(სოფლის ცხოვრებიდამ)

ცხელა და ცხელა, პაპანებაა,

ქოხის წინა ზის ყმაწვილი დედა,

პაწია ბიჭი, ჩჩვილი ფუნთუშა

ხელს უცაცუნებს ძუძუებზედა...

“აქა მამილო!” — სთქვა კიდევ დედამ. —

დედა იძახის შვილის მაგივრად;

მაგრამ “მამილო” ჯერ არსადა სჩანს,

ის სამუშაოდ წასულა მინდვრად...

“აქა მამილო!” — სთქვა კიდევ დედამ. —

თან მოიტანე ბევრი კაკები”...

გულში კი ჰფიქრობს: — “სად, რას მუშაობ,

პაპანებაში რას იკაკვები”...

მზემ გადიხარა, დაჰბერა სიომ,

აგერ გამოჩნდა მუშა მაშვრალი,

ხვითქი გადასდის გულ-გაღეღილსა

და ახალუხიც არ მოსდევს მშრალი.

თავზე წაუკრავს ნარმის ნახევი,

მოდის, ღიღინებს დაბალს ხმაზედა,

მოდის ამაყად, მჭრელი ნამგალი

გადაუდვია მოღლილს მკლავზედა...

წინ მიეგება ყმაწვილი ცოლი

და მიაწოდა გიგლა მამასა,

იმანაც შვილი ოფლიანს გულში

მაგრად ჩაიკრა და ჰკოცნის მასა!

გიგლამ უტაცა მამას ულვაში,

ლოყაზედ თათი მოუცაცუნა;

მამას იამა შვილის ცელქობა,

ულვაშის წიწკნა არ დაუწუნა...

დაჯდა მაშვრალი დერეფანშია,

გვერდით მოიდო მჭრელი ნამგალი,

ამაყობს ცოლით, ამაყობს შვილით,

ამაყობს, რომ აქვს ბევრი ნამკალი...

ცოლმა მოართო მჭადი და წყალი,

გიგლა ჩააკრა “კაკანაშია”,

გვერდით მოუჯდა ქმარსა და შვილსა,

მათის ყურებით განცხრომაშია!..


1882 წ.

რას ვხედავ უზარ-მაზარსა?

შავსცქერი დადუმებული,

ცას ესწორება თხემებით

მთა, მთაზედ აკიდებული!

აქ ლოდი, სიპი, პიტალო

სატანას მოუთრევია,

კაჟი, ქვა, ქარწბი, კირკალი

შეუძრავს, შეურყევია.

ასვრილა მიწა კენჭებში

და გოხის მონანგრევია,

ესენი ნუ თუ ჯოჯოხეთს

ურთ-ერთში აურევია!

მთა-მთაზე, გორა-გორაზე

შეუსვავს, დაუკვერცხია,

მზეს უხრავს მათი გვერდები,

ნიაღვარს ჩაურეცხია!

მოჰსხმიათ ნაძვის ძაგარი,

სპეტაკის ჩადრით მოსილან.

მათი ხევ-ხუვი ღრადონიც,

ვეჭვ, ქარ-გრიგალმა მოჰსილა!

აგია კავკასიის მთა,

ტურფა და დიდებულია.

ვაქო, ვით ვაქო, რომ ენა

ოცნებისაგან ბმულია?!.

ეს საოცრება რამ შეჰქმნა?

ამართა ვისმა ძალამა?

ცას ვინ ამოყვრა ვეშაპი,

ან წარღვნამ რად არ წალამა?..

ქედს ვუხრი კავკასიასა,

დიდებულს — ჩემგნით დიდება!

ქედს ვუხრი, რადგან სულს და გულს

თავისკენ მიეზიდება!

უმზირეთ! კავკასის მთანი

ცის კამარასა სწვდებიან,

ყინვარის ჯავშნით მოსილნი,

ბარს დანთქმას ემუქრებიან!

ახლავან ორბნი, არწივნი,

ჯიხვებიც ეხიზნებიან,

და ხშირად შავნი ღრუბელნი

მოჰბურვენ, ესტუმრებიან;

მაშინ ელვანი მრისხანედ

გრგვინვენ და იკლაკნებიან,

მათ ჭექა-ქუხილს კლდე-ღრენიც

საზარლად ეძრახებიან!

ინათებს, დილის მზის სხივზე

ღრუბლები აიყრებიან,

აქ დაბერტყავენ კალთებსა: —

თვალ-მარგალიტი ჰკრთებიან!

შეჰყურებ, თხემნი კავკასის

ისევ სპეტაკად ჩნდებიან

და მედიდურნი, ტურფანი

ლაჟვარდს ცას ებჯინებიან!


1886 წ.

(მეურმის სიმღერა)

გოგოს ჭირიმე, გოგოსი,

ჭირიმე ერთად-ერთისა,

პაწა გოგოსი, დილის მზის,

ჭირიმე იმის ღმერთისა!

გოგოს ჭირიმე, გოგოსი,

ჭირიმე ლერწამ-ტანისა,

ფუნთუშა, ძუძუ-კოკობის,

ჭირიმე გულ-წამტანისა!

გოგოს ჭირიმე, რომ ღუის,

როგორც რომ თურაშაული,

პირს რად მარიდებს, იმასთან

რა მაქვს მე დანაშაული?!

გოგოს ჭირიმე, გოგოსი,

ჭირიმე იმის გულისა,

იმის ჟუჟუნა თვალების,

კალამით დახატულისა!..

რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე,

არ მეკარება გოგონა...

სხვის დანიშნული თუ არი?..

მე კი... მე — ჩემი მეგონა!..

ნუ მკლავ, გოგონავ, წყეულო,

ნუ ამარიდე პირია,

თავი რომ მკერდზე მოგანდო,

შენთვის რა გასაჭირია?!

ნუ მომკლავ დედის-ერთასა,

ღმერთი იწამე, წყეულო,

ნუ მომკლავ, გოგოვ, ნუ მომკლავ,

ჩემს გულში შამოჩვეულო!..


1885 წ.