- შენ გეაჯები,
შენს ვედრებას,
გულით ნათმენი,
სად წამოსული
მონა შენი,
მონა ყარიბი:
არ დაუკეტო საქართველოს
პონტის კარები,
არ მომიკვეთო
შენს ჯვარს
მიწა, შენი ნათელი.
რად მეჩვენება
ჟამი ჭირთა მოახლოების,
რისხვა განგების,
შემოწყრომა მა ალ სამართლის;
რატომ ჩანს შავად
უსაზღვროება აღმოსავლეთის,
რად მესმის გლოვა
შორი ქართლის სამრეკლოების.
რად მესიზმრება
ხმალი, ტარში გადამსხვრეული,
ტანჯვა, გოდება,
ბედშავობა, ცრემლი მალული
რად დამდევს ლანდად
ბედწამხდარი ჩემი მამული.
მამული, შენს ჯვარს მოწყვეტილა
და დამწყვდეული.
აკმარე ჭირი,
მტრის მონობა,
სპარსი, არაბი;
აშორე ცრემლი,
უსჯულოება,
წარღვნა, ქარაფი;
შენ გევედრები,
შენს დიდ გზაზე
ლოცვით მარები:
არ დაუკეტო საქართველოს
პონტის კარები“.

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.

-სხვა რამ არ მწამდა,
სამშობლოზე წმიდათა წმიდა,
შემინდე, ღმერთო,
მამულიშვილის ყოვლის დათმობა;
მნათობი შენი
საქართველოს მწამდა მნათობად,
თოვდა თუ წვიმდა -
მამულისთვის თოვდა და წვიმდა.
ო, პალესტინავ,
პალესტინავ!
ყოვლის მომცველის,
ყოვლის მფლობელის
მწამდა შენის
სიტყვის, ცხოვლისა,
მაგრამ უადრეს,
უწინარეს,
უმალ ყოვლისა,
მე სამშობლოსთვის,
სამშობლოსთვის
ვიყავ მლოცველი.
ნექტრით ის მწვავდა,
მწარე მისგან გამმწარებია,
მის ცის ქვეშ
ყმობაც
ჩემთვის იყო ალამდარობა;
მე უკვდავება
მამულს გარეთ არ მწამებია,
არ მიძებნია
მამულს გარეთ მამამთავრობა.
თუ ღირსი ვარ მისი,
მისთა სერთა,
მისთა ტყე-ველთა,
მისი სიმაღლის,
მისი სიღრმის,
მისი გავრცობის -
გულიც და სუნთქვაც,
ყველა ნიჭი
ჩემის კაცობის
მე წმინდად დავდე
საქართველოს
საკურთხეველთან.
იქ მივეც მამულს,
შემოქმედო,
შენის განგებით,
რაც მოვიხვეჭე,
რაც დავკარგე,
რაც განვიცადე;
იქ ჩაიბარე
საქართველოს მართალ მიწაზე
ის ჩემი სუნთქვაც,
ჩემი ცრემლიც,
ჩემი ჰანგებიც.
შემინდე შენ შვილს,
თუ ცოდვილი ვარ შენს წინაშე.
მაგრამ ვარ ცოცხალ
იმავ სუთქვით,
იმავ ნაღვალით,
კვლავ მიწა ჩემი
შეგავედრო
ცრემლით მდაგველით,
ამად აღვიძარ,
ამად მოველ პალესტინაშიც.