა რუსთველსა შევჰკადრო სიტყვითა ბაასებანი,

ვჰკითხოთ, რაზედ თქვა ლექსები ტკბილი, ღრმად მეტყველებანი?

2

ვუთხრათ: რად დაშვრი ტყუილზედ, რაც სთქვი, არ იყო წესიო,

ამას მოწმობენ ქართველნი, იმერელი და მესხიო,

არქვით მათ თქვენი ნათქვამი, - ნეტავი მე მასესხიო, -

დიდათაც გამომადგება რუსეთსა მისი ლექსიო!

3

ნესტან-დარეჯან ვინ იყო, რომ აქო დაუცხრომელად?

ტყუილის ტარიელისთვის სტირს ცრემლის შეუშრობელად,

როს ღრმა ლექსებით შეამკობს მათ ენა დაუშრომელად,

წყნარათა ვკითხოთ, არ გაწყრეს, არ დავრჩეთ შეუნდობელად.

4

აწ მოგახსენებ, რუსთველო, რაც ჩემი სიტყვა არი სად:

ნესტანჯარ ესრეთ გიქია, არ თუ სხვის შესადარისად,

«თინათინ მზესა სწუნობს»-ო, თქვენ ბრძანეთ, ქებად კმარისად,

ცუდმადს მიჯნურსა ახელებთ ერთმანეთს გასახალისად.

5

არ გაგონილა ინდოეთს ნესტან-დარეჯან ქალადა,

არცა ტარიელ კაცს ერქვას - გიწოდებია ძალადა!

არაბისტანში თინათინ არ იყო ბროლ-ფიქალადა,

ვერც ჰპოებთ ავთანდილსაცა მის ეშყით დანამთვრალადა.

6

არა ყოფილა ფარსადან ექვს სამეფოზედ მჯდომელად,

არცა განთქმული ინდოეთს, რომ ყოფილიყოს მფლობელად.

გამოჩნდით მათთვის, ღირს ქმენით რას ლექსის შესამკობელად,

ტარიელ, ნესტან-დარეჯან სთქვი ერთმანეთის მდომელად.

7

ეს შვიდნი სახელმწიფონი დიდნი, ვარგნი და არ ავნი,

არც მჯდარა მეშვიდედ მეფედ სარიდან მტერთა მზარავი,

არც კაცი, არცა ჰქონია სახლი, სამყოფი, კარავი

გაკეთებული სიბრძნითა, - არ არის დასაფარავი.

8

არ თქმულა მეფედ არაბეთს როსტევან სახელდებულად,

არც მის ასულად თინათინ, რომ სხვას ვის ეთქვას ქებულად,

ვერც ავთანდილზედ მემოწმნენ იმისთვის თავდადებულად, -

დაგისახავსა ტყუილად მიჯნურებ ცეცხლ-მოდებულად!

9

თქვენი ღრმად მეტყველებანი უცხო რამ, საკვირველია,

თუმცა მართალზე თქმულიყო, რა ტკბილი საკითხველია!

«ვეფხისტყაოსნის» ლექსები სხვას ლექსთა გამკიცხველია,

საქართველოსა კაცთათვის სატრფო და სასურველია.

10

შენი ნათქვამი საღმრთოდ, თუ საეროდ მოიხმარების,

სჯობდა მას ზედა თქმულიყო, ვის მზე არ შეედარების,

ევროპიაში რომელსა ბნელი არ მიეკარების,

ვინც რომე ნათლობს ნიადაგ, შუქი არ დაემალების!

მიგება რუსთველისაგან

11

«ძმანო, არ ძალმიცს პასუხი არ მწარედ, არცა ტკბილადა,

ეს ვერ შევიტყვე: მოდავედ ჩემზედ ვინ ატეხილა-და?

ექვსასის წლის მკვდრის ბაასი აროდეს გაგონილა-და!

მელექსე მელექსისაგან არას დროს დანდობილა-და!

12

ვინ არის ჩემზე მეტყველი? - შეტყობა, დია, მსურისა:

თუ ვინმე დიდი კაცია, მიგდება უნდა ყურისა,

არამც რომ დამკვრელი იყოს სტვირისა, ჭიანურისა,

ზედან ამღერდეს შაირებს, ნათქვამს ბისტიკას ცრუისა!

13

დიდის გვარისა თუ იყოს, ან კარგად ხსენებულიო,

ან მეფე საქართველოსი, ანუ თუ უფლისწულიო,

რასაცა გეტყვით, უამბეთ ეს ჩემი სიტყვა სრულიო,

მკვდრის ლაპარაკსა რას აქნევს, კაცსა არ ედგას სულიო?

14

როდესაც საქართველონი იყო ხელმწიფის ერთისა,

მაშინ მას ჟამსა მე ვიყავ შინა-ყმა თამარ მეფისა,

კურთხეულმც არის ხსენება მპყრობელის დიდის ქვეყნისა,

იმისგან პატივ-ცემული ვახლდი მდივანი სეფისა.

15

ფილოსოფია მესწავლა, წიგნი მეკითხა ბევრიო,

მოსწონდა ჩემი მდივნობა, ვის მორჩილებდა ერიო,

მიბრძანა: «რადგან ცოდნა გაქვს, ლექსები გამოსთქვენიო».

გინახავს ყველას, მოგწონსცა სულ ჩემნი დანაწერნიო.

16

რადგან მიბრძანა, არ მქონდა მე საქმე დასაღონები,

ვპოვე ამბავი, ლექსად ვსთქვი, ვეჭვ, იყოს მოსაწონები,

საღმრთოდ, საეროდ სრული და რა ტკბილად გასაგონები!

კაცთათვის საკითხავადა სურვილით მოსანდომები.

17

უთქვამს, თუ: ცუდი შაირი მე ცუდად ვისზედ მეთქოსა?

ტარიელ, ნესტან-დარეჯან ტყუილად სიტყვით მექოსა,

ავთანდილ თინათინითურთ ზრახოს, არ ესახელოსა,

რად უნდა ცილსა მწამებდეს, ჯავრითა გამახელოსა?

18

როს ქვეყანაზე ვცხოვრობდი, ვიყავცა გალაღებული,

ხელმწიფე მყვანდა მაღალი, დიდადაც გადიდებული,

მას დროს ქართველნი არ იყვნენ მტრისაგან შეწუხებული,

მხიარულნი და შვებულნი ლხინობდენ გახარებული.

19

პაპას შენს - შენგან უკეთესს, ჰქონდა მას სიბრძნე გულისა, -

მასაცა უთქვამს შაირი მიჯნურთა დადაგულისა,

ვინც წაიკითხავს ჩემს ნათქვამს, - მიგდება უნდა ყურისა, -

ჩემმან ლექსებმან ერთს ჟამსა პაპაცა გაგიგულისა.

20

რაც სიბრძნით ლექსები მეთქვას, დაგიგდებთ ქართველებსაო,

მიჯნურობისა საქმესა სიტყვას დავწერდი მთელსაო,

ევროპიაში ვის აქებს, რომ არ შეუდრის მზესაო?

თუმცა აგრეა, ჩემს მეტი ვერ იტყვის შესაფერსაო!

21

თუ მე მაგ დროსა მეცოცხლა, გაგიმარჯვებდი მე დია,

ვისაც შენ აქებ, მაგაზედ კარგს ლექსებს გამოვთქვემდია,

რას სიტყვით შევამკობდი-და! - შენ კარში გაგაგდებდია!

რადგან შენს საქებრად დარჩა, მას არ ჰქონია ბედია!»