ვუძღვნი იმერთ

არის ადგილი, მის შვენებას ვერ აღწერს ხელი,

როგორც ედემის, მის აღწერა ისეა ძნელი!

მისი შვენება ედემისა არის შვენება,

იმის შვენების მოშორება თვალს ენანება.

თვალს მოაშორებთ, თქვენი გული იმისკენვე რბის,

იმის კვლავ ნახვას სიხარულით გული მოელის.

ზაფხულს ზეფირი მას დაჰქროლავს და მაზედ ხარობს,

ზამთრით მზე მარად მაზედ მნათობს და მის გულს ათბობს;

ღამის მნათობნი სიხარულით მას დასცქერიან,

უხვად თვისს სხივსა ზამთარ-ზაფხულ მას უგზავნიან.

ესე არს მიწა საყვარელი ვარსკვლავთ და მზისა,

ზურმუხტ მდელოსი, ფურჩვნილ ყვავილთ და ნათლის ცისა!

***

დიდი შენობა მის დიდს მთაზე არს აღმართული,

ათასის წლისა ხავსით არის იგი მორთული.

დგას დიდებულად, გულამაყად, მტკიცედ და მაგრად,

თითქო უბრძანებს გარეშემო ხეობათ და მთათ:

“აქ ვდგევარ მარტო, უმეზობლო, ვდგევარ ლიტონი,

“მარტოც ვარ თქვენი მბრძანებელი, თქვენი პატრონი!..”

***

რა შენობაა ის შენობა?—ჰკითხეთ თითონ მას.

ათასის წლისა მის კედელი მოგცემთ თითონ ხმას.

იმის კედელი, ჯერაც მტკიცე, არ-დარღვეული,

იმ შენობისა დიდებული არის რვეული.

ის ჩვენ მოგვითხრობს: ”მე აღვშენდი ხელით ძლიერით,

“ათასმა წელმა ჩემს თავზედა განვლო გრიალით.

***

“ამ ათას წელში მრისხანებით მე მბერდნენ ქარნი,

“იძროდნენ მათგან ხეობანი, მთანი და ბარნი;

“სეტყვა და მეხი მრისხანენი ძლიერად მცემდნენ,

“ჩემს შერყევასა და დარღვევას თითქოს ცდილობდნენ.

“მაგრამ, ხომ მხედავთ... აწცა მაგრად, ვით ძველად, ვდგევარ,

“თუმცა ათასის წლის ხავსითა შებურვილი ვარ!

***

“აქ დაბლა მე ვარ მის მოწამე და იქ მაღლა—ცა,

“როგორც ამაღლდა საქართველო, როგორც დაეცა!

“აქ ჩემს წიაღში განისვენებს დიდი თამარი,

“თამარ ბრწყინვალე, თამარ ტურფა და მშვენიერი,

“პოეზიისა, ერის გულში, სხივით მორთული,

“ივერიისა ძეთ დიდება და სიყვარული!

“აქ განისვენებს... მის სახელი?...— დიდი დავითი!

“მათ გვამთ დიდებულთ მე ვარ მცველი, მე ვარ... გელათი”.


1879 წ.

აღარ გვყავს იგი, ვისაც გულით ჩვენ შევხაროდით,

ვინც იყო ერთი, მარტო ერთი ჩვენი შვენება;

ვისიც ციურის ლექსით, სიტყვით, აზრით ვტკბებოდით,

ვინც იყო ჩვენის მამულისა, ერის დიდება.

აღარ გვყავს იგი, ის მოხუცი, ტკბილი მოძრავი,

მეფე სიტყვისა, ლექსთა მეფე, კაცი გულწრფელი.

აღარ არს იგი! არის მხოლოდ გვამი-ცხედარი,

კუბოს წევს, ვერ გრძნობს, რომ ეთხრება სამარე ბნელი.

მაგრამ ჩვენა ვგრძნობთ, ის სამარე ჩვენთვის რა არის:

ქველს და ჭეშმარიტს მამულის ძეს ჩვენ მას ვაბარებთ,

და რა მაზედა ის სამარე ბნელი დაიხშვის,

ცხართ ცრემლთ დავაფრქვევთ, მაგრამ მითი ჩვენ მას ვერ ვარგებთ,

აღარ არს იგი! შეწყდა ლექსი ციური, ტკბილი;

ვეღარ მოვისმენთ მის საუბარს ცხოველს, მხიარულს,

და მისი სიტყვა მარგალიტად, ტურფად წყობილი

არ გაგვიცხოვლებს ამიერით გულსა დაჩაგრულს!


1883 წ.

ერთს განშორებულს მშვენიერს მტილსა

ვარდი ჰყვაოდა ნაზად, ნარნარად,

და მისა ახლოს, მწვანით მოსილსა

წყარო მცინარე ურწყვიდა მარად.

გარნა, რა დილა გამოკრთებოდა,

ყვავი ყვავყვავით ვარდზედ ჯდებოდა,

და მისა ახლოს ბულბული წყნარი,

ერთს გამხმარს ხესა საწყლად მჯდომარი,

ნაზად და ნელად მწარედ მოსთქმიდა

და სჭვრეტდა ყვავსა, ვით ვარდს სჯიჯგნიდა.

განრისხებული ვარდის მფლობელი

გარდასჩხაოდა საწყალს ბულბულსა:

“ეგრეთ ცუდისა ხმის მქონებელი

რად არ დასცხრები, რად უხეთქ გულსა

ნარნარად ჩემგან შეყვარებულსა?”

გარნა ბულბული ნაზად და წყნარად

სტვენდა სიყვარულს მარად და მარად.

რა განვაგრძელო? მამაცმა ყვავმა,

ვითა გულითა, სულითაც შავმა,

გრძლად ვარდთან შვება ვერ მოითმინა.

ყრიანტალითა და ბრჭყალებითა

გასჯიჯგნა ვარდი და მსწრაფლ იფრინა.

ვარდიცა დაჭკნდა მიწას გდებითა.

გარნა ბულბული ნაზად და წყნარად

სტვენდა სიყვარულს მარად და მარად...