ნეტა რა წყალში ჩავვარდე,

რით გამოვკვებო ცოლ-შვილი?

ი დასაქცევმა სეტყვამა

კარს მომაყენა შიმშილი!..

რას ვიფიქრებდი ბეჩავი? —

ცა კამკამებდა ლურჯადა,

სამი დღის ყანა, სამკალი,

ზედ კარზე მედგა ბურჯადა.

უცებ გამოჩნდა პაწაწა,

მუშტის ოდენა ღრუბელი

მერე გადიდდა, იგრგვინა

და წამოვიდა სულ ბნელი...

დასავლეთიდან დაჰბერა,

წამოგვაყარა კოხია,

ბალღები დამიწიოკა,

მოაძებნინა ქოხია,

ისროდა მუშტის ოდენსა

და გრიალებდა წყეული,

მირეგ-მორეგვა ხე-ხილი,

გაწყალდა ანაზდეული!..

ყანა წამიხდა, რა ყანა,

ავ თვალს არ ენახვებოდა,

თავ-თავს ქვეშ იზნიქებოდა,

სიმძიმისაგან წვებოდა!..

ნეტა რა წყალში ჩავვარდე,

რით გამოვკვებო ცოლ-შვილი? —

ი დასაქცევმა სეტყვამა

კარს მომაყენა შიმშილი!..


1883 წ.

გადმახალისა, ძმობილო,

შენგან ნასროლმა იამა,

შენი ფანდურის ჟღერაი

მოხუცს გულს მეტად იამა!..

ყური დავუგდე სიმებსა:

დამიტკბეს ბერი სულია,

გადამახედეს ფშაველში,

მთლად ამიჩქროლეს გულია!.

მასმინა შენმა ფანდურმა

მთის ყვავილების ქებანი,

“ფშაური ქალის ტირილი”

და “ტყვის სიმღერით” შვებანი...

ბაასი ბებერ “მუხასთან”

ალმასებრ ლექსით მსმენია,

დავღონებულვარ ბეჩავი,

ცრემლი ვერ დამითმენია!..

შენ დამანახვე, ძმობილო,

“მგზავრის საღამო მთებშია”, —

ფრთები დავუშვი მე დაბლა,

ვეღარ მოგყვები ფრთებშია:

შენ ყმაწვილი ხარ, მე — ბერი,

ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია!

მაწაფე, მოძმევ ახალო,

ბერსა ახალი ჰანგია!


1886 წ.

(აღა-მაჰმად-ხანის დროის)

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის,

მტირალი ქალის ცქერასა!

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას სტირი, ძუძუს ჭირიმე?

ჯარს იძახიან, დედილო, —

სად არის ჩემი ხირიმი?

თათარი შემოგვსევია,

სწოვს და აოხრებს ქვეყანას,

ე-მა ქოხს თავზე დაგვაქცევს,

ვენახს მოგვითელს და ყანას.

ნეტა რას სტირი, დედილო? —

რა დროს გლოვაა შვილისა?

გულში მკრეს, ორგან გახვრიტეს

ჩემი პერანგი შილისა.

ნეტა რას სტირი, დედილო?

დეე აქ ვეგდო ღელოში,

ხომ ვერა ჰნახავ ურჯულოს,

ვეღარსად საქართველოში?

ნეტა რას სტირი, დედილო?

ჯერ ვერ წამოვალ შინათკენ,

მე აქ ვიგერებ ყვავ-ყორანს,

თვალი მიჭირავს იმათკენ...

ნეტა რას სტირი, დედილო?

სახლზედ იყავი ფრთხილადა,

ირმა ხარს მოუარევი,

მარილს ალოკე ხილადა.

ყანა გამარგლეთ ბეჯითად,

არ მოერიოს ჭიოტა,

ე პაწა არ დამიმშიოთ,

ფოცხვერს არ დამიჭმიოთა!..

ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,

ბალღია, ამიტირდება.

შობამდის დავავიწყდები,

აღდგომას გამიფრინდება!..

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის,

მტირალი ქალის ცქერასა!..


1881 წ.