მე არ მიყვარს კილო მუხამბაზისა,

კინტოთ კილო, კილო შუა-ბაზრისა;

იმ კილოთი რა იმღერო, პოეტო,

თუ არ ღვინო, ტოლუბაში და კინტო,

მათ დუდუკი, დიპლიპიტო და ზურნა,

მათ უაზრო ლაზღანდრობა, ყიჟინა?

მე არ მიყვარს სურათები ამგვარი.

მუხამბაზით სხვას რას იტყვი, მითხარი?

*

მე მომეცი კილო რუსთაველისა,

გაფურჩვნილი, ვით ყვავილი ველისა,

მოკამკამე, როგორც წყარო მცინარი,

ვით მდინარე, მშვენივრად მომდინარი.

იმ კილოთი გვაჩვენე სხვა სურათნი,

დაგვანახვე ველნი, ბორცვნი და მთანი;

მაღლა ზეცა, ქვეშ ზღვა განუსაზღვრელი;

მთლად ბუნება, დიდი, გასაკვირველი.

ველნი, ბორცვნი ტურფად იფურჩვნებოდნენ,

წვერნი მთათა ცის კარს ებჯინებოდნენ;

ცის კამარა ბრწყინავდეს მნათობთ სხივით,

ან გრგვინავდეს ელვითა და ქუხილით;

კაშკაშებდეს მზის სხივითა ზღვის გული,

თვის ნაპირზედ მშვიდად მიძინებული;

ან მრისხანე ცაში ზვირთებს ისვრიდეს

და თვის მკერდზედ ნავთ ხომალდებს მუსრვიდეს.

დაგვანახვე დიდებული ბუნება,

იმის დიდი მრავალგვარი შვენება.

*

სხვანიც დიდნი საგანნი გაქვს, პოეტო:

გმართებს ძველ დროთ გმირნი გამოგვიხატო,

მამულისთვის მათ ბრძოლა საშინელი,

ბრძოლის გრგვინვა, საზარო ბრძოლის ველი.

*

დაგვანახვე ასული მშვენიერი,

სახეს უჩნდეს გულის ჭმუნვა ძლიერი,

იყოს ვარდი, ავდრისგან ფერმიხდილი,

და ყვავილი, ქარისგან თავმიხრილი.

ნაზი, ტურფა, მშვიდი და წმინდა გული,

მაგრამ მთელის არსით შეყვარებული.

მისი სატრფო შორს შავს ბედთან იბრძოდეს;

მშვენიერი ცხარის ცრემლით იღვროდეს;

შილლერისას ჰგვანდეს ამალიასა,

ან შექსპირის ციურს ოფელიასა.

შეგვიყვანე გლეხის კაცის სახლშია,

იმათ ბაღში და იმათ ვენახშია;

დაგვანახვე, რით სწუხს, რით ხარობს გლეხი;

ჩარჩებს დაეც რისხვა ღვთისა და მეხი...

და ჩვენც მაღლა გვამხილე, რაც გვჭირს ავი,

სიზარმაცე და უმეცრება შავი!

რისთვის მინდა და რაში ვაქნევ კინტოს,

იმის დუდუკს და იმის დიპლიპიტოს,

ან ლოპიანს, ან დიმიტრი ონიკოვს?

ჩემი გული სხვა გვართ სურათებს ითხოვს.

მაინც ამ ხმით ვცდი, როსმე რამ გიამბოთ,

მდაბიური,— იქნება, ზოგთ გიამოთ.


1884 წ.

მშვიდობით, ველნო, საყვარელნო, ზურმუხტნო ველნო!

ბორცვნო, ჭალაკნო მშვენიერნო, ტურფა არენო,

მთანო ამაყნო, ახოვანნო, ცად მიბჯენილნო,

წყალნო ალმასნო, მოცინარნო, მოკამკამენო!

მშვიდობით, ჩემო გამომზრდელო, ჩემო მამულო!

მშვიდობით, მაგრამ შენთან მრჩება ოცნება ტკბილი...

გმირთ ძეთ სამარევ, იმათ წმინდა სისხლით მორწყულო,

სადა გინდ ვიყო, რაც გინდ ვიყო, ვარ შენი შვილი!


1834 წ.

ვინც სოფლისაგან და ბედისგან არს დაჩაგრული,

დღენი კეთილნი ამ სოფელში ვინც ვერა ნახა,

ვისიც ამ ქვეყნის შვენებისთვის აღარ სძგერს გული,

ვინცა სიცოცხლე უვარგისად და ცრუდ დასახა,

ვისაც მაღალი აღარ ესმის ბუნების ენა,—

..............

მან მომცეს ხელი, მას ავიყვან მთასა მაღალსა;

იქ იმის გული სიცოცხლისთვის კვლავ გაიღვიძებს:

ღვთიური ცეცხლი განაცხოვლებს მის თვალს დამშვრალსა,

სოფლის სიხარულს, სოფლის ტანჯვას ის კვალად იგრძნობს,

კვლავ მოიგონებს ჩვენს მხიარულს ლხინს და სიმღერას.

წარსულნი წელნი, ტრფობის დღენი მოაგონდება;

გული ძლიერად, სიხარულით დაუწყებს ძგერას,

სიყვარულისა საღმრთო ალით კვლავ აღენთება;

კვალად შეჰხედავს ცას და მიწას ნათლის თვალითა,—

ოღონდ შეჰხედოს დაბლა ვრცელს ველს, მის წინ გარდა-

შლილს,

ველსა მთლად მოსილს წალკოტებით და ყვავილებით,

ველსა ედემსა, ტურფა ედემს, ღვთისგან პირველ ქმნილს;

მის წინ მთათ რიგთა, დიდებულად ცამდინ აღმართულთ,

მაღლა ყინულით, ძირს ფურჩვნილის ტყეებით მორთულთ;

მას ვრცელს ველს შუა მშვენიერსა დიდს მდინარესა,

ზოგან კამკამით, ზოგან მჩქეფრად მომდინარესა;

შეჰხედოს, ნახოს მის მდიდარი, ტურფა შვენება,

და მისი გული სიცოცხლისთვის კვლავ გაიშლება!

როდის მეღირსოს, მშვენიერო, ჩვენო კახეთო,

მწვანით მოსილის გომბორის მთით კვლავ გადმოგხედო;

შენის შვენებით, შენის მზერით გავიძღო თვალი,

შენს სადღეგრძელოდ შენ-წინ შევსვა სავსე ფიალი!


1880 წ.