ზურაბი ვაგონიდან გამოვიდა და მიიხედ-მოიხედა. ბაქანზე არავინ იყო. არც მისი საყვარელი დაიკო ელენე და არც უძვირფასესი დედა მართა. ის მრავალჯერ დაბრუნებულა შორი მგზავრობიდან, მაგრამ ერთხელაც არ ახსოვს, რომ სადგურზე არავინ დაჰხვედროდა.

ზურაბს ოცი დღის წინათ მოსკოვში დეპეშა მოუვიდა: “ვთხოვდები. შენს დაბრუნებას ვერ მოვუცდი. მიზეზს რომ გაიგებ, უეჭველად მაპატიებ. ქორწილი ზეგ გვექნება. შემინდე. მომილოცე. გკოცნით. ელენე”.

ზურაბი გაოცდა, დაღონდა, გაბრაზდა: მისი ერთა ელენე ჯერ სტუდენტია. ერთი წლის შემდეგ ინჟინერის დიპლომს მიიღებს. ისიც ზურაბივით შრომის მოყვარეა, დარბაისელი, უჯიათი და… ასე უცბად რა მოხდა? რამ ააჩქარა, ვინ გააგიჟა? მას სიტყვა ჰქონდა მოცემული, რომ დედისა და ძმის ნებადაურთველად არ გათხოვდებოდა. საქმრო თანხმობით უნდა აერჩიათ. ახლა კი ვიღაცამ ააჩქარა, მოიტაცა, სიტყვა გაატეხინა. ნეტა ვინ არის ის ბედნიერი – ექიმი, ვექილი, აგრონომი თუ ინჟინერი?

ზურაბი კარგა ხანს შფოთავდა და ძლივს მიხვდა, რომ იმ სიშორეზე ვერაფერს მიაგნებდა, ორ დღეში ვერაფერსაც ვერ გაიგებდა. ის დეპეშა ულტიმატუმს ჰგავდა, რომელიც მას ბრმად უნდა შეესრულებინა, ან ბრმადვე უკუეგდო. ამით გაბრაზებულმა ძმამ ჯერ მოკლე პასუხი დასწერა: “სიძეს არ ვიცნობ. ვერ მოგილოცავთ. ჩემს დაბრუნებამდე მოიცადეთ”.
მაგრამ მერე ასწონ-გაზომა და პასუხისგებისა შეეშინდა. იფიქრა: თვითონაც ძლიერ კარგად იციან, რომ უჩემოდ დაქორწინება სირცხვილია, მაგრამ ალბათ დაყოვნება უფრო სახიფათოა და ამიტომ ჩქარობენ. იფიქრა, იყოყმანა და უპასუხა:
არა მესმის რა. გაოცებული ვარ. მაინც გილოცავ გაბედნიერებას და ვცდილობ ჩემი თავი დავაჯერო, რომ საპატიო მიზეზმა აგაჩქარათ. სიძის ვინაობა შემატყობინე. ჯერჯერობით მხოლოდ შენ გკოცნი მხურვალედ. შენი ზურაბი.
საპასუხო წერილს მოუთმენლად ელოდა. ათიოდე დღის შემდეგ დედისგან დეპეშა მოუვიდა: “საჩქაროდ დაბრუნდი. უბედურება მოხდა. მართა”.
დეპეშა ხელიდან გაუვარდა და დიდხანს იჯდა თავზარდაცემული, გაშტერებული. უბედურების ათნაირი ვარიანტი კორიანტელივით უტრიალებდა აზრად და თავის საყვარელ დედას პირველად უწოდა “ტუტუცი, გამოლაყებული ბებრუცუნა”, რომელმაც ასეთი გაუგებარი და გამაგიჟებელი დეპეშა გაუგზავნა შვილს.
“ცხადია, ელენე გარდაიცვალა” – გადასჭრა ბოლოს ზურაბმა და ისევე გამოიტირა ელენე, როგორც ოცი წლის წინათ მამის საფლავზე ტიროდა. გულში მაინც უფუჩუნებდა იმედი: იქნება არ მომკვდარა და სხვა რამ უბედურება დაემართათ. მერმე ოდნავ დამშვიდდა, კომისიონერი მოიწვია და ბილეთის ყიდვა და დეპეშის გაგზავნა დაავალა, სადაც ორადორი სიტყვა ეწერა: “მოვდივარ. ზურაბი”.
აი კიდევაც ჩამოვიდა – უჭმელობით, დარდით და უძილობით გალახული, დათენთილი, გაბრუებული. ჩამოვიდა და სადგურიდან დაჯერებული წამოვიდა, რომ ელენე მკვდარი დაჰხვდებოდა. მაგრამ იქნება ცხედარსაც ვერ მიუსწროს? ალბათ კიდეც დამარხავდნენ. ამ სიცხეში ცხედარს ექვს დღეს არ შეინახავდნენ.
ქვითინი ყელში უთრთოდა, თვითონაც ცახცახებდა, და ქუჩა რომ სავსე არ ყოფილიყო ხალხით, ცრემლს აუშვებდა და ტირილს მორთავდა.

ავტომობილი ქშენით გაჩერდა. ზურაბმა თავის ბინის კარი კინაღამ შეამტვრია, და როცა გაუღეს, მდუღარე ხმით შესძახა მართას:

– დედი!

– შვილო!

– ცოცხალია?

– ცოცხალია, შვილო, მაგრამ ვაი ამ სიცოცხლეს!

გახარებულმა ზურაბმა ჩემოდანი დააგდო, კისრიდან დედის მკლავები მოიშორა: პირველი ოთახი გაირბინა და მეორე ოთახში შევარდა. ელენე ცოცხალია! ძმას ამაზე მეტი არა უნდოდა რა.

თავით-ფეხებამდის საბანში გახვეული ელენე ლოგინში იწვა და კედლისკენ იყო მიბრუნებული. ზურაბმა მხარზე ხელი დაადო და ჩასჩურჩულა:

– ელო… გძინავს თუ გღვიძავს, ელიკო?

საბანი შეირხა, აიფურთნა და ყრუ ქვითინი გაისმა:

– თავი დამანებე!.. ნუ მაწამებ!.. გადი აქედან!

ზურაბმა დედას გადაჰხედა. მართა ცრემლს იხოცავდა და შვილს ოთახიდან გასვლას ანიშნებდა.

– გადი მეთქი აქედან!.. თავს მოვიკლავ!

– კარგი ჩემო დაიკო, კარგი. მივდივარ. დამშვიდდი. როცა დამიძახებ, მაშინღა შემოვალ, გვერდზე მოგიჯდები და, თუ შენი სურვილი არ იქნება, ხმასაც აღარ ამოვიღებ.

**

– დედი, ტირილს მერეც მოასწრებ. ახლა კი დაჯექი და დალაგებით მიამბე.

მართა მაგიდას მიუჯდა და ცრემლიანი ხმით, ქუშით და წყევლა-ვაებით უამბო ზურაბს.

მანამდის არც მართას გაეგო, ჰყავდა თუ არა ელენეს საბედო. არც ის იცოდა, როდის აქეთ გაებათ მათ საბედისწერო კავშირი. ზურაბი რომ მოსკოვს წავიდა, ერთი კვირის შემდეგ ელენემ “ის პირშავი” მოიყვანა, გაუმასპინძლდა და, როცა გაისტუმრა, დედას ჰკითხა:

“დედილო, ის ვაჟი როგორ მოგეწონა?”

“რა უშავს, შვილო, – უპასუხა მართამ, – ლამაზია, ტანადია, და არც სიტყვა-პასუხი აკლია. სხვაფრივ კი მე მისი არა ვიცი რა და ჯერ ვერაფერს გეტყვი.

“მე თვითონ ვიცი და მე თვითონ გეტყვი, – მიუგო ელენემ. – ექიმის შვილია, ძალიან განათლებული, ზრდილობიანი, ბეჯითი და დინჯი კაცია. ალაგიც მშვენიერი აქვს და მომავალიც. ქალები ბუზებივით ეხვევიან. ხუთიოდე მეტოქე გამიჩნდა. ყველა შურით იხოცებიან. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ხუთ დღეში უნდა მივთხოვდე, თორემ… “რას ამბობ, შვილო, გონს მოდი.

“თორემ სხვა წამართმევს”.

“მაშ ის ქალიც ჰყვარებია”…

ტყუილია. – გაფიცხდა ელო. – როგორ შეიძლება სხვაც უყვარდეს! მაგრამ მაინც… ვინ იცის… ათასი რამე მოხდება ხოლმე. ზეგ ვიქორწინებთ. აქაურობა კარგად დაალაგე და ერთი ვახშამიც მოგვიმზადე.

მართამ ძლიერ დატუქსა, დიდხანს ეკამათა, ვახშმის დამზადებაზე უარი უთხრა და კიდეც დაემუქრა: “გვირგვინს არ დაგილოცავო. მაგრამ არაფერმა არ გასჭრა. ელენე თავის ნათქვამზე შედგა და ფეხი აღარ მოიცვალა. ბოლოს კიდეც დაემუქრა: “ქორწინებას გავაფორმებ და იქიდან ქმრის ბინაზე წავალო, შენ კი ქორწილში გინდ სულაც ნუ მოხვალო.

– ელოსაც ეხლანდელი ხუშტური შეეყარა, შვილო, და მე ვეღარაფერი შევასმინე. არც ცრემლმა გასჭრა, არც მუქარამ და აღარც დედის პატივმა.

– მერე?

– მეტი რაღა შემეძლო, შვილო? ყბადასაღებ საქმეს ისევ ელოს ჟინის შესრულება ვამჯობინე და დავემორჩილე. ახალგაზრდობამ დილამდის ილხინა, მე კი ჩემი თავი ქელეხში მეგონა… ის პირშავი აქვე დასახლდა. ელომ მითხრა: ზურაბი რომ ჩამოვა, ერთს კიდევ მოვილხენთ და მეორე დღესვე გადავალთო. ცხრა დღეს იცხოვრეს. მეათეზე სიძე გაგვიქრა. გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ელენემ იმ დღეს ექვსჯერ აირბინა იმის ბინაზე, მაგრამ შინ არავინ დაუხვდა. მთელი ქალაქი მოირბინა, მაგრამ კვალსაც კი ვერ მიაგნო. იმ ღამეს თვალი აღარ დაუხუჭია… მოგიკვდეს დედაშენი, შვილო! უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილხარ… მეორე დღეს ქუჩის ბიჭმა წერილი მოუტანა. ის დასამიწებელი სწერდა: ჩვენ ერთმანეთს ვერ შევეგუებით, ამიტომ ჩვენი ცოლქმრობა გათავდა და ღმერთმა ჩემზე უკეთესი ქმარი გაპოვნინოსო. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. ელო ლოგინად ჩავარდა… გვისნეულდება… ექიმი მაფრთხილებს…

– დედი, ნუ სტირი. შენ ეს მითხარი: ის სალახანა ვინ არის, რა გვარისაა?

– დასწყევლოს ღმერთმა იმისი სახელიც და გვარიც, ვიღაც ანტონ მახარაშვილია. ამბობდა, ინჟინერი ვარ და აბრეშუმის ქარხანას ვაშენებო.

– კარგი, დედი. ახლა შენს საქმეს მიჰხედე.

ზურაბმა პირი დაიბანა, ტანისამოსი გამოიცვალა და კარი გამოიხურა.

**

რამდენიმე დღის შემდეგ ანტონი და მისი ახალი მეგობარი კოტე რესტორანის პაწია კაბინეტში სადილობდნენ და სიყრმის მეგობრებივით საუბრობდნენ.

– ძმაო კოტე! – ეუბნებოდა შეზარხოშებული ტექნიკოსი ანტონი კოტეს, – მე და შენ ორ დღეში ისე დავძმობილდით, რომა… შენც ინჟინერი და მეც, შენც გყვარებია ქალები და მეც.

– წეღან რაღაცას ამბობდი. ბოლშევიკები გვეფიცებიანო, – გაახსენა კოტემ.

– ჰო, ბოლშევიკები გვეფიცებიან მეთქი, ცოლქმარი მეგობრები უნდა იყვნენო. ვის ატყუებენ! ქალი მხოლოდ ლოგინშია მამაკაცის მეგობარი. მოილხინე, დასტკბი და მერე ფუტკარივით სხვა ყვავილზე გადაფრინდი. ასეთია ბუნების კანონი. ააშენოს ღმერთმა იმის დამწერი!

– ააშენოს! – დაუდასტურა კოტემ. – მეც მუდამ მაგას ვიძახი. მაგის დამწერის დღეგრძელობისა დავლიოთ.

თითოც რომ დალიეს, ანტონმა ჰკითხა:

– კოტე, შენ რამდენჯერ შეირთე ცოლი?

– შვიდ წელიწადში ხუთჯერ შევირთე, მაშა!

– ოხო-ხო! – ჩაიცინა ანტონმა. – მე მიჯობნია. სამ წელიწადში ცხრა ცოლი გამოვიცვალე. დანარჩენ ლამაზებს, ნაყარ-ნუყარსა და სხვის ცოლებს აღარ ვანგარიშობ. მარტო ღმერთმა უწყის მათი ვინაობა და რაოდენობა.

– გაამოს! – წამოიძახა კოტემ. – ღმერთმა ქვიშასავით გაგიმრავლოს და ვარდივით გვიფურჩქნოს. – მერმე მეგობრის ლამაზ სახეს დააკვირდა და უთხრა:

– შენისთანა ლამაზს ქალები ძლიერ ეტანებიან, არა?

– ამ შავ თვალებს, ამ მბზინავს ხუჭუჭა თმას, ამ ბერძნულ ცხვირს, ამ სუფთა სახეს, და ამ კოკორა ტუჩებს რომელი ქალი გაუძალიანდება?

– ვერც ერთი, ღმერთმანი, ვერც ერთი. ნამეტან კი მაგ თვალებსა და ტუჩებს.

– ჰო და, ვისაც ამ თვალებს დავაჯახებდი ხოლმე, ის ტუჩებსაც ნატრულობდა, ვისაც ამ ტუჩებს მივაკარებდი, ის იმ დღიდან ჩემი ყურმოჭრილი ყმა ხდებოდა. ჰო და იმას მოგახსენებდი. ერთი სომხის გოგო ჩამივარდა გულში, ყორანივით შავგვრემანი იყო. გემო იმაშია, რომ ყველა მილეთის ქალს ჭაშნიკი გაუშინჯო. მეც აგრე ვიქცეოდი.

– მერამდენე ცოლი იყო ის ქალი?

– მეხუთე. წუნდასადები არ იყო, მაგრამ ისეთი ღონიერი იყო და იჭვიანი გამოდგა, რომ ერთი თვე ძლივს გავუძელი. მერე დავკარ ფეხი და სოხუმში გადავვარდი.

– ცოლს რაღა დაემართა?

– რა უნდა დამართოდა? ხელახლა გათხოვდა და ახლა მეტად ბედნიერია. სოხუმში ეს შავი თვალები რუსის ქალს დავადგი – ქერას, თეთრსა და ფუნჩულას. დაილოცოს იმათი მადლი, თამამი, გულკეთილი, გულღია გამოდგა. ისიც ქალწული იყო.

– შეგერგოს! მეშვიდე?

– მეშვიდე ბათომში შემხვდა. ახლა კი ებრაელი ავირჩიე. ალისფერი თმა ჰქონდა. ამბობენ, წითური ქალი ძალიან ვნებიანიაო. მაგრამ მოვტყუვდი. ჯერ თექსვმეტისაც არ იყო და ალბათ იმიტომ გამოდგა ცივი და უნდილი. გაზაფხულზე ქალს ჭორფლი გამოაყარა და… თავი მივანებე.

– რა თქმა უნდა, ისიც ქალწული იქნებოდა.

– უეჭველად.

– მერვე?

– მერვე შარშან შევირთე. გერმანელებს სკოლას ვუშენებდი და იქ გადავეკიდე. ძალზე ახალგაზრდა იყო. მუხლებზე ამაცოცდებოდა ხოლმე, თვალწინ თითს მიტრიალებდა და ტიტინებდა, იცინოდა, ზღაპრებს მიამბობდა. იმის დედმამამ ქვეყანა შემიყარა. ერთ ღამეს ავტომობილში ჩავსვი და ქალაქში ჩამოვიყვანე. სულ ტიროდა. იმისთვის სად მეცალა! ორ კვირაზე მეტს ვერ გავუძელი. ისევ ავტომობილში ჩავსვი და დედას გავუგზავნე.

კოტე ახალ მეგობარს ახლოს მიუჯდა, მხარზე ხელი დაადო და ჰკითხა:

– რამდენი შვილი გყავს?

– მე შვილი-მილი არ ვიცი. ვინც აჩენს, იმანვე იზრუნოს. ზოგი ჩემი ნაცოლარი ახლაც დამეძებს. მეძებონ.

– გეძებონ… მეცხრე ვიღა იყო. – ამოიხრიალა კოტემ და ხელი ჩამოიღო.

– მეცხრე? – სულ სხვა კილოზე უპასუხა ანტონმა და შუბლი ხელის გულზე დაიყრდნო. – მეცხრემ ძლიერ დამჭრა, მაგრამ არც მე დავაყარე ხეირი. სტუდენტია, ელენე ჰქვიან. ერთ წელიწადს მაწვალა. ქალებში ტოლი არა ჰყავს. ჭკვიანია, დინჯი, ნიჭიერი, პატიოსანი, შრომის მოყვარე და ლამაზი…

– მართლა? – და კოტემ ფეხი ფეხზე გადაიდო.

– მომეწონა და მოვეწონე. რა ხრიკი არ ვიხმარე. რას არ შევპირდი, მაგრამ ვერ იქნა, ვერ გავინაპირე. არსად არ გამომყვა. კინოს ვერ გადავაცილე. თვითონაც მეტანებოდა, მაგრამ ამავე დროს რკინის კედელი აღმართა და არ გადამიშვა, ერთხელიც არ მაკოცნინა.

კოტემ ჩაახველა, ანტონმა კი ხანმოკლე დუმილის შემდეგ განაგრძო:

– ასეთი უჯიათი ქალი პირველად შემხვდა. ვაჟკაცობა შემელახა, დამჩაგრა, დამამცირა. მეც გული გამიავდა. ახლაც არ ვიცი, რა სჭარბობდა ჩემს გულში, ბრაზი თუ სიყვარული?.. ერთხელ მუხლებში ჩავუვარდი და შევეხვეწე: ან მომკალ, ან მაცოცხლე მეთქი… ქალი მოლბა და მითხრა: თუ დიპლომს მიიღებ, თუ შენს თავს დედაჩემს და ჩემს ძმას ზურაბს მოაწონებ, თუ პატიოსანი კაცის სახელს მოიხვეჭავ და თუ… ერთი სიტყვით ათნაირი “თუ” მომაკერა და თითის ოდენა იმედით გამისტუმრა. ერთი წელიწადი ხომ ვდიე და ორიც უნდა მომეთმინა. მეც ავიღე და ძველი ნაცადი ხაფანგი დავუგე. მის მეგობარს ლამაზსა და სულელ სტუდენტ ქალს ავედევნე, ელენეს კი სხვისი პირით შევატყობინე: ანტონი შენს მეგობარს ირთავსო. ამ ხერხმა გასჭრა: მოვღუნე. საწყალი ელენე ორ კვირაში სანთელივით ჩამოდნა. ჩამოდნა და შეჩვეული ბატკანივით ამყვა. მაგრამ უქორწინოდ მაინც არ დამნებდა. და დაბალი ხმით დაუმატა: – ისიც ქალწული აღმოჩნდა.

ანტონი გაჩუმდა და ჩაფიქრდა. კოტემ სკამი გაისწორა, ფეხი ფეხზე გადაიდო, პაპიროსს მოუკიდა, ჩაახველა და იკითხა:

– მერე? მერე? სთქვი რაღა!

– საოცარია: ქალებს საქორწინო საბუთი თილისმა ჰგონიათ. ელენემაც მომთხოვა და მითხრა: ორ კვირაში ჩემი ძმა ზურაბი მოსკოვს წავა და მაშინ ვიქორწინოთ, თორემ ნებას არ მოგვცემს და ბედნიერება ჩაგვეფუშებაო. ის ვიღაც ზურაბი მხეცი ვინმე ყოფილა და მეც მეშინოდა.

კოტემ სკამი ააკვნესა და სავსე ჭიქა დასცალა.

– მეც რა მენაღვლებოდა?? – განაგრძო ანტონმა. – ცალი ხელით ელენე მეჭირა, მეორე ხელით კი მისი მეგობარი ქალი. ერთ-ერთი მაინც უნდა მრგებოდა. ზურაბი რომ მოსკოვს გავისტუმრეთ, მესამე დღეს ის თილისმა ვიშოვე, ერთი კარგისა ვიქეიფეთ და…

– დაიცა! – განგებ გააწყვეტინა კოტემ და ზეზე წამოვარდა. სკამი რახუნით გასწია, ისევ მიიდგა, ზედ დაეცა და კრიჭაშეკრულმა ძლივს ჩაილაპარაკა:

– ის უნდა გკითხო… ჰო, ათი დღის შემდეგ თავი რაღად დაანებე?

ანტონმა იჭვიანად გადმოჰხედა მეგობარს და გაკვირვებით ჰკითხა:

– ვინ გითხრა, რომ ათი დღის შემდეგ დავანებე თავი?

– შენ თვითონ მითხარი… წეღან მითხარი.

– მე გითხარი? მართლა? აღარ მახსოვს.

– მთვრალი ხარ და იმიტომ დაგავიწყდა. ახლა ესეც გამაგებინე: თუ ის ქალი მართლა მოგწონდა, თავი რაღად დაანებე?

– რა სხეული აქვს, რა კოცნა სცოდნია! – თავისთვის ჩაიოცნება ანტონმა.

– მე კოცნას კი არ გეკითხები. – ბრაზიანად დაუყვირა კოტემ.

– ნუ ცხარობ, ძმაო კოტე, მოითმინე და ყველაფერს გიამბობ. თავი იმიტომ დავანებე, რომ… დროზე გაცლა სჯობს დაყოვნებასა. ადრე თუ გვიან მაინც უნდა გავცლოდი და სჯობდა იმ “შვილო ზურაბს” სულაც არ ვენახე.

– გამაგებინე, რად უნდა გასცლოდი?

– იმიტომ, რომ მე ავარა კაცი ვარ, დაუდეგარი, მფრინავი, დონჟუანი. მე არ შემიძლიან მუდამ ერთი და იგივე ლოყა ვკოცნო და სამარემდის ერთსა და იმავე თვალებს ველამუნო. მეც ვიცი, რა ჯოჯოხეთია ცოლშვილი და ოჯახი. ცოლი დილით-დილამდე ჩაგჩიჩინებს: “იშოვე! მოიტა!

შვილები ტვინს გიხვრეტენ: “გვშიან! ჩაგვაცვი! გვაჭამე!

არა, ძმაო, მეყოფა. ოჯახი ბედნიერება კი არ არის, კატორღაა, მონობაა. ამ უღელს ნებაყოფლობით მარტო გიჟი დაიდგამს. მე კი ნამდვილი ნეტარება ცხრაჯერ ვიგემე და ახლა მეათეს ვიმზადებ.

– ალბათ ბავშვები ძალიან გეჯავრება, არა?

– მეჯავრება კი არა, მძულს, მეზიზღება!

– იმ ცხრა ცოლზე რაღას ფიქრობ? არ გენანება?

– სასინანულო არა აქვთ რა. იმათაც და მეც საწადელი შევისრულეთ და გავათავეთ.

– შენ გაათავე, ცოლისთვის კი სწორედ ამის შემდეგ იწყება გაუთავებელი ტანჯვა და ზრუნვა.

– თუ წვალება არ უნდა, ნურც მოტყუვდება. ნუ გათხოვდება.

– შენ რაღად ირთავდი? რად ატყუებდი?

– აკი გითხარი, გემო მარტო პირველ ღამეშია მეთქი.

– ფეოდალებიც მაგას ამბობდნენ: პირველი ღამის უფლება გაიხსენე. ისინი ძალით იმორჩილებდნენ ქალწულებს, შენ კი ეშმაკობით იძენ. განსხვავება ეს არის და სხვა არაფერი. – უთხრა კოტემ და მის ხმაში ალაგმული ბოღმა გაისმა.

– სცდები ჩემო ბეგობარო. – მიუგო ანტონმა. – ფეოდალს გასათხოვარ ქალს კანონი აკუთვნებდა…
– რომელიც თვითონ ფეოდალებმა დასწერეს. – დაურთო კოტემ.

– ჩვენი კანონიც ჩვენვე დავწერეთ მე ნამდვილი საბჭოთა მოქალაქე გახლავარ და იმ კანონით ვსარგებლობ, რომელიც ნებას მაძლევს მაშინვე გავეყარო ცოლს, როცა კი მოვისურვებ.

– მაშ ოქტომბრის კანონი აგრე გაიგე? – მუქარით წამოიძახა კოტემ.

– მაშ როგორ უნდა გამეგო? რაკი კანონი უფლებას მანიჭებს, მისი გამოყენება დანაშაულად არ ჩაითვლება.

უცებ კოტემ ისე ძლიერ დაჰკრა მუშტი მაგიდას, რომ ბოთლი წაიქცა და ღვინო დაიღვარა. დაჰკრა, წამოვარდა და მიაძახა:

– სტყუი, კაზუისტო! არამზადავ! შენ საბჭოთა მოქალაქე კი არა, მგელი ყოფილხარ, მგელი! ოქტომბერი იმ კანონს მატყუარებისთვის და მგლებისთვის კი არა სწერდა, არამედ ჩვენთვის სწერდა და ჰგულისხმობდა, რომ დაწერილი კანონის გარდა ცოცხალი ადამიანი და მოვალეობის ადამიანური შეგნებაც არსებობდა. შენ და შენისთანა პირუტყვებმა კი იმ კანონს მგლის მყრალი კბილი ჩასჭიდეთ და გინდათ წაბილწოთ და ლაფში ამოსვაროთ იგი. შენ კანონის პირველი ნახევარი კარგად დაგიხსომებია, მეორე ნახევარი კი, სადაც ქალების მოტყუებაზე სწერია, სულ დაგივიწყია. საბჭოთა კანონი თქვენ ამისთვის მოგთხოვთ პასუხს… მაგრათაც დაგსჯით… თქვენ საძაგელი გაიძვერა ხართ…

ანტონიც წამომდგარიყო. ნესვის ნაჭერივით გაფითრებულიყო, რომელიც იქვე სუფრაზე ეგდო, და შეშინებული ლუღლუღებდა:

– რა დაგემართა… რა გაყვირებს…

– ის დამემართა, რაც შენ დამმართე. დაჯექი! დაჯექი მეთქი! საყელოში ხელი წაავლო, დაიქნია და სკამზე დააგდო, თვითონ კი თავთ დაადგა და ისე ჩასჭიდა კისერში ხელი, რომ ძარღვები დაუდუნა და გაუბერა.

– ძმაო კოტე… – ამოიკრუსუნა ზურაბის ნასიძარმა.

– რის ძმაო! – ვინ კოტე, მე კოტე კი არა, ზურაბი მქვიან. ნუ ფართხალებ. სულ ერთია, ვეღარ წამიხვალ. ნურც გეშინიან… არ მოგკლავ, შენი გულისთვის თავს არ დავიღუპავ… მეკითხები, რა გაყვირებსო. მე შენი ავხორცობით დაღუპული ცხრა ქალწული მაყვირებს… ახლა მეათეს ჩასაფრებიხარ, მაგრამ იმის წამებას აღარ ეღირსები… მე ჩემი საბრალო დაიკო მალაპარაკებს. იმაზე მეტი ამ ქვეყნად არავინ მყავდა. მე და უბედურმა დედა-ჩემმა ხელზე ვზარდეთ ოც წელიწადს. ვინ იცის, რამდენი ღამე გაგვითენებია, ვინ დასთვლის იმ საბრალოს გაზრდაში რამდენი სიმწარე დაგვილევია. დედა-ჩემს კერვაში თვალები ჩაექცა. მე თან ვსწავლობდი და თანაც დღიურ მუშად ვმუშაობდი. ფეხები და ხელები ახლაც დამძრალი მაქვს. მუხლებში ქარი შემიდგა და მტანჯავს. ჩემს ელოს რომ არ შესცივნოდა, მე კარიკარ ნაფოტებს ვიპარავდი. ამისთვის ერთხელ ისე უღვთოდ მცემეს, რომ შინ ხელით წამიღეს. რომ არ მოშივებოდა, მე და დედა-ჩემი თვითონ ვრჩებოდით მშივრები. რომ შიშველი არ ყოფილიყო, ჩვენ თვითონ დავდიოდით შიშველ-ტიტველნი. უსწავლელი რომ არ დარჩენილიყო, მოწყალების მიღებასაც კი ვკადრულობდით.

– ღმერთო, მიშველე! ზურაბ, მაპატიე!

– ღმერთმა გაპატიოს, რომელიც ახლა გაგახსენდა, მე კი… მე მხოლოდ ადამიანი ვარ და ამიტომ მხოლოდ სიცოცხლეს გაპატიებ… აი რა, ტანჯვა-წვალებით გაგვიზრდია ჩვენი ელო, ჩემი ერთა ელიკო… მე რომ მოსკოვს მივდიოდი, რას ვიფიქრებდი, რომ იმ დროს ავზნიანი აფთარი ჩემი საყვარელი დის გულს ჰბილწავდა და ჰგლეჯდა. ახლა ის უბედური შენი მეოხებით ლოგინად ჩავარდა, და ვინ იცის, გადარჩება თუ შენს ავხორცობას გადაჰყვება. და თუ გადარჩება, სულ ერთია, სიკვდილამდე სნეული სული შერჩება. დანარჩენი შენი რვა ნაცოლარიც ალბათ ასეთივე დღეში იქნება. ახლა შენ მეათეს იმზადებ. ტყუილი იმედი გაქვს მეთქი! მაგას ვეღარ ეღირსები. ხმა არ ამოიღო, არ დაიყვირო, თორემ ამ ბებუთს ხომ ხედავ.

და ანტონის თვალებში ვიწრომ, გრძელმა და კამკამა ბებუთმა გაიელვა.

– ღმერთო, მიშველე! მითხარი, ზურაბ, რას მიპირებ?

– აკი გითხარი, არ მოგკლავ მეთქი. მაგრამ ამიერიდან ქალწულებს სამუდამოდ დაგავიწყებ… აღარავინ შეგიყვარებს და მაჯლაჯუნაც კი ზიზღით მოგარიდებს თვალს.

უცებ მარცხენა ხელი ყელზე მოახვია, თავი უკან გადაუწია, იმავე წამს მარჯვენა ხელით ჩანგალი ჩაჰკრა ზემო ტუჩში და მარჯვნივ და მარცხნივ გადასწია.

– მიშველეთ! მომკლა! – დაიბღავლა ანტონმა და გარეთ გავარდა.

ზურაბი დინჯად გამოჰყვა. კარებში შესდგა და ჩანგალს დაჰხედა, რომელიც ხელში შერჩენოდა. ჩანგალზე ანტონის ტუჩი იყო ჩამოცმული.


1935 წ.