დაბალი, შავგვრემანი, ჩოფურა, დაჯაგრული, ზამთარ-ზაფხულ დურატყავში გამოხვეული, ის ან ორღობეებში მიეჩქარებოდა ხელში სამღვდელო ბოხჩით,- რომელშიც ჭუჭყიანი ოლარი იდო,- და გამურული, ჭვარტლიანი საცეცხლურით; ან როგორც შეგრძნებული, იჯდა სამრეკლოზე, ან მღვდლის საფუტკრეში ეძინა. მისი ნაწოლი იონჯა ორ დღეს გონზე ვერ მოდიოდა.

ესტატე ლაფაჩი, წმ. კვირიკეს მნათე, ახლაც მაღალ სამრეკლოზე ზის და გაოცებული გაჰყურებს გაღმა მოლაპლაპე იორს და საჯერნე ტბას. გუმბათი კი ისეთი მაღალია, რომ ანდორეთისგრძელ მინდორს ჩრდილს აყენებს. შორს მოჩანს წარიგებული თეთრი მთები, სასაძოვრე და სათივარები. აქეთ, იორგამოღმა ყაყაჩოიანი ჯეჯილები, ვენახები მტირალა ვაზებით, მოხასხასე ნიგვზნარები შრიალებენ.

ყელშექცეული ლაფაჩი ახლად გამოღვიძებული დათვივით ზის და ვერ ამჩნევს ახალგაზრდა ბუნებას, ვერც მაისის ცისპირს. ლაფაჩის თვალები ამოშრეტილია ბუნების სიყვარულისთვის, ისე, როგორც დამშრალია ჭოტის თვალები შუაღამისას.

სოფელზე გადაიარა გაზაფხულის წვიმამ და ზრიმლი ჩამოჰყარა. ბავშვები შესძახოდნენ ცისკიდეს ,,ცისარტყელა კაბარჭელა, ჩემი კაბის ჩანაჭერა!―

გლეხები გაოცებით შეჰყურებდნენ ცისარტყელას ,,ჭრელი გველივით არა კიდია ცაზე?! ― __გაიფიქრა ლაფაჩმა. ძირს გლეხები კამათობდნენ, თუ რა ფერი სჭარბობს ცისარტყელაში.

__ყვითელია!__დაიძახა ერთმა,__სიმინდი მოგვივა ბევრი! __არა, წითლურია!_აბა, დააკვირდი, __ღვინო დასჯაბნის! __არა მწვანეა! პური დაჰკრამს!__ ყველა მართალი იყო. მზის ნებიერი სხივი თვალღრმა ლაფაჩს მიეტკბურა.

ლაფაჩმა უგემურად აადევნა თაგვური თვალები ოქროგადაკრულ ცას, მაგრამ ვარ გაუძლო მზის ელვარე წინწელს და თვალი მოხუჭა ... ლაფაჩმა ხელიც გაიქნია მოსაშორებლად, თითქოს მოალერსე სხივი ბუზარა მწერი ყოფილიყოს.

ცისარტყელას ოქრო ისევ ქრიალებდა, მერე გადაშენდა...

მოწმენდილ სივრცეში იორ გადაღმა, ლაფაჩმა თვალით დაიგულა დავით გარეჯა. აქ აღიზარდა ლაფაჩი, სიყმაწვილე აქ მოასრულა.

როგორც თეთრი აფრა, ისე მოჩანდა იმ დილიდ ღვთის ქალაქი,_ შემწვარი უდაბნო, გავერნებული რამა... იქ ნაღვლიანად შრიალებდა ურო, ავშანი და ვაცისწვერა,_შხამიანი ქარით დასუნთქული და მშხეპრი წვიმით დალაღებული. აქ ხან გაირბენს ცქრიალა ჯეირანი და კაბაბი აუფრინდება გაშხლართულ გველს; აქ, გამოკაფულ კლდე-კარფებში, ცხოვრობენ ბერები და სულის ცხოვრებისა და მოქალაქობისათვის იღვწიან.

უყურებს ფიქრში მწარე თავის ნაბინავარს. არც უხარია, არც ენანება, ისევე როგორც თავისი გაჩენა და ცხოვრება ამ ქვეყნად.

უყურებს და აგონდება თავისი მწარე წარსული.

ლაფაჩის წინაპრებს ღვინის ნათლულებს ეძახდნენ თურმე. პირველი გლეხები ყოფილან ტამალიაში. წელიწადში შემავალი სამოცი ფურ_ზაქი, ხუთასი მარტო მტრედი, საჭმელად მოშენებული. მგზავრს უსაგზლოდ არ გაუშვებდნენ.

ხერგებით დახურხლული __დევთა ნასადგომარი დარბაზი... შუა კერასთან ცხრა დასარწეველი აკვანი...

ლაფაჩები თურმე დოს არ ჭამდნენ და იორში ასხამდნენ; როცა კარაქს შედღვებავდნენ, ქვემო სოფლები ივრის ფერზე იგებდნენ.

დროს არა რჩება რა მოუშლელი. დაუძვრელი ოჯახიც გაიყარა. ნანგრევებზე მთელი უბანი ამოშენდა. ლაფაჩის მამასაც, დიაკვან დიანოზს, ქოხი დაწყვილებული ბავშვებივით გაევსო. მეათე ბავშვის ყოლა კი დედამ სიღარიბის მიზეზით იუარა. მომავალი ნაყოფის გასაწყალებლად მაშობარი ხან ლოდებს იდებდა მუცელზე, ხან ერდოდან დაბლა ხტებოდა.

პაწაწინა ლაფაჩი მაინც დაიბადა.

ასე უნდოდა წერამწერალს...

ახალშეძენილი საზარი მახინჯი იყო, ნალევა, რძენაწყენი, ავ_თვალ სახე ბალნით ჰქონდა მოხავსული. ამბობდნენ: ორსულს ძაღლზე გადაუვლიაო!

უცნაური ბავშვის შესახებ ადგილობრივმა მასწავლებელმა კორესპონდენცია დაბეჭდა გაზეთ ,,დროებაში― და მით გული მოიფხანა.კიდევ ბევრი ირბინა ქალაქში, _რომელიღაც გამოფენაზე უნდა ეჩვენებინა. მაგრამ ამაოდ მიაჭყლიტა საგზაო მანეთები. კორესპონდენცია დარჩა ,,ხმად მღაღადებლისა―

ყველაზე უცნაური ბავშვის დაბადებაში ის იყო, რომ ბებია_ქალმა დედამ და მეზობლებმაც ვერ გამოარჩიეს მისი სქესი .მაგრამ მონათვლის დროს მღვდელი როდი შემკრთალა, მან პირდაპირ მიმართა ყრმას:

__ უკეთუ მამრობის ნაკვეთი ხარ, დაგერქვას ესტატე! უკეთუ დედათა სქესისა, გეწოდოს მაკრინა!

მხოლოდ ერთი წლის მერე მიხვდნენ, რომ დედათა მყუდროება მღვდელმა ამაოდ შეაწუხა.

დედა ცრემლიან იავნანას დაჰზუზუნებდა აკვანში დაჩირქებულსა და მუწუკდასხმულს. ჩასახვის წუთს უწყევლიდა. დები და ძმები საკოცნელად არ ეკარებოდნენ, არტახების სიმპალის სუნისგან შორს გაურბოდნენ.

ბავშვი მაინც წამოიზარდა. მუწუკები და ბალანი სახეზე გაუქრა, მაგრამ ღრეკილი სახე _არ გაუსწორდა მწვანე, დაგესლებული, დასიცხული ფოთოლივით დაღონებული, მიმჭკნარი, სურავარდიანი, მუდამ ყბააკრული, პირგამომშრალი და მტირალი დაზუზღავდა ეზოში. ტოლები არ უყვარდა, ისინიც სდევნიდნენ, საცა მოასწრებდნენ. დაშინებული ბავშვი არც გოშიაც ეკარებოდა, არც ხატაურა ციცას.

ნიშა ხბომ ერთხელ საბრალოდ გათქერა და ტალახში ამოსვარა!

მამამ ბევრი იღონა მეათე შვილისათვის, მიწის მოსაქმედ უქნარი და ოჩანი მწარედ გაიტანჯებოდა.

მამას ნაღვლის სმა ერჩია ამ ფიქრს, დედას_ნაცრის ჭამა.

და აი, ერთ დღეს, ანდორეთში დავით_გარეჯის ბერმა ჩამოიარა საკალმასოდ. მონასტერში შიმშილი ჩამოვარდნილიყო მონასტრის წინამძღვარს ქონება გაეფლანგა. ასწლოვანი განდეგილები, რომელნიც სულის საგზალს იმზადებდნენ, ახლა გაცოფებულები მგლებივით შეჰღმუოდნენ გაბნელებულ სენაკებში და მზად იყვნენ, ერთმანეთი დაეჭამათ. წინამძღვარი არ დაიბნა. მან კალმასობა მოიგონა. ბერები სათითაოდ მიავლინა სოფლებში მაძღარი პურის საპოვებლად, რითაც ბოლო მოუღო მოსალოდნელ აჯანყებას.

პირაქაფებული ბერი ღვთის შიშს აგდებდა ანდორეთს. ,,მეორე მოსვლის― ნიშნებზე ლაპარაკობდა და უხვ შესაწირავს აგროვებდა.

__ვაი, თქვენ, ვაი თქვენ, უგუნურნო, ურჯულნო, რას იტყვით საშინელ განკითხვის დღეს, როცა ყველა თქვენგანის ფარული ცოდვა თუ საქმე გამოცხადდება?!

__ვაი, შენ, ისრაილო, განსუქდი, განმსხვილდი და დაივიწყე ღმერთი, გამჩენელი შენი!_

დაჰკიოდა ენადაქსაქსული ბერი მათ, ვისაც ხორცი დიდიხანია სარკეშიაც არ დაენახა.

გლეხები მართლა შეფიქრიანდნენ. მოიგონეს ცოდვები .მოიქექეს თავები სულის მოსაბრუნებლად არასა ზოგავდნენ. მემარხულე ბერიც უხვად იხვეჭდა პურს, საკლავს, ხორბალს, ფულს, სხვა სახსარსა და შემოწირულს.

ლაფაჩის მშობლებმა ნამზადი დედალი მიართვეს და სახშიც შემოიპატიჟეს მოსასვენებლად; სადილზე ცოლ ქმარმა შვილის ძნელბედობა შესჩივლეს და რჩევის გეგმები გამოჰკითხეს.

_გვიშველე რამე, ხმელეთის დამრიგებელო! _შენი ენა ღვთის ენაა!

_ცაში გაქვს გონება ასული!

გახუნებულმა ბერმა ქება შეიფერა და მაშინვე მოისაზრა: მონასტერში მუშაობა ყველას ეზარებოდა. უფრო კი წყლის საქმე და ჯორების დამწყემსვა აჭირვებდა საქმეს. როცა ეს ყმაწვილი წამოიზრდებოდა, ფერსა და ჯანს გაიდგამდა,_ყველაფერს შეიძლება; განზრახვის გასატარებლად ბერმა წარმოთქვა, რომ პირველი ნაყოფი ადამიანისა თუ მიწისა ღმერთს უნდა შეეწიროს, როგორც აბელმა ჰქნაო; მართალია, მასპინძლებს ეს წესი დაურღვევიათ პირველ შვილზე, მაგრამ ახლაც არ არის გვიანი, არც უფალო საბაო განაწყრება, თუ მეეათე ბავშვს მაინც, ისიც სნეულს, მშობლები მიაბარებენ უფლის წიაღს,ანუ მონასტერს მისცემდნენ გამოსაზრდელად. მჭერმოუბარი ბერი არა ცხრებოდა.

როცა ამ სიტყვებზე დედ_მამ შეძრწუნდა, მაშინ ბერმა მოაგონა მათ მამამთავარი აბრაამი: ერთადერთი შვილი ისაკი ღვთისათვის დასაკლავად არ დაზოგა. დაკლდევებული მამა მოტყდა დედა კი უარესად გაჯიქდა. მაშინ ბერმა მოაგონა ძველი სიბრძნე:

,,ვინც მონასტერს გაიზარდოს, მან იხილოს ღვთისა პირი! ანუ ლომი,ანუ გმირი;

ვინც რომ შინა გაიზარდოს, ანუ ძროხა, ანუ ვირი!―

ვინ აღუდგებოდა წინ ამ სიტყვებს, ბავშვი მოშორდება სოფლის შფოთს, ვეღარ გაერევა ცოდვებში, ბევრიც რომ უნდოდეს. უდაბნოში კი ხორცს დაიმონებს, სულს ააყვავებს და აღიზრდება, როგორც კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა―.

საწყალი დიაკვანი_მამა მთლად დაადნო ამ სიტყვებმა. იქნებ მისი მახინჯი შვილი არქიელიც გამოვიდეს? გულგაპობილი დედა იხვეწებოდა, ეზოს ძაღლის ალაგას მაინც დამირჩინეთო,მაგრამ დიანოზ ლაფაჩმა დასძლია დედაკაცის ცრემლი და მალე ბალღი ცხენით მიაყენა წმ. დავით_გარეჯის უდაბნოს ,,ღვთის პირის სახილველად―.

რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის კარბიჭეში მოხუცი ბერი ეზეკიელი და ლაფაჩი ისხდნენ. _ გაიმეორე! _ უბრძანა ბერმა, მაგრამ ბავშვი ჩუმად იყო.

_ სთქვი:

,, მე მშვა მამაჩემმა უდედოდ,

მე ვშვი ცოლი ჩემი,

ცოლმა ჩემმა შვა ასული ჩემი,

ასულმა ჩემმა შვა მამაჩემი!

_ რა არის, ამოიცანი?

ბავშვი ხმას არ იღებდა.

_ დაგვიწყებია, ლეგა ბიჭო, ახლა კი სთქვი: ადამი, ევა, ღვთიშობელი, ქრისტე!

ბავშვმა გაიმეორა...

ახლა გუშინდელი გამოცანაც სთქვი!_ ბავშვმა წარმოთქვა:

,,ასომა საქონელისამა,

ვაზმა ვენახისამა

კაცი მართალი შეაწუხა...―

_ რა არის?

_ ურიებმა უფალი ჩვენი, იესო ქრისტე,არეულო ძმარნაღველის ხმევით რომ შეაწუხეს.

_ ყოჩაღ, ყოჩაღ!

ასე განისწავლებოდა ლაფაჩი უდაბნოში.

ლაფაჩმა წიგნი და წერა მონასტერში ისწავლა, მაგრამ თავში ბევრი ვერაფერი შესდიოდა, ან სად ეცალა...

ერთი იცოდა: რომ არის ღმერთი_ მრისხანე, უწყალო,შურისმაძიებელი. მისი იარაღია_ გველებით სავსე, მდუღარე კუპრით ამოვსებული ჯოჯოხეთი, ღმერთს აქვს სამოთხეც, მხოლოდ თავისთვის. ჯოჯოხეთი_ ადამიანებისთვის, ეშინოდა ღვთისა ლაფაჩს, ღმერთმა ხომ ცეცხლით განმეხა იცის ცოდვათათვის!..

ლაფაჩმა ისიც კარგად იცოდა,რომ ამ ქვეყნად არის კიდევ ეშმაკი_ სატანა, რომელიც ჩუმად სულ თან დასდევს ლაფაჩს, თვითეულ ბუჩქში ჩასაფრებული, და ცდილობს, ათასი ხრიკით ხელთ იგდოს მისი სული.

ლაფაჩს უნახავს, რომ ზურგთუკანიდან ეშმაკი კიდეც ეჯღანებოდა. შეშინებული ილტვოდა ამ ჩვენებისაგან.

პატარა ლაფაჩს მონასტერში უღმერთოთ ამუშავებდნენ, თან ტანჯავდნენ ბერები_უშრომლობის ოსტატები.

__ვაი, შენ დაგეწვა, აკვანი, შე უგერგილოვ!

__ვაი და სნება შენ, გათვალულო, თვალნაკრავო! _ასე სწყევლიდნენ წმინდა მამები უხერხულ მორჩილს და თან მუჯლუგუნს უბაგუნებდნენ სახეში. კოკურ წვიმასა და სიცივეში, ჩვრებში გამოხვეული, გაბეზრებული ლაფაჩი დარბოდა უდაბნოში ხან წყლის საზიდად, ხან ათას დავალებათა შესასრულებლად, ხან ჯორების სამწყემსავად. დარბოდა დანაღვლიანებული, დაღამებულშიც კი წანწალებდა. შრომობდა, წვალობდა, ნემსს ეცმოდა, ყველას დავალებას ასრულებდა, მაინც ყველა მისი უკმაყოფილო იყო.

__ბატის ჭკუა შენ და ინდაურის ხეტიალი!_ შერისხავდა ავი წინამძღვარი. კურცხალი თვალზედ ეწურებოდა, გულზე ყორანი ჯდებოდა. მხოლოდ უქმისძალი თუ გაუნახევრებდა ლაფაჩის შრომას, ახლა, წირვაზე ჩოქით უნდა ეთქვა ლოცვანი _შენანებისა, შეწყალებისა, რადგან ,,სული უფროს არს ხორცისა― .

ნაწირვევს იგი ბერების პირმსახური იყო ტრაპეზზე :ახლა წყალი უნდა ეზიდა, ხოლო მწუხრისას ვირები უნდა ეძებნა, ჩაებინავებინა...

ცრემლმორეულს, გაჭირვებულს, გულის ხაშმი სჭირდა. ფეხის გული სტკიოდა... გულდასაკლები ბევრი ჰქონდა, მისი დამადნობელი ოხვრა კლდეს ჩამოშლიდა, განსაკუთრებით- როცა უდაბნოში ეშმაკები ეფეთებოდნენ.

როცა ძუძუთა მტკივანი დედა მოუკვდა ლაფაჩს, მას მერე აღარავის მოჰგონებია. ნეტავ ვინ იგულტკივნეულა მისთვის?_ არავინ?

დიდმრავალმა ოჯახმა გაწირა პატარა მწირი უდაბნოში! არავინ გამოესარჩლა! მამაც მოუკვდა და არც კი შეატყობინეს.

ცხრა შვილი იყოფდა ოჯახის ქონებას. ან რა ხელთ მისცემდათ მემკვიდრეებს, კიდევ ახალი მეტოქე მიემატებინათ,ისედაც შუღლი ჰქონდათ!

ლაფაჩს თავისი სოფლის სახელიც გადაავიწყდა.

უბედურებაში, უმადლო შრომაში მიდიოდა საწყალი მწირის ცხოვრება და ვინ იცის, კიდევ რა მოელოდა გოროზი და ჭირვეული ბერებისაგან, რომ ერთს შემთხვევას არ დაეხსნა იგი.

ზედ ბზობა დღეს ლაფაჩს მონასტრის ვირები დაეკარგა საძოვარზე. თუმცა მიმწუხრისას იპოვნა, მაინც მონასტრის წინამძღვრის ბრძანებით სვეტზე მიაბეს ლაფაჩი და წმინდა მამები შოლტით ცემდნენ ,ისევე როგორც პირველ მოწამე ქრისტიანებს.

ზედ დატანებაზე ამ სეირს თვალი მოჰკრა ანდორეთიდან ჩამოსულმა მოძღვარმა ზაქარიამ იფიქრა, ამ კაცის უშოვნელობის დროს ეს მორჩილი მწირი გამომადგებაო,

ხარ, ანგარ წინამძღვარს თუმნიანი აჩუქა და ლაფაჩი თავისთან უჯამაგირო მოჯამაგირედ წამოიყვანა.

ლაფაჩი სამუდამოდ გამოეთხოვა უდაბნოს...

ამბობდნენ, უდაბნოელმა ლაფაჩმა რომ სოფელში ფეხი შემოდგა და დედაკაცები დაინახა, იკითხა, ესენი ვინღა არიანო?!

ლაფაჩი ნელა შეეჩვია სოფლის ცხოვრებას, უდაბნოელი მწირი ზაქარია მღვდელმა ჯერ ყორამთაში გაგზავნა მეღორედ, მაგრამ მონასტრელი მეღორედ ვერ გამოდგა. იტყოდნენ ღამღამობით კიდევაც ტიროდაო, თან შავი ტყისა ძალზე ეშინოდაო. თითოეულ ბუჩქში მგელი ელანდებოდა. ერთი სიტყვით, ლაფაჩი გლეხის საქმისათვის არ იყო გაჩენილი.

მაშინ ზაფხული იყო და მეპატრონემ სოფელში ჩამოიყვანა მეკალოედ, მაგრამ ლაფაჩმა არც ხარის საქმე იცოდა, არც ცხენის შებმა, არც კევრზე ტრიალი.

ერთ დილით, ცხენმა ტყუპი წიხლი კრა საწყალ ლაფაჩს და მიასუმკვდარა, ძლივს მოაბრუნეს. მორბედ ბიჭადაც არ გამოდგა უხერხული ლაფაჩი, ხან რა ჭურჭელი დაამსხვრია, ხან ფული დაკარგა, ხან ფოფოდიას ტვინი აუმღვრია.

მღვდელს ყოველი იმედი გაუცრუვდა. აღარ იცოდა, რა ექნა, კიდევაც ნანობდა მის მოყვანას.

სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მოხუცი მნათე ისაკი და მონასტრელმა ლაფაჩმაც სრული შეგნებითა და მომზადებით დაიჭირა მნათის თანამდებობა ანდორეთში; ალბათ მამამისი_ დიანოზ დიაკვანი სიხარულით საფლავში გადატრიალდა, რომ შვილმა საღვრთო გზა არ დააგდო.

ერთგული, მისანდო ლაფაჩი მღვდლის პირმსახური და მეხვაშიადე შეიქმნა. ისეთი ნდობა მოიხვეჭა, რომ მთელი ოჯახი მას ებარა დილიდან საღამომდის აქაურ შრომაში იყო გართული. შემოსავალი საკმაოდ ჰქონდა_ ნათლობისა,ქორწილობისა,მიცვალებულისა,კურთხევისა,დღესასწაულებისა და სხვისა და სხვისა.

ხელმოჭერილი ლაფაჩი ყველაფერს თავის ქოხში ეზიდებოდა. იტყოდნენ: საღამოთი, როცა ბრუნდება, უსათუოდ შინ რაიმე უნდა შეიტანოსო, თუ ვერაფერი ვერ იშოვნა, აგურს მაინც შეიტანსო,_ თუ აგურიც ვერ მოახელთა, კარგ ქვას მაინც იპოვის და ხელცარიელი შინ კარს არ შეაღებსო!

მონასტერში გაზრდილი, ჭამა_სმაშიც თავდაჭერილი ებრძოდა ნაყროვანებას და ჩვრებში გახვეულ უზალთუნებსა და კაპეიკებს დღითიდღე უმატებდა; ნამატი ფული საკმაოდ უგროვდებოდა.

სოფელმა ,,ქვასჭამე― უწოდა ძუნწობისათვის. აგროვებდა ლობიოს, ხახვს,კარტოფილს,თვითონ არ ჭამდა, ინახავდა; ან კერძს ვინ გაუკეთებდა, რომელი დიასახლისი?

ამიტომ დადგა დრო ცოლის თხოვისა. გლეხკაცს რა უფლება აქვს, ცოლი არ მოიყვანოს, მეუღლე? მაშ ,მარტოს ხომ გაუჭირდება ცხოვრება. უღლის გაწევა?!

ამ შემთხვევაში რას დაიშურებდა დეკანოზი თავისი ნამსახური ლაფაჩისათვის? ან ვინ დაუჭერდა ქალს დაულვაშებულ ვაჟკაცს, რომლის საღვთო წერილის ცოდნა ძირობაზე განთქმული იყო?

ერთ საღამოს,მწუხრის ლოცვის შემდეგ, როცა ორივენი ეკლესიასთან ყუდროში ისხდნენ, მღვდელმა მამაშვილური სიტყვა ჩამოუგდო ლაფაჩს ცოლის შერთვაზე.

_ დროა, ბუნებისა და კაცობის წესი შეასრულო!

ლაფაჩი ამ სიტყვას არ მოელოდა და მორცხვად თავი დახარა. როცა მოძღვარმა კიდევ გაუმეორა, მაშინ ლაფაჩმა იუარა ცოლმდომობა,_ როგორც უბიწო ვარ დედის მუცლიდან, ისევე უნდა ჩავიდე საფლავშიო. თურმე დედაკაცი ეჯავრება მას მერე,რაც ევამ ადამი აცდინა! წრფელი პასუხი მღვდელმა მორცხვობად მიიჩნია და კიდევ შეეკითხა, თუ რომელ ქალზე მისდიოდა თვალი. შეშინებულმა მნათემ მიუგო, მწვავსო ცეცხლი ქრისტეს სიყვარულისა, სულის ცხოვრებისათვის და ვზრუნავ და იმ სოფლისთვის საგზალს ვიმზადებო.

მღვდელმა განუმარტა,თვითონ ღმერთს არ მოსწონს ადამიანის მარტოობა და ქორწინება_ ქრისტესა და ეკლესიის კავშირის მომასწავლებელიაო.მოციქულებიც ამას იტყვიან: წმინდაა ქორწილი და შეუგინებელია საწოლი. შემდეგ ისევ გაუმეორა, თუ რომელი ქალი მოსწონდა თვალათ და ხორცად, ან ვისი ნდომა ჰქონია როდისმე.

როცა ლაფაჩმა აცნობა ამ გრძნობის გამოუცდელობა, გაცოფებულმა მოძღვარმა ხელი შესტაცა და მარცხენა ყბაზე სილა გააწნა. ლაფაჩი პირქვე დაემხო. გაცეცხლნავთებული მამა ზაქარია კი ხოთხოთითა და წვერის გლეჯით დაბრუნდა სახლში _დამიხედეთ, ქრისტეს თიხის ყმაწვილი!

ლაფაჩი საგონებელში ჩავარდა:

-კაცო შემჭამა გონებამ. რა ვქნა, ვერ გადამიწყვეტია! ჩემი სულიერი და ხორციელი საქმე უფალს დაუმორჩილე. მღვდელი კი თავისას მიბრძანებს. თუ არ დავუჯერე, გამირისხდება და რაღა ვქნა საბრალობელმა?! __წვრილი ხმით შესჩიოდა მნათე გლეხს ყაყიაურს:

__უნდა შეირთო, მაშ, ან აქამდე როგორ სძლებ ოცდახუთი წლის ვაჟკაცი_ უპასუხებდა ყაყიაური და თან უამბობდა, თუ როგორ დაძალა თვითონ ის, ოცი წლის ბიჭი, ქალის სურვილმა. როგორ აწვებოდა სისხლი და უხურდა გული. მაშინ მას საქმეც ეზარებოდა, მინდორსა თუ ტყეში ქალის აჩრდილი ეჩვენებოდა, ბოლოს მამამ დასტური დასცა და დანიშნა. ყაყიაურის დანიშნული დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა; გუთნობის დრო იყო, გუთანს რომ ჩაშლიდნენ, მეხრე ყაყიაური ღამე გავარდებოდა დანიშნულთან, ტკბილს ალერსს შეირგებდა, ისევ გამოირბენდა დღის მანძილს და ცისკარზე, შებმის დროს გუთანთან იყო...

ლაფაჩი გაკვირვებული უყურებდა მეგობარს, უნდოდა გონებით მაინც მისწვდენოდა, მაგრამ ცივი გონება ქალის სიტკბოებას ვერ სწვდებოდა.

_მერე, ქალსაც უხაროდა?

-ქალი? ჩემს მისვლაზე ვერხვივით თრთოდა, ცახცახებდა, მყნოსავდა, მიკოცნიდა მკერდს, მარჯვენას, შუბლს, იწურებოდა და იმ დროს მზე რომ გეჩვენებინა, ზედაც არ შეხედავდა, მე ვერჩივნე ქვეყნიერებას!

როცა წამოვიდოდი, კარებთან ამეკვრებოდა მოღვედილი და კოცნაში მეტყოდა:

ნეტავი ნისლად მაქცია, გადმოვივლიდი ქარითა, იქ დავიწყებდი წვიმასა, საცა შენა ხნავ ხარითა!

_კაცო, რა არ ხდება თურმე ქვეყანაზე. რა ყოფილა ეს წუთისოფელი? __იღიმებოდა ლაფაჩი და არა სჯეროდა, თუ როგორ შეიძლებოდა ქალისთვის შუაღამეს, დაღლილმა ადამიანმა სოფელსა და მინდორს შუა ამდენი მანძილი ირბინოს.

ბევრი იფიქრა ლაფაჩმა, ბევრი ილოცა, რომ ღმერთს მაინც ჩაეგონებინა მღვდლისთვის, დახსნოდა და ლაფაჩის სიწმინდე შეენახა, მაგრამ შემოდგომის ერთ საღამოს, როცა ჰაერი იყო შეღვინებული, ლაფაჩი და სოფლის მზეთუნახავი თაფლუა_მართლაც თაფლისატკბურა,მღვდლის ნასაყვარლევი, მოფარდაკულ საქორწილო ურემში ისხდნენ თავგვირგვინები და ჯვრისწერის მერე სახლში ბრუნდებოდნენ; უკან ნაბდიანი მაყრები მოშილიანდრობდნენ თოფების ცლითა და ღრიანცელით. ლაფაჩი უჩუმრად იჯდა დამკრახულ გოგოსთან. ლაფაჩი ფიქრობდა, რომ ქორწინებით მღვდელმა დიდ ცოდვას შემოჰყარა და უფალს პატიებას შესთხოვდა აღქმის გატეხისათვის უნებლიე მავნებელი.

როცა მაყრიონი ქალიანთას მივიდა, მილოცვების შემდეგ, როგორც საქორწინო წესია,ლხინი გაიმართა. თამაშის დროს ნეფე _პარატრძალიც გამოიწვიეს. ყელმოღერებულმა პატარძალმა წრეს ჩამოუარა და ნეფეს მორცხვად თავი დაუკრა. ნეფემ უკან დაიხია და ხალხს შეერია. როცა ჩააცივდნენ,გააცხადა, რომ მონასტერში ცეკვა არ უსწავლებიათო. ვახშამზე ცვარი ღვინო არ დაულევია. მღვდელმა მოაგონა საღვთო წერილიდან, რომ ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო! საღვთო წერილის ხათრით ლაფაჩმა ერთი ჯამი ღვინო დალია და კიდევაც სასულიერო იმღერა.

ჩხაოდა, როგორც განკეთრებული კატა.

თამადამ მაინც უქო სიმღერა და შეჰპირდა, თუკი დრო დარჩებოდა, კიდევ ამღერებდა.

ნავახშმევი სუფრა აიშალა და მაყრიონი სიმღერებითა და მოძახილებით ახლა მეფის სახლში გაემგზავრა.აქ, საქორწილო წესით, კარიბჭეში ნეფეს ჯამები დაუწყეს სამტვრევად. ნეფემ პირ დამხობილი ჯამი ვერ გატეხა, თუმცა ფეხი მეორედაც დაადგა.ნეფის უძლურმა ეჯიბმა სიმთვრალეს გაადააბრალა და ბოდიშო მოხადა . თვითონ კი ორივე ჯამი წუთში დაფხვნა. პატარძალს ფერი აღარ ედო, თითქოს ფილენჯის ქარი სცემოდა.

ახლა ნეფე_დედოფალი ამოწვდილი ხანჯლებსშუა გაიყვანეს, მილოცვის მერე დედაბოძი შემოატარეს და საქორწილო ვახშამზე დასხეს.

სუფრის ხმაურობა ხვადების გრიალსა ჰგავდა. ასხავდნენ ჯამებით, ხელადებით,საღვინეებით. ახალ მოზარდ ვაჟებს საყმაწვილო ქარი უქროდათ, ღაღანა პატარძლის ეშხით გაძირებულ ჯამებს ჭერში ისროდნენ.ლაფაჩს კი თავი სტკიოდა. ეჯიბმა ორჯერაც გაიყვანა კარში, თითქოს ვიღაც უძახდა ნეფეს რაღაც საჭირო საქმეზე.

სუფრა არა ცხრებოდა, ლხინის ალი ცასა სწვდებოდა.ლაფაჩს კი თავი უტრიალდებოდა. დასასრულ, მზეკვარმა თამადამ ქორწინებულს უბრძანა, ძველებური ქორწინის რიგი არ მოეშალა: მზეთვალა დედოფლის შავი ნაწნავები ღვინიან ჯამში ჩაეყარა და ღვინო ისე დაელია.ლაფაჩმა ორჯერაც ითხოვა ძნელი საქმის აშორება.მესამედ წარმოსთქვა რომ ღვთის მსახურს არ შეშვენის მრუშობა. მაშინ მთვრალმა ეჯიბმა ჩვეულება თვითონ იკისრა. თამადა რომ პირფიცხელი არ ყოფილიყო, ბევრი ახალგაზრდა იწვნევდა შავი ნაწნავების გემოს.

შეთენებულზე , როცა ცისკარმა გვირგვინი ჩამოიყარა,მეჯვარე__ეჯიბმა და მამსახლისმა, ვახშმის უკანასკნელმა მოწმეებმა, სამ_სამი რქა კიდვ გადაჰკრეს. ნეფე_დედოფალი გაფარდულ ოთახში შეიყვანეს, თეთრად გაქათქათებული მზითვის ლოგინიდაანახვეს, შეეხვივნენ გულის წადილის მიწევა უსურვებს.

- მარცხენა მკლავთან დაიწვინე, უფრო ახლოა გულთანაო! __ ურჩია მამასახლისმა.

რა მოხდა იმ საშინელ ღამეს, ეს ღმერთმა იცის, გულთამხილავმა. პატარძალმა თაფლუამ მესამე დღესვე დატოვა ლაფაჩის კერა და გვირგვინი.

ამ ამბავმა მთელი სოფელი აანჩქრია. უფრო დედაკაცები ლაპარაკობდენ ბევრს, როცა წყაროზე შეგროვდებოდნენ, ან სიმინდს არჩევდნენ, ან, როცა შემოდგომის ჟინჟღლი ოხშივარად დაეცემოდა კრამიტიანსა და ჩალიან ქოხებს, თუ ლაპარაკში მამაკაცი შეესწრებოდათ, მყისვე ჩაჩუმდებოდნენ.

ხალხმა დაუნდობლად იბრუნა პირი ლაფაჩისაგან.

ქორწილის დღიდან პატივი დაკარგა, მთელმა სოფელმა ზედ გადააბიჯა, როგორც გარღვეულ ღობეს.

__არაკაცო!

__დაკოდილო!

არ უსვენებდნენ ჩასაფრებულები.

დედაკაცებს მორცხვად ეღიმებოდათ.

__ძეძვთან ხომ არ იწვა! __სინანულით ამბობდნენ მოხუცები.

ლაფაჩი ან ყურს მოიყრუებდა, ან გაცოფებული ქვის სროლით დაედევნებოდა აბეზარ ბავშვებს სოფლის შარაზე.

ამ წუთას იგი თრთოდა, როგორც ქარისგან შერყეული ფურცელი. ონავრები არა ცხრებოდნენ, აცვივდებოდნენ ნიგვზის ხეზე და იქიდან გადმოჰკიოდნენ:

__უმაქნისო!

__გადაჯიშებულო!

__ფუნდურა!

ღონემიხდილი ლაფაჩი კბილებს აღრჭენდა. __სათათრეა ჩვენი სოფელი!

__ჯოჯოხეთია, _შესჩივლებდა გამვლელს,

__არა_კა_ცო_ოო_ოოო!!!

__ ე._ე._ე._ეეე!!!

ხითხითებდნენ ასპიტის ნათხევები.

სამასსამოცდასამი წმინდანის ძალით მაწყევარი ლაფაჩი დაბურულ ტყეს აფარებდა თავს.

უფრო საბრალო სანახავი იყო ლაფაჩი, როცა სამრეკლოზე წირვის ზარებს რეკდა. დოღრიალა ბიჭების ხროვა ქვევიდან ამკობდა ლაფაჩის ვაჟკაცობას ქორწილის ღამით.

შეურაცხმყოფელი ხმების დასაფარავად მნათე მოუხშირებდა ბოხი ზარების რეკას, ბერტყავდა ზარებს, მაგრამ, რა შეუძლია სოფლის ზარს, მსხალივით რომ კიდია სამრეკლოზე?!

მამა ზაქარიამ საშინლად აიყარა გული ლაფაჩზე. პირში არა უთქვემს რა, გადაწყვეტილი კი ჰქონდა დათხოვნა, მის მამაშვილურ არჩევანს რომ სახელი გაუტეხა.

მერე დეკანოზს არ უყვარდა უნაშენო ხალხი, საბასრობელად ხშირად იტყოდა.

- ყოველმან ხემან, რომელმან არ გამოიბას ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლზე დაედვას!

- ვინც შვილოსნობა ვერ ამოაშობინოს, ის წყეულიაო!

ამიერიდან ლაფაჩმა უარყო ყოველივე დიდება და სიმდიდრე. იგი მიხვდა, რომ ეს ქვეყანა ,,წუთის― სოფელია და მეტი არაფერი! გამოიხიბლა! თუმც ისევ უყვარდა ჯიბის ჩხრიალი, მაგრამ როცა თვიურ შემოსავალს დათვლიდა, შაურიან- ორშაურიანებით შეძენილი სიმდიდრე გულს აღარ უხარებდა ძველებურად, დაკარგა მიმზიდველობა.

ლაფაჩის ფიქრები ახლა მხოლოდ საიქიოს კარიბჭეს ეხლებოდა. იქითკენ ქროდა მისი ფიქრის აფრები!

- სამუდამო ცხოვრება, სულის ცხონება, ეშმაკის ჭანგებისგან თავის დაძრომა, აი, მისი სადარდებელი! ფულისა ბევრი აღარ ენაღვლებოდა, ოღონდ ახლა თავის სულის სახრისთვის აგროვებდა და აუნჯებდა ყველაფერს.

იცოდა, რომ არავინ თავს არ შეიწუხებდა მისთვის არც სიბერეში, არც სიკვდილში და გადაწყვიტა, თვითონ მოევლო თავის თავისთვის, თვითონ ეზრუნა და ეჭირისუფლა. უპირველესად მან ეკლესიის ეზოში იყიდა თავისი საფლავის ალაგი და კიდევაც ამოაჭრევინა. ზედ ფიცრები გადახურა და დროებით მიწა მიაყარა.

ახლა საფლავის ქვაზე შეუდგა ფიქრს და იგიც მოიპოვა! დაიბარა კოსტა ბერძენი, ქვისმთლელი ხელოსანი, დაპატიჟა, ღვინო ასვა და მერე გაანდო თავისი საიდუმლო დიდი ფიცითა და მუდარით.

კოსტამ დიდად მოუწონა განზრახვა, ამაზე კარგს რაღას გააკეთებ ამ წუთისოფელშიო! ამ საქმის კეთილად წარმართვის საგანგებო სადღეგრძელოც კი დალია!

საფლავის ქვა ტინიან კდეში მოაგლეჯინა. მაგარი ჯიშის ქვაა, ლურჯ_თეთრი, საუკუნეებს გაუძლებსო!

კოსტა ბერძენმა გათალა, გაჩარხა და შეამკო ყვავილებით, თვითონაც ზედ იყო ლაფაჩი გამოჭრილი ქართულ მასრებიან ჩოხაში. (თუმცა ლაფაჩს არასოდეს ჩოხა არა სცმია), თექის ქუდში, ძველებურ ჭვინტიან წაღებში.

მაღალი, ახმახი, ავადმყოფური კოსტა ბერძენი შემოხიზნული იყო ჩვენს სოფელში. საბერძნეთის ძველი იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა. როცა გაზეთს გავშლიდით იკითხავდა: რა სწერია საბერძნეთზეო, თან დასძენდა:

- ამბობენ, დრაბიზონი ჩვენი უნდა იყოსო!

პატიოსანი იყო კოსტა ბერძენი, მაგრამ წვრილშვილი, ღარიბი, ლოთი, თანაც ავადმყოფი.

ამიტომ მუშაობა ხშირად თვეობით ბრკოლდებოდა, ლაფაჩი_შეშინებული რომ ქვის შემზადებაზე ადრე არ მომკვდარიყო -საწყალ კოსტას ქოხში მიუვარდებოდა ხოლმე. წყევლიდა დედაკაცურად, ტუქსავდა, აგინებდა, მაგრამ თან ღვინოს მიუტანდა, ან ფულს წაამატებდა და საწყალი ხელოსანი ვაინაჩრობით აგრძელებდა მუშაობას.

ეპიტაფია მოკლე და მარტივი იყო, ჩვეულებრივი. ცოტა კანცელარიის სტილი დაჰკრავდა, რადგან სოფლის მწერალს შეედგინა სამ მანეთად.

როგორც იყო, ქვა მოასრულა კოსტა ბერძენმა და ლაფაჩის გულმაც გაიაზრა და იზეიმა! ახლა მას აღარ ეშინოდა სიკვდილისა. ამიერიდან სიკვდილსა და მის შორის აღმართული იყო ჯებირი_საფლავის ქვა, რომელიც არ ჩაჰკარგავდა ლაფაჩს, არ ჩაუგდებდა ხელში დავიწყებას, შემუსვრას!

რაღა უშავს ლაფაჩს გული დაიარხეინა!

საფლავი ხომ ამოთხრილი ჰქონდა ეკლესიის ეზოში, გადასახედზე, საფლავის ქვა მზა წარწერით დერეფანში ედგა, ტილოგადაფარებული. ბევრი ცბიერი და დამცინავი განგებ ჩამოჯდებოდა ხოლმე ლაფაჩის საფლავის ქვაზე.

მნათეს გული მოსდიოდა, მაგრამ ვერას ამბობდა ხათრითა თუ შიშით.

ერთი ხინჯი ჰქონდა ჩარჩენილი: ეპიტაფიაში მარტო სახელით იყო იგი მოხსენიებული. მამის სახელის მოხსენიება დავიწყებოდა ეპიტაფიის დამწერს. - ვაითუ მამაჩემის სულმა მიწყინოს, შვილმა მიუკადრისაო.

- ვაითუ მეორე მოსვლის დროს ღმერთმა ვერ მიპოვნოს, სხვაში შემშალოს, სხვისი ცოდვები მე მამკითხოსო! ჩიოდა ეჭვში შესული ესტატე ლაფაჩი.

- ტვინი გამიშავდა ამდენი ფიქრით!

ჩიოდა გულის სატკივარს. მაინც ისე დღე არ გავიდოდა, რომ სუფთა საფლავის ქვა ცოცხით არ გადაეგავა არარსებული მტვერის გადასაწმენდად და კიდევ ერთხელ არ ჩაეხედა საკუთარ სამარეში. დიდხანს ჩაჰყურებდა შიგ, მაგრამ ბევრ არას ფიქრობდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მისი საფლავი მხოლოდ სულ მცირე ხნით შესასვენებელი ადგილია სამოთხემდე, რომ უფალი აქ არ დააყოვნებდა და მალე პირდაპირ სამოთხეში შეაფრენდა!

მაგრამ აქაც ხომ უწევდა ყოფნა ამიტომ მართებდა სუფთად შენახვა, რომ სამოთხეში ჭუჭყიანი არ შესულიყო!

__არა, არ დაწვავს სულს, ეცდება სისუფთავე არ მოაკლოს თავის გასასვენებელს! კუბოსთვის ცალკე ჰქონდა ნაყიდი თახახიანი მიტკალი, დიდად საიდუმლოდ შენახული შიგ ლეიბში.

__ამრიგად, ყოველნაირი თადარიგი იყო გაწეული. ვინ შეიტკიებდა თავს მისი საფლავის, კუბოსა და საფლავის ქვისათვის?! მერე, გინდა ჰყავდეს გულშემატკივარი ვინ მოიცლის მისთვის ამ აწეწილ დროში? არავინ.

ეს იცოდა ზედმიწევნით და კმაყოფილიც იყო, რომ თავისი სულის საქმე თვითონ სიცოცხლეშივე უზრუნველყო და არც არავის ვალში იყო ჩამდგარი.

იდგა დამშვიდებული ლაფაჩი და ელოდა სიკვდილს გულგრილად, როგორც ელოდებიან ხოლმე თოვლის მოსვლას- მეტი არაფერი.

ვაი, კიდევ ახალი საზრუნავი გაუჩნდა ლაფაჩს: საკუთარი აღაპის ხარჯები და სულის ცხონების სასყიდელი. რატომ ადრე არ გაითვალისწინა? ახლა კიდევ უნდა აგროვოს კაპიკებით!

არც ეს იყო იოლი საქმე, ჭკუამთვრალი ბევრს ფიქრობდა და მრავალი ფიქრის შემდეგ კიდეც გადაწყვიტა, ამიერიდან ყოველი მონაგები თავისი დამარხვისა და სულის ცხონების საქმეზე გადაეგდო უყოყმანოდ, ნებაშეურყევლად, აკი ყოველღამ, ლოგინში რომ ჩაწვებოდა, ის აბეზარი ფიქრები საფლავის, დამარხვისა და აღაპისა ტვინს უხვრიტდნენ.

ამიერიდან უფრო უკლო თავის კვებას. ცარიელ ნიახურზე გადადიოდა, იცით რა არი ნაღლგადავლილი ნიახური?!

მაისის ერთ დილას წისქვილში წასული ლაფაჩი იმავე ურმით ამოიტანეს ამოიტანეს. იორს დაეცადა აორთოლებდა, აკვნესებდა, უბრალო გაციების მეტი ლაფაჩს არა სჭირდა რა მაგრამ ლაფაჩმა სასიკვდილოდ გადადო თავი. ეგონა კარზე სიკვდილი მოუხდა. ოხვრის ლოგინი დაიგო, ეს, არი, საწუთრო უნდა დაქვცალოო, თავზე ხილაბანდშემოკრული დარატყავშემორტყული მწარედ კვნესოდა დერეფანში სადაც მერცხალი კუდს ვერ მოიქნევდა.

მეორე დილას თვითონ მღვდელმა ინახულა სიცხენაკრავი. ლაფაჩი მიემკვდარა, თითქოს გული შემოეხრწნა:

- ვკვდები მამაო, ვკვდები, მივალ წინაშე უფლისა!_ კვნესით იტყოდა ლაფაჩი და უფრო ძვრებოდა საბანში. მღვდელმა სიცხე გაუზომა. საზომი საშიშს არაფერს ამბობდა მღვდელს ეღიმებოდა, _მამაო, ჩემი ცხოვრების წიგნი დაიკეცა! შენს ნათელით შემოსილ მარჯვენას ვეხვეწები,ისე არ მომკლა, ზეთი არ მიკურთხო, ანდერძი არ ჩაიბარო!

- სიცოცხლეს შეუკეთე, რად გინდა სიკვდილის ფერი დაიდო?__ ეუბნებოდა ლაფაჩს ბუნება. სოფლის ექიმებში დოია მხნედ შეუდგა წამლობას და ვითომაც სენს მიაგნო; თუმცა ავადმყობსბაყაყის ნახარში წვენი დაალევინა და მიმინოს ქონით ბეჭები დაუზილა, ლაფაჩი მაინც კვნესოდა, ზარდაცემული წუთისოფლიდან გრძელ სოფელში გადასახლებას ელოდა. უფრო კიდევ იმისა ეშინოდა,რომ უაღსარბოდ და ზეთის უცხებლად არ მომკვდარიყო! ზეთის ცხელება დიდი ცერემონიაა და მღვდელი როდი ასრულებს მცირე სასყიდლით! ლაფაჩმა თავისი ნათლიმამა ყაყიჩა მღვდელს მიუგზავნა, ზეთისცხება მოითხოვა.

ლაფაჩის ამბავი მთელ სოფელს მოედო. მალე ჭირისუფლებიც გამოჩნდნენ. მნახველი მოდიოდა, ავადმყოფს მოაკითხავდა, ანუგეშებდა, მაგრამ წასვლისას უსათუოდ ხელს რამეს გააყოლებდა. იმ დღეს ლაფაჩმა დაკარგა: წალადი, მწნილის ქილა მწნილიანად, ასტამი, აქანდაზი და სხვა რამე საქონელი.გაკვრა იყო და წაგლეჯვა!

კარის__ მეზობლები__ ციმიფია და მარინე__ ატირდნენ, როცა ლაფაჩი ნახეს ქვეშაგებში მწოლი, წასვლისას კი ახლად გამოპირული ცული ხელს გაატანეს.

გამოვიდა ხუთი დღე გადამწირული ლაფაჩი ისევ შფოთავდა.მნახველები ისევ მოდიოდნენ,ისევ მიჰქონდათ, რაც ხელში მოხვდებოდათ. ზოგი უფრო ზომაზე თავხედი გამოჩნდა,მომაკვდავ ლაფაჩს პირდაპირი სთხოვდნენ სახსოვარის დაგდებას.

საქმე გლეჯაზე მივიდა.

- ლაფაჩო, შენი უნაგირი მე მინახსოვრე! - შესთხოვა მამასახლისმა.

- მაინც უნდა მაჰკვდე და მაჰკვდე! შენი ახალუხი მე მომეცი, ტანზე კარგად დამადგება! -ეუბნებოდა ლოთი მჭედელი ყიჭალა.

- სულ მომწონდა შენი ხალიჩა, მე დამირჩინე შენი სულის ცხონებას, ქალი მყავს უმზითვო! -იხვეწებოდა დედაბერი თოთოშა.

ლაფაჩი ყველას ჰპირდებოდა სათხოვარის გასრულებას. გული კი სტკიოდა, რომ ყველა ასე იოლად, ადვილად ელეოდა მას, უგულისტკივილოდ.

ბოლოს, ნაწირვევს, მღვდელი შემობრძანდა ზეთის საკურთხებლად.

თავშეკრული და საბანწამოსხმული ლაფაჩი სანახევროდ წამოაყენეს ლოგინიდან ლოცვების მოსასმენად. ,,ზეთის კურთხევა― სრული წესით იქნა გადახდილი. გულმძიმე ლაფაჩი ორ კაცს ეჭირა დამხარდამხარებული.

მღვდელმა აღსარება ათქმევინა . აზიარა. მისამარებული ლაფაჩი კანავლით ძლივს იღებდა ხმას. ამ დროს მრავალი მეზოელი მსუნაგად შემოხვეოდა მნათის სახლს. ყურებოდნენ კარებიდან, ფანჯრებიდან, ფიცრულის ჭვრიტილოებიდან და სიცილით იჭაჭებოდნენ.

ზიარების შემდეგ ლაფაჩმა მოითხოვა საჯაროდ წაკითხულიყო მისი ანდერძი სოფლის თავკაცების დასწრებით.

ლაფაჩმა ჯაგრიანი უბიდან ამოაძვრინა გრძელი, დაოფლილი ქაღალდი და წასაკითხად მღვდელს გადასცა. ეფრატ ბერს სხვა ანდერძების მიბაძვით შეედგინა და ჯილდოდ ოქროს თუმნიანი მიეღო ლაფაჩისაგან.

მღვდელმა სამჯე ჩაახველა და ხმამაღლა ჩაიკითხა: ,,ნებითა უფლისათა მე, მწარედ ცოდვილი ესტატე ლაფაჩი, სრულ გონებაზე დაწერილ ანდერძს უეჭველი სულითა და ჭეშმაიტის გულითა მოგახსენებთ, ახლა ღვთის სიყვარულისათვის, ჩემი შენაცოდარი შემინდევით და შემი უბადრუკი სულის მოხსენებას ნუ დაივიწყებთ―. კითხულობდა მღვდელი და უკვირდა ანდერძის ენთათქმა და სიბრძნე.

,,მაცთუნა მე წუთისოფელმა და ახლა ვთრთი მე, თიხაშზელილი. უარვყოფ სატანას და ძალასა მისსა, ვაღიარებ და ვადიდებ უალსა ჩემსა იესოს და ყოველი , ჩემი ცოდვით შემატებული ჭირ ნახული და მონაგარი ჩემი გაძაღლებუი სულის და სახსნელად გადამირიე. ჩემი საწყლობით შეგროვებული და შრომილი ნაღდი ფული ასე დამიხარჯეთ:

ა) არჩეული მაქვს ძველთა ჩასაყრელი ზედ დასადგმელი ქვაც შემზადებული, ცოდვამაც შემოეყაროს , ვინც ამ მტკაველ მიწას შემომედავება, ვინც ჩემი ძვალი საფლავიდან დაძრას. სამი თუმანიგადამიდვია საფლავის ქვის საკურთხად დავით გარეჯისათვის, ხუთი თუმანი უდაბნოს წარეგზავნოს.

ბ) ხუთი მანეთი მიერთვას მამა ზაქარიას ჩემი სულის გასაწმენდად. გაისარჯოს, სანამ ცოცოხალი სუფევდეს, ყოველ მის ლოცვაში მოხსენებლი ვიყო, ვიდრე მისი ნათლით შეგრაგნილი მარჯვენა უსისხლო მსხვერპლს შესწირავდეს.

გ) შვიდი წირვისა, ორმოცისა, წლისთვისა და ყოველწლივ საფლავზე ჯვრის დაწერისათვის მომირთმევია ორი ცხვარი.

დ) ახალკვირის წირვაში მოიხსენიონ ჩემი თავიდან გვირგვინის ამხდელი ცოდვილი მეძავი, მემრუშე თაფლუა,__ ჩემი თავს მკვეთელი ვითარცა ეროდიადა.

ვინც ჩემს მერე მნათედ დადგება ჩემს მაგერად, მიეცეს: ჩემი ქვეშაგები, ნაცვამი ტანისამოსი და ნაშალი ნივთი.

ვ) ეფრეტ ბერს ჩემი დამარხვის თადარიგის გულმოდგინებობისათვის ჩემი ნაღდიდან ოცდახუთი მანეთი მიეცეს―

ლაფაჩმა უეცრად დაარღვია სიჩუმე და კანავლით წამოიძახა― __ ეგ ჩემი ხვაშიადი არ არის!

__ ეგ მე არ დამიწერინებია!

მღვდელმა ცივად შეხედა, მაგრამ ყური არ უგდო.

__ მამაო, შენი რისხვა არ მაქვს ეფრატ ბერს თავისი კუთვნილი ფული ანდერძის დაწერამდე აღებული ჰქონდეს.__ უკვე ჯანსაღი ხმით მიჰმართა მღვდელს ავადმყოფმა. კიდევაც წამოიძახა განრისხებით.

მღვდელი განაგძობდა ანდერძის ჩაკითვხას:

ზ)სოფლის ღარიბებსა, უქონელსა, ქვრივებისა და ობლებისთვის ჩემდა სასულიეროდ

შემიწირავს:

- წვრილი ქვაბი ორი,

- უყურო ქვაბი ერთი, -ფლავის საწურავი, -ჩამჩა ერთი,

- ტაფა ერთი, - ქაფქირი ერთი.

ხოლო ვინც შემიცვალოს ანდერძი, შესცვალოს გამაჩენმა პირისაგან. იყავნ მიუკუნისამდე წყეული და შეჩვენებულ სულითა და ხორცითა. ხოლო ანდერძის დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხოს მშვიდობით!

სამუდამოდ ამ ქვეყნიდან წასული ესტატე ლაფაჩი შეიწყალეთ. ვიყავი და აღარა ვარ. გავქრი, როგორც ბოლი და კვალნი ნიავისა. გავხდი მიწა და ნაცარი! დანო და ძმანო, შვილნო და მამანო, შენდობა მიბოძეთ ღვთის გულისათვის! ―როცა მღვდელმა უკანასკნელი სიტყვები ჩაიკითხა , ლოგინზე წამომჯდარმა ლაფაჩმა ქვითინი ამოტეხა. ხუმრობის გუნებაზე შემდგარ მეზობლებს ლაფაჩი შეეცოდათ, ზოგმა თოთო წყვილი ცრემლი ჩამოყარა, თითქოს მარტო ახლა დაიჯერეს მისი სიკვდილიო.

ცრუ სულთმობრძავი ავადმყოფი დიდხანს ამშვიდეს, მღვდელმა ეკლესიითაც კი შეაშინა. ღმერთს არ მოეწონებიო, მაგრამ დიდხანს ვერ დააჩუმეს.

ბოლოს მიყუჩებულმა ლაფაჩმა ანდერძის გამგეებს შესთხოვა , რომ ის ცრუ მუხლი ანდერძისა, ეფრატ ბერისგან სათავისოდ ჩამატებული, ამოეშალათ. ამაზე მღვდელმა ბრძანა, რომ წაკითხვის მერე ანდერძი ძალაშია შესულიო. შიგ დიდი წყევლაა ჩარეული და წაკითხულისა და გამოცხადებულის შეშლა აღარ ეგებისო!

- თუ შენ თვითონ უპატიოდ მოიქეცი, სხვა უარესს ჩაიდენს და ანდერძს ძალა შეერყევა! - შეადგნენ თავკაცები, საწყალი ლაფაჩი დათანხმდა. კარში კი უკმაყოფილო ლაპარკი გაისმოდა ღარიბებისა.

- თუ შენ თვითონ უპატიოდ მოიქეცი, სხვა უარესს ჩაიდენს და ანდერძს ძალა შეერყევა! - შეადგნენ თავკაცები, საწყალი ლაფაჩი დათანხმდა. კარში კი უკმაყოფილო ლაპარაკი გაისმოდა ღარიბებისა.

- შიგ რა მოვხარშოთ?

- ამ იმედით ველოდით განა მაგ ეშმაკის სახორცის სიკვდილსაო?

- მაღლა წერო მოფრინავდა, ქვეშ შამფურას სთლიდნენო! ღარიბები უსამართლოდ ლაყბობდნენ.

ლაფაჩის ეზოში სამრავლაკაცო სუფრა იშლებოდა. ესტატე ლაფაჩი წინასწარ იხდიდა თავის აღაპს. ყველას ერგებოდა აქედან თითო ნაჭერი ხორცი და ჯამი ღვინო.

განა დამავიწყდა ლაფაჩის განკარგლება, ქელეხის შესახებ რომ გასცა! მან აღაპითვის ორი თოხლი დააკვლევინა, ხელჩაფიანი ქვევრი მოახდევინა, სულ მოატანინა თავისი ნაგროვი ლობიო, კარტოფილი, ხახვი თუ მწნილები, ამრიგად, სულ დახარჯა, რაც მონაგარი ჰქონდა მთელ თავის სიცოცხლეში და სულს კი მოუარა.

სუფრა მწვანიანზე გაიშალა, ეზოში, ამინდი მშვენიერი იდგა. ფშატი და იასამანი გაზაფხულს აბოლებდა...

ქელეხი დიდი მოკრძალებით დაიწყო, როგორც სამგლოვიარო წესს შემშვენისს. კაცებმა შოთი პურები გადატეხეს და ბოზბაშის წვენს ჩუმად ხვრეპა დაუწყეს. დედაკაცები ჩამჭკნარ ყბებს ალაღლაღებდნენ და უფრო ლავაშს ეტანებოდნენ. მალე კაცებმა ულვაშებზე გადისვეს ხელი და მოლხინებულმა ჯამებმაც ჩაირ-ჩამოიარეს. ნოყიერ ჰაერის სურნელს ცხვრის გემრიელი სუნიც დაერთო. ძველი მექელეხე ეთიბერა, უკვა მუცელგამოხვერილი, კერძებს არიგებდა და მაინც ცალყბად ილუკმებოდა.

შარვალგამოღადრული პატარა ბიჭები გაადაჩეხილ კაკლის ძირში სუფრისთვის მწვადებს აბრუნებდნენ. ალშემართული ქონი შხიოდა, ნაცარში იღვენთებოდა... ბიჭები ნერწყვსა ყლაპავდნენ.

მწვადის მოლოდინში კაცებმა ჯიბის დანები მოიშველიეს და ნიგვზისკენ რამდენჯერმე გაიხედეს.

ლაფაჩი კი ჩაწეულ ლამპას ჰგავდა.

იწვა მწუხარედ, როგორც შეჰფერის საფლავიოს ტუსაღად გამზადებულ სუდარით ხელფეხშეკრულს.

ვინ იცის, რას არ ფიქრობდა? იგონებდა ცოდვებს და ვერ მოეგონებინა. მაინც მოწიწებით ირჯვარს იწრერდა და კუთხეში გაბოლილ ხატს შენდობას ეხვეწებოდა: ___ მოიხსენე, უფალო, წყეული და შეჩვენებული ესტატე ლაფაჩი!

- უფალო, მიხსენ პირთაგან ლომთასა!

მოაღაპეებს კი ქელეხის მგლოვიარე გადაელახათ, ჯიხვები ჯახუნობდნენ. თამადა ,,მწვანე იაგორა― სადღეგრძელოთი ილოცებოდა: გაუმარჯოს დედამიწას, ღონიერსა, უშრეტელსა, ულეველსა, ჩვენ ხალხსაო!

ლაფაჩი კი ნაღვლიანი, სულთამბრძოლი იწვა ხმელ ტახტზე. __ იწექი, ეგრე იწექი ლაფაჩო, ვიდრე გამიგღვიძებდეს ანგელოზების ნაღარა!

ლაფაჩის დაღამებულმა გონებამ ასი სახილველი გაიარა. აი, მოკვდა, გავიდა ამ სოფლით, მისი სული იქცა პეპელად, გაფრინდა სასულეთში. მისი თბილი გვამი გაასწორეს, გადააჯვარედინეს. მერე ფეხები შეუკრეს მიტკლის ნაჭრით, თვალები დაუხუჭეს, თავით ჯამით ღვინო დაუდგეს, ბოლოში_ხორბალი, ხელთ დამწვარი სანთელი მისცეს და შენდობის ქაღალდი. საკუბოოდ გაამზადეს, გაზომეს, მერე განბანეს, გაპარსეს, ამერიკოს გასანთლულუ სუდარა წააფარეს. ცხვირში საკმელი დაუცეს. პირში ბამბა. დაიწყო ტირილი, უში, მოთქმა, გლოვა...

მაგრამ არავინ დასტირის ლაფაჩს. მოტირალი მხოლოდ თავის მიცვალებულებს იგონებენ და კუბოში აწყობენ ჩურჩხელებს, ტყლაპებს, ვაშლებს მათთვის გადასაცემად.

გასცილდა სიცოცხლის სული ამ სოფელს და საიქიოს გადავიდა. ხედავს იქ დიდ მდინარეს,__გადაღმა მოჩანს ორი ხეობა, __ერთი შავი, მეორე მწვანე. მოჩანს ზეცის იერუსალიმი, სამოთხის ბაღის ბუჩქები, გაჩაღებული ბაღები, ნაძვიანი, ფიჭვიანი, ბალახყვავილიანი, სავარდეები, ტკბილი წყაროები, ბროლის კლდეებზე ჩარიგებული ყვავილოვანი ნუშები... დახატული ტირიფის თეთრი სახლები, ბიბინებენ ბრინჯის ყანები, გვერდით სძოვენ ყოჩები, რომელნიც მათთვის შეუწირავთ დედამიწაზე.

ხეობის შუა დიდი თეთრი რძის ტბაა გადაჭიმული. ტბის პირად თეთრი გადაფოთლილი ხეა, თეთრი ფრინველთა და ყრმაბავშვებით ჩახუნძლული, ჟივჟივებდნენ, სტვირზე მღერიან. როცა მოშივათ, ხე ჩამოიწევა ტბის ძირამდე, ბავშვები დაეწაფებიან რძეს, მერე ხე ისევ აიმართება. გრძელ ხეივნებში სამოთხის ბინადარნი სულები ხელიხელ ჩაკიდებულნი სეირნობენ და ქცევადაწყნარებულები ტკბილად მუსაიფობენ.

ლაფაჩმა შენიშნა, რომ სულ მდიდრები იყვნენ სამოთხეში: დიდებული და დიდგვარი თავადი ანდუყაფარი, მამასახლისი ჩითუხა, ვაჭარი მიქელა, თავიგლეხი ქვიშრაფა და სხვანი. ღარიბები ღობის იქიდან ყელგამოწევით ითხოვდნენ ლუკმას და გამონაცვალ ტანისამოსს.

აზნაურ კიკოლას მწვანიანზე სუფრა გაეშალა და ფურის რქით სვამდა ღვინოს, ანგელოზები მოართმევდნენ სველ-სველ ხელადებს, მწვადებს და ზარნის ფლავს. მისგან ქეიფში შემოხოცილები კი შორიდან დაჰბღუოდნენ თავის მკვლელს.

ლაფაჩმა ისიც შენიშნა, მკალავი ლეკები __ ზუბეიდალა, გალეგა და ბენდა, რომლებიც სახადით დაიხოცნენ ტამალიაში, ახლა შიშვლები დატანტალებდნენ საიქიოში, ყველაფერი უჩანდათ და შიმშილისაგან გადამღვრძალებს, გული მოსდიოდათ და ქრისტიანებს პურის ნატეხს ეხვეწებოდნენ, მაგრამ ქრისტიანები არ აძლევდნენ და ცემით ისტუმრებდნენ შიმშილით დაგეშილებს.

აგერ. ბენდა ლეკმა, ყველაზე მოხერხებულმა, ფეხი დაჰკრა სამოთხის ღობეს. შიგ გადაფრინდა და აზნაურ კიკოლას სუფრიდან ხორცის ნაჭერი მოსტაცა. კიკოლა წამოხტა და ხმალდახმალ გაედევნა. საბრალო ბენდამ ხორცის ნაჭერი გზაზე დააგდო. გარბის თავზარდაცემული. აჰა, ხმალამოწვდილი კიკოლა დაედევნა და ურჯულო ლეკს თავი ყველივით წაათალა. დანარჩენი ლეკები მაინც არა ჰშორდებიან ღობეს და ახლა მათ უნდათ კიკოლას ლუკმაპური წაჰგლიჯონ. კიკოლა აბეზარი ბუზებივით იგერიებს.

ყურწაგდებულმა ლაფაჩმა თავისიანებიც შენიშნა. ღობეზე გადმომდგარიყვნენ მისი დედ-მამა, და-ძმები და ჟღივილით ეძახოდნენ მას, მოსტიროდნენ ოქროს ცრემლებით.

აგერ, აქეთ კი, შავ უფსკრულს დაუღია პირი... ჯოჯოხეთის ნახეთქები... სისხლის ტალახი... დაფსკერებული კუპრის ტბა, ვეშაპიანი, ფისისა და გოგირდის ქაფქაფა ქვაბებით. აჰა, ბეწვის ხიდიც! ნამდვილი ბალანია გადებული და ისიც ცალხიდა! ხიდი რომ გათავდება, სამოთხის კარიბჭე, ცხრაკლიტოსანი ადევს... ბჭესთან დიდი სასწორი დგას; პეტრე მოციქული გასაღებით, მიქელ გაბრიელი __ სულთამხდელი, ხმლითა და სათანაილი __ მარწუხებით სულებს სწონავენ. ვინც დამძიმებულია ცოდვების სიმძიმით, ჯოჯოხეში ისვრიან ხელუკუღმა, საზამთროსავით.

ლაფაჩიც ასაწონ რიგში ჩააყენეს, მაგრამ პატარა და-ძმები არ უსვენებდნენ, ბეწვის ხიდზე გადარჩენას ეხვეწიან. უცბად გაისმა საყვირის ხმა, ქუხილინი და მგრგვინავი ღაღადი:

__ მოვედით, კორთხეულნო მამისა ჩემისანო, დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი! - და მეორედ:

- წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელი გამზადებული არს ეღმაკთათვის!

აქ პეტრე მოციქულმა წიგნში ამოიკითხა: ესტატე ლაფაჩი - ანდორეთის მნათე - მობრძანდეს საუფეველში!

ლაფაჩი დაიძრა ბეწვის ხიდზე. მიდის ძაგძაგით, გაღმიდან მშობლები ამხნევებდნენ. მაგრამ მთელი ტანი უთრთის, ჩაენგრევა თუ არა ფეხქვეშ ბალნის ხიდი, ცალხიდა! აგერ კიდევაც შეტორტმანდა, ფეხი შეუტოკდა და...

ლაფაჩი რაღაც სასიამოვნოსუნმა დაბნიდა... ცალი თვალი გაახილა და თავი ისევ ცოცხალი დაინახა გაზიპულ ლოგინში.

- მაშინებ მე, უფალო სიზმრებითა და ჩვენებებითა გამაცვიფრებ მე! __ წაიდუდუნა შეშინებულმა ლაფაჩმა და ჭირის ოფლი მოიწმინდა.

ოთახში შემოდიოდა ნაყოფიერი მწვადის სუნი აღპის სურიდან. სუნი შემოიძაბებოდა სარკმლიდან, კარიდან, ჭუჭრუტანებიდან, ჟღენთავდა სახლის თითოეულ ფიცარს, ლოგინს და შეუბრალებლად ესეოდა ლაფაჩის ყნოსვას. ლაფაჩი ტანში დაბნიდა, ნელა, ძალიან ნელა, ისე როგორც მძიმე ავადმყოფს შეჰფერის, წამოიწია, ფანჯრის პატარა ფარდა გადასწია და აყვავებული სუფრა კიდაინახა; რათ გაუკვირდა, განა მთელი სიცოცხლე ამ საქელეხო სუფრისათვის არ ზრუნავდა წინასწარვე მოტირალი?

სუფრაზე შეჟიჟღინებული სახეები მოჩანდა. თამადა ხელებს იქნევდა, მღვდელი ხარხარებდა... ციმფია და მარინე დავლურს უვლიდნენ. სხვებს ღრიანცელი გაჰქონდათ, თითქოს ქორწილი ყოფილიყოს!

ლაფაჩმა გადახედა თავის გამურულ ოთახს, ჭუჭყიან ლოგინს, თავის დახეთქილ ხელებს და მწარედ შეეცოდა თავისი თავი. აკი ენანებოდათ ციმფიას და მარინეს ნახვისას, ცრემლიც რომ გადმოყარეს! ვის ატყუებდნენ? ეჭვსა და დარდში სიცოცხლის წყურვილმა აიტაცა, გრძნობა აეძრა, მადა გაეხსნა.

მაგრამ მესვეურებს აზრადაც არ მოსვლიათ ავადმყოფისათვის კერძის შეგზავნა. ან რათ უნდოდა მცვრიანი მწვადი სულთამობრძავს? ან ვინ დაურღვევდა მიცვალების წუთებს?

სუფრაზე ხმაურობა იზრდებოდა, ვიღაცამ დამბაჩაც გისროლა. ციმფიას და მარინეს თავდავიწყებით ახვებიც მიჰყვნენ. დედაბრებმაც კი დააბეს ფერხული! ეს კი უსვინდისობა იყო!

__ ტაში, ტაში! __ ყვიროდა ულეჩაქო ჯანგირაული.

__ აბა, ცქვიტად, ძველებურად __ კვერს უკრავდა ასი წლის სულხანაური. მამასახლისი ხელში მათრახს ატრიალებდა, ტროყია გზირს ავალებდა:

__ დილამდე ვერ მიაღწევს სულთმობრძავი! ეცადე, კარგი თადარიგი დაიჭირო; კარებში ჩადექი კომბალით, არავინ შეუშვა, თორემ ამაღანვე გაჰლეწავენ ლაფაჩის ქონებას! არ დაგავიწყდეს, უნაგირი მე მინახსოვრა, დილაზე შინ მომიტანე!

შეზარხოშებული ტროყია გზირიც მორჩილებით თავს უქნევდა. „ რა ლამაზი ხარ, ხოხობო, რა კარგი რამ ხარო!― გუგუნებდა ფერხული.

ლაფაჩი თანდათან გონზე მოდიოდა. საამქვეყნო პირი მოიბრუნა, სუფრის სიცოცხლე ეძახდქა მის ძარღვებში სიცოცხლეს.

სიმწრით ითვლიდა ამაოდ გაწეულ ხარჯს, იმ ნაფასურს, ქელეხში რომ გასწია.

დახშირბინდებისას ხალხი დაიშალა, სუფრაზე სამიოდე ნაღვინარი კაცი-ღა ღანცალებდა. ქვაბზე მუცელ-პირმიდგმული აზნაური ბახშადუნი, მწვანე იაგორა, ორთხა, ციმფია და ტროყია სუფრას ტკიპებივით ჩაჰკროდნენ! ბოლოს როცა ეზოში მდგარი ღოღნოპოს ხეც არ დარჩა უდღერგძელებელი, ისევ ტროყია გზირს გაუჭრა სინდისმა და ცოხალი ლაფაჩის შესანდობარი დალია.

- ღმერთმა აცხონოს და სამოთხის სახლში შეიყვანოს!

- ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს!

- გზას მართალს მიიყვანოს! - წამოიძახეს აქეთ იქიდან და ღვინო გადახუხეს. შიმშილისაგან მიხრწნილი ლაფაჩი ღრმად ხვრინავდა.

გამოვიდა ერთი კვირა თუ ცოტა მეტი, ლაფაჩი ფეხზე წამოდგა და, რაკი ჯანსაღობა იგრძნო, უაზრო წოლა მოსწყინდა, ადგა, პირდაპირ მღვდლისკენ გასწია, გაეხარდებაო. მღვდელმა პირცეცხლი ჰყარა. წმ. ზეთისცხების შემდეგ რჯულისა და ეკლესიის პატივსაცემად ლაფაჩი უსათუოდ უნდა მომკვდარიყო, ხოლო, თუ ეშმაკის ძალით გამორჩა, უცბად არ უნდა ავარდნილიყო სასიკვდილო სარეცელიდან და მცირეხნით მაინც უნდა გატრუნულიყო ლოგინში და წმინდა ცერემონია ზეთისცხებისა არ უნდა გაეფუქსავატებინა და შერაცხეყო!

***

დრო გადიოდა,ბევრი ვარსკვლავი ჩამოიცალა ციდან, ბევრჯერ ამღერდნენ ნიაღვრებით ჩამოყინული ჭალები, ბევრჯერ გადმოეფინა ცას მზის წითელი აბრეშუმი. ბევრჯერ დახედა უდაბნოდან სოფელს ეფრატ ბერმა. ბერი სოფლის შესავალშივე კითხულობდა ლაფაჩის ჯანმრთელობას, მაგრამ თვალი ვერ მოახვია ოცდახუთმანეთიანს.

მხიარული ნათლიდედები, ვისთანაც ის მორიგეობით ჩამოხდებოდა ხოლმე,ალერსის შემდეგ ახარებდნენ ლაფაჩის დღეგრძელობას და ბერი მწარედ ჩაიქნევდა ხელს.

ბევრჯერ ავედრებდა ღმერთს ლაფაჩის სიკვდილს, მაგრამ გადათავებული ლაფაჩი მუხის ჯირკივით იდგა, თუმცა წრიპინა ქალური ხმა არ შესცვლია.

ჩვეულებრივ მიდიოდა მნათის ცხოვრება: ზარების რეკვა, წირვა და ლოცვა, ნათლობა, ქორწილი, ქელეხი, ზიარება, სამრეკლოზე ჯდომა, საფუტკრეში წოლა, ორშაურიანების ჩვრებში გამოკვრა, მათი შენახვა საიდუმლო სამალავში. მეწვრილმანისაგან ჯვრების სყიდვა, ოთახში ხატების მომრავლება და მათ წინაშე ჩოქით ტირილი, ცოდვებისათვის, რაც არ ჰქონია, ალბათ, მხოლოდ ცოდვისათვის - თავისებურად ამ ქვეყანაზე რომ დაიბადა, ოთახებში გაისმოდა მისი ხვეწნა და შესავედრებელი:

,,უფალო დაა მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო!

1918 წლის გაზაფხულის პირი იყო. ახალ შებინდებულზე მუხრანის ხიდზე ჩვენებურ ურემს შემოვხვდი. გამიხარდა: კოფონზე ჩვენი მეზობელი ხუნჩალე იჯდა, სიხარული მალე აგურსფერმა ფიჭვის კუბომ წაშალა, ურემზე რომ დაედო.

მა მოკლედ მომიჭრა, რომ სოფელში შავი სახადი გაჩნდა, მრაავაალი იმსხვერპლაა და საწყალი ესტატე ლაფაჩიც თან გაიტანაო.

ხუნჩალე გამოეგზავნათ ქალაქში კუბოსა და საქელეხო საჭირო სანოვაგის საყიდლად.

მართალია, იგი დაღონებული იყო, როგორც წესია, ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ახლადაშენებულ მუხრანის ხიდი (სულ რვა წლისა) არ ენახა, უკვირდა და მეკითხებოდა: ნეტავ რამდენი დაჯდებაო?

იმ დღეს სულ ლაფაჩზე ვფიქრობდი: მღელვარე დროში ვცხოვრობდით, აი სად გამოადგა ლაფაჩის მზა საფლავი და საფლავის ქვაც_მეთქი! მაგრამ როგორ ვცდებოდი როცა შევიტყე, რომ სოფლის კომისარმა ლოგინივით შემზადებულ საფლავში ლაფაჩს ჩაწოლა აუკრძალა და, როგორც სახადიანი, გადამდები სენის უფალი, სოფლის მოშორებით დამარხეს, იქ, სადაც წინათ ციმბირის ჭირით დაავადებულ საქონელს მარხავდნენ ხოლმე.

ამრიგად, საწყალი ლაფაჩი მგლებსა და ტურებს მიუგდეს. ვინ იცის იმავე ღამეს დაგლიჯეს ლაფაჩის გვამი!

კომისარი როდი ტყუოდა. სახადის შიშიანობის გარდა, ეკლესიის ეზოში სასაფლაოს საკითხი წინათ არაერთხელ ყოფილა განხილული სასაფლაოს ყრილობაზე. მართლაც უციამოვნო რამე იყო სასაფლაო შიგ შუა სოფელში. იხრწნებოდა ლეში ადამიანისა, უსიამოვნების გარდა, დიდ საბრთხეს ჰმატებდა! შავი სახადი სახუმრო ავადმყოფობა არ იყო. სასაფლაოს შეეძლო ხელი შეეწყო ჭირის გავრცელებისთვის.

ისედაც არ ტყუოდა კომისარი, რადგან ის პატარა ადგილი ეკლესიის ეზოსი, რომელიც სოფელში ის პატარა, ბალახისა, მატიტელას და საკმეველით შეზავებულ რაღაც მძაფრ სურნელს აყენებდა, უკვე უცბად გაევსოთ ფოფოდიებს, ბლაღოჩინებს, ადგილობრივ აზნაურთა გვარეულობას, რომელმაც არაერთი სახელოვანი პრაპორშჩიკი თუ კაპიტანი მისცა რუსეთის ძლევამოსილ მხედრობას!

მაგრამ, აკი მოხდა უცნაური ამბავი, მთელი სოფელი შეზანზარდა.

სწორედ ოთხი თვის შემდეგ, სახადით გარდაცვლილმა კომისარმა რატომღაც უარყო თავისი ჰიგიენური შეხედულებანი და თვითონ უსინდისოდ დაეპატრონა ლაფაჩის საფლავს.

მაშინ ბევრმა იწამა სოფელში სულის უკვდავება! __ ხედავ, რა უყო საწყალმა მნათემ მაუზერიან

კომისარსო! ხედავ, რა მალე გადაუხადა სამაგიეროო!

ყველა, ყველა, მაგრამ ლაფაჩის საფლავის ქვა რაღა იქნა, ქვაა გულმოდგინებით, შრომითა და რუდუნებით მოპოვებული და სათუთად შენახული და მოვლილი, ვითარცა უკვდავი თარიღი საუკუნეების, გრიგალსა და წყვდიადთან ბრძოლისა, საფლავის ქვა __ ერთადერთი მიწიერი ძეგლი, მღაღადებელი ლაფაჩის არსებობისა ოდესღაც ჩვენს დედამიწაზე!

მხოლოდ შარშან მივაგენი მის კვალს შემთხვევით... ზაფხულის შუადღე იყო.

თბილისიდან კახეთისაკენ მივდიოდი მანქანით, მზე იდაღებოდა. ასფალტის ფისი ადუღებულიყო, შემდნარიყო.

პირი მტვრით მქონდა ამოხრაკული, სახე __ მზით დაკბენილი. ძალზე მწყუროდა. მანქანაც უწყლობით გმინავდა, ორთქლს იტყორცნებოდა.

კაკლიან ჭალაში, იქ, სადაც ძუძუსწყაროა, მანქანა შევაყენეთ. წყურვილი მოვიკალით; სახე შევიშხეფე, მოვსულიერდი! შოფერმაკი წყაროსთან მდგარ ვინმე ნათლიდედას თუ ძალუას წყლით სავსე ჩაფურა ჩამოართვა კარბურატორის გასაგრილებლად.

ის იყო პირს ვიმშრალებდი ხელსახოცით, რომ წყაროს გვერდით კოხტა შენობა შევნიშნე, ახალთახალი, __ სოფლის კოოპერატივია, სამი თვეა, რაც მუშაობსო!

შენობა შენობაა, რა უნდა გაგკვირვებოდა ჩვენს დროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ის მეოცა, რომ ამ შენობის კუთხის ქვაზე ორი ჭვინტიანი ჩექმა იყო გამოჩარხული.

__ აკი კოოპერატივიაო, სახარაზო ყოფილა! __ დავსძინე მე. __ რას ბრძანებთ?

__ მაშ, ის ჩექმები?

__ ჩექმას რა ჭკუა აქვს?

__ ეს ხომ ლაფაჩის ქვაა! ეგრე ვეძახით! __ მომაძხა იმავე ნათლისდაედამ თუ ძალუამ, ატმისფერმა, უჭურჭლოდ, უსაქმოდ რომ იდგა წყაროსთან და გულიანად ჩაიფრუტუნა. ეტყობა, რაღაებიც გაახსენდა ლაფაჩის შესახებ, ალბათ, გაგონილი, თორემ მისი მოსწრე ხომ ვერ იქნებოდა!

__ ერთი სულელი ლაფაჩი ყოფილა წინასწარ დაუმზადებია საფლავის ქვა და საფლავიც! მაგრამ რომ მომკვდარა, თვითონ ჭირიან გორაზე მიუგდიათ. ქვა კი იქ ჩაატანეს. თეთრი ღიმილით მიამბობდა მხიარული ნათლიდედა და სიცხისგან ვარდნაოფლ სახეს თავშლით იმშრალებდა.

მომაგონდა ჩვენი ლაფაჩი. გამახსენდა ყოველივე... მეც უნდა მეცინა, მეხარხარა ზოგ მის ამბავზე მაგრამ უეცრივ შემეცოდა, თითქოს ფეხი უნდა დამედგა გასასრესად და მაშინვე ფეხიავიღე... აღარაფერი ვთქვი... __ სად იყავ, ნათლიდედ, მაშინ, მე აქ რომ დავრბოდი! __ ნათლიდედამ აავსო ბროლის შხეფით ჩაფურა და წავიდა... თან უკან-უკან ჩემკენ იხედებოდა.

მე მივუახლოვდი შენობას. ქვას დავაშტერდი. ქვას წარწერა აღარ ჰქონდა, ხელოსანს ქასრით წაეთალა ეპიტაფია. მიცვალებულის გაჭიმული, გულხელდაკრეფილი ფიგურაც გაერანდა, თუმცა არა სუფთად, აქა-იქ ცალკე ასო და ასოთა ნაწილაკები მოჩანდა, ცალი ულვაშის ბოლო და ჩოხის მასრაც. თუმცა ბუნდოვნად, მეტად მკრთალად, მაგრამ ჩექმები კი... ჩექმებისთვის ქვის მთლელს ხელი აღარ ეხლო. იქნებ, როცა ჩექმებზე მიდგა საქმე, სწორედ მაშინ დაუძახეს ხელოსანს ჭიქა ღვინოზე, სამუშაო დააგდო, შეტობა ღვინოში და... იქნებ ახალგაზრდა იყო და სწორედ იმ დროს, როცა ქასრით ჩექმა უნდა გაერანდა, სატრფომ მოუწოდა, ან პაემანზე თვითონ გაიქცა; ან, შესაძლოა, სწორედ იმ დროს კბილი ასტკივდა? ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფული არ მისცეს დროზე, ან ხელფასი ჩამოაკლეს და გაბრაზებულმა ხელი ჩაიქნია და სულაც წავიდა სამუშაოდან; ან იქნებ ლაფაჩი შეიცოდა, განგებაც დატოვა ჩექმები საწყალი მნათის მოსაგონრად?

ასეა თუ ისე, ქვაზე გამორჩეული ორი ჩექმა __ ნაშთი ლაფაჩის გამოსახულებისა __ დაცულია თავისი პირვანდელობით და ისე კარგად, თითქოს ჩექმები მზად არიან ახლავე ფეხი აიდგან და თავისთავად გასწიონ დიდ გზაზე!

ნუთუ ლაფაჩის სახსოვრად ეს ორი ჩექმაღა დარჩა, ისიც ქვაზე, სხვა არაფერი? ხომ დარჩა, მეტი რაღა უნდა დარჩენილიყო!