რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:
შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,
შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!

ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,
რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;
შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,
როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ.

რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,
მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:
ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,
მალხინებელ დაბინდულის გულისა!

მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,
შენგან ბნელი გული გამომიდარე;
კვლავ ციური ცეცხლი გარმოისარე,
ნაბერწკალნი ეშხისა მომაყარე.

1837 წ.

ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:
”ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,
მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,
მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!”

ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი
მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნიავი ნელი.
და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,
ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.

მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია გლახ რული.
აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული
გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული;
ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.

თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,
ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა.
უხმო ყოველთა სირთა: ”მოდით და შემოკრბითა,
მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?”

”განთიადით ღამედმდე შევფრფინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:
მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!”

1834 წ.

ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით
ჰაეროვანო, სულს ელხინები;
თვალთ არონინებ,
გულს დააწყლულებ
და ღიმილითა ესალბუნები!

სადც ხარ, იმ არეს
მოჰფენ სიამეს, —
უშენოდ მოსცდეს მხიარულება!
შენის ენითა,
სავსე ლხენითა,
ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!

მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულს მოელხინარე,
პირმცინარითა
სინარნარითა
მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!

1839 წ