ილია ჭავჭავაძე ოთხ სხვადასხვა ვარიანტს მაინც მოსინჯავს “კაცია–ადამიანის?!” წინასიტყვაობისათვის, მაგრამ საბოლოოდ ყველას უარყოფს და, ნაცვლად ზღაპრისებური დასაწყისისა, რეალისტურ შესავალს ამჯობინებს.

მეტ–ნაკლებად საინტერესოა მწერლის მიერვე გადახაზული ფრაზები თუ პასაჟები, მკვლევარმა შესაძლოა შავ ხელნაწერში ძალზე საგულისხმო დეტალსაც მიაგნოს, უარყოფილი ვარიანტი კიდეც გამოადგეს, მაგრამ “კაცია–ადამიანის?!” გადახაზულ წინასიტყვას რაც შეეხება, მისი დაკარგვა განსაკუთრებით ენანებათ და ნიშანდობლივია, რომ დამატებად დაურთავენ ხოლმე მოთხრობას. მსჯელობის დროსაც არაერთხელ დაუმოწმებიათ.

მართლაც არ არის აგრერიგად გასამეტებელი დასაწყისი – დამოუკიდებელი სიუჟეტური ქარგა.

ნეტა ილია ჭავჭავაძეს პუბლიცისტური თუ სწორხაზობრივი ხომ არ მოეჩვენა, მხატვრული აზროვნებისათვის ცოტა არ იყოს ზედმეტად გამარტივებული და ამიტომაც მოჰკვეთა ოთხივე ვარიანტი – სიუჟეტის ნასახიც კი არ დატოვა?

მგზავრი – რომლის პროტოტიპიც თვითონ მწერალია – წუმპეს უნდა მიადგეს, ქართველები ქვეყნის სამასხარაოდ ცხოვრებას რომ ეძახიან და ლაფსა და ტალახს არ შეუშინდეს, ისე შეაბიჯოს შიგ შუაგულში, ბაყაყებსა და ჭია–ღუათა შორის, სადაც ორფეხებსაც მოჰკრავს თვალს. სიმყრალე თავისას გაიტანს და მგზავრს აიძულებს განაპირდეს, მაგრამ ხელცარიელს არაფრისდიდებით არა სურს უკან გამობრუნება და ერთ ორფეხს, ლუარსაბ თათქარიძეს, წაავლებს ხელს და თან გამოიყოლებს, რათა ქვეყანას დაანახვოს, როგორ ამოტლაპულა იმ გუბეში. რა განიზრახა? იქნებ შერცხვეს ლუარსაბს ქვეყნისა და გაირეცხოსო.

ის კი ეწინააღმდეგება სინათლეზე გამოსვლას და მგზავრს ამუნათებს: რაღა მე წამავლე, შე უღმერთოვ, ხელი, ათასია სხვა ჩემისთანაო.

თურმე სწორედ ამიტომაც ამოურჩევია: აბა, უფრო მაგისათვის წაგავლე, რომ შენ ათასსა ჰგევხარ და ათასი შენა! რაც ბევრს ემგვანები, უფრო კარგიაო.

მაგრამ ის საშველად მოუხმობს ძმათა და ნათესავთ, იმავე წუმპეში მწოლიარეთ, რომელნიც მგზავრს საშინელ ლაფის სეტყვას დაუშენენ და თან დაჰყვირიან: გიჟია, გიჟიაო.

მგზავრი ირწმუნება: მე ერთიც არ მომხვედრია, სულ საწყალ ლუარსაბს ხვდებოდა და წებოსავით ზედ ეკვროდა, ასე რომ ამოტლაპული ლუარსაბი კიდევ უფრო ამოიტლაპაო.

ძმათა და ნათესავთ ასე რატომ გამოიდეს თავი? მხოლოდ ლუარსაბზე ზრუნავენ? არა, თავისი თავისა უფრო ადარდებთ: ყველამ იცის, რომ დაბადების დღითვე ეგ ჩვენთან იყო დაბმული, ვინც მაგასა ნახავს, ვითომ ჩვენც ვუნახივართ. ყველა იტყვის, ვისთანაც ეგ ყოფილა, ყველა იმისთანა იქნებაო. მაგის შერცხვენა ჩვენი შერცხვენაა. ამდენი ხანია ვიმალებით ამ ოხერ ადგილას და ჩვენი სახელისათვის გუბიდან თავი ვერ ამოგვიყვია, უცხომ არ დაგვინახოსო, დღეს კი შენ მოსულხარ, ქვეყანას უნდა გაჩვენოთო.

ამიტომაც დაემუქრებიან და, რაკიღა მგზავრი არ შეეპუება – “მეც ეგ მიხარიან, რომ თქვენ ესა გგავთ და თქვენ მასა. იმისთვის მეძნელება ამის თავის დანებება, რომ კაი ნიმუშია” – მერეა, რომ კიჟინასაც დასცემენ და ლაფის სროლასაც დაუწყებენ.

აშკარაა: მწერალი სრულიად მიჯნავს მგზავრს – თავის ალტერ ეგოს – მოთხრობის საზოგადოებისაგან, ყველა ერთმანეთს რომ ჰგავს და ლუარსაბ თათქარიძეს სხვებისაგან ვერც გამოარჩევ. ისინი ყველა ერთად არიან გაჩენის დღიდან და ასევე ერთად უნდა აღესრულონ, სხვა ცხოვრება ვერც წარმოუდგენიათ, მგზავრი კი სრულიად უცხოა მათთვის, წამიერად და შემთხვევით რომ მოხვედრილა მათ გარემოში და ვერც ესენი ჰგუობენ და არც იმას შეუძლია აქ გაძლება, ისეთი დამყაყებულ–დაჭაობებული ეჩვენება ლუარსაბ თათქარიძისა და ძმათა და ნათესავთა მისთა საცხოვრისი.

მთელი ეს სიუჟეტური ქარგა ერთგვარ შეჯამებასავით დაიწურება მეოთხე ვარიანტის ფინალში, რაც ოდნავი ცვლილებით გადავა მოთხრობის დასაწყისში:

“ვინც ლუარსაბის სახეში თავის თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის–თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და “გიჟიას” დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა”.

და ამას მოსდევს განზოგადება: ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთო.

აღარც გუბეს ახსენებს, აღარც ბაყაყ–ჭიებსა თუ ორფეხა ცხოველებს, მაგრამ აქაც აშკარაა, რომ ავტორი ემიჯნება თავის პერსონაჟს: ვინც მის ხასიათში თავის თავს ამოიცნობს, ძალიან გამიგულისდებაო.

სხვა დასკვნის უფლებას არც ეს პასაჟი გვიტოვებს და არც მთელი მოთხრობის ქარგა და სულისკვეთება, ისევე, როგორც მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნების” წაკითხვა არც დაგაეჭვებს, მწერლისათვის რაოდენ უცხო და მიუღებელია თეიმურაზ ხევისთავის პიროვნება. ისიც ხომ ილიასავით სატირულ–კრიტიკულადაა განწყობილი თავისი პერსონაჟისადმი და ეს დამოკიდებულება ამოსაცნობი კი არა გვაქვს, არამედ პირდაპირ და დაურიდებლადაა გამოთქმული.

და ასეთ დროს ვინმემ რომ გვითხრას, ილია ჭავჭავაძე ისევე აიგივებს თავის თავს ლუარსაბ თათქარიძესთან, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი თეიმურაზ ხევისთავთანო, შესაძლოა სასაცილოდაც არ გვეყოს. გინდ დაგვიზუსტონ, სრულ გაიგივებას კი არ ვგულისხმობთ, არამედ გარკვეულ სულიერ ნათესაობასო; ანდა: პროტოტიპებად საკუთარი თავი გამოიყვანეს, ოღონდ გაშარჟებული სახითო, მაინც ვერაფრით ვერ გავიზიარებთ.

კონსტანტინე სავარსამიძე (“დიონისოს ღიმილი”) და თარაშ ემხვარი (“მთვარის მოტაცება”) რომ გაუიგივონ კონსტანტინე გამსახურდიას ან ლევან ორბელი (“გრაალის მცველნი”) გრიგოლ რობაქიძეს, დაუჯერებელი, ცხადია, არავის მოგვეჩვენება, ორბელის პროტოტიპი რომ თვითონვეა, რობაქიძე არც დამალავდა, მაგრამ ლუარსაბ თათქარიძისა და თეიმურაზ ხევისთავის პროტოტიპებად ავტორებისვე მიჩნევა საიდან სადაო.

ლევან ორბელი გარომანტიკულებული, გაიდეალებული სახეა.

კონსტანტინე სავარსამიძე და თარაშ ემხვარი უფრო რეალისტური პორტრეტებია, ერთგვარად წინააღმდეგობრივი ხასიათები, მაგრამ ორივეს გადაკრავს რომანტიკული ელფერიც, ყოველ შემთხვევაში, შეპირისპირება ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟებთან ერთბაშად წარმოაჩენს განსხვავებას მხატვრულ გააზრებას შორის.

ამ ფონზე მითუფრო მკაფიოა, რაოდენ დაუნდობელნი არიან “კაცია–ადამიანისა?!” და “ჯაყოს ხიზნების” ავტორები თავიანთი გმირებისადმი.

ოღონდ ნურც ეს გარემოება გამოგვრჩება:

სტილური მანერა გადამწყვეტი არ შეიძლება იყოს და სატირულ და რომანტიკულ გარსს თუ გადავფხეკთ, იქნებ ერთნაირი შიგთავსი ვპოვოთ. ლიტერატურაში ყველაფერი ხდება, გარეგნული სხვადასხვაობის მიღმა სულიერი ნათესაობა ბევრჯერ აღმოჩენილა და თავისთავად რაღაც გასაოცარი სულაც არ იქნება, ვთქვათ, ლევან ორბელი და თეიმურაზ ხევისთავი მსგავსი ხასიათების გამომხატველნი რომ გამოდგნენ.

და ეს გარემოებაც ნუ გამოგვრჩება:

მადამ ბოვარს, ამავე სახელწოდების რომანის გმირს, არავინ გააიგივებდა ავტორთან, თვითონ გუსტავ ფლობერს რომ არ განეცხადებინა: მადამ ბოვარი მე თვითონ ვარო. ეს ფრაზა ისე უცნაურად ჟღერს, ავტორსაც კი ვეღარ ვერწმუნებით. მართლაც, სად გზასაცდენილი, ქმრის მოღალატე ქალი და სად ფლობერი – სანიმუშო პიროვნება და მოქალაქე, სიმბოლისტებისაგან განსხვავებით, სრულიად რომ არ ცდილობდა საზოგადოების ეპატირებას.

ამ ან მსგავს ფრაზას შარლ ბოდლერი რომ ამბობდეს, სულ სხვაგვარად აღვიქვამდით, მაგრამ ფლობერი?..

თუმც ისიც შესაძლებელია, ამ ერთხელ მოენდომებინოს ეპატირების ხერხის გამოყენება, დაშავებით არაფერი დაუშავებია და ინტერესს კი გააცხოველებდა რომანის მიმართ.

იქნებ ილია ჭავჭავაძეც ეპატირების ხერხს მიმართავდა, თავს ლუარსაბ თათქარიძესთან რომ გააიგივებდა?

ასევე მიხეილ ჯავახიშვილიც, თეიმურაზ ხევისთავის პროტოტიპად – სხვებთან ერთად – საკუთარ თავსაც რომ მიიჩნევდა?

მართალია თვითონ არსად ჩაუწერიათ და მემუარებშიც არავის შემოუნახავს ან ერთის ეს ფრაზა, ან მეორისა, მაგრამ ზეპირად კი ბრუნავდა და მათი გავრცელება ისეთ პიროვნებათა სახელებს უკავშირდებოდა, როგორც თედო სახოკია, გერონტი ქიქოძე თუ პავლე ინგოროყვაა, ერთი მხრივ, და იგივე გერონტი ქიქოძე, გიორგი შატბერაშვილი თუ ნიკა აგიაშვილი, მეორე მხრივ. ისინი ირწმუნებოდნენ, ასე ითქვაო. ილიას სიტყვები სანდო ადამიანებისაგან მოესმინათ და ამიტომაც დაიჯერეს, ეტყობა, ნამდვილად მისი ფრაზააო, მიხეილ ჯავახიშვილს კი საჯაროდ გაუმჟღავნებია, “ჯაყოს ხიზნების” განხილვისას გერონტი ქიქოძის საყვედურის პასუხად – ნუთუ ჩვენი ინტელიგენცია მართლა ასეთი უნიათო და წყალწაღებულია, ეს რა გვიყავი, მიშა, ეს რა გვიყავიო – მიუგებდა: მე რა გიყავით, თქვენ თვითონვე უყავით თქვენს თავს, და მეც თქვენთან ერთად არა ვარო!..

მეც თქვენთან ერთადო…

თავს არა მიჯნავდა არც იმათგან და არც თეიმურაზ ხევისთავისაგან, სადღაც განზე არ იდგა და იქიდან არ გამოჰყურებდა თვისტომთ თუ თავის პერსონაჟს დაცინვით და თავმომწონედ, ეს რას დამგვანებიხართ, ასე როგორ წამხდარხართო.

არც ილია ჭავჭავაძე დგას განზე, თუმც ის დაწუნებული ვარიანტები სულ სხვა გზით ეწეოდა, მაგრამ არც ის გამიჯვნია თავის პერსონაჟსა თუ მის სახეში ნაგულისხმევ ადამიანებს.

თავიდან რა განეზრახათ ან ერთს ან მეორეს, იქნებ საინტერესოც იყოს ამის გარკვევა, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის ნაკლებმნიშვნელოვანია. მთავარია, თავიანთ ქმნილებებს რომ შეხედეს, უკვე საბოლოოდ დასრულებულებსა და გამოკვეთილთ: ჩვენი თავი გამოგვიხატავსო, – აღმოხდათ.

და მაინც:

როგორც უნდა დავიჯეროთ გადმოცემათა უტყუარობა, ცხადია, არც იმის გაუთვალისწინებლობა გვარგებს, რომ პერსონაჟებთან გაიგივება ორივე მწერლისათვის შესაძლოა თავდაცვის ხერხი იყოს. ძნელია, ლაფის სროლას რომ დაგიწყებენ და არც “გიჟის” დაძახებას მოერიდებიან, ძნელია, როდესაც გამუნათებენ, ეს რა გვიყავიო. ამიტომაც ამ ხერხს მოიშველიებდნენ: საკუთარი თავი გამოვხატეთო. და, აბა, საკუთარ თავს თუ არ მორიდებოდნენ და ასეთ მწარე თვითგვემას მისცემოდნენ, სხვებს რატომღა უნდა ეტოშათ, თუ ლუარსაბსა თუ თეიმურაზში თავიანთ ანარეკლსაც მოკრავდნენ თვალს.

ერთი სიტყვით, თეორიულ განსჯას ჩიხში შევყავართ, ანკი ზოგად მსჯელობას ასეთი რთული გამოცანის ამოხსნა–დაზუსტებას რატომ უნდა ვთხოვდეთ. უბრალოდ ამ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებათა მოხმობას ის დანიშნულება აქვს, რათა მათ ფონზე დავუკვირდეთ ამ პერსონაჟებს, ანალიტიკურად გავხსნათ მათი პიროვნული ხასიათები და ანალიზით გავარკვიოთ, მართლა შეიძლება თუ არა ავტორთა სრული თუ არა, ერთგვარი გაიგივება ამ გმირებთან.

ლუარსაბ თათქარიძე: კარგად ჩასუქებული ძველი ქართველია, მრგვალი, კარგი ნასუქი კურატივით. თავი ისეთი მსხვილი აქვს, თითქოს იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო. წითელი, თურაშაული ვაშლივით ხაშხაში ლოყები. სამკეცად ჩამოსული ფაფუკი ღაბაბი (ტრფიალების ამგზნებიო). დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქოს ყელში თოკი წაუჭერიათო. გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული ღიპი (დიაღ პატივსაცემი და პატივცემულიო). კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი მსხვილი ფეხები – ეს ყოველივე ერთად და ცალ–ცალკე წარმოადგენს მის პიროვნებას, სადაც არსად ჩანს ცით მონაბერი სული (“… თითქო ჩამკვდარაო, ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია”).

ტახტზე კოტრიალს არაფერი ურჩევნია და ამ ნებივრობაში ატარებს უგემურ დროს. სტუმარი ეჯავრება, მაგრამ ეს სიძუნწით კი არ მოსდის (სიძუნწე და ქართველი ხომ ისეა, როგორც ყინული და ცეცხლიო), არამედ იმით, რომ უნდა ადგეს და ტანთ ჩაიცვას. ადგომა კიდევ არაფერი, ეს ისე არ ეზარება, ტანთ ჩაცმაა მისი სიკვდილი.

სახლ–კარი აქვს და: ტყრუშული ღობე ზოგიერთგან გადაქცეულა და პატრონს არც კი მოსდის ფიქრად მისი შეკეთება. ჭიშკრის ერთი ნახევარი ისე საცოდავად დაღრეჯით გადმოჰკიდებია ერთ ყუნწს, გეგონება ბოძს დაუჭერია საცემლად და ის კი იწევსო. საბძელი ფრთამოტეხილი ბატივით სასაცილო, სულელურად ჩაფიქრებული და გვერდაწეულია. ეზო უწმინდურია (ძველი ჩინოვნიკის გულივითო) და პატრონამდე ისე ვერ მიაღწევ, რომ არ გაისვარო ან ის სურნელება თან არ აიყოლიო. იატაკი აგურისაა, ოღონდ აგურები შიგადაშიგ ამოცვენილან და დიდი გაფაციცება გჭირდება, ორმოებად დარჩენილ ალაგებში ფეხი არ ჩაგივარდეს. ოთახი ბნელია, რადგანაც ფიჭის ჩარჩოებზე მინის მაგივრად გაქონილი ქაღალდია გაკრული. ბუხარი გარედან და შიგნიდან გაჭვარტლული, მწუხარე და დაღრეჯილია…

იმთავითვე ნათელია, რომ საკმაოდ კომიკურ პერსონაჟსა და მის გარემოს უნდა გავეცნოთ – გავერანებულსა და დაქცეულ რეალობას, გაუბედურებული სახლ–კარი და მამული ხელშესახებად, პლასტიკურად რომ გამოხატავს სულიერ რღვევას და ცხოვრების ნამდვილი რიტმიდან ამოვარდნას; და შემდგომი ამბები (ცოლ–ქმრის კამათი ბუზების რაოდენობასა ან ბოზბაშისა თუ ჩიხირთმის უპირატესობაზე, მოსამსახურეთა “დარბევა”, საუბრები მოურავთან, მკითხავთან თუ ამისთანანი) მხოლოდ ადასტურებს მკითხველის წინასწარ მიხვედრას. და ისიც იცინის, ხარხარებს სატირულ სცენებსა და ფრაზებზე, ვიდრე მოთხრობის ფინალში ავტორი პირადად მას არ მიმართავს – დიახ, სწორედ მკითხველს – მუნათის სიტყვით: ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენი ძუძუთი გაზრდილან. გინდ მიწყინე, გინდა არაო. თუ იმათ დასცინებ, ვითომ შენი თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებ, ეგ კარგი ნიშანია – სჩანს, სწუხარ, რომ ამისთანანი ვართ და შენი თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბაო.

თუმც იმასაც ითვალისწინებს: “ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროსო”, – მაგრამ მაინც დაურიდებლად დასახავს საზოგადოებას ამ სატირული პერსონაჟის მშობლად.

წრე შეკრულა, მოთხრობის თავში გამოთქმული სუსხიანი საყვედური (ვინც ლუარსაბის სახეში თავის თავს იცნობსო) ფინალში კიდევ უფრო მძაფრად გაისმის და მინიშნებაც გაშიფრულია. შენ გინდ მიგიღია შენს თავზე ლუარსაბის თავგადასავალი და გინდ არა. ავტორი შენ მოგაწერს პერსონაჟის სულიერებისაგან დაცლილ არსებობას და თვითონ კი კვლავ განზე დგება, გაკრთომითაც არსად გაკრთება, მეც თქვენთან ერთად არა ვარო?..

ყველაფერი ხელისგულზეა და მაშ რაღას ვჩხრეკთ და ვეძიებთ, რად მოგვინდომებია – და თანაც ასეთი დაჟინებით – რაც იქნება არც არის მოთხრობაში და ზეპირ ნაამბობზე დაყრდნობით (არც ვიცით, რა ვითარებაში ითქვა) მთავარი გმირის სულ სხვაგვარ გააზრებას რატომ ვესწრაფით?

მაგრამ მსჯელობას აქვე ნუ შევწყვეტთ და ბარემ თეიმურაზ ხევისთავის ხასიათსა და ბედსაც მივადევნოთ თვალი. კვლევაზე ხელის აღებას ყოველთვის მოვასწრებთ.

თეიმურაზ ხევისთავი: წიგნის ჭიაა, წიგნის მატლია, ქაჩალი თაგვია, განათლებული ქათამია, ნაკაცარია, დაჭიავებული სული და საჭურისის ცოდნა აქვს. პროფესიით ვექილია, მაგრამ თუ ვინმე გზააბნეული გაბრიყვდება და საქმეს მას ჩააბარებს, მერე ნანობს და თავში ხელს იცემს – თეიმურაზი საქმეს ხალისით იღებს, მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს ვერ მიატანს. ხან არზას არ დაწერს დროზე, ხან გასაჩივრების ვადას გადააცილებს, ხან საქმის გარჩევას ვერ ესწრება, სამაგიეროდ, ქუჩაში ვინმეს თუ წააწყდება, ისე შეიძლება გაჰყვეს კამათსა და მუსაიფს, საქმეც დაივიწყოს და ოჯახშიც საღამოს ძლივს დაბრუნდეს.

არა სწამს ქართული სულის, ქართული კულტურის, მისთვის ეს ყოველივე ზღაპარი და ჭორია. მიაჩნია, რომ ღმერთმა ჭკუა დაგვაკლო და, სამაგიეროდ, წაბაძვის ნიჭი მოგვცა ნაჭარბევად. სადაც საკუთარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა არა გვყოფნის, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონს გასვლას.

უნიათობითა და უმწეობით კარგავს ადგილ–მამულს, სახლ–კარს და ცოლსაც. მის სრულ დაცემას ძალზე რელიეფურად გამოხატავს თუნდ ეს პასაჟი:

“შუაღამემ მოატანა. მსუნაგი ჯაყო ჩოჩვით შემოცურდა, დაფეთებულ მარგოს გვერდით მიუწვა და ყურში ჩასჩურჩულა:

– ტსს… გაჩუმდებოდი, თორემა…

თეიმურაზი ისევ ფშვინავდა.

ათიოდე წუთის შემდეგ ჯაყო სიბნელეში უკანვე გაცოცდა და ერთი საათის შემდეგ ისევ შემოცოცდა. შიშნაჭამი მარგო წყვდიადში ბინდ–ბუნდად ჰხედავდა ჯაყოს, რომელიც ფოფხვით მომავალს ორანგუტანგს ჰგავდა…

თეიმურაზი კვლავ არხეინად ფშვინავდა”.

მოტყუებული, გაცუცურაკებული თეიმურაზი ბოლოსდაბოლოს რომ დაინახავს, რა დამართნია, ვერაფერს ახერხებს, გარდა იმისა, რომ ხანჯალი აღმართოს მძინარე ჯაყოზე. ხანჯლის დარტყმა კი მისთვის სრულიად შეუძლებელი გამხდარა. გამოღვიძებული ჯაყოს წინაშე კვლავ უმწეობას იჩენს და თანახმაა მარგოს დაკარგვისა. თავის მხრივ ყოფილ ცოლს… ძმობას სთავაზობს, მერე კი ნებას აძლევს ჯაყოს, რომ ამ ორანგუტანგისა და მარგოს ვაჟს თავისი გვარი უბოძოს – ხევისთავი.

ყველაფერი ამჯერადაც ხელისგულზეა.

და კიდევ ვჩხრიკოთ და ვეძიოთ?

ერთად თავმოყრისას მართლაც შემძვრელია სატირული ფერები როგორც ლუარსაბ თათქარიძის, ასევე თეიმურაზ ხევისთავის პორტრეტსა და ბიოგრაფიაზე, მაგრამ ასევე რომ ამოვკრიბოთ პასაჟები “დონ კიხოტიდან”, განა ეს გმირიც კომიკურ პერსონაჟად არ წარმოგვიდგება? მისი ხასიათის შტრიხები (სარაინდო რომანების თავდავიწყებული კითხვა ჭკუადამთხვეულობამდე რომ მიიყვანს – რამდენიმე დესეტინა ხოდაბუნსაც გაყიდის სარაინდო წიგნების შესაძენად; უძილობითა და ბევრი კითხვით მთლად გამოტვინდება და გაგიჟდება და სულ ის ელანდება, რაც წიგნებში ამოუკითხავს) და პირველივე გასვლა მოგზაური რაინდივით პირადი დიდების მოსახვეჭად და სამშობლოს საკეთილდღეოდაც (ისეთი უცნაური საქმე განიზრახა, როგორიც ამქვეყნად არასოდეს არცერთ გიჟს ფიქრადაც არ გაუვლიაო) ასე სავალალოდ დასრულდება: მეჯორე მივარდება დონ კიხოტს, ხელიდან შუბს გამოგლეჯს, ჯერ მთლად დაუმტვრევს, მერე იმის ერთი ნატეხით თვითონ რაინდს მისდგება და ისე აუნთებს გვერდებს, თუმცა ბეგთარი აცვია, კინაღამ ძვლებს მიულეწავს. ერთ ნატეხს რომ დაამტვრევს ზედ, ახლა მეორეთი მიჰყოფს ხელს, მერე მესამეთი, ვიდრე ყველა ნატეხს ზედ არ მიალეწავს.

ეს არ არის რაღაც შემთხვევითობა მის ბიოგრაფიაში, ანდა საგანგებოდ შექმნილი ეპიზოდი გარკვეული კონტრასტისათვის. მწერლები ხან ამ ხერხსაც მიმართავენ, რათა მოულოდნელი შემოტრიალებით მეტი შთაბეჭდილება მოახდინონ მკითხველზე. მაგრამ ამ რომანში რა მანერითაც იწყება თხრობა, იმავე სტილით გრძელდება და ბოლოვდება. რა სატირულ–კრიტიკული მანერითაცაა წარმოსახული პერსონაჟი თავიდანვე, მწერლის დამოკიდებულება გმირისადმი ბოლომდე ასევე უცვლელია.

ამ მხრივ “კაცია–ადამიანი?!” და “ჯაყოს ხიზნები” ჩამოჰგავს “დონ კიხოტს” და ლუარსაბ თათქარიძე და თეიმურაზ ხევისთავი სერვანტესის რომანის გმირს.

ორივე ქართულ თხზულებას თავიდან ბოლომდე ერთი ხედვა გასდევს და მთავარი გმირებისადმი ავტორთა დამოკიდებულება უცვლელია: სატირულ–კრიტიკული. არსად თანაგრძნობა (ყოველ შემთხვევაში, ხელშესახებად გამოხატული), არსად პატივისცემის გამომჟღავნება.

ოღონდ დონ კიხოტი, ავტორისავე ნებით თუ უნებლიეთ, ისე განზოგადდა, ამ პერსონაჟის ხასიათმა ისეთი დაფარული და ღრმა შრეები გაამჟღავნა, ისეთ მონუმენტურ ფიგურად გამოიკვეთა, თანდათან დაგვავიწყა, რომ მისი თავგადასავლის კითხვისას სულ ვიცინოდით და ვხარხარებდით, და თუ გვებრალებოდა, როგორც დამთხვეული ადამიანი, თავის თავს იმდენი და ისეთი უბედურებანი რომ შეამთხვია, მტერი არ უზამდა. და ეს მონუმენტალობა მისი ხასიათისა იმის წყალობაა, რომ ფათერაკებით აღსავსე გზას დაადგება არა პირადი გამორჩენისა თუ კეთილდღეობისათვის, არამედ დათრგუნული ჭეშმარიტების აღსადგენად, დევნილთა და უპოვართა გამოსასარჩლებლად.

სერვანტესს სხვა განეზრახა და სულ სხვა რამ შექმნა – რომანიც და მისი მთავარი გმირიც.

ნეტა ქართულ თხზულებათა გმირებსაც თუ ეწერათ ბედად ასეთივე განზოგადება, სატირულ–კრიტიკული ხედვის მიღმა ჩამალული მძაფრი განცდები და ის რომანტიკული ხაზი, ურომლისოდაც პიროვნება უსულო რეზიონერია და სხვა არაფერი. და თუ ხელშესახებად არაფერი ჩანდა, ლუარსაბ თათქარიძისა ან თეიმურაზ ხევისთავის მიმართ თანაგრძნობით რომ განგვაწყობდა ანდა სულაც პატივისცემითაც, იქნებ სტრიქონებს შორის იგრძნობოდა საამისო რამ, მხოლოდ ჩაკვირვება რომ სჭირდებოდა და მოულოდნელი რაკურსით წარმოგვიჩენს გმირებსაც და გარემოსაც.

მაინც რა გვიბიძგებს საიმისოდ, რომ ხელახლა გამოვყვეთ მოთხრობასაც და რომანსაც და მარტივი ბუნების მიღმა რთული, წინააღმდეგობრივი ხასიათები ვეძებოთ?

პირველ ყოვლისა ის, რომ:

ნუთუ შემთხვევითია, ორივე თხზულებაში რომ გვხვდება მსგავსი სცენა, ღრმა მისტიკური აზრით განმსჭვალული, მიმანიშნებელი სულიერი ფერისცვალების თუ აღორძინებისა, რასაც მოთხრობასა თუ რომანში იქნებ უშუალო გაგრძელება არ მოჰყვეს, მაგრამ გაგრძნობინებს, რომ არც ერთი და არც მეორე პერსონაჟი არ არის ორდინარული ადამიანი, და როგორც უნდა გაიკიცხონ ავტორთაგან, როგორი კომიკური იერითაც უნდა წარმოგვიდგნენ, სხვათაგან რაღაც განსხვავებაც თვალნათლივია.

ლუარსაბ თათქარიძე სიზმრად ნახულობს თავის გარდაცვალებას, წესის აგებას, დამარხვას, ერთს ისე საშინლად გაინძრევა, რათა კუბოს თავი და მიწა ამოგლიჯოს და საფლავს თავი დააღწიოს, რომ… ტახტიდან გადმოვარდება და აგურის იატაკზე ბრაგვანს გაადენს.

თხრობა სხვაგვარად არც გაგრძელდებოდა, მაგრამ ლუარსაბი თუ მართლა ის არის, ერთი შეხედვით რა შთაბეჭდილებაც გვრჩება, ასეთი ხილვა არ უნდა გასჩენოდა. სატირული თხზულების გმირია, საგმირო ეპოსისა ხომ არა.

ხოლო თეიმურაზ ხევისთავი ჯაყოსა და მარგოს ჯვრისწერას რომ შეჰყურებს, გრძნობს, როგორ გაიხლიჩება ორად და როგორ ძრახავს და ამუნათებს მისივე ორეული: საგულეს გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია, სასულეს სულის ნაცვლად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელი სისხლის მაგივრად ჭაობის დუბელა ჩაგისხამს, ისე დაკნინდი და დაილიე, რომ ვაჟკაცობისა აღარაფერი არ გცხიაო. საკუთარი თავის ასე მკაცრად დამუნათება ორდინარული პიროვნებისათვის სრულიად მიუღწეველია. და საკუთარი რაობის ასეთი უკიდურესი სიმძაფრით შეგრძნება სწორედ იმ განცდით უნდა დაგვირგვინდეს, ამგვარ ხილვად რომ გარდაისახება: “ხა–ხა! საკუთარ პანაშვიდს დავესწარი! ჩემივე თავის დასაფლავება ვნახე! ხა–ხა–ხა!”

ტრაგიკულის შეგრძნება ამჯერადაც იუმორით, კომიზმით უნდა შეფერადდეს, თხრობის სტილი არც გაწყდეს და არც გადასხვაფერდეს, მაგრამ ეს ეპიზოდები ორივე თხზულებაში მკითხველის აღქმას ერთბაშად შემოაბრუნებს მისდა უნებურად, და თუ კვლავ ეცინება ლუარსაბის ცხოვრების წესზე და ათვალწუნებით შესცქერის თეიმურაზს, რაღაც უცნაური განცდაც უჩნდება, ჯერ სახელშეურქმეველი.

ეჰ, ვერავის ვერ გაუგია, რომ ლუარსაბ თათქარიძე გენიალური კაცია. მე მგონი, თვითონ ილიასაც! – იტყვის დემნა შენგელაია გურამ ასათიანთან საუბრისას (“სამი საღამო დემნა შენგელაიასთან”) და სახტად დატოვებს თანამოსაუბრეს ლუარსაბის მიმართ გამოჩენილი თანაგრძნობით, იმ აღტაცებით, რაც გურამ ასათიანს ეპატირებად უფრო ეჩვენება, ვიდრე წრფელ ესთეტიკურ დაკვირვებად, მაგრამ მაინც შეაქვს თავის ჩანაწერებში, როგორც ორიგინალური, თუნდ ახირებული თვალსაზრისი.

თვით ილიასაც ვერ გაუგიაო…

გაუგია და ეგაა, რაკიღა ამ პერსონაჟთან თავი გაუიგივებია, მაგრამ, როგორც ჩანს, დემნა შენგელაიასათვის უცნობია “კაცია–ადამიანის?!” ავტორის ეს ფრაზა, ერთგვარი საყვედური კი – ვერ გაუგიაო – იმისაა, მოთხრობაში ხელშესახები თანაგრძნობა რომ ვერ უპოვნია ავტორისა პერსონაჟის მიმართ. არადა, ასე გასამეტებლად ენანება.

ლუარსაბი გენიალური კაცი რატომაა?

“კეთილი, უვნებელი… თავისი სიყვარული აქვს, თავისი მათემატიკა – ბუზებს რომ ითვლის! ერთი მითხარი, რითი განსხვავდება ბოლოს და ბოლოს მაგისი მათემატიკა ეინშტეინისაგან?! არ ვიცი პირდაპირ, რას ერჩიან, ვის რას უშავებს? – თავისი კოსმოგონიაც”.

ეს ორიგინალური შეხედულება ისე შეკვეცილად და ისეთი სალაღობო სტილითაა გადმოცემული, ლამის პაროდიად აღიქვა, შეფარულ დაცინვად იმისა, თითქოს რისი აპოლოგიაც განუზრახავს. ამგვარ განცდას ამძაფრებს აინშტაინის თითქოსდა უადგილო ხსენებაც.

თვითონაც იცის, რომ უმოწყალოდ აჭარბებსო, – დასძენს თანამოსაუბრის ნათქვამს გურამ ასათიანი და ამ ახირებას ერთგვარ გამართლებას იმით უძებნის: გადაუჭარბებლად ყველაფერი კვაზიმეცნიერულ სიმდარედ იქცევაო.

და იქვე:

“ასეა თუ ისე – ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ასე ცხადად დაინახა ლუარსაბის “სიმპათიურობა”, ის ფარული თანაგრძნობა, რომელიც მას ავტორისაგან ხვდა წილად. დაინახა ის, რომ ლუარსაბი მხოლოდ კონკრეტული სოციალური წოდების გამომსახველი ტიპი კი არ არის, საერთოდ ადამიანიცაა და ამდენად ყველა მისი ნაკლი ადამიანურია”.

და კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, ბავშვობიდან გამოხმობილი განცდა, სულში ღრმად ჩამალული, მაგრამ დემნა შენგელაიას სიტყვების წყალობით წამოტივტივებული: “და მე მაგონდება, როგორ მწარედ ვიტირე ბავშვობისას, როდესაც ლუარსაბის სიკვდილის ამბავი წავიკითხე”.

ასეა თუ ისე, ამით ამოიწურება “ბათა ქექიას” ავტორის თვალსაზრისის გადმოცემაც და მისი ინტერპრეტაციაც კრიტიკოსის მხრივ, და გული გწყდება, ზეპირ ლაპარაკში რომ მოათავა დემნა შენგელაიამ ქრესტომათიული მოთხრობის ახლებური გააზრება და კრიტიკული ანალიზით არ სცადა მისი დასაბუთება.

ეს აზრი როგორც გამოითქვა, ისევე მიეცემა დავიწყებას, ვიდრე თამაზ ბიბილური ილია ჭავჭავაძის ბელეტრისტულ ქმნილებათა ანალიზისას (“განძი და ანდერძი”) საგანგებოდ არ ჩაუკვირდება ლუარსაბ თათქარიძის რთულ ხასიათს და ამ პერსონაჟსაც და მოთხრობასაც იმ კუთხით გაიაზრებს, სულ სხვაგვარად წარმოგვიდგენს, ვიდრე ლიტერატურისმცოდნეობაში განიმარტებოდა, ერთხელ და სამუდამოდ გარკვეული რომ ეგონათ.

ზოგადად და ფრაგმენტულად მოხაზული კონტურები აქ უკვე ლოგიკური, ღრმა ანალიტიკური მსჯელობის ქარგაშია მოქცეული და იმთავითვეა გამჟღავნებული ნარკვევის ავტორის წადილი, გადააფასოს დაკანონებული შეხედულება, როდესაც უარყოფს “კაცია–ადამიანის?!” სატირულობას, იქ გამჟღავნებულ სარკაზმსა და დაცინვას: ალბათ მომეტევება, თუ მე აქ მხოლოდ კეთილ ირონიას ვხედავ, და კიდევ სიბრალულსო.

თამაზ ბიბილურისთვისაც მეტად მნიშვნელოვანია ლუარსაბის სიზმრის ეპიზოდი, ოღონდ არა საკუთარი სიკვდილის ხილვის გამო, არამედ სხვა კუთხით: როგორც ხელშესახები დასტური მისი უმწიკვლობისა. სიზმარი იგივე აღსარებაა ღვთის წინაშე და ლუარსაბი თავს იმის უფლებას როგორ მისცემს, იცრუოს.

მაგრამ ღვიძლი ძმა დავითი რომ დაასმინა უფლის წინაშე? – იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ხორცი ჭამაო, პურის ნატეხს რომ მიწაზედ ჰხედავს, არ აიღებს და არ ემთხვევაო, უკურთხებელ ყურძენს ჭამსო, აღდგომა დღეს მღვდელს არ მოუცდის, რომ სუფრა უკურთხოს, ისე მივარდება ხორცეულს, როგორც დათვიო…

აშკარაა: თვითონ ასეთი შეცოდება არაფრისდიდებით არ მოუვა.

მაგრამ დასმენა?

და, აი, ნარკვევის ავტორი გამართლებას უძებნის მის ამ საქციელს: ლუარსაბი გაყიდეს და თვითონაც გაყიდაო, პირველ ყოვლისა, დავითს მიუძღვის მის წინაშე ბრალიო. იმ ხალხთან შედარებით, გარს რომ ახვევია, ლუარსაბი ციური ანგელოზია: წირვა–ლოცვას არ აკლდება, მარხვა არ გაუტეხია, ყოველ წელიწადს წმინდა ზიარებას იღებს და აღსარებასაც ამბობსო.

მერე კი იმ გარემოს გადაავლებს თვალს, რათა შეპირისპირება ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ლუარსაბის გამორჩეულობას – არა ზნედაცემულობით, არამედ სწორედ სიკეთით, სიალალით, უცოდველობით.

ბატონის ყველაზე ერთგული ყმა დათო – ცბიერია და პირმოთნე, ბატონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებს, სიმართლეს უმალავს, აქებს და ამ ქებით უფრო მეტად აბრიყვებს.

სუტ–კნეინაც თაღლითია, მარტო იმას ფიქრობს, რა დასცინცლოს ლუარსაბს და კალმით ნახატისა და მზეთუნახავის, მდიდრისა და განთქმული გვარის ქალის ნაცვლად გონჯსა და უქონელ დარეჯანს შეატყუებს.

ლუარსაბის გაცუცურაკებაში მთავარი როლი მაინც მისმა სასიმამრომ – მოსე გრძელაძემ – ითამაშა. მან ლუარსაბის ძმა გადაიბირა, ათი თუმანი ჩაუჯიბა და გააჩუმა, და ნაცვლად იმ მზეთუნახავისა, დავითს რომ ქალის გასინჯვისას აჩვენეს, ლუარსაბს გვერდში დარეჯანი ამოუყენეს (“კარგი ბადე დაუგეს… და კარგადაც გააბეს”)

ამგვარად გაბედნიერებულ კაცს უკვე უნდა მივუტევოთ კიდეც, თუ ბევრი რამ ისე არ გააკეთოს ან არ თქვას, როგორადაც კეთილშობილ საზოგადოებაშია მიღებულიო, – ასეთია ნარკვევის ავტორის თვალსაზრისი და ძნელია ეს აზრი არ გაიზიარო.

მსგავსი ეპიზოდი, სხვათა შორის, უკვე გამოეყენებინათ ქართულ პროზაში. გიორგი შატბერაშვილი პოეტურ შემღერებად ნათლავს ამ მსგავსებას “კაცია–ადამიანსა?!” და ლავრენტი არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს” შორის. რა სახელიც უნდა დავარქვათ, მსგავსება მართლაც აშკარაა, დეტალებია განსხვავებული, თორემ ზოგადი ქარგა იქაც ესაა – სოლომონ ისაკიჩიც ასევე გააცუცურაკა მომავალმა სიმამრმა, უგვანი გარეგნობის ქოსა დალაქმა, და მისი მარჯვედ მოტყუება იმით მოახერხა, რომ სხვა თვალთმაქცი ადამიანებიც გამოიყენა დამხმარედ. ცხადია, მარტოს ეს გაუძნელდებოდა, რადგანაც ერთი ადამიანის თუნდაც ლაქარდიანი ენა ოდნავ მაინც გონიერ კაცს თვალს ისე ვერ აუხვევს, ბრმად მიენდოს ბედს. და, აი, სოლომონ ისაკიჩს სხვა ქალს აჩვენებენ, კალმით ნახატს, და ეს რომ დაფაცურდება, არიქა, დროზე დავიწერო ჯვარი, არავინ წამართვასო, ჯვრისწერისას მოსე დალაქის ქალს ამოუყენებენ გვერდით – მამის ალიკვალს. ჩვენი გმირი ძალიან კი გამწარდება, მაგრამ ლუარსაბივით ისიც შეეგუება ბედს.

ამ ეპიზოდთა არქეტიპი შორეულ წარსულში ძევს. პატრიარქ იაკობის ურთიერთობა სასიმამროსთან ასევე წარიმართა (დაბადება, თავი 28). კეთილად, ტკბილად შეხვდება ლაბანი იაკობს, და ის სთხოვს თუ არა – შენი ასულის, რახელის გულისათვის შვიდ წელიწადს უსასყიდლოდ გემსახურებიო – მაშინვე დათანხმდება: მიჯობს შენ მოგცე იგი, ვიდრე ვინმე სხვასო. მაგრამ სიტყვით ამას ეტყვის და გულში მზაკვრობას განიზრახავს და შვიდი წელი რომ მოთავდება, სიყვარულით ანთებულ იაკობს რამდენიმე დღედ რომ ეჩვენება, პირს უშლის და რახელის ნაცვლად ლეას მიჰგვრის, უფროს ასულს. იაკობი დაამუნათებს: ეს რა მიყავი, განა რახელისათვის არ გემსახურებოდი, რატომ მომატყუეო, – ის თავის გამართლებას შეეცდება: ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვებაო. – გეგონება შვიდი წლის წინათ არ იცოდა, ლეასა და რახელს შორის რომელი იყო უფროსი და რომელი უმცროსი. ის გარემოება, რომ იაკობს, ებრაული ადათით, უფლება აქვს მეორე ცოლიც ჰყავდეს და კიდევ შვიდი წლის უსასყიდლო სამსახურის საზღაურად ახლა უკვე ეღირსება რახელს, არც ეპიზოდის არსს ცვლის და არც სასიმამროსა და სასიძოს ფარულ ბრძოლას, თვალთმაქცის გამარჯვებითა და ალალი, უანგარო კაცის მოტყუებით რომ მთავრდება.

მეტად და მეტად შეუსაბამოდ, იქნებ პაროდიადაც აღიქვას ჯერაც ფსევდო–კრიტიკული ანალიზის, გაქვავებული დოგმების ანდა პუბლიცისტური კრიტიკის ტყვეობაში მოქცეულმა მკითხველმა ბიბლიური პატრიარქის ხსენება სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილისა და ლუარსაბ თათქარიძის გვერდით, მაგრამ სოლომონ ისაკიჩისა და ლუარსაბის ნამდვილი ბუნების ამოცნობის, მათი სულიერი თვისებების, პირველ ყოვლისა მიმნდობლობის, მიამიტობის, უცოდველობის, დაფასების (ერთი მხრივ – აკაკი ბაქრაძე, მეორე მხრივ – დემნა შენგელაია და თამაზ ბიბილური) შემდგომ ვერავითარ პაროდიას ვეღარ დავინახავთ და ძალდაუტანებლად გავაბამთ ძაფებს “წინაპარსა” და “შთამომავალთა” შორის, რაც, ბარემ ესეც ითქვას, მერეც გაგრძელდა. გაგახსენდათ სასიძო–სასიმამროს ურთიერთობა დემნა შენგელაიას “ბათა ქექიადან”? განა ბათასაც ასევე არ გააცურებენ და ულამაზესი ქალის ნაცვლად უსახურს არ შეატყუებენ? ლეასა და რახელივით ესენიც დები არიან, ხოლო მამა მათი ალბათ ისევე ხითხითებდა და თავმომწონეობდა, როგორც ოდესღაც ლაბანი, ნირწამხდარი იაკობის შემყურე.

მიამიტი, მიმნდობი, ყველას მიერ მოტყუებული კაცი (ყველაფერი ისედაც ნათელია, მაგრამ ბარემ ისიც დავუმატოთ, რომ ლუარსაბს ატყუებს მკითხავიც, ატყუებენ გოგო–ბიჭებიც, ეზოში ყმაწვილების ნაჩიჩქნზე რომ უმტკიცებენ, ორმოა, ავი სულის მიერ გათხრილიო) შეუძლებელია ბოროტი, შურიანი, სხვათა დამჩაგრავი იყოს და ლუარსაბ თათქარიძე უკვე აღარ გვეჩვენება ერთი ათასთაგანი, მგზავრი რომ უბეჯითებდა, უფრო მაგისათვის წაგავლე ხელი, შენ რომ ათასს ჰგავხარ და ათასი შენა, რაც ბევრს ემგვანები, უფრო კარგიაო.

იქნებ ამიტომაც უარყო ილია ჭავჭავაძემ ის თავდაპირველი დასაწყისი, რომ პერსონაჟი ერთგვარად დაშორდა ჩანაფიქრს? ათასს ჰგავს კი არა, ისე გამოირჩა იმ საზოგადოებაში, როგორც მართლა ციური ანგელოზი.

მახსოვს “განძი და ანდერძის” წერის პროცესი. თამაზ ბიბილური ხშირად ახსენებდა ილიას იმ ფრაზას – ლუარსაბი მე თვითონ ვარო – და კიდეც აპირებდა ნარკვევში მის შეტანას. მერე გადაიფიქრებდა, ჯერ ნაადრევია, ვინ იცის, როგორ გაიგებენ და ვინ რა კუდს გამოაბამსო. მერე ისევ გადაწყვეტდა: რაც იყო, იყო, ჩავწერო. მერე კვლავ გადაიფიქრებდა: აჩქარება არა ღირს, ამის თქმის დროც დადგებაო. მერე ისევ: დროც არის და ეგააო…

საბოლოოდ აღარ შეუტანია.

და მაინც: ნაგულისხმევი რომ არის ეს აზრი, საცნაურია ანალიზის პათოსის მიხედვით.

ლუარსაბ თათქარიძის ხასიათი ახლებურად წარმოსდგა მკითხველის წინაშე და თუ თამაზ ბიბილურის იმ ნარკვევს (სავსეს სხვა არაერთი ღრმა და მახვილგონივრული დაკვირვებითაც) სათანადო გამოხმაურება არ მოჰყოლია თავის დროზევე და კვლავ გაქვავებული დოგმა შერჩა საზოგადოებრივ ცნობიერებას, ესეც იმის ბრალია, რასაც გურამ ასათიანი მკვლევართა და კრიტიკოსთა უპატიებელ სიბეცეს უწოდებდა.

განვაგრძოთ?

სიმსუქნე თუ ჭამა–სმის მოყვარეობა ისევეა ნიშანდობლივი ლუარსაბისათვის, როგორც მისი შემოქმედისათვის, და ილია პერსონაჟის გარეგნობასა და ჭამა–სმის ტრფიალებას რომ აქილიკებს, თავის თავსაც შეჰყურებს ირონიული ღიმილით, ისევე, როგორც არც უსაქმურობით გატაცება მიაჩნდა მხოლოდ ლუარსაბის თვისებად და, მემუარისტთა მოწმობით, არაერთხელ უთქვამს: ჩემი განთქმული სიზარმაცეო.

ეს ის წვრილმანებია, რაც უყურადღებოდ სულაც არ უნდა დაგვრჩეს ავტორსა და პერსონაჟს შორის მსგავსების ძიება–დადგენისას. და თუ გროტესკულია ლუარსაბ თათქარიძის პორტრეტი, განა ავტორს უფლება არ ჰქონდა, თავისი რომანტიკული იდეალი კი არა, ერთგვარი შარჟი შეექმნა?

იცინი გარეგნულ მხარეზე, მაგრამ გულს გითუთქავს პერსონაჟის დრამატული ბედისწერა.

მკვლევარები განასხვავებდნენ ილია ჭავჭავაძის კომიზმს დავით კლდიაშვილის კომიზმისაგან. თავის დროზე აკი “სამანიშვილის დედინაცვლის” ავტორსაც ვერ გაუგეს და მოჰყვნენ მტკიცებას: მწერალი დასცინის თავის პერსონაჟებს, შემოდგომის აზნაურებსო. თვითონ მწერლის ჩარევა გახდა აუცილებელი, მისი მკაცრი მუნათი მოხალისე კრიტიკოსთა მიმართ: მე არავისთვის დამიცინია, ყველა ისინი, პროტოტიპები ჩემი პერსონაჟებისა, ჩემი უახლოესი და საყვარელი ადამიანები არიანო. კიდევ კარგი, ამ მუნათმა გასჭრა. ილიას ნათქვამი კი სადღაც მირჩათ. არც იმ ფრაზას მიაქციეს ყურადღება, მოთხრობის ფინალში გაელვებულს, თუ ლუარსაბს დასცინებ, ვითომ საკუთარი თავისათვის დაგიცინიაო.

სხვები განასხვავებენ, თამაზ ბიბილური კი საერთოს ამჩნევს (და საგანგებოდაც შეუპირისპირებს) ამ ორი მწერლის მხატვრულ ხედვას შორის. კომიზმის ელფერი მართლაც განსხვავებულია, მაგრამ ორივეგან ერთნაირადაა საცნაური შეფარული თანაგრძნობა, სიყვარული, და ნოსტალგიაც. იცინე მოთხრობების გარეგნულ სამოსელზე, პერსონაჟთა საქცელსა და სიტყვა–პასუხზე, მაგრამ გარეგანს არსად ნუ მიიჩნევ და ის მთავარი ნუ გამოგრჩება, რამაც კალამი ააღებინათ ხელში, თორემ სამუდამოდ დახშული დარჩება “კაცია ადამიანისა?!” თუ “სამანიშვილის დედინაცვალის” აზრობრივი შინაარსი და სიღრმე.

ერთნაირადაა საცნაური ნოსტალგიაო…

დავით კლდიაშვილის პერსონაჟები რაღაც ძველთუძველესისა და დიადის ნაშთად, მკრთალ ანარეკლად წარმოგვიდგებიან, დაშლილი ცივილიზაციის ნალეკად, საუკუნეებში გამოტარებულ, ამაღლებულ მისწრაფებათა, უაღრესად გაბედულ ოცნებათა და გაქანებათა ნანგრევებად, და მაინც იხილვება ის დიადი კომიკური იერის მიღმა. კიდეც გაბზარულა ძველი დროის ქართული სამყარო, მერე სულაც ნატეხებად დაფანტულა, მაგრამ გაქრობით მთლად არ გამქრალა და მხნეობასა და იმედს გინერგავს, ადრე თუ გვიან ჩატეხილი ხიდი გამრთელდება ეპოქებს შორის და აღდგება ის სწრაფვაც, ის სულიერი კულტურაც, ის ისტორიულ–ტერიტორიული საზღვრებიც, უშველებელ არეალზე რომ განფენილიყო და ჯერ არ მომწყვდეულიყო ორ ზღვას შუა.

ვრცელ ანალიზს, თუ რას წარმოადგენს ან ის უძველესი ქართული სამყარო ან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები რანაირად გვევლინებიან იმ ცივილიზაციის მემკვიდრეებად, მკითხველი ჩემს მონოგრაფიაში გაეცნობა (“ქალდეას მონატრება”), აქ მხოლოდ თეზისი გადმოვიტანე, რათა ამ ფონზე უკეთ წარმოჩნდეს “კაცია–ადამიანის?!” ასეთივე სულისკვეთება, არა პუბლიცისტური, ცხადია, ზედაპირზე ამოტანილი, არამედ იმ ფაქიზი ელფერით გამოხატული, უეჭველად რომ შეგაგრძნობინებს რაღაც იდუმალს. ოღონდ ამ მოთხრობის ნოსტალგია არ არის უძველეს ცივილიზაციასთან გადებული ხიდი, ეს უფრო წინარე ხანის საქართველოა, ძველ ცივილიზაციას მოწყვეტილი, მაგრამ თავისთავადი და თვითმყოფადი, განსხვავებული და თავისებური, რომლის თავზეც ჯერ არ დატრიალებულა, ჯერ შორსაა რევოლუციური ქარტეხილები.

პატრიარქალური გარემო ინარჩუნებს თავის განსხვავებულობას და ლუარსაბის ფილოსოფიაც ამ გარემოს შესაფერისია, მდორედ მედინი დროის, ერთი მთლიანის და არა წუთებად და წამებად დანაწევრებულის. დადგენილი წესრიგისა სწამს და ბუნებისაგან მოწყვეტა აშინებს, სწავლა–განათლებას ამიტომაც არა ხვდება დიდი პატივით.


“ჩვენი მწერლობა ” # 7
21–27 თებერვალი, 2003 წელი