იაგუნდის მარანში თუ

ლალისფერი ღვინო დგება,

გულში მიდუღს თაფლის სიტყვა, -

მეკვლეს პირში დამიტკბება;

გაზაფხულის თანამეგზურს

გეტყვი: მე მსურს გულის ძგერით,

შენი ცეცხლი და სიცოცხლე

იყოს მარად ურიცხველი!

ნაპარტახალ ძველ მიწიდან

ველოდები სავსე მტევნებს,

მე თვითეულ ნარწევ აკვანს

შენს სიყვარულს დავადევნებ!

გაგიმრავლოს ძუძუს მუშა -

და შენმა რძემ სულ იჩქეფოს,

ჯანსაღური ძარღვის სისხლი

და ბარაქა დაგეკვებოს!

იყავ ნაღდი და გამრჯელი,

მეთაფლური ფუტკარივით,

ლაღი გქონდეს გონება და

გული მარად უტკივარი!

შრომითა და იერიშით

სულ მენახო დიდ-ნაშენი;

გრგვინვასავით შორს ისმოდეს

ზავთიანი სიტყვა შენი!

არასოდეს არ დაბერდე,

სულ დაესწარ ახალ წელით;

და სამოცდახუთი წლისაც

ტკბილად იყავ დამხარჯველი!


1965 წ.

შეხედე ტაძარს სვეტიცხოვლისას,

სადაც იწვება უკვდავი ღვენთი,

მაშინ იწამებ გარე ყოვლისა,

რომ აქ ოდესმე ყოფილა ღმერთი!

დღეს შენს თვალებში მე ჩავიხედე,

აღმდგარა ღმერთი საქართველოში!

გულიდან ჟანგი გადავიხვეტე,

როცა სიბერის განგაშს ველოდი!

მორწმუნე შენი გავხდი პირველი,

და ლექსის სანთელს გინთებ თრთოლვითა,

შენი, შენდამი შემომწირველი,

დიდ ოცნებათა სვეტიცხოვლიდან...


1964 წ.

ალაზნის ველზე დიდი პოეტი,

არსად, არასდროს არ გაჩენილა!

აჰა, სამხრეთი და ჩრდილოეთი,

თუ მისებრ ეშხი გადარჩენილა!

ალბათ, უღმერთო მზეთუნახავი,

საქართველოში, სულ ძველის ძველად,

რადგან არ იყო - დასამარხავი

უცებ შეირხა...

აღდგა...

გაცოცხლდა...

განხორციელდა ალაზნის ველად!

დამიდასტუროს მასთან მიმსვლელმა,

რომ ეს მშვენება ვერვინ დაბურა,

და ვერც სიკვდილმა აუდაბურა,

ხანძრების ბოლით გადამნისვნელმა...

ალაზნის ველის ჭრელი ხოხობი,

მისთვის ჩემს გულში შემოქროლილა

და ჩემი სიტყვაც, მზიურ ხორხოცით,

ამ დიდ ემბაზში დაოქროილა!

ალაზნის ველზე დიდი პოეტი

ჯერ ქვეყანაზე არ გაჩენილა!

ვამაყობ ჩემი მეჯილდოეთი,

ბედმა მამულად ამარჩევინა!

მოდით, ემთხვიეთ,

ვინც სილამაზე

გულს უკვდავ დაღად დაგვამჩნევინა!

ალაზნის ველო!

შენს სადღეგრძელოს

ვსვამ რომ სიცოცხლე არ გამეძნელოს!


1964 წ.