ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.

ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.
ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით ხოლმე.

ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს ,,დროების“, ,,ივერიის”, ,,მოამბეს” და ,,ცნობის ფურცელის” ქართული, ეხლა კი – ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”, სიროსტი”, ,,ტუმანი” და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.

უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.

წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “ჟენოტდელი”,
“ჩისტკა”, “სოკრაშჩენიე”, “უბორკა”, “ბირჟა ტრუდა”, “სატრუდნიკი”, “მესტკომი”, “სოვრაბოტნიკი”, “ზემოტდელი”, “სანტრუდი” და ათასი ამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.

ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით. გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.

ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა
ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.

აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას – მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.

რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი? დაუჟერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.

თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.

ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი: 1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!).

როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.

არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.

ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე.


1924წ., 25 მაისი