ციკლიდან „პაციფიზმი“

სადღეგრძელოსთვის სიტყვის თქმის ნება მომეცი, თამადა:
შემკობად თინათინისა ამ სასმისს ვსვამ თამამადა,
ვის მკერდზე გადმოფენია ნაწნავი ცხრა სამ-სამადა,
ვისი თავხურვა ყოველგვარ თავხურვას შეეკამათა,
და წარბ-წამწამი ყველასი არ ღირს მის წარბ-წამწამათა,
სახის კანს სადაფისფერსა მზემ შუქი რამ მიამატა,
ტანსარო, ალვა ასული, მშვენება მარად ჟამადა,
ვინ მზესა სწუნობს, მაგრამ მზე თინათინებდეს მარადა.
ვუსურვებ: ჰქონდეს სიმხნევე ფუძედ და დასაბამადა,
მშვიდობიანი ცხოვრება რომ არ შეცვლოდეს შხამადა,
და აფხაზური, ბევრი რამ, სიბრძნეთა და სიამეთა,
ის კარგი დარბაისლობა, უღირდეს ძვირფას რამედა.
ვარდ-ყვავილებით მოერთოს ველი, ქცეული შლამადა.
„სამშობლოსათვის მაცოცხლეთ!“ - მვედრები იყოს ამადა.
მომხდურებს რომ წახდენოდეს რბევის სურვილი და მადა,
მტერზე მიმსვლელი მენახოს, ქალი იძახდეს: „ჰკა მათა!“
აფხაზნი ქალნი გმირთ ზრდიდნენ, შემმუსვრელთ არამგამათა...
მაშ, ერთი ძველი სუფრული, სთქვი - „ჩარდა ამთა“, თამადა!