რამდენი ასო მე წამიკითხავს,

ამაო, მტვერზე თვით უმტვერესი...

რამდენი სიტყვა ყოფილა თითხნა

და რამდენს არა ჰქონია ფესვი!

გულამომქრალი კაცის ნაწერი,

რომ უნდა გაჰქრეს, - წესია, წესი!

მაგრამ... ეს მრგვლოვან ასოთა მწკრივი,

წინაპართაგან ღვაწლით ნამცნები,

ამონაკაწრი თითქოს არწივის,

ნასეტყვარი და ხანძარ-ნაწვნევი, -

უკვდავებაა, როგორც კურთხევა...

ერის ძარღვიდან ამოკვეთილი

და ისევ ისე მდგარი ურყევად,

დასაყრდენია ერის კვერთხივით...

შიგ მოსჩქეფს სისხლი, შიგ ცეცხლი ჰყვავის,

შიგ იფურჩქნება დილის ყვავილი...

უხვად სცოდნია რთველი და ხვავი,

ნოყიერება მსუყე ყამირის...

ქართლის გონების ბალავარია,

ძვრას ვით უზამდა ჟამი შავბნელი;

საუკუნეთა ფალავანია,

უაბჯარო და დაუჯაბნელი!

ვემთხვევი ქვას და მის მადლს ვილოცებ,

დამლოცოს, მადლი გამომატანოს!

იდიდე ქვაო,

ასოვ, - ძელქვაო,

საქართველოსთან თანამართალო!


1965 წ.

ალვა ალვანს ამოსული,

შავი კლდის მზე თუშაია,

პირი სხივით უკამკამებს,

თმა გიშერზე უშავეა.

განა ვიცნობ მე მის თვალებს:

ცისფერია თუ შავია?

შავ ნისლებში გამინათებს

გზაბაწარას თუშაია!

მის თმებში რად ვიბლანდები,

განა პირით მქუშავია?

განა ეშხის მასპინძელი

უწყალო და პურშავია?

სპეროზაის პატარძალი

განა ჩემი დუშმანია?

ნეტავ რაად გამიმეტა,

რად ამიკლო თუშაიამ?

ჰეი, ჰეი, არ შევარჩენ,

ვისაც ჩემთვის უშარია,

ალავერდში გავიტაცებ

ხოხბისთვალა თუშაიას,

ყველას შავყრი ღრეობაზე

ხევსურია თუ ფშავია!


1965 წ.

მე დავყურებ უცხო ქალაქს,

ბევრი მითხრა, ბევრიც ვკითხე...

უკვე სძინავს ყოველდღიურ

საქმეს,

ზრუნვას,

ქალაქის დღეს.

 

აეჭედა ცას ვარსკვლავი,

ღამე ქუჩას მიეყუდა...

ბინდში მესმის ხმა საკრავის,

საყვედური გარიყულთა...

 

თითქოს ვინმე მიშვერს ცალ ხელს,

ვიღაც თითქოს გალამაზდა...

ის ალვის ხე რად ცახცახებს,

უცბად ზეცა რად განაზდა?

 

ამტვერებულს მთვარით ცაში

მისდევს ლანდი მიმქრალ აჩრდილს;

გამოშვერილ ხელებს ვხედავ,

მუდარებით: ჩემთან დარჩი!

 

ვუსმენ მიჯნურს გაფასებულს,

მოკრთის მთვარის ანათალი...

აელვარდა ანაზდეულ

ვარსკვლავებში ანას თვალი.

 

სად მოფრინდა სიყვარული,

სად გამოჰყვა ბრწყინვალება,

და თუ ფერფლში იმალება,

ცეცხლით როგორ იალება?

 

რად შესტირა ჭიანურმა

მინაცრებულ ღაღადისით

და „მშვიდობით!“ რად სთქვა გულმა,

თუკი ითქვა, „ნახვამდისინ“?

 

ვინ შესჩივის ირმის ნახტომს,

რძის ნაჟურით გადათოვლილს?

ვის უამბობს გადანახდომს,

გადამტვრეულ ლერწმის თრთოლვით?

 

- ეს მიცვლილი ოცნებაა,

აჰყოლია ვარსკლავთ ციალს:

ეს ბესიკის მუსიკაა!

ხმა სულაც არ გამოსცვლია.

 

აქ რა უნდა ამ საღამოს,

რას წკრიალებს ჰაერიდან?

აკი მეფის რისხვის გამო,

შავ თვალთ სიღრმეს გაერიდა,

 

ხომ ეწამნენ გოლგოთაზე,

ხომ დალიეს ერთად შხამი?

რად ლივლივებს ღამის ფრთაზე

ორი ოქროს მოსასხამი?

 

ვინ დასამზღვრა, ცამ თუ მიწამ,

გული გულს სად ეგებება?

თუ სწყურიათ ორთავ, იმ წამს,

ლურჯ ეთერში შეწებება. -

 

ერთურთს ჩაჰყვნენ სულის ფსკერში,

გადადნენ და აღდგნენ ერთად,

ადუღებულ მზის ჩანჩქერში,

მშვენების და ლექსის ღმერთად!

 

მე არ ვიცი, სად ვთქვა „ამინ“!

რა შევკითხო შავ კვიპაროსს?

ითაფლება ღამის ნამი,

ვისთან უნდა გაიპაროს?

 

სხივში ნაქსოვ სულს რა სწყურის,

სულის ცეცხლი ბნელს თუ იგნებს?

უკვდავებას თუ აქვს წყლული,

სიყვარული ჰქვიან იქნებ?

 

მოსდევს ბედი გამკაცრებით,

ჩარჩენია წყლულში დანა...

სცვივა შავი ვარსკვლავები

ბესიკის ცას, საიდგანაც...

 

ცა რადაა ასე ლურჯი,

გული რისთვის ახმაურდა?

ან სევდის ბაღს ამოფურჩვნილს,

ამ ქართულ ბაღს, აქ რა უნდა?

 

ან ქალაქზე, მე რომ დავმზერ,

ღამე რისთვის ალამაზდა?

თითქოს ვდგევარ მთაწმინდაზე,

თითქოს ლექსს ვწერ ალაზანთან...


1965 წ.