თბილისის ღამეს შიში სწვევია:
ამბავი მოაქვს მტკვარს უცნაური, -
ავჭალას ცეცხლი შემოხვევია,
ანთებულ რკინის ისმის ხმაური.
დაირღვა ძილი და მყუდროება,
მიეცა ღამე ჟრიამულს უჩვევს;
ნაძვის სვეტები თეთრ ურდობად
შემოესია თბილისის ქუჩებს.
და დაირაზმა შიშველ სვეტების
რკინის ფეხებზე შემდგარი ჯარი,
დატყვევებული ცეცხლის წვეთები
რომ დაარიგოს მეტის სიჩქარით.
ის ავჭალიდან სინათლეს ელის
და მთელი ღამე არ დაიძინებს;
შუშის კბილებით უჭირავს ქსელი,
სადაც მორჩილი ელვა იდინებს.
როცა სვეტები გადაიქცევა
ათასი მთვარის ეშაფოტებად,
სნეული ჩრდილი ცად აიწევა,
იმატებს ღამის გაბოროტება,
ვერას გახდება - ბევრიც იბრძოლოს,
და რომ ინათებს დილა სისხამი,
წავა და სადმე ქალაქის ბოლოს
თავს ჩამოიხრობს თბილისის ღამე.


1926

ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს
შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.
მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.
ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.

არ ვიცი ბრძენი განცდადს ამგვარს თუ რას დაარქმევს:
არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება!
გამოვა მღვდელი. საცეცხლური სურნელს დააკმევს
და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.

სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული:
აღდგომა ღამე. დააღდგომო თეთრი ხალათი.
მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული.
იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი.

საბრალო დედა! ჩემი გრძნობა უზენაესი
შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია.
კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი,
და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!

წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური, და საკმეველი
აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება.
მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი,
მაგრამ "განვედი" ჩემს ოცნებას არ ეკარება.

თავდება ლოცვა. ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს.
დამავიწყდება, რომ შემოველ მე აქ შემთხვევით.
ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს.
გადავდგამ  ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი.


1920

სიომ სარკმელს შეჰსისინა: მზე ამოდის.
გააცინა ფანჯრის მინა: მზე ამოდის!
შემომძახა ცისკიდეზე ქორწილია,
და შენ რაღამ დაგაძინა: მზე ამოდის!
მიწამ ფრთები აიშალა ზურმუხტისა,
ცამ ღრუბლები ააფრინა: მზე ამოდის!
ცის ასული ისე მოჩანს ცეცხლის ნავში,
ვით ქალწული პაწაწინა: მზე ამოდის!
დღე ებრძოდა ღამის თავადს და ქალწული
მან საცოლედ დაირჩინა: მზე ამოდის!
აჰა, საქმრო მოახლოვდა ღრუბლის ჯარით
და მონახა ქალის ბინა: მზე ამოდის!
ცეცხლის ტუჩით ჰკოცნის ვაჟკაცს პატარძალი
კოცნამ ცეცხლი გააჩინა: მზე ამოდის!


1916