ალაზნის ველზე დიდი პოეტი,

არსად, არასდროს არ გაჩენილა!

აჰა, სამხრეთი და ჩრდილოეთი,

თუ მისებრ ეშხი გადარჩენილა!

ალბათ, უღმერთო მზეთუნახავი,

საქართველოში, სულ ძველის ძველად,

რადგან არ იყო - დასამარხავი

უცებ შეირხა...

აღდგა...

გაცოცხლდა...

განხორციელდა ალაზნის ველად!

დამიდასტუროს მასთან მიმსვლელმა,

რომ ეს მშვენება ვერვინ დაბურა,

და ვერც სიკვდილმა აუდაბურა,

ხანძრების ბოლით გადამნისვნელმა...

ალაზნის ველის ჭრელი ხოხობი,

მისთვის ჩემს გულში შემოქროლილა

და ჩემი სიტყვაც, მზიურ ხორხოცით,

ამ დიდ ემბაზში დაოქროილა!

ალაზნის ველზე დიდი პოეტი

ჯერ ქვეყანაზე არ გაჩენილა!

ვამაყობ ჩემი მეჯილდოეთი,

ბედმა მამულად ამარჩევინა!

მოდით, ემთხვიეთ,

ვინც სილამაზე

გულს უკვდავ დაღად დაგვამჩნევინა!

ალაზნის ველო!

შენს სადღეგრძელოს

ვსვამ რომ სიცოცხლე არ გამეძნელოს!


1964 წ.

შენ ხარ წარსული. . .
მაგრამ არასდროს
მხოლოდ ნამყო და მხოლოდ წარსული,
სუნთქვას განაგრძობს,
ბრწყინვას განაგრძობს
შენი საუნჯე და საგანძური.

შენ ხარ სიცოცხლე,
რადგან გაუძელ
ათას ჭირსა და ხმლით გაციებას;
ათას გაქრობას დღესასწაულზე
ხარ მარად უქრობ ცეცხლის ძიება.

შენ ხარ ძიება
მარად მაღალის,
მარად კეთილის, მარად მართალის,
შენ ხარ ძიება
ჯერ უნახავის,
ჯერ უდაბურის, ჯერ უმართავის.

შენ ხარ ძიება, დაუდეგარი,
მხოლოდ მომავლის,
მხოლოდ ახალის,
სწორედ ეგ არის
სწორედ ეგ არის
სწორედ აქ არის,
სწორედ აქ არის!

შენ ხარ მარჯვენა, მარად მფეთქავი,
შენ ხარ სანთელი დაუქრობელი,
შენ ხარ სიმკვრივე გაუკვეთავი,
შენ ხარ სიმაღლე დაუპყრობელი.

ხარ გაქანება, ხარ წინმსვლელობა,
ხარ ცად ასროლა ადათ-წესების,
როგორც სხივები უსასრულობას -
ათასწლებს გაჰყვეს შენი ფესვები.

-შენგან განდგომა,
ო, ჯვარცმულო,
მე რად დამბრალდა,
მაღალ მწვერვალთა სალოცავო,
ხატო ნაპრალთა,
ძლეულთ ნუგეშო,
დავრდომილთა თავშესაფარო,
მაშვრალთ იმედო,
ანთებულო ბნელში ლამპარო,
არას მქონეთა საგანძურო,
დიდო ზაფხულო,
მიზანთ მიზანო უმაღლესო,
რწმენით ნახულო.
მე შენის მცნების
აღსარება
ვარ თვით აკვნიდან,
შენია ჩემი
გულიც,
ცნობაც,
ხმაც საკუთარი,
მე სიყრმის დღიდან
არ მქონია
სხვა საყუდარი,
შენგან არს
ჩემში რაც ამაღლდა,
რაც რამ დაკნინდა.
შენით, მე შენით
ათას გზაში
გზა არ შემშლია,
შენმა განგებამ,
შენმა მცნებამ
მართლად წარმმართა,
შენ ამაშორე
ბიწიერი
წარღვნა წარმართთა,
შენ ჩამაგონე ზეციური:
„ღმერთი შენშია’’.
და თუ რამ შევცდი,
რამ შეგცოდე,
რამ შემოგბედე,
გულთამხილავო,
ეს შენ უწყი
უმალ ყოველი;
მაღალ მსაჯულად,
მაღალ მოწმედ
მყავს შემოქმედი-
შენგან შენდობას,
სულგრძელობას
შენგან მოველი.
მე ჩემს გონებას,
გძნობას ვთვლიდი
ჩემს დიდ საუნჯედ,
რადგან არსთაგანს
მე მებოძა
ეს საბოძველი,
შენ მთხოვდი თაყვანს,
მხოლოდ თაყვანს,
თაყვანს განუსჯელს,
მე მხოლოდ განსჯის,
მხოლოდ განსჯის
ვიყავ მლოცველი.
თუ განმაკაცე,
თუ დამადგი
თვალი სრულქმნელის ,
თუ მომეც ძალი
ხან ფრთაშესხმის,
ხან დაღონების-
მე მსურდა შენგან
სიტკბოც
ცნობის თავისუფლების,
მე მწადდა შენგან
სიხარულიც
განხმუკ გონები.
მე ამ წადილით
მე მ ლოცვით
ვიყავ დამწვარი;
ხამს ლოცვა ჩემი
არ მემწუხროს,
ხამს,არ წამმწარდეს
და თუ შენ მაინც
ცოდვად მითვლი
ამ ჩემს საწადელს-
ცოდვა, არ ცოდვის
ჭეშმარიტი
სად ძევს სამძღვარი?!
ნუ,ნუ შემრიცხავ
მე აქ ვდგავა,
მე აქ მოველი,
სადაც გიზგიზებს
სუნთქვა შენი
და შენეული
იმ ჩემი სევდის,
იმ წადილის
კვალად მთხოველი,
აწ გარდალი,
მე სიბერის
ჭირით სნეული.
შენგან განდგომა
ო, ჯვარცმულო,
მე რად დამბრალდა,
მაღალ მწვერვალთა სალოცავო,
ხატო ნაპრალთა,
შენ უპოვართა საგაძურო,
დიდო ზაფხულო,
მიზანთ მიზანო უმაღლესო,
რწმენით ნახულო.’