მე დავყურებ უცხო ქალაქს,

ბევრი მითხრა, ბევრიც ვკითხე...

უკვე სძინავს ყოველდღიურ

საქმეს,

ზრუნვას,

ქალაქის დღეს.

 

აეჭედა ცას ვარსკვლავი,

ღამე ქუჩას მიეყუდა...

ბინდში მესმის ხმა საკრავის,

საყვედური გარიყულთა...

 

თითქოს ვინმე მიშვერს ცალ ხელს,

ვიღაც თითქოს გალამაზდა...

ის ალვის ხე რად ცახცახებს,

უცბად ზეცა რად განაზდა?

 

ამტვერებულს მთვარით ცაში

მისდევს ლანდი მიმქრალ აჩრდილს;

გამოშვერილ ხელებს ვხედავ,

მუდარებით: ჩემთან დარჩი!

 

ვუსმენ მიჯნურს გაფასებულს,

მოკრთის მთვარის ანათალი...

აელვარდა ანაზდეულ

ვარსკვლავებში ანას თვალი.

 

სად მოფრინდა სიყვარული,

სად გამოჰყვა ბრწყინვალება,

და თუ ფერფლში იმალება,

ცეცხლით როგორ იალება?

 

რად შესტირა ჭიანურმა

მინაცრებულ ღაღადისით

და „მშვიდობით!“ რად სთქვა გულმა,

თუკი ითქვა, „ნახვამდისინ“?

 

ვინ შესჩივის ირმის ნახტომს,

რძის ნაჟურით გადათოვლილს?

ვის უამბობს გადანახდომს,

გადამტვრეულ ლერწმის თრთოლვით?

 

- ეს მიცვლილი ოცნებაა,

აჰყოლია ვარსკლავთ ციალს:

ეს ბესიკის მუსიკაა!

ხმა სულაც არ გამოსცვლია.

 

აქ რა უნდა ამ საღამოს,

რას წკრიალებს ჰაერიდან?

აკი მეფის რისხვის გამო,

შავ თვალთ სიღრმეს გაერიდა,

 

ხომ ეწამნენ გოლგოთაზე,

ხომ დალიეს ერთად შხამი?

რად ლივლივებს ღამის ფრთაზე

ორი ოქროს მოსასხამი?

 

ვინ დასამზღვრა, ცამ თუ მიწამ,

გული გულს სად ეგებება?

თუ სწყურიათ ორთავ, იმ წამს,

ლურჯ ეთერში შეწებება. -

 

ერთურთს ჩაჰყვნენ სულის ფსკერში,

გადადნენ და აღდგნენ ერთად,

ადუღებულ მზის ჩანჩქერში,

მშვენების და ლექსის ღმერთად!

 

მე არ ვიცი, სად ვთქვა „ამინ“!

რა შევკითხო შავ კვიპაროსს?

ითაფლება ღამის ნამი,

ვისთან უნდა გაიპაროს?

 

სხივში ნაქსოვ სულს რა სწყურის,

სულის ცეცხლი ბნელს თუ იგნებს?

უკვდავებას თუ აქვს წყლული,

სიყვარული ჰქვიან იქნებ?

 

მოსდევს ბედი გამკაცრებით,

ჩარჩენია წყლულში დანა...

სცვივა შავი ვარსკვლავები

ბესიკის ცას, საიდგანაც...

 

ცა რადაა ასე ლურჯი,

გული რისთვის ახმაურდა?

ან სევდის ბაღს ამოფურჩვნილს,

ამ ქართულ ბაღს, აქ რა უნდა?

 

ან ქალაქზე, მე რომ დავმზერ,

ღამე რისთვის ალამაზდა?

თითქოს ვდგევარ მთაწმინდაზე,

თითქოს ლექსს ვწერ ალაზანთან...


1965 წ.

1

 

ჩემ სულში სტირის ვაზი ქართული,

იმცვრევა ცრემლად გაზაფხულისა!

რა ტკივილს ამბობს ვაზის სანთური,

გვეტყვის დაფარულ რომელ გულისთქმას?

 

ჭრილობების და ვაზის მამული

გახარებული მზეს ეწაფება,

და ცრემლი, სადღაც გადამალული,

გადმოაწვიმეს ვაზის ძაფებმა.

 

ჩვენ ერთ დღეს გავჩნდით: ვაზიც, ქართველიც,

სიცოცხლის წვენით ერთად დავთვერით!

ერთად ვიქნებით აწ და მარადის,

როგორც მებრძოლი და მუზარადი...

 

ჯვარიც და კათხაც ვთალეთ ვაზიდან, -

მასპინძელია კაცობრიობის;

უმისოდ ჯვარი ვიღამ აზიდა,

ვინ აიტანა ტანჯვა იობის?

 

წასულა ვაზი საქართველოდან,

ქვეყნიერებას გადაჰფენია;

ასწავლა მღერა, ვინც არ მღეროდა,

ამცნო, რომ სმურიც ათასფერია!

 

2

 

თუ აკვანს ვაზის რტო ეხვეოდა,

გზას მინათებდა ვაზის ყვავილი;

უმისოდ ქარით დაიხეოდა

ქართლის ყამირი...

 

სამოსად სუდარს რომ უკერავდენ,

დგას ქართლი, ვეფხვის ტყავში მორთული!

ვეფხვურად უძგერს გული მღელვარი,

და სასიკვდილოდ დანამძლევარი,

დღეს სადღეგრძელოს ამბობს მორჭმული!

გამობმული აქვთ ვაზებს ჭიქები,

ზედ ბულბულები ტკბილად მღერიან.

იტყვის თამადა შეჭიკჭიკებით,

რომ ღვინის ლალი ცრემლის მზღველია!

დაემკლავება გინდაც ქარიშხალს,

უღვინოდ კოცნაც არ მოხდებოდა...

ფესვმა რა იცის, რა მტევანს ისხამს,

თორემ მიწიდან ამოხტებოდა!

ვაზო, სამშობლოს შუბლი შებურე,

ალბე მირონში შავი ფესვები,

მიწავ, გაიწი და შენებურად,

გამოგვიზარდე უმჯობესები!

 

3

 

მემარნე სანთლებს აუნთებს ქვევრებს,

ჯამით ახსენებს წმინდა თარიღებს, -

გულს რომ სიცოცხლეს გაუნახევრებს,

იმნაირ სმურებს ჩამოარიგებს...

 

- ლილე, ვარადა!

            „გრძელი კახური“

სულ დარჩეს გრძლადა, არ

            გამწყდარიყვეს!..

 

4

 

ქართლის მთებისა,

            ჩანჩქრებისაგან,

ქართველთა გულთა

            გუგუნთა მიერ,

მართლაც მეხური დაძგერებითა,

დაბადებულა მრავალ-ჟამიერ! -

ათას წლისათვის,

სიცოცხლისათვის,

სამშობლოს დღეთა გასაგრძელებლად!

სიყვარულისა და

            ცეცხლისათვის,

დიდი სიმღერა არ გვეძნელება!

სანამ ცოცხლობენ,

ვიდრე სუნთქავენ,

იალბუზი და

            ალაზნის ველი,

მზეს სადღეგრძელოს გამოუთქვამენ,

და ზოგჯერ თვალიც გვექნება სველი!

საქართველოში ყანწი მეტია,

სანამდის ვაზი! -

            ასე იცოდეთ!

გულთ სიყვარული ვერ დამეტია,

ნარგები ყანწი გამომიწოდეთ!

ვთქვა: სადაც წახვალ ღვინო, ქართულო,

ძმობის ალავერდს ყველგან გადადი!

და საქართველოს ეშხის ღაღადი,

ყველას გადაეც სასიქადულოდ!..

 

5

 

დაწვით ეს გული ვაზის ფოთოლზე,

გადააყარეთ ვენახს ნამწვარი!

ვაზად აყვავდეს გულის სათქმელი,

მტევნად დამწიფდეს ცრემლით ნაცვარი,

დამაჭრდეს ტკბილად,

დაღვინდეს მაგრად,

წვენი თვითეულ მისი მარცვალის,

შეათროს ერი ძველი ღვინითა,

მენახოს ბევრი ნაბარბაცალი,

მეც ხომ ვაზი ვარ აბეჩხარისა,

მაჭარი ქართულ ნაკვერჩხალისა,

ხვალ მოღადღადის,

            გუშინ დამძრალის...


1965 წ.

იაგუნდის მარანში თუ

ლალისფერი ღვინო დგება,

გულში მიდუღს თაფლის სიტყვა, -

მეკვლეს პირში დამიტკბება;

გაზაფხულის თანამეგზურს

გეტყვი: მე მსურს გულის ძგერით,

შენი ცეცხლი და სიცოცხლე

იყოს მარად ურიცხველი!

ნაპარტახალ ძველ მიწიდან

ველოდები სავსე მტევნებს,

მე თვითეულ ნარწევ აკვანს

შენს სიყვარულს დავადევნებ!

გაგიმრავლოს ძუძუს მუშა -

და შენმა რძემ სულ იჩქეფოს,

ჯანსაღური ძარღვის სისხლი

და ბარაქა დაგეკვებოს!

იყავ ნაღდი და გამრჯელი,

მეთაფლური ფუტკარივით,

ლაღი გქონდეს გონება და

გული მარად უტკივარი!

შრომითა და იერიშით

სულ მენახო დიდ-ნაშენი;

გრგვინვასავით შორს ისმოდეს

ზავთიანი სიტყვა შენი!

არასოდეს არ დაბერდე,

სულ დაესწარ ახალ წელით;

და სამოცდახუთი წლისაც

ტკბილად იყავ დამხარჯველი!


1965 წ.