სიცოცხლის რაობა და მისი წარმოშობა უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს. ღვთის გარეშე ამ საიდუმლოს ახსნა ვარაუდებისა და ფანტაზიის სფეროა. მცდელობა, ამ ვარაუდებსა და ფანტაზიას მეცნიერების სახე ჩამოუყალიბონ, XIX საუკუნეში დაიწყო და დღეს იგი ცნობილია ევოლუციური თეორიის ან მოძღვრების სახელით. მეცნიერულად დაუსაბუთებელმა ამ მოძღვრებამ ათეული წლების მანძილზე ადგილი დაიკავა სასკოლო სახელმძღვანელოებში და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების ერთ-ერთ ბერკეტად იქცა. მეცნიერების იდეოლოგიზაცია მეცნიერული კვლევის ფალსიფიცირებას იწვევს და რაც დრო გადის, ევოლუციური მოძღვრების წინააღმდეგობა ჭეშმარიტ მეცნიერებასთან უფრო ცხადი ხდება. სოციალისტურ-მატერიალისტური იდეების საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა სოციალურმა ექსპერიმენტებმა XX საუკუნეში ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანა მთელი რიგი ქვეყნებისა. ევოლუციური მოძღვრება ამ იდეების შემადგენელი ნაწილია განათლებისა და მეცნიერების სფეროში. დღეს აქ ტუალური გახდა ამ ცდომილების გამოსწორება, ერთი მხრივ, მეცნიერების სხვადასხვა დარგების განვითარებისა და დაგროვილი ფაქტობრივი მასალის შედეგად, მეორე მხრივ, ევოლუციური მოძღვრების დასკვნების სიცოცხლისა და ადამიანის, როგორც უნიკალური ფენომენის, აქსიოლოგიასთან შეუსაბამობის გამო.

კრეაციული (ღვთის მიერ სამყაროს შექმნის) შეხედულება ისევ აქტუალური ხდება. მსოფლიოში დღეს არსებობს კრეაციული კვლევის რამდენიმე ცენტრი. საქართველოში ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობდა აკადემიკოსი არჩილ კოსტავა. მან გამოსცა წიგნი: „მეტაკრიაცონიზმის შესავალი“. რუსეთში, პატრიარქ ალექსი II-ის კურთხევით, გამოიცა ბიოლოგიის ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც მრავალმხრივ არის განხილული ევოლუციური მოძღვრების დებულებების თუ „აღმოჩენების“ სიყალბე და ცდომილება. მეცნიერების ისტორიის ეს ფურცლები ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, რადგან ეს არ არის ვიწრო მეცნიერების სფერო, არამედ სოციალურ ფენომენად იქცა და ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს ზემოხსენებული ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან. იმედი გვაქვს, რომ კერძო სკოლების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საპატრიარქოსთან არსებული სკოლების, სასწავლო პროგრამებში ეს ინფორმაცია იპოვის ასახვას და სწორად მიეწოდება აღსაზრდელებს. ეს ხელს შეუწყობს მომავალში ზოგადი განათლების სისტემაშიც მეცნიერული სიმართლის აღდგენას.

რედაქციისაგან


1. მოკლე ცნობები ევოლუციური მოძღვრების ისტორიიდან

„ევოლუციური იდეების ფორმირების მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ჩარლზ დარვინის შრომები. მეცნიერმა შენიშნა, რომ ბევრი ორგანიზმი წარმოდგენილია მეტ-ნაკლებად მსგავსი სახეობებით, რომელთაგან თითოეული შეგუებულია კონკრეტულ გარემო პირობებს. დარვინს ეკუთვნის მოძღვრება ადაპტირებულ ნიშან-თვისებათა ფორმირებაში ბუნებრივი გადარჩევის როლის შესახებ. დარვინის აზრით, გადარჩევის მასალას წარმოადგენს ორგანიზმების არამიმართული ცვალებადობა.

მცირე ცვლილებები პოპულაციებში დღესაც შეინიშნება. მაგრამ დარვინი შორს წავიდა. მისი აზრით, ჩვენი პლანეტის ყველა თანამედროვე ბინადარი ნელ-ნელა, თანდათან თვითონ განვითარდა მარტივი ორგანიზმებიდან, ეს ჰიპოთეზა არცერთი ფაქტით არ დადასტურდა. მისი ფართო გავრცელება დროის სულისკვეთებამ მოიტანა, რომელიც ადამიანის გონების შესაძლებლობებს გაზვიადებულად უყურებდა და ყველა მოვლენის ახსნას ნატურალისტური მიდგომებით ცდილობდა.

დარვინმა სახელგანთქმული კემბრიჯის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველი ფაკულტეტი დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ მისმა აზრებმა „ევოლუცია“ განიცადეს, მეცნიერი სიცოცხლის წარმოშობის უპირველეს მიზეზად ღვთის შემოქმედებით აქტს თვლიდა. ის წერდა: „იმის აღიარების შეუძლებლობა, რომ უზარმაზარი და საოცარი სამყარო ჩვენი, გონიერი არსებების, ჩათვლით შემთხვევით წარმოიშვა, მე მიმაჩნია ღვთის არსებობის მთავარ დამამტკიცებელ საბუთად“.

XX საუკუნის პირველ ნახევარში ცხადი გახდა, რომ ბუნებრივი გადარჩევის თეორიით ვერანაირად ვერ აიხსნებოდა ზესახეობრივი ტაქსონების ფორმირება. გენეტიკის მონაცემები მკვეთრად გაემიჯნენ დარვინისეულ თვისებათა თანდათანობით ცვლილებების მექანიზმს.

მთელი რიგი მეცნიერებისა - ს.ჩეტვერიკოვი, ჯ.ჰოლდეინი, ჯ.ჰექსლი, ფ.დობჟანსკი, ე.მაირი, ი.შმალჰაუზენი, ა.ნ. და ა.ს სევერცოვები, ლ.ტატარინოვი და სხვები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ დარვინის ჰიპოთეზის უსაფუძვლობისათვის და შექმნეს, ეგრეთ წოდებული, ევოლუციის სინთეზური თეორია. ეს იყო მცდელობა, აეგოთ ევოლუციური თეორია გენეტიკის მონაცემთა გათვალისწინებით, რომელიც მუტაციურ ცვლილებებს და ბუნებრივ გადარჩევას პოპულაციურ დონეზე განიხილავდა. ამავდროულად მეცნიერებაში ყალიბდებოდა სინთეზური თეორიის საწინააღმდეგო შეხედულებები. 1920-იან წლებში აკადემიკოსი ლ.ს. ბერგი მართებულად ამტკიცებდა, რომ შემთხვევითი და არამიმართული ხასიათის ცვლილებებს შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ დაარღვიონ ორგანიზმის გამართული მუშაობა და არასდროს არ სრულყოფენ და არ ხვეწენ მას. XX საუკუნის მეორე ნახევარში ევოლუციური თეორია დაიშალა მრავალ ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავ ჰიპოთეზებად, რომლებიც ვერანაირად ვერ აყალიბებდნენ რთული სისტემის ევოლუციის ძირითად მექანიზმს.

ახალი მეცნიერული მონაცემები ცხადყოფდნენ იმ ჰიპოთეზის უმწეობას, რომელიც ითვალისწინებდა ბუნებრივი გადარჩევის საშუალებით თითოეული ნიშან-თვისების ჩამოყალიბებას. ამის გამო 1968 წელს მოლეკულურ ბიოლოგიაში მოღვაწე მეცნიერებმა მ. კიმურამ, ტ. ჯუქსმა და დ. კინგმა შემოგვთავაზეს ევოლუციის ჰიპოთეზა ნეიტრალური მუტაციების საფუძველზე. ეს მუტაციები არ ექვემდებარებოდა ბუნებრივი გადარჩევის პროცესებს. ამ „ნეიტრალურმა ევოლუციურმა თეორიამ“ მძაფრი კრიტიკა გამოიწვია ბუნებრივი გადარჩევის „შემოქმედებითი როლის“ (დარვინის მიხედვით) მომხრე მეცნიერების მხრიდან.

1972 წელს ორი ცნობილი პალეონტოლოგი ნ.ელდრიჯი ამერიკის ბუნებისმცოდნეობის ისტორიის მუზეუმიდან და ს.გულდი ჰარვარდიდან, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ არ არსებობს მსხვილ ტაქსონებს შორის გარდამავალი ფორმები, მივიდნენ დასკვნამდე: ევოლუცია თანდათანობითი ცვლილებების გზით შეუძლებელია წარმართულიყო. მათ კონცეფცია წამოაყენეს ევოლუციის არათანაბარი ტემპის შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდების და სწრაფი ევოლუციური ნახტომების მონაცვლეობით, ანუ ეს იყო „წყვეტილი წონასწორობის“ პიპოთეზა. კამათი ამ თემაზე დღესაც არ წყდება, მაგრამ ასეთი ნახტომების მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია.

გერმანელი პალეონტოლოგი ო.შინდევოლფი და ამერიკელი გენეტიკოსი რ.გოლდშმიდტი ცდილობდნენ ერთმანეთთან შეეთანხმებინათ ევოლუციური თეორია და ნამარხი გარდამავალი ფორმების არარსებობის ფაქტი. მათ ევოლუციის სინთერზური თეორიის მცირე მუტაციური ცვლილებების საპირისპიროდ შემოგვთავაზეს ჰიპოთეზა „სისტემური მუტაციების“ შესახებ, რომელსაც მივყავართ გენომის დიდ გარდაქმნამდე ე.წ. „დამაიმედებელი სიმახინჯეების“ წარმოქმნამდე. შინდევოლფის აზრით, „პირველი ჩიტი ქვეწარმავლის კვერცხიდან გამოფრინდა“. ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, თუ რა სიმრავლის წარმოუდგენელ არსებებს გააჩენდა მსგავსი შემთხვევითი პროცესები. ამის გათვალისწინებით გენეტიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუკი ასეთი ნახტომები მართლაც მიგვიყვანდა თანამედროვე ფლორისა და ფაუნის წარმოშობამდე, ეს შესაძლებელი იქნებოდა ისევ და ისევ შემოქმედი ღმერთის ჩანაფიქრის შესაბამისად.

რუსმა მეცნიერებმა ი.ალტუხოვმა და ნ.ვორონცოვმა ივარაუდეს, რომ ევოლუციური განვითარება შესაძლებელია მოხდეს გენომის განსაზღვრულ ნაწილში ნახტომისებური ცვლილებების გზით. ნ.ვორონცოვმა აგრეთვე წამოაყენა ჰიპოთეზა მოზაიკური ევოლუციის თაობაზე (ორგანიზმის ფრაგმენტების ცვლილებების საშუალებით).

თანამედროვე ევოლუციური თეორია წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ და ურთიერთსაპირისპირო კონცეფციების ერთობლიობას, რომელთაგან ვერცერთი ვერ ხსნის ორგანიზმთა წარმოშობას.

სავარაუდო მაკროევოლუციის ერთადერთ დამამტკიცებელ საბუთად პალეონტოგიური ნამარხები გამოდგებოდა, რომლებიც ცხადყოფდნენ, თუ როგორ გადადიოდა ერთი სახეობა მეორეში, მაგრამ ასეთი გარდამავალი ფორმები არასდროს და არსად არ არის ნაპოვნი.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ავტორიტეტული გენეტიკოსი და ევოლუციონისტი ე.კ.ხუსნუტდინოვი აღიარებს, რომ მეცნიერული მონაცემების ჩარჩოებში სავსებით „შესაძლოა ვიფიქროთ,“ რომ ეს სამყარო ევოლუციის პროდუქტი არ არის, არამედ იგი ღვთის შემოქმედებაა. რადგანაც თანამედროვე მეცნიერებს შესანიშნავად ესმით ევოლუციური თეორიის დასაბუთების მთელი სირთულეები, ისინი სულ უფრო ხშირად უბრუნდებიან წმიდა წერილს“ (გვ. 191-193).

 
2. ევოლუციური მოძღვრების დამადასტურებელ ფაქტად თავის დროზე მიჩნეული იყო რუდიმენტების არსებობა

„რუდიმენტები, ასე ეძახიან იმ ორგანოებს, რომლებიც ცხოველებში თითქოს არავითარ ფუნქციას აღარ ასრულებენ, მაგრამ მათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ორგანიზმის ევოლუციური წინაპრისთვის. მე-19 საუკუნეში მიჩნეული იყო, რომ ადამიანს 180-მდე რუდიმენტული ორგანო გააჩნდა. ამ ორგანოებს მიაკუთვნებდნენ თვალის მესამე ქუთუთოს, ფარისებრ და ნუშისებრ ჯირკვლებს, მუხლის მენისკს, აპენდიქსს, კუდუსუნს და მრავალ სხვა ორგანოს, რომელთა ფუნქციებიც არ იყო აღმოჩენილი და შესწავლილი. როგორც დადგინდა, ადამიანს არა აქვს არცერთი უსარგებლო ორგანო და ყველას თავის ფუნქცია გააჩნია.

თვალის მესამე ქუთუთო ანუ ნახევარმთვარისებური ნაკეცი მდებარეობს თვალის შიგა კუთხეში და თვალის კაკალს ეხმარება შეტრიალდეს ნებისმიერი მიმართულებით. მის გარეშე მობრუნების კუთხე მკვეთრად შეზღუდული იქნებოდა. ის ატენიანებს თვალს და მონაწილეობს თვალში მოხვედრილი უცხო სხეულის ჩამოწმენდაში. ეს ნაკეცი გამოყოფს წებოვან ნივთიერებას, რომელიც აგროვებს უცხო ნაწილაკებს პატარა გროვებად და აადვილებს თვალის ზედაპირიდან მათ უსაფრთხო მოცილებას. ნახევარმთვარისებური ნაკეცი შეუძლებელია ჩაითვალოს ცხოველთა მოხამხამე აპკის ნაშთად იმ მიზეზის გამო, რომ ეს ორგანოები სხვადასხვა ნერვებით ინერვირდება.

როგორც აღმოჩნდა, აპენდიქსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იმუნურ სისტემაში, განსაკუთრებით კი ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში. მას გააჩნია დამცველი ფუნქცია და ახორციელებს ბრმა ნაწლავის ბაქტერიული ფლორის კონტროლს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აპენდიქსის ამოცლის შემთხვევაში იზრდება ავთვისებიან წარმონაქმნთა რისკი.

ამერიკაში 30-იან წლებში ბავშვების ნახევარზე მეტს მოაცილეს „სრულიად უსარგებლო“ ნუშისებრი ჯირკვლები. დროთა განმავლობაში ნიუ-იორკის ონკოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ამოცლილი ჰქონდათ ნუშისებრი ჯირკვლები, დაახლოებით სამჯერ მეტად იყვნენ დაავადებულნი ლიმფოგრანულო მატოზით - ავთვისებიანი დაავადებით.

1889 წელს ფრანგმა ექიმმა ფ. გლენარმა წამოაყენა ორიგინალური კონცეფცია იმის შესახებ, რომ ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა სრულყოფილი არ არის, რასაც ის ხსნიდა ადამიანის ცხოველური წარმოშობით. ამის შესახებ მან 30-მდე სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა. ადამიანს, რომელსაც აწუხებდა ტკივილი კუჭის არეში, უსვამდნენ დიაგნოზს: „გლენარის სინდრომს“ (ნაწლავებისა და სხვა ორგანოების დაწევა). მათ ენიშნებოდათ ქირურგიული ჩარევით ბრმა ნაწლავის ფიქსაცია და გასტროპექსია - ეს რთული ოპერაციები მიზნად ისახავდა ბუნების „არასრულყოფილების“ გამოსწორებას.

ი. მეჩნიკოვმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ ევოლუციური განვითარების ეტაპებს გადის და ცუდადაა შეგუებული კვების რაციონს. ამ ჰიპოთეზით შთაგონებულმა ინგლისელმა ექიმმა ლეინმა დაიწყო ოპერაციების კეთება. იგი ადამიანებს უმოკლებდა მსხვილ ნაწლავს. პირველ რიგში ლეინს მიაჩნდა, რომ ადამიანებს ათავისუფლებდა ლპობის ბაქტერიებისაგან, რომლებიც მსხვილ ნაწლავებში ბინადრობენ. მას მიაჩნდა, რომ ამ გზით შესაძლებელი იყო უამრავი დაავადების განკურნება: დაწყებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით და დამთავრებული შიზოფრენიით. მარტო ლეინმა დაახლოებით ამ ტიპის 1000-ზე მეტი ოპერაცია გააკეთა. მას მიმდევრებიც ბევრი ჰყავდა.

ეს მონათხრობი დღეს განცვიფრებასა და გაოგნებას იწვევს. უნდა ითქვას, რომ ამ ექსპერიმენტების უკან ათასობით საბრალო მსხვერპლია, მათ შორის დაღუპულებიც“ (გვ. 200-201).

 
3. ევოლუციური მოძღვრების დასამტკიცებლად მოგონილი ბიოგენეტიკური კანონის არამართებულობა

„დარვინის თანამედროვე ინგლისელი მეცნიერი ერნსტ ჰეკელი სწავლობდა ემბრიონების გამოსახულებებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ემბრიონთა განვითარებაში აისახება წარსული ევოლუციის ნიშან-თვისებები.

 ჰეკელის ბიოგენეტიკური კანონი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თითოეული ორგანიზმი თავის ემბრიონული განვითარების დროს იმეორებს სტადიებს, რომლებიც მისმა სახეობამ გაიარა ევოლუციის პროცესში. კანონი საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს. ამის დასამტკიცებლად ჰეკელმა გამოაქვეყნა ადამიანის ემბრიონის გამოსახულება, რომელზეც გარკვევით ჩანდა ლაყუჩები და კუდი. ჰეკელის ამ წიგნის გამოქვეყნებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია. როდესაც პროფესიონალმა ემბრიოლოგებმა იხილეს ადამიანის ჩანასახის ეს გამოსახულება, ჰეკელი ამხილეს ფაქტების ფალსიფიკაციაში. ავტორმა აღიარა, რომ სურათი რამდენადმე „ტუშით დაამუშავა“ (მარტივად რომ ვთქვათ, მიახატა ლაყუჩების ხვრელები), თავი კი ასე იმართლა: „რა მოხდა, ყველა ხომ ასე იქცევა!“ იენის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ჰეკელი დამნაშავედ სცნო მეცნიერულ თვალთმაქცობაში და პროფესორთა შემადგენლობიდან გარიცხა“.

საზღვარგარეთულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბიოგენეტიკური კანონი თითქმის აღარ განიხილება. მეცნიერთა უმრავლესობა გადაჭრით მიიჩნევს, რომ ის საერთოდ შეუძლებელია ხორციელდებოდეს ემბრიონში, რადგან ეწინააღმდეგება თეორიული ბიოლოგიის მთელ რიგ დებულებებს. რუსი მეცნიერები აგრძელებენ კავშირების ძიებას ჰიპოთეზურ ევოლუციასა და ემბრიონის აგებულებას შორის. ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაღწიეს. ცნობილი ემბრიოლოგი ა.ს.სევერცოვი ამბობს, რომ მეცნიერები მხოლოდ „ხელების ცეცებით“ ცდილობენ იპოვონ რაიმე ურთიერთკავშირი ევოლუციასა და ემბრიონს შორის.

ემბრიონის განვითარების კვლევისას ბოლო დროს აღმოჩენილი კანონზომიერებები არ ეთანხმება ბიოგენეტიკურ კანონს. ამიტომ გასაკვირი არაა მეცნიერთა სკეპტიკური დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ. ცნობილი ავტორიტეტი თანამედროვე ემბრიოლოგი ს.გილბერტი მეტად კატეგორიულია: „ემბრიოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის დამღუპველი კავშირი შეიქმნა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში მოღვაწე ებრიოლოგისა და ფილოსოფოსის, ერნსტ ჰეკელის, მიერ“. ემბრიოლოგიაში ევოლუციური იდეის ერთერთი ყველაზე დამღუპველი შედეგი არის აბორტების გამართლება. მეცნიერ-ევოლუციონისტთა აზრით, ადრეულ სტადიებზე ორსულობის შეწყვეტა ნიშნავს არა ადამიანის, არამედ ჯერ კიდევ ცხოველის სიკვდილს. მართლმადიდებელი ეკლესია ბავშვთა მკვლელობის ამ ფაქტს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს.

ჰეკელის მცდარი კანონის ანალიზისას გვახსენდება საბჭოთა აკადემიკოსი თ.დ.ლისენკო, რომელსაც ასევე სურდა ევოლუციის იდეას „დახმარებოდა“. მან ააღორძინა ლამარკის იდეა გარემო პირობების განმსაზღვრელი როლის შესახებ და „აღმოაჩინა“ ნახტომისებური გადაქცევა ხორბლისა ჭვავად, ქერისა - შვრიად და საკუთარი სიცრუით შთაგონებულმა პაწაწინა ფრინველის, ყარანას, კვერცხიდან გუგულიც კი გამოჩეკა. ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე მეცნიერმა გენეტიკოსმა ლისენკოს ჰკითხა, რატომაა, რომ მას და მის ასპირანტებს ყველაფერი გამოსდით, ხოლო სხვებს, საბჭოთა კავშირშიც და საზღვარგარეთაც, კი - არა? „სახალხო აკადემიკოსმა“ უპასუხა: იმისათვის, რომ მიიღოთ გარკვეული შედეგი, საჭიროა გსურდეთ სწორედ ამ შედეგის მიღება. თუ თქვენ გინდათ მიიღოთ განსაზღვრული შედეგი, თქვენ მას მიიღებთ“. მაგრამ კეთილსინდისიერი მკვლევარი ამ გზით არ წავა. მას ემახსოვრება ნიკოლოზ კოპერნიკის სიტყვები: „ჩემი ამოცანაა - ვიპოვო ჭეშმარიტება უმაღლესი ღმერთის შემოქმედებაში“ (გვ. 202-205).

 
4. გეოქრონოლოგიური და ბიოსტრატიგრაფიული დასაბუთება

ევოლუციური მოძღვრების მიმდევრები თავისი სწავლების დასაბუთებისათვის მიმართავენ - გეოქრონოლოგიას (დედამიწის ქერქის ზედაპირულ ნაწილში ვერტიკალურ ჭრილში განლაგებული გეოლოგიური შრეების დათარიღებით დედამიწის ასაკის დასაბუთება) და ბიოსტრატიგრაფიას (ცოცხალ არსებათა ნამარხი ფორმების მიხედვით გეოლოგიური შრეების დათარიღება).

„მაკროევოლუციის ჰიპოთეზის, ისევე როგორც ნებისმიერი სამეცნიერო კონცეფციის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად აუცილებელია თეორიული დამუშავება და ექსპერიმენტული გამოკვლევა. რას შეუძლია დაამტკიცოს განვლილი ევოლუციის არსებობის ფაქტი? რა თქმა უნდა, გეოლოგიურ ფენებში ნამარხ ორგანიზმებს. ასეთი შემოწმებისათვის აუცილებელია გამოკვლეულ იქნას გეოლოგიური წიაღის წარმოქმნის პირობები, არსებათა ნამარხი ფორმების განლაგების თანმიმდევრობა და მათ შორის გარდამავალი რგოლების არსებობა.

 დარვინის დროს გეოლოგიურ-პალეონტოლოგიური მასალა ძალიან მწირი იყო. მას შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს მილიონობით გაქვავებული ორგანიზმი.

გეოლოგიური მეცნიერების დამაარსებელმა, ჩარლზ ლაიელმა, გეოქრონოლოგიას საფუძვლად დაუდო უნიფორმიზმის პრინციპი (მთელი გასული დროის მანძილზე თანამედროვე გეოლოგიური პირობების ექსტრაპოლაცია) და პალეონტოლოგიური ნეშტების მიხედვით გეოლოგიური ფენების დათარიღება (ხელმძღვანელობდა ნამარხებით).

ლაიელი და დარვინი ახლო მეგობრები იყვნენ და არ არის გასაკვირი, თუ ლაიელმა გეოლოგია დააფუძნა დარვინის ჰიპოთეზის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ ფაქტობრივ მასალებზე. დაადგინო ასაკობრივი თანაფარდობა შრეებისა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან დიდი მანძილითაა დაშორებული, როგორც წესი, შეუძლებელია. ორგანიზმთა ნეშტების არსებობა განალაგებს სრულიად კონკრეტულ რეპერებს.

ასე მაგალითად, დევონური სისტემის ქანები პირველად გამოყვეს დევონშირის საგრაფოში (ინგლისი), ხოლო პერმული - პერმის ოლქში (შუაგულ რუსეთში). ამ ქანებს შორის ასაკობრივი თანაფარდობა მეცნიერებმა განსაზღვრეს ორგანული ნეშტების მიხედვით. დევონშირის დანალექებში დიდი რაოდენობით იყო თევზები, ხოლო პერმისაში - ქვეწარმავლები. ევოლუციური წარმოდგენების თანახმად, პერმული დანალექები უფრო ახალგაზრდაა, ამის გამო სკალაზე ის მოთავსებული უნდა იყოს დევონურზე ზემოთ. ევოლუციური თეორია თევზებიდან ქვეწარმავლების განვითარებამდე 100-120 მილიონ წელს გამოჰყოფს და ეს მნიშვნელობა აღებული არის პერმულ და დევონურ დანალექების ასაკებს შორის სხვაობად. ასე აღმოჩნდა გეოქრონოლოგიური სკალა მიჯაჭვული ჰიპოთეზური ევოლუციის მილიარდ წლებს.

ავტორიტეტული სედიმენტოლოგი (სედიმენტოლოგია - დანალექების შემსწავლელი გეოლოგიური დისციპლინა) ს.ი.რომანოვსკი ასეთი მიდგომების არაკორექტულობაზე წერს: „ლაიელი ნორმად იღებდა თანამედროვე დედამიწის მდგომარეობას და რადგანაც მან მიიღო დარვინის ევოლუციური თეორია, უნებლიეთ დაიწყო დედამიწის ისტორიის შეცვლა სიცოცხლის ისტორიით. ლაიელიდან ეს ცოდვა სხვა თაობის გეოლოგებზეც გადავიდა, ბევრი მათგანი მისგან დღემდე ვერ განთავისუფლდა“.

 „გეოქრონოლოგიური სკალის სისწორის დასამტკიცებლად ხშირად მოჰყავთ რადიოიზოტოპიის მეთოდებით დათარიღების შედეგები. ეს მეთოდებია: ურან-ტყვიის, თორიუმ-ტყვიის, კალიუმარგონის, რუბიდიუმ-სტრონციუმის, ურან-ქსენონის, რენიუმ-ოსმიუმის, რადიონახშირბადის და სხვ. მაგალითად, ურანის დაშლის ერთ-ერთი პროდუქტია ტყვიის რადიაქტიური იზოტოპი. ურანისა და ტყვიის თანაფარდობით მსჯელობენ დაშლის პროცესის ხანგრძლივობისა და ქანის ასაკის შესახებ.

რადიაციული მეთოდების გამოყენება დაიწყეს მას შემდეგ, რაც დედამიწის სხვადასხვა პლასტების ასაკი სახელმძღვანელოდ აღებული ნამარხების დახმარებით ევოლუციური პრინციპით სრულიად იყო „განსაზღვრული“. თუ საკვლევ ობიექტში საწყისი იზოტოპის და მისი დაშლის პროდუქტის პროპორცია დაახლოებით ისეთივე აღმოჩნდებოდა, როგორც იმ წარმონაქმნში, რომლის ასაკიც უკვე „ცნობილი“ იყო, მაშინ ეს ობიექტი ეტალონის თანატოლად ჩაითვლებოდა. ამგვარად, რადიაციული მეთოდები მცდარ სისტემებს მიეწერა.

ბევრ შემთხვევაში იზოტოპების მეთოდების გამოყენება შეუძლებელია, იმიტომ რომ ა) ურანისა და ტყვიის თავდაპირველი შემცველობის დადგენა ქერქის ქანებში შეუძლებელია; ბ) მიწისქვეშა წყლებით დროთა განმავლობაში ხდება იზოტოპების გამორეცხვა. ამის გამო დანალექ ქანებში (რომლებშიც პოულობენ გაქვავებულ ნეშტთა უმრავლესობას) ასაკის განსაზღვრა იძლევა შედეგების ძალიან დიდ გაფანტულობას.

მაგალითად, ახალი ზელანდიის ახალამოფრქვეული ლავა დაათარიღეს 1-3,5 მილიონი წლით, ხოლო 1986 წელს ამოფრქვეული სენტ-გელენსის ლავა - 0,4-3 მილიონი წლით, კოლორადოს პლატოს მეოთხეული ბაზალტების ასაკი, რომელიც გეოქრონოლოგიურ სკალაზე 10 ათას წელს შეესაბამება, იზოტოპური მეთოდით - 117-260 მილიონი წლით დათარიღდა. ახალ ურთიერთგამომრიცხავ მონაცემთა მიღების გამო სპეციალისტებს უწევთ დათარიღების ამ მეთოდიკის ხელახლა გადახედვა“ (გვ. 217-221).

ტაბულის სახით მოვიყვანთ შედარებას ევოლუციურ შეხედულებასა და ბიბლიურ მოწმობას შორის დროის ვერტიკალურ ჭრილში თანამიმდევრობის და არა დროის ხანგრძლივობის თვალსაზრისით:

გეოქრონოლოგიური და ბიოსტრატოგრაფიული შედარებითი სქემა

ევოლუციური განვითარების სავარაუდო საფეხურები   შემოქმედების დღეები და ქმნილებათა რიგები
     
8.

?
  მერვე დღე
„რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით“ (Iთეს. 4,16-17).
„და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაიჴსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ. ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს“ (IIპეტ. 3,12-13).
     
7. კაცობრიობის ისტორია მდგრადი ბუნების ფონზე   მეშვიდე დღე
„და განასრულნა ღმერთმან დღესა მეშჳდესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა, და დასცხრა დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა“ (დაბ. 2,2).
     
6. კაინოზოური ერა
თანამედროვე ქვეწარმავლები, ცხოველები (ძუძუმწოვრები), ფრინველები, ადამიანი
  მეექვსე დღე
„და თქუა ღმერთმან: გამოიღეთ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერხთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობით. და იქმნა ეგრეთ...
და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ...“
(დაბ. 1,24;26).
     
5. მეზოზოური ერა
დინოზავრები
   მეხუთე დღე
„და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქვეყანასა ზედა... და იქმნა ეგრეთ. და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთა...“ (დაბ. 1,20-21)
     
4.

?
  მეოთხე დღე
„და თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა... და შექმნა ღმერთმან... მნათობი დიდი მთავრობად დღისა და მნათობი უმრწემესი მთავრობად ღამისა და ვარსკულავნი. და დაასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა“ (დაბ. 1,14-17).
     
3. პალეოზოური ერა
სილურის, დევონის, კარბონის, და პერმის პერიოდები:
მცენარეული საფარი და მარტივი ორგანიზმები;
თევზები, ქვეწარმავლები.
  მესამე დღე
„და თქუა ღმერთმან: შეკერბით წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ...
და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ...
და თქუა ღმერთმან: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა... და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნათესავობისა... და იქმნა ეგრეთ“ (დაბ. 1,9-10;11).
     
2. არქეო და პროტეროზოური ერა

?
  მეორე დღე
„და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა. და იქმნა ეგრეთ... და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ“... (დაბ. 1,6;8).
     
1. „დიდი აფეთქება“

?
  პირველი დღე
„დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა...
და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი. და იქმნა ნათელი“ (დაბ. 1,1;3).



5. ევოლუციური მოძღვრება გულისხმობს სახეობათა შორის გარდამავალი ფორმების არსებობას

„უეჭველია, თუ ევოლუცია რეალური იქნებოდა, ჩვენ უნდა გვეპოვა მილიონობით გაქვავებული ფორმები, რომელებიც გვიჩვენებდა, თუ როგორ გადადიოდა სიცოცხლის ერთი ფორმა მეორეში. ნამარხი ნეშტების უზარმაზარ რაოდენობაში არ გვხვდება არც ერთი სავარაუდო გარდამავალი ფორმა. კვლევები იმდენად გულმოდგინე და ხანგრძლივი იყო, თუკი შუალედური ფორმები ოდესმე არსებობდნენ, შეუძლებელია, იგი ვერ აღმოეჩინათ. ჰარვარდის უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის პროფესორის, ს.გულდას, მტკიცებულებით, განამარხებულსახეობათა დიდი ნაწილი ჩნდება „სავსებით ფორმირებული“ და ასევე „ამთავრებენ თავიანთ ისტორიას“.

მცენარეთა მრავალფეროვანი სამყაროც ვერ მოექცა ევოლუციის კალაპოტში. მაგალითად, განამარხებული ყვავილოვანი მცენარეები უცბად ჩნდებიან დიდი რაოდენობით და თანაც მთლიანად ფორმირებულები. ეს შეუძლებელია აიხსნას ევოლუციური პალეონტოლოგიის პოზიციებიდან. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მცენარეთა ნამარხი ფორმები ცხადი მტკიცებულებაა სამყაროს შექმნისა და არა თავისთავად მიმდინარე ევოლუციისა.

დოქტორმა კ.პატერსონმა, ბრიტანეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის მთავარმა პალეონტოლოგმა, დაწერა სქელტანიანი წიგნი ევოლუციის შესახებ. კითხვაზე, თუ რატომ არ შეიტანა წიგნში გარდამავალ ფორმათა ნახატები, მან გულახდილად აღიარა, „რომ ვიცოდე თუნდაც ერთი მათგანი ცოცხალი ან გაქვავებული, მას ამ წიგნში აუცილებლად შევიტანდი“. პალეონტოლოგების ასწლოვანი ძიების სრული წარუმატებლობა აშკარად აჩვენებს, რომ ბუნებაში გარდამავალი ფორმები არც არასოდეს არსებობდა. შუალედური რგოლების არარსებობა დარვინსაც აწუხებდა, მაგრამ იგი იმედოვნებდა, რომ ასეთი რგოლები მომავალში აუცილებლად აღმოჩნდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ევოლუციის თეორიის შემოწმება და დამტკიცება მხოლოდ პალეონტოლოგიას შეუძლია, მხოლოდ მას ძალუძს ბოლო სიტყვა თქვას ევოლუციიის მსვლელობასა და მის უტყუარობაზე. გარდამავალი ფორმები არ არსებობს. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გენეტიკოსი ლ.ი.კოროჩკინი მიუთითებს, რომ „ევოლუციური მოვლენები... ფორმულირდება როგორც სპეკულაციური კონცეფცია, რომელიც ექსპერიმენტულ შემოწმებას არ ექვემდებარება“. ევოლუციის უზარმაზარი შენობა ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა.

თავგამოდებული ევოლუციონისტი ს.გულდიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ „მსხვილ გადასვლებში გარდამავალი ეტაპების გაქვავებული მოწმობები არ არსებობს... ევოლუციური თეორიის დიდი და გამაღიზიანებელი პრობლემა ყოველთვის იყო ჩვენი უუნარობა, რომ ბევრ შემთხვევაში, თუნდაც საკუთარ წარმოდგენებში, ვერ შევქმენით ფუნქციური შუალედური ფორმები“ (გვ. 228-231-232).

 
6. ევოლუციური მოძღვრების წინაშე დგას სიცოცხლის წარმოშობის ამოუხსნელი ამოცანა

„ევოლუციური თეორიის ჩარჩოებში დღემდე ვერ მოხერხდა პასუხის გაცემა მთავარ კითხვაზე, საიდან გაჩნდნენ პირველი ორგანიზმები? თუკი ერთი ორგანიზმიდან მეორის განვითარება როგორღაც წარმოსადგენია, თავისთავადი ჩასახვა ცოცხალი ორგანიზმისა ძნელად ასახსნელი და გაუგებარია. შესაძლოა არაცოცხალმა მატერიამ წარმოშვას სიცოცხლე? სავსებით ცხადია, რომ ეს კითხვა ყოველთვის ეჭვს იწვევდა. კვანტური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი მეცნიერი ჰეიზენბერგი ქებით იხსენიებს თავის კოლეგას, ასევე გენიალურ მეცნიერს, პაულის. ის წერს: „პაული სკეპტიკურად უდგება თანამედროვე ბიოლოგიაში გავრცელებულ დარვინისტულ შეხედულებებს, რომლის თანახმადაც სახეობათა განვითარება დედამიწაზე შესაძლო ყოფილა მხოლოდ მუტაციების წყალობით და ფიზიკურ-ქიმიური კანონების ზემოქმედების შედეგად“. მივუბრუნდეთ მეცნიერულ ფაქტებს და განვიხილოთ ნავარაუდევი აბიოგენეზის დასაწყისი.

მოლეკულური ევოლუციის თეორიის თანახმად, პირველად ოკეანეში ან ხმელეთის ტენიან ადგილებში შემთხვევით წარმოიქმნა ამინომჟავათა მოლეკულები, შემდეგ ეს მოლეკულები შეჯგუფდნენ, შესქელდნენ და წარმოქმნეს ე.წ. კოაცერვატები. აი აქ დაიწყო ცილების ჩამოყალიბება. როგორც ვიცით, ამინომჟავათა შემთხვევითი ნაკრებიდან კონკრეტული ცილის მოლეკულის წარმოქმნის ალბათობა სულ რაღაც 10-325 ტოლია. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ბუნებაში არსებობს არა მარტო სიცოცხლისათვის აუცილებელი 20 ამინომჟავა, არამედ სხვა დაახლოებით 300. მათ უმრავლესობას სიცოცხლისათვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. გარდა ამისა, როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, ამინომჟავები ერთმანეთს უფრო ძნელად უერთდებიან, ვიდრე იმ ნივთიერებათა მოლეკულებს, რომლებიც იგულისხმება, რომ უნდა ყოფილიყო პირველყოფილ „ბულიონში“. ამ გზით კიდევაც რომ მომხდარიყო ცილის წარმოქმნა, ის ბიოლოგიურად არააქტიური იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ბიოლოგიურად აქტიური ცილები შეიცავენ მხოლოდ მარცხნივ მბრუნავ ამინომჟავებს, ხოლო ქიმიური კანონებით შესაძლოა ისეთი ნარევის მიღება, რომელიც მარცხნივ და მარჯვნივ მბრუნავ ამინომჟავებს ერთნაირი შემთხვევითი პროპორციებით შეიცავენ. ამის გამო არ შეიძლება მარცხნივ მბრუნავი ამონომჟავები თავისთავად გამოცალკევდნენ მარჯვნივ მბრუნავებისგან და ჩამოაყალიბონ ცილა, ანუ შესაბამისად სიცოცხლე თავისთავად ვერ წარმოიშვება.

მოლეკულების თვითგართულების პროცესი შეუძლებელია სხვა მიზეზთა გამოც. გავიხსენოთ თერმოდინამიკის მეორე საწყისი. ერთ-ერთი მისი ფორმულირება გვამცნობს: თავისთავად წარმოდგენილი ყოველი მოლეკულური სისტემა მიისწრაფვის უდიდესი ქაოსისკენ, მისი ენთროპია (ქაოსის ხარისხის მახასიათებელი სიდიდე) იზრდება. ამის გამო, მაგალითად, სითბო თავისთავად არ გადაეცემა ნაკლებად გამთბარი სხეულიდან უფრო გამთბარს.

მოლეკულების თვითგართულების პროცესი, ანუ მოწესრიგებულობის თვითფორმირება ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე საწყისს, რადგან ამ პროცესს თან უნდა ახლდეს ენთროპიის შემცირება“ (გვ. 237-238).

 
7. ევოლუციური მოძღვრების მიერ ჩამოყალიბებული სამყაროს განვითარების ზოგადი სქემატური კონცეფცია შეიცავს მსჯელობას ადამიანის წარმოშობის შესახებ.

სკოლის მოსწავლეთა მრავალ თაობას წლიდან წლამდე ასწავლიდნენ, რომ შრომამ ადამიანი მაიმუნისგან შექმნა. ჩვენს მეხსიერებას დიდი ხნით გაჰყვა სათხრელი ჯოხი და მჭრელი ქვები, როგორც შრომის პირველი იარაღები და მაიმუნში პირველი გამოკრთომა ცხოველისთვის უჩვეულო საზრიანობისა.

მე-19 საუკუნის ბოლოს ამ შეხედულებების გავრცელების მიუხედავად სერიოზული მეცნიერები არ ცნობდნენ ამ ჰიპოთეზის ჭეშმარიტებას. რ.ვირხოვი, ლ.აგასისი, კ.ბერი, რ.ოუენი. გ.მენდელი. ლ.პასტერი მიუთითებდნენ, რომ ჰიპოთეზა მცდარია და ეწინააღმდგება ფაქტიურ მონაცემებს.

მე-18 საუკუნემდე ადამიანები დარწმუნებული იყვნენ, რომ ღვთისგან ერთხელ შექმნილ სამყაროში ყველა ცოცხალი ორგანიზმი და მათ შორის ადამიანიც არსებობდა დიდი სტრუქტურული ცვლილებების გარეშე, მაგრამ მათ თავს მოახვიეს აზრი, რომ ცხოველთა სახეობები სულაც არ არის ღვთის ქმნილება, არამედ ისინი ერთმანეთისგან განვითარდნენ ევოლუციის პროცესში, ხოლო თვით ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა.

იდეამ იმდენად მყარად და ღრმად გაიდგა ფესვები, რომ დღემდე სქელტანიანი ენციკლოპედიების ფურცლებიდან ჭკვიანი თვალებით შემოგვცქერიან ჩვენი „ბებიები და ბაბუები“ - მაიმუნადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ მათი ნეშტების მიმართ (გვ. 245-247).

ნამარხი ნეშტები. სენსაცია და რეალობა.
მე-19 საუკუნის დასასრულს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ „გამოტოვებული რგოლის“ („მისსინგ ლინკ“) მაიმუნსა და ადამიანს შორის გარდამავალი ფორმების მოსაძიებლად.

პითეკანტროპი (იავანელი ადამიანი).
ახალი ჰიპოთეზით შთაგონებულმა ჰოლანდიელმა ექიმანატომმა ეჟენ დიუბუამ მიატოვა ინსტიტუტის კათედრა, კეთილმოწყობილი ცხოვრება და გაემგზავრა კუნძულ იავაზე მაიმუნის მსგავსი წინაპრის ნეშტების საძებნელად. 1891 წელს მან აღმოაჩინა ცხოველთა გაქვავებული ნეშტების მთელი საბადო, მათ შორის ადამიანის ბარძაყის ძვალი და თავის ქალას სარქველი, რომელიც აშკარად მაიმუნისას ჰგავდა. აღტაცებულმა დიუბუამ იჩქარა საზოგადოებისთვის ეხარებინა „წინაპრის“- დიდი ზომის ადამიანის მსგავსი მაიმუნის - აღმოჩენის ფაქტი. დიუბუას სულაც არ აწუხებდა ის, რომ ბარძაყის ძვალი და თავის ქალა ერთმანეთისგან 15 მეტრის დაშორებით იპოვა.

1895 წელს დიუბუას მიერ ნაპოვნ თავის ქალას სარქველს იკვლევდა შედარებითი და პათოლოგიური ანატომიის უდაოდ დიდი ავტორიტეტი რ.ვირხოვი. მან მიუთითა ქალას ძვლების ნაკერთა სიღრმეებზე და განაცხადა, რომ ეს იყო ცხოველის თავის ქალა, სავარაუდოდ, გიგანტური გიბონისა, ხოლო ბარძაყის ძვალს ამ თავის ქალასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ვირხოვმა ამ თემაზე დებატებში მონაწილეობაზე საერთოდ უარი განაცხადა, მაგრამ ცნობა საოცარი ნაპოვნის შესახებ, როგორც ევოლუციური თეორიის დამამტკიცებელი ფაქტისა, სწრაფად მოედო მთელ მსოფლიოს და წიგნების ფურცლებზე აღმოჩნდა.

მხოლოდ 1920 წელს გამოაშკარავდა, რომ მაშინ ე.წ. პითეკანტროპთან ერთად დიუბუამ იპოვა კიდევ ორი ადამიანის თავის ქალა და ადამიანის ბარძაყის ძვლები. მთელ მსოფლიოში ცნობილმა „პითეკანტროპის აღმომჩენმა“ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა: მას რომ ყველა ეს ძვალი ერთდროულად წარედგინა, თავში აზრად არავის მოუვიდოდა ადამიანის ბარძაყის ძვლებსა და მაიმუნის თავის ქალას შორის კავშირების ძებნა.

ნაპოვნ რამდენიმე მაიმუნის თავის ქალას ასევე პითეკანტროპის ნეშტებს უწოდებდნენ. შემდგომმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს გიბონის თავის ქალები იყო. მკვლევარებმა კიდევ ერთი განსაკურებულობა შენიშნეს:

ამ თავის ქალების ბაზალური ნაწილი ისე იყო მოცილებული, როგორც ამას ადამიანი აკეთებს, რათა ცხოველის ტვინი საკვებად გამოიყენოს. აშკარაა, რომ ამ გიბონებზე ადამიანები ნადირობდნენ, როგორც საკვებზე.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ეჟენ დიუბუამ აღიარა, რომ ნაპოვნი თავის ქალა მართლაც დიდი გიბონის უნდა ყოფილიყო და არა ადამიანის, მაგრამ... სენსაცია უკვე შედგა (გვ. 247-248).

 
8. ეოანთროპი (პილტდაუნელი ადამიანი)

1912 წელს დიდ ბრიტანეთში, პილტდაუნის დასახლების შორიახლოს არქეოლოგმა დოუსონმა აღმოაჩინა ადამიანის თავის ქალა და გაქვავებული ყბა, ისეთივე, როგორც თანამედროვე ორანგუტანისა, თუმცა მას კბილები უფრო ბრტყელი ზედაპირისა ჰქონდა, ისეთივე, როგორც ადამიანს. ძნელი გასაგები იყო, ეს ყბა და თავის ქალა ერთ არსებას ეკუთვნოდა თუ არა, თუმცა ფერითა და ფაქტურით ისინი ერთმანეთის მსგავსნი იყვნენ. გეოლოგიური საზოგადოების სხდომაზე ნაპოვნ მასალას „დოუსონის ეოანთროპი“ უწოდეს და საზოგადოება კიდევ ერთი სენსაციის მოწმე გახდა. ნეშტი მეტად დიდი მზრუნველობით გადამალეს ბრიტანეთის მუზეუმის საცავში და მრავალი წლის მანძილზე იგი აღარავის უნახავს, მკვლევარებს აძლევდნენ მხოლოდ და მხოლოდ თაბაშირის ასლებს, რომლებზეც ასეულობით მონოგრაფია იწერებოდა, თუ როგორ მიმდინარეობდა მაიმუნის გაადამიანების პროცესი, რატომ განვითარდა ჯერ ტვინი და მერე დანარჩენი სხვა ყველაფერი. ამ მასალაზე რამდენიმე ასეული დისერტაცია იქნა დაცული.

მხოლოდ 1953 წელს ამოიტანეს ძვლები საცავიდან და ჩაუტარეს ქიმიური ანალიზი. შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო ნამდვილი შოკი. ეოანთროპი ნაყალბევი აღმოჩნდა! თავის ქალა ნამდვილად ძველი იყო, ხოლო ყბა - თითქმის თანამედროვე, ბოლომდე გაქვავებულიც არ იყო და ორანგუტანს ეკუთვნოდა. ის შეღებილი იყო სპეციალური ქიმიური საღებავით, რომელიც რადიოაქტიური აღმოჩნდა, ეს კი მის არაბრიტანულ წარმოშობას ააშკარავებდა. მაიმუნის კბილები რომ ადამიანის კბილებისთვის მიემსგავსებინათ, ის უბრალოდ გაქლიბეს. დღემდე ვერ გაურკვევიათ, რა იყო ეს, გააზრებული ტყუილი თუ გაჭიანურებული ხუმრობა.

 
9. ჰესპეროპითეკი (ნებრასელი ადამიანი)

1922 წელს ნაკადულის კალაპოტის დანალექებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გაქვავებული კბილი. კბილის ფორმა ისეთი იყო, რომ ვერ მიაკუთვნებდნენ ვერც მაიმუნს და ვერც ადამიანს. მეცნიერებმა დასკვნები ნაჩქარევად გამოიტანეს, რომ ეს იყო მაიმუნ-ადამიანის კბილი. ნაპოვნის შესახებ ცნობა დაუყოვნებლივ გამოაქვეყნეს სამ მნიშვნელოვან სამეცნიერო ჟურნალში და იქვე დაბეჭდეს აღდგენილი (მხოლოდ ერთი კბილით!) წინაპრის ფერწერული გამოსახულება. ხუთი წლის შემდეგ იპოვეს ასეთივე კბილების მქონე არსების მთლიანი ჩონჩხი. ეს იყო გარეული ღორი, რომლის მოგვარეები ახლაც ცხოვრობენ პარაგვაიში. „ღორულმა წარმოშობამ“ რატომღაც სულაც არ შეუშალა ხელი ჰესპეროპითეკს, სამეცნიერო წიგნების ფურცლებზე ჩვენი წინაპრების რანგში მოხვედრილიყო. თუმცა ბრიტანეთის ენციკლოპედიის მე-14 გამოცემაში მას აღარ მოისხენიებენ როგორც მაიმუნის მსგავს ადამიანს. მეტად მოკრძალებულად ხსნიან, რომ ჰესპეროპითეკი „სხვა რიგის“ არსება აღმოჩნდა.

ევოლუციონისტები ანთროპოგენეზის პროცესში გამოჰყოფენ ოთხ სტადიას:

1. ხეზე მცხოვრები მაიმუნები - დრიოპითეკები: რამაპითეკი და ავსტრალოპითეკი.
2. უძველესი ადამიანები - არქანთროპები: გამართული ადამიანი, სინანთროპი, ჰეიდელბერგელი ადამიანი. მათ შორის კვლავ იხსენიებენ პითეკანთროპს.
3. ძველი ადამიანები - ნეანდერტალელები.
4. პირველი თანამედროვე ადამიანები - კრომანიონები.

 
10. დრიოპითეკები

რამაპითეკი. 1934 წელს დელის მახლობლად აღმოაჩინეს ორი ათეული კბილი და ყბის რამდენიმე ნამტვრევი. ამ მასალით „აღადგინეს“ ადამიანის მსგავსი მოკაკული, მოუხეშავი არსება - რამაპითეკი. მაიმუნის ყბა ადვილად შეიცნობა მისი ეშვების წყალობით, მაგრამ შუა ნაწილი, რაზეც ეშვებია განლაგებული, მოცემულ ფრაგმენტულ მასალაში არ იყო, და საერთოდ, ყბის ძვლის ამ ნატეხით შესაძლოა როგორც ადამიანის, ასევე მაიმუნის ყბის აღდგენა. აირჩიეს რაღაც შუალედური - მაიმუნადამიანი.

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს რამაპითეკის უფრო სრული ყბა, რომელიც, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა თანამედროვე ორანგუტანის ყბისგან, მაგრამ ეს უკვე არავის აინტერესებდა. საზოგადოება შეეჩვია თავის ახალ „წინაპარს“ - რამაპითეკს.

ავსტრალოპითეკი (სამხრეთელი მაიმუნი). „შუალედური ადამიანების“ დიდი რაოდენობით ნამარხები აღმოაჩინეს აფრიკაში, ხოლო შემდეგ სხვა ადგილებშიც. ამ მონაპოვარს თავიდან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, მაგრამ 1950-იან წლებში, როცა ნათელი გახდა, რომ უწინ ნაპოვნი „წინაპრები“ ვერ ამართლებდნენ ევოლუციონისტთა იმედებს, ავსტრალოპითეკების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

1974 წელს ეთიოპიაში იოჰანსონის ექსპედიციამ აღმოაჩინა ავსტრალოპითეკის შედარებით სრული ჩონჩხი, რომელსაც „ლუსი“ უწოდეს. შემონახული იყო ძვლების 40%. ჩონჩხს გააჩნდა არამაიმუნისთვის დამახასიათებელი ერთადერთი ნიშანი - ის შესაძლოა მიჩნეულიყო გამართულ მოსიარულედ. მისი მუხლის სახსარი ადამიანის სახსრის მსგავსად ეწყობოდა, ანუ გაშლის ფართო კუთხით. სხვა ყველა დანარჩენი ნიშნით ეს ძვლები ზუსტად ემთხვეოდა ჯუჯა შიმპანზეს ჩონჩხს, მათ შორის კბილების სისტემაც.

მუხლის სახსარი აღმოაჩინეს სხვა შრეში, ჩონჩხის პოვნის ადგილიდან ათეული მეტრით უფრო დაბლა, ეს კი მიღებული სკალით ნიშნავს, რომ მუხლის სახსარი სულ ცოტა ნახევარი მილიონი წლით ადრე არსებულ ორგანიზმს ეკუთვნოდა.

იოჰანსონის კვლევის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ მუხლის სახსარი ამ ჩონჩხს არ ეკუთვნოდა, მაგრამ ეს სწრაფად დაივიწყეს და „ლუსის“ ყველა გამოქვეყნებულ გამოსახულებას მუხლის სახსარიც უხატია. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მუხლი თუნდაც რომ „ლუსის“ ეკუთვნოდეს, მისი აგებულება არსებითად განსხვავდება ადამიანის მუხლისგან. ასეთი სახსარი მსგავსი მოხრის კუთხით ორანგუტანებს გააჩნიათ, რომლებიც შესანიშნავად დაძვრებიან ხეებზე.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ „ლუსი“ არ იყო გამართულად მოსიარულე. ამაზე მრავალი ანატომიური ნიშანი მეტყველებს: მაიმუნისთვის დამახასიათებელი პროპორციები და ტერფის თითები მიუთითებენ მაიმუნისთვის ბუნებრივი ცხოვრების ნირზე, დროის დიდ ნაწილს ის ხეზე ატარებს.

ოლდუვაის ხეობაში, ვიქტორიას ტბის მახლობლად იპოვეს ავსტრალოპითეკის თავის ქალაზე უფრო მასიური ქალა. ამ ნეშტს ბოისის ზირჯანთროპი უწოდეს. ქალას აკლდა შუა ნაწილი, რის გამოც მისი მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. ანთროპოლოგების მე-7 საერთაშორისო კონგრესზე ეს თავის ქალა მაიმუნის ტიპიურ ქალად სცნეს, ხოლო თვით ზირჯანთროპი - ავსტრალოპითეკად.

ზირჯანთროპის პოვნის ადგილთან ახლოს აღმოაჩინეს პატარა მაიმუნის მსგავსი ცხოველების ჩონჩხები. ამ „წინაპრებს“ Homo habilis (მოხერხებული ადამიანი) უწოდეს, რადგანაც ამ ჩონჩხების ადგილას იპოვეს ოსტატურად დამზადებული სანადირო დანიშნულების იარაღი - ბოლომრგვალი ქვის ბურთები, რომლებსაც წარსულში თოკებით ერთმანეთს აბამდნენ. ნადირობისას ადამიანები ასეთ კონსტრუქციებს ცხოველებს ფეხებში ესროდნენ. ცხოველს თოკები ფეხებში ებლანდებოდა. ადამიანთა ველური ტომები დღესაც წარმატებით იყენებენ ამ იარაღს. ოღონდაც ეს ნაპოვნი ბოლო ეკუთვნოდა ნეანდერტალელს, რომლის თავის ქალა იქვე აღმოაჩინეს, მაგრამ ამის შესახებ თავის დროზე არ განაცხადეს.

ჰაბილისები დიდი ხნის განმავლობაში ავსტრალოპითეკებიდან გარდამავალ რგოლად ითვლებოდნენ. უფრო დაწვრილებითი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა ისინი მაიმუნ-ავსტრალოპითეკებად სცნეს. ეს დასკვნები განსაკუთრებით მას შემდეგ განმტკიცდა, როცა „ლუსის“ ნეშტი ოლდუვაიში აღმოჩენილ Homo habilis-ის ე.წ. ჰომინიდ 62-ის ჩონჩხს შეადარეს. ეს არსება „ლუსისთან“ შედარებით 2 მილიონი წლით გვიან ცხოვრობდა და ეს მნიშვნელოვნად ახლოს უნდა მდგარიყო ადამიანთან, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. ჰომინიდ 62-ს ძალიან პატარა მოცულობის ტვინი, გრძელი და ძლიერი ხელები (მუხლებს ქვემოთ) და ხეებზე ცოცვას შეგუებული ფეხები გააჩნდა. სიმაღლითაც საკმაოდ დაბლები იყვნენ. ამ მოპოვებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ავსტრალოპითეკი და Homo habilis-ი არ შეიძლება შუალედურ სტადიად ჩაითვალოს მაიმუნსა და ადამიანს შორის.

იმავე დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, როდესაც შეისწავლეს ავსტრალოპითეკის ნეშტები და შეადარეს ისინი ადამიანისა და თანამედროვე მაიმუნების ჩონჩხებს. დადგინდა, რომ ავსტრალოპითეკები არ იდგნენ ადამიანთან ახლოს, მათ გააჩნდათ პატარა, მაიმუნისთვის დამახასიათებელი ტვინი და არ დადიოდნენ გამართულები ორ ფეხზე. ეს უკანასკნელი ფაქტი თავის ქალის კომპიუტერული სკანირების მეთოდითაც დამტკიცდა. ადამიანის შიგა ყური ვესტიბულაციის ნატიფი მექანიზმია. ეს არის სითხით ამოვსებული რთული ლაბირინთი, იგი საშუალებას აძლევს ადამიანს თავისუფლად გადაადგილდეს ორ ფეხზე. ავსტრალოპითეკს შიგა ყური ისევე მარტივად აქვს მოწყობილი, როგორც თანამედროვე მაიმუნებს. შესაბამისად გადაადგილებაც მათ მხოლოდ მაიმუნების მსგავსად შეეძლოთ.

ზოგიერთი ნიშნით ავსტრალოპითეკები ჰგვანან აზიურ მაიმუნებს, ხოლო სხვა თავისებურებებით კი უახლოვდებიან დიდ აფრიკულ მაიმუნებს. ავსტრალოპითეკებს უკვე აღარ მიიჩნევენ ევოლუციის პროგრესულ საფეხურად, რადგან ისინი ნამდვილად არ დადიოდნენ ორ ფეხზე. ისინი არათუ ადამიანის პირდაპირ ნათესავებად და წინაპრებად, არამედ აფრიკულ მაიმუნებთან შედარებითაც კი არ დგანან უფრო ახლოს ადამიანთან. სახეობა Homo habilis (ასევე Homo rudolfensis) შეცდომით არის გამოყოფილი და ის ნეშტები, რომელსაც მათ მიაწერენ, სინამდვილეში ავსტრალ ოპითეკებს ეკუთვნის.

სინანთროპი (პეკინელი ადამიანი). 1929 წელს პეკინთან ახლოს გამოქვაბულში ადამიანებმა ი პოვეს ცხოველთა დიდი რაოდენობის ჩონჩხები და მაიმუნის ტიპის დამსხვრეული თავის ქალები. აღმოაჩინეს შრომის იარაღები და სანადირო ბოლოები (ქვის ბურთები). მკვლევარი ა.ბრეი მიუთითებს ადამიანთა დიდ მასშტაბურ საქმიანობაზე: დიდი რაოდენობის დამუშავებულ ირმის რქებზე და ქვის იარაღებზე. ქვების დასამუშავებლად ადამიანები სპეციალურ ღუმელებსაც კი იყენებდნენ. ამაზე მიუთითებს ნაცრის შვიდმეტრიანი ფენა. სავსებით ცხადია, რომ პეკინის გამოქვაბულში ცხოვრობდა და საქმიანობდა განვითარებული ადამიანი. ადამიანების ჩონჩხები მეზობელ გამოქვაბულში აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა მათი საცხოვრებელი იყო, ხოლო გამოქვაბული ცხოველთა და მათ შორის მაიმუნთა ჩონჩხებით, ალბათ, სახელოსნოს ან სამზარეულოს წარმოადგენდა. მაიმუნთა ხორცი უგემურია, ხოლო ტვინს ყოველთვის დელიკატესად მიიჩნევდნენ. აი, რატომ აღმოჩნდა ამ გამოქვაბულში სხვა ცხოველების მთლიანი ჩონჩხები, ხოლო მაიმუნ „სინანთროპების“ მხოლოდ დამტვრეული თავის ქალები. მონადირეები გამოქვაბულში არ მიათრევდნენ მაიმუნების უსარგებლო სხეულებს, არამედ მხოლოდ თავის ქალები მოჰქონდათ.

პეკინის გამოქვაბულის გათხრების პროცესი მეტად ჩახლართული და ხანგრძლივი იყო. ნაპოვნის შესახებ ხმამაღლა წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ რამდენად მართლდებოდა მათი წინასწარმეტყველება, აშკარად არ აცხადებდნენ. ა.ბრეის ანგარიშზეც უცნობი მიზეზების გამო დუმდნენ. სინანთროპი აღმოჩნდა მაიმუნი, რომელზეც ადამიანები ნადირობდნენ, მაგრამ რატომღაც ისიც დამკვიდრდა ადამიანთა წინაპრების რიგში.

 
11. გენეტიკა და ანთროპოგენეზი

 ჩატარდა პლანეტის სხვადასხვა წერტილებში მცხოვრებ მამაკაცთა ქრომოსომის კვლევა. მისმა შედეგებმა აჩვენეს, რომ შესაძლებელია ყველა თანამედროვე ადამიანს ჰყავდა ერთი საერთო წინაპარი მამაკაცთა ხაზიდან.

მიტოქონდრიის დნმ-ს შესწავლისას კი აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყველანი შესაძლებელია ერთი ქალისგან წარმოვიშვით, თუმცა გენეტიკოსები ვერ პასუხობენ კითხვას, ცხოვრობდნენ თუ არა მათ მიერ „აღმოჩენილი“ წინაპრები ერთდროულად. მეცნიერებმა ამ ჩვენს წინაპრებს „y ქრომოსომული ადამი“ და „მიტოქონდრიული ევა“ უწოდეს. ყურადღებას იქცევს მათი არსებობის სავარაუდო ხანდაზმულობა - 150-180 ათასი წელი. ოღონდაც ეს დრო გამოთვლილია მუტაციების დაგროვების სიჩქარის მიხედვით, რასაც თავად მეცნიერგენეტიკოსები სარწმუნოდ არ მიიჩნევენ. მრავალი ფაქტის ექსტრაპოლაციამ (გარემოს მუტანგენურობა, ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა, გენერაციათა ცვლის სიხშირე, საშუალო ასაკი, რომელშიც შთამომავლობა ჩნდება და ა.შ.) ასეთი დიდი დროის შუალედში შესაძლებელია გამოიწვიოს მიახლოებითი და მრავალჯერადი შეცდომები.

აუცილებელია აგრეთვე, მხედველობაში გვქონდეს, რომ მუტაციების სისწრაფის გამოთვლებს საფუძვლად უდევს შიმპანზესა და ადამიანის გენოტიპების შედარება, რაც ეყრდნობა 5-7 მილიონი წლის განმავლობაში მაიმუნის გაადამიანების შესახებ დაუსაბუთებელ ვარაუდს.

ჩვენ განვიხილეთ მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობის ჰიპოთეზის მხოლოდ ყველაზე მარტივი ასპექტები. თანამედროვე მეცნიერები, რომლებიც ძლიერ ჩაუღრმავდნენ და ჩასწვდნენ ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედებების საიდუმლოებებს, ტვინის აგებულებასა და ფუნქციებს, მათთვის სავსებით აშკარაა ცხოველის ეტაპობრივად გაადამიანების იდეის უმართებულობა. ტვინის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს ნ.პ.ბეხტერევას, დამოკიდებულება ევოლუციისადმი ნათლად არის განსაზღვრული ამ სიტყვებში: „მე როგორღაც ვერ ვხედავ ევოლუციას, არ შემიძლია იგი წარმოვიდგინო... ასეთი საოცრების (ადამიანის ტვინის) წარმოშობა შეუძლებელია შემოქმედის გარეშე“.

 
12. სიცოცხლის წარმოშობის და მისი მრავალფეროვნების ალბათობა

სიცოცხლის თვითწარმოშობის შესახებ მოყვანილ ამონარიდებში ჩვენ ვახსენეთ, რომ „ამინომჟავათა შემთხვევითი ნაკრებიდან კონკრეტული ცილის მოლეკულის წარმოქმნის ალბათობა 10-325 ტოლია. როგორც ცნობილია, ცოცხალ არსებებში ცილების წარმოქმნისას მონაწილეობს დნმ, ინფორმაციული რნმ, არაუმცირეს 20 სხვადასხვა სატრანსპორტო რნმ, რიბოსომები, რომლებიც 3-4 რიბოსომული რნმ-სგან და 55 სხვადასხვა ცილის მოლეკულისგან ან ფერმენტთა მთელი კომპლექსისგან შედგება. ასევე აუცილებელია ენერგიით უზრუნველყოფა, რაც ატფ-ის მეშვეობით ხორციელდება. ერთი მოლეკულა საშუალო ცილის სინთეზს ატფ-ის ათასამდე მოლეკულა სჭირდება. ჩვეულებრივმა შეთბობამ ან მზის პირდაპირმა დასხივებამ შესაძლოა დაარღვიოს მოლეკულური ბმები. ცილის სინთეზში მონაწილეობს მთელი ცოცხალი უჯრედი, თუნდაც ერთი კომპონენტის დარღვევითაც კი, პროცესის ბლოკირება ხდება. თანამედროვე მეცნიერებში გაოცებას იწვევს ორგანიზმში თვით ამ რთული სისტემის ფუნქციონირების ფაქტი. ცილების თვითწარმოქმნის შესაძლებლობას კვალიფიციური ბიოქიმიკოსები სრულიად გამორიცხავენ.

1986 წელს შედგა შეხვედრა სიცოცხლის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელსაც 300-მდე წამყვანი მკვლევარი ესწრებოდა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პირველადი ოკეანის პირობებში რნმ-ის სინთეზი სრულიად გამორიცხული იყო. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ მონოსაქარიდ რიბოზას სინთეზიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

დნმ-ს ცოცხალი უჯრედის შიგნითაც კი არ გააჩნია სრული სტაბილურობა. მისი აღნაგობა მუდმივად კონტროლირდება და სწორდება (რეპარაცია ხდება) განსაზღვრული ფერმენტებით. ეს მაკრომოლეკულა ფუნქციონირებს დინამიური წონასწორობის მდგომარეობაში. დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმომჩენი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ფ.კრიკი კატეგორიულად უარყოფს სიცოცხლის თვითწარმოშობას დედამიწის ქიმიური ელემენტებისგან.

 ბიოლოგიური მაკრომოლეკულა საიდანღაც და როგორღაც რომც წარმოქმნილიყო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცოცხალ უჯრედს. უჯრედის შედგენილობაში უამრავი მაკრომოლეკულა შედის. ისინი ერთმანეთს გარკვეული წესრიგით უკავშირდებიან. უჯრედისთვის აუცილებელი ფერმენტთა წარმოქმნის ალბათობა, თუნდაც მილიარდ წელიწადში ერთხელ არის სულ რაღაც 10-40000. ეს რიცხვი, როგორც ერთმა ავტორიტეტულმა ასტროფიზიკოსმა, ფრედ ჰოილმა, განაცხადა, „საკმაოდ ცოტაა იმისათვის, რომ დაიმარხოს დარვინი და მისი ევოლუციური თეორია“. მთელი მზის სისტემა რომ ადამიანებით აივსოს (1050) და თვითოეული მათგანი რომ თვალდახუჭული ცდილობდეს რუბიკის კუბიკის აწყობას, ცოცხალი უჯრედისთვის აუცილებელი ფერმენტების წარმოქმნის ზემოთაღნიშნული ალბათობა, დაახლოებით ტოლი იქნებოდა ამ ადამინების მიერ კუბიკების წახნაგების ერთდროულად აწყობის ალბათობისა. ეს რაც შეეხება ფერმენტებს, მაგრამ უჯრედში არსებობს ბევრად უფრო რთული წარმონაქმნები. უჯრედის უკვე გამზადებული აუცილებელი ნივთიერებებით თვითაწყობის ალბათობა, თუნდაც ყველაზე ხელსაყრელ ქიმიურ გარემოში შეადგენს 10-100000000000. ეს სიდიდე თვალნათლივ გვიჩვენეს, თუ რაზეა ლაპარაკი. რა გზით „მოახერხეს“ მეცნიერებმა ასეთი უმნიშვნელო ალბათობის იგნორირება? მოლეკულური ევოლუციის მკვლევარები თავიანთ მეცნიერებას „მეტად ჰიპოთეზურს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ სიცოცხლის თვითწარმოშობის ალბათობის გამოთვლა არასდროს ხდებოდა და მხედველობაშიც არ ჰქონდათ, რადგანაც ევოლუციას დამტკიცებულ ფაქტად მიიჩნევდნენ, ხოლო მეცნიერები კი ცდილობდნენ აეხსნათ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.

სიცოცხლის თვითწარმოშობა არც ისე ბუნებრივი პროცესია, როგორ გულუბრყვილოდაც ამას დარვინის მიმდევრები ვარაუდობდნენ, პირიქით, სულ დასაწყისიდან (რთულ მოლეკულათა წარმოქმნა) და სულ ბოლომდე (ადამიანის წარმოშობა) ეს არის შეუსაბამო, დაუჯერებელ, ურთიერთგამომრიცხავ შემთხვევათა უაზრო ხუხულა. სამართლიანი იქნება თუ დავასკვნით, რომ სპონტანური აბიოგენეზის ამჟამად აღიარებული სქემები მოკლებულია ყოველგვარ გონივრულობას. სიცოცხლის თვითწარმოშობის შეუძლებლობა ძველ და ახალ ევოლუციურ თეორიაშიც „ლოდად შებრკოლებისად“ იქცა.

მოლეკულური ფიზიკის, გენეტიკისა და ბიოქიმიის ფაქტები სრულად ამტკიცებენ ორგანიზმთა შემთხვევითი წარმოშობის შეუძლებლობას. მაშასადამე, აქედან გამომდინარეობს, რომ შემოქმედი გვყავს. გენიალური მეცნიერი მაქს ბორნი, კვანტური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, წერდა: „მატერიალიზმის დრო წავიდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფიზიკურ-ქიმიური ასპექტი არანაირად საკმარისი არ არის სიცოცხლის ფაქტორების გამოსახატავად, რომ არაფერი ვთქვათ აზროვნების ფაქტორების შესახებ“.

შევეცადოთ იმის გააზრებას, თუ რამდენად უმნიშვნელო რიცხვია სიცოცხლის თვითჩასახვის ალბათობა. შესაძლოა თუ არა მაიმუნმა, რომელიც უბარტყუნებს კლავიშებზე, უეცრად დაბეჭდოს მთელი „ომი და მშვიდობა“? როგორც მათემატიკოსები ამბობენ, შესაძლებელია, მაგრამ ალბათობა ძალიან მცირეა, დაახლოებით 10-5000000. გამოდის, რომ ერთი უმარტივესი უჯრედის შემთხვევით ჩამოყალიბების მოლოდინი, თუნდაც იდეალურ ჰიპოთეზურ პირობებში, ტოლია იმისა, რომ მაიმუნმა 20 ათასჯერ შესძლოს „ომი და მშვიდობის“ უშეცდომოდ სრულად დაბეჭდვა. როგორც ისააკ ნიუტონი ამბობს: „ბრმა ფიზიკური აუცილებლობებისგან, რომელიც ყველგან და ყოველთვის ერთნაირია, არ შეიძლება წარმოქმნილიყო არავითარი მრავალფეროვნება... შექმნილ არსებათა მრავალფეროვნება შესაძლოა წარმოშობილიყო თვითმყოფი არსების გონებითა და ნებით, რომელსაც მე უფალ ღმერთს ვუწოდებ“.


თარგმნა ნანა კობახიძემ (ბიოლოგი)
ჟურნალი „რწმენა და ცოდნა“ №15, 2007 წ. №16, 2009 წ.

ფლამარიონ კამილი: „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგვრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...

გერშელი: „რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“

მედლერი: „ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარმონიაში, ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში), მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა უწოდოს (დაარქვას).“

უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

არტურ კომპტონი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი): „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.

კარლ ლინეი (ცნობილი ბუნებისმეტყველი): სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).“

მ.ვ. ლომონოსოვი: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში - თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი - ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი - წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.

ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე“.

აგასისი: „ქყეყანა ყველაზე თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, შემოქმედი ყოველივე საგნისა და გამააზრებელი სამყაროსი. მეცნიერება კი შემოქმედის აზრების თარგმნაა ადამიანთა ენაზე“.

კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს... ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს...“

ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ“.

ანრი ბეკერელი: „სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიმიყვანა ღმერთთან, რწმენასთან“.

მაიკლ ფარადეი: „მიკვირს, რატომ ამჯობინებენ ადამიანები თავი იმტვრიონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როდესაც უფალმა ღვთიური გამოცხადების ასეთი წიგნი გვიბოძა?“

ტომსონი: „ნუ გეშინიათ დამოუკიდებლად (თავისუფლად) აზროვნებისა! თუ თქვენ საკმარისად კარგად იაზროვნებთ, მეცნიერება აუცილებლად მიგიყვანთ ღმერთთან, რომელზეცაა დაფუძნებული რელიგია, და ნახავთ, რომ მეცნიერება სულაც არ არის რელიგიის მტერი, პირიქით, მისი თანაშემწეა“.

სკოტი: „არ ვიცი არც ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება“.

რამზაი: „ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს“.

დეკარტი: „ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად. მაგრამ ურწმუნოებს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ვაიძულებთ აღიარონ რომელიმე რელიგია ან თუნდაც სათნოება (ზნეობრიობა) სხვაგვარად, თუ არა გონებით“.

ფაბერი: „მსოფლიოს უსასრულო გონი მართავს. რაც მეტად ვაკვირდები, მით მეტს ვგებულობ ამ გონის შესახებ, რომელიც არსებული სამყაროს საიდუმლოებათა მიღმა ანათებს. ვიცი, დამცინებენ, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ, ცოცხლად გატყავებას უფრო ადვილად გადავიტანდი, ვიდრე ღვთის რწმენა რომ წაერთმია ჩემთვის ვინმეს! ღმერთი... მე არ მჭირდება მისი რწმენა - მე ვხედავ მას.“

ბლეზ პასკალი: „ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან“.

რაილი: „ბევრ გამორჩეულ ადამიანს ბუნებისმეტყველებაზე არაფრის ცოდნა არ სურს, თითქოსდა ამას მატერიაილზმამდე მივყავდეთ. ამგვარი საშიშროება რომ შეიძლება არსებობდეს, გასაკვირი არ არის: ლიტერატურაში მეცნიერების ბევრი დამცველი არსებობს, რომელთაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებით საქმე გაიჩინეს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, მეცნიერებთანაც შეიძლება შევხვდეთ უხეშ წარმოდგენებს ღმერთსა და ბუნებაზე. მაგრამ დაშორება მეცნიერების სულისა და რელიგიურ-ფილოსოფიური მრწამსისა, რომლითაც ცხოვრობდნენ ნიუტონი, ფარადეი, მაქსველი, ეს, რა თქმა უნდა, ისეთი მდგომარეობაა, რომლის უკუგდებასაც მე არ შევუდგები, რადგან არ ვთვლი საჭიროდ“.

გალილეო გალილეი: „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.

რეინოლდსი: „ბოლო წლების მეცნიერული გამოკვლევების შედეგებში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც დამაეჭვებდა იმაში, რომ ღმერთი ადამიანებს უშუალოდ ეცხადებოდა სხვადასხვა დროს; ქრისტიანობა კი ამ რწმენაზეა დაფუძნებული“.

ბროუნი: „ამ ქვეყანაზე ღვთის შემეცნება ცხოვრებისეული ამაოებიდან გამოღვიძებული გონების პირველი მოძრაობაა“.

შლეიდენი: „ნამდვილი ნატურალისტი ვერასოდეს გახდება მატერიალისტი და ვერასოდეს უარყოფს სულს, თავისუფლებას, ღმერთს“.

ეილერი: „ბიბლია ურწმუნოთა წინააღმდეგობით არაფერს კარგავს, ისევე როგორც არაფერს კარგავს გეომეტრია, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებიან ზოგიერთები“.

ლაიელი: „რა მიმართულებითაც არ უნდა წავიყვანოთ გამოკვლევები, ყველგან ვაწყედებით უმაღლესი შემოქმედი გონისა და ღმრთის ბრძნული ჩანაფიქრის მოქმედების უტყუარ საბუთებს ბუნებაში“.

ი.პ. პავლოვი: „მე შევისწავლი ნერვული სისტემის მოქმედებებს და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა - სიხარული, მწუხარება, ნაღველი, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის აზრები, თვით აზროვნებისა და განსჯის უნარი (თითოეული მათგანი) დაკავშირებულია ადამიანის ტვინისა და მისი ნერვების გარკვეულ უჯრედებთან. ხოლო როცა სხეული კვდება, ყველა ეს გრძნობა და აზრი თითქოს წყდება უკვე მკვდარი ტვინის უჯრედებს და საერთო კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც არც ენერგია, არც მატერია უკვალოდ არ ქრება, შეადგენს იმ სულს, უკვდავ სულს, რომლის არსებობასაც ქრისტიანობა ქადაგებს“.

ალექსანდრე პუშკინი: „არსებობს წიგნი, რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია, ახსნილია, ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია, შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან; რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან.
ეს წიგნი სახარებაა... მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია, რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი, მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით, თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას.“

თეოდორ დოსტოევსკი: „მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.“

ლუი პასტერი: „ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.“

მაქს პლანკი: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას - რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე.“

გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“

დენი დიდრო: „პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“

ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.“

მაიკლ ფარადეი: „როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისკენ, ასევე ბიბლია ღმერთისგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა.“

მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.

XI საუკუნის შუა წლებში პალესტინაში მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, შეიქმნა ერთგვარი პირობები სამონასტრო ცხოვრებისათვის. იმ დროისათვის ქართველი მოღვაწეები მრავლად იყვნენ იერუსალიმისა თუ მისი შემოგარენის ეკლესია-მონასტრებში, მაგრამ არ არსებობდა მძლავრი ცენტრი, რომელიც უხელმძღვანელებდა პალესტინის სავანეებში გაფანტულ ქართველობას. სათავეში ჩაუდგებოდა და ორგანიზებულად წარმართავდა მის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. ასეთი ცენტრის არ არსებობა მწვავედ იგრძნობოდა, მით უფრო, რომ საჭირო იყო წინაპრების ღვაწლის წარმოჩენა და ქართველთა უფლებების დაცვა ე.წ. წმიდა ადგილებზე. ამასთანავე, საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ განაპირობა ქართველ მეფე-დიდებულთა მეტი ყურადღება პალესტინისა და იქ მოღვაწე ქართველთა ბედისადმი. ყოველივე ამან მოამწიფა საკითხი ახალი სავანის დაარსებისა და, მართლაც, იერუსალიმის ახლოს აშენდა ჯვრის მონასტერი, სადაც თავი მოიყარა ქართველთა დიდმა ჯგუფმა. იგი იქცა პალესტინელი ქართველების მთავარ შესაკრებ პუნქტად და პილიგრიმთა საიმედო თავშესაფრად, იერუსალიმისა და მისი სანახების სავანეებში მოსახლე ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად, მწიგნობრულ-შემოქმედებითი მუშაობის მნიშვნელოვან კერად.

ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით იდგა, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ახლა კი ქალაქის გაზრდის შედეგად მის ტერიტორიაზეა, ახალ კვარტალთა შუაგულში, ზეთისხილის ბაღნარში.

„ჯვრის მონასტერი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი პალესტინაში. იგი არსებითად მთელი ციხე-ქალაქია, რომელიც მაღალი ზღუდით არის შემოზღუდული. ზღუდის შიგნით მოთავსებულია მეტად რთულ ნაგებობათა კომპლექსი სამ და ოთხ სართულად, მრავალრიცხოვანი სათავსებით, რომელთა რაოდენობა დღესაც ორას სამოცდაათს აღწევს. მონასტრის ძირითად ტაძარს უჭირავს ფართობი 27,5მx15,2მ ზომისა (418 კვ. მეტრი). იგი წარმოადგენს ოთხ სვეტზე დაყრდნობილ თაღებს და ბოლოვდება გუმბათით. სვეტების განია დაახლოებით 1,42მx1,43მ. მონასტერი ერთ დროს მთლიანად დაფარული ყოფილა ფრესკებით.“

ადგილი, სადაც ჯვრის მონასტერი აშენდა, მიჩნეული იყო წმიდა ადგილად, რადგან ცნობილი გადმოცემით, რომელიც სხვადასხვა ვარიანტითაა გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში, იქაური ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე. ეს გადმოცემა იერუსალიმელ ქართველთა წრეში ადრევე გავრცელდა. ამას მოწმობს ჯვრის მონასტრის დამაარსებლის მინაწერი (1038 წ.) ერთ ხელნაწერზე: „ღირს ვიქმენ მე, გლახაკი და ფრიად ცოდვილი გიორგი-პროხორე, სახელად ოდენ მღდელი, ხოლო საქმითა არა ღირსი, რომლითა შემძლებელ ვიქმენ უძლურებითა და სიგლახაკითა შემითა აღშენებად წმიდისა ამას ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ადგილისა“. ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ესაა უძველესი წერილობითი ცნობა ქართულ წყაროებში. შემდეგ ხანაში გადმოცემა ჯვრის მონასტრის ადგილზე (სხვადასხვა ვარიანტით) არაერთი ქართველის ჩანაწერებში გვხვდება. დასავლურ წყაროებში იგი ცნობილია XII საუკუნიდან. კარგად იცნობენ მას სლავი მოღვაწენიც. საგულისხმოა, რომ ამ გადმოცემამ ჩვენს დრომდეც მოაღწია. უცილობელია, ამ გადმოცემამ შეუწყო ხელი ჯვრის მონასტრის პოპულარობას; იგი პალესტინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმიდედ ითვლებოდა და მრავლად იზიდავდა პილიგრიმებს, რომელთა ჩანაწერებში უხვად ვხვდებით ცნობებს პალესტინელ ქართველთა ცხოვრება-მოღვაწეობაზე.

ჯვრის მონასტრის ადგილის შესახებ გავრცელებული გადმოცემა და ცნობები ახალი ქართული სავანის დაარსების ისტორიაზე შედარებით სრული სახით შემოგვინახა ტ.გაბაშვილმა. მის „მიმოსვლაში“ ვკითხულობთ: „უკეთუ გენებოს ცნობად, თუ ქართველნი ვითარ იპყრობდნენ იერუსალიმს, ესრეთ ვპოვენით მუნ წერილთა შინა. რამეთუ პირველი ქრისტიანე ქმნილი მეფე საქართველოსა მირიან ხოსროიანი ნინოს მიერ წარმოვლენილ არს, მეფე კონსტანტინე უხილავს და იერუსალიმად მისრულ არს და ჯვარისა მონასტრის ადგილი მას უშოვნია. რამეთუ ესე არს ადგილი იგი, რამეთუ ლოთ სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი - დანერგვა სასწაულად, უკეთუ მიეტეოს ცოდვა იგი, და სამივე ერთ ხე დიდ აღმოხდა. ამისა შემდგომად მოსჭრა იგი სოლომონ შენებასა ტაძრისასა, არამედ უქმად გამოჩნდა სახმარება მისი მუნ, და მდებარე იყო საჯდომად კაცთა გარე. ხოლო ჯვარცმასა უფლისასა, განგებითა ზენათათა მას ზედა აცვეს უფალი. რამეთუ მონაკვეთი ხისა მის ძირი ქვეშე წმიდისა ტრაპეზისა დღესამომდე ჩანს. ხოლო ამისა შემდგომად სულიერი ვინმე მონაზონი შავთელი, სახელად პროხორე, მოსრულ არს მონასტერსა და ლავრასა წმიდისა საბასსა დაყუდებულა. და მეფესა საქართველოსასა ბაგრატ კურაპალატს საფასე დიდძალი წარმოუცემია ღირსისა პროხორესათვის, რათამცა ჯვარის მონასტერი აღაშენა, და მას აღუშენებია ჯვარის მონასტერი შესაკრებად ქართველთათვის“.

თავის დროზე ამ წმიდა ადგილის ქართველთათვის დასამტკიცებლად ფრიად უღვაწია დიდ ქართველ ხელმწიფეს ვახტნაგ გორგასალს.

როგორც „წმიდა პროხორეს ცხოვრება“ მოგვითხრობს, პროხორე იყო „ნათესავით ქართველი, ქუეყანით შავშეთით“. ადრევე წავიდა კლარჯეთს და წყაროსთავის მონასტერში დამკვიდრდა, თავის ძმასთან. როდესაც აკურთხეს, შემდეგ „შეიმოსა სახე მონაზონებისაი“ და „აკურთხეს ხუცად“. მომდევნო ხანაში მას პალესტინაში ვხედავთ, საბას ლავრაში, სადაც გაატარა „წელნი მრავალნი“ შემდგომ „მახლობელად იერუსალემს, დასავლით კერძო... აღაშენა და განასრულა და შეამკო ეკლესიაი ყოვლითა სამკაულითა“, შემოიკრიბა მოღვაწენი, რომელთაც განუჩინა წესი და კანონი „მსგავსადვე წმიდისა საბაის ლავრისა“. მანვე იერუსალიმში ააშენა ქსენადუქი (სასტუმრო). როდესაც „სრულ-ყო ესე ყოველი“, დაუძლურდა, სიბერე ეწია. დატოვა „ჯუარისა მონასტერი“ - ერთ-ერთი მოწაფე (გიორგი) დაადგინა მამასახლისად, ხოლო თვით ორი მოწაფითურთ წავიდა „უდაბნოსა არნონს“, სადაც „შედგომად მცირედისა ჟამისა“, 1066 წელს, გარდაიცვალა.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ წმიდა პროხორე მონასტრის დაარსებისთანავე ზრუნავდა არა მხოლოდ ცალკეულ თხზულებათა გადაწერაზე, ახალი ხელნაწერების დამზადებაზე, არამედ პალესტინის გამოჩენილ მოღვაწეთა „ცხოვრებათა“ კრებულის შედგენაზე. სწორედ მისი თაოსნობით გაჩნდა „პალესტინის პატერიკის“ ქართული ნუსხა, რომელიც ლონდონშია დაცული.

წმიდა პროხორე მის მიერ დამზადებულსა თუ მოგებულ ხელნაწერს ჯვარს სწირავდა და ამით საფუძველს უყრიდა იქაურ წიგნსაცავს. მისი თანამედროვენი საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ პროხორემ „ჯუარსა შინა დასხნა ყოველნივე შუენიერნი და კეთილნი წიგნნი საღმრთონი“.

ამრიგად, ჯვრის მონასტერში გახშირდა ხელნაწერთა გამრავლება. გარდა დასახელებულისა, ცნობილია კიდევ რამდენიმე ხელნაწერი, რომელიც ჯვარში დამზადდა პროხორეს სიცოცხლეში. შეიძლება დავიმოწმოთ, მაგალითად, გაბრიელ საყვარელის მიერ 1061 წელს „მონასტერსა წმიდისა ჯუარისასა, მამობასა გიორგისასა“ გადაწერილი პარაკლიტონი, მის მიერვე გადაწერილი (1062 წ.) ოთხთავი, რომელიც „სალოცავად სულისა მოძღურისა გიორგი-პროხორესსსა და მამისა გიორგისა“ მოუგია ჯვრის დეკანოზს დანიელს, და სხვ.

ხელნაწერთა გამრავლება და ზოგჯერ ორიგინალურ-შემოქმედებითი საქმიანობაც შეინიშნება წმიდა პროხორეს გარდაცვალების შემდგომ ხანაშიც. მაგალითად, მიქაელ დვალმა, რომელიც ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ როგორც ხელნაწერთა დამზადების მონაწილე, პროხორეს გარდაცვალების შემდეგ გადაწერა ჟამნი.

XI საუკუნის 60-იანი წლების მოღვაწე უნდა იყოს ის უცნობი ქართველი მწიგნობარი, რომლის კალამს ეკუთვნის ჩვენს მიერ ზემოთ დამოწმებული „პროხორეს ცხოვრება“. ამ ძეგლის მნიშვნელობა პალესტინის ქართული კოლონიის ისტორიისა და იერუსალიმელ ქართველთა კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესასწავლად ძალზე დიდია. არსებითად იგია უპირველესი და უსრულესი წყარო ჯვრის მონასტრის აღმშენებლის - პროხორეს ბიოგრაფიის შესასწავლად. მართალია, როგორც ვნახეთ, ცნობები პროხორეზე სხვა წყაროებშიც გვხვდება, მაგრამ სვინაქსარული „ცხოვრების“ მნიშვნელობა განსაკუთრებულია. არსად, არც ერთ წყაროში არაა მოცემული პროხორეს ბიოგრაფია. ასე რომ, უცნობი ავტორის ნაწარმოები მრავალმხრივ საყურადღებო პირველწყაროა.

XI საუკუნის მეორე ნახევარში, 1066 წლის ახლოს, ჯვრის მონასტერში დამზადდა სვინაქსარი, რომელიც ცნობილია როგორც აღაპებით, ისე ქართველ მოღვაწეთა სვინაქსარული „წამება-ცხოვრების“ ტექსტებით. იგი გადაწერილია ჯვრის კრებულისათვის; მასში ადრევე შეიტანეს „პროხორეს ცხოვრება“ და პირველი აღაპი. შემდეგ იგი მონასტრის სააღაპე წიგნად იქცა. გვიან ხანაში (XV ს.) მასში შეიტანეს სხვა ქართველ მოღვაწეთა - წმიდა ლუკასა და ნიკოლოზის სვინაქსარული „წამებანიც“.

ახლად აღმოცენებულ სავანეში ინტენსიურად გაშლილი მწიგნობრულ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად წმიდა პროხორეს მიერ დაარსებული წიგნსაცავი სწრაფად გაიზარდა. საგულისხმოა, რომ იგი მდიდრდებოდა არა მხოლოდ ადგილზე - ჯვრის სავანეში - გიორგი-პროხორე, იოანე დვალის, შავი იოანესა და სხვათა მიერ დამზარებული ხელნაწერებით, არამედ სხვა ქართულ კერებში გადაწერილი წიგნებითაც. ჯვრის მონასტერს შესწირეს ხელნაწერები კალიპოსელებმა, საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებმა და სხვ. ჯვრის ხელნაწერთა კოლექცია ამჟამად ძირითადად იერუსალიმშია, ნაწილი კი ინახება სინას მთაზე.

ამრიგად, ჯვრის მონასტერი დაარსებისთანავე იქცა ქარველ მწიგნობართა მნიშვნელობან საკურებულოდ, ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის კერად. უკვე პროხორეს წინამძღვრობის პერიოდში გაჩაღდა იქ ღვთივსულიერი ლიტერატურული საქმიანობა, რომელიც წარმატებით გრძელდებოდა მრავალი წლის მანძილზე, რასაც თვალნათლივ წარმოაჩენს და ადასტურებს იქაურ ხელნაწერთა კოლექცია. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც შესამჩნევია, რომ იერუსალიმელ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა რამდენადმე შეზღუდული იყო. ჯვრის სავანე ძირთადად კალიგრაფთა კერას წარმოადგენდა; ის ადრინდელ ქართულ სავანეებს, რასაკვირველია, სარგძნობლად ჩამორჩებოდა. საერთოდ პალესტინელ ქართველთა კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობა ძველებური (VIII-X სს.) მასშტაბისა და გაქანებისა აღარ იყო. ქვემოთ ვნახავთ, რომ გიორგი-პროხორეს მომდევნო ხანაში იერუსალიმელი ქართველები ეკონომიკურად და უფლებრივად ძლიერდებიან, სავანეთა რიცხვი იზრდება და მწიგნობრები განაგრძნობენ ლიტერატურულ საქმიანობას, მაგრამ პალესტინის ქართულ კოლონიას მაინც აღარ ძალუძს ძველი დიდების შენარჩუნება. ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, მაჰმადიანურ გარემოცვაში მომწყვდეული იერუსალიმის მოწყვეტა ბიზანტიის კულტურული ცენტრებისაგან, მეორე მხრივ, ქართულ-ბიზანტიური სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობის გაცხოველება, რასაც შედეგად მოჰყვა საკუთრივ ბიზანტიის ტერიტორიაზე, თუ მისი გავლენის სფეროში ქართული სავანეების აღმოცენება და იქ ქართველთა შემოქმედებითი ცენტრების გადანაცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ პალესტინის, კერძოდ, იერუსალიმის ქართულ კოლონიას აღარ ჰქონდა ძველებური დიდი კულტურული მნიშვნელობა, ქართველ მოღვაწეთა სწრაფვა იქაური სავენეებისაკენ მაინც შესამჩნევი იყო. საგულისხმოა, რომ მგზავრობის საშიშროება, პოლიტიკური არეულობა და გაუთავებელი ბრძოლა, რაც გამუდმებით მიმდინარეობდა მრავალი წლის მანძილზე, ვერ აფრთხობდა ქართველ პილიგრიმებს, ვერ ანელებდა ქართველთა ინტერესს იერუსალიმისადმი.

ჯვრის მონასტერი გადაურჩა ლათინებს. ეს განაპირობა არა მხოლოდ ამ მონასტრის იერუსალიმის გარეთ მდებარეობამ, არამედ საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ და ჩვენი წინაპრების თავგანწირულმა ბრძოლამ მაჰმადიანთა წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა თურქ-სელჩუკთა თუ სხვათა ძალების შესუსტება და საქართველოს ავტორიტეტის ზრდა საერთაშორისო არენაზე.

ჯვაროსანთა პირველმა ლაშქრობამ გარკვეული გავლენა მოახდინა ქართველთა ცხოვრებაზე როგორც იერუსალიმში, ისე საკუთრივ საქართველოში. მას უთუოდ დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის. შემთხვევითი არაა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მაჰმადიანთაგან იერუსალიმისა და ანტიოქიის განთავისუფლების აღნიშვნის შემდეგ უშუალოდ მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე: „გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“.

ჯვაროსანთა წარმატებამ ხელი შეუწყო დავით აღმაშენებლის გაძლიერებას, ხოლო, თავის მხრივ, ქართველთა ბრძოლა მაჰამდიანურ სამყაროსთან ჯვაროსნებისათვის მხარდაჭერასა და დახმარებას წარმოადგენდა. საგულისხმოა ფრანგი გოტიეს აღტაცება დიდგორის ომში (1121 წ.) ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების გამო. მართლაც, დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვება ჯვაროსნებისათვის დახმარების გაწევასაც ნიშნავდა. საქართველოს გამარჯვება განმათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალების შესუსტება მოჰყვა, ხელს უმართავდა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომაც ჯვაროსანთა თავკაცები საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მასთან უშუალო კონტაქტის დამყარებასა და დაახლოებას ცდილობდნენ. საგულისხმოა, რომ დავით აღმაშენებლის თავგანწირულმა და საარაკო ბრძოლამ მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან სამშობლოს დაცვისა და გაძლიერებისათვის განაპირობა მასზე ლეგენდების შექმნა და გავრცელება ჯვაროსანთა შორის.

დავით აღმაშენებელი არა მარტო მაჰმადიან მტრებს ებრძოდა, არამედ, საერთოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახლო აღმოსავლეთს. მას ამოძრავებდა როგორც სახელმწიფოებრივ-პოლიტიური, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო მიზანი - ქართველთა უფლებების დაცვა-წარმოჩენა წმიდა მიწაზე. მისთვის სავსებით ნათელი იყო, თუ რაოდენ დიდი კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთში არსებულ ქართულ საეკლესიო კოლონიებს. მემატიანის ცნობით, დავითმა „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. და მყოფნი იერუსალემისანი თვითოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა“.

ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსანთა ლაშქრობამ და მაჰმადიანთა შევიწროებამ, ერთი მხრივ, და დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს ძლიერებამ და საერთაშორისო ავტორიტეტმა, მეორე მხრივ, განაპირობა იერუსალიმელ ქართველ მოღვაწეთა მდგომარეობის გაუმჯობესება. თურქ-სელჩუკთა მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ დარბეული და ნაწილობრივ დანგრეული ჯვრის ტაძარი აღდგა, განახლდა და მოიხატა. ქართველთა სავანეში სამონასტრო ცხოვრება გამოცოცხლდა. ყოველივე ეს იყო ბუნებრივი შედეგი დავით აღმაშენებლის მზრუნველობისა და მშვენიერი დემონსტრაცია საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა.

XII საუკუნის დამდეგიდან მოგვეპოვება ორი არაქართული მოღვაწის ცნობები ჯვრის მონასტერზე. 1102-1103 წლებში ჯვარი ინახულა, ეკლესია, დაზიანებული სენაკები და მინაშენები დაათვალიერა მოგზაურმა ზევულფმა. რუსმა მოღვაწემ დანიელ წინამძღვარმა, რომელიც 1106-1108 წლებში იყო იერუსალიმში, ჯვარი ნახა აღდგენილი, განახლებული და მოხატული.

საგულისხმოა, რომ დასახელებული მოღვაწენი აღფრთოვანებით წერდნენ ჯვარზე, საგანგებოდ წარმოაჩენდნენ მის სიდიადესა და სილამაზეს (როგორც ჩანს, მნახველთა ყურადღებას იპყრობდა ქართული ტაძრის დიდებული მოხატულობა).

საქართველოდან მიღებული შეწირულობებით აღდგენილ-განახლებულ სავანეში მომრავლდნენ ქართველი სასულიერო მოღვაწენი. სამონასტრო ცხოვრების გამოცოცხლების კვალდაკვალ გაიშალა ჯვრის ქართველ მწიგნობართა საქმიანობა, მომრავლდნენ კალიგრაფები, გაგრძელდა ხელნაწერთა დამზადება.

ტრადიციული გადმოცემით, ამ პერიოდში ჯვარში მოღვაწეობდა არა მხოლოდ კალიგრაფთა ჯგუფი, არამედ ისეთი ცნობილი მწერალი და მოაზროვნე, როგორიცაა არსენ იყალთოელი (XI-XII სს.).

ტ. გაბაშვილის ცნობით, „არსენი ვაჩნაძე, კაცი ფილოსოფოსი და მთარგმნელი ღრმათა წერილთა, მოძღვარი დავით აღმაშენებლისა“ ერთხანს ჯვრის მონასტერში ცხოვრობდა. მისივე სიტყვით, „წმიდა მამა არსენი იბადის ძე ქართველი, გვარად ვაჩნაძე, ფილოსოფოსი“ მონასტრის მთავარი ეკლესიის კედელზე იყო გამოხატული; თ.ბაგრატიონის ცნობით, არსენ იყალთოელი - „მოძღვარი, აღმზრდელი და მასწავლებელი“ დავით აღმაშენებლისა - „აღზრდილი წმიდისა იერუსალიმის ჯუარის მონასტერსა შინა ქართველთასა, განაგებდა იერუსალიმსა ქართველთა მონასტერთა ყოველთავე“. იგი „ჟამად იყოფებოდა წინაშე დავით მეფისა აღმაშენებელისა და ჟამად იერუსალიმად ჯვარის მონასტერსა შინა“. არსენ იყალთოელი ერთხელ „დავით აღმაშენებელმან წარავლინა დიდითა საფასითა და წარსააგებელითა და მრავლითა ძვირფასითა ნივთითა იერუსალიმად შესაწირავად წმიდათა მათ ადგილთა. მიიწია ესე, განაახლა და განამშვენიერნა ჯვარის მონასტერი  და სხვანი წმიდანი მონასტერნი ქართველთანი და ყოველთა მათ წმიდათა ადგილთა განმამდიდრებელი, აღმაშენებელი და შემამკობელი მოიქცა საქართველოდვე“.

ჯვაროსანთა ბატონობა იერუსალიმში დიდხანს არ გაგრძელებულა. XII საუკუნის მეორე ნახევარში, 70-იანი წლებიდან, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არსებითად შეიცვალა. ეგვიპტის, სირიის ნაწილისა და მესოპოტამიის შეერთების შედეგად შეიქმნა ერთი მძლავრი სახელმწიფო, რომლის ცენტრი ეგვიპტეში იმყოფებოდა. ჯვაროსნებს ნაცვლად ცალკეული სამთავრო-საამიროებისა დაუპირისპირდა დიდი სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ალ-აიუბ სალაჰ ად-დინი (სალადინი) ედგა (1171-1193). გაძლიერებულმა სულთანმა დაისახა სირია-პალესტინიდან ჯვაროსნების გაძევება. სალადინის გაძლიერება მძიმე და საშიშ მდგომარეობას უქმნიდა იერუსალიმელ ჯვაროსნებს და აიძულებდა მათ თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გადასახადების ზრდას. იერუსალიმის მეფის ბალდუინ მეოთხის (1173-1185) მიერ დაწესებული ყოველწლიური გადასახადები (1177 წ., 1182 წ.) ჯვრის ტაძარსაც მძიმედ დააწვა. ბალდუინმა ჯვარს ზვრების ნაწილიც კი წაართვა.

სალადინმა დიდძალ ჯარს მოუყარა თავი და 1187 წელს აიღო იერუსალიმი. ქრისტიანობა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯვაროსნებმა მესამე ლაშქრობა წამოიწყეს (1189 წ.), მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს; აიღეს აკრა და იგი იერუსალიმის სამეფოს სატახტო ქალაქად გამოაცხადეს (იერუსალიმი კვლავ სალადინს ეპყრა), ხოლო 1192 წლის ზავით ანტიოქიის სამთავრო შეინარჩუნეს.

მაჰმადიანთა გარემოცვაში მოხვედრილ ჯვრის მონასტერს ქართველი მოღვაწენი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ამ დახმარებამ განსაკუთრებული სახე მიიღო იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს სათავეში თამარ მეფე (1184-1213) იდგა. მაგრამ, ვიდრე ამ პერიოდზე დავიწყებდეთ საუბარს, გვსურს ორიოდე სიტყვა ვთქვათ თამარის ერთ გამოჩენილ თანამოღვაწეზე, რომელიც სწორედ თამარის გამეფების წინა წლებში ყოფილა იერუსალიმში. ესაა XII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი მწერალი ნიკოლოზ გულაბერისძე. იგი დაახლოებით 1150-1178 წლებში ქართულ ეკლესიას მეთაურობდა, შემდეგ „სიმდაბლისა ძალით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან“ და წავიდა იერუსალიმს, სადაც დარჩა 1184 წლამდე, ვიდრე თამარმა არ „აღმოუწოდა წმიდით ქალაქით“. როგორც ჩანს, 1178-1184 წლები მან იერუსალიმში გაატარა და ჯვრის მონასტრის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯები გადადგა: მონასტრისეული ვენახი დაიხსნა - „უკუმოისყიდა“ და სხვა დახმარებაც აღმოუჩინა. არ არის გამორიცხული, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე იერუსალიმში მწიგნობრულ-შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა.

კიდევ უფრო გაიზარდა იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი დახმარება საქართველოს მხრივ წმიდა თამარის მეფობის წლებში. თამარი დიდი გულისყურით ზრუნავდა უცხოეთში არსებულ ქართულ სავანეებზე, კერძოდ იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე.

როგორც ქართულ მემატიანეთა სიტყვებიდან ჩანს, თამარი იერუსალიმს, - ივარაუდება, უპირველეს ყოვლისა, ჯვრის მონასტერს, - დიდად ეხმარებოდა, „სარწმუნოებითა თვისითა“ ხელით უხვ შეწირულობას უგზავნიდა.

აქვე უნდა დავიმოწმოთ არაქართველ მოღვაწეთა მიერ შემონახული ორიოდე ცნობა.

არაბი ისტორიკოსის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის (1145-1234) ცნობით, 1192-1193 წლებში თამარმა სალადინს 200000 დინარი შეაძლია და მუსულმანთა მიერ 1187 წელს მიტაცებული ჯვრისა (რომელზეც მაცხოვარი აცვეს) და (აგრეთვე მიტაცებულ) ქართულ სავანეთა დაბრუნება სთხოვა. 1192 წელს „ქართველთა ელჩი მოვიდა და მოახსენა სულთანს სპეციალურად წმინდა ადგილების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც მათ ჰქონდათ იერუსალიმში და მოახსენა აგრეთვე თავიანთი დასახლებული ადგილების შესახებ. (ქართველები) ჩიოდნენ, რომ წაართვეს მათ მონასტერი და ითხოვდნენ სულთნის კეთილგანწყობას, რათა დაებრუნებინა იგი მათჲ გამგებლისადმი“. არ ჩანს, რომ თამარმა ამ დროს დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მოდევნო ხანაში რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების უფლებრივი მდგომარეობა რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა, ეს უდავოა.

სომეხი მემატიანის კირაკოს განძაკეცის (XIII ს.) ცნობით, 1210-1211 წლებში, - ივანე მსახურთუხუცესის ხლათელთა ტყვეობიდან დახსნისა და მისი ასულის თამთას სულთანთან გაგზავნის შემდეგ, - ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ქართველ მეფესა და მაჰმადიან მბრძანებელთ შორის დაიდო ზავი, მონასტერთ ხარკი შეუმცირდათ, მლოცველთა ძარცვა აღიკვეთა, ქართველ ქრისტიანებს პატივი მიეგოთ.

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველომ მოიპოვა აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მფარველობა, ხოლო მაჰმადიანურ ქვეყნებში მოგზაურ ქართვლებს ფართო პრივილეგიები მიენიჭათ. მართებულად შენიშნავდა რ.ჟანენი, რომ „ძველად ყველა იმ ხალხთა შორის, რომელთაც უპირატესობა და დიდი გავლენა ჰქონდათ წმინდა ქალაქში, ქართველებს უდავოდ ერთი უპირველესი ადგილი ეჭირათ“. არაა ინტერესს მოკლებული, რომ მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ უფლება იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლისა. ალბათ, ამ დროსვე დამკვიდრდა საყურადღებო წესი: ქართველ მლოცველებს არაბი მოხელე ალეპოში ხვდებოდა, იერუსალიმში მიჰყვებოდა და შემდგომ უკან აცილებდა, ე.ი. მოსალოდნელი განსაცდელისაგან იცავდა.

სწორედ ამ პერიოდში, თამარის ზეობის ხანაში, დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სავანეს დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე შოთა რუსთველი.

აზრი რუსთაველის იერუსალიმში წასვლისა და იქ (ჯვრის მონასტერში) ცხოვრების შესახებ კარგა ხანია გავრცელებულია როგორც ხალხურ სიტყვიერებაში, ისე სამეცნიერო ლიტერატურაში. იგი შეიჭრა სიტყვაკაზმულ მწერლობაშიც. ამასთანავე, რუსთველს ზოგჯერ ბერად მიიჩნევენ და მის საფლავს იერუსალიმშივე იგულებდნენ. სათანადო საფუძველს თითქოს იძლეოდა ზეპირი გადმოცემა, ჯვრის მონასტრის ფრესკა და სააღაპე სიგნის ცნობა.

ძველი გადმოცემა პირველმა ჩაიწერა, შოთა რუსთველი მეჭურჭლეთუხუცესად მიიჩნია და ჯვრის განმაახლებლად და მომხატველად გამოაცხადა ტ.გაბაშვილმა. მან პირველმა მოგვაწოდა ლიტერატურული ცნობა რუსთველის ფრესკაზე („ჯვრის მონასტერი დაძველებულია და გუმბათს ქვეით სვეტნი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთას რუსთველს, მეჭურჭლეთუხუცეს[ს]. თვითონაც შიგ ხატია მოხუცებული“).

დღეს სავსებით დადასტურებულია პოეტ შოთა რუსთველისა და შოთა მეჭურჭლეთუხუცესის იდენტურობა. საკამათო აღარაა, რომ შოთა რუსთველის ფრესკის დახატვა ჯვრის მონასტერში და მისთვის აღაპის დადება აიხსნება იმ დიდი დამსახურებით, რაც ქართველ პოეტს მიუძღვის ძველი ქართული სავანისადმი. როგორც, ტ.გაბაშვილის ცნობაც ადასტურებს, შოთა რუსთველმა მართლაც საყურადღებო და მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ჯვარსა, განაახლა და მოახატვინა იგი.

როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა სამხედრო-პოლიტიკურმა გაძლიერებამ და ეკონომიკურმა მოღონიერებამ, ქართველთა ენერგიულმა ზრუნვამ პალესტინის სავანეებზე სათანადო შედეგი გამოიღო. მეფე-დიდებულთა უხვი შეწირულობითა და ქართული სამეფო კარის ინტენსიური მზრუნველობით იერუსალიმის ქართული კოლონია განმტკიცდა და გაძლიერდა როგორც მატერიალურად, ისე უფლებრივად. საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფოს კვალდაკვალ იგიც გაიზარდა რიცხობრივად და დაწინაურდა კულტურულად. თავის მხრივ ამ კოლონიამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებას, საგარეო პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას.

საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ XII-XIII საუკუნეებში საქართველო, - ვითარცა წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო, - ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა დამცველის როლში გამოდიოდა. მისი სამხედრო პოტენციალი ისე დიდი იყო და პოლიტიკური წონა ისე შესამჩნევი, რომ ბევრ უცხოელს სავსებით სარწმუნოდ ეჩვენებოდა საქართველოს ძლიერებაზე შეთხზული ლეგენდები. ასეთი განწყობილება ჩანს, მაგალითად, ფრანგი ჯვაროსანი რაინდის წერილში: „მოისმინეთ გასაოცარი და მნიშვნელოვანი ახალი ცნობები. ჯერ ყურმოკრული სიტყვა შევიტყვე, ხოლო შემდეგ სარწმუნო ელჩის მეშვეობით დანამდვილებით შევამოწმე, რომ იბერიელი ქრისტიანების, რომელნიც გეორგიანებად (ქართველებად) იწოდებიან, დიდძალმა ცხენოსანმა და ქვეითმა ჯარმა, ღვთის შემწეობით აღფრთოვანებულმა და ძალზე კარგად შეიარაღებულმა, გამოილაშქრა ურწმუნო წარმართების წინააღმდეგ, სწრაფად დაჰკრა მათ და უკვე აიღო 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, რომელთაგან სუსტნი ნაცარტუტად აქცია... ზემოაღნიშნული ჯარი მოეშურება, რათა გაათავისუფლოს იერუსალიმის წმინდა მიწა-წყალი და დაიპყროს წარმართთა მთელი სამყარო. მათი წარჩინებული მეფე 16 წლის ჭაბუკია. იგი ალექსანდრე მაკედონელს ჰგავს ვაჟკაცობითა და სათნოებით. მაგრამ არა სარწმუნოებით. ამ ჭაბუკს თან მოაქვს ძვლები თავისი დედისა, უძლიერესი მეფის თამარისა, რომელსაც თავის დროზე იერუსალიმს წამოსვლის აღთქმა დაუდვია და უთხოვია შვილისათვის, თუ აღთქმის ასრულება არ დამცალდეს, ჩემი ძვლები ქრისტეს საფლავზე წაიღეო. შვილს არ დავიწყებია დედის თხოვნა და... გადაუწყვეტია წმიდა ქალაქში გადმოიტანოს დედის ნეშტი, მიუხედავად იმისა, მოისურვებენ ამას წარმართები თუ არა“.

მართალია, თამარის სურვილი იერუსალიმში წასვლისა, ანდერძი - მისი ძვლების იერუსალიმში წასვენების შესახებ, გიორგი ლაშას (1213-1222) ცდა ანდერძის სისრულეში მოყვანისა სხვა წყაროებით არაა ცნობილი და შეთხზული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. საინტერესო და საყურადღებოა წარმოდგენა ქართველებზე, რომელიც ევროპელებს ჰქონდათ. როდესაც აღმოსავლეთში გამოლაშქრებული ჯვაროსნების სისუსტე თანდათანობით შესამჩნევი გახდა, ქართველთა ძლიერებამ ზენიტს მიაღწია. სწორედ ამან გამოიწვია ქართველთა განდიდება და მათ ძლიერებაზე ლეგენდების შეთხზვა.

1244 წელს ჯვაროსნებმა სამუდამოდ დაკარგეს იერუსალიმი. ეგვიპტის სულთნებმა ნელ-ნელა ხელთ იგდეს ანტიოქია (1268 წ.), ტრიპოლი (1289 წ.), აკრა (1291 წ.) და სხვა ქალაქები.

ბუნებრივია, ეგივპტელთა უღელქვეშ მყოფი იერუსალიმის ქრისტიანი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ქრისტიანულ სავანეებს არსებობა გაუძნელდათ, მაგრამ ქართველებმა ერთხანს კიდევ შეინარჩუნეს ძველი პატივი და პრივილეგიები.

ეგვიპტელთა ბატონობის პერიოდში იერუსალიმელ ქართველთა უფლებამოსილებაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრუვიუსი): „ცხოვრობს აღმოსაველთში ქრისტიანი ხალხი - ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მერბძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები... როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თავყვანისსაცემად, წმინდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრაბიან ორადინუსს, დამასკოს პრინცს, იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ“.

მიუხედავად ზემოთქმულისა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მაჰმადიანურ გამოცვაში მყოფ ჯვრის მონასტერს მოაკლდა როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე მატერიალური დახმარება. მართალია, ქართველების ჯვრის კრებულს ეხმარებოდნენ XIII საუკუნის მეორე მეოთხედშიც, შუა წლებშიც, მაგრამ ის ძველი მასშტაბისა აღარ იყო. ამასთანავე, ჯვრის ბინადართა მთავარ საზრუნავს სავანის შენარჩუნება წარმოადგენდა, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა.

პალესტინის ქართული სავანეების დაკარგვითა და ჯვრის მონასტრის მეჩეთად გადაკეთებით აღშფოთებული ქართველები აქტიურად მონაწილეობდნენ ილხანთა ლაშქრობებში ეგვიპტელთა წინააღმდეგ. მაგალითად, 1277 წელს აბაღას მიერ მოწყობილ ლაშქრობაში ბაიბარს ბუდბუკდარის წინააღმდეგ თავდადებით იბრძოდა 3000 ქართველი, 1281 წელს სულთან მანსურ საიფ ად-დინკ ალაუნის (1279-1290) მამლუკთა არმიას ებრძოდა დიმიტრი თავდადებულის მხედრობა და სხვ. მართალია, ქართველთა მონაწილეობა ამ ბრძოლებში მონგოლთა დაძალებით ხდებოდა, მაგრამ ქართველებს უთუოდ საკუთარი ინტერესიც ამოძრავებდათ. რადგან მათ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით არ შეეძლოთ ეგვიპტელთა წინააღმდეგ გამოსვლა და ქართული სავანეებისათვის ბრძოლა, ისინი სხვათა ლაშქრობაში მონაწილეობდნენ და ამით იმედოვნებდნენ მიზნის მიღწევას - ქართული ტაძრების დაბრუნებას, ძველი პრივილეგიების აღდგენასა და უფლებრივი სასჯელების გაუქმებას. ამ მიზნით ჩაება ოლხანთა ლაშქრობაში ვახტანგ III (1290-1308).

ჯვრის მონასტრის ერთი აღაპი გვამცნობს, რომ „ოდეს ჯუარისა მონასტერი კვ[=26] წელსა სპარსთა წაეღო“, მეფე ვახტანგს მისთვის დიდი დახმარება აღმოუჩენია - „რვაი თავი ღაჰრი და ათასი თეთრი“ შეუწირავს. მეფე ვახტანგი, რომელმაც უხვი შეწირულობით აღაპის დაწესება დაიმსახურა, ვახტანგ მესამეა, ქართლის მეფე, რომელიც 1299 წლის ნოემბრიდან ახლდა ეგვიპტელთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონგოლთა მბრძანებელს ყაზან ყაენს (1295-1304). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც ყაზანმა „იწყო ამხედრება მეგვიპტელთა ზედა, მოუწოდა მეფესა ვახტანგს“. ვახტანგის მეთაურობით ქართველთა მხედრობამ მონაწილოება მიიღო ყაზანის საომარ ექსპედიციაში. ეგვიპტის სულთანი ნასირ მუჰამედი (1293-1294, 1299-1341) ვაჟკაცურად დახვდა მტერს, „იქმნა ომი სასტიკი“, „ვახტანგ და სპანი მისნი მხნედ იბრძოდეს“. მონგოლებმა და თანამოლაშქრეებმა აიღეს ჰემსი, დამასკი, იერუსალიმი. საფიქრებელია, ვახტანგმა მაშინ მოინახულა იერუსალიმელი ქართველები, გაიგო მონასტრიდან გაძევებულ ჯვარელთა გაჭირვება და ძვირფასი ქსოვილი და ფული მისცა მათ. ე.მეტრეველის აზრით, ეს 1299 წელს მოხდა.

მართალია, ქართველი მამულიშვილები თავგამოდებით ებრძოდნენ ეგვიპტელებს და ზოგჯერ იერუსალიმელ ქართველებსაც ეხმარებოდნენ, მაგრამ მალე მათთვის ცხადი გახდა, რომ ილხანების ილხანების ლაშქრობაში მონაწილეობითა და ბრძოლით საკუნვარი მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო. ილხანებს სირია-პალესტინის განთავისუფლებისა და ქართველებისათვის მათი ძველი სავანეების დაბრუნების ძალა არ შესწევდათ. ქართველებმა გადაწყვიტეს ძველი ტრადიცია აღედგინათ, ეგივპტელებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ, მონგოლთა წინააღმდეგ მოკავშირენი შეეძინათ და ეროვნული სავანეები დაებრუნებინათ. ამ მიზნის მისაღწევად ქართველთა მეფემ კაიროში ელჩები გაგზავნა და მოლაპარაკება დაიწყო.

მემატიანე ბადრ ად-დინ ალ-აინის (1361-1411) ცნობით, ქართველი მეფის ელჩები თავდაპირველად კონსტანტინოპოლში მივიდნენ. ლასკარისმა, - ბიზანტიის იმპერატორმა ანდრონიკე მეორემ (1282-1328), - მათ თავისი დესპანიც გააყოლა. ისინი მივიდნენ კაიროში და სულთანს მეჩეთად გადაკეთებული ჯვრის ტაძრის დაბრუნება სთხოვეს. ქართველთა თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.

მუჯირ ად-დინ აბდ-არ რაჰმან იბნ  აჰმად ალ-ულაიმ ალ-უმარის (გარდ. 1522 წ.) ცნობით, როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა კუთვნილი ჯვრის ტაძარი ქრისტიანებს ჩამოერთვათ და მიზგითად გადაკეთდა ელ-მელიქ ენ-ნასირ მუჰამედის დროს. 1305 წელს მის მოადგილესთან მივიდნენ ბიზანტიის იმპერატორისა და ქართველი მეფის ელჩები და სთხოვეს ჯვრის დაბრუნება. დაბეჯითებითი და ხანგრძლივი თხოვნის შედეგად ჯვრის ტაძარი დაუბრუნდა ქართველებს.

იბნ ალ-კასირის ცნობითაც დასტურდება, რომ ბაიბარს ბუნდუკდარის ზეობაში შეიხ ხიდრის მიერ მიტაცებული ჯვრის ტაძარი დაუბრუნდათ ქართველებს და, ამასთანავე, მოეხსნათ უფლებრივი სასჯელი - ქართველმა ქრისტიანმა მიიღო უფლება ცხენ-სახედარზე ნორმალური ჯდომისა.

ჯვრის გამოხსნას, - უცხო ავტორთა ჩვენებით, - ადგილი ჰქონდა 1305 წელს. ამ დროს მეფობდა დავითი, რომელიც ჯვრის სააღაპე წიგნში იხსენიება ვითარცა „მეორედ აღმაშენებელი წმიდისა მონასტრისაი, რომელმან სარკინოზთაგან წარტყუენული მონასტერი და ეკლესიაი მიზგითად შეცვალებული ეკლესიადვე სალოცავად შეცვალა და კუალად აგო ნათესავთა ქართველთასა“.

დამოწმებული აღაპიდან ჩანს, რომ დავით მეფემ „სარკინოზთაგან“ (მამლუკთაგან) მიტაცებული ჯვარი გაათავისუფლა და დაიბრუნა, მეჩეთად გადაკეთებული ტაძარი ქრისტიანულ სალოცავად აქცია, „მეორედ აღაშენა“ - ალბათ, აღადგინა და განაახლა მაჰმადიანთაგან დაზიანებული ნაგებობა.

როგორც წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, მონგოლთაგან შევიწროებულმა დავითმა სცადა ეგვიპტელებთან დაახლოება და ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო მოლაპარაკება წამოიწყო, საქმეში კონსტანტინეპოლიც ჩარია და ამით პოზიცია განიმტკიცა. მან ელჩები აახლა ეგივპტის სულთანს, მოკავშირეობა შესთავაზა, საჭიროების ჟამს დახმარება აღუთქვა და ქართველთა სავანის დაბრუნება და უფლებრივი სასჯელის გაუქმება სთხოვა. ასეთი კავშირი ეგივპტელთათვის ძალზე სასარგებლო იყო. ამიტომ სულთანმა ქართველთა თხოვნა დააკმაყოფილა და ჯვარი დააბრუნა. ეს ქართველთა დიდი პოლიტიკურ-დიპლომატიური გამარჯვება იყო. ქართველობამ საერთაშორისო მდგომარეობა გაიუმჯობესა, ეგვიპტესთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა და მონგოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში სამხერდო-პოლიტიკური მოკავშირე შეიძინა, ძველი ქართული სავანე დაიბრუნა და ახლო აღმოსავლეთში ავტორიტეტი აიმაღლა.

დავით მეფის მიერ დახსნილ ჯვრის მონასტერს სხვა ქართველნიც დაეხმარნენ. მაგალითად, დავით ნარინის ვაჟმა - „აფხაზთა მეფემ“ კონსტანტინემ (1293-1327) „ახლად შეკაზმა“, ე.ი. მორთო, აკაზმულობით შეამკო; გრიგოლ დრანდელმა ნაწილობრივ მოხატა; „დიდსა დაჭირვებასა შინა, მას ჟამსა, ოდეს ჯუარი შემოგუაქციეს“, „ოდეს სურტანმან ჯუარი მოგვცა“, მას დაეხმარა ბევრი ქართველი დიდებული და საეკლესიო მოღვაწე.

ჯვრის მონასტრის კრებული გამოცოცხლდა და ამოძრავდა, მწიგნობრებმა განაახლეს ლიტერატურული საქმიანობა, გაჩაღდა შემოქმედებითი მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა პატარა აგიოგრაფიული ძეგლი, რომელშიც მოცმულია თავგადასავალი „წმიდისა ახლისა მოწამისა ნიკოლოზისი დვალისაი“. იგი გვაცნობს სირია-პალესტინაში ეგვიპტელთა ბატონობას, ქრისტიანთა დევნა-შევიწროებას, იერუსალიმელ ქართველთა ცხოვრებას და ა.შ.

უცნობი ავტორის სიტყვით, „ნიკოლოზ იყო ნათესავად დვალი, სოფლისაგან, რომელსა ეწოდების წაი“. ჯერ კლარჯეთში მოღვაწეობდა, შემდეგ იერუსალიმში. მაჰმადიანობის გმობისათვის „მრავალნი ცემანი და ტანჯვანი დაითმინნა“. ერთხანს კვიპროსზე გაიხიზნა, ათონზე წასვლასაც აპირებდა, მაგრამ ბოლოს იერუსალიმში დაბრუნდა, უკანასკნელად დამასკოს ეწვია. ყველგან აშკარად აღიარებდა ქრისტიანობას და კიცხავდა მაჰმადს, რისთვისაც შეიპყრეს, გვემეს, შემდეგ „ამირათა-ამირისა დენგისის (სეფი ად-დინ თენგიზი) წინაშე წარადგინეს“. მიუხედავად განსაცდელისა, ნიკოლოზმა არ უღალატა ქრისტიანობას და თავი შესწირა მას.

როგორც ჩანს, სეიფ ად-დინ თენგიზის (ეგვიპტის მამლუკთა სულთნის ნაცვალი სირია-პალესტინაში) ზეობისას (XVI საუკუნის პირველ ნახევარში) ქართველი მოღვაწენი იერუსალიმში ერთგვარი პრივილეგიებით კიდევ სარგებლობდნენ, მმართველები მათ ანგარიშს უწევდნენ, მაგრამ მაჰმადიანობის გმობას არც მათ აპატიებდნენ.

ნიკოლოზ დვალი 1314 წელს აწამეს. ამ წლის ახლოს უნდა იყოს დაწერილი სვინაქსარული „წამების“ ის ტექსტი, რომელიც უკვე დავიმოწმეთ. მისი ავტორი, რომლის ვინაობა ჩვენთვის უცნობია, იერუსალიმელი ქართველი მოღვაწე, - საფიქრებელია, ჯვრის სავანის მწიგნობარი, - XIV საუკუნის პირველი ნახევრის მწერალი უნდა იყოს. დაახლოებით ამავე ხანაში მოღვაწეობდა ჯვრის მონასტერში მეორე უცნობი ქართველი მწერალი - ავტორი „ლუკა მუხაისძის წამებისა“. ჩანს, აღნიშნულ ეპოქაში ჯვრის კრებულმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქრისტიანობისათვის და კერძოდ - ქართული ქრიტიანული ეკლესიისათვის თავდადებულ მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულის ამსახველი ძეგლების შექმნას.

ჯვრის მონასტერს მომდევნო ხანაშიც უხვად ეხმარებოდნენ ქართველი მოღვაწენი. აღაპთა საფუძველზე შეგვიძლია დავასახელოთ ის პირნი, რომლებიც დახმარებიან ჯვარს: გიორგი ბრწყინვალე (1299, 1314-1346), დავით IX (1346-1360), ბაგრატ V (1360-1390), გიორგი დადიანი (გარდ. 1384) და სხვ. ზოგი მატერიალურად ეხმარებოდა ჯვარს, ზოგი კი წიგნებს სწირავდა. ქართველთა სავანე კვლავ იზიდავდა უცხოელ მოგზაურებს.

XIV საუკუნეში ჯვრის მონასტერში არაერთი ხელნაწერი ინახებოდა. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ერთი - „დიდი სჯულისკანონი“, რომელიც კარგა ხანს წარმოადგენდა ჯვრის წიგნსაცავის საკუთრებას, ახლა კი ქუთაისშია დაცული. კარგადაა ცნობილი მისი გადამწერის ანდერძი, რომელიც რამდენჯერმე გამოქვეყნდა. იგი ეკუთვნის გრიგოლ ჩახრეხაისძეს, რომელიც ბევრმა მკვლევარმა (ზ.ჭიჭინაძემ, კ.კეკელიძემ, პ.ინგოროყვამ, ა.ბარამიძემ, შ.ნუცუბიძემ და სხვ.) „თამარიანის“ ავტორად - XII-XIII საუკუნეთა მოღვაწედ მიიჩნია. ამასთანავე, გრიგოლს ზოგი მიიჩნევდა ჯვრის მოღვაწედ, ზოგი კი ჯვრის სავანეში მისვლისა და იქ დასადგურების მსურველად.

ანდერძიდან ირკვევა, რომ გრიგოლს „დიდი სჯულისკანონი“ დაუმზადებია ჯვრისათვის: „გლახაკი ფრიად ცოდვილი გრიგოლ ჩახრეხაისძე მომიხსენეთ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა, რომელმან დიდითა გულსმოდგინებითა გარდავწერე თვისითა ხელითა ქრისტეანეთა წინამძღუარი დიდი ესე და სამოქალაქო სჯულისკანონი საუკუნოდ მოხსენებულისა და ჩუენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავსმდებელისა არსენი იყალთოელისა თარგმნილი... არარაის სხვისათვის მოვიჭირვე წერაი ამისი, თვინიერ რომელ სიყუარული მქონდა ცალკერძ წმიდისა მონასტრისა პატიოსნისა ჯუარისაი და მერმე ამის წმიდისა წიგნისაი“.

XV საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროების მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო. ქართველებს ენერგიული ბრძოლის წარმოება უხდებოდათ მოძალებულ მაჰმადიანურ ბრბოებთან, განსაკუთრებით თურქ-ოსმალთა ლაშქართან. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა თურქეთი და ბოლო მოეღო ბიზანტიის დიდებას, რაც 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემით დამთავრდა, და რამაც ქართველთა (ისე როგორც სხვა მართლმადიდებელ ხალხთა) გულისტკივილი და გულისწყრომა გამოიწვია, ქართველთა სამკვიდრო მაჰმადიანთა გარემოცვაში მოექცა. რადგან დღენიადაგ წარმოებდა ბრძოლა ქართული სამეფო-სამთავროების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, ქართველებს იერუსალიმისათვის თითქმის აღარ ეცალათ. მართალია, ყურადღება იერუსალიმისა და მისი შემოგარენის ქართულ სიძველეთადმი არ შენელებულა, მაგრამ დახმარება იქაური ქართული კოლონიისადმი, კერძოდ ჯვრის მონასტრისადმი, ადრინდელი ძალისა აღარ იყო.

ცხოვრების ასეთმა გაჭირვებამ, სამშობლოსთან მიმოსვლის გაძნელებამ და გულუხვ მლოცველთა შემცირებამ უცხოეთში არსებული ყველა ქართული მონასტერი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო და არსებობის უმთავრესი წყარო მოუსპო. „ძმობას თავისი თავის შენახვაც კი უჭირდა და რა გასაკვირველია, თუ რომ გადასახადების გამოღება გაუძნელდებოდათ და საშინელს სიღარიბეში ჩაცვივდებოდნენ“.

მაჰმადიანთა ურდოების მოწოლისაგან თავმობეზრებული ქართველობა მაინც ცდილობდა ძველ ნაგებობათა შენარჩუნებას, ქართველთა უფლებების დაცვას და პრეტენზიების საფუძვლების წარმოჩენას. მის საქმიანობაში ეროვნული გრძნობაც იჩენდა თავს. ჩვენი წინაპრების ენერგიული მოქმედება - პალესტინის ქართულ სიძველეთა დაცვა, გარდა ქრისტიანულ სიწმიდეთა უდიდესი სიყვარულისა, განპირობებული იყო ეროვნული გრძნობითაც; იერუსალიმის ქართულ სიძველეთა დაცვა ქართველთათვის წარმოადგენდა ეროვნული სარწმუნოებისა და ეროვნული ღირსების დაცვას.

საგულისხმოა, რომ ქართველები იერუსალიმში ამ ხანაშიც სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით, რასაც საგანგებოდ აღნიშნავდა ბევრი მოგზაური. მაგალითად, რუსი მოღვაწენი ზოსიმე (1420 წ.) და ვასილი (1466 წ.), გერმანელი მოგზაური ი.ტუხერი (1479-1480 წწ.) და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესო ცნობებს ვხვდებით ბ.ბრაიდენბახის მოგზაურობის აღწერილობაში. უცხოელი კმაყოფილების გრძნობით აღნიშნავდა, რომ ქართველები იერუსალიმში შედიოდნენ მრავალრიცხოვანი ჯგუფებით, მაღლა აღმართული ეროვნული ალმებით, სარგებლობდნენ გარკვეული უფლებებით. როგორც ჩანს, „დაკნინებისა და დაქვეითების მიუხედავად, საქართველოს საერთაშორისო დამოკიდებულებასა და მეზობლობაში სახელი და მნიშვნელობა თუმცა შემცირებით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული ჰქონდა და მას ანგარიშს უწევდნენ შორეულ ქვეყნებშიაც კი“.

XVI საუკუნის დამდეგიდან შეინიშნება იერუსალიმელ ქართველთა გააქტიურება, იწყება ბრძოლა დაკარგული სავანეების დაბრუნებისა და შელახული უფლებების აღდგენის მიზნით, გახშირდა პილიგრიმობაც.

XVI საუკუნის დამდეგს იერუსალიმში იყო მზეჭაბუკ ათაბაგის მიერ წარგზავნილი პირი - ამბოროსი, რომელიც კალიგრაფი და მხატვარი ყოფილა. „იერუსალემს, მონასტერსა ჯუარისა პატიოსნისასა“ მან გადაწერა ოთხთავი. მის მიერ შესრულებული მინიატურები, მიუხედავად დაზიანებისა, კარგად წარმოაჩენს მხატვრის ოსტატობას. ამბროსიმ გარკვეული წვლილი შეიტანა ჯვრის მონასტრის სამეურნეო ცხოვრებაში. შემონახულია ჯვრის აღაპი, რომელიც გვაცნობს როგორც ამ წვლილს, ისე სამხრეთ საქართველოს გამოჩენილი ფეოდალური სახლის - სამცხის ათაბაგთა ოჯახის ზრუნვას იერუსალიმის ქართულ სავანეებზე.

1512 წელს იერუსალიმში ჩავიდა ბეენა ჩოლოყაშვილი. ადრე იგი აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა, კახთა მეფის ავ-გიორგის (1511-1513) კარზე (ცნობილია 1511 წლის საბუთი დაწერილი „ხელითა ირუბაქისძის სახლის უხუცესისა ბეენასითა“).

ენერგიულმა და შეუდრეკელმა ბეენამ თავგამოდებით დაიწყო ბრძოლა უცხოელთაგან მიტაცებული ქართული სიძველეების დაბრუნებისა და რესტავრაციისათვის. მის საქმიანობას კარგად გვამცნობს მინაწერი, რომელიც ჯვრის მონასტრის ერთ ხელნაწერს შემოუნახავს: „აქა მე და სომეხნი დავისარჩლენით იაკობ წმიდისა საყდარზედა, და დიდი ჭირი და სარჯელი გარდამხდა ცოდვილსა ბეენასა, ძმანო. ნებითა ღმრთისათა აქა ფრანგთა გოლგოთა დავაგდებინე და მათი ყუელა გარეთ გამოუყარე - კანდელი და რაცა მათი იყო“. როგორც მინაწერიდან ჩანს, ბეენა ჩოლოყაშვილმა სომხებს დავა გაუმართა იაკობის ტაძრის გამო, კათოლიკეებს გოლგოთა დაატოვებინა და ქართველებს ძველი კუთვნილება დაუბრუნა. ასევე საინტერესოა მინაწერი კრებულზე: „ქრონიკონსა სბ [=202+1312=1514] შეიკაზმა და ამა კუირასა, დღესა სამშაბათსა, მეორესა ჟამსა ღამისასა შევაბი აღდგომისა კარნი ნებითა ღმრთისათა“. ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ აღდგომის ეკლესიისათვის კარის შებმა, არამედ ამ სამუშაოს ღამით შესრულებაც. ჩანს, ისე დიდი იყო სურვილი ძველი ქართული სავანეების დაბრუნებისა თუ ცნობილ ტაძრებზე უფლებების აღდგენისა, რომ ქართველი მოღვაწენი ღამით მუშაობასაც არ ერიდებოდნენ. ფრიად საგულისხმოა, რომ ბეენა ჩოლოყაშვილი, რომელიც „ჯუარის მამად მივლინებული“ იყო იერუსალიმში, არ იფარგლებოდა მხოლოდ ჯვრის მოვლა-პატრონობით, იგი სხვა სავანეებსაც აქცევდა ყურადღებას, მფარველობდა იქაურ ქართველობას, ენერგიულად იღწვოდა შელახული ღირსების დაცვა-აღდგენისათვის. ვაჟკაცურმა და თანმიმდევრულმა მოქმედებამ, თავგანწირულმა ბრძოლამ ქართველთა უფლებების აღდგენისათვის ბეენა ჩოლოყაშვილს საპატიო სახელი მოუპოვა იერუსალიმის ქართულ კოლონიაში.

იერულისამში ქართველთა ხშირი ჩასვლა, მათი ზრუნვა ჯვარსა და სხვა სავანეებზე, ძველ უფლებათა აღდგენაზე, ძველ ხელნაწერთა ბედზე საკმაოდ შესამჩნევი იყო. აღნიშნულის შესაბამისად ქართველებს იქ პატივს სცემდნენ, მათ ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ ზოგიერთი პრივილეგია, რითაც განსხვავდებოდნენ სხვა ქრისტიანთაგან. ამაზე საგანგებოდ წერდნენ უცხოელი მოღვაწენი: მ.ბაუმგარტენი (1507 წ.), ლ.ჩუდი (1519 წ.), ბ.დე სალინიაგო (1522 წ.) და სხვ. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქართველები გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით, - საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ აქლემებსა და ცხენებზე მსხდომნი, - თავისუფლად, ბაჟის გადაუხდელად, შედიოდნენ იერუსალიმში. მაგრამ ქართველთა მდგომარეობა მალე გართულდა, ქართულ სავანეთა შენარჩუნება კიდევ უფრო გაძნელდა. მას შემდეგ, რაც პალსეტინა თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს (1516 წ.), მათ ხელში აღმოჩნდა იერუსალიმი და მისი სანახები, ქრისტიანული ტაძრები მათი შემოსავლის წყაროდ იქცა. მათი დახმარებით ქართულ სავანეებს თანდათანობით დაეუფლნენ ბერძნები, რომლებიც ძალზედ ავიწროვებდნენ ქართველებს. ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოდან დახმარება მაკლდათ, დაკისრებული გადასახადის დაფარვა გაუძნელდათ, ვალი დაედოთ. ამის გამო ჩვენი ზოგიერთი ტაძარი კათოლიკეებმა ჩაიგდეს ხელში.

სირია-პალესტინის მმართველი თურქი ფაშები ძალზე უმოწყალოდ ძარცვავდნენ პილიგრიმებს. მათ დიდი გადასახადი შეაწერეს ქრისტიანულ ტაძრებსა და მათ კრებულებს (ეს გადასახადი გვიან ხანამდე იკრიფებოდა). ადრე შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ბერძნებსაც გაუჭირდათ; ამის გამო იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობლის - პატრიარქის რეზიდენცია (XVII საუკუნის დასაწყისში) კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. გასაგებია, რომ შექმნილმა ვითარებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჯვრის სავანეც. ამან კი, თავის მხრივ, შეაშფოთა ქართველები.

ცალკე უნდა შევჩერდეთ იერუსალიმში ქართველთა ლაშქრობის საკითხზე. ჩვენს საისტორიო მწერლობაში, აგრეთვე სამეცნიერო ლიტერატურაში კარგა ხანია ტრიალებს ცნობა XVI საუკუნეში იერუსალიმში ქართველთა შესვლისა და წმიდა ადგილების ხმლით განთავისუფლების შესახებ.

„ახალი ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „წარმოუგზავნა კაცი ხონთქართან მეფეს გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს, ვითარმედ: „საფლავი ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქუენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და შეაბილწეს, მოვედით სპითა თქუენითა და განაძეთ ესენი და თქუენდა მიმიცემიაო“.

ხოლო, რა ესმა მეფესა გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა და კახეთისასა, და ყოველთავე მორჩილთა ბრძანებისა მათისასა, განიხარეს და შეიპყრეს სპა და გაემართნენ. და რა მივიდნენ იერუსალიმსა და ესმა მუნა-მყოფთა მისვლა ამათი, წარმოაუგზავნა კაცი და ესრეთ შემოუთვალა: „უკეთუ სტუმარი ხართ, მაშ მტრობა რა არისო, და სტუმრად ბევრნი ხართო, და უკეთუ ბრძოლად მოსრულხართ, მცირენი ხართო“. ხოლო ამათ მიუმცნეს ბრძოლად მისვლა. რა ესმა მათ საქმე ესე, გამოვიდნენ და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერად. და მოსცა ღმერთმან ძლევა ქართველთა და საფლავმან ქრისტესმან და გაემარჯვათ. და მეოტნი შევიდნენ ქალაქსა შინა და გაამაგრეს. ხოლო მიჰყვნენ ქართველნი და აართვეს ციხე და ქალაქი და მოსრნეს მუნა-მყოფნი მრავალნი ყოველნივე და განათავისუფლეს ქრისტეს საფლავი და ყოველნი წმიდანი ადგილნი და მიუმცნეს ხვანთქარსა საქმე ესე და წარმოუგზავნა ხალათი და წყალობა მრავალი: და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ სიგლითა მტკიცითა. ხოლო განიხარა მეფემან გიორგი და ბატონმა ბაგრატ და ლევან და წარმოვიდნენ თვისსა ადგილსა და მოვიდნენ მშვიდობით გამარჯუებულნი და განიხარეს“.

XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ქართველებს იერუსალიმელ ქრისტიანთა შორის ჯერ კიდევ საპატიო ადგილი ეჭირათ. ამას ერთხმად ადასტურებენ უცხოელი მოღვაწენი: ლ.რაუვოლფი (1573 წ.), ს.შვაიგერი (1577-1581 წწ.), ნ.რაძივილი (1582-1584 წწ.), ტ.კორობეინიკოვი (1594 წ.), ი.კოტოვიკი (1598 წ.), ქ. ჰარანტი (1598 წ.) და სხვანი.

გერმანელი მისიონერის ს.შვაიგერის (1551-1622) წიგნში, რომელშიც სხვათა შორის, პირველად დაიბეჭდა ქართული (ნუსხური) ანბანი, საგანგებოდაა წარმოჩენილი ქართველთა უფლებამოსილება იერუსალიმში; პოლონელმა მოგზაურმა ნ.რაძივილმა (1549-1616) ხაზგასმით აღნიშნა „კათოლიკეთა და ყოველთა აღმოსავლეთის ეკლესიისა ქრისტიანეთა დიდი პატივისცემა“ ჯვრის ტაძრისადმი; ქ. ჰარანტის ცნობით, ქართველებს იერუსალიმში მძლავრი კოლონის ჰქონდათ. ჩეხმა მოგზაურმა შენიშნა, რომ ქართველები „დღესასწაულის დღეებში დიდი რაოდენობით პილიგრიმობდნენ ქალაქში“.

XVII საუკუნეში ქართველთა ყურადღება იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი გაიზარდა, დახმარება ჯვრის სავანისადმი უფრო შესამჩნევი გახდა. ქართველები ცდილობდნენ მეტი დახმარება აღმოეჩინათ ჯვრისათვის (ასევე სხვა სავანეებისათვის) საქართველოში ბეგარის აკრეფითა თუ იერუსალიმში შეწირულობის წარგზავნით. ქართველ მოღვაწეთა დასმა კონკრეტულ და უპირველეს მიზნად დაისახა სხვათა ხელში გადასული სავანეების დაბრუნება, ძველ ნაგებობათა აღდგენა, დაგირავებული ნივთების დახსნა, ძველი უფლებების (თუნდაც ნაწილობრივ) აღდგენა და მთელი თავისი საქმიანობა ამ მიზნის მიღწევისაკენ წარმართა. აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც ქართულმა კოლონიამ მიიღო გურიიდან მამია II გურიელის (1600-1625) ზეობაში, ან ის უხვი შეწირულობა, ჯვარს რომ მიუვიდა ბაადურ და გარსევან ჩოლოყაშვილებისაგან მაკარის წინამძღვრობის ჟამს (XVII ს. 30-იან წლებში). მსგავსი შემთხვევა სხვაცაა ცნობილი, მაგრამ ასეთი დახმარება ამინდს არსებითად ვერ ცვლიდა, ეს ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი. საჭირო იყო ენერგიული ხელმძღვანელი, რომელიც ქართული კოლონიის მეთაურის მძიმე მოვალოებას იკისრებდა, სიძნელეებს არ შეუშინდება და თავის თანამოღვაწეებთან ერთად გადამჭრელ ღონეს იხმარდა ქართველთა შეწირულების გონივრულად გამოყენებისა და იერუსალიმის ქართული კოლონიის დაცემა-დაკნინების შეჩერების მიზნით. ასეთ მეთაურად იერუსალიმის ქართველობას მოევლინა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი. მისი მოღვაწეობა ჯვრის მონასტერში მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენდა ამ სავანისა და საერთოდ იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიაში.

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (დაახლოებით 1585-1659 წწ.) საკმაოდ ცნობილი მოღვაწეა. იგი იყო კახეთიდან, ძე ომანისა, ძმა გამოჩენილი სარდლის, „ომანიანის“ ავტორის ქაიხოსროსი. განათლება მიიღო რომში, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა კახეთში (თეიმურაზ პირველთან), იმერეთში (ალექსანდრე მეფესთან), სამეგრელოში (ლევან დადიანთან) და ა.შ. მოიარა ევროპის ბევრი ქვეყანა. 1614-1626 წლებში ცხოვრობდა იერუსალიმში. 1643-1649 წლებში კვლავ იერუსალიმში იყო, ამჯერად უკვე ჯვრის მამად. სწორედ ამ წოდების ფლობისას გამოიჩინა მან თავი და სრულად გამოავლინა თავისი ორგანიზატორული ნიჭი, რითაც დიდი სახელი მოიპოვა და რის გამოც პატრიარქმა გარდაცვალების წინ (1645 წ.) თავის მემკვიდრედაც კი დაასახელა.

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მოღვაწეობის ჟამს ჯვრის მონასტერს ბევრი ქართველი დაეხმარა. შეგვიძლია დავასახელოთ იმერთა მეფეები გიორგი (გარდ. 1639 წ.) და ალექსანდრე III (1639-1660), ვახტანგ გურიელი და ქაიხოსრო წულუკიძე, ევდემონ ჯაიანი და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც იერუსალიმელ ქართველობას გაუწია ლევან დადიანმა (1611-1657). მისი წვლილი ერთობ დიდი იყო; მისი შეწირულობა შესაფერისად გამოიყენა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა აღმშენებლობით საქმიანობაში და ეს გარემოება არაერთგზის საგანგებოდაც აღინიშნა. მაგალითად, ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის შესასვლელზე წააწერა: „ქ. დაიხატა და განათლდა წმიდა ესე და ყოვლად პატიოსანი ტაძარი ჯვარისა ცხოველსმყოფელისა ჯერჩინებითა და შეწევნითა ყოვლად სახელოვანისა და ბრწყინვალისა დადიანისა ლეონისითა, ხელითა და ფრიადჭირგანცდილებითა ყოვლად ღირსისა ჯვარისა და წმიდისა გოლგოთისა მამისა ნიკიფორესითა, ჩოლოყაშვილისა ომანის ძისათა, მსასოებელისა და სარწმუნოსა ამის მონასტრისა, რომელმან გუმბადი და წმიდა საკურთხეველი გავაკეთე, ჩემის ალალითა საფასითა, ქრონიკონსა ტკია [=331+1312=1643], ამინ“. ლევან დადიანისა და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის დამსახურება ჯვრის ტაძრის განახლებაში საგანგებოდაა წარმოჩენილი ბერძნულ წარწერაშიც (1643 წ.).

ნიკოლოზ (ნიკიფორე) ჩოლოყაშვილის თაოსნობით ჩატარებულ აღმშენებლობით საქმიანობას ჯვრის ტაძრის არაერთი წარწერა ადასტურებს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი სვინაქსარის მინაწერი, რომელშიც ერთგვარად შეჯამებულია მის მიერ შესრულებული სამუშაო (იგი დაწერილია ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის სახელით, მაგრამ არა მის მიერ): „...დავახატვინეთ ჯვარის გუმბათი და კედლები, და სახლები, და გალავანი დაქცეული გავაკეთეთ და საკურთხეველი მოვფიქლეთ, ოდეს მისჭირებოდა მონასტერსა. სამცხე თურქთ დაიჭირეს და გაათათრეს, კახეთი და ქართლი სპარსთა დაიჭირის. მას ჟამსა მომხვდა მე ცოდვილსა ჯვარის მამობა და მიიცვალა ამიერ სოფლით სანატრელი დედოფალი ნესტან-დარეჯანი, თანამეცხედრე ხელმწიფისა დადიანისა ლეონისა, რომელმაც წარაგო მისთვის ყოველივე... და მე ჯერჩინებითა მას ხელმწიფისათა ესრეთ შევამკევ რომელ სრულიად საბერძნეთი და არაბისტანი გაკვირდა“.

XVII საუკუნის მეორე ნახევარში ქართველთა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ძნელბედობის გამო პილიგრიმობა იერუსალიმში შემცირდა, მაგრამ არ აღკვეთილა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში არა ერთი ქართველი ეწვია იერუსალიმს, კერძოდ, ჯვრის მონასტერს. მათ შორის ზოგიერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მაქსიმე მაჭუტაძე (1639-1657), როგორც ქრისტეფორე კასტელი, არქანჯელო ლამბერტი და სხვანი ადასტურებენ, იგი რამდენჯერმე იყო იერუსალიმში და დაეხმარა კიდეც ჯვრის ტაძარს; იერუსალიმურ ხელნაწერთა ზოგიერთი მინაწერი საფიქრებელს ხდის, რომ ჯვრის სავანეში ყოფილა ცნობილი მწიგნობარი იაკობ დუმბაძე; 1684 წელს იქვე იყო არაგვის ერისთავთა სახლის წარმომადგენელი, მწერალი და საეკლესიო მოღვაწე „კოზმაყოფილი კიპრიანე“ სამთავნელი; 1699 წელს ჯვრის მონასტერში იყო მამა-ბიძათა სპარსელთა ტყვეობაში ყოფნით გულდასერილი დომენტი ბაგრატიონი, შემდგომ კათოლიკოსი დომენტი I (1705-1741) და სხვ. დასახელებული პირები, - ისე, როგორც სხვა ქართველნი, - მატერიალურად ეხმარებოდნენ ვალებით დამძიმებულ ჯვრის მონასტერს, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც ჯვარს ჯვარს გაუწია ქართლის მეფემ - გიორგი XI (1678-1688, 1703-1709). ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით, გიორგიმ „წარგზავნა იერუსალიმს ორი ათასი თუმანი სახსრად გოლგოთისა და ჯუარის მონასტრისა და სხუანი მრავალნი შესამკონი მათნი“. არაქართულ წყაროშიც აღნიშნულია, რომ გიორგიმ (ძმასთან - ლევან ბატონიშვილთან ერთად) ვალისაგან იხსნა ჯვრის ტაძარი.

იერუსალიმის საპატრიარქო ჯვრის, უფლის საფლავისა თუ სხვა სავანეთა შემწეობით საქართველოდან რიგიან შემოსავალს იღებდა. იგი ყმა-მამულს ფლობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იერუსალიმის ჯვრის მეტოქს წარმოადგენდა თბილისში „ეკლესია ჯვარის, გუნბათიანი, შვენიერი“ (ვახუშტი). ამ ეკლესიას ჩვეულებრივ ჯვარის მამას უწოდებენ, რადგან იქ იჯდა მამა, რომელსაც ქართველთაგან ნიშნავდნენ ქართველი მეფე-კათოლიკოსები. ის იღებდა, აგროვებდა შეწირულებას და უგზავნიდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

რადგან პოლიტიკური ვითარების გართულების გამო ჯვრის მონასტრის ორგანიზაციული კავშირი საქართველოსთან შესუსტდა და დახმარება-შეწირულობამ იკლო, შემოსავლის ზუსტად აღრიცხვას და მიღებას დიდი მნიშნველობა მიეცა. ამით აიხსნება ჯვრის წინამძღვრების საკალმასოდ ჩამოსვლა გურიაში, იმერეთში და ა.შ. ამითვე აიხსნება ის ფაქტი, რომ XVII საუკუნეში იერუსალიმის ოთხი პატრიარქიდან სამი ეწვია საქართველოს. სახელდობრ, თეოფანე (1608-1645), პაისიოსი (1645-1660) და დოსითეოსი (1669-1709).

დოსითეოსი საკმაოდ ენერგიული მოღვაწე იყო - თავგამოდებით ებრძოდა კეთოლიკეებს, აკავშირებდა მართლმადიდებლებს, მოგზაურობდა და აგროვებდა შეწირულობას, ისტუმრებდა ვალებს და ა.შ. იგი ცნობილია მწიგნობრობითაც. გარკვეულ ინტერესს იწვევს მისი „იერუსალიმის პატრიარქთა ისტორია“, რომელშიც გამოყენებულია ბაგრატ მესამის „აფხაზთა ისტორია“. ავტორმა მოგვაწოდა ბევრი საყურადღებო ცნობა ჩვენს ქვეყანაზე. დოსითეოსის ცნობები საქართველოზე გამოაქვეყნა ჯერ კიდევ მარი ბროსემ. ჩვენი საკითხისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა დოსითეოსის წერილები, რომლებიც, - პ.უსპენსკის მიერ რუსულად თარგმნილი, - ჩვენშიც გამოაქვეყნა პლატონ იოსელიანმა.

XVIII საუკუნეში ქართველთა გავლენამ იერუსალიმში საგრძნობლად იკლო; ქართველ მეფე-დიდებულებთა დახმარება იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი ძველებურად ეფექტური აღარ იყო, ქართულ ტაძრებს უცხოელები ფლობდნენ, პილიგრიმთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა.

იერუსალიმის ქართული კოლონიის დაკნინებამ შეაშფოთა ქართველობა. ქართველთა ეროვნული ღირსების შებღალვითა და ეროვნულ სავანეთა დაკარგვით აღშფოთებული „წმიდა საფლავსა და სისხლ-მეწამულს გოლგოთას მდგომი, მლოცველი, საბრალო... მონაზონი მართა“ დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსს გრიგოლს (1696-1742) გულისტკივილით აცნობებდა იერუსალიმის ქართული სავანეების მძიმე მდგომარეობას, მტრის მოძალებას, მის მიერ ქართულ სიძველეთ ვერაგულად მიტაცებას.

მოვიტანთ ამონარიდს XVIII საუკუნეში იერუსალიმს მოღვაწე ქართველი მონაზვნის მართას ამ გულისშემძვრელი წერილიდან, რომელიც იმჟამინდელ ქართველთა გარდა დღევანდელი  საქართველოს საერო თუ სასულიერო ხელისუფლებისადმი, მთლად ქართველი ერისადმი საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენს წინაპართა ძახილად და თხოვნადაც შეიძლება რომ ვიხულოსხმოთ:

„ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასრე დავკარგეთ? ეგებ არ მოხსენებოდეს, თვარემ საქონელი და სიმდიდრე ორივე აქ არის, ეს სოფელიც და მერმეცა. აქაური ამბავი ამ ჩემმან შვილმან ვერ ნახა, თუ რა დიდი გაჭირვება არის მაგისთანა, რომ მონასტერი ასრე დავკარგეთ? ბატონი კათალიკოზი მაქსიმე კაცი არ იყო, რომ ნაწილ სასუებელ არს მისი სახელი? აგრე იქნება? წამობრძანდით, ამათა აღარ უნდა ჩვენი კაცი, რომ მონასტრები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად  და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენის მონასტრების!.. ნუ იქთ, ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს. ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვნოს, და თქვენ სულ იერუსოლიმი დაკარგეთ! ეს წმიდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა, და ეხლა ლამის რომ სულა გამოვ[ა]რდეთ: წმიდას საფლავზედ ფრანგნი ჟამს სწირავს. ერთის სიტყვით მისცა ხვანთქარმა და ასრე უბრძანა: „რაც გურჯის ბატონების ზიარეთი და სალოცავი იყოსო, არა კადროთ რამეო“. ხმა დიდი არის მაგ ბატონების და ხათრიც, მაგრამ ერთი ელჩი რომ გამოგზავნოთ სტამბოლს, რა იქნება? დიდი სირცხვილი არ არის ეს, რომ პატიოსანი დიდი წმიდა იაკობის მონასტერი სომხებმა იშოვნეს? ხვანთქარი მოატყუეს და ახლა სომეხს აქუს. ბეთლემი ფრანგმა აიღო, მაგრამ მაგათი შიში და მოლოდინი აქუს და ჩვენი სამწირველო ისევ მორთული არის; თუ არ მოხვალთ, და[ა]ქცევენ. საბრალო პატრიარქმა რა ქნას, თუ ქრისტიანი არ მიუდგებით? ერთი ელჩი გამოგზავნეთ ხვანთქართან, ისრევ მოგცემსთ. უსაცილოდ გოლგოთასაც და გესამანიას დაიჭირავს ფრანგი, თუ არ მოეშველებით. ამათი კერძი გოლგოთა დაიჭირა, ჩვენი ჯერ კარგად არის. ერთი თავი ჯვარის მამა გაიჩინეთ, რომ წამოვიდეს. ან ერის კაცი, ან ბერი გამოაშურეთ ამ ქვეყანას, თვარემ წახდა საქმე. უსათუოდ შავის ზღვით გამოაგზავნეთ კაცი და საპატრიარქოშიდ სტანბოლოს მოვიდეს, და იქიდამა ვეზირი ნახოს. თუ ასრე არა იქთ, ეს მონასტრები და იერუსალიმი დაგეკარგვიან. ნუ იქთ, სხვას ნუ უყურებთ. თავისის ფეხით იარეთ და ვინც ბატონები იყოს, ან გურიას, ან ოდიშს, იმერეთს და ქართლით, პირობა დასდევით და ამგვარად კრება და ვეზირობა ქენით. თუ იერუსალომი დაგეკარგვიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ...“

წერილის ავტორი მართა მონაზონი ჩვენს წინაშე წრმოდგება როგორც მამულისმოყვარული, მართლმადიდებლობისა და ქართველთა ეროვნული ღირსების დამცველი ქალი. მას კარგად ესმოდა იერუსალიმის ქართული კოლონიის სულიერ-კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, გულს უკლავდა მიმტაცებელთა ძალადობა და ქართველთა გულგრილობა. აღელვებდა ქართველ კოლონისტთა უმწეო მდგომარეობა. ამიტომაც მოუწოდებდა იგი თავის თანამემამულეებს გადამჭრელი ღონისძიებებისკენ, იერუსალიმელ ქართველთა სავანეების ხსნისა და დაცვისაკენ. მართასთვის, - ისე, როგორც ბევრი შორსმჭვრეტელი მამულიშვილისათვის, - იერუსალიმის ქართული სავანეების დაკარგვა, იქაურ ქართულ სიძველეებზე ხელის აღება მამაპაპეული სარწმუნოების შებღალვას ნიშნავდა და ეროვნული კატასტროფის მოახლოებას მოასწავებდა.


მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ
გაზეთი „აღსავალი“, № 10-15, 2004 წ.