1

ჰქმნა ღმერთმან ცანი, ქვეყანა შეამკო ზევით-ქვევითა,

ცანი აღავსნა ვარსკვლავით სფეროში შემოკრებითა,

შვიდნი ცთომილნი დაბადნა შუქ-ფენით ბურჯებს რებითა,

ექვსს დღეს მზადა ქმნა ესენი, სიტყვა ვსთქვა შემოკლებითა.

2

დაბადნა ანგელოზთ დასნი - ქერაბინ, სერაბინები,

კაცისა დასაბადებლად მიწისგან დასდვა ბინები,

ჰქმნა ადამ ხატად თავისად, ეტყვის: "ხარ დასაძინები.”

გვერდით უშენა მას ცოლი ადამის გასაკვირვები.

3

უკვდავად ქმნილი ადამ სცდა - დაეცა ეშმაკისაგან;

ჩვენ დაცემულნი ჯოჯოხეთს ტანჯულნი გენიისაგან:

ძე ღმრთისა განხორციელდა - ნახეთ სიმდაბლე ღმრთისაგან!

ჯვარცმით, დაფლვით და აღდგომით დაგვიხსნა ტყვეობისაგან.

4

ღმრთის მოწყალებას ვინ აღრაცხს, კაცზედ რამდენი მივა-და!

მოკლედ ვსთქვა ჩემნი საქმენი, რაც ხანი წამივლია-და,

სოფლისგან განსაცდელები მე ბევრი მამვლენია-და,

ქრისტესა გამოუხსნივარ, ჭირები მამლხენია-და.

5

რაც ამ სოფელსა ღმრთისაგან მომეცა წყალობანია,

არ ძალმიცს მისად სანაცვლოდ შევსწირო მადლობანია;

თუ, ვითა ღირსმყო ხარისხსა, დავიწყო წარმოთქმანია,

ორმოცდაოთხის წლისასა მერწმუნა მეფობანია.

6

ღმერთმან მომცა ეს სიმაღლე ნადირ-შაის მიზეზობით,

ჯერ მფლობელმყო კახეთისა, მერმე ქართლში მემკვიდრობით,

კახეთშია ჩემ ძეს დასვამს - ერეკლესა - მეფედ ხმობით,

ოცდაოთხის წლისა იყო, როს პატივ სდვეს ბატონობით.

7

მას ჟამს ჩემს დისწულს, მეფის ძეს, ანტონის, კაცსა ღმრთისასა,

ვარწმუნეთ პატრიარქობა ოცდაოთხისა წლისასა,

ბრალთა სიმრავლით უღირსსა მადლს მომფენს კურთხევისასა,

მცხეთას მოიღო კურთხევა, ზეთს მცხებდა მეფობისასა.

8

ვიყავ ქართლშიგან მტრისაგან ერთს ალაგს ვერ დავდგებოდი:

იქით და აქათ მუდამით ვლაშქრობდი, ვიარებოდი,

ავს დროს განსაცდელისაგან ჯარშია ვიმყოფებოდი.

სევდისა მოსაქარვებლად ამ სახლებზედა ვშვრებოდი.

9

ავაშენებდი სასახლეს, საწოლსა აივანებით,

შემკული ზევით-ქვევითა ლამაზად ბალახანებით,

შუაზედ აინახანა დახატვით მიჭვრიტანებით,

ეს შევასრულე სალხინოდ, შიგ ვსვემდი დოსტაქანებით.

10

უწინ, სიყრმის დროს, მენახა ნაშენი უცხოებითა,

სამნი მორთულნი სახლები ვარაყით, სარკეებითა,

მეფეებისგან ნაშენი კვეხნით და დაქადებითა,

თითოსა თითო აეგო დიდ ხარჯით და ფასებითა.

11

როსტომ მეფისგან ნაგები საწოლი სახელიანი,

ნახატი სურათებითა, ყვავილი ფერადიანი,

თვით როსტომ ფალავანი და დევნი ეხატა რქიანი,

შაემკო დიდად, დაედვა სახელად როსტომიანი.

12

ერთი სრა მამის ჩემისა, მეფის ერეკლეს გებული,

ხელმწიფეთ საკადრისი და ქვეყნისგან მოწონებული,

სარკით და ოქროს ვარაყით შემთხვევით განათებული,

მეფეთ და დარბაისელთთვის სალხინოდ დამზადებული.

13

სრა ერთი მეფის ვახტანგის უცხოულებით ნაგები,

საკვირველი და საქები, მას უხდებოდა სარკები,

შუაზედ შანიშინი და აუზით შადრევანები,

ფერად-ფერადის ჯამებით შეხამებული ფანჯრები.

14

ავზს უხდებოდა შუაზედ ბროლისა ხომლის კიდება,

როს მეფე-სპანი ლხინობდენ, დღეს რომ შეჰქნოდა ბინდება,

შეღამდის, ხომლზედ განწყობილს კელაპტრებს მოეკიდება,

შიგ მსხდომნი კედლებს სჭვრეტდიან, ეგონისთ - გარს გვეკიდება.

15

ერთიცა სახლი, უზეშთე ერანშიც არ ნახულა-და!

იმ სრისა ქება, სიკეთე ქვეყანას ხმა განთქმულა-და,

როგორც მას ჰფერობს ქებანი, შესხმა არ ძალმიც სრულადა,

სხვებს სრებსა ყველას ის სჯობდა, მისებრივ არ დადგმულა-და.

16

სრას უხდებოდა ხელმწიფე თაჯითურთ ჯიღებიანი,

თვით მეფე ვახტანგ შიგ მჯდომი ძმებითურთ შვილებიანი,

გვერდს ახლდენ დარბაისელნი, მორთულნი, ბიღებიანი,

უკეთესს რაღას ნახევდა თვალითა კაცი ჭკვიანი?

17

როს დაუკრევდენ მგოსანნი, ტკბილად დაეწყოთ თქმანია,

მათს ხმაზედ ამღერდებოდენ ბულბული, იადონია,

ის ლხინი და სიხარული უცხო რამ გასაგონია,

მეც ბევრი ვნახე იმ სრაში ლხინი და უკუყრანია.

18

ამ ცრუმ სოფელმან არ იცის ბოლოსა გატანებაო:

მეფენიცა და სრებიცა სრულ ყველა განქარდებაო,

ვითარებისა ჟამთაგან სამნივე მოიშლებაო,

იმათ აჩრდილად ეს ჩემი სასახლე აშენდებაო.

19

იმ სრებსა რის გზით შევადრი ამ ჩემსა აგებულსაო?

მართლისა თქმა სჯობს ტყუილსა, ვერ დაუმძიმებ სულსაო;

სახლებთან ბოდიშს მოვითხოვ - ნუ დააკლდებათ გულსაო:

იმათი ერთი კედელი სჯობდა სულ აქა დგმულსაო.

პასუხი სახლისა

20

"მეფევ, რად გვწუნობ სრაებსა? სხვას აქებ, ჰბრძანებ რაებსა?

სიტყვით აგვიშლი დავებსა, მოჰყვებით თქვენ იგავებსა,

სხვაზედ გვიძახი ავებსა - მაგით ვერ ჩაგვყრი ვაებსა!

ჩვენც მოვიწონებთ თავებსა, უსტა ხელს დაგვითავებსა.

21

სიტყვებს მოგიგებთ ასებით, გკადრებთ - თქვენ გებაასებით:

არ ვართ იმ სრებზე ნასებით, ავშენდით დიდ-დაფასებით.

როს, მეფევ, დასხდეთ დასებით, ღვინოსა სვემდეთ თასებით,

გული გვაქვს ამით სავსებით ასფოდელოსა მსგავსებით.

22

ვისაც აქ მოსვლა სურისა, კარი არ დაეგულისა;

ვით ირემს წყარო სწყურისა, მე მათი ნახვა მსურისა,

მოყვარული ვარ სტუმრისა, ჩემ-შიგან შემოსულისა,

ჩემთვის უტკბოსნი სულისა, სასიხარულო გულისა.

23

ვერა მჯობს ერთი სახლია, მჭვრეტელთა გულსაწადია,

ახლოს მაქვს ტურფა ბაღია, მნახველთა დასაქადია,

მიბრძანდით, კარია ღია - ნახოთ კოკობი ვარდია,

საღი აუვსე თასია - უკუიყარონ დარდია.

24

ჩემებრივ არვინ, მგონია, არ არის საზარონია,

როს ზაფხულისა დრონია, ყვავილნი დაუზრონია,

იმღერონ ტკბილნი ხმანია, ვით სტვენდეს იადონია,

ვინცა ლხინისა მდომია, ის არის გასაგონია!

25

ნუ მოუწყინებთ, მეფეო, თქვენს ჭირნახულსა სრასა-და!

ლხინი მინახონ, უბრძანეთ, ვინცა ვინ გვერდ გახლავსა-და,

თუ ავი მასპინძელი ვარ, ნუ ჰკადრებთ თქვენსა თავსა-და;

აწ მოგახსენებ ბოდიშით, - ხელი მიჰყავით სმასა და!

26

როს დასხდეთ აივანებში, ან ბალახანას სმიდეთო,

თუცა ვერ დამხიარულდეთ, ანუ თუ მოიწყინდეთო,

ნუმცა აიღებთ სუფრასა, დღე იყოს - შეიბინდეთო,

აქ შემობრძანდით ისევე - ლხინს ნახავთ, როგორც გინდეთო.

27

ვინც სმით დაიტანს ძალებსა, მეფევ, ნუ დამაბრალებსა,

თუ დალევს დიდს სასმელებსა, აუშლის საქციელებსა,

სიმთვრალე გაახელებსა, ეშმაკი დაახელებსა,

ცოდვაში გარევს მთვრალებსა, წარწყმედს, არ შეიბრალებსა.

28

ბევრსა ღვინოსა ნუ დალევთ. ცოტასა სმიდეთ გზიანად,

მართებულს ლხინსა ნახევდეთ წყნარად და ნამუსიანად,

აქ გაგიჩნდებათ ზნეობა, თქმა ხუმრობისა ზმიანად,

გალობა დასდებელისა, ვინც იტყვის ტკბილის ხმიანად.

29

ლხინს ნახევდეთ უცოდველსა, თქვენ განმინათლეთ არეო,

ზნეობა, საქციელები კარგ გვარად მოიხმარეო,

ჭირვეულობას ვინცა იქთ - და თავი მოიჩქარეო,

მეფევ, უბრძანე პანღურით, ცემით გააგდონ გარეო.

30

ვინცა ისხდეთ მართებულად ლხინშია არ მოწყენითა,

ხუმრობას ჩამოართმევდეთ ერთი ერთს კარგ მოსმენითა,

ვის შეუძლიან ხუმრობა სიტყვითა, თუმცა ზმენითა,

მეფეც გიბოძებთ წყალობას, საბოძვრით აივსენითა».

მეფის პასუხი

31

"სახლო, სიტყვები გვიბრძანეთ, ბოდიში მართებულები,

მადლს მოგახსენებთ მეფე და თავადნი, დიდებულები,

ლხინით, შვებით და უკუყრით გახლავართ მხიარულები,

აქ კაცი რის გზით მოიწყენს, სადამდის უდგეს სულები!

32

აქ რაცა კარგი სახლია, არ არის შენისთანაო,

მაგრამ მუხთალმან საწუთრომ ბოლო ვის გაუტანაო!

სჯობდა მეშოვნა სარქრადა მსგავსი მარჩბივისთანაო,

რაც რომ მე შენზედ ხარჯი ვქენ, იმისთვის მიმეტანაო.

33

ინდოეთს ხელმწიფესავით ჩემთვინა საქმე გაეგო,

თომასებრ უმუშაკოთა უცხო სასახლე აეგო,

ჩემს სარქარს ესე სიტყვები უწინვე ადრე გაეგო,

მესწავლებინა იმ გვარად - კეთილს საქმეზედ წაეგო.

34

სანამ საწოლი სარკითა, ვარაყით შეიმკობოდა,

ორისა წლითა უწინვე სრა ესე აშენდებოდა,

თებერვალისა თვეშია თამამად შესრულდებოდა,

მას ჟამსა ქორონიკონი უნ მანი ანი ჯდებოდა».

1

მარწყვმან თქვა: "მოვალ პირველად, მე ვერ მომისწრებს ხილია,

ფერად მსგავსი ვარ ლალისა, მერმე საჭმელად ტკბილია,

წინ რასა მისწრობს ტყემალი, მჟავე არის და გრილია,

მისგან ჩივიან ყველანი - «ვჭამე, მომკვეთა კბილია».

2

ტყემალმა უთხრა: «შეგარცხვენს ეგ შენი საუბარია,

უარესი ხარ ყველასა, არა ხარ ხილთა დარია,

თავსა მოგჭამენ ჭიანი, - ძირი გაქვს მეტად მწარია,

უჩემოდ ლხინი არ ვარგა, არცარა სანუკვარია».

3

ბალმან უთხრა: «ამხანაგო, თქვენ ვერ იტყვით ჩემსა ძვირსა,

ხესა თეთრად ავაყვავებ, დავამშვენებ ჩემსა ძირსა,

თავსა ბროლსა დავამსგავსებ, მერმე ლალსა გამჭვირვარსა,

შაქრის მსგავსად გარდვიქცევი, რა ჩამიდებს კაცი პირსა».

4

ჟოლო იკადრებს ქებასა: «აწ ვიტყვი, რაცა მხვდებისა,

მოვლენ ყველანი მფრინველნი, ჩემზედან შემოსხდებისა,

კაცნი მრავალნი მეძებენ, ადვილად ვერ მომხვდებისა,

სიყვარულითა ჩემითა მჭამენ და ვერ განძღებისა».

5

კიტრმან თქვა: «რაღა ვიკადრო საქმე ქებისა ჩემისა:

ტკბილი და მჟავე არა ვარ, კაცი რად მემოყვრებისა?

გრილი ვარ, კაცსა გავბერავ, მერმე თავი ვარ სნებისა,

ვინც რომ ჩემითა გაძღების, ციებაც შეექნებისა».

6

ნესვმან თქვა: «ვჩივი ამისთვის - მიწასა მომაყრიანო,

მოვლენ, მეძებენ, მპოებენ, ხორცსა დანითა მჭრიანო,

რა გავიზდები, საჭმელად ყველანი მინატრიანო,

ციებას, მერმე ცხელებას, ჭირს ჩემგან შეიყრიანო».

7

თხილმან თქვა: «გკადრო მართალი ჩემი პასუხი გულისა.

ყველანი უბნობთ, იკვეხით, მე იმან გამაგულისა,

სალხინოდ შესაქცევარი მე ვარ ყოვლისა სჯულისა,

კბილისა მატკინებელი, მერმე დამწველი გულისა».

8

მაყვალმან უთხრა: «არა ვარ ხილი თქვენებრი ქებული,

უარესი ვარ ყველასა, არვისგან მოწონებული,

ზედან მასხია ეკალი, ვარ მისთვის დაწუნებული,

პირველ გახლავარ ყირმიზი, მერმე პირ-გაშავებული».

9

საზამთრო იტყვის: «ნუ უბნობთ, მე არვის დაგიცილებო.

თავსა ნუ იქებთ ჩემთანა - მე ყველას დაგაწბილებო,

მე ჯალინოზ ვარ ექიმი, სნეულთა მოვალხინებო,

სიცხითა შეწუხებულსა მე გულსა მოუგრილებო».

10

ატამმან უთხრა: «რა გკადრო საქმე ქებისა ჩემისა?

უკეთესი ვარ ყოველთა, ხე ჩემი ტურფად ყვავისა,

შეყრა უხარის ყველასა ტურფისა სანახავისა,

მე და ნესვი ვართ ყოვლისა ამშლელი სენთა თავისა».

11

ვაშლმან უთხრა: «შვენებითა თქვენ ვერა ხართ ჩემი დარი,

ვარ ყოველთა საქებარი, მე ვარ თქვენი მაქებარი,

სალხინო და სანადიმო სუფრაზედან სადებარი,

გულის ჭირის უკუმყრელი - არად უნდა საუბარი».

12

ბროწეულმან თქვა: «უბნობთო მართლითა სამართალითა,

ჩემს უტურფესი ნაყოფი არვის უნახავს თვალითა,

მე ჩემსა ხესა მოვკაზმავ, ტურფად შევამკობ ხილითა,

დარბაზს სუფრასა ავავსებ იაგუნდითა, ლალითა».

13

ნიგოზმანცა თქვა: «მე კაცნი ჯოხსა მესვრიან ხელითა,

გამტეხენ, ტყავსა გამხდიან, პირს ჩამიგდებენ ხელითა,

გულითა მასპინძელი ვარ ნიადაგ მხიარულითა,

კაცსა საჭმელსა შეუმკობ, კიდეც ვალხინებ სულითა».

14

ყურძენმა უთხრა: «ვაგლახ თქვენ, რას უბნობთ ცუდ-მაშვრალია?

კაცნი ყოვლისა ქვეყანას ჩემგან არიან მთვრალია,

- ჩემთანა თქვენი ხსენება დიდი ცოდვა და ბრალია, -

გული ექმნების ლომისა და მერმე დევთა ძალია».

15

ქლიავმან უთხრა: «იკვეხით, არა ხართ ჩემი დარია,

ყველა უგვარო შეყრილხართ, ცუდი გაქვსთ საუბარია,

ამ ცოტას ხნისა სიცოცხლე რა თქვენი საკვეხარია?

უფრო უყვარვარ ყველასა, ვარ მათი სანუკვარია».

16

სხალმან თქვა: «მეცა მაუბნეთ - არა ვარ თქვენი დარია,

ჩემი ხე თეთრად აყვავდეს, გაეღოს გულის კარია,

როდეს მწიფობა მოვიდეს, ერთმანეთს უთხრან: «მარია»

ავადმყოფს ვარგებ, და მთელსა შაქრად გაუხდეს პირია».

17

ჭერამი იტყვის: «თქვენ ჩემსა ვერ იტყვით ვერას ძვირსაო,

ჩემი ხე თეთრად აყვავდეს, მსმელნი სხდეს მისსა ძირსაო,

როდესაც თვალი შეერთვის, მოინდომებენ ჭირსაო,

კაცი მჭამს - ჭირსა შეიყრის, მერმე მაგინებს ფირსაო».

18

ალიბუხარა იკადრებს: «მომჟავო ვარო მე დია,

წამლად მეძებენ ყველანი, არ მედარების მე ბია,

ყველა ტყუიან ჩემთანა: კვინჩხო, რას იარებია?

დრამით ამწონენ ვაჭარნი, მე მაქვს ასეთი ბედია».

19

აწ უნაბი მოახსენებს: «ჩემი ქება თქვენ რა სთქვითა?

ყირმიზი ვარ ლალივითა და მკურნალი მე თავითა,

აქიმები დამეძებენ, ზღვას შედიან სულ ნავითა,

ჩემთან ყველა ცუდი რამ ხართ, შეიმოსნით თქვენ შავითა».

20

შინდი იტყვის: «შემოდგომას ჩემი არის გახარება,

ყველას უწინ ავყვავდები, კაცი ჩემკენ იარება,

ყირმიზობით ლალსა ვჯობვარ, არსად მინდა მე ტარება,

სანუკვარად ისეთი ვარ, ყველამა თქვას ნეტარება».

21

ფშატმან თქვა: «ნეტამც იკადროთ თქვენ ჩემი შემოხედვაო!

საჭმელად შესაქცევარი. ხელს მოუჭირებ ჰხედაო,

მზის შუქი ასე დამაჭკნობს, ყველა მე მეტყვის «ბედ-აო»

ჩემის ყვავილის სურნელი ყველაყამ იცით ხედაო».

22

ლეღვი ამას მოგახსენებ: «ტკბილი ვარ და შვენიერი,

სამოთხიდამ გამოსული, მე ძირი მაქვს ნებიერი,

ქრისტე ღმერთმან მომიწონა, მე საჭმელად მომყო პირი,

თუ გაძღების ჩემით კაცი, მოეცემის მაშინ ფერი».

23

მალაჩინ სხალი იკადრებს ხელმწიფურისა ენითა:

«ყოვლის ხილისა უფროსი, საჭმელად შაქრად მთელითა,

არავის დაგედარები - სიმართლე თქვენცა ჰქენითა! -

ყველა ხართ კაცის ურგები, მუცელს აავსებთ სენითა».

24

კომში იტყვის: «მოისმინეთ, თუ რას ვიტყვი ჩემს ქებასა;

ხესა თეთრად ავაყვავებ, ბამბას მოვართმევ დედასა,

როს გავყვითლდები, სუნი მაქვს, მე მუშკ-ამბარი მბერავსა,

სანუკვარი ვარ სუფრისა, ყოველი მსმელი მხედავსა».

25

ხურმა ბრძანებს: «ჩემო ძმანო, მე თქვენი ვარ ხელმწიფეო,

ნახეთ ჩემი გემო, სიტკბო, მჭამელთათვის სიეფეო,

ასრე ძვირად ვიშოვები - ძლივ მიშოვნის მე მეფეო,

ინდოეთით გამოსული, ტირილით ცრემლთა მჩქეფეო».

26

თურინჯი ბრძანებს: «არ მინდა მე კაცთა ქებანიაო,

ხელმწიფეთ სანუკვარი ვარ, არ მაქვს მე კლებანიაო,

ყვითლად მომიბამს ჩემი ხე, არა მაქვს ზოგანიაო,

ნურვინ მედრებით, არა ვარ თქვენი ძმა, არც დანიაო».

27

აწ ნარინჯი მოგახსენებ: «არც მე ვარ უარესია,

ჯერ ვარ სამოთხით მოსული, მერმედ ხელმწიფედ ესია,

ზამთრით, ზაფხულით ჩემი ხე მწვანე და მშვენიერია,

ყველას უყვარვარ სულითა, არა ვარ წამად ბერია».

28

ლიმონ იტყვის: «სიმჟავითა არვინა ხართ ჩემი დარი,

მაგრამ ფერი მეც კარგი მაქვს, ამითა ვარ თქვენი დარი,

ჩემი წვენი წამალია, არ ტყემალთან დასადარი,

თქვენ ამისი სწორი რა გჭირსთ? - ჩემს მჭამელს აქვს ავი ქარი».

29

პანტაცა სხალი ერევის: «მუდამ ვარ ხმელი ჩირაო,

ყოვლი ნადირი მე მეძებს: დათვი, ღორი და სირაო,

სოფლად მივქონდე ურმითა, არვინ გაიღოს ქირაო,

შავი ვარ და დამჭნარი ვარ, მე არ მივარგა პირაო».

30

კვინჩხი იტყვის: «შენ რას ამბობ? შავი ვარ და მარგებელი,

ჩემს ხეზედა ბულბული ზის, შენ მოგძებნის ყოვლი მელი,

ავადმყოფსა მოუხდები, და კაცი მჭამს მერმე მთელი,

სიმდაბლითა ნუ მიწუნებ, მე არა ვარ აგრე ბელი!»

31

ფისტა იტყვის: «თხილო, შენ ხარ ავის გვარით გამოსული,

კბილისათვის მაწყინარი, შენ გამოგდის ავი სული,

მე ვარ კაცის შემაქცევი, მწვანე არის ჩემი გული,

პირი სრულად გაშლილი მაქვს, არ ამომდის ავი სული».

32

წიფელი გაებაასა ფისტას, თხილსა და კაკალსა:

«თქვენი ლაყაფი ცუდია, დავეგვანები მე ლალსა,

კუბოში ვზივარ, გამოვალ - ზამთრივ ვახარებ მელასა,

მაღალს ხეზედან ვასხივარ, არ თუ დაბალსა თელასა».

33

კუნელი იტყვის: «მე თქვენში ვერა მჯობია ხილია,

როს ავყვავდები, მას უკან წითელი ვარ და ლბილია,

მაგრამ საჭმელად ცუდი ვარ, არა მაქვს ავი ჩრდილია,

ყოვლი ფრინველი წამიღებს, არა მჭამს ტურა, მგელია».

34

დათვი-თხილა უკან მისდევს: «მეც აქა ვარ ხილიაო!

ღორი, დათვი, მელა, მგელი - ჩემთვის ყველა ლხინიაო,

მამძებნიან, მიპოვნიან - ჩემს ქვეშ წვანან მთელიაო,

რკოვ და წიფელო, რას ლაყბობთ? - ნურც ფერობას ელიაო».

35

რკო და წიფელი გაიბრჭვნენ, არვინ ახსენეს მრთელია,

რკო ამას იტყვის: "მრთელი ვარ, ჩემით გაძღების ღორია,

კაცთა საჭმელად მეძებენ, მე შემამტყორცონ ტორია,

ვინცა სჭამს წიფელს, გულს დასწვავს, ჭირი არა აქვს შორია».

36

ასკილი ეტყვის კუნელსა: «ვაი შენ, ცუდათ ჰქარაო,

მე ვარ კარგი და ლამაზი ენად მოყბედი ჩქარაო,

ჩემი ყვავილი შენა გჯობს, მზესა არ დავიფარაო,

შემოდგომაზე მწიფე ვარ, ქალ-ყმანი მოვლენ ფარაო».

37

აწ ნუში იტყვის: «ამითა ვერ იტყვით ჩემსა ძვირსაო,

ჩემი ხე წითლად აყვავდეს, ლხინია მისსა ძირსაო,

კბილისა მატკინარი ვარ, მით მაგინებენ ფირსაო,

წამლად, საჭმელად კარგი ვარ, ამით ვჯობივარ ხილსაო».

38

პური და ღვინო გაიბრჭვნენ, არც ერთი არას იტყვისა;

პურმან ეს უთხრა ღვინოსა: «ყველანი შენთვის ყმუისა,

თუ ჭირვეული არ იყო, მე ვიტყვი შენთვის უისა,

ჩემით გაძღების ქვეყანა და ნახვა ჩემი სურისა».

39

ღვინომ უთხრა: «შენმა მზემან, პურო, გრილი ხარ დიაო,

მამწონს შენი სიბარაქე და ღერო შენის ხისაო,

მრავლად გამოვა ნაყოფი, ყველასთვის მითქვამს მეაო,

განა არ იცი, უჩემოდ შენი არ წაღმა სვიაო?

40

ორივ ერთად შევიყარნეთ; ყოვლს სულდგმულს ჰშვენის ფერია,

ხელმწიფენი და გლახაკნი - ჩვენგნით იხარებს მთელია,

ბაღი, ბაღჩა და ხილები სახსენებელად ჩვენია,

ჭკვიანი ხელად გარდიქცეს, უჭკვოს მიეცეს სენია».

  თეიმურაზ II (1700-1762), კახეთის მეფე 1709-1715 წლებში, გამგებელი 1733-1744 წლებში, ქართლის მეფე 1744-1762 წლებში. მან მოქნილი საგარეო პოლიტიკით შეძლო ქართლისა და კახეთის შემომტკიცება, კახეთში თავისი შვილი ერეკლე II გაამეფა, თვითონ კი ქართლი დაიჭირა და ამ გზით ქართლისა და კახეთის სამეფოთა გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. 1745 წელს თეიმურაზ II ძველი ქართული წესით ეკურთხა ქართლის მეფედ, თუმცა ქართლ-კახეთი ირანთან ჯერ კიდევ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. მისი გაერთიანება მამა-შვილის - თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ხელში და ქრისტიანული წესით მეფედ კურთხევა დიდი მიღწევა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. თეიმურაზ II-მ ერეკლე მეფესთან ერთად დაიწყო ბრძოლა დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებულ თავდასხმათა წინააღმდეგ. ამასთანავე წარმატებით ებრძოდა ამიერკავკასიაში გაბატონების მოსურნე ხანებს.

მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური წარმატება იყო ქართლ-კახეთის მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მოპოვებული უპირატესობა - ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანების საქართველოს მოხარკედ გახდომა. საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ II რუსული ორიენტაციის მომხრე იყო. 1760 წლის აპრილში იგი დახმარების სათხოვნელად გაემგზავრა რუსეთს. თეიმურაზ II მოითხოვდა დახმარებას ჯარით ან ფულადი სესხის სახით, რისი მეშვეობითაც რუსეთის მთავრობას ირანში ლაშქრობას და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰის დასმას აღუთქვამდა. რუსეთი შვიდწლიან ომში იყო ჩაბმული და აქტიურად ვერ გამოეხმაურა თეიმურაზ II-ის წინადადებას. თეიმურაზ II გარდაიცვალა პეტერბურგში. დასაფლავებულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.


თეიმურაზ II ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა "დღისა და ღამის გაბაასება" ანუ "სარკე თქმულთა", რომლის პირველი ნაწილი სასულიერო შინაარსისაა. ქრისტიანული აღმსარებლობის სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობასთან ერთად მასში გალექსილია ბიბლიური ეპიზოდები. მეორე ნაწილი ეხება ქართველთა ზნეობისა და ყოფა-ცხოვრების საკითხებს. დღისა და ღამის გაბაასების ფონზე თეიმურაზ II თხზულებაში გვაძლევს ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ცნობებს. ავტორის მიერ აღნუსხულია ძველი საქართველოს არაერთი ზნე-ჩვეულება და ტრადიცია. ნაწარმოები ეხმაურება ანალოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ არჩილ II-ის თხზულებას "საქართველოს ზნეობანი".

ისტორიული რეალობაა გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში "თავგადასავალი" საყურადღებოა მისი ნაწარმოები "სასახლის ქება", რომელშიც აღწერილია როსტომ მეფის, ერეკლე I-ისა და ვახტანგ VI-ის სასახლეები. წუთისოფლის სიმუხთლით შეწუხებულ პოეტს წარმავლად მიაჩნია ყოველივე. თხზულებაში "სოფლის მდურვის" მოტივი გამოსჭვივის. ხსნის საშუალებად პოეტს ქრისტიანული ზნეობის წმინდად დაცვა მიაჩნია. თეიმურაზ II-ის ლირიკული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი "გაბაასება რუსთველთან". თეიმურაზ II იზიარებს არჩილს II-ის მიერ ქართულ მწერლობაში დამკვიდრებულ "მართლის თქმის" პრინციპს, ილაშქრებს ფანტასტიკური სიუჟეტების დამუშავების წინააღმდეგ.

თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი "ხილთა ქება", თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული "თიმსარიანი".

ხილთა ქება

ქება სრისა

თავგადასავალი

გაბაასება რუსთველთან

მეფე თეიმურაზ II ბაგრატიონი - სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასება