იმ დროს, როდესაც ურჯულოები კერპთაყვანისცემის დასაცავად იბრძოდნენ, ხოლო ღვთისმოშიშ ქრისტიანთა წინააღმდეგ ყოველ ქალაქსა და სოფელს დაეგზავნა უღვთო ბრძანება, რომ იძულებით ეთაყვანებინათ ისინი ფუჭი კერპებისათვის, სწორედ მაშინ შეიპყრეს ეს წმიდა კაცები და მიჰგვარეს რომის მთავარს, სახელად რუსტიკოსს. როდესაც სამსჯავროს წარადგინეს ისინი, რუსტიკოს მთავარმა იუსტინეს უთხრა: “უპირველესად, ერწმუნე ღმერთებს და დაემორჩილე მეფეებს”. იუსტინემ მიუგო: “კარგია და უყვედრებელია რწმენა იმისა, რაც გვამცნო მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ”. რუსტიკოს მთავარმა ჰკითხა: “რა სწავლება გაქვს მიღებული? მიუგო იუსტინემ: “ყველა მოძღვრების სწავლა ვცადე, მაგრამ თანავეწამები ქრისტიანთა ჭეშმარიტ სიტყვებს, რაც არ ესათნოება გონებაცთომილთ”. რუსტიკოს მთავარმა თქვა: “შენ კი ნუთუ სათნო-გიჩნს ეს სიტყვები, ყოვლად უბადრუკო?” იუსტინემ უთხრა: ”ჭეშმარიტად! რამეთუ ქრისტიანთა თანამდევი ვარ მართლმოძღვრების გზით (“მოტა ორთუ დოგმატოს”)”.

რუსტიკოს მთავარმა ჰკითხა: “რა მოძღვრებაა იგი?” მიუგო იუსტინემ: “ის, რომ თაყვანს ვცემთ ქრისტიანთა ღმერთს და ერთ ღმერთად ვრაცხთ მას, რომელიც არის დასაბამიდან (“ექს არხეს”) შემოქმედი და დამბადებელი ყველა ქმნილებისა, ხილულისა და უხილავისა; (თაყვანს ვცემთ) ღვთის ძეს, უფალს იესუ ქრისტეს, რომლის შესახებ ქადაგებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელიც კვლავ მოევლინება ადამიანთა მოდგმას, რომელიც არის მქადაგებელი მაცხოვარებისა და მოძღვარი ღირსეულ მოწაფეთა, მე კი, რომელიც კაცი ვარ, მხოლოდ მცირე რაიმეს თუ ვიტყვი მისი უსასრულო ღმრთეების (“ჰე აპეიროს თეოტეს”) შესახებ. ვაღიარებ, რომ იგია წინასწარმეტყველური რამ ძალი. სწორედ მის შესახებ იყო წინდაწინ ქადაგებული, რომელსაც აწ ღვთის ძედ ვამბობ, რადგანაც ვიცი, რომ ზეცით იყო  წინასწარმეტყველთა ქადაგებაც, რაც გვაუწყებდა კაცთა შორის მის მოვლინებას”.

ჰკითხა რუსტიკოს მთავარმა: “სად იკრიბებით?” მიუგო იუსტინემ: “იქ, სადაც თითოეული ამჯობინებს და ძალა შესწევს. ალბათ გგონია, რომ ერთსა და იმავე ადგილას ვიკრიბებით ყველანი. არა, ჭეშმარიტად, რადგანაც ქრისტიანთა ღმერთი ადგილით არ არის შემოსაზღვრული, არამედ უხილავია იგი და აღავსებს ცასა და მიწას, ამიტომ ყველგან თაყვანს სცემენ და ადიდებენ მას მორწმუნენი”.

რუსტიკოს მთავარმა თქვა: “მითხარი, თვით შენ სად ხვდები და სად კრებ შენს მოწაფეებს?” იუსტინემ მიუგო: “დიდი ხანია ჩემი სამყოფელი არის ვინმე მარტინოს ტიმოტინონის აბანოსთან. რომაელთა ქალაქში მეორედ მოვედი და სხვა შესაკრებელი, გარდა იმისა, რაც ვთქვი, არ ვიცი და თუკი ვინმე ისურვებდა ჩემს პოვნას, ვაზიარებდი (“ეკოინუნ”) მას ჭეშმარიტების სიტყყვას”. რუსტიკოსმა ჰკითხა: “ასე რომ, ამიერიდან ქრისტიანი ხარ?” მიუგო იუსტინემ: “ჭეშმარიტად!” რუსტიკოს მთავარმა ხარიტონს ჰკითხა: “თქვი ხარიტონ, შენც ქრისტიანი ხარ?” უთხრა ხარიტონმა: “ღვთის ბრძანებით ქრისტიანი ვარ”. რუსტიკოს მთავარმა ხარიტოს ჰკითხა: “შენ რას აღმოიტყვი ხარიტოს?” ხარიტომ მიუგო: “ქრისტეს მადლით ქრისტიანი ვარ”. უთხრა რუსტიკოსმა ეველპისტოსს: “შენ კი ვინ ხარ?” ეველპისტოსმა, კეისრის მონამ მიუგო: “მეც ქრისტიანი ვარ, ქრისტეს მიერ განთავისუფლებული და ამიტომ ქრისტეს მადლით ზიარებულ-ვარ იმავე სასოებასთან”.

რუსტიკოს მთავარმა ჰიერაქსს ჰკითხა: “შენც ქრისტიანი ხარ?” ”ქრისტიანი ვარ, რადგანაც იმავე ღმერთს ვსასოებ და თაყვანს ვცემ”. რუსტიკოს მთავარმა თქვა: “იუსტინემ გყოთ თქვენ ქრისტიანებად?” ჰიერაქსმა თქვა: “ვიყავი ქრისტიანი და ვიქნები კიდეც”. წარმოდგა პეონი და თქვა: “მეც ქრისტიანი ვარ”. რუსტიკოს მთავარმა თქვა: “ვინ არის, ვინც ამგვარი რამ გასწავლა შენ?” პეონმა უთხრა: ”მშობელთაგან შევიძინე ეს კეთილი აღსარება”. ეველპისტოსმა თქვა: “ტკბილად ვისმენდი იუსტინეს სიტყვებს, თუმცა მეც მშობელთაგან ვარ ქრისტიანი”. თქვა რუსტიკოს მთავარმა: “სად არიან შენი მშობლები? ეველპისტოსმა თქვა: “კაბადოკიაში”. რუსტიკოსმა უთხრა ჰიერაქსს: ”შენი მშობლები სად არიან?” მან მიუგო და უთხრა: ”ჭეშმარიტი ჩემი მამა არის ქრისტე, ხოლო დედა – რწმენა მისდამი! რაც შეეხება ამქვეყნიურ მშობლებს, ისინი აღესრულნენ, მე კი ფრიგიის იკონიიდან წამომიყვანეს და აქ მოვედი”. რუსტიკოს მთავარმა ჰკითხა ლიბერიანოსს: ”შენ რას იტყვი, ნუთუ შენც უღვთო ხარ?” ლიბერიანოსმა მიუგო: ”მეც ქრისტიანი ვარ, ხოლო ვსასოებ და თაყვანს ვცემ მხოლოსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა”.


ასე უთხრა მთავარმა იუსტინეს: ”ისმინე შენ, რომელიც მჭერმეტყველი ჩანხარ (”ჰო  ლეგომენოს ლოგიოს”) და რომელსაც ჭეშმარიტი გგონია ამგვარი სიტყვები, ნუთუ გწამს, რომ გვემული და თავმოკვეთილი ზეცად ამაღლდები?” მიუგო იუსტინემ: ”ვსასოებ, რომ მივიღებ უფლის მცნებათა მიხედვით, თუკი დავითმენ ყოველსავე ამას. ისიც ვიცი, რომ ყველა, ვინც ამგვარად ცხოვრობს, იმარხავს იგი საღვთო მადლს, ვიდრე აღსასრულამდე მთელი ქვეყნიერებისა”. თქვა რუსტიკოს მთავარმა: ”ასე რომ, გგონია, ზეცად ამაღლებული საზღაურს მიიღებ?” მიუგო იუსტინემ: ”არათუ მგონია, არამედ ვიცი და მწამს”. თქვა რუსტიკოს მთავარმა: ”ახლა კი მივიდეთ და ვქმნათ საქმე, რაც გვევალება და რაც საშურია. შემოკრბით და ერთსულოვნად სწირეთ ღმერთებს”. თქვა იუსტინემ: ”გონიერთაგან არავინ განვაჭრის ღვთისმოსაობას უღვთოებაზე”. თქვა რუსტიკოს მთავარმა: ”თუ არ დამყვებით, განისჯებით უწყალოდ”. მიუგო იუსტინემ: ”უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესათვის დასჯილნი ლოცვის მიერ ვცხონდებით, რადგანაც ეს სასჯელი იქნება ხსნა ჩვენი და თავისუფლება წინაშე საშინელისა და ყოვლადმშვენიერისა საყდრისა (”ბემა”) უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა”. ასევე თქვეს სხვა მარტვილებმაც: ”რაც გსურს, ისა ქმენ, ჩვენ კი ქრისტიანები ვართ და კერპებს არ ვწირავთ”.


ხმა-ყო რუსტიკოს მთავარმა და თქვა: ”ვინც არ ისურვებს შეწიროს ღმერთებს და დამორჩილდეს თვითმპყრობლის ბრძანებას, იგვემოს და თავი მოეკვეთოს, რომ საკუთარი თავით ზღონ მათ თანახმად რჯულისა”. წმიდა მოწამეებმა ადიდეს ღმერთი და გავიდნენ ჩვეულ ადგილას, სადაც მათ თავი მოჰკვეთეს; ასე აღესრულნენ ისინი მოწამეობრივად მაცხოვრის აღსარების გამო. ვიღაც მორწმუნეებმა ფარულად წაიღეს მათი ცხედრები და ჯეროვან ადგილას დაასვენეს თანაშეწევნითა მადლისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომლისა გვმართებს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა

ედიშერ ჭელიძემ

1. ჩვეულებრივ როტორები და სოფისტები, წერას რომ იწყებენ, ჭეშმარიტების ჩაწვდომას კი არ ფიქრობენ, იმას ცდილობენ, რაც შეიძლება დახვეწილად ჩამოაყალიბონ წინადადება, მოხდენილად თქვან სათქმელი და ამრიგად, თავიანთი თხრობა მაღალფარდოვანი და საამო გახადონ მსმენელის ყურთათვის. ისინი ლამაზი სიტყვებით გვნუსხავენ და ნატიფი შედარებებით გვხიბლავენ, ის კი სულ არ ანაღვლებთ მართალი სიტყვა როგორ უნდა თქვან, რამეთუ დიდებას ეძიებენ და კაცთმოთნეობის მონანი არიან. ჭეშმარიტების მოყვარულნი კი იმაზე ზრუნავენ, რომ სიმართლე ილაპარაკონ და ჭეშმარიტება გამოიკვლიონ, თუნდაც მათ სიტყვას სინატიფე აკლდეს და არც მჭევრმეტყველობით გამოირჩეოდეს, რამეთუ ყოველივე ამას ჭეშმარიტების სინატიფე ურჩევნიათ და არ სურთ ლამაზი ფრაზებით დაფარონ სიცარიელე – ესაა ნამდვილი სიბრძნის ნიშანი.

ჰოდა, მეც შევეცდები შევაქო ჩემი სულიერი მამა, თუმცა გონებითაც სუსტი ვარ, სიტყვითაც და სულითაც. ამას იმიტომ როდი ვიქმ, რომ მისგან შექებას მოველი – რა უნდა უხაროდეს მას, ვისაც არაფერი ხიბლავდა სააქაოში და ვინც ისეთი ჯილდო მოიპოვა, რომლის მიმღებელი ყოველი კაცი დაუტევებს ყოველივე მსოფლიოს, რამეთუ მიწიერ ცხოვრებაში არაფერია მყარი და ნეტარების მომტანი, ყოველივე ჩრდილივით განილევა და გაზაფხულის ყვავილივით ჭკნება. გარდა ამისა, იგი აქაც უღირსად თვლიდა თავს უბრალო ბერის სახელისთვისაც კი, ეს იყო მისი უდიდესი სიმდაბლისა და სულის სიწმინდის ნიშანი. მაშ, რაღას აქნევს ჩვენს შექებას ამსოფლით გარდასული და უმანკოთა შორის დამკვიდრებული, სადაც კვალიც არსად ჩანს დიდემისმოყვარეობისა?

2. მაგრამ თუ ვინმეს, ისევ მე შემფერის შევაქო იგი ყველაფრისათვის და მათ შორის სიტყვის ნიჭისთვისაც, რომელიც მისი შრომისა და ზრუნვის წყალობით მოვიპოვე, და რომელიც მასვე უნდა შევწირო, საპასუხო ძღვნად. მე ვიცი, რომ მამის დიდება შვილზე გადადის, როგორც ბრძენი ამბობს: “რამეთუ დიდება კაცისა პატივისაგან მამისა მისისა” (ზირ. 3,11). მაგრამ სახელზე არ ვზრუნავ, რამეთუ ესეც ვიცი: თუ კაცმა თვითონ მოუპოვა სახელი თავის თავსა და თავის სახლს, მამის დანატოვარ ქონებას აორკეცებს, ხოლო თუ საკუთარი სახელი და პატივი არ გააჩნია, მაშინ მამის დიდება ჩემი არ იყოს, ვერაფერს არგებს. მაგრამ არც ის შეიძლება, მარადიული დუმილის სიმძიმის ქვეშ მოვაქციოთ მისი სათნოებებით სავსე ცხოვრება, იგი, როგორც ანთებული ჩირაღდანი, სანთელზე უნდა შემოვდგათ, რათა უნათებდეს არა ერთსა და ორ კაცს, არამედ, ვბედავ ამის თქმას, ქრისტეს მთელ ეკლესიას. მაშ, რაკი წმიდა პლატონის ამბის ცოდნა ჩვენთვის სასარგებლოცაა და აუცილებელიც, და რაკი თავის თავში აერთიანებს ჭეშმარიტსა და საჭიროს, შევუდგეთ მის ქებას და დავიწყოთ იქიდან, საიდანაც საერთოდ იწყებენ ხოლმე.


თავი პირველი


(დაბადება, აღზრდა, ბითვინიაში წასვლა)


3. ნეტარი პლატონის მშობლები იყვნენ სერგი და ევთიმია. ისინი ჩამომავლობითაც წარჩინებულნი იყვნენ და თავიანთი ცხოვრებითაც კეთილი სახელი მოიხვეჭეს. შესანიშნავი ზნე-ჩვეულებებით გამოირჩეოდნენ და მეურნეობაზე ისე ზრუნავდნენ, რომ ქონება ერთი-ორად გაზარდეს, რითაც ნათესაობის გაკვირვება გამოიწვიეს. მაგრამ უმაღლესი ქება მათთვის კარგი შვილების ყოლაა, რამეთუ შვეს იგი, ვისაც დღეს ხოტბას ვასხამთ, როგორც კეთილ მორჩს, მის შემდეკ კი ორი ასული, ასევე სახელოვანნი. მათ შესახებაც ხომ ბევრი რამ კეთილი გვსმენია, ერთი მათგანი საერო ცხოვრებაში ანათებდა, მეორე კი, დედაჩემი, სამონაზვნო დასშიც გამობრწყინდა. მაგრამ მაშინ, როდესაც ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ზეცით რისხვა გარდამოხდა (ჩვენი თხრობის საგანი გვაიძულებს ამაზე ვილაპარაკოთ) და დიდი სიკვდილიანობა მოუტანა ხალხს. ავადმყოფობა მხოლოდ რამდენიმე სოფელსა და ქალაქში როდი მძვინვარებდა, იგი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ეგვიპტის თავზე მოწეული სასჯელის მსგავსად, და განსაკუთრებით ბიზანტიას გაავლო მუსრი. ამ დროს დაასრულეს ცხოვრება პლატონის სანატრელმა მშობლებმაც. ალბათ დროული და სასარგებლო იქნება ამ სიკვდილის აღწერა: ვინც ამ ამბავს გონების ყურს მიაპყრობს, მისი სული მაცხოვნებელი შიშით აღივსება.

4. კაცი რომ ავად გახდებოდა, მის ტანსაცმელს უეცრად დააჩნდებოდა ზეთის საღებავით მოხაზული, ცხოველსმყოფელი ჯვარის გამოსახულება, თითქოს მხატვრის, უფრო სწორად, თვით მაღალი ღმერთის ხელით შესრულებული. ეს ნიშანი ვისაც დაეტყობოდა, ერთს შეჰყვირებდა და მყისვე სიკვდილი ცელავდა. ისეც ხდებოდა, რომ მკვდარი და მისი დამფლველი ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე სამარეში წვებოდნენ, გვერდიგვერდ, რომ ერთი გამწევი ხარი ოთხ გვამს ეზიდებოდა. საბრალო გვამები განუწყვეტილივ გადაჰქონდათ სასაფლაოზე, ყოველი მხრიდან ქვითინისა და საწყალობელი მოთქმის ხმა გაისმოდა: მტვირთავებს არაქათი ეცლებოდათ, მესაფლავეები არ ჰყოფნიდათ, სახლების კარებები იჭედებოდა, ქუჩები ცარიელდებოდა, სასაფლაოები გადატვირთული იყო, და ორ თვეში ხალხმრავალი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქი თითქმის უკაცრიელ უდაბნოდ იქცა. ეს მოხდა უსჯულო მეფე კონსტანტინეს დროს, რომელმაც ქრისტეს ხატი შეურაცხყო – ეს წყეული შეცთომილთა კერპს უწოდებდა ხატს. უფრო სწორად, მან ხატი კი არა, თვით ქრისტე ღმერთი შეურაცხყო, რამეთუ ხატის ღირსება მის პირველსახემდე ადის, როგორც ღმრთაებრივმა ბასილიმ თქვა. ასეთი ჭირი უსჯულოთათვის ზეცით მოვლენილი სამართლიანი სასჯელია, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს ჩვენ, უდიდეს ცოდვებს მიცემულნი, ღმრთის რისხვა ცხოვნების გზას უჩვენებს მათ, ვინც სიმდაბლით ღებულობს დარიგებას. მაგრამ მოდი, ჩემს მამას მივუბრუნდეთ.

5. ამგვარად, სულ პატარა ბიჭი იყო, ობლად რომ დარჩა. მისი აღზრდა ერთმა ნათესავმა ითავა. სიჭაბუკეს რომ მიაღწია, მისი ნიჭი შესანიშნავი გონებით გაბრწყინდა, როგორც ნორჩი ყლორტი, სწორედ გაზრდილი. ასეთი გონება იშვიათად გვხვდება ხოლმე მშობლების ზრუნვის გარეშე დარჩენილ ობლებს შორის. თავისი შრომითა და გულმოდგინებით ისე სრულყოფილად შეისწავლა სანოტარო საქმე, რომ ამას, ალბათ, სხვა მშობლების ხელშეწყობითაც ვერ მოახერხებდა. იგი ეხმარებოდა თავის ბიძას, რომელიც მაშინ სამეფო ხაზინას განაგებდა, და ამ საქმეში, ისე იყო გარკვეული, რომ ბიძამისს მხოლოდ სახელი ერქვა უფროსის, სამუშაოს კი პლატონი ასრულებდა. ამისთვის მეფის ხაზინადრებიც პატივს სცემდნენ, უფროსებსაც უყვარდათ და თვით მეფეც იცნობდა.

6. ამასთან იგი სიჭაბუკის თავაწყვეტილ ვნებებს როდი ეძლეოდა, როგორც მის ადგილას სხვა, თავისუფალი და ქარაფშუტა კაცი მოიქცეოდა. პლატონი მშვენივრად ახერხებდა თავისი თავის მოთოკვას, ერიდებოდა უგუნურ კაცთა საზოგადოებას და გონებადამჯდარ ადამიანებს ეტანებოდა, ურთიერთობას აბამდა კეთილშობილ და პატიოსან ხალხთან, თავისზე უმცროსებთან კი არა, უფროსებთან მეგობრობდა, და თითქოს შეუმჩნევლად მიიწევდა გარეგნული პატივისაგან სულიერი კეთილშობილებისაკენ. იგი სხვა თანატოლებივით არ დადიოდა ნადიმებზე, თავქარიანი ხალხივით არ ჰკლავდა სულს კოჭის თამაშითა და ლოთობით, არამედ გულმოდგინედ აკეთებდა თავის საქმეს და ამით ისეთი სიმდიდრე დააგროვა, რომ საკუთარი ქონება გაუჩნდა, სრულიად დამოუკიდებელი მამის დანატოვარი მდიდარი მემკვიდრეობისაგან. ეს შეუძლებელი იქნებოდა, მას რომ ყველაფერში დამოუკიდებლობა არ გამოეჩინა. დამოუკიდებლობა ამკობდა მას, ყოვლივე კეთილის მოყვარულს, სიმდაბლითა და გონიერებით, ჩააგონებდა დაეცვა თავი ყმაწვილურ ვნებათაგან, რამეთუ, თუ კაცი ამ ვნებებს აჰყვება, ვერც ვერაფერს შეიძენს და რაც აქვს, იმასაც დაკარგავს.

7. ამას რა მოჰყვა? იგი იმდენად გონიერი კაცი იყო და ისე კარგად მიჰყავდა ყოფითი საქმეები (ეს კი სოფელში ძალიან ფასობდა და იმ ხალხის პატივისცემას იმსახურებდა, ვინც თავიანთი ქალიშვილებისათვის საქმროებს დაეძებს), რომ ყოველი მხრიდან ურჩევდნენ, დიდგვაროვანი ან მდიდარი ცოლი შეერთ. მაგრამ მის გულში უკვე ენთო ღმრთაებრივი სიყვარულის ცეცხლი, რომელმაც ყოფითობის ჭაობში დანთქმისაგან იხსნა იგი. რამეთუ თამაშობებს წიგნის კითხვა ერჩივნა, თეატრებს – ტაძრები, ურცხვთა საკრებულოებს – მონასტრები, და რაც ყველაზე მეტად ქების ღირსია, თავის დაფარულ აზრებს, გულისთქმებსა და საქმეებს რომელიმე იღუმენს ანდობდა. აქედან ჩანს, რომ მასში ღმრთის სიყვარული იყო დამკვიდრებული, და ისინი, ვინც მის აღსარებას ისმენდნენ, განცვიფრებულნი რჩებოდნენ ჭაბუკის ზნეობრივი სრულყოფილებით.

8. ამგვარად გონების თვალი უხილავის ჭვრეტას მიაპყრო და მისი სიყვარულით განიმსჭვალა, თავის თავში ყოველგვარი მიწიერი სურვილები დათრგუნა და ღმრთაებრივი ანტონის მსგავსად მოიქცა – გაყიდა თავისი ქონება და მამის მემკვიდრეობაც, მხოლოდ მცირედი დაუტოვა ორ უმცროს ძმას, მონებიც გაათავისუფლა და აბრაამის მზადყოფნით დაუტევა ეს სოფელი. თან სადმე ახლო-მახლო კი არ შეუდგა მოღვაწეობას, არამედ ძალიან შორს, ოლიმპოს მიდამოებში, იმ ადგილას და იმ კაცთან, რომელიც მას ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა მიუთითა. სიმბოლოთა მონასტერი აირჩია, ხელმძღვანელად კი თეოკტისტე, კაცი, რომლის ცხოვრებაც მშვენიერი იყო, ჩამომავლობაც კეთილშობილი ჰქონდა და აღსასრულიც ნეტარი. ახლა კი, ვგონებ, ის დროა ვთქვათ, როგორ წამოვიდა პლატონი სამშობლოდან, რამეთუ ეს ამბავი მსმენელს მსოფლიო სევდას გაუფანტავს. იგი გაშორდა თავის სახლს და თან წაიყვანა ერთი ყველაზე საყვარელი მონა. როდესაც მიაღწია ადგილს, რომელსაც სამეფო ჰქვია, შევიდა ერთ-ერთ გამოქვაბულში, და უბრძანა, თავის მხლებელს, თმა შეეკრიჭა მისთვის, შემდეგ კი შესამოსელში ისე გამოეწყო, როგორც ბრწყინვალე ძოწეულში. რა სანახაობა უნდა ყოფილიყო – ერთი შინ ბრუნდებოდა, საერო ტანსაცმელში ჩაცმული (იგი, რა თქმა უნდა, ტირილით დაემხო მუხლებზე, რამეთუ თავის ბატონს კარგავდა), მეორე კი მარტოდმარტო რჩებოდა, მხოლოდ ღმერთი იყო მასთან, რომლის გულისთვისაც წამოიწყო ეს ყველაფერი. ასეთია ღმრთაებრივი სიყვარული, რომელიც სრულიად იპყრობს გულს და მხოლოდ თავისკენ იზიდავს მხურვალე სურვილს კაცისას.


თავი მეორე


(მონასტერში ცხოვრება. სათნოებებში წვრთნა)


9. როდესაც არჩეულ ხელმძღვანელთან მივიდა, მან ჰკითხა, ვინ ხარ, საიდან მოხვედი და რა გსურსო, და სთხოვა ყველა კითხვაზე ნათელი პასუხი გაეცა. როდესაც პლატონმა მოახსენა თავისი სამშობლოს, ჩამომავლობისა და აღზრდის ამბავი, ბერმა უთხრა, შენ ვერ შეძლებ აიტანო მონაზვნური შრომა ამ ქვეყანაში, სადაც მეტისმეტად მძიმე პირობებია საცხოვრებლადო. ამაზე ქრისტეს მხედარმა მიუგო: ”მამაო, ყველაფერს შენ გაბარებ: გონებას, ნებას, ხორცს – როგორც გენებოს, ისე მოექეცი მონას, რომელიც მთლიანად შენ დაგემორჩილება”. საოცარი განზრახვაა გამოთქმული! კიდევ უფრო საოცარ მორჩილებას სთავაზობს მოძღვარს! პირველი იმიტომაა საოცარი, რომ პლატონს ღმრთისადმი ყოვლისმძლე სიყვარული დაეუფლა სიჭაბუკეში, იმ დროს, როცა საერო საქმეები მშვენივრად მისდიოდა და კიდევ უფრო შესანიშნავი იმედები შეეძლო ჰქონოდა – სიმდიდრე, დიდება, ხორციელი განცხრომა და სრული დამოუკიდებლობა. მეორე კიდევ უფრო საოცარია იმიტომ, რომ მან მორჩილება შესთავაზა მოძღვარს, და ამით საუკეთესო გზა აირჩია. ეს ორგულებით კი არ უქნია, როგორც დღეს ბევრი სჩადის, ანუ ისე, რომ სულაც არ ამბობს უარს ამ სოფელზე, არამედ ისე, როგორც ამას ჭეშმარიტი სიტყვა მოითხოვს. რამეთუ ისინი, არ ვიცი კი რატომ, ივიწყებენ მაცხვრისაგან თქმულს: “ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან, რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თვისისა, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა” (ლუკა 14,33), და სხვაგან: “ყოველივე, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე” (ლუკა 18,22). ამას ივიწყებენ და იშენებენ ეკლესიებსა და მონასტრებს, მერე აღთქმას დებენ და იწყებენ იქ გამგებლობასა და თავის ნებაზე ბატონობას, იხვეჭენ მონებსა და ქონებას. აღთქმა გუშინ დადეს და დღეს უკვე გამოცდილი იღუმენებივით იქცევიან, გუშინ საკუთარ თავს ვერ მართავდნენ გონივრულად, დღეს კი, სხვების ხელმძღვანელობა იდეს თავს განუსჯელად. მათ სათნოებათა გამო კი არ მიეცათ უფროსობა, საკუთარი ქონებით იყიდეს. ისინი, ვისაც მრავალი წელი მორჩილების სწავლაში უნდა გაეტარებინა, უეცრად გამგებლობის სიმაღლეზე ადიან და პირველის განსაცდელების გამოვლამდე მეორის ხიფათებში იგდებენ თავს, ისინი თავიანთ მორჩილებაში მყოფ მონაზვნებსაც თავისნაირებად ზრდიან. პლატონმა კი, მას შემდეგ, რაც მონაზვნობის აღთქმა დადო, გულწრფელი მორჩილებაც გამოიჩინა, და მორჩილებას წინ უძღოდა განდგომა ამა სოფლისაგან, როგორც ელვა უძღვის წინ ჭექა-ქუხილს, ანდა განთიადი – მზის ამოსვლას, რამეთუ, ვინც სწორად განუდგება სოფელს, სწორადაც შეუდგება მორჩილებას, ხოლო ვინც ერთში მოიკოჭლებს, ის ვერც მეორეში იქნება სრულყოფილი.

10. მრავალფერია სათნოების საქმენი: მარხვის სრულყოფა, მღვიძარება, ცრემლთა თხევა, მხურვალე ლოცვა, შიშველ მიწაზე წოლა, უბრალო სამოსის ტარება, ხელსაქმე, ხშირი მუხლის დრეკა, სიკვდილის ხსოვნა, ფსალმუნება, მტკიცედ დოგმა. მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოეთხოვება მორჩილს ისე, როგორც აღსარება და მორჩილება, რომელთა მეშვეობითაც სული განათლდება და ნება კვდება, და მიიღწევა სრული სულიერი ერთობა სულიერად შობადისა (მორჩილისა) და სულიერად მშობელისა (ბერისა). ვინც ეს საქმე არ არჩია სხვა ყოველივეს, ის ვერ შეძლებს იტვირთოს მორჩილება, და რაც ცხოვნების საშუალება ჰგონია, სწორედ ის ექცევა საცთურის მიზეზად. მარხვა, მღვიძარება და სხვა ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი სახე მოღვაწეობისა თავისთავად ქების ღირსია, მაგრამ ისინი ვერას არგებენ და დაცემის მიზეზადაც კი ექცევიან საკუთარ ნებას აყოლილებს, თუ იგი იღუმენის ცოდნასა და წესებს არ ემორჩილება. და პირიქით, ვინც აღსარებასა და მორჩილებაში ვარჯიშობს და სხვა ყოველივეს მეორე ადგილას აყენებს, ის ამ ორი ღვაწლით ყველაფერს მოიპოვებს.

11. ნეტარი მამა ამ კანონს იშვიათი გულმოდგინებით იცავდა, ამით კეთილი საფუძველი დადო და ზედ ააგო სრულყოფილების მტკიცე შენობა, ყოველ გულის სიტყვას აღიარებდა მოძღვრის წინაშე და ყველაფერს მორჩილების კანონის მიხედვით ასრულებდა.

ამრიგად, წმ. წერილის სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო საყვარელი ძე თავისი მამისა – (ღმრთისა). იგი იყო შეურყეველი მარხვაში, განსჯის უნარით დაჯილდოებული, გამოირჩეოდა თავისი ბრწყინვალებით თანამოსაგრეთა შორის, არც მონასტრული მოღვაწეობით ჩამორჩებოდა ვინმეს, განმარტოებით ცხოვრობდა რომელიმე მისებურად განწყობილ ძმასთან ერთად. მდუმარების წესის მიხედვით ემორჩილებოდა ნეტარხსენებულ თეოკტისტეს – ხან სენაკში მოღვაწეობდა და ხან ძმებთან ერთად – ფსალმუნებში მონაწილეობდა, სატრაპეზოში მუშაობდა, საერთო მორჩილებებსაც ასრულებდა – ასე ვთქვათ, კინოვიტიც იყო და მეტიც, და ყველაფერში ზომიერებას იცავდა. კეთილშობილი ჩამომავლობისა იყო, მაგრამ, არ აღიზიანებდა უბრალო ხალხთან ერთად ცხოვრება. ყველაზე შავ სამუშაოსაც არ თაკილობდა, თუმცა ადრე მონები ემსახურებოდნენ. საკუთარი მხრებით გაჰქონდა ნაკელი, ბოსტანს რწყავდა, მოთმინებით ფქვავდა მარცვლელულს და იმავე დროს დიდი გულმოდგინებითა და რუდუნებით იწერდა წიგნებს.

12. გინდა მეტი იცოდე მის სხვა საქმეთა შესახებ? მკაცრად მისდევდა მორჩილების წესს და, როცა ხანდახან მოძღვარი სტუმრების თანდასწრებით ყვედრებით ავსებდა, ეს ქველი კაცი ისე მშვიდად იყო, თითქოს აქებენო. ძალიან გარკვევით კითხულობდა ძმების წინაშე, მაგრამ სულიერი მამა რომ ეუბნებოდა, ბუნდოვნად კითხულობდა, ამასაც სიმდაბლით ღებულობდა. უჯერო სიტყვის გაგონებაზე თავს დაბლა ხრიდა თავისი მოძღვარივით, რამეთუ ჭეშმარიტად კეთილშობილი იყო სულითაც და ხორცითაც. ხელსაქმე კარგად ეხერხებოდა, მაგრამ თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერს აკეთებდა. შრომისმოყვარე და ღმერთის წინაშე სათნო იყო, მაგრამ უდიდესი სიმდაბლე ჰქონდა. როდესაც მამა ათავისუფლებდა მუხლისდრეკის ლოცვების შემდეგ, იგი თავისი თავით ტკბობას კი არ ეძლეოდა. არამედ შენდობას სთხოვდა ბერს, თითქოს რაიმე დაეშავებინოს. ამბობენ, მოძღვარი იღლებოდა ამის გამოცდაში, როცა დაცინვით და ყვედრებით ავსებდა. მას კი არ ბეზრდებოდა საყვედურის მოსმენა, რამეთუ ნებსით თავის დამდაბლებით უხილავ დიდებას იხვეჭდა. ორიოდე სიტყვას იმაზეც ვიტყვი, რაც მონაზვნობის აღთქმებს არ ეხებოდა, მაგრამ მის მიერ ბრძნულად იყო განსჯილი. პლატონი ისეთი სიყვარულითა და სიმდაბლით იყო შემოსილი, რომ სთხოვდა, ევედრებოდა ძმებს, სილა გაეწნათ და ჯოხით ეცემათ იგი, და ახერხებდა მათ დარწმუნებას და მერე მოთმინებით იტანდა ტკივილს, ხოლო როდესაც მოძღვრის ბრძანებით სჯიდნენ, ისე უხაროდა, თითქოს რაღაც საჩუქარი უბოძესო. საოცარია, რომ უცხოსავით სჯიდნენ და ჯილდოს მიმღებელივით უხაროდა. სხვები, მის მხედველნი, იმდენადვე დიდ სარგებელს ღებულობდნენ, რამდენადაც დიდი იყო თვითონ დამთმენელი სასჯელისა, რომელიც ამ მოთმინებით ქრისტეს ბაძავდა.

13. განა შეიძლებოდა არ გყვარებოდა პლატონი, რაკი იგი ასეთი იყო? განა შეიძლება, სულიერ მამას უთნოდ და ურგებად შეერაცხა იგი, ვინც თავს იდო სრული მორჩილების ღვაწლი? პირიქით, როგორც ვთქვი, სწორედ ამისთვის ძალიან უყვარდა. და ყველა მონაზონი იმას ამბობდა, პლატონი მის სათნოებათა გამო ყველაფერია მამისათვისო, რომ იგია მართლად მხედველი თვალი, გამრჯე ხელი, მოსწრაფე ფეხი, კეთილი მრჩეველი, ძლიერი შემწე, სასიამოვნო თანამოსაუბრე, ერთგული მცველი ყოველივესი, რაც სახლში და მის გარეთაა, მაგალითი მოწაფეებისათვის, ძმებისათვის და თვით მამისთვისაც. იგი ისეთი საჭირო იყო ყველასთვის, რომ როდესაც სადმე წასვლა უხდებოდა, თეოკტისტე წუხდა და, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”არა აქუნდა ლხინება სულისა” (II კორ. 2,13) სიყვარულისა გამო. მასზე უკეთ ვის შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება? მასზე ალერსიანად ვინ სცემდა ნუგეშს მწუხარეს, ან ნივთიერ სახმარზე ვინ იზრუნებდა მასზე მეტად? როცა ვინმესთვის პატივის მიგება იყო საჭირო, მასზე დახვეწილად ვინ იქმოდა ამას? ამიტომ მამა შვილს ისე ენდობოდა, რომ მის კუთვნილს ყველაფერს პლატონი განაგებდა, და იმავე დროს იმდენად უანგარო იყო, რომ ერთი გროშიც არ გააჩნდა თავისი. და ამისთვის რა საზღაურს ღებულობდა? მამის სიყვარულს. სულით იგი იაკობს ენათესავებოდა, მისგან წამოვიდნენ პატრიარქები, იერარქები და მღვდელმთავრები, მათგან კი გამრავლდნენ მორწმუნენი და უეჭველია, კიდევაც გამრავლდებიან დალოცვილი თესლის მეშვეობით. ასეთია ეს ჭეშმარიტი მოყვარული სიკეთისა, ასეთია ნაყოფი, სრული მორჩილების მიერ გამოღებული.

14. როდესაც მისმა ხელმძღვანელმა ზეციური მეუფის სამკვიდრებელში განისვენა, ღირსმა პლატონმა მისი ადგილი დაიკავა და მისივე ცხოვრების წესი გადაიღო, შეიყვარა მდუმარება, სწორი და კანონიერი, და ისე კი არ შედგომია ამ საქმეს, როგორც ახლა ბევრი იქცევა: ისინი განუსჯელად იდებენ თავს მდუმარების ღვაწლს და მანამ, სანამ ხორცისთვის სულის დამორჩილებას ისწავლიდნენ, ბოროტ სულებთან ჭიდილს იწყებენ. ასეთები ბრძოლაზე ფიქრობენ მხლოდ გამარჯვების ჟამს, - მაშინ გამოცდილების გახსენებაც უხდებათ, რათა, ღმრთის შეწევნით, საეჭვო გამარჯვება მოიპოვონ. საეჭვოა-მეთქი, ვამბობ, რადგან თუ კაცს ჯერ მორჩილება არ უსწავლია, როგორ უნდა დაიმორჩილოს მასთან მებრძოლი ვნებები? და ვისაც წმინდა მორჩილების დამარხვა არ ძალუძს, ის მდუმარების მთაზე როგორ ავა? განა ცხადი არაა, რომ ვინც ამ მთას ნაადრევად მიადგება, ან ქვებით ჩაქოლვა ელის, ან ისრით მოწყლვა და სულიერი სიკვდილი, როგორც წმიდა წერილი ამბობს (გამოსვლ. 19,13). მაგრამ ჩვენ ვის ამბავსაც ვყვებით, ის ასე არ მოქცეულა. გულით და გონებით მამას დაემორჩილა, ამიტომ სიბრძნით და მშვიდობით მიაღწია მთის მწვერვალს, გონება ღმერთთან სიახლოვით განიწმინდა და მისი ხედვით დატკბა, უმაღლეს სფეროებს მისწვდა, რამეთუ არაფერია ღმრთის ჭვრეტაზე უფრო სასიამოვნო, ესაა ყველაზე ტკბილი და სასურველი მათთვის, ვინც ერთხელ იგემა ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული და მისი წყალობით სრულიად დაავიწყდა ხორციელი საზრდელზე ფიქრი. ამგვარად, იგი უფრო და უფრო მეტ საზომს აღწევდა და გულის სიღრმეში დებდა აღმავლის საფუძველს (ფს. 63,7).

 
თავი მესამე


ღირსი პლატონი მონასტრის წინამძღვარი ხდება.
კონსტანტინოპოლში გაქცევა


15. რადგან სრული სიყვარული მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ზრუნავს, იმაზეც ფიქრობს, სხვას რითი არგოს, ამიტომ ღირსი პლატონი ძმობის მამად ანუ ჩირაღდნად, ნეტარი თეოკტისტეს მემკვიდრედ დაადგინეს. მონასტერს იღუმენიც ჰყავდა, და ორივემ ერთად ეს სავანე სულიერი და ნივთიერი მხრივაც გამორჩეულად აქცია. ღირსი პლატონი ძირითადად ორ მოწაფეს უწევდა მოძღვრებას, რომლებიც ემსახურებოდნენ და მის ცხოვრებას იყოფდნენ, ოღონდ ტრაპეზს კი არა, დაყუდებას. ერთი მათგანი, ანტონი, დღესაც ცოცხალია და დაე, ის იყოს ჩვენი ხელმძღვანელი ამ თხრობაში. იგი ამბობს, რომ მამის ძირითადი საკვები იყო პური, ცერცვი, ხილი და ბოსტნეული, ყველაფერი უზეთო, კვირადღეებისა და დღესასწაულების გარდა, როდესაც იგი ძმებთან ერთად იყოფდა ტრაპეზს. სასმელად წყაროს წყალს ხმარობდა, რომელიც განწმენდს კაცის გონებას, და არა ღვინოს. წყალსაც ყოველდღე როდი სვამდა, არამედ ზოგჯერ დღეგამოშვებით, ზოგჯერ კი, კვირაში ორჯერაც. ისეც ხდებოდა, რომ ათ დღეში ერთხელ სვამდა ცოტა წყალს, თუ ამას წყალი შეიძლება ეწოდოს, სვამდა შეკავებული მადითა და ბუნებრივი ზომიერებით, რომელიც მეორე ბუნებად ექცა.

16. მისი სამოსი, უბრალო და იაფი, მხოლოდ სიცხისაგან იფარავდა პატრონს, იგი არც ნაზი ქსოვილისაგან იყო შეკერილი და არც რაიმე ნახატებით მორთული, ასეთ სამოსს ხომ ფუფუნებას მიჩეული ხალხი ატარებს და არა ბერები. ლოცვა და კითხვა, რაც ხორციელი საზრდელის მაგივრობას უწევდა, მკაცრად განსაზღვრულ დროს დაწესებული და ერთობ დაძაბული ჰქონდა. მამებისგან გადმოცემულ მუხლისდრეკის წესს ხშირად ასრულებდა, ასე რომ ხელებზე ბებრები ასხდა, მიწა კი იმ ადგილას, სადაც იგი ლოცულობდა, დღემდე დატკეპნილია. რბილი და ფართო საწოლი კი არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ იმისათვის ვარგისი, კაცს რომ ზედ მოესვენა და სხეულს სულიერი მოღვაწეობისათვის საჭირო სიმხნე შეენარჩუნებინა. ხელსაქმეს გულმოდგინედ ეკიდებოდა, ეს მისი ერთ-ერთი ისეთი ღვაწლია, რომელმაც განსაკუთრებით გაუთქვა სახელი და აქცია წმ. მოციქულის სწორად, რომელიც ამბობს: ”სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნენ ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს” (საქმე, 20,34), ”და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამ” (2 თეს. 3,8) – არც პური გვიჭამია სადმე გაურჯელადო. მასზე გულმოდგინედ ვინ იწერდა წიგნებს, ანდა ვინ ეკიდებოდა ყოველ საქმეს მისებური მონდომებით? ვინ მოსთვლის მათ, ვისაც მისი ხელით გადაწერილი წიგნები აქვს, სხვადასხვა წმ. მამათა შრომებისგან ამოკრებილი, ან ვინ იტყვის, რა სარგებლობა მოაქვთ ამ წიგნებს მათ მფლობელთათვის? ან ჩვენ საიდანღა გვაქვს ამდენი წიგნი? განა ყოველივე ამას მის წმინდა ღვაწლსა და მის წმინდა მარჯვენას არ უნდა ვუმადლოდეთ? ამ წიგნების წამკითხველთ სული გვინათლდება და გაოცება გვიპყრობს – რა ლამაზი ხელწერა ჰქონდა მათ გადამწერს. მაგრამ ჩვენ დუმილით ავუარეთ გვერდი რაღაც ისეთს, რასაც ახლა უსათუოდ უნდა მივუბრუნდეთ.

17. იმ დროს უღმრთების სასტიკი ზამთარი იდგა, მეფობდა კონსტანტინე, კაცი ურცხვი, ბოროტების ჭურჭელი, მრავალთავიანი გველეშაპი, ხატმბრძოლთა მწვალებლობის მხედარი, მონაზონთა სასტიკი მდევნელი. რომელი ჩვენგანი, ნაზარეველთაგანი, არ უწამებია, რომელი დამალული არ უძებნია, რომელი თავისი მოწინააღმდეგე არ ჩაუთრევია უსჯულოების უფსკრულში? ხოლო თუ ვინმე დიდებულთაგანი ახერხებდა დამალვას, როგორც ნაპერწკალი – წყვდიადში, იმას უკვე მომკვდარად თვლიდნენ მიწის ზემოთ დარჩენილნი. ასეთი იყო ჩვენი ელიაც, რომელსაც ღმერთი იფარავდა იმ ადგილებში, სადაც მოღვაწეობდა, რათა ახალ აქაბს არ ჩავარდნოდა ხელში – და მის უღმრთოებასთან არაფერი ჰქონოდა საერთო, არამედ ღამის გრიგალი გადაეტანა და ცისკრის ვარსკვლავივით გამობრწყინებულიყო ჩვენთვის – ეს ასეც მოხდა. რამეთუ რაღაც აუცილებლობის გამო ჩავიდა ბიზანტიაში, როდესაც ქალაქში აქა-იქ გაფანტული სანთლებივით კვლავ გამოჩნდნენ გადარჩენილი ბერები.

18. და რამეთუ ნეტარი (ასე იმიტომ როდი ვუწოდეთ, რომ დედაჩემის ძმა იყო) მკვდრეთით აღდგომილს ჰგავდა, მისი ჩამოსვლა მხოლოდ ნათესავებმა კი არა, მთელმა ბიზანტიამ გაიგო, ყველგან ეპატიჟებოდნენ და სურდათ სიხარულით მისალმებოდნენ, მოწიწებით მიეღოთ და მისი მაცხოვნებელი სწავლებით დამტკბარიყვნენ. რამეთუ იგი იყო საოცრად ტკბილმოუბარი კაცი, ქცევით – კიდევ უფრო სასიამოვნო, გარეგნობით – ნამდვილი მოღვაწე, მრავალფეროვანი დარიგებები ჰქონდა და, როგორც მოციქული იტყვის, იყო ყოველივე ყოველთვის. იგი გახლდათ მეოჯახეთა დამრიგებელი, ქალწულთა მფარველი, ხელისუფალთა მრჩეველი, სულიერად ავადმყოფთა მკურნალი. მშობლებს შვილებთან არიგებდა და შვილებს – მშობლებთან, ურჩევდა მონებს თავიანთი ბატონების ერთგულნი ყოფილიყვნენ, ხოლო ბატონებს ჩააგონებდა მოწყალება გამოეჩინათ მონების მიმართ. რათა ცნობილი გახდეს ყოველივე, რასაც ეს ღმრთის კაცი აკეთებდა, ერთ რამეს გეტყვით და დანარჩენიც გასაგები იქნება. მას შემდეგ, რაც ქალაქის მკვიდრთა მონახულება დაიწყო, ყველა სახლი განაახლა და ღმრთის სათნო ცხოვრებისაკენ მოაქცია. როგორ? შეგონებებით აღმოფხვრა ფიცი, სწავლებით მოთოკა ფუფუნება, ზნეობრივი დარიგებით გააღვიძა ადამიანებში გლახაკთა სიყვარული, ამიტომ იქ, სადაც პლატონი იყო, ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიმდიდრის არად ჩაგდება და უხვი მოწყალების გაღება. იგი კითხვისა და სხვა კეთილი საქმეების ჩვევას ნერგავდა ხალხში და ყოველივე ამას შრომისა და დაღლის ფასად აკეთებდა, დღე და ღამე, მოთმინებით, მღვიძარებით, მოგზაურობის დროს მეგობრების და ნათესავებისგან მიღებულ ნუგეშინისცემას თავის განსაცდელებს უპირისპირებდა და საქმით იმეორებდა მოციქულისგან თქმულს: ”არამედ აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუ უკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო” (I კორ. 9,27).

19. ამგვარად, ღირსმა პლატონმა მაღლა ასწია სარწმუნოების დონე სამეფო ალაქში, როგორც იმ ადამიანმა, რომლის სიტყვა ცხოვრებით იყო დამტკიცებული და რომელიც თუნდაც თავისი უბრალო სამოსით სიკეთისაკენ მოუწოდებდა მნახველს. და თუ იგი, კარგად აღზრდილი, თავის მეტყველებას მსმენელის გემოვნებას უფარდებდა, დაე ყველამ სცნოს მისი საუბრების შედეგი და ნუ განსჯის მის გარეგნულ სახეს. რა ნაყოფს ვგულისხმობ? ცოდვილთა სინანულსა და სოფლისაგან განდგომილთა რიცხვის მატებას. რამეთუ ეს კაცი იყო პირველი და თითქმის ერთადერთი, ვინც მონაზვნობაზე ფიქრი ჩააგონა ჩვენს ნათესავებსაც და სხვებსაც, ამიტომ მას სთხოვდნენ ქალაქის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრობას, რაზეც მან უარი თქვა. მაშინდელი პატრიარქიც ცდილობდა ნიკომიდიის ერთ-ერთი ეკლესიის ეპისკოპოსობაზე დაეყოლიებინა იგი, მაგრამ არც ამას დათანხმდა. ამგვარად, სამღვდელო დასის წინამძღვრობის ღირსი გაურბოდა ამ პატივს, სათნოებების შეძენისთვის იღვწოდა და მაღალი იერარქიის მიღებისა ეშინოდა. თავის საყვარელ მდუმარებასა და კეთილს საქმეებს დაუბრუნდა – გლახაკებს მფარველობდა, უსამართლოდ მსჯავრდადებულებს ესარჩლებოდა, მწუხარებს ნუგეშს სცემდა, და საერთოდ, ყველას შეეწეოდა, ვისაც რაიმე უჭირდა და იმას იქმოდა ზეპირადაც და წერილობითაც, რამეთუ სხვა წამალი მისდამი მღაღადებელთათვის არ გააჩნდა. და ეს წამალი ჭრიდა – თითქოს აღვიძებდა კაცის სინდისს და მოწყალების გაცემას ჩააგონებდა ყველას, ვისაც ეს შეეძლო.

20. იგი უხვად არიგებდა მოწყალების იქიდან, რასაც აძლევდა ის ხალხი, ვინც უხრწნელი და სამარადისო სიკეთეთა მოპოვებაზე ზრუნავდა და ამისთვის აქაურ ქონებას იყენებდა. თუ სხვა არაფრის მიცემა არ შეეძლო, ცდილობდა ნუგეში ეცა მწუხარეთათვის და ხანგრძლივი საუბრით დაემშვიდებინა ტანჯული მშფოთვარე სული. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მასაც იობივით შეეძლო ეთქვა: ”უძლური იგი განერის ხელისაგან ძლიერისა”.

ამიტომ მას პატივს სცემდნენ, როგორც მამას, ადიდებდნენ, როგორც შემწეს, აქებდნენ, როგორც მფარველს. მისი ნახვა, მასპინძლობა, მასთან შეხვედრა სურდათ მონასტრებში მყოფთაც და განდეგილებსაც, მას კარგად იცნობდნენ იმ ადგილებიდან შორს, სადაც თვითონ ცხოვრობდა, პლატონის სახელი ყველას პირზე ეკერა, როგორც რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი. ამ სახელს, ცხადია, არც მომავალი დაივიწყებს, რამეთუ სათნოება უკვდავია.

 
თავი მეოთხე


პლატონი საკუდიონის მონასტრის წინამძღვარი ხდება
და მონაწილეობს კრებაში, რომელიც წმიდა ხატთა
თაყვანისცემის საკითხს ეძღვნება


21. ჩვენს წინაშეა ქრისტეშემოსილი ირინე, თავისი სახელის შესაფერისად, ანუ მშვიდობიანად რომ მეფობდა. მის დროს სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად ყოველი მსურველისთვის გაიღო მონაზვნობის კარი, კარი, რომელიც ადრინდელი უსჯულო მეფობის დროს დაკეტილი იყო, როგორც ოდესღაც ქრისტეანობის კარები იყო დახშული წარმართობის დროს. მაშინ მოხდა ჩვენი ყოვლად პატიოსანი განდგომა სოფლისაგან. დიდმა მამამ დაყუდებული ცხოვრების შემდეგ მმართველობა მიიღო, თუმცა ეს მისი ნების წინააღმდეგ მოხდა. მას არ სურდა უფროსობა, ან განა შეიძლება ყველაზე მაღალ ადგილებზე უარის მთქმელ კაცს ყველაზე დაბალი მოენდომებინა? მაგრამ იგი სისხლმა გახადა იძულებული თავს-ედო ეს საქმე (სიმართლე უნდა ვთქვა, თუმცა სიტყვა ”სისხლი” უცნაურად კი ჟღერს), და მაინც, ჰქონდა იმედი იღუმენობაშიც მოეხერხებინა მდუმარების დამარხვა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რამეთუ მან ვერ ჰპოვა, რასაც მოელოდა: იღუმენობამ მრავალი განსაცდელი მოუტანა, ვისგან და ვის გამო მოხდა ეს, ამის შესახებ, ზოგიერთი კერძო პირის პატივისცემით, არაფერს ვიტყვი. ერთი კია, რომ ჩვენს მამას მძიმე და მშფოთვარე ცხოვრება ჰქონდა, ისეთი, როგორიც მის მისწრაფებებს სრულიად არ შეესაბამებოდა.

22. რას აკეთებს ეს კეთილშობილი მამა და მრჩეველი? როდესაც ნახა, რომ წინამძღვრობა დაეკისრა და გაქცევით ვერ უშველიდა თავს (თუმცა კი ხშირად ფიქრობდა ამაზე), აღარ დაუყოვნებია, სულიერი თვალი ცას მიაპყრო და წმიდა მამების მიბაძვით დაიწყო ცხოვრება. უახლოეს, მახინჯსა და დახლართულ მაგალითებს როდი ბაძავდა, მოციქულთა ცხოვრების თავდაპირველ წესს მისდევდა (ასე უნდა მოიქცეს ყველა, ვისაც მონაზვნური სახის შემოსვა სურს, თუ მათ წმიდა მამების მსგავსად ცხოვრება და ცხოვნების მოპოვება უნდათ). პირველ ყოვლისა, აი რა საქმე წამოიწყო, და თანაც ყმაწვილური შემართებით;
23. როდესაც პლატონმა დიდი და ღმერთშემოსილი ბასილის ტიბიკონის შესწავლას მიჰყო ხელი, ნამდვილ სამოთხედ შერაცხა იგი და დაინახა, რომ მისი დროის მონასტრებში გამეფებული ჩვეულებები მონაზვნურ ცხოვრებას არაფრით არ ჰგავდა. მონასტრებში ცხოვრობდნენ მონაქალები, მდედრობითი სქესის პირუტყვის მომვლელნი, ამას კი ბევრი რამ სულისთვის მავნე მოჰქონდა. ამიტომ ნახე, როგორ მოიქცა ღირსი მამა: ჯერ გამოცდილ ხალხს ესაუბრა, რათა თვით სიკეთეშიც ბოლომდე დარწმუნებული ყოფილიყო (რამეთუ შორს იყო თავნებობისაგან და რჩევის გარეშე არაფერს იქმოდა), მერე კი ბოლო მოუღო უმსგავსო გადმოცემებს, როგორც ბოროტ მწვალებლობებს, და თავისი მონასტერი გამართა მონაქალებსა და მდედრობითი სქესის პირუტყვის გარეშე, სხვა შემოსავლიანი საქმეებიც აღკვეთა, ამ საქმეებს ხომ თვით ღმრთაებრივი ბასილი ვაჭრუკანობას უწოდებდა და ყველას ურჩევდა თავიდან აერიდებინა იგი.

მონასტრული ცხოვრების ასეთი გამოსწორება იოლად როდი ხდებოდა, პირიქით, მონასტერში მცხოვრები გამოუცდელი ძმებიც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ და გარედანაც არაერთი უსიამოვნება შეამთხვიეს. არცაა გასაკვირი, რამეთუ ადვილი არაა დამკვიდრებული ჩვეულებების აღმოფხვრა, და კეთილის წამოწყება მუდამ შურს იწვევს. მაშ განა ამაღლებული აზროვნების შედეგი არაა მავნე გადმოცემებზე უარის თქმა და მისაბაძ მაგალითად ქცევა მათთვის, ვისაც მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითც სწადდა მონაზვნობა? რამეთუ როგორ უნდა იყოს ნამდვილი მონაზონი ის, ვინც ვინმეს ბატონობას და თავის მონობაში შიშის გრძნობას იწვევს?ან როგორ უნდა ჰქონდეს დაწმენდილი სულიერი ხედვა ასკეტს, რომელსაც მასთან ერთად მცხოვრები ქალები ემსახურებიან, ეს მაშინ, როდესაც ამ საცთურის გარეშე ადვილად ვარდება კაცი განსაცდელში? ამრიგად, პლატონმა თავის უახლოეს თანამოსაგრეებში მისწრაფება და გულმოდგინება გააღვიძა, შორს მცხოვრებმა ბერებმაც გადაიღეს კეთილი წესები, ღირსმა პლატონმა კი უკვდავი დიდება მოიხვეჭა. და თუნდაც ჰყოლოდა ამ საქმეში შემწე და თანამოსაგრე, რომელიც ამაზე წერდა და ლაპარაკობდა, მადლობა მაინც მამას უნდა შევწიროთ, რამეთუ შვილი ყველაფერში მამას უნდა ჰბაძავდეს და თავისი თავი მთლიანად მამას ჩააბაროს.

24. ამის შემდეგ პლატონი იკრძალავს ქალაქში გასვლას, ნათესავებთან საუბრებს, უფროსებთან სიახლოვეს, და მტკიცე სულიერ ზღუდეს ივლებს გარშემო, ზრუნავს თავის სამწყსოზე, სწავლების პურით კვებავს და დარიგებას წყაროთი არწყულებს. ამას ის მოსდევს, რომ იზრდება ლია, ანუ სამწყსო მრავლდება და სახელოვანი ხდება, იდიდება ღმერთი, რომლისგანაც ღებულობენ კაცნი ყოველ სიკეთეს. მაგრამ ამასაობაში კინაღამ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ღმრთისმოშიში ირინეს მეფობის დროს, როდესაც წმ. ხატების საკითხზე ბევრს მსჯელობდნენ და ზოგი მომხრე იყო მათი თაყვანისცემისა, ზოგი კი წინააღმდეგი, პლატონი იმ უმცირესობას ეკუთვნოდა, ვინც აშკარად ქადაგებდა ჭეშმარიტებას, რაც შეეძლო, უპირისპირდებოდა ხატმებრძოლებს და თუმცა მეცნიერი არ იყო, მაგრამ უბრალო და სარწმუნო საუბარი ჰქონდა და სიტყვაუხვიც იყო თავისი სახელის შესაფერისად (ბერძნულად პლატონი უხვს ნიშნავს). ამას ისიც მოწმობს, რომ ყველაზე დიდი მიტროპოლიის მოციქულთა სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ კრებაზე მაშინდელმა პატრიარქმა ტარასიმ იგი კრების წევრად აირჩია, რამეთუ ეს იყო კაცი, რომელიც არც ადრე უფრთხოდა მწვალებელთა მუქარას და არც შეშინებია ჯარის შფოთისა და წინააღმდეგობისა. ეს ჯარი დიდ ტაძარში შეიჭრა, თან პატრიარქის ლანძღვა-გინებასა და ცრუ კრების ქებას მოჰყვა, იმ კრებისა, რომელმაც გამოიტანა დადგენილებები წმ. ხატების წინააღმდეგ (754 წ.). ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ჭეშმარიტების დასადგენად მოწვეული ეს კრება დაიშალა, და დედოფალი თითქოს ლომებისაგან დაგლეჯას გადარჩენილი, სამშვიდობოს გამოვიდა, როდესაც ირინე, ასე ვთქვათ, უსისხლო მოწამედ იქცა, მაშინ ჩვენი იღუმენიც, ისევე როგორც პატრიარქი, ვერ შეაშინა ამ ამბებმა. მალე, მას შემდეგ რაც ველური და მოუთოკავი არმია დაშალეს, იგი ნიკეაში მიიწვიეს.

25. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც მართლმადიდებლობის დროშა განამტკიცეს, ღირსი მამა თავის მონასტერსა და იღუმენობას დაუბრუნდა. აქ იგი ავად გახდა, რაც მისი სანატრელი აღსასრულის მოახლოებას მოასწავებდა, და იღუმენობა გადმოგვცა ჩვენ, თუმცა მორჩილის სახელის ღირსიც არ ვიყავით. ამგვარად, სასურველ სიმდაბლეს მიაღწია და თავის მწუხარებებს ბოლო დაუდო, უამრავი შეურაცხყოფისაგან გათავისუფლდა და ისეთი გახდა, როგორიც ადრე იყო – უანგარო, უპოვარი, ამაო სოფლის საზრუნავისაგან თავისუფალი. ასე რომ, შური ვეღარ დაჩრდილავდა მისი სათნოების სხივს. მართალთაც ხომ გამოსცდის ხოლმე ღმერთი, რათა მწუხარებათა ცეცხლში გამოიწრთონ და სულით ოქროზე უფრო განწმენდილნი გახდნენ, და სწორი გზით მავალნი არ ეცემიან, რათა დაინახონ, რომ ყოველი სიკეთე ღმრთისაგან ენიჭებათ.

 
თავი მეხუთე


თუ რა დაითმინა პლატონმა კონსტანტინესა და
თეოდოტეს უსჯულო ქორწინების დაგმობისათვის



26. ღირსი პლატონის იღუმენობის ამბავი დავასრულეთ და ახლა იმას მოგიყვებით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ, ვაი, რომ ტირილი შემფერის, რამეთუ, ერთი მხრივ, სიმართლის თქმა მინდა და, მეორე მხრივ, ამ ამბის მონაწილეთა დასანდობად გაჩუმებას ვარჩევდი. მაგრამ რაკიღა სხგვარად შეუძლებელია იმის თქმა, რისი დამალვაც არ ეგების, ამიტომ შევუდგები საქმეს. ამით უბედურების მონაწილეთათვის ნიშნის მოგებას კი არ ვაპირებ, ჩემი მამის სათნოებების აღწერა მსურს. ”ვაი შენდა, ქალაქო, ოდეს მეუფე შენი ჩჩვილ იყოს” (ეკლ. 10,16) – ოდესღაც საღმრთო წერილში ამოვიკითხე, ახლა კი საკუთარი გამოცდილებითაც დავრწმუნდი. კონსტანტინე, ირინეს ვაჟი, რომლის დედა მართალი სარწმუნოებითა და ღმრთისმოშიშებით გამოირჩეოდა, თვითონ მეფური აღვირახსნილობით იყო სნეული. იგი სიყმაწვილეში გამეფდა, მთლიანად განაგდო შიში დედის წინაშე და მისი მეთვალყურეობა, მოიძულა ღმრთაებრივი კანონები, მიატოვა სჯულიერი ცოლი და ჰეროდეს მსგავსად მრუშობას მისცა თავი. ამის მოყოლა რაღად დაგვჭირდა? იმად, რომ ჩვენმა იღუმენმა იოანე ნათლისმცემელს მიჰბაძა და მაშინ, როცა თითქმის ყველა მხარს უჭერდა უსჯულოებას, მხოლოდ ისა და მისი მოწაფეები დარჩნენ მოუდრეკელნი, და ამისთვის ვინ იცის რა განსაცდელი არ გამოიარა მთელი წლის მანძილზე? არც ჭორები დაჰკლებია, არც მუქარა, ჯოხით ცემა, გაძევება და ტანჯვა-წამება.

27. იმპერატორმა, ამ გზით რომ ვერაფერს მიაღწია, სხვა ხერხს მიმართა. და რაც შემდეგ მოხდა, მავანთა და მავანთა ხელით კეთდებოდა, თორემ სინამდვილეში, საღმრთო წერილის სიტყვით რომ ვთქვათ, ყველაფერს აბესალომი წარმართავდა. ჩვენთან მოვლინებული ბერებისა და ჩვენი მიმოწერის ამბები თქვენც იცით. როდესაც ეს საშუალებებიც უძლური აღმოჩნდა, რამეთუ მამამ ყველაფერს მოვალეობა დაუპირისპირა, მაშინ მეფემ, რომელსაც აღარ შეეძლო ნიღბის ტარება, თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. ჩვენდა სავალალოდ ეს იმით გამოიხატა, რომ ქრისტეს მონასტერში, რომელსაც მხოლოდ საღმრთო სჯული იცავდა, ორი მთავარსარდალი გამოაგზავნა, თითქოს მტრის წინააღმდეგ აპირებდა გალაშქრებას. მწყემსი შეიპყრეს, ცხოვარნი განაბნინეს – ზოგი მათრახით სცემეს, ზოგი გადაასახლეს, დანარჩენებს დევნა გამოუცხადეს. და რაც ყველაზე სამწუხაროა, გამოიცა მეფის ბრძანება, რომ უფლისათვის დევნულნი არსად შეეწყნარებინათ, და წმიდა მონასტრების წინამძღვრებიც ემორჩილებოდნენ ამ ბრძანებას. მხოლოდ მცირედნი ბედავდნენ მათ შეფარებას. ქრისტეს კი თითქოს ეძინა (მარკ. 4,38), მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზებით სცდიდა დევნულებს, თუ რამდენად მტკიცე იყო ღმრთისადმი მათი სიყვარული, და შემწყნარედ უმზერდა მდევნელთა სისასტიკეს, რათა ისინი სინანულისკენ მოექცია.

28. ამასობაში ქრისტს მხედარი რასა იქმს? თავისი ნებით შორდება შვილებს, მარტოდმარტო რჩება მწყემსი კეთილი ”რომელმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის” (იოანე 10,11), კეისართან მიჰყავთ ბადრაგის თანხლებით და ვბედავ ამის თქმას, იოანე წინასწარმეტყველვით წარუდგება კონსტანტინეს, თუმცა იოანე თვითონ ეახლა ჰეროდეს, პლატონი კი სხვებმა მიჰგვარეს. იხილეთ მხნე გული! ხელისუფლებას არ შეუშინდა, მუქარამ ვერ შეაკრთო, შეგონებებს არ დაჰყვა, თუმცა ამ ჰეროდიას სისხლით ენათესავებოდა. პირიქით, მტკიცედ პასუხობდა და ურცხვენელად აღიარებდა ჭეშმარიტებას. უფლის წინასწარმეტყველმა თქვა: ”არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის ცოლი შენი” (ლუკა 6,18). იგივე უთხრა ჰეროდეს მიმსგავსებულ იმპერატორს იოანეს მიმბაძავმაც. მაგრამ მისთვის თავი არ მოუკვეთიათ, რამეთუ იმპერატორს არ სურდა მოწამედ ექცია ის, ვინც, როგორც ადრეც არაერთხელ უთქვამს, მზად იყო ამისთვის. ქრისტეს აღმსარებლად კი თავისდა უნებლიეთ მაინც გახადა, რამეთუ ჭეშმარიტების მღაღადებელი ავაზაკივით სენაკში ჩაკეტა, ათასი ბოქლომი დაადო კარებს და ბრძანა საჭმელი სარკმლიდან მიეწოდებინათ, რათა ვერავის ენახა ის, ვისაც თვით უფალი კარგად ხედავდა.

29. კეისარს ხელს უწყობდნენ მონასტრების წინამძღვრები, რომელთაც ვერ დავასახელებ, რამეთუ მრცხვენია. საპყრობილედ ექცა სასახლის კარის გაპარტახებული მონასტერი, დარაჯიც უცნაური ჰყავდა – მემრუშეთათვის ჯვარისდამწერი. ისღა დამრჩენია, წინასწარმეტყველთან ერთად ვთქვა: ”ვაი მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქვეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს” (მიქ. 7,2). რაღა ვთქვა მასზე, ვინც წმინდანის მეთვალყურეობა მემრუშეთა დამაქორწინებელს დააკისრა? ანდა მასზე, ვისაც იმპერატორმა უდანაშაულო კაცის განსჯა დაავალა? რაღა ვთქვა იერარქებზე, რომლებიც იმპერატორმა საპყრობილეში გაუგზავნა პლატონს, რათა დაეყოლიებინათ იგი სიტყვით მაინც დათანხმებოდა და სანაცვლოდ მიეღო თავისუფლება და თავისი ქონების პატრონობის უფლება? რაღა ვთქვა გარეშე განმაქიქებლებსა და მაყვედრებლებზე – ნათესავებსა და უცხოებზე, მონაზვნებსა და ერისკაცებზე? ჰოი უგუნურებავ, ანუ, უფრო სწორად, ჭეშმარიტების წინააღმდეგ აღძრულო უმეცრებავ! უსჯულო ქორწინების მომხრენი გმობენ კეთილშობილი მამის სიმტკიცეს, მეფის საამებლად ღმრთის სასუფევლისაგან განდგომილნი შეურაცხყოფენ მას, ვინც თავისი მოღვაწეობით უფალს ადიდებს. ქრისტეს მსახურმა კი იმ დროის საშინელი სისასტიკე ისე დაითმინა, რომ მხოლოდ ჭეშმარიტებასა და მის დამცველთათვის განმზადებულ საზღაურზე ფიქრობდა. სატუსაღოს სატანჯველს ისე იტანდა, თითქოს ტაძარში მდგარიყოს, რამეთუ, თუ კაცი ნიადაგ ღმერთზე ფიქრობს, მას ვერავინ და ვერაფერი მოერევა.

30. მალე მემრუშე მეფე, რომელსაც არ სურდა სამართლიანად მოქცევა, დაეცა, რათა მეფეებსაც ესწავლათ, რომ არ შეიძლება ღმრთაებრივი კანონების შებღალვა, კაცთა უსამართლო დევნა და დატუსაღება, იმის მიუხედავად, რომ სხვა მოკვდავთაგან განსხვავებით ძოწეული ჰმოსიათ. საღმრთო სჯულის ერთგულმა დამცველმა გამარჯვებულმა დატოვა საპყრობილე, მრავალმა შეამკო იგი ქება-დიდებით. წმინდანს ხოტბას ასხამდნენ, პატივს სცემდნენ და მოწამედ სახელდებდნენ ისინიც, ვინც გუშინ სასაცილოდ იგდებდა და ყვედრებით ავსებდა, რამეთუ, გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით, როდესაც რისხვა გადაივლის და საქმე თავისთავად ნათელი ხდება, კაცის სათნოებების აღიარება მტრებსაც შეუძლიათ, თუმცა კი ადრე სხვაგვარად ფიქრობდნენ. როდესაც კვლავ მშვიდობის თანამოსახელე ირინე გამეფდა, რომელიც განადიდებდა და პატივს სცემდა წმინდანს მისი მოწამებრივი ღირსებისათვის, მყისვე ზღვის მოქცევის მსგავსად მტრები მოკეთეებად და თაყვანისმცემლებად გაუხდნენ, ისე რომ თვით მისი საპყრობილის მცველმა (იღუმენმა იოსებმა) პატიება სთხოვა და მიწადვე დაუკრა თავი. მაგრამ უმალ ცივი ქვა იგრძნობდა რამეს, ვიდრე იოსები შეცვლიდა თავის თქმულსა და ნამოქმედარს.

31. როდესაც გადასახლებიდან დავბრუნდით, სხვები კიდევ სხვა ადგილებიდან ჩამოვიდნენ და შევიკრიბეთ, როგორც მართვენი ფრინველის ფრთების ქვეშ, ამ ამბავმა ღმრთისმოშიშ კაცთა სიხარული გამოიწვია: თავს შეუერთდნენ სხეულის ნაწილები, და იქნებ ასეთი შემთხვევის შესახებ ღაღადებდა ხმამაღლა ესაია, თუმცა კადნიერება კია ჩემგან ამის თქმა: ”აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, მოვიდენ ძენი შენნი შორით. მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა” (ესაია 60, 4-5). ამას ამბობდა ესაია. მე კი დავუმატებდი: პატრიარქი იმიტომ განიმსჭვალა მოწიწებით პლატონის მიმართ, რომ თავს იცავდა და ერთობას სთხოვდა მას. ასეც მოხდა, როდესაც განკვეთეს უსჯულო მეფე და განიშორეს უთანხმოება, რომელსაც განსაკუთრებით გაურბოდა ნეტარი, თუმცა ყველა ხოტბას ასხამდა გამარჯვებისთვის. ანდა, რა უნდა იყოს იმდენად სათნო ღმრთისათვის, რამდენადაც თანხმობა და ერთიანობა, როდესაც ეს ერთიანობა ღმრთის მცნებებს არ არღვევს?

 
თავი მეექვსე


პლატონის შეპყრობა კონსტანტინოპოლში.
პატრიარქ ნიკიფორეს მკაცრი დამოკიდებულება მისდამი



32. ყოველივე ამის შემდეგ, ბარბაროსთა შემოსევის გამო ჩვენი ადრინდელი სავანიდან ბიზანტიაში გადავედით. აქ ჩვენი კეთილისმოყვარე მამა დაყუდებულ ცხოვრებას იწყებს, რამეთუ იღუმენობის თავსდება აღარ სურს. მაგრამ ნახე, ახლაც რა საოცრად იქცევა! დიდი სიმდაბლის გამო და იმისთვის, რომ ძმობას ორი უფროსი არ ჰყოლოდა, ღმრთისმობაძავი მამა მორჩილების უღელს იდებს, და ამას იქმს მოწმეთა თანდასწრებით, რომლებიც იმავე მორჩილებისთვის არიან შეკრებილნი. განა საოცარი არაა ყოფილი მამა იწოდებოდეს შვილად, და თან იმის შვილად, ვისაც ადრე უბრძანებდა? და ეს ხდება იმდენი შრომის შედეგად, რომელთა მტვირთველისთვის მხოლოდ ზომიერების დაცვაც კი უკვე ქების ღირსი იქნებოდა. თანაც ეს საკვირველი კაცი ყოველივეს ხალისით აკეთებდა, ისე კი არა, რომ მხოლოდ სახელი დაეთმო სხვისთვის იღუმენისა, არამედ გულწრფელად და ღმრთივგანბრძნობილად. რამეთუ, სადაც აღსარებას ამბობენ იღუმენის წინაშე, იქ ნდობაცაა, სადაც ნდობაა, იქვეა საკუთარი ნების დატევება, ხოლო სადაც საკუთარი ნების დატევებაა, იქაა სრული მორჩილება. მისი ღვაწლის მოწმენი არიან ისინი, ვისთვისაც იგი რაიმეს სთხოვდა იღუმენს: თუ მის თხოვნას შეისმენდნენ, ისევე უხაროდა, როგორც მთხოვნელს, და თუ არ შეისმენდნენ, არც ის სწყინდა. მას მხოლოდ ის სურდა, მთხოვნელისთვის რითიმე ერგო, და არა ის, რომ მისი ნება აღსრულებულიყო. ”ვაი ჩემდა”, მამაო, ვიტყვი წინასწარმეტყველის პირით, ”ვითარცა ვინ მშევ მე?” (იერ. 15,10) შენ არ გეთაკილებოდა მამა გეწოდებინა მისთვის, ვინც შენი შვილობის ღირსიც კი არ იყო. რატომ მაიძულე მიმეღო ესოდენ დიდი პატივი მე, ვისაც შენს მორჩილებაში ყოფნა არ დამიმსახურებია? ღმერთმა და შენმა წმიდა სულმა უწყიან ამის მიზეზი, როგორც უწყიან, რომ სიყვარული, ან უფრო სწორად, მორჩილება მეტს შეძლებენ, ვიდრე ძალდატანება, და მოგვეცემა იმის უნარი, რომ მოკლე სიტყვით დავასრულოთ ჩვენი ამბავი.

33. ახლა ჩვენს საგანს მივუბრუნდეთ. მამა დაეყუდა და მისი სამყოფელი იყო ძალიან ვიწრო, ზაფხულში კი ისეთი ცხელი, რომ ქალდეველთა სახმილს მოგაგონებდათ, რადგან ტყვიის სახურავი მეტისმეტად ხურდებოდა. ის კი, არათუ არ დრტვინავდა, არამედ გაძლიერებულად ლოცულობდა, რომ მომავალ ცხოვრებაშიც ასეთივე განსასვენებლის ღირსი გამხდარიყო. ამრიგად, შრომის სიყვარულით იმსუბუქებდა და უსიამოვნებებს სასოებით განაზავებდა – სიყვარული და სასოება ორივე დიდი სათნოებაა და ძალას მატებენ კაცს. მაგრამ ღვაწლის მოყვარე არც ამით დაკმაყოფილდა, იგი ხელითაც შრომობდა, რამეთუ საკმაოდ დიდი ძალა ჰქონდა, კიდევ უფრო მეტად ღმერთზე ფიქრს ეძლეოდა და ნიადაგ სულიერ მტრებს ებრძოდა. განსაკუთრებით გულმოდგინებით ძმობის წევრებზე ზრუნავდა: მწუხარეს ანუგეშებდა, დასაცემად მიდრეკილს ხელს აღუპყრობდა, განრისხებულს ამშვიდებდა და მისი ხასიათის შესაფერ საუბარს უმართავდა, მოკლედ, სულთა დიდი მკურნალი და ყველა ტანჯულის შემწე იყო. ვერც იმას დავმალავ, რომ ფეხზე საკმაოდ მძიმე ჯაჭვები ეკიდა და მხნედ იტანდა სიმძიმეს (ყოველი გონიერი კაცისთვის ცხადია, რა ძნელი იქნებოდა ჯაჭვებით ძილიც, სიფხიზლეც და შრომაც). ამას ვინმეს დასანახად როდი იქმოდა, რათა ყველას თვალწინ გამოეფინა თავისი დაყუდება, და არც იმას ცდილობდა, რომ შეექო თავისი საქმე, როგორც სათნოების სახელოსნო (ასე ხომ თესალიის მღვიმეში დაყუდებული ქირონი იქცეოდა), ჩვენი მოღვაწისათვის უცხო იყო ეს ვნება-მაჩვენებლობა, არამედ იმისათვის, რომ დაყუდება ოდნავ შეესუსტებინა და სიმდაბლით დაეფარა იგი. ეს ამბავი თითქმის არავინ იცოდა, მხოლოდ მაშინ გამჟღავნდა, როდესაც მან უფლის გულისთვის დატოვა სენაკი და თავისდა უნებლიეთ ცნობილი გახდა. მაგრამ ამაზე კმარა, რამეთუ მკითხველსაც ზომიერება უყვარს და არც მწერალს აქვს მეტის თქმის ძალა.

34. მაშინდელი პატრიარქის – ტარასის სიკვდილის შემდეგ, როდესაც მომავალი პატრიარქის არჩევაზე მსჯელობდნენ და სხვადასხვა კანდიდატურას ასახელებდნენ, ისე რომ ყველა გამოჩენაზე ფიქრობდა და არა ჭეშმარიტებაზე, მაშინ ჩვენს მამასაც ჰკითხეს აზრი, და ჰკითხეს არა მარტო ცნობილმა იერარქებმა, არამედ თვით იმპერატორმაც. ჭეშმარიტების გულისთვის, მითხარით ერთი, რა უნდა ექნა? განა მას, ვინც ამდენი შრომა იტვირთა და ვინც ყველასათვის უმკაცრესი ცხოვრების ნიმუში იყო, საერთო სარგებლობისთვის პირუთვნელად არ უნდა ეთქვა თავისი აზრი? არაო, ამბობენ მისი აბუჩად ამგდებნი, ან არცოდნა უნდა მოემიზეზებინა, ანდა თავად შემკითხველისთვის მიენდო არჩევანიო. მაგრამ პირველი სიცრუეა, მეორე – თვალთმაქცობა, და ორივე ერთად სიძულვილის ღირსია. მან თავისი ხმა შეაწია ერთს (აღარ ვამბობ, ვის), და ისე შეაწია, თითქოს თვით ღმერთი მოიყვანა მოწმედ. ეპისკოპოსებმა სიხარულით მიიღეს და არ ვიცი კი როგორ, დაეთანხმნენ პლატონის წერილს, ხოლო იმპერატორმა, ამომრჩევლების ბარათები რომ მიიღო, აურდაურია და ყირაზე დააყენა ყველაფერი, როგორც კოჭის თამაშის დროს ხდება ხოლმე.

35. პლატონი (მას შემდეგ, რაც წინამძღვრის ყოლის აუცილებლობამ კრების ყოველი წევრი აიძულა თავისი თავი დაესახელებინა ამ ადგილზე), ღამით გაემგზავრა ერთ მონაზონთან, იმპერატორის ნათესავთან, საერთო სარგებლობისათვის არ შეუშინდა გარეთ გამოსვლას, მოელაპარაკა მას და სასწრაფოდ უკანვე დაბრუნდა. ეს რომ გაიგო, იმპერატორი განრისხდა, ცოტახანს შეიცადა, ვიდრე მისი ნება ასრულდებოდა, მერე კი მე და პლატონი შეგვიპყრო და ოცდაოთხი დღე მკაცრი დაცვა დაგვიყენა, მერე კი მონასტერში გაგვიშვა. ღირს კი იმის მოყოლა, რა განრისხებული იყო წმ. მამაზე, ანუ როგორ ებრძოდა თვით ჭეშმარიტებას, შფოთს აგდებდა ძმობაში, ზოგს საპყრობილეში აგდებდა, ზოგს სასამართლოს გადასცემდა, თუმცა ყველას სწორედ იგი მიაჩნდა ძლეულად და სასაცილოდ აგდების ღირსად? ეს იყო მხოლოდ დასაწყისი მის მიერ ჩაფიქრებული უსჯულოებისა, პირველი მცდელობა, მისი აშკარა უგუნურების ნაყოფი. მალე უბედურებათა მთელი ნაკადი წამოვიდა, მათი მიზეზი იყო იოსები, მემრუშეთა დამაქორწინებელი, შინაგანი მტერი, ეკლესიაში შფოთის ჩამომგდები. რაკი გველის შხამივით ვერიდებოდით კანონიკურ ურთიერთობას მასთან, ამიტომ იმპერატორი მუქარას მუქარაზე გვითვლიდა ჩვენ, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფთ.

36. რამდენიმე სიტყვით როგორ გიამბოთ მაშინდელი შიშისა და დევნის, ღვაწლისა და განსაცდელის შესახებ, მთელი წელი რომ გრძელდებოდა? ეს მხოლოდ ყოველივე ამის დამთმენმა და მის გვერდით მყოფმა შეიძლება გაიგონ. ბოლოს და ბოლოს, ჯარმა ალყა შემოარტყა მონასტერს და არავის აძლევდა სიტყვის თქმის ან თუნდაც თავის წამოწევის უფლებას. შიგნით შიშია, გარეთ – დიდი შფოთი, და იქიდან მუქარა მუქარაზე მოდის, არც მინდა იმის თქმა, ვისგან მათ ბერული სამოსის მიმართ პატივისცემის გამო. რა სასტიკი დრო იყო!@თითქმის არავინ იდგა მოვლენათა მაშინდელ მსველობაზე მაღლა, არავის შეეძლო სწორი რჩევის მოცემა და ღმრთის საქმის დაცვა: ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ღამით ჩვენი მამა ძმობას მოსწყვიტს, ამას მოჰყვა მისი დატუსაღება, დატუსაღებას – კრების დღე. ამ კრებაზე სხვა სამ პყრობილთან ერთად წმ. მამაც მიიყვანეს, თან სამხედრო დაცვაც ახლდა, როგორც ვინმე ავაზაკთაგანს. საბრალო სანახავი იყო სნეული ბერი, რომელიც საკეცზე იწვა, ფეხებზე ჯაჭვები ედო, და ერთი მცველი მეორეს ისე გადასცემდა, თითქოს ედო, და ერთი მცველი მეორეს ისე გადასცემდა, თითქოს რაღაც უწმინდურობას იშორებსო თავიდან.

37. ვაი, რომ ამას კრების წესრიგი გვიქვია! ესაა ქრისტეანული სახელმწიფოს განჩინება! რით განსხვავდება იგი ერთხელ გამართული ყაჩაღური კრების დადგენილებისაგან, ანდა მწვალებელ მეფეთა კანონებისაგან? მაგრამ ისე რომ არ ვილაპარაკო კრების ამბებზე, როგორც ბავშვურ ხუმრობაზე, იმასღა ვიტყვი, რომ ჩვენს მამას ერთ-ერთი ქალაქგარე კუნძულზე გადასახლება მიუსაჯეს, ჩვენი ძმა კი სხვა, ყველაზე ღატაკ კუნძულზე გაამწესეს, იქ კი პირქუშ საპყრობილეში აღმოჩნდა. განა ბედის დაცინვა არ არის, რომ ერისკაცები მონაზვნებზე კაცთმოყვარენი აღმოჩნდნენ და მსაჯულთა მსმენელები არ შეუშინდნენ სამართლიანი განაჩენის გამოტანას, რამეთუ კანონის დარღვევა აშკარა იყო! აღარას ვიტყვი აბანოს შესახებ, სადაც იმპერატორმა ჯარის დახმარებით მონასტრის მთელი ძმომა შეყარა და ცდილობდა ყოველი მათგანის თავის მხარეზე გადაბირებას, მაგრამ მოტყუვდა – დაინახა, რომ საღმრთო სჯულის ერთგულება მასზე ძლიერი იყო. არც მონასტრების საპყრობილეებსა და იღუმენებს შევეხები, რომლებიც გათვალისწინებულზე მეტად აჭირვებდნენ ტუსაღებს, იმაზეც დუმილს ვარჩევ, რაც შემდეგ მოხდა, როდესაც ყველგან მხოლოდ ერთსა და იმავე ლაპარაკს გაიგონებდით – ციხეებში ჩაყრაზე, გადასახლებაზე, დევნაზე, გადაყენებაზე, მუქარაზე, სიცოფეზე, დაკითხვებსა და ჩვენებებზე, და ყოველ ქალაქში აფრთხილებდნენ, რომ ძმები არავის შეეფარებინა. ასე რომ, ზოგიერთი მიწის ნაპრალებში იმალებოდა.

38. და ეს ყველაფერი რისთვის ხდებოდა (გაოცება კვლავ მაიძულებს იმ ამბებს მივუბრუნდე)? რათა დაუსჯელად ეპარპაშა მღვდელს, რომელმაც სახარებისა და ნათლისმცემლის საწინააღმდეგოდ ჯვარი დაწერა მემრუშეებს, და ამით თითქოს ეკლესიის მხსნელი იკონომია დაუშვა, ამ მღვდლის მოწინააღმდეგენი კი, ვინც სახარების თანახმად იქცეოდა, უსჯულოებად და განდგომილებად შერაცხილიყვნენ! საბრალო მდევნელო, სახელად ქრისტიანო და სინამდვილეში ქრისტეს სჯულის დამრღვეველო, რისთვის მძვინვარებ შენს ლეკვთან (ალბათ იოსები იგულისხმება) ერთად ასე სასტიკად? არ იცი განა, რომ ღმრთის უძლეველ კანონებს ებრძვი, რომლებიც ჯეთ არასოდეს არც ერთ მეფეს არ შეუმუსრავს? არ იცი განა, რომ ყოველი შენსავით მათთან მორკინალი, სამარცხვინოდ წარწყმდა?

39. მაგრამ ისევ იმ ამბავს მივუბრუნდეთ, თუ როგორ წაიყვანეს ღმრთისმსახური. კვლავ სდევნიან, კვლავ გვაშორებენ, კვლავ ორ კაცს მიჰყავს (რამეთუ თვითონ უკვე აღარ შეუძლია სიარული), კვლავ სადღაც მიათრევენ, და თვით უგრძნობი ქვებიც ტირიან, ამ უსამართლობის მხედველნი. დაე, მოგვითხრობს ამის შესახებ მოწამე მამანტის მხარემ, დაე, აღწეროს ეს ამბავი კუნძულმა ოქსიამ, რომელიც ჩემი ძმის შემდეგ ჩემი მამის მცველიც გახდა. მეომარი-მონაზვნების (არ ვიცი, სხვა რა სახელი ვუწოდო მათ) გულმხეცობისა კი არა გითხრათ? როგორც ჯოჯოხეთის უფსკრულში, ისე ჩაკეტეს სენაკში მართალი, სნეულებებითა და სიბერით გატანჯული. ამსოფლიურ სიკეთეებსა და იმპერატორს დამონებულნი, ისინი ერთ კაცს მიუჩენდნენ ხოლმე პლატონს, რომელსაც დღეში ერთხელ ან ორჯერ უნდა მიეკითხა. ხშირად ხდებოდა, რომ ბერი სთხოვდა მას გადაადგილებას რაიმე ხორციელი საჭიროების გამო, ის კიდევ დაცინვით უპასუხებდა, ბერი წამალს სთხოვდა, ის კი კარებს მიუხურავდა და მიდიოდა. და ყოველივე ამას ღირსი პლატონი მოთმინებით იტანდა, ისე რომ არ ღალატობდა თავის აღმსარებლობას, რომელიც ღმერთისა და კაცთა წინაშე თავს-იდო. როდესაც იმპერატორმა შეიტყო, რომ იგი დასნეულდა და სიკვდილის პირასაა, ბიზანტიაში გადაიყვანა და ოდნავ მოილბო სასტიკი გული, დააპირა თავისი ბოროტი საქმის გამოსწორება. მაგრამ რამეთუ მისი ზრახვები მართალ საფუძვლებს არ ეყრდნობოდა, ამიტომ ბოლომდე ვერც ისინი მიიყვანა. რამეთუ მალე იგი, ცოფმორეული, ღმრთის ძლიერმა მარჯვენამ სკვითებთან მიაგდო და იქ ჯარიანად დაღუპა, ამით მომდევნო თაობებს საშინელი მაგალითი უჩვენა და საზარელი გადმოცემა დაუტოვა ამის შესახებ, რომ ”გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი” (რომ. 11,33). ღირსი პლატონი კი ჩვენთან ერთად მაშინდელი ღმრთისმოშიში მეფის ბრძანებით თავის სამწყსოს დაუბრუნდა და აღმსარებლად გამოცხადდა.

40. თუ როგორ მოხდა ეს ყოველივე, ამაზე გაჩუმება კი არ შეგვფერის. იმათი ზრუნვით, ვინც განსჯიდა ჩვენს საქციელს, სულერთია, კეთილგანწყობილნი იყვნენ თუ პირიქით, მტრულად, მოისპო საცთური, რომლის გამოც ჩვენი და პატრიარქის უთანხმოება წარმოიშვა. იმპერატორებმა ჰკითხეს მას, უწმინდესი თავს იმით იმართლებდა, რომ ყოველივე მაშინდელი იმპერატორის ხათრით გააკეთა. ამრიგად, დამყარდა თანხმობა და ერთობა პატრიარქთან, რამეთუ არაფერია ღმრთისათვის ისე სათნო, როგორც მშვიდობა და თანხმობა, როდესაც ეს თანხმობა მართალ სარწმუნოებას არ ეწინააღმდეგება, ღმრთის მცნებას არ გადადის ან ღმრთაებრივ კანონებს არ არღვევს. სწორედ ასეთი ჩანდა ჩვენი თანხმობა ყველა გონიერი კაცის თვალში. რაც ამას მოჰყვა, იმაზე არ მინდა ლაპარაკი, რამეთუ აქ დიდი მსგავსებაა ღმერთშემოსილი მამების დროინდელ ამბებთან და იკონომიის გამო გვერდს ვუვლით, ანუ, უფრო სწორად, გვერდს ვუვლით იმიტომ, რომ ეს ყოველივე მოუსყიდველი მსაჯულის მკაცრი განკითხვისთვის ინახება, იმქვეყნად რომ მოგველის ყველას.

თავი მეშვიდე



ღირსი პლატონის უკანასკნელი ავადმყოფობა
და კეთილი აღსასრული



41.  შემდეგ რაღა იყო? წმიდა მამას დაყუდებულის ცხოვრება აღარ გაუგრძელებია, რამეთუ დამოუკიდებლად ხორცის ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაც კი აღარ შეეძლო. იგი ხან საწოლზე იწვა, თითქოს ისვენებდა ასკეტური ღვაწლის სანაცვლოდ, ხან კი სავარძელში იჯდა და ხმამაღლა კითხულობდა ფსალმუნს, ან სულიერი ლოცვით ლოცულობდა და უდიდესი სარგებლობა მოჰქონდა ძმებისთვის – რჩევით, შეხსენებით, დარიგებით, ნუგეშისცემით, თავისი მამობრივი, კეთილი ჩვევის თანახმად. მას აღარც მუშაობა შეეძლო, აღარც მუხლისდრეკა, აღარც კითხვის მოსმენა, მხოლოდ მის ახლოს მდგომი მორჩილის წაკითხულს თუ დაუგდებდა ყურს. ამასთან, იგი მწუხარე და მოღუშული იყო, თითქოს სული წარიწყმიდა სულიერი მსახურების შეწყვეტითა და ფიზიკური მუშაობის მიტოვებით. თუ ხანდახან მიიღებდა საზრდელს ავადმყოფობის გამო, ანდა მორჩილებით აბანოში შევიდოდა, ამისთვის ღმერთს მადლობდა და თან წუხდა, რომ ადრინდელი მკაცრი ცხოვრება დააგდო. მაგრამ მან ჭეშმარიტად ბრწყინვალე ასპარეზი და მზის გზა განვლო, რამეთუ მორჩილებით დაიწყო და მორჩილებითვე დაასრულა, ყოველი ღვაწლი დაითმინა, სრულყო თავისი ცხოვრების წლები, როგორ ერთი დღე და აღდგა მარადიული ცხოვრებისათვის, რათა დაუღამებელი ნათლით დამტკბარიყო. დათვალე მისი საქმენი, და ორმოცდარვა წელი გამოგივა. ამას მიუმატე ოცდაოთხი წელი სოფლისაგან განდგომამდე, კიდევ ოთხი წელი დევნულებისა და სამი წელი სნეულებისა, და ნახავ, რომ წმიდა მამა 79 წლისა აღესრულა.

42. მაგრამ, ვაიმე, როგორ დავასრულო უცრემლოდ ჩემი ამბავი? ბერი იწვა, თავის სულს, როგორც ძვირფას შესაწირავს, ამ სოფლით გასვლისთვის ამზადებდა, მის საწოლთან შეკრებილი ძმებიც ელოდნენ მისგან შესაწირავს – წმიდა ლოცვას. მან დალოცა და ეამბორა ყველა ძმას და განემზადა კუბოსთვის, რომლის ხილვა კარგა ხანია სურდა, თუმცა მას მოკვეთილი ჰქონდა საკუთარი ნება და ამიტომ არ უსრულდებოდა ეს სურვილი. კუბო რომ დაინახა, გაიხარა და მადლი შესწირა უფალს ამ სიტყვებით: ”ესე არს განსასვენებლი ჩემი უკუნითი უკუნისამდე” (ფს. 131,14), და კიდევ: ”უფალმან ნება მოშიშთა მისთა ყოს” (ფს. 144,19). მრავალი უცხოც მოდიოდა მის სანახავად, იმის მიუხედავად, რომ დიდმარხვა იყო, მოდიოდნენ მონაზვნები და ერისკაცები, კურთხევას იღებდნენ და უკან ბერის სულიერი საზრდელით სავსენი ბრუნდებოდნენ. თვით უწმიდესი პატრიარქი მოვიდა, ლოცვა-კურთხევა სთხოვა და დაემშვიდობა. ეს წუთი იყო ყველა საეჭვო უთანხმოების მკურნალი და ძველ მწუხარებათა განმაქარვებელი. შემდეგ ყველა მოიგონა, ყველასთვის ილოცა, ყველას შეუნდო – ვინც რამე შესცოდა, ვინც სდევნა, ვინც შეაწუხა – როგორც ჭეშმარიტად ღმრთის კაცმა და სიკვდილის წინაც ქრისტეს მობაძავმა.

43. მაგრამ, რაკი ანდერძიც უნდა შეედგია, ვნახოთ რა დატოვა? მართალი სარწმუნოება და სულიერი ცხოვრება, რომელთა წიაღშიც ცოცხლობდა და რომელთა წიაღშიც აღესრულა, ქონების გაყოფის შესახებ კი არაფერი დაუბარებია, რამეთუ ზედა სამოსიც კი არ გააჩნდა. რა თქმა უნდა, მე, მდაბალმა, ვკითხე, რაიმე საკუთრება ხომ არა გაქვს-მეთქი, პასუხად მან ტანსაცმელზე შეივლო ხელი და დაიფერთხა, იმის ნიშნად, რომ არაფერი გააჩნდა, და სუსტი ხმით მითხრა, ყველაფერი შენ გადმოგეციო. არ შემიძლია დუმილით ავუარო გვერდი მის ერთ ნათქვამს, რომელსაც წინასწარმეტყელების მნიშვნელობა ჰქონდა – რომ თვითონ უგალობებდა თავის თავს სიკვდილის წინ. გულმკერდის არე სტკიოდა და მძიმედ სუნთქავდა, და მაინც ჩვეულებრივ ჩურჩულით ლოცულობდა, განსაკუთრებით ხშირად კი ერთი საეკლესიო საგალობლის ნაწილს იმეორებდა: ”აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის ქუეყანისა” (ესაია 26,19). იგი იქ მყოფთაც სთხოვდა განუწყვეტლივ ეგალობათ ეს მუხლი, ვიდრე ხმის ამოღება შეეძლო. გალობას მაშინვე მოჰყვა აღსასრულიც, რომელიც მართალი ლაზარეს ხსენების დღეს დაემთხვა, ეს საგალობელი ლაზარეს ეხება და დაე, მის თანა დაიმკვიდროს ჩვენმა მამამაც.

44. იწვა გამშვენიერებული სქემოსნის შესამოსელში, ბოლოს გამოსათხოვარი სიტყვა Yთქვა, მერე მარჯვნივ გადაიქნია თავი ისეთი მსუბუქი და სასიამოვნო მოძრაობით, თითქოს თავის თავთან დარჩენა ინებაო, მზის დასვლისას კი თვალები დახუჭა და თავისი წმიდა სული ანგელოზებს შეჰვედრა, რომლებმაც იგი წარუდგინეს მზეს სიმართლისას. ამჟამად იგი ცათა შინა განისვენებს და არა მარტო მოღვაწეთა წესთა შორის და ღმრთის წინაშე დგომის ღირსია, არამედ, კადნიერებით ვიტყვი, აღმსარებელთა შორისაა მითვალული, რამეთუ, ვისი ღვაწლიც თავს-იდო, მათ მემკვიდრეობასაც ეზიარა. მეტიც: მორჩილთა შორის იგი საუკეთესო მორჩილია, ორგზის გვირგვინოსანი მორჩილებისთვის, მდუმარეთა თანა – ჭეშმარიტი მდუმარე, იღუმენთა თანა – ჭეშმარიტი იღუმენი, დაყუდებულთა თანა – არა მარტო დაყუდებული, არამედ მორჩილიც, რაც კიდევ უფრო საპატიოა, აღმსარებელთა თანა – უტყუარი აღმსარებელი, რასაც მისი ცხოვრება მოწმობს. მე კი, საწყალობელი, საუკეთესო მამის დამკარგავი, სად ვპოვებ საყრდენს, თავშესაფარს მშფოთვარე სულისთვის? სად ვპოვებ მრჩეველს, ვნებებით შეიწრებული? როგორ გავუძლებ ბოროტის შემოტევას, რაკი სახლში მოძღვარი და დამრიგებელი აღარ მეყოლება?

45. მაგრამ, - ჰოი, ღმრთაებრივო და წმიდა კაცო! მომხედე მაღლიდან მოწყალებით, აღმადგინე დაცემად მიდრეკილი, წარმიმართე გზად მავალს და დამიტევე უვნებელად, გაუძეხ და დამწყსე ჩემთან ერთად სიტყვიერნი ცხოვარნი ესე, მრავლითა შრომითა და ჭირითა შენითა შეკრებილნი, რათა შენი გზით ვიდოდნენ და ღმრთის მცნებები მტკიცედ დაიმარხონ. მოხედე, დაიცევ, შეეწიე მცირესა და დიდ სამწყსოებს, როგორც აღგვითქვი ამსოფლით განსვლის ჟამს, რამეთუ შენია ყველა ის სამწყსო, რომელთა იღუმენებიც შენი სულიერი შვილები და შვილთა შვილები არიან. რაკი შენ გვეყოლები შუამდგომელად ღმერთთან და ღმრთის წინაშე, ყველანი დაცულნი ვიქნებით ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, არსად გადავუხვევთ მართალ სარწმუნოებას ვისიმე შიშის გამო, არ განვეშორებით ღმრთის მცნებებს, არ შემოვუშვებთ გულში დამღუპველ ვნებებს და არ დავაგდებთ მოღვაწეობას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, რომლისა არს დიდება, პატივი და სიმტკიცე, თანა ყოვლისა მპყრობელსა მამისა და ცხოველსმყოფელისა და ყოვლადწმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

თარგმნა რუსიკო ბუაჩიძემ

”სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. II, თბილისი 1991 წ.

კეთილსა ზედა სიტყუასა დადგრომილ ხართ ეგჳპტისა მიმართ მონაზონთა, ანუ მისწორებად, გინათუ წარმატებადცა ამას, პირველ გამოირჩიეთ თქუენითა მაგით სათნოებისა მონაზონებითა, რამეთუ თქუენნი კერძოცა ამიერითგან მონასტრები და მონაზონთა სახლები ითქუმების. ესე გულსმოდგინებაჲ სამართლადმცა სამე აქუნდა, ლოცვათა ჩუენთაებრ ღმერთმან სრულ ქმენინ.

რამეთუ ითხოეთ ჩემგანცა ცხორებისათჳს ნეტარისა ანტონისა და სწავლის გინებს, ვითარ-იგი იწყო მონაზონებად და რაჲ-იგი იყო უწინარჱს მისა და რაბამი აქუნდა აღსასრული ცხორებისაჲ.

და უკუეთუ ჭეშმარიტად თქუმულნი იგი მისთჳს არიან, რაჲთა თქუენცა მისა მობაძავად თავნი თჳსნი მოიყვანნეთ, მრავლითა უკუე გულსმოდგინებითა შევიწყნარე თქუენმიერი ესე ბრძანებაჲ, რამეთუ ჩემდაცა დიდ შესაძინელ სარგებლის არს ანტონისი ესე მოჴსენებაჲ, და ვიცი, რამეთუ თქუენცა გესმის, რაჲთა შემდგომად დაკჳრვებისა მის კაცისა ინებოთ ბაძვაჲ მისსა მას გულსმოდგინებასა, რამეთუ არს მონაზონთა დიდ ხატ მონაზონებისა ანტონისი იგი ცხორებაჲ, და, [რომელთა-ეგე გესმა მისთჳს მთხრობ]ელთა მათგან, ნუ ურწმუნო იქმნებით, უფროჲსღა მცირედ ჰგონებდით მათ მიერ სმენასა, რამეთუ მათცა ესოდენი ესე ძნიად გითხრეს და რამეთუ მე ბრძანებაჲ მოვიღე თქუენგან, რავდენი ესე წიგნითა ამით გაუწყო, მცირედ ოდენ რაჲმე მისი მოვიჴსენო და მიგიძღუანო თქუენ. ხოლო თქუენ ნუ დააცადებთ ამიერ ნავითა მიმავალთა კითხვად, ვინ უწყის კაცად-კაცადმან რაჲმე, თქუან, რომელი-იგი იცის, და ესრჱთცა ძნიადვე ღირსად მისთჳს თხრობაჲ იგი იყოს.

მინდა, რაჟამს მოვიღე წიგნი ესე თქუენ მიერ, მოწოდებად ვიეთამე მონაზონთა, რომელნი-იგი ზედაჲს-ზედა ჩუეულ იყვნეს მისლვად მისა, ვინ უწყის, უფროჲსმცა რაჲმე ვისწავე და უკეთჱსადრე მიგიძღუანე, და რამეთუ ჟამი ნავთა სლვისაჲ დაყენებულ იყო და წიგნისა მიმრთუმელი ესე ისწრაფდა, ამისთჳს რომელი-იგი მე უწყი, რამეთუ მრავალგზის მეხილვა და სწავლაჲ შეუძლე მათგან, რომელნი-იგი შეუდგეს მცირედ ჟამ და წყალსა ჴელთა სცემდეს, ესე მიწერად ღმრთისმოშიშებისა თქუენისა. ვისწრაფე ყოვლით კერძოვე ჭეშმარიტებისათჳს, ვიზრუნე. რაჲთა არა უმეტჱსი ვისმე ესმეს და ურწმუნო იქმნეს. ანუ თუ უნაკლულჱს ჯეროვნისა მის ისწაოს და შეურაცხ-ყოს კაცი იგი.

რამეთუ ანტონი იყო ნათესავით მეგჳპტელი, აზნაურთაგან მამა-დედათაისა და მონაგები დიდი აქუნდა, და რამეთუ ქრისტიანე იყვნეს იგინი და ქრისტეანებრ აღზრდილ იყო ესეცა, და ვიდრე ყრმაღა იყო, იზარდებოდა მამა-დედათა წინაშე და თჳნიერ მათსა და სახლისა არავინ სხუაჲ იცოდა. და აღორძნდა და იქმნა ჭაბუკ და წარემატებოდა ჰასაკითა და წიგნისა სწავლაჲ არა თავს-იდვა, უნდა, რაჲთა თავისუფალ იყოს ჩუეულებისაებრცა ყრმათაჲსა. ხოლო გულსმოდგინებაჲ ყოველი აქუნდა მსგავსად წესისა მის, ვითარცა წრფელი დამკჳდრებულ სახლსა შინა თჳსსა. და შევიდის იგი მამა-დედათა თჳსთა თანა ეკლესიად და არცაღა, ვითარცა ყრმაჲ, უდებ იყო, არცა, ვითარცა ჭაბუკი, შეურაცხ-ჰყოფდა, არამედ მამა-დედათაცა დამორჩილებულ იყო და საკითხავთაცა გულსმოდგინედ ერჩდა და სარგებელად თავისა თჳსისად დაიმარხავნ, არცაღა კუალად, ვითარცა ყრმაჲ, უდებ იყო, რამეთუ ეგოდენთა მონაგებთა ზედა იყო და არა აურვებდა რას მამა-დედათა თითოფერისათჳს და პატიოსნისა საჭმელისა, არცაღა მისგან გემოსა ეძიებნ, არამედ რომელი-იგი ეპოვის, კმა-ეყვის და მერმე არარას ეძიებნ.

შემდგომად სიკუდილისა მამა-დედათა მისთაჲსა დაშთა იგი მცირისა თანა ერთისა დისა. და იყო იგი ათრვამეტის წლის, გინა ოც[ის. სახლისათჳს და დისა]თჳს იღუწიდა, ვიდრე აღესრულნეს ექუსნი თუენი სიკუდილისა შემდგომად მამა-დედათაჲსა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა შესლვად ეკლესიად, და შეიკრიბა გონებაჲ თჳსი და განიზრახვიდა იგი ყოველთათჳს, ვითარ-იგი მო-ციქულთა ყოველივე დაუტევეს და შეუდგეს მაცხოვარსა, და მოიჴსენებდა წერილსა მას საქმესა მოციქულთასა, ვითარ-იგი განჰყიდდეს მონაგებთა თჳსთა და მოართუმიდეს და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა განსაყოფელად მათთჳს, რომელთა-იგი საჴმარ უჩნდა, და ვითარ-მე ანუ რაბამ-მე ამათი სასოებაჲ ცათა შინა დამარხულ არს.

ვითარ ამას განიზრახვიდა, შევიდა ეკლესიად და მოემთხჳა მას წმიდისა სახარებისა საკითხავი, და ესმა უფლისაგან, ვითარ-იგი ეტყჳს მდიდარსა მას: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე ყოველო მონაგები შენი და განუყავ გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე და მოიპოო საფასჱ ცათა შინა.

ხოლო ანტონის ვითარცა ღმრთით აქუნდა წმიდათა ჴსენებაჲ და რეცათუ მისთჳს იყო საკითხავი იგი, გამოვიდა მეყსეულად ეკლესიით და, რავდენი აქუნდა მას მამა-დედათა მისთა მოგებული ყანები სამასი ნაყოფიერნი და ფრიად კეთილნი, ესე ყოველი მიჰმადლა მდაბურთა, რაჲთა არა აურვებდენ მას და დასა მისსა, ხოლო სხუაჲ იგი, რაჲ იყო მათი ჭურჭელი, ყოველი განყიდა და შეკრიბა საფასჱ დიდძალი და განუყო გლახაკთა და დაჰმარხა მისგანი მცირედ დისა მისისათჳს. და მერმე შევიდა ეკლესიად და ესმა მას წმიდისა სახარებისაჲ, ვითარ-იგი უფალმან ჰრქუა: ნუ ჰზრუნავთ ხვალისა.

ხოლო მან არღარა თავს-იდვა მერმე შემდგომად, გამოვიდა და მისცა იგიცა გლახაკთა და დაჲ იგი თჳსი შეჰვედრა მეცნიერთა მისთა მორწმუნეთა ქალწულთა და მისცა იგი საქალწულესა განზრდად, ხოლო იგი სახლსა შინა თჳსსა იქცეოდა. მიერითგან მარხვით ეკრძალებოდა თავსა თჳსსა და მდჳძარებით იქცეოდა იგი, არღა იყო ესრჱთ ეგჳპტეს სიმრავლჱ მონასტერთაჲ, არცაღა იცოდეს ყოვლადვე მონაზონთა შორიელი უდაბნოჲ, არამედ კაცად-კაცადსა რომელსა უნებნ თავისა თჳსისა კრძალვაჲ, არა შორს დაბასა თჳსსა განეყენის, არამედ მახლობელად ზინ და იმარხავნ.

რამეთუ იყო მას ჟამსა მახლობელად დაბასა მას ბერი სიყრმითგან მონაზონებასა შინა. ესე იხილა ანტონი და ჰბაძვიდა სლვასა და პირველად იწყო მანცა დადგრომად გარეშე დაბისა ადგილთა და მიერ თუ ვისიმე მონაზონისაჲ ესმის, გამოვიდის და ეძიებნ მას, ვითარცა ბრძენი ფუტკარი, და არა მიიქცის თჳსსა ადგილსა, ვიდრემდის-იგი არა იხილის და რეცათუ საგზლად სათნოებისა გზისა მისგან მოიღის.

და მიე[რითგან მას ადგილსა იქცეოდა და თჳსსა] გონებასა ასწონდა, რაჲთამცა მამულსა თჳსსა არა მიაქცია, არცაღა ნათესავთა მოიჴსენებდა ყოვლადვე, სურვილი და სწრაფაჲ აქუნდა მას მონაზონებისა სიმტკიცისათჳს, იქმოდა ჴელითა თჳსითა. რამეთუ ესმინა: რომელი არა იქმოდის ჴელითა თჳსითა, ნუცაღა ჭამნ, და რომელსამე საჭმლად თავისა თჳსისა და რომელსამე გლახაკთა განსაყოფელად, და ილოცავნ იგი მარადის. ესმინა, ვითარმედ თჳსაგან წერილ არს ლოცვაჲ ყოველსა ჟამსა, რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით.

და მიერითგან ჴსენებაჲ იგი წიგნის სწორად აქუნდა და ესოდენ თავი თჳსი მისცა და საყუარელ იყო ყოველთაგან ანტონი, და იგი თავადი მსწრაფე იყო მათდა, რომელთადა იგი მივიდის, დაემორჩილის გულითა და თჳსისაგან თითოეულისა მის სწრაფასა და წარმატებასა და მარხვასა განიცდინ: რომლისასამე მხიარულებასა, რომლისასამე ლოცვასა, გულსმოდგინებასა ხედავნ და სხჳსასა განურისხველობასა და რომლისასამე კაცთმოყუარებასა განიცდინ და რომლისასამე ღამის-თევასა და რომლისასამე წიგნის კითხვასა ერჩინ და რომლისასამე მოთმინებასა და რომლისასამე მარხვასა და [ქუეყანასა ზედა წოლასა. დაკჳრვებულ არნ რომლ]ისასამე სამშჳდესა და რომლისასამე სულგრძელებასა ხედავნ. ყოველსავე ერთბამად ქრისტჱს მიმართ მსახურებასა და ურთიერთას სიყუარულსა მას მათსა შეისწავებნ და ესრჱთ სავსჱ მიიქცის თჳსსა მას ვანსა.

მიერითგან კაცად-კაცადისაგან რომელი-იგი შეიკრიბის მან თავსა შინა თჳსსა, ყოვლადვე აჩუენებნ, და სწორთა მიმართ თჳსთაცა არა იყო მაცილობელ, გარნა ესე ხოლო, რაჲთა არა უნაკლულჱს მათსა უმჯობჱსსა მას გამოჩნდეს, და ამას იქმნ, რაჲთა არავინ შეაწუხოს, არამედ მათ, რაჲთა მას ზედა უხაროდის.

ყოველნი მდაბურნი და მეგობარნი და რომელთა მიმართ აქუნდა ჩუეულებაჲ, ესრესახედ ხედვიდეს მას და ხადიედ მას ღმრთისმოყუარით; რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვედ. ხოლო კეთილისმოძულემან და მოშურნემან ეშმაკმან ვერ თავს-იდვა, ხედვიდა რაჲ ჭაბუკისა მის თანა ესოდენსა გულსმოდგინებასა, არამედ ესე, რომელ მოიპოვა ყოფად, იწყო მისთჳს ბრძოლად პირველად და გამოსცდიდა მას დაბრკოლებად მარხვისაგან, გულსა მოუვლენ ჴსენებასა აგარაკთასა და დისათჳს ღუწოლასა, ნათესავთა თჳსობასა, ვეცხლისმოყუარებასა, დიდებისმოყუარებასა, ჭამადთა ფერად-ფერადთა, გემოსა და სხუასაცა ლხინსა [ამის სოფლისასა შემდგომად] სიფცხლისა ამის სათნოებისა და რამეთუ დიდ არს ამისი იგი შრომაჲ. და ჴორცთა უძლურებასა მოაჴსენებდა და ჟამთა სიგრძესა და ყოვლადვე აღუდგინა მას მტუერი გულისსიტყუათაჲ გონებასა მისსა, რამეთუ უნდა მისი გამოშორებაჲ მართლისაგან გულსმოდგინებისა, ვითარცა იხილა მტერმან მან უძლურად თავი თჳსი გულსმოდგინებისაგან ანტონისა და უფროჲსდა თავი თჳსი მოუძლურებული მისისაგან სიმტკიცისა, გარე-წარიქცევინ სარწმუნოებითა და დაეცემინ ზედაჲს-ზედა ლოცვითა ანტონისითა, მაშინ უპესა მუცლისა მისისასა საჭურველითა ესრინ. და იქადინ ამით, რამეთუ ესე არს პირველად ჭაბუკთა მიმართ ბრძოლაჲ მისი. გამოვიდის ჭაბუკისა მისთჳს, ღამე აშფოთებნ მას და დღისი აურვებნ, ვითარმედ რომელმანმცა იხილა იგი, ცნა ყოფილი იგი ურთიერთასი ბრძოლაჲ, რამეთუ იგი მოაჴსენებნ გულისსიტყუათა მწინკულევანთა, ხოლო ესე ლოცვითა მართლუკუნაქცევნ მათ, ესე აზრზენნ, ხოლო მას სირცხჳლ უჩნ ესე და სარწმუნოებითა და მარხვითა მოიზღუდავნ გუამსა.

ხოლო ეშმაკი იგი უბადრუკი ესრჱთ უმზირდა მას და, ვითარცა დედაკაცი, გამოიხატავნ ღამე და ყოვლითა ხატითა ემსგავსებინ, რაჲთამცა ვითარ აცთუნა ანტონი, ხოლო იგი ქრისტესა მოიჴს[ენებნ და მისგან მხიარულებასა და აზნაუ]რებასა სულისასა განიზრახავნ და ესრჱთ დაშრიტის ნაკუერცხალი იგი მაცთურებისა მისისაჲ.

მერმე მტერი იგი მოაჴსენებნ {!} გემოთა გულისთქუმისათა, ხოლო იგი განრისხნებინ და მწუხარე არნ დათქმასა და რისხვასა ცეცხლისასა და მატლისა მის სალმობასა მოიჴსენებნ. და წინა-აღუდგინის ესე და შეატყუებნ ამათ და გარე-წარჰჴდის უვნებელად, და იყოფოდა ესე ყოველი სარცხუენელად მტერისა, რამეთუ რომელი-იგი ჰგონებდა ღმრთისა ჭაბუკისა მიმსგავსებად ერთისაგან, აწ მოიკიცხებოდა, და რომელი-იგი ჴორცთა და სისხლთა ზედა იქადის, კაცისაგან ჴორციელისა დაეცემოდა, რამეთუ შეეწეოდა მას უფალი, რომელმან ჩუენთჳს ჴორცნი შეისხნა და თავი თჳსი მისცა საძლეველად ეშმაკისა, რაჲთა ესრჱთ რომელი იღუწიდეს, თქუას: არა ხოლო თუ მე, არამედ მადლი იგი ქრისტჱსი, რომელ არს ჩემ თანა.

ამისა შემდგომად ვითარ ვერ შეუძლო ანტონის არცაღა ამით დაცემად ვეშაპმან მან, არამედ ხედვიდა თავსა თჳსსა გამოგდებულად გულისაგან მისისა, იღრჭენდა კბილთა მის ზედა, ვითარცა წერილ არს, და ვითარცა განკჳრვებული, რაბამცა არს გონებითა, ამისა შემდგომად შავად ყრმად უცნებით გამოუჩნდა მას და რეცათუ შეუვრდებოდა მას, არღარა გულისსიტყჳთა შეუვიდოდა, რამეთუ განძებულ იყო მზაკუვარი იგი, მიერითგან კაცობრივი ჴმაჲ მოიპოვა და ესრჱთ იტყოდა მრავ[ალნი ვაცთუნენ და მრავალნი] დავამჴუენ და აწ ვითარ-იგი სხუათა ზედა, ეგრეცა შენ ზედა ვჰგონებდ და შენითა შრომითა მოუძლურდი.

მაშინ იწყო ანტონი კითხვად მისა და ჰრქუა: ვინ ხარ შენ, რომელი ამას იტყჳ ჩემდა მომართ? ხოლო მან მეყსეულად საგლახობელი ჴმაჲ აღუტევა და თქუა: მე ვარ სიძვისა მოყუარე, მე ამისთჳს გრგენაჲ ჭაბუკთა ზედა თაეს-მიდებიეს და სულ სიძვის მრქჳან მე.

რავდენთა უნდა სიწმიდის, და ვაცთუნენ! რავდენთა შეორგულებულთა ვარწმუნე გრგენითა! მე ვარ, რომლისათჳს წინაწარმეტყუელი აბრალებს დაცემულთა მათ და ეტყჳს: სულითა სიძვისაჲთა შესცთეს, რამეთუ ჩემგან იყვნეს იგინი დაცემულ, მე ვარ, რომელი მრავალგზის გაურვებდ შენ და ესოდენგზის უკუნვიქეც შენგან. ხოლო ანტონი ჰმადლობდა უფალსა და კადნიერ იქმნა მისა მიმართ და ჰრქუა მას: ფრიად შეურაცხისსაყოფელ ხარ ვიდრემე შენ აწ და შავცა ხარ გონებითა და, ვითარცა ყრმაჲ, უძლურ. ამიერითგან არცაღა ერთი რაჲ არს ზრუნვაჲ შენთჳს, უფალი არს მწჱ ჩემდა, და მე ვიხილო მტერთა ჩემთაჲ.

ვითარცა ესმა ესე შავსა მას, მეყსეულად ივლტოდა და დაჰფრთხა ჴმისა მისგან მისისა და შეეშინა მერმე მიახლებადცა ანტონისა. [ესე პირველი სიმჴნჱ იყო ანტონისი ეშმ]აკისა მიმართ, უფროჲსღა მაცხოვრისაგან. ესე იყო ანტონისა წარმომართება, რომელმან-იგი ცოდვაჲ დასაჯა ჴორცითა, რაჲთა სიმართლჱ შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შოვრის, რომელნი არა ჴორციელად ვალთ, არამედ სულიერად.

არცაღა ანტონი შევრდომასა მას ეშმაკისასა უდებ იქმნა და მიერითგან შეურაცხ-ყო თავი თჳსი, არცაღა მტერი, დაღათუ დაცემულ იყო, დასცხრა ბრძოლად მისა მიმართ, რამეთუ მიმოვიდოდა მერმე, ვითარცა ლომი, და ეძიებდა რასმე მიზეზსა მისთჳს.

ხოლო ანტონის ესმინა წიგნთაგან, ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი, ფიცხლად მოიპოვა მარხვაჲ, განიზრახა და თქუა: დაღათუ ვერ შეუძლო გულსა ჩემსა გულისთქუმითა ჴორცთაჲთა ცთუნებად, გამომცადოს მერმე სხჳთაცა მზირობითა მანქანებისაჲთა, რამეთუ არს ცოდვისმოყუარე ეშმაკ. უფროჲსღა და უმეტჱს აღიკრძალვიდა ჴორცთა ანტონი და დაიმონებდა, ნუუკუე2* სხჳთ ვსძლე, და სხჳთ მაცთუნოს.

განიზრახა უფიცხლჱსსა მარხვასა თავისა თჳსისასა შესლვად, და მრავალთა უკჳრნ, ხოლო იგი ადვილად შრომათა მათ თავს-იდებდა, რამეთუ გულსმოდგინებაჲ სულისაჲ, რომელი მრავალ ჟამ დადრგომილ იყო, კეთილი სახჱ შექმნ[ა თავისა თჳსისა. და მცირედ მიზეზი რაჲ]მე პოვის სხუათაგან, რამეთუ მრავალი სწრაფაჲ მას ზედა აჩუენის, რამეთუ ღამეთა ათევნ ესოდენ, ვითარმედ მრაეალგზის ღამე ყოველ დაადგრის უძილად. და ესე არა ხოლო თუ ერთგზის, არამედ მრავალგზის ყვის, და უკჳრნ ყოველთა.

ჭამის მან ერთგზის დასლვასა მზისასა, ოდესმე მეორესა და ოდესმე მეოთხესა დღესა მიიღის საზრდელი. და იყო მისა საზრდელად პური და მარილი ხოლო, და სასუმელად წყალი, ხოლო ჴორცისა და ღჳნისა მეტი არს სიტყუადცა, სადაღათუ სხუათა მოსწრაფეთა თანა ესევითარი არა იპოებოდა. ხოლო სარეცლად მისა იყო ჭილი, და უფროჲსღა ქუეყანასა ზედა წევნ, ხოლო ცხებად ზეთსა არა თავს-იდებდა და იტყჳნ: უფროჲსღა ჯერ-არს ჭაბუკთა, რაჲთა გულსმოდგინედ აქუნდეს მონაზონებაჲ და არა მოპოვნებად მომამედგრებელი ჴორცთაჲ, არამედ შეჩუევად შრომათა შინა.

და მოიჴსენებნ სიტყუასა მას მოციქულისასა: რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინ განვძლიერდი. მაშინღა იტყჳნ განძლიერებასა სულისა მის გონიერებისასა, რაჟამს მოუძლურდიან ვნებანი იგი ჴორცთანი. და იყო მის თანა საკჳრველ ნანდჳლვე ესეცა გულისზრახვაჲ, რამეთუ არა მოქენე იყო იგი ჟამისა რაცხასა სათნოებისა მის გზისასა, არცაღა მისგან განშორებასა, არამედ სურვილით და გულს[მოდგინებით... ხოლო იგი არასადა მოიჴსენე]ბდა წარსრულთა მათ ჟამთა, არამედ დღითი-დღედ რეცათუ იწყებნ მონაზონებასა, უფროჲსღა სურვილი აქუნდა წარსამატებელად. მოაჴსენებნ იგი თავსა თჳსსა მოციქულისა სიტყუასა ზედაჲს-ზედა, რამეთუ: პირველსა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები. მოიჴსენებნ იგი ჴმასა მას წინაწარმეტყუელისა ელიაჲსსა, ვითარ-იგი თქუა: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინაშე წარვდეგ მე დღეს, რამეთუ შეეკრძალა მას ესე სიტყუად, ვითარმედ "დღეს", და არა რაცხნ წარსრულთა ჟამთა, არამედ რეცათუ მარადის პირველსაშეურაცხ-ჰყოფნ დღითი-დღედ, ისწრაფინ და თავსა თჳსსა ღმრთისა წარადგინებნ ესრჱთ, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩუენებად თავი თჳსი ღმრთისა წინაშე წმიდითა გულითა და განმზადებულ სმენად ნებასა მისსა და რავისსა სხჳსასა. ეტყჳნ თავსა თჳსსა: უღირს მონაზონსა ცხორებისაგან დიდისა ელიაჲსისა განცდად, ვითარცა სარკითა თავისა თჳსისა, ცხორებაჲ მარადის.

ესრე შეიკრძალა თავი თჳსი ანტონი და წარვიდა შორად დაბისა მის სამარებსა და ამცნო ერთსა მეგობარსა მრავლისა დღისა შემდგომად მირთუმად მისა პური. და იგი შევიდა სამარესა ერთსა და დაჰჴშა კარი წინაშე მისა და იყოფოდა მარტოჲ შინაგან, ვითარ ვერ თავს-იდვა [მტერმან, არამედ იურვოდაცა, ნუუკუე] მცირედ უდაბნოჲცა ქალაქებ იქმნას მონაზონებითა..

მოვიდა ღამესა ერთსა მრავლითა ეშმაკებითა, და ესოდენ გუემეს ცემითა, რამეთუ უტყუად იდვა იგი ქუეყანასა გუემისა მისგან და დაამტკიცებდა ესრჱთ,  ვითარმედ ესოდენ დიდ იყო სალმობაჲ იგი, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს იგი კაცთაგან ეგოდენი ტანჯვაჲ და გუემაჲ ყოფად. ხოლო ღმრთისა წინაჲსწარცნობითა არასადა უგულებელს-ყვნის უფალმან მოსავნი თჳსნი.

ხვალისა დღე მეგობარი იგი მისი მივიდოდა და მიაქუნდა პური. ვითარ განაღო კარი, იხილა იგი ქუეყანასა მდებარჱ, ვითარცა მკუდარი, აღიკიდა იგი და წარიღო დაბად და შეიღო ეკლესიად და დადვა ქუეყანასა. მრავალნი ნათესავნი და მდაბურნი გარე-მოასხდეს, ვითარცა მკუდარსა, ანტონის. შოაღამესა ოდენ გონებასა მოდგა ანტონი და აღდგა. ვითარცა იხილნა ყოველნი თანა-მსხდომნი მძინარედ. გარნა მეგობარი იგი ხოლო მღჳძარედ, თუალ-უყვნა მისლვად მისა. ევედრებოდა მას აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავისა განღჳძებად.

წარიღო იგი კაცმან მან მუნვე და, ვითარცა ჩუეულ იყო, დაჰჴშა კარი და შინაგან იყოფოდა მარტოჲ. დგომად ვერ ეძლო წყლულებათა მათგან ეშმაკთაჲსა, მწოლარჱ ილოცვიდა და ლოცვისა შემდგომად იტყოდა დიდითა ჴმითა: აქა ვარ მე, ანტონი, არა ვივლტი გუემათაგან თქუენთა. დაღაცათუ უფროჲსი მოაწიოთ ჩემ ზედა, არარამან შემიძლოს მე განყენებად სიყუარულსა ქრისტჱსსა. მერმე გალობდა და იტყოდა: აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. რამეთუ მონაზონი იგი ესრჱთ ზრახვიდა და იტყოდა ამას. ხოლო კეთილისმოძულესა მას მტერსა უკჳრდა, რამეთუ წყლულებისა შემდგომად მერმეცა უშიშად მოვიდა და მოუწოდა თჳსთა მათ ძალთა, და განსთქდებოდა გულისწყრომითა და ეტყოდა მათ: იხილეთ, რამეთუ არცა სულითა სიძვისაჲთა, არცა წყლულებითა დავაცხრვეთ ესე, არამედ გან-ვე-რისხნების ჩუენ ზედა. მიუჴდეთ მას სხჳთა სახითა, რამეთუ ადვილ არს ეშმაკისა უკეთურებად მიმართ ხატისა მიმსგავსებაჲ, მაშინ ღამე უცნებით რასმე ბგერასა ჰყოფდეს ესრესახედ, საგონებელ იყო, რეცათუ ყოველი ადგილი იძრვოდა, ხოლრ სახლისა მის ოთხნივე ზღუდენი რეცათუ განხეთქნეს ეშმაკთა მათ, და ეგრეცა საგონებელ იყო რეცათუ მიერ შესლვად. და მიემსგავსნეს მჴეცთა და ქუეწარმაეალთა უცნებით. და იყო ადგილი იგი მეყსეულად სავსჱ საცთურებითა, ლომებითა და დათუებითა, ვეფხითა, კუროებითა, გუელებითა, ასპიტებითა, ღრიაკალებითა და მგელებითა. და თითოეული იგი ზედა-მიუვიდოდეს მას თჳსითა ხატითა: ლომი იგი იბრდღუენნ და ზედა-მიუვალნ, კუროჲ აღირებნ რქითა, გუელი იგი მიუძურებინ და ვერ მისწუთებინ, მგელი ზედა-მიუვალნ და დაბრკოლდის. და ყოვლადვე ფიცხელ იყვნეს ყოველთა მათ გამოჩინებულთა გულისწყრომანი და ჴმათა ოხრანი.

ხოლო ანტონი იგუემებოდა და დაიწერტებოდა მათგან და აგრძნობდა უფიცხლჱსსა სალმობასა ჴორცთასა და შეუძრწუნებელად სულითა უფროჲსღა მღჳძარედ მიყრდნობილ იყო. და კუნესოდა იგი სალმობისათჳს ჴორცთაჲსა, ხოლო შეუძრწუნებელ გონებითა და რეცათუ ბასრობით ეტყოდა მათ: უკუეთუმცა ძალ რაჲმე იყო თქუენ შოვრის, კმამცა-იყო ერთი თქუენგანი მოსლვად, აწ დაგცნა თქუენ უფალმან. ამისთჳს სიმრავლითა ოდენ გამომცდით, ვითარმცა შემაშინეთ მე, რამეთუ საცნაურად უძლურებისა თქუენისა6* მიმსგავსებაჲ ეგე თქუენი პირუტყუთაჲ არს.

უშიშად მერმე ეტყოდა მათ: უკუეთუ შემძლებელ ხართ და ჴელმწიფებაჲ მოგიდებიეს ჩემთჳს, ნუ სდგათ, არამედ მომიჴედით; უკუეთუ ვერ შემძლებელ ხართ, რაჲსა ცუდად შფოთებთ? რამეთუ ბეჭედ ჩუენდა და ზღუდე კრძალვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სარწმუნოებაჲ არს.

მრავალი მის ზედა ზმნეს და იღრჭენდეს იგინი კბილთა მათთა, უფროჲსღა მოიკიცხებდეს იგინი თავთა მათთა და არა მას. ხოლო უფალმან არცაღა ესრჱთ დაივიწყა სიმჴნჱ იგი ანტონისი, არამედ შემწე ექმნა მას, აღიხილნა და იხილა სართული რეცა განღებული და ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ გარდამომავალი მისა. და მეყსეულად ეშმაკნი იგი უჩინო იქმნნეს, და სალმობანი იგი ჴორცთა მისთანი დასცხრეს, და სახლი იგი მერმე იპოვა ყოვლადვე ცოცხალი.

ხოლო ანტონი ვითარცა ცნა შეწევნაჲ იგი, უფროჲსღა სულთ-ითქუნა და აღმცირდა სალმობათაგან და ევედრებოდა მას, რომელ-იგი გამოუჩნდა მას ხილვაჲ იგი, და ჰრქუა: სადა იყავ, რად არა პირველვე გამომიჩნდი, რაჲთამცა სალმობანი ჩემნი დააცხრვენ? და ჴმაჲ იყო მისა: აქა ვიყავ, ანტონი, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმჴნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იძლიე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელუვან ყოველსა ქუეყანასა.

ვითარცა ესე ესმა მას, აღდგა და ილოცვიდა და ესრჱთ განძლიერდა, ვითარმედ ცნაცა, რამეთუ უფროჲსღა ძალი აქუნდა ჴორცთა თჳსთა უფროჲს მისა, რომელ-იგი პირველად აქუნდა. იყო მაშინ მიერითგან ოცდაათხუთმეტისა წლისაჲ. მერმე შემდგომად ამისა მოვიდოდა და უფროჲსღა გულსმოდგინე იქმნებოდა ღმრთისმსახურებასა. და ვითარ მივიდა ბერისა მის პირველისა, ევედრებოდა მას უდაბნოს ყოფასა მის თანა, ხოლო მან არა ინება ჰასაკისა მისთჳს სიჭაბუკისა მისისა, და რამეთუ არღარა იყო ესევითარი ჩუეულებაჲ ეგჳპტეს, მეყსეულად წარემართა იგი და განვიდა მთად. არამედ მერმე ვითარცა იხილა მტერმან სწრაფაჲ იგი მისი, და უნდა დაბრკოლებაჲ მისი, დაუდგა გზასა ზედა ლანკლაჲ დიდი ვეცხლისაჲ საუცრად.

ხოლო ანტონი გულისხმა-ყო კეთილისმოძულისაჲ მის მანქანებაჲ, დადგა  და ლანკლასა მას ხედვიდა და მას ზედა ეშმაკსა მას ამხილებდა და ეტყოდა: ვინაჲ უდაბნოსა ზედა ლანკლაჲ?! არა არს ესე გზაჲ ტკბნელი2*, არცა კუალი კაცთაჲ ვისიმე აქა, და თუმცა ვისმე დაჰვარდა, ვერმცა დაავიწყდა სიმწჳსითა, და რომელმანცა წარწყმიდა ესე, მო-მცა-იქცა, ეძიებდა და პოვა, რამეთუ უდაბნო არს ადგილი ესე. ესე უცნებაჲ ეშმაკისაჲ არს. ვერ დააბრკოლო გულსმოდგინებაჲ ჩემი, ეშმაკო, ეგე შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა.

და ესე ვითარ ანტონი თქუა, მოაკლდა, ვითარცა ცჳლსა წინაშე ცეცხლსა. მერმე კუალად არღარა უცნებით, არამედ ჭეშმარიტად ოქროჲ გზასა ზედა იხილა მიმავალმან, გინა მტერისა ჩუენებითა, გინა უმჯობჱსისა ძალითა გამოსაცდელად მოღუაწისა მის, რაჲთა უჩუენოს ეშმაკსა, რამეთუ არცაღა ჭეშმარიტისა ფასისა ზრუნვიდეს, რომელ არცაღა მან გჳთხრა, არცაღა ჩუენ ვცანთ. ხოლო იყო ოქროჲ, რომელ-იგი იხილა.

ხოლო ანტონის სიმრავლჱ იგი უკჳრდა და ვითარცა ცეცხლსა გარე-წარჰჴდა და ესოდენ სწრაფით წარვიდა, არცაღა გარე-უკმოიხილა, არამედ სრბით და სწრაფით წარვლო, რაჲთა დაეფაროს და დაავიწყდეს ადგილი იგი. ხოლო უფროჲსღა და უმეტჱს განემარტა გულსმოდგინებასა და წარემართა იგი მთად და შევიდა უდაბნოდ. და მრავლით ჟამითგან სავსჱ იყო ქუეწარმავალითა, და მდინარესა მას მუნ წიაღჴდა იგი და დაემკჳდრა მას შინა. ხოლო ქუეწარმავალნი რეცათუ დევნისა ვისგანმე ივლტოდეს. და მან გზაჲ იგი დაყო და პური ექუსისა თჳსაჲშინაგან დაიდვა, რამეთუ ესრე ყვიან თებაიდელთა და მრავალგზის დაადგრიან წელიწად ერთ უვნებელად.

ხოლო აქუნდა წყალი შინაგან, და ვითარცა დაუვალთა შინა შევიდა მონასტერსა მას და დაადგრა მარტოჲ შინაგან, არცაღა იგი გამოვიდის, არცაღა მიმავალი იხილის. ხოლო იგი მრავალ ჟამ დადგრომილ იყო ესრჱთ მარხვასა და წლითი-წლად ორგზის ერდოჲთ მიიღის პური, ხოლო რომელნი-იგი შევიდოდეს მისა მეცნიერნი, არა შეუტევნის იგი შინაგან, მრავალგზის გარე-დაადგრიიან დღე და ღამე. და ესმინ მათ ჴმაჲ ერისაჲ შინა\გამოჲთ, შფოთი და ბგერაჲ და ვალალებაჲ უშუერი და ეტყჳედ: განგუეშორე ჩუენგან ადგილით, რაჲ ძეს შენი და უდაბნოჲსაჲ? რამეთუ ვერ თავს-იდებ ჩუენთა ძჳრისზრახვათა.

პირველად ჰგონებდეს, ვითარმედ არიან ვინმე მის თანა კაცნი და ჰლალვენ და ესენი კიბით შთასრულ არიან მისა. ესრჱთ ჰგონებდეს გარე-მყოფნი იგი. და ვითარცა ჴურელით ვინაჲმე შთაჰხედნეს და არავინ იხილეს, მაშინ ცნეს და თქუეს: ესე ეშმაკნი არიან. შეშინდეს იგინი და ანტონის უჴმობდეს.
ხოლო იგი უფროჲსღა ამათ ერჩდა, ვიდრე მათსა, და ზრუნვიდა და მოვიდა მახლობელად კარსა, ნუგეშინის-სცემდა კაცთა მათ და ეტყოდა: წარვედით და ნუ შეშინდებით, რამეთუ ესრჱთ ეტყოდა, ვითარმედ: უცნებასა ჰყოფედ ეშმაკნი მოშიშთათჳს, ხოლო თქუენ დაიბეჭდენით თავნი თქუენნი და წარვედით უშიშად და ესეთა აცადენით სიმღერად თავთა თჳსთა.

ხოლო იგინი წარვიდოდეს მოზღუდვილნი სასწაულითა ჯუარისაჲთა, და იგი იყოფოდა და არაჲ ევნებოდა მათგან, არცა დაშურებოდა ღუაწლსა მას, რამეთუ შეძინებაჲ იგი, რომელ იყოფოდეს მისა მიმართ ხილვათანი და მტერთა უძლურებაჲ. მრავალთაგან შრომათა განსუენება-სცემდა მას და უფროჲსა გულმოდგინებასა განჰმზადებდა.

რამეთუ ზედაჲსა-ზედა მოვიდიან მეცნიერნი იგი და ჰგონნებდეს, ვითარმედ პოონ იგი მკუდარი, და ესმინ მისი გალობაჲ: აღდეგინ ღმერთი და განიბნივენ ყოველი მტერინი მისნი, ივლტოდეთ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან, ვითარცა მუაკლდის კუამლსა, მოაკლდედ, და ვითარცა დადნნის ცჳლი წინაშე ცეცხლსა, ეგრე წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მერმე: ყოველი თესლები გარე-მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.

ესრჱთ უკუე ოცი წელი აღასრულა თჳსისაგან შრომათა და მარხვათა შინა, არცა გამოვიდის, არცა იხილს ვინ ზედაჲს-ზედა. ამისა შემდგომად მრავალთა ენება და უნდა ბაძვაჲ მონაზონებისა მისისაჲ, და რომელნიმე მეცნიერნი მისნი მოვიდეს და ძლით კარი მისი დაარღჳეს და ევედრებოდეს მას. და გამოვიდა ანტონი რეცათუ დაუვალთაგან რათმე საიდუმლთა სწავლული და ღმერთშემოსილი.

მაშინ პირველად საყოფლისა მისგან ეჩუენა, რომელნი მისრული იყვნეს მისა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს, დაუკჳრდა და ხედვიდეს, ვითარ ჴორცნი მისნი პირლელებრ ეგნეს: არცაღა დამჭნარ იყო, ვითარცა გამოუცდელისაჲ, არცა მჭლე მარხვითა და ბრძოლითა ეშმაკთაჲთა, ეგრევე იყო, ვითარცა პირველად გამოსლვამდე იცოდეს იგი, და სრულისა მისისაჲ კუალად ჩუეულებაჲწმიდა, რამეთუ არცაღა ვითარცა მოლხინებისაგან შევრდომილ, არცაღა გულისთქუმისაგან განბნეულ, არცა სიცილისაგან გინა მწუხარებისაგან შეპყრობილ, არცაღა რაჟამს იხილა ერი იგი, შეშფოთნა, არცაღა ეგოდენთაგან მოკითხვათა თავი სთნდა, არამედ ყოვლადვე იყო სწორ, ვითარცა სამებისაგან ღუწლილი, და ბუნებსა ზედა ეგო.

მრავალნი ვნებულნი, რომელნი მოსრულ იყვნეს მისა, განკურნა უფალმან მის მიერ, და რომელნიმე ეშმაკთაგან განწმიდნა, რამეთუ უფალმან მადლი მოსცა სიტყუასა ანტონისსა და მრავალთა მწუხარეთა ნუგეშინის-სცემდა, მრავალთა ლალულთა დააგებდა მეგობრად და ყოველთა ეტყჳნ: ნურარას ამის სოფლისასა უფროჲს შეჰრაცხთ სიყუარულისა წინაშე უფლისაჲსა. ეტყოდა და მოაჴსენებდა მერმეთა მათ კეთილთა და ჩუენდა მომართ ყოფილსა მას სიყუარულსა ღმრთისასა, ვითარ-იგი არა ჰრიდა თჳსსა მასცა ძესა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი და არწმუნებდა მრავალთა გამორჩევად და ყოფად უდაბნოსა. და ესრჱთ მიერითგან იყო მთასა ზედა მონასტრები, და უდაბნოჲ იქმნა ქალაქ მონაზონთაგან, განვიდოდეს იგინი თჳსაგან და აღიწერებოდეს იგი ცათა შინა მოქალაქედ.

საჴმარ რაჲმე იყო განსვლაჲ მისი არსენოიტისა მდინარესა, რამეთუ ჴმდა ხილვაჲ ძმათაჲ და შავშე იყო მდინარჱ იგი ხჳთქებითა, და, ვითარ ილოცა, აჴდა იგიცა და ყოველნი, რომელნი იყვნეს მის თანა, და განვლეს უვნებელად, და მოაქცია მან თჳსავე მონასტრად, აქუნდა იგივე ღირსი და ჭაბუკებრი შრომაჲ და ეტყოდა მათ ზედაჲს-ზედა ესრჱთ და მონაზონთა გულსმოდგინებასა აღაორძინებდა და რომელთამე სხუათა უმრავლჱსთა სურვილად მონაზონებისა აღადგინებდა და ესრჱთ ადრე მოიყვანებნ სიტყჳთა. და მიერითგან იქმნა მონასტრები,და ყოველთა მათ, ვითარცა მამაჲ, წინამძღუარ იყო ნეტარი ანტონი.
ერთსა შინა დღესა მოვიდეს მისა მონაზონნი და ევედრებოდეს სმენად მისგან სიტყუასა და ეტყოდა მათ ეგჳპტელებრითა ჴმითა ამას, ვითარმედ: წიგნნი ძლიერ არიან სასწავლელად, ხოლო ჩუენდა კეთილ არს ნუგეშინისცემაჲ, სარწმუნოებაჲ და მოძღურებაჲ სიტყჳთა. და თქუენ აწ, ვითარცა შვილთა, მოიღეთ წინაშე მამისა და იტყოდეთ, რაჲ-იგი იცით, და მე, ვითარცა ჰასაკით უხუცჱსმან თქუენსა, რომელი ვიცი და რომელსა გამოცდილ ვარ, მიგცემდე თქუენ. იყავნ უკუე აწ ყოვლისა წინა ყოველთა ზოგადი სწრაფაჲ, რაჲთა იწყოთ და ნუ დააცადებთ და ნუცა გეწყინებინ შრომასა შინა, ნუცა იტყჳთ, ვითარმედ: დავყოვნეთ მონაზონებასა, არამედ უფროჲს დღითი-დღედ ვიწყებდეთ გულსმოდგინებასა და აღვაორძინებდეთ, რამეთუ ყოვლადვე კაცთა ცხორებაჲ მცირე არს და განზომილ წინაშე მერმეთა მათ საუკუნეთა.

ეგრევე ყოველნი ჟამნი ჩუენნი არარაჲ არიან საუკუნესა მას თანა ცხორებასა, და ყოველივე საქმჱ სოფელსა შინა რავდენ ღირნ, ეგოდენისცა განისყიდების და სწორის-სწორად განიცვალების. ხოლო აღთქუმაჲ იგი ცხორებისა სახუკუნოჲსაჲ მცირითა რაჲთმე მოიყიდების, რამეთუ წერილ არს: დღენი ცხორებისა ჩუენისანი მას შინა -- სამეოცდაათ წელ, უკუეთუ უმეტჱს, ოთხმეოც წელ, და უმრავლჱსი მათსა შრომით და სალმობით. აწ დაღათუ ყოველსა მას ოთხმეოცსა, გინათუ ასსა წელსა ვმეუფებდეთ და ქუეყანასა ზედა ვიღუაწოთ, არა ქუეყანაჲ დავიმკჳდროთ, არამედ ცათა შინა -- გუაქუს აღთქუმაჲ.

მერმე ხრწნილნი განვიძუარცნეთ ჴორცნი და უხრწნელნი შევიმოსნეთ.
და აწ, შვილნო, ნუმცა მოგუეწყინების, ნუცა ჰგონებთ დაყოვნებასა, რეცათუ დიდ საქმედ, რამეთუ არა ღირს არიან ვნებანი ამის ჟამისანი მერმითა მათ დიდებათა, რომელნი გამოცხადებად არიან ჩუენდა, და ნუცაღამცა სოფელსა ამას ვხედავთ და ვჰგონებთ, რეცათუ დიდსა რასმე დაუტეობთ. რამეთუ ესეცა ყოველი ქუეყანაჲ მცირევე არს ყოველთა ცათა წინაშე: დაღაცათუმცა აწ ყოველსა ქუეყანასა უფალ ვიყვენით და დაუტევეთ ყოველი, არავე ღირს არს მერმესა მას სასუფეველსა თანა ცათასა.

ვითარცა ვინ შეურაცხ-ყვის სასწორი ერთი რვალი, რაჲთამცა შეიძინა ასი სასწორი ოქროჲ, ეგრეცა რომელი ყოველსა ქუეყანასა ზედა უფალ იყოს და დაუტეოს იგი, მცირჱ დაუტეოს და ასი წილი მოიღოს, არცაღა ყოველი ქუეყანაჲ ღირს არს ზეცისასა მას თანა. აწ უკუე რომელმან დაუტევა მცირედი აგარაკი, რეცათუ არარაჲ დაუტევა, გინათუ სახლი, გინათუ ოქროჲ ფრიადი, არა უღირს სიქადული, არცა მოწყინებაჲ, არამედ უფროჲს გჳღირს განზრახვაჲ. დაღაცათუ არა დაუტეოთ იგი სათნოებისათჳს, არამედ ამისა შემდგომად მოვსწყდეთ და დაუტეოთ იგი, ვინ უწყის, რომელთაჲ გჳნდეს, ვითარცა მოიჴსენა ეკლესიასტემან, რად არა აწ ჩუენ სათნოებისათჳს დაუტეოთ, რაჲთა სასუფეველი დავიმკჳდროთ? ამისთჳს ნუცაღა მოპოვნებად ჩუენგანსა ვისმე გული ეტყჳნ. რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ესე მოვიპოოთ, რომელი ჩუენ თანა-ვერ-წარვიძღუანოთ, ანუ რად არა იგი უფროჲს მოვიპოოთ, რომელი ჩუენ თანა-წარვიღოთ, რომელ არს სიბრძნჱ, სიწმიდჱ, სიმართლჱ, სიმჴნჱ, გულისხმისყოფაჲ, სიყუარული, გლახაკთმოწყალებაჲ, განურისხველობაჲ, სტუმრსმოყუარეობაჲ და სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი? ესე მოვიგოთ და ვპოოთ იგი წინაშე ჩუენსა მუნ სავანედ ჩუენდა ქუეყანასა მას მშჳდთასა.

აწ უკუე ამათგან ვინმე არწმუნენ თავსა თჳსსა და ნუ სულმოკლე იქმნებინ, უფროჲსღა, უკუეთუ განიზრახოს მონა-ყოფად თავი თჳსი უფლისადა, რამეთუ თანა-აც მონებაჲ უფლისაჲ. ვითარცა-იგი მონამან ვერ იკადრის სიტყუად, ვითარმედ: გუშინ ვქმენ და დღეს არა ვიქმოდი, არცა წარსრულთა ჟამთასა რაცხდეს და დააცადოს მერმესა დღესა, არამედ დღითი-დღედ, ვითარცა სახარებასა წერილ არს, მასვე გულსმოდგინებასა აჩუენებდინ, რაჲთა უფალსა სათნო-ეყოს და არა პატიჟსა შევარდეს.

ეგრეცა ჩუენ დღითი-დღედმცა დავადგრებით მარხვასა; უწყითმცა, უკუეთუ დღე ერთცა უდებ ვიქმნეთ, არა თუ წარსრულთა ჟამთათჳს ჩუენ შეგჳნდოს, არამედ უდებებისათჳს განრისხნეს ჩუენ ზედა. ესრჱთ ეზეკიელისგან გუესმა, ესრჱთცა იუდა ღამესა ერთსა წარწყმიდნა წარსრულთა ჟამთა შრომანი.

და-უკუე-ვადგრეთ, შვილნო, მონაზონებასა და ნუმცა მოვიწყინებთ, რამეთუ გუაქუს ჩუენ ამას შინა შემწედ უფალი, ვითარცა წერილ არს: ყოველმან რომელმან გამოირჩიოს კეთილი, შეეწიოს ღმერთი კეთილისათჳს, ხოლო სულმოკლებისათჳს კეთილ არს ჩუენდა მოციქულისა იგი სიტყუაჲ წურთად, ვითარმედ: დღითი-დღედ მოვსწყდებით. უკუეთუ ჩუენცა, ვითარცა დღითი-დღედ მოსიკ\უდიდნი, ეგრე ვცხონდებოდით, არასადა ვცოდოთ. ხოლო არს სიტყუაჲ ესე ესრჱთ, რაჲთა აღ-რაჲ-ვდგებოდით დღითი-დღედ, ვჰგონებდეთ ვერ მიწევნად მწუხრადმდე; და მერმე დაწოლასა ვჰგონებდეთ არა აღდგომად, რამეთუ უჩინო არს ბუნებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ და აღრაცხილ დღითი-დღედ წინაჲსწარცნობისაგან. უკუეთუ ესრჱთ ვიქცეოდით დღითი-დღედ და ესრჱთ ვცხონდებოდით, არცა ვცოდოთ, არცა გული რასმე გჳთქუმიდეს, არაცაღა განვისხეთ ვისთჳსმე, არცაღა ვიუნჯებდეთ ქუეყანასა ზედა, არამედ რეცათუ დღითი-დღედ მოვსწყდებით და უპუვარ ვიყვნეთ და ყოველთავე ყოველივე შეუნდოთ. ხოლო გულისთქუმასა დედათასა, გინა სხჳსასა მწინკულევანებასა ჴორცთასა ნუმცა ვიპყრობთ ყოვლადვე, არამედ, ვითარცა წარმავალისაგან, გარე-მოვიქცეთ, გუეშინოდენ და წინაჲსწარ ვხედვიდეთ დღესა მას სასჯელისასა, რამეთუ უფროჲსმან შიშმან და ღუაწლმან ტანჯვათამან განაქარვის გემოჲ იგი გულისთქუმისაჲ და სული მიდრეკილი აჰმართის.

და აწ უკუე ვიწყოთ და შევიდეთ გზასა მას სათნოებისასა და მივსწუდებოდით უფროჲს, რაჲთა მივიწივნეთ, და ნუვინ გარეუკუნხედავნ, ვითარცა-იგი ცოლი ლოთისი, უფროჲსღა. რამეთუ უფალმან თქუა: არავინ ჴელი დასდვის ერქუანსა და გარე-უკმოიქცის, და წარემართოს სასუფეველსა ცათასა, ხოლო გარე-უკმოქცვაჲ არა თუ სხუაჲ რაჲმე არს, გარნა შენანებაჲ და სოფლისავე ზრახვაჲ.

ხოლო ნუ გეშინის რაჟამს გესმეს სათნოებისათჳს, ნუცაღა გიკჳრს სახელისა მისისათჳს, არა თუ შორს რაჲმე არს ჩუენგან, არცაღა გარეშე ჩუენსა მყოფ არს შოვრს არს საქმჱ და ადვილ არს ყოფად, უკუეთუ გჳნდეს. რამეთუ წარმართნი წარვიდიან და ზღუაჲ განვლიან, რაჲთა წიგნი ისწაონ, ხოლო ჩუენ არა გჳჴმს გჳჴმს წარსლვაჲ სასუფეველისათჳს ცათაჲსა, არცაღა ზღუაჲ წიაღსლვად სათნოებისათჳს, რამეთუ ერთვე უფალმან თქუა: სასუფეველი გულთა შინა თქუენთა არს. უკუეთუ სათნოებასა ხოლო ნებაჲ ჩუენი უჴმს, და რამეთუ ჩუენ შოვრის არს და ჩუენგან დამტკიცნების, რამეთუ სულსა მეცნიერებაჲ ბუნებით აქუს სათნოებითა დამტკეცილ არს, ხოლო ბუნებით ესრჱთ აქუს, უკუეთუ ვითარცა შეიქმნა, ეგრჱთცა დაადგრეს, ხოლო შე.იქმნა იგი კეთილად და წრფელ ფრიად.

ამისთჳს ისო, ძჱ ნავჱსი, ამცნებდა ერსა მას და ჰრქუა: წრფელ ყვენით გულნი თქუენნი უფლისა მიმართ და ღმრთისა ისრაჱლისა, ხოლო იოვანე იტყოდა: წრფელ ყვენით ალაგნი თქუენნი, ხოლო წრფელ ყოფაჲ სულისაჲ ესე არს ბუნებით მეცნიერებაჲ, ვითარცა შეიქმნა, მერმე, რაჟამს მიდრკეს და გარდაიქცეს და თჳნიერ ბუნებისა იქმნეს, მას სიბოროტჱ სულისაჲ ჰრქჳან. აწ უკუე არა ძნელ არს საქმჱ, უკუეთუ დავადგრეთ, ვითარცა შევიქმნენით, სათნოებასა შინა ვართ; უკუეთუ განვიზრახვიდეთ ძჳრსა, ვითარცა ბოროტნი, ვისაჯნეთ. უკუეთუმცა სხჳთ მოსაპოვნებელ იყო ესე საქმჱ, ძნელმცა ვიდრემე იყო, უკუეთუ ჩუენ შოვრის არს, დავიცნეთ თავნი ჩუენნი გულისსიტყუათაგან მწინკულევანთა და რეცათუ ნამარხევი მოგჳღებიეს, დაუმარხნეთ უფალსა სულნი ჩუენნი, რაჲთა მან თავადმან იცნას ქმნული თჳსი, ეგრჱთ გებულად სული, ვითარცა შექმნა მან.

ხოლო იყავნ აწ ჩუენდა ღუაწლი ესე, რაჲთა არა გუმძლავრებდეს ჩუენ გულისწყრომაჲ, ნუცამცა შეგჳპყრობს ჩუენ გულისთქუმაჲ, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: რისხვამან კაცისამან სიმართლჱ ღმრთისაჲ არა ქმნის, ხოლო გულისთქუმაჲ მიუდგის და შვის ცოდვაჲ, და ცოდვამან განსრულებულმან განზარდის სიკუდილი. ესრჱთ თუ ვცხონდებოდით, ფრთხილ ვიყვნეთ კრძალულად, ვითარცა წერილ არს: ყოვლითა კრძალულებითა დავიცენეთ სულნი ჩუენნი, რამეთუ მტერნი გჳსხენ უკეთურნი და მზაკუვარნი ბოროტნი ეშმაკნი, და ამათა მიმართ არს ჩუენი ბრძოლაჲ, ვითარცა თქუა მოციქულმან: არა თუ სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და სოფლისმპყრობელთა ამის ბნელისათა, სულთა მიმართ უკეთურთა ცასა ქუეშე.

რამეთუ მრავალ არს მათი ერი ჩუენდა მომართ ამის ერისა, და შორს არა არიან ჩუენგან. ხოლო მრავალ რაჲმე არს მათ შოვრისცა თითოფერებაჲ. ხოლო ბუნებისა მათისათჳს და ფერად-ფერადებისა მათისათჳს მრავალმცა იყო სიტყუაჲ და სხუანი უფროჲსნი ჩუენდა მომართ არიან ესევითარნი მითხრობანი, ხოლო აწ მსწრაფლ უმჯობჱს არს ჩუენდა ცნობად მათი იგი, ხოლო ჩუენთჳს ზაკუვაჲ. პირველად აწ ესემცა უწყით, რამეთუ ეშმაკთა არა ვითარ ეშმაკ წოდებულ არიან, ესრჱთ შეიქმნნეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შექმნა ღმერთმან, არამედ კეთილად შეიქმნნეს იგინიცა და გარდამოცჳვეს იგინი ზეცისა მისგან გონიერებისა და მიერითგან ქუეყანასა ზედა გორვენ და წარმართნი შეაცთუნნეს უცნებითა, ხოლო ჩუენ, ქრისტეანეთა, გუეშურობენ და ყოველსავე აღსძრვენ და ჰნებავს ჩუენი დაბრკოლებაჲ, ზეცად აღსლვაჲ, რაჲთა ვინაჲ-იგი გარდამოვარდეს, არა აღვჴდეთ ჩუენ.

ამისთჳს დიდი ლოცვაჲ და ვედრებაჲ არის საჴმარ, რაჲთა მო-ვინმე-იღოს სულისაგან წმიდისა მადლი განკითხვად სულთა და ცნობად შეუძლოს მათთჳს, რამეთუ რომელნიმე არიან მათგანნი უნაკლულჱს უკეთურებითა, და რომელნიმე უუკეთურჱს და რომლისათჳს საქმისა თითოეულთა მათთა აქუს სწრაფაჲ და ვითარ თითოეული იგი მართლუკუნიქცევის და განიძების, რამეთუ მრავალ არიან მათნი ზაკუვანი და ძჳრისზრახვათა აღძრვანი. ამისთჳს ნეტარმან მოციქულმან და მისთა მსგავსთა უწყოდეს ესევითარი და იტყოდეს, არა თუ მისთა მათ ცნობათა უმეცარ ვართ. ხოლო ჩუენ, რომელნი გამოცდილ ვართ მათგან, თანა-გუაც ურთიერთას მათთჳს განკრძალვაჲ.

ხოლო მე ზოგს-რაჲმე მათგან გამოცდილ ვარ და, ვითარცა შვილთა, გითხრობ თქუენ ამათ, უკუეთუ ვინმე იხილნიან ყოველნივე, უფროჲღა მონაზონნი, შრომისმოყუარედ და წარმატებასა შინა, პირველად იწყიან და გამოსცდიედ, მახლობელად ალაგთა დაუდგმედ საცთურსა. ხოლო საცთურნი არიან მათნი მწინკულევანნი გულისსიტყუანი, არამედ არა ჯერ-არს ჩუენდა შიში ძჳრისზრახვათა მათთათჳს, რამეთუ ლოცვითა და მარხვითა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს სარწმუნოებითა დაეცნიან, არავე დასცხრიან, არამედ მეყს მერმე ზედა-დაესხნიან   ზაკულად და უკეთურად, რაჟამს ცხადთაგან მწინკულევანთა გულისსიტყუათაგან ვერ შეუძლიან ცთუნებად გულსა სხუად სახედ, მერმე მოიწივნიან და მიერითგან უცნებასა უჩუენებედ და შიშსა მიზეზ-ჰყოფედ, გარდაიცვალნიან და მიემსგავსნიან დედათა და მჴეცთა, ქუეწარმავალთა, სიმაღლესა ჰასაკთასა, სიმრავლესა მჴედართასა.

არამედ არცაღა ესრჱთ ჯერ-არს უცნებათა მათთათჳს შიში, რამეთუ არაჲ არიან, არამედ მსწრაფლ უჩინო იქმნიან, უფროჲსღა უკუეთუ ვინმე სარწმუნოებითა და სასწაულითა საუფლოჲსა ჯუარისაჲთა თავი თჳსი მოიკრძალის; ხოლო კადნიერ არიან და ურცხჳნო ფრიად, უკუეთუ ესრჱთცა დაეცნიან სხჳთა სახითა, მერმე მოიწივნიან და მიზეზ-ჰყოფენ მისნობასა და წინაჲსწარ უთხრობედ, შემდგომად დღისა მომავალისა უჩუენებედ თავთა თჳსთა მაღლად, ვიდრე სართულადმდე მიწდოლვად და ვრცელად გუამითა, რაჲთა რომელთა-იგი ვერ შეუძლეს ცთუნებად, გულისსიტყჳთა ესევითარითა ოდენ უცნებითა შეაცთუნნეს. უკუეთუ ესრჱთცა პოვიან სული იგი კრძალული სარწმუნოებით და სასოებითა გონებისაჲთა, მიერითგან მოიყვანიან ერთი იგი მთავარი მათი და ეჩუენნიან იგინი მრავალგზის ესრჱთ, ვითარცა-იგი ეშმაკი იობსა, უფალმან გამოუცხადა და ჰრქუა: თუალნი მისნი -- ვითარცა ხილვაჲ მთიებისაჲ, პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი აღგზებულნი, დამოსცჳვიან ნაბერწყალნი ცეცხლისანი, ცხჳრთა მისთაგან გამოვალს [კუამლი] აღგზებულისა საჴუმილისა ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ, სული მისი ნაკუერცხლად, და ალი პირისა მისისაგან გამოვალს.

ესრჱთ ეჩუენის ეშმაკთა მთავარი იგი და აშინებნ, ვითარცა პირველად ვთქუ, და დიდ-დიდსა იტყჳნ მზაკუვარი იგი, ვითარცა მერმე გან-ვე-აქიქა იგი უფალმან, რამეთუ იობსა ეტყჳს, შეურაცხიეს რკინაჲ ვითარცა ბზჱ, რამეთუ რვალი ვითარცა შეშაჲ ფატარი შეერაცხა, ზღუაჲ -- ვითარცა საცხებელი, ხოლო ტარტაროსი იგი უფსკრულთაჲ -- ვითარცა ტყუჱ შეჰრაცხა, უფსკრული ვითარცა სამოთხველი.

ხოლო წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმულ არს: თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო და სოფელი ყოველი დავიპყრა ჴელითა, ვითარცა მართუენი და, ვითარცა დაშთომილნი კუერცხნი, აღვიხუნე, და ყოვლად ესევითართა ზახებად აზმნობედ და უთქუმედ, რაჲთამცა ვითარ აცთუნნეს ღმრთისმსახურნი. არამედ ჩუენდა არცაღა ესრჱთ მორწმუნეთა მერმე შეჰგავს უცნებათა მისთათჳს შიში და ჴმათა მისთა მორჩილებაჲ, რამეთუ მტყუვარ არს და არას ჭეშმარიტსა იტყჳს. არამედ რომელი ესევითარსა და ესოდენსა იტყჳს და განრისხნების, ვითარცა ვეშაპი, მოითრია სამჭედურითა მაცხოვრისაგან და, ვითარცა პირუტყუსა, შოშაკი მოსდვა ცხჳრთა და, ვითარცა მეოტსა, კარშიკითა დაუმშჭუალნა ღაწუნი მისნი და ხრატუკი განაცუა ბაგეთა, და დაბმულ არს უფლისაგან, ვითარცა სირი სამღერელად ჩუენ ყოველთაგან. და დადებულ არს იგი და მის თანა ეშმაკნი, ვითარცა ღრიაკალნი და გუელნი დასათრგუნველად ჩუენ ყოველთა, ქრისტეანეთა.

და ამით საცნაურ არს აწ ჩუენი ესე ცხორებაჲ მათ ზედა, რამეთუ რომელი-იგი ზღუასა იქადის საცხებელად და სოფელსა დაპყრობად, აჰა ესერა აწ ვერ შემძლებელ არს დაყენებად მონაზონებასა ჩუენსა, არცაღა ჩემდა, მეტყუელისა მისთჳს, ნუმცა უკუე ვისმენთ, რავდენსა-იგი იტყოდის, რამეთუ ტყუვის, ნუცაღამცა გუეშინის უცნებათა მისთათჳს, რამეთუ ტყუვილ არიან იგინიცა, და არა ნათელი იგი ჭეშმარიტი არს მათ შოვრის, რომელი-იგი ჩან, არამედ განმზადებულისა მის ცეცხლისა მათთჳს არს, უფროჲსღა წინაჲსწარ ხატი იგი იგავად მოაქუს, და რომლითა-იგი დაწუვად არიან, ამით კაცთა შეაშინებენ და გამოსცდიან. არამედ გამო-ღათუ-ჩნდიან მყის, მერმე უჩინოვე იქმნიან, ხოლო ვნებად ვერვის ავნიან მორწმუნესა, რამეთუ მოაქუნ მათ თანა მიმსგავსებაჲ ცეცხლისაჲ, რომლითა-იგი დაწუვად არიან. ამისთჳს არცაღა ესრჱთ შიში მათი შეჰვრაცხოთ, რამეთუ ყოველნივე მანქანებანი მათნი მადლითა უფლისაჲთა არრაჲ არიან, არამედ მზაკუვარ არიან და განმზადებულ ყოველსა გარდაქცევად და მიმსგავსებად ხატსა, და მრავალგზის ფსალმონებასაცა გალობით მიზეზობედ უჩინოდ და მოიჴსენებედ წმიდათა წიგნთაგან სიტყუასა. და არს ოდესმე წიგნის კითხვასა ჩუენსა მყის, ვითარცა ოხრით, იტყჳედ იგინიცა, რომელსა-იგი ჩუენ ვიკითხვიდით მრავალგზის, თქუენ მძინარენიცა განგაღჳძნიან ლოცვად და ამას ზედაჲს-ზედა ჰყოფედ, რაჲთა ყოვლადვე არა გიტევნენ თქუენ განსუენებად; და არს, ოდეს მიემსგავსნიან იგინი ხატსა მონაზონთასა და, ვითარცა ღმრთისმოშიშნი, მიზეზჰყოფედ სიტყუად, რაჲთა მსგავსითა ხატითა აცთუნნენ მათ, არამედ არა ჯერ-არს სმენად მათი. დაღაცათუ ლოცვად აღგუადგინებდენ, გინათუ გუაზრახებდენ ყოვლადვე პურისაცა არა ჭამასა, დაღაცათუ შესმენასა და ყუედრებასა მიზეზ-ჰყოფდენ, ოდეს თუ სადამე შე-რაჲმე-მაცნეს მათ, არა თუ ღმრთისმოშიშებით, გინათუ ჭეშმარიტებით ამას ჰყოფედ, არამედ რაჲთა უმანკონი იგი სასოწარკუეთილ იქმნენ და ურგებ, შრომაჲ იგი მათი თქჳან და გული აღუმრღჳონ კაცთა, და რეცათუ ტჳრთი მძიმჱ არს უდაბნოს ყოფაჲ იგი და დააბრკოლნენ, რომელნი-იგი მათთჳს განწყობილ არიან.

ამისთჳს წინაწარმეტყუელი, რომელი მოივლინა უფლისა მიერ, აბრალებს და ეტყჳს: ესევითართა მათ ვაჲ, რომელნი ასუმენ მოყუასსა თჳსსა აღთქუეფულსა მრღჳესა, რამეთუ ესევითარნი საქმენი და ზრახვანი გარე-მიქცევა არიან მათა, რომელნი სათნოებისა გზასა ვლენან, ხოლო უფალი თავადი თავით თჳსით დააბრკოლებს ეშმაკთა სიტყუად, დაღათუ ჭეშმარიტსა იტყოდის, "შენ ხარ ძეჲ ღმრთისაჲ", და-ვე-აბრკოლნა იგინი და სიტყუად არა უტევნა, ნუუკუე ჭეშმარიტსა თანა თჳსიცა იგი სიბოროტჱ დასთესონ და ჩუენცა განგუსწავლნენ,რაჲთა არა ესევითართა სიტყუათა ვერჩდეთ, დაღაცათუ ჭეშმარიტ საგონებელ იყვნენ, რამეთუ უშუერებაცა არს, რომელთა გუქონან ჩუენ წიგნნი და მაცხოვრისა ჩუენისაგან აზნაურებაჲ, ვითარმცა ვისწავებდით ჩუენ ეშმაკისაგან, რომელმან-იგი არა დაიმარხა თჳსი წესი, არამედ სხუაჲ სხუად ზრახა!

ამისთჳს დაღაცათუ იტყოდა ესე წმიდათა წიგნთა სიტყუასა, დააბრკოლებს და ეტყჳს, ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს შენ უთხრობ სიმართლეთა ჩემთა და აღიღებ აღნათქუემთა ჩემთა პირითა შენითა, რამეთუ ყოველსავე ჰყოფენ და იტყჳან, შფოთებენ და ორგულებენ და შეაძრწუნებენ საცთურად უმანკოთა და ბგერასა ჰყოფედ და ტყუელვედ და იცინიედ უგუნურად და სტჳნვედ.

უკუეთუ ვინმე არა ერჩდეს მათ, მიერითგან ტირედ და გოდებედ, რამეთუ იძლივნიან, ხოლო უფალი რამეთუ ღმერთი იყო, პირი დაუყო ეშმაკთა, ხოლო ჩუენ ვისწავეთ წმიდათაგან, ჯერ-არს მათებრ ყოფაჲ და ბაძვად სიმჴნესა მათსა, რამეთუ იგინიცა ამას ხედვიდეს და იტყოდეს: მიჴდებოდა რაჲ ცოდვილი წინაშე ჩემსა, დავყრუვდი, დავმდაბლდი და დავდუმენ5* კეთილთაგან. მერმე იტყჳს: მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა და, ვითარცა ტყუმანღა არა აღაღის პირი თჳსი, ვიყავ მე, ვითარცა კაცი უსმი.
აწ უკუე ჩუენცამცა ნუ ვისმენთ მათსა, რამეთუ უცხო არიან ჩუენგან, ნუცამცა ვერჩით მათ, დაღაცათუ ლოცვად აღგუადგინებდენ, გინათუ ყოვლადვე გუეტყოდიან მარხვისათჳს, არამედ გულსმოდგინებითა ჩუენითა მონაზონებასა უფროჲს ვეკრძალნეთ, და ნუმცა მათგან ვსცთებით, რამეთუ ყოველსავე იქმან ზაკუვით, ხოლო არა ჯერ-არს მათთჳს შიში, დაღაცათუ ზედა-მოსლვაჲ უნდეს, გინათუ სიკუდილსა გჳთქუმიდენ, რამეთუ უძლურ არიან და ვერას შემძლებელ არიან, გარნა უთქუმედ.

ხოლო აჰა ესერა აწვე ამისთჳს ვითარცა თანა-წარსლვით გითხარ და კუალად უვრცელეჲსადრე სიტყუად იგივე არა. მცონოდის, რამეთუ კრძალულება იყოს თქუენდა მოჴსენებაჲ ესე, რამეთუ მოსლვითა უფლისაჲთა დაეცა მტერი, და მოუძლუოდეს ყოველნი ძალნი მისნი, ამისთჳს რამეთუ ვერას შემძლებელ არს, არამედ, ვითარცა მძლავრი, დაღათუ დაეცა, არავე დაყუდნა, არამედ სიტყჳთ ხოლო გჳთქუამს, და აწ ესე თითოეულმან თქუენმან ესრჱთ განიზრახენ და შემძლებელ იქმნნეთ შეურაცხებად ეშმაკთა; უკუეთუმცა ესევითართა ჴორცთა შინა იყვნეს, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, შე-მცა-საძლებელ იყო მათთჳს სიტყუად, რამეთუ დამალულნი კაცნი არა ვპოვნით, და თუმცა ვპოენით, ვავნეთმცა, შემძლებელმცა ვიყვენით ჩუენცა დამალვად მათა და დავიწყებად და დაჴშვად კართა მათთათჳს3*. უკუეთუ არა არიან ესრჱთ, არამედ დაჴშულთაცა კართა შემძლებელ არიან შესლვად და ყოველთა ზედა ჰაერთა არიან იგინი და ამათი იგი მთავარი ეშმაკი, რამეთუ არიან იგინი ბოროტისა ნებისა მყოფელ და ვნებისათჳს განმზადებულ და, ვითარცა თქუა მაცხოვარმან, პირველითგან კაცისმკლველ არს უკეთურებსა მამაჲ ეშმაკი. ცხოველ ვართ ჩუენ და უფროჲსღა მათ ზედა განვეწყვებოდით; ხოლო მოშიშ არიან და ვერას შემძლებელ არიან, არცაღა ადგილი ამათ ძჳრისზრახვისათჳს აბრკოლებს, არცაღა მეგობრად ჩუენ გუხედვენ, რაჲთამცა გუერიდნეს, არცა კეთილისმოყუარე არიან, რაჲთამცა სახჱ განიგეს, არამედ უფროჲს-ღა არიან ბოროტ; და არარაჲ არს სხუაჲ მათი სწრაფაჲ, გარნა ვნებად სათნოებისა-მოყუარეთა და ღმრთისმსახურთა, და რამეთუ ვერ შემაძლებელ არიან ყოფად, ამისთჳს ვერას იქმან, გარნა უთქუმენ. ხოლო უკუეთუმცა შემძლებელ იყვნეს, არამცა დგეს, არამედ მეყს ქმნეს ხოლომცა ბოროტი, რამეთუ განმზადებული გულსმოდგინებაჲ აქუს ამისთჳს უფროჲღა ჩუენთჳს.

აჰა ესერა აწ შეკრებულ ვართ მათთჳს და ვიტყჳთ, და იციან, რამეთუ წარმატებასა ჩუენსა უძლურ არიან იგინი. უკუეთუმცა აქუნდა აწ ჴელმწიფებაჲ, არამცა ვინ ჩუენგანი ქრისტეანეთაჲ დაუტევეს ცოცხალი, რამეთუ საძაგელ არს ცოდვილისა ღმრთისმსახურებაჲ, რამეთუ ვერას შემძლებელ არიან, ამისთჳს უფროჲს თავთა თჳსთა დაიწყევლიან, რამეთუ ვერ შემძლებელ არიან ყოფად, რომელსა-იგი გჳთქუმედ.

მერმე კუალად ესრჱთცა განზრახვაჲ ჴამს, რაჲთა არა გუეშინოდის ამათგან. უკუეთუმცა ძალ რაჲმე აქუნდა ამათ, არამცა მოვიდიან ერითა და არცამცა უცნებასა ჰყოფდეს, არცამცა სხუად ხატად იქცეოდეს და მოვიდოდეს, არამედ კმამცა-ეყო ერთისა მოსლვაჲ და ყოფად, რავდენი უძლავს და რავდენიცა ჰნებავს, უფროჲსღა, რამეთუ ყოველსა რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუნ,არა თუ უცნებით მოვალს, არცა ერითა აშინებნ, არამედ მყის, ვითარცა უნებნ, ჴელმწიფებაჲ აჩუენის.

ხოლო ეშმაკნი ვერას შემძლებელ არიან, იმღერიან, ვითარცა კარავსა შინა, იცვალებენ ხატსა და, ვითარცა ყრმათა, აშინებენ სიმრავლითა უცნებისაჲთა და ხატისა ცვალებითა, რომლისაგანცა შეურაცხსაყოფელად ღირს არიან, ვითარცა უძლურნი. ხოლო რაჟამს-იგი მოივლინა ჭეშმარიტი ანგელოზი უფლისა მიერ ასურასტანელთა მათ ზედა, არა უჴმდა ერი, არცა უცნებაჲ გარეშჱ არცა ბგერაჲ, არცა ოხრაჲ, არამედ სიტყჳთ ჴელმწიფებაჲ იგი იჴმია და მოსრა მეყსეულად ოთხმეოცდახუთი ათასი. ხოლო ესენი ვერას შემძლებელ არიან. რაბამ არიან ეშმაკნი ესე, ამისთჳს უცნებით ოდენ გამოსცდიან და აშინებენ.

უკუეთუ ვინმე იობისი იგი განიზრახოს და თქუას: რაჲსათჳს გამოვიდა ეშმაკი და ესე ყოველი მის ზედა ქმნა, და მონაგებთაგან მისთა განაშიშულა და შვილნი მისნი მოსრნა და დასდვა მას ზედა სალმობაჲ ბოროტი? გულისხმა-ყავნ მერმე ესევითარმანმან, რამეთუ არა ეშმაკმან შეუძლო მას, არამედ ღმერთმან, რომელმან მისცა იგი გამოსაცდელად იობისა და რამეთუ ვერას შემძლებელ არს ყოფად, ითხოვა და მიერითგან მოიღო და ყო.

ამისგან უფროჲსღა შეურაცხისსაყოფელ არს მტერი, და ღათუ უნდა, არცარა ერთსა შეუძლო კაცსა მართალსა; უკუეთუმცა შეუძლო, არამცა გამოჲთხოა. ხოლო გამოითხოვა არა თუ ერთგზის, არამედ ორგზის. ჩანს, რამეთუ უძლურ არს და ვერას შემძლებელ არს და არა საკჳრველ არს. უკუეთუ იობს ვერ შეუძლო. სადაღა არცა პირუტყუთა მისთა შეუძლო, არა თუმცა უბრძანა ღმერთმან, არცაღა ღორთა ზედა აქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ევედრებოდეს ღმერთსა, ვითარცა წმიდასა სახარებასა წერილ არს, და ეტყოდეს: გჳბრძანე ჩუენ მისლვად იმათ ღორთა. სადაღათუ არცა ღორთა ზედა აქუს ჴელმწიფებაჲ, რავდენ უფროჲს ხატად ღმრთისა შექმნულთა კაცთა ზედა არა აქუს ჴელმწიფებაჲ უფლისაჲ; ხოლო ვიდრემე ჯერ-არს შიში და მათი შეურაცხყოფაჲ და ყოვლადვე არა შერაცხაჲ.

არამედ რავდენ უფროჲს იგინი ამას ჰყოფენ, განვაგრძვოთ ჩუენ მარხვაჲ მათა მიმართ, რამეთუ დიდი საჭურველი არს მათ ზედა ცხორებაჲ მართალი და ღმრთისა მიმართ სარწმუნოებაჲ. ხოლო ეშინის მონაზონთაგან მარხვისა, ღამის\-თევისა, ლოცვისა, სიმშჳდისა, ყუდროებისა, ვეცხლისა არამოყურებისა, უზუაობლობისა, სიმდაბლისა, გლახაკთმოყუარებისა, მოწყალებისა, განურისხველობისა და, უფროჲს ყოვლისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მსახურებისა. ამისთჳს ყოველსა ჰყოფენ, რაჲთა არა აქუნდეს დამთრგუნველი მათი, რამეთუ იციან მათ ზედა მოცემული მადლი მორწმუნეთაჲ მაცხოვრისაგან, ვითარ-იგი ჰრქუა მათ: აჰა ესერა მიგცე თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველთავე ძალთა მტერისათა.

უკუეთუ წინაჲსწარ რასმე გითხრობდენ თქუენ, ნუ ისმენთ, რამეთუ მრავალგზის წინა დღით თქჳან, რომელნი შემდგომად დღეთა მომავალ არიერ ძმანი. და მოვიდიან იგინი. ამისთჳს ესე ყვიან მათ, არა თუ ნებისაებრ მსმენელთა, არამედ, რაჲთა რწმუნებით მათ არწმუნონ და მიერითგან ჴელთა მათთა ქუეშე აქუნდენ და წარწყმიდნენ. ამისთჳს არა ჯერ-არს მორჩილებაჲ მათდა, არამედ დაღაცათუ გჳთხრობდენ, გარე-მიქცევაჲ ჯერ-არს, რამეთუ არა გჳჴმს ჩუენ ესე ამათი. რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ უმწულილჱსთა იჴმევენ ჴორცთა უფროჲს კაცთასა, რომელთა იწყიან სლვად, იხილნიან იგინი გზასა ზედა და წინაჲსწარ მოუძღჳან სრბით და უთხრიან. ესე მჴედარმანცა წინაჲსწარ უთხრის მისა, რომელი ვალნ მკჳრცხლ, რომლისაგან არცაღა ესრჱთ საკჳრველ არს მათი, რამეთუ არაჲ არა-ყოფილი წინაჲსწარ იციან, გარნა მხოლომან ღმერთმან ყოველივე წინაჲსწარ იცის, ვიდრე ყოფადმდე მათა. ხოლო ამათ რომელი იხილიან, ვითარცა მპარავთა, წარმოუსწრიან და უთხრიან; რავდენ აწ ჩუენ შეკრებულ რაჲ ესე ვართ და ვზრახავთ მათ ზედა, შეისწავებენ, ვიდრე მისლვადმდე ჩუენგანისა და  თხრობად.

ესე ყრმამანცამცა ვინმე მალედმსრბოლმან ყოფადშეუძლო და წინაჲსწარ უსწრო მძიმედ მავალსა, ხოლო რომელსა-ესე ვიტყჳ, ესრჱთ არს. უკუეთუ ვინმე იწყო სლვად თებაჲდაჲთ, გინა სხჳთ სოფლით, ვიდრე სლვამდე მისა, არა უწყიან, უკუეთუ ვალს გზას, და რაჟამს იხილიან მავალი, წინაჲსწარ მოუსწრიან, ვიდრე მოსლვადმდე მათა და უთხრიან, და ესრჱთ შეჰხუდის მათ მცირედისა დღისა შემდგომად მოსლვაჲ მათი, მრავალგზის გზასა ზედა უკუნიქცეს და ტყუეს მათ. ესე მდინარისათჳს წყლისა ყვიან, რაჟამს შევალობედ, რამეთუ იხილნიან დიდნი წჳმანი საზღვარსა ჰინდოეთისათა და იციედ, რამეთუ მათგან აღდგის მდინარჱ და ვიდრე მოსლვადმდე ეგჳპტედ წყლისა წინა-წარმოუსწრიან და უთხრიან ესე. კაცთაცამცა თქუეს: უკუეთუმცა შემძლებელ იყვნეს სრბად, ვითარცა იგინი, და ვითარცა-იგი მსტოვარი დავითისი აღჴდა მაღალსა და უფროჲს ქუე-მდგომარეთა ხედვიდა იგი მომავალთა, და იგი, რომელ პირველად მორბიოდა, უთხრობდა უპირატჱს სხუათასა, არა თუ არა-ყოფილსა, არამედ მომავალსა და ყოფილსა, ეგრეცა ესენი შრომასა ახუედრებენ და აუწყებენ ურთიერთას, რაჲთამცა აცთუნეს ვინმე, უკუეთუ არა პირველ ღმერთმან შოვრის ურთიერთას რაჲმე ზრახოს წყალთა მათთჳს და მოგზაურთა, წეს-არს ესე ცნობად. ხოლო ტყუეს ეშმაკთა და სცთეს, რომელნი ერჩდეს მათ. და ესრჱთ დაემტკიცა წარმართთა მისნობაჲ და ესრჱთა სცთეს წარმართთაგან პირველად, არამედ ესრჱთცა და-ვე-ცხრომილ არს საცთური იგი, რამეთუ მოვიდა უფალი, რომელმან მას თანა ზაკულებაჲ იგი მათი და ეშმაკნი განაქარვნა, რამეთუ არარაჲ იციან თავით თჳსით, არამედ ვითარცა მპარავთა რაჲ-იგი იხილიან სხუათა თანა, მასცა უთხრობედ, უფროჲსღა ნეფსით მეტყუელ არიან და არა წინაჲსწარმცნობელ.

ამისთჳს დაღაცათუ ჭეშმარიტსა ოდესმე ესევითარსა იტყოდიან, ნუცაღა ესრჱთ უკჳრნ ვის მათი. რამეთუ მკურნალნიცა გამოცდილ არიან სალმობათაგან და რაჟამს იხილიან სხუათა ზედა იგივე სენი, ვინ უწყის, ნებსით ჰგონებედ ჩუეულებისა მისგან და წინაჲსწარ უთხრიან. და მენავეთა და მუშაკთა მერმე მსგავსად ჩუეულებისა იხილიან ჰაერთა განგებულებაჲ და წინაჲსწარ უთხრიან ზამთრისა სიბოროტჱ და ყუდროებაჲ ჰაერთაჲ, და არა თუ მოცემულ ღმრთისა მიერ წინაჲსწარ თხრობაჲ იგი მათი თქუეს, ვითარმედ გამოცდილებით და   ჩუეულებით. რომლისაგან ეშმაკთაცა თუ ოდესმე ესრჱთ გონებით წინაჲსწარ თქუან, ნუ ვის ამათი უკჳრნ, ნუცადა ისმენნ ამათსა. რაჲ-მე საჴმარ არს მსმენელთა მათ ცნობად ამათგან წინა დღით მომავალისა, ანუ რაჲ სარგებელ არს ესევითართა ცნობად? დაღაცათუ ჭეშმარიტი იცოდეს, არა სათნოებისა მოქმედება არს ესე, არცა ჩუეულებისა კეთილისა სამე ესე არს საცნაურ. არავინ ჩუენგანი განკითხვად არს. ვითარმედ: რად არა იცი? და არავინ სანატრელ იყოს, რამეთუ ისწავა და ცნა, არამედ ამისთჳს თითოეულსა ზედა-აც კითხვაჲ, უკუეთუ სარწმუნოებაჲ დაიმარხა და მცნებანი ერთგულად დაიცვნა.

აწ არა ჯერ-არს მრავალ რაჲმე სწრაფაჲ ყოფად ამათთჳს, არცაღა ამათთჳს მონაზონებად და შრომად, რაჲთამცა წინაჲსწარ ვსცნობდით, არამედ რაჲთა ღმერთსა სათნო-ვეყვნეთ, ხოლო ლოცვაჲ ჴამს არა თუ რაჲთა წინაჲსწარ ვსცნობდეთ, არცაღა ესევითარმცა მონაზონებისათჳს მოვჰჴდით სასყიდელსა, არამედ რაჲთა შემწე გუეყოს ჩუენ უფალი ძლევასა ეშმაკთასა. უკუეთუ ყოვლადვე მეცნიერებაჲ გჳნდეს, განვიწმიდნეთ გულნი, რამეთუ მე მრწამს, უკუეთუ ვინმე განიწმიდოს სული ყოვლით კერძო და ბუნებასა დაადგრეს, შემძლებელ არს წინა-მხედველ ყოფად, უფროჲსღა და უშორჱს მხილველ ეშმაკთასა, რამეთუ უვის მას გამომაცხადებელი უფალი ვითარცა-იგი იყო სული ელისჱსი, ხედვიდა უფროჲს გიეზისა გარე-მოდგომილსა ძალსა.

უკუეთუ მოვიდენ თქუენდა ღამე და უნდეს მერმეთა მათ სიტყუად და თქუან: ჩუენ ვართ ანგელოზნი, ნუ ისმენთ მათსა, რამეთუ ტყუვიან: უკუეთუ აქებდენ მონაზონებასა თქუენსა და გნატრიდენ თქუენ, ნუ ერჩით, ნუცა ყოვლად შეიწყნარებთ მათ, გამოიწერეთ ჯუარი თავთა თქუენთა და სახლსა ილოცევდით, იხილნეთ ესენი უჩინონი, რამეთუ მოშიშ არიან და ფრიად ძრწიან სახისათჳს საუფლოჲსა ჯუარისა, რამეთუ მით განაშიშულნა და განაქიქნა მაცხოვარმან. უკუეთუ ურცხჳნოდ დგენღა და როკვიდენ და ფერად-ფერადად აუცნებდენ, ნუ შეშინდებით, ნუცა შესძრწუნდებით, ნუცა ვითარცა კეთილთა ხედავთ მათ, რამეთუ ხენეშთა მათ და კეთილთა მოსლვაჲ ადვილად შესაძლებელ არს გამოცნობად ღმრთისა მომადლებითა ესრჱთ, რამეთუ წმიდათა იგი გამოცხადებაჲ არა არს შფოთით, რამეთუ არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის ჴმაჲ მათი, რამეთუ მყუდროებით და მშჳდობით არიან ესრჱთ, ვითარმედ მეყსეულად სიხარული და მხიარულებაჲ იქმნის და ნუგეშინისცემაჲ სულისაჲ, რამეთუ არნ მათ თანა უფალი, რომელი-იგი არს ჩუენი სიხარული, ხოლო ღრმრთისა მამისა ძალი, რამეთუ გულისსიტყუანი მისნი შეუძრწუნებელად და უშფოთველად დაადგრიან, რამეთუ განანათლებნ მათ თავით თჳსით გამოჩინებულთასა მას ხილვად,რამეთუ სურვილი ღმრთისაჲ და მერმეთა მათ კეთილთაჲ მოიწივნიან გულსა მისსა და უნებნ ყოვლად შეყოფაჲ ამათი, თუმცა წარვიდა ამათ თანა.

უკუეთუ, ვითარცა კაცნი, შეშინდენ კეთილსა მას ხილვასა, მოუსპიან გამოჩინებულთა მათ შიში იგი მეყსეულად სიყუარულითა, ვითარცა-იგი უყო გაბრიელ ზაქარიას და რომელ-იგი გამოუჩნდა ანგელოზი დედათა მათ საუფლოსა მას ზედა საფლავსა და მწყემსთა მათ, ვითარცა სახარებასა წერილ არს: "ნუ გეშინინ", რამეთუ არს შიში მათი არა თუ შესაძრწუნებელად სულისა, არამედ საცნობელად უმჯობჱსთა მოსლვისა. ესრჱთ არს წმიდათა გამოცხადებაჲ, ხოლო უკეთურთა მოსლვაჲ და უცნებაჲ შეძრწუნებულ და ბგერით და ოხრით არნ და ღაღადებით, ვითარცა სახედ არნ ჭაბუკთა უსწავლელთაჲ და ავაზაკთა (!) აღძრვაჲ, რომლისაგან მეყსეულად იქმნის შიში სულისაჲ, შეძრწუნებაჲ და დაუწყნარებლობაჲ გულისა-სიტყუათაჲ, მწუხარებაჲ, სიძულილი მონაზონებისაჲ, მოწყინებაჲ, წუხილი, ჴსენებაჲ თჳსთაჲ და შიში სიკუდილისაჲ და მიერითგან გულისთქუმაჲ ბოროტთაჲ და სულმოკლებაჲ სათნოებისათჳს და ჩუეულებისა აღშფოთებაჲ. უკუეთუ ვინმე იხნილნეთ და შეშინდეთ, და მყის შიში იგი განგეშოროს, და მის წილ იყოს სიხარული გამოუთქუმელი და გულსმოდგინებაჲ და უშიშობაჲ და მოლხინებაჲ და გულიისსიტყუათა უშფოთველობაჲ და რავდენი წინაჲსწარ გითხარ, სიმჴნჱ და სიყუარული ღმრთისა მიმართ.

ნუ გეშინინ და ილოცევდით, რამეთუ სიხარულმან და დაწყნარებამან აჩუენოს მომავალისა მის სიწმიდჱ. ესრჱთ აბრაჰამმან იხილა უფალი და ესრჱთ განიხარა, და იოვანე ჴმასა უფლისა მშობელისა მარიამისსა ჰკრთებოდა სიხარულით. უკუეთუ გამოჩინებასა ვიეთსამე შფოთი იყოს და ბგერაჲ გარეშე და უცნებაჲ სოფლისაჲ და თქუმაჲ სიკუდილისაჲ და, რავდენი-იგი წინაჲსწარ ვთქუ, უწყოდეთ, რამეთუ უკეთურთაჲ არს მოსლვაჲ. და ესე უწყებულ იყავნ. უკუეთუ ვიეთსამე დაადგრეს შიში, მტერთა მოსლვაჲ არს, რამეთუ არა მოუღიან შიში ესევითართაგან ეშმაკთა, ვითარ-იგი უყო მთავარანგელოზმან გაბრიელ ღმრთისმშობელსა მარიამს და ზაქარიას და რომელ-იგი გამოუჩნდა წმიდასა საფლავსა ზედა დედათა მათ, არამედ რაჟამს იხილიან მოშიში, უფროჲსად აღაორძინიან უცნებაჲ, რაჲთა უფროჲს მით შეაშინონ, და მიერითგან მოუჴდიან, ემღერიედ და ეტყჳედ: დავარდით და თაყუანის-გუეცით ჩუენ. რამეთუ წარმართნი ესრჱთ შეაცთუნნეს და ესრჱთ საგონებელ იქმნნეს მათგან სახელმტყუვარად ღმრთად. ხოლო ჩუენ არა გჳტევნა უფალმან ცთუნებად ეშმაკთაგან. რაჟამს-იგი ესევითართა მისა მიმართ უცნებათა ჰყოფდა, შეჰრისხნა და ჰრქუა: მართლუკუნიქეც ჩემგან, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურო. უფროჲსღა და უმეტჱს მზაკუვარი იგი ამით შეურაცხ იქმნეს ჩუენგან, რამეთუ რომელი-იგი თქუა უფალმან, იგი ჩუენთჳს ყო, რაჲთა ჩუენგანცა ესმოდიან ეშმაკთა ესევითარნი ჴმანი და გარე-მიიქცნენ უფლისა მიერ, რომელმან-იგი ამით ესრჱთ შეჰრისხნა მათ, არა უკუე ჯერ-არს არცაღა ეშმაკთა განსხმისათჳს სიქადული, არცაღა კურნებათათჳს თავისა ამაღლებაჲ, არცაღა განმსხმელთათჳს ეშმაკთაჲსა ხოლო საკჳრველებაჲ, არცაღა რომელთა ვერ განასხნენ შეურაცხებად, არამედ კაცად-კაცადი მარხვასა განიცდიდინ და სურდინ, გინა სახჱ განიგენ.

ხოლო ყოფაჲ სასწაულისაჲ არა ჩუენი არს, არამედ მაცხოვრისაჲ არს საქმჱ, რამეთუ მოწაფეთა თჳსთა ეტყოდა: ნუ გიხარინ, რამეთუ ეშმაკნი დამორჩილებულ არიან თქუენდა, არამედ გიხაროდენ უფროჲს, რამეთუ სახელნი თქუენნი დაწერილ არიან ცათა შინა, ხოლო ცათა შინა დაწერაჲ სახელთაჲ საწამებელ არს ჩუენისა სათნოებისა და ცხორებისა. ხოლო განსხმაჲ ეშმაკთაჲ მაცხოვრისაჲ არს, რომელმან მოსცის მადიი, ვითარცა რომელნი-იგი არა სათნოებით, არამედ სასწაულითა იქადოდეს და იტყოდეს: უფალო, არა სახელითა შენითა ეშმაკთა განვასხემდითა და შენითა სახელითა ძალთა მრავალთა ვჰყოფდით? მიუგო უფალმან და ჰრქუა: ამენ გეტყჳ: არა გიცნი თქუენ, რამეთუ არა იცნის უფალმან გზანი უღმრთოთანი. არამედ ყოვლადვე ლოცვაჲ ჴამს, ვითარცა პირველად ვთქუ, მოღებად მადლისა და განკითხვად სულთა, ვითარცა წერილ არს. ნუ ყოველთა სულთაჲ გრწამს. მინდა დუმილი და არა თავით ჩემით სიტყუად და კმა-ყოფად ამათ სიტყუათა, ხოლო რაჲთა არა ჰგოხებდეთ ამათ სიტყუათა ჩემთა ცალიერად, არამედ გამოცდილებით და ჭეშმარიტებით, გრწმენინ ესე, რომელსა გითხრობ თქუენ.

ამისთჳს დაღაცათუ უგუნურ ვიქმენ, არამედ იცის, რომელსაცა ესმის უფალსა გონებისა ჩემისაჲ სიწმიდჱ და არა თუ თავსა ჩემისათჳს, არამედ თქუენისა სიყუარულისა და მოწოდებისა რავდენნი ვიხილენ ეშმაკთა საქმენი, ესე მერმეცა ვთქუა; მრავალგზის მნატრიდეს მე, და მე ვსწყევდ მათ სახელითა უფლისათა თქუენ რაჲ გჭირის? ამისთჳს მოვიდეს ოდესმე და მითქუმიდეს მე და გარე-მომადგეს, ვითარცა მჴედარნი შეჭურვილნი; და ოდესმე ცხენებითა და მჴეცებითა და ქუეწარმავალითა აღავსეს სახლი. და მე ვგალობდ; ესენი ჰუნეებითა და ეტლებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისაჲთა განვდიდნებოდით. და ლრცვითა მით გარე-მიიქცეს უფლისა მიერ.

მოვიდეს ოდესმე ღამე და სანთლები აქუნდა საოცრად და მეტყოდეს: მოვედით გამოცხადებად, ანტონი! ხოლო მე დავიწუხენ თუალნი და ვილოცევდ, და მეყსეულად დაშრტა სანთელი იგი უღმრთოთაჲ. თჳსა თჳსა ერთისა შემდგომად მოვიდეს, ვითარცა გალობით, და იტყოდეს წიგნთაგან სიტყუასა; ხოლო მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა; და მერმე შეძრეს ოდესმე მონასტერი, ხოლო მე ვილოცევდ და შეუძრველად ვდეგ გონებითა. და ამისა შემდგომად მოვიდეს და ტყუელვიდეს, ისტუენდეს, როკვიდეს, ხოლო მე ვითარ ვილოცევდ და დავწევ და ვგალობდ თავით ჩემით, მათ მეყსეულად იწყეს გოდებად და ტირილად, რამეთუ მოუძლურდეს. ხოლო მე ვადიდებდ უფალსა, რომელმან დაჰჴსნა და განაქიქა კადნიერებაჲ და სიბორგილი მათი.

მერმე მეჩუენა მე ეშმაკი მაღლად ფრიად უცნებით და იკადრა სიტყუად: მე ვარ ძალი ღმრთისაჲ და მე ვარ წინაჲსწარცნობაჲ; რაჲ გნებავს, და მიგმადლო შენ? ხოლო მე მაშინ უფროჲსღა ვჰბერე მას და ქრისტესა სახელ-ვსდევ დაცემად მას ვაღირე და მეგონა, რეცათუ ვეც, და მეყსეულად ეგოდენი იგი ყოვლითურთ ეშმაკით თჳსით უჩინო იქმნა სახელითა ქრისტჱსითა.

მერმე მოვიდა მარხვასა შინა ჩემსა, ვითარცა მონაზონი, მზაკუვარი იგი, პური აქუნდა საოცრად და მაზრახებდა და მეტყოდა, ვითარმედ: ჭამე და დასცხერ მრავალთაგან შრომათა, რამეთუ კაცივე ხარ შენცა, რაჲ არა მოუძლურდე. ხოლო მე ვითარ ვცან მისი იგი ზაკულებაჲ, აღვდეგ ლოცვად, და მან ვერღარა თავს-იდვა და მუაკლდა და კარით, ვითარცა კუამლი, გამოჩნდა განმავალი. რავდენგზის უდაბნოსა ზედა უცნებით მიჩუენა მე ოქროჲ, რაჲთამცა შევახე, ანუ მივხვდენ და მე ვგალობდ მისთჳს, და იგი დადნებოდა. რავდენგზის დამკოდეს გუემითა, და მე ვიტყოდე: ვერვინ განმაყენოს მე სიყუარულსა ქრისტესსა. და უფროჲსღა იგინი ამისა შემდგომად დაიკოდებოდეს ურთიერთას. არა თუ მე ვიყავ დამაცხრობელი მათი და განმაქარვებელი, არამედ უფალი, რომელმან თქუა: ვიხილე ეშმაკი, ვითარცა ელვაჲ, ზეცით გარდამოვრდომილი, ხოლო მე, შვილნო, მოვიჴსენე მოციქულისა იგი სიტყუაჲ და სახე ვყავ იგი თავისა ჩემისა, რაჲთა ისწაოთ უწყინოებაჲ მონაზონებასა შინა. ნუცა გეშინინ ეშმაკისა და მისთა უცნებათა, და რამეთუ ვიქმენ მე თხრობისა ამისთჳს უგუნურ, მიიღეთ ესეცა უშიშობისათჳს და გრწმენინ, რამეთუ არა ვტყუვი. ჰრეკა ოდესმე კარსა მონასტრისა ჩემისასა, და გამოვედ და ვიხილე გრძელი ვინმე და მაღალი ფრიად, მერმე ვჰკითხევდ მას და ვარქუ: ვინ ხარ შენ? და მრქუა მე: მე ვარ სატანაჲ. მიუგე და ვარქუ მას: და რაჲსათჳს მოსრულ ხარ აქა? და მრქუა მე: და რაჲსათჳს მაბრალებენ მე უცნებად მონაზონნი, და სხუანი ქრისტეანენი ყოველნი მწყევენ ყოველსა ჟამსა? ხოლო მე ვარქუ მას: და რაჲსათჳს აურვებ მათ? ხოლო მან მრქუა: არა თუ მე, არამედ იგი თავით თჳსით იურვიან, რამეთუ მე უძლურ ვიქმენ. არა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: მტერისანი მოაკლდეს მახჳლნი სრულიად, და ქალაქნი აღოჴრდეს. არცაღა ადგილი მაქუს მე, არცა ისარი, არცა ქალაქი, ყოველნივე ქრისტეანე იქმნნეს, და აწ უდაბნოჲცა აღივსო მონაზონებითა, თავსა თჳსსა იცვედ და ცუდად მე მწყევენ. მაშინ დამიკჳრდა მე ღმრთისა მადლი და ვარქუ მას: მარადის მტყუვარ ხარ და არასადა ჭეშმარიტსა იტყჳ, ხოლო ესე აწ, ვითარ არა გინდა შენ, ჭეშმარიტი სთქუ, რამეთუ ქრისტე უფალი მოვიდა და უძლურ გქმნა შენ და დაგცა და განგაშიშულა შენ. და ვითარცა ესმა მას სახელი მაცხოვრისა ჩუენისაჲ, და ვერ თავს-იდვა ამისგან დაწუვაჲ და უჩინო იქმნა. და აწ სადაღათუ მან თჳთ ეშმაკმან აღიარა უძლურებაჲ თჳსი, გჳღირს ჩუენ ყოვლადვე შეურაცხებაჲ მისი და ეშმაკთა მისთაჲ, რამეთუ მტერსა მას თჳსით ძალითურთ ესევითარი აქუს ზაკუვაჲ. ხოლო ჩუენ გუასმიეს მისი იგი უძლურებაჲ და შეურაცხებად მათდა შემძლებელ ვართ ამით სახითა. ხოლო აწ ნუმცა წინაჲსწარ დავეცემით გონებითა, ნუცაღამცა განვიზრახავთ გულსა შიდა შიშსა, ნუცამცა განვიზრახავთ თავით ჩუენით ზრუნვასა და ვიტყჳთ: მო-მე-ვიდეს შმაკი და გარდამჭრნეს ჩუენ, ანუ აღგჳხუნეს და დამცნეს ჩუენ, ანუ მყის მოიწიოს და შემაძრწუნნეს ჩუენ. ნუმცა განვიზრახავთ ყოვლად ესევითარსა, ნუცამცა ვწუხთ, ვითარცა წარწყმედულნი, არამედ უშიშმცა ვართ უფროჲსღა და გჳხარის მარადის, ვითარცა ცხორებულთა, და განვიზრახვიდეთ მარადის სულითა, რამეთუ უფალი ჩუენ თანა არს, რომელმან გარე-მიაქცივნა და განაქარვნა იგინი. და გჳცნობიესმცა და განვიზრახვიდეთ მარადის, რამეთუ ჭეშმარიტად უფალი ჩუენ თანა არს, და ვერას შემძლებელ არიან ვნებად ჩუენდა მტერნი, რამეთუ მოვიდიან და, ვითარცა გუპოვნიან ჩუენ, ეგრეცა იგინი იქმნიან ჩუენდა მომართ და, ვითარცა პოჲან ჩუენ შოვრის გონებაჲ, ეგრეცა იგინი უცნებით მიემსგავსნიან, უკუეთუ მოშიშად პოიან და შეძრწუნებულად, მყის, ვითარცა ავაზაკთა, ადგილი დაურძალველად პოვიან და მოიწივნიან.

და რომელსა-იგი თავით ჩუენით ვზრახვიდით, უფროჲსღა აღაორძინიან, უკუეთუ გჳხილნიან ჩუენ მოშიშად და უძლურად, უფროჲს განამრავლიან შიში უცნებითა და თქუმითა. და მიერითგან ამით დაისაჯებინ უბადრუკი იგი სული. უკუეთუ მხიარულად ჩუენ გუპოვნიან უფლისა მიმართ და განვიზრახვიდით კეთილთა მათ მერმეთათჳს და გონებითა ჩუენითა ვიტყოდით, ვითარმედ ყოველივე ჴელთა შინა უფლისათა არს, რამეთუ ვერას შემძლებელ არს ეშმაკი ქრისტეანეთათჳს, არცაღა ყოვლად ჴელმწიფებაჲ აქუს ვისთჳსვე, რამეთუ იხილიან კრძალულად სული ესევითარითა ზრახვითა და გარე-მიიქციან სირცხჳლეულნი. ესრჱთ იობი პოა მტერმან კრძალული და წარვიდა მისგან, ხოლო იუდა შიშუელი პოვა და წარტყუენა, და აწ უკუეთუ გჳნდეს შეურაცხებად მტერისა, განვიზრახვიდეთ მარადის უფლისათჳს, და უხაროდენ მოუკლებელად სულსა სასოებისათჳს, და ვიხილოთ, ვითარცა კუამლი, ეშმაკთა სიმღერაჲ და უფროჲსღა მეოტად და არა მდევნელად, რამეთუ არიან ფრიად, ვითარცა პირველად ვთქუ, ესენი მოშიშ და მოელიან მარადის განმზადებულსა მათთჳს ცეცხლსა. და ესეცა უშიშობისათჳს მათ ზედა გაქუნდინ თავით თჳსით სახჱ: რაჟამს უცნებასა ვინმე შევარდეს, ნუ წინაჲსწარ დაეცემინ შიშითა, არამედ რაჲცა იყოს, უშიშად ჰკითხენ პირველად: ვინ ხარ შენ, ანუ ვინაჲ ხარ? და თუ იყოს წმიდათა ჩუენებაჲ, გარწმუნონ შენ და შიში შენი სიხარულად გარდააქციონ. უკუეთუ ეშმაკისაჲ რაჲმე იყოს, მეყსეულად უძლურ იქმნეს, ვითარცა იხილოს ფრთხილი გონებაჲ, რამეთუ შეუძრწუნებელობისა სახჱ არს ყოვლადვე კითხვაჲ: ვინ ხარ, ანუ ვინაჲ ხარ. ესრჱთ ისო, ძემან ნავჱსმან, ჰკითხა და ისწავა, ხოლო მტერი ვერ დაეფარა, ჰკითხა რაჲ-იგი დანიელ.

ამას ვითარ ეტყოდა ანტონი, ყოველთავე უხაროდა, და რომელნიმე სურვილითა სათნოებისაჲთა აღორძნდებოდეს, რომელნიმე სულმოკლებისაგან ნუგეშინისცემულ იქმნებოდეს და რომელნიმე ზუაობისაგან დასცხრებოდეს, და ყოველნივე განმტკიცნებოდეს შეურაცხებად ეშმაკისა და ზაკუვათა მისთა, დაუკჳრდა მოცემული იგი მადლი უფლისა მიერ ანტონისა განკითხვად სულთა მათ არაწმიდათა.

და იყვნეს მთათა შინა მონასტრები, ვითარცა კარვები, აღსავსენი საღმრთოჲთა კრებულითა, მგალობელნი, წიგნის მკითხველნი, მმარხველნი, მლოცველნი, მხიარულნი მერმეთათჳს სასოებათა და მოქმედნი და მყოფნი ქველისსაქმისა. სიყუარული და ერთობაჲ აქუნდა ურთიერთას, და იყო ჭეშმარიტად ხილვაჲ, ვითარცა სოფელი რაჲმე თჳსისაგან დამკჳდრებულ ღმრთისმსახურებითა და სიმართლითა; არა იყო მუნ მაჭირვებელი, არცა სიტყუაჲ ხარკის-მომჴდელისაჲ, არამედ სიმრავლჱ მონაზონთაჲ; და ერთ იყვნეს ყოველნი სათნოებისათჳს გონებითა.

და თუმცა ვინმე იხილა მონასტრები იგი და ესევითართა მონაზონთა წესი, ჴმა-მცა-ყო და თქუა: ვითარ კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, და კარავნი შენნი, ისრაჱლ, ვითარცა ღელენი საგრილნი და ვითარცა სამოთხენი მდინარეთა ზედა და ვითარცა კარავი, რომელი აჰმართა უფალმან, და ვითარცა ნაძჳ წყლის-კიდეთა. ხოლო იგი, მსგავსად ჩუეულებისა, წარვიდის თჳსისაგან თჳსსავე მონასტერსა და განეკრძალის მარხვასა დღითი-დღე, სულთ-ითქუამნ და სურინ ზეცისათა საყოფელთა და სურვილი აქუნ მისთჳს და ხედავნ დღითი-დღე კაცთა ცხორებასა, მრავალგზის ჭამასა და ძილსა და სხუასა საჴმარსა ჴორცთასა, ჰრცხუენინ და განიზრახავნ სულისა მის გონიერებასა. მრავალგზის მრავალთა თანა მონაზონთა, ვითარ ჭამნ, მოიჴსენის სულიერი საზრდელი და დაუტევის და შორს მათგან წარვიდის და ჰგონიენ სირცხჳლეული, უკუეთუ ხედვიდიან სხუანი ჭამასა, ჭამნ იგი თჳსისაგან ჴორცთა უნებლებისათჳს, მრავალგზის  ძმათა თანაცა, ჰრცხუენინ ამას ზედა, ხოლო კადნიერ არნ სარგებლსათჳს სიტყუათა, იტყჳნ: ჯერ-არს ყოველი სწრაფაჲ სულისათჳს უფროჲს, ვიდრე არა ჴორცთა და შენდობად ჭირსათჳს მცირედ ჟამ ჴორცთაჲ, ხოლო ყოვლადვე მოცალებაჲ სულისათჳს და ამას სარგებელსა ძიებად, რაჲთა იგი არა დამძიმდეს გულსთქუმათაგან ჴორცთაჲსა, არამედ უფროჲსღა ჴორცნი მისთჳს დამონებად, რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუა მაცხოვარმან: ნუ ჰზრუნავთ სულთა თქუენთათჳს, რაჲ ვჭამოთ, ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შევიმოსოთ. და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ და ნუცა განსცხრებით, რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ამის სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაჲ-იგი გიჴმს ამათ ყოველთაგანი, არამედ ეძდით სასუფეველსა მისსა,და ესე ყოველი მოგცეს თქუენ.

ამისა შემდგომად მოიწია ეკლესიათა ზედა მაქსიმიანე, და ესოდენ იყო დევნაჲ, და წმიდანი მოწამენი წარიყვანნა ალექსანდრიად. შეუდგა იგიცა, დაუტევა მონასტერი და თქუა: წარვიდეთ, რაჲთა ვიღუაწოთ ჩუენცა, ვიწოდნეთ თუ, ანუ ვიხილნეთ მოღუაწენი, რამეთუ სურვილი აქუნდა მარტჳრობად და თავით თჳსით მიცემად არა უნდა და ჰმსახურებდა აღმსაარებელთა ყოვლითა გულსმოდგინებითა საპყრობილეთა შინა და საწყდობილეთა, და დიდი სწრაფაჲ იყო მისი განკითხვასა მას შინა. და განაკრძალებდა იგი ყოველთა წმიდათა და გულსმოდგინე ჰყოფდა, ხოლიო რომელნი-იგი იმარტჳირებოდეს, თანა-უდგა და წარჰგზავნებდა, ვიდრემდის სრულ იქმნიან. ხოლო მსაჯულმან ვითარ იხილა იგი და მისთანანი უშიშად ამისთჳს და მოსწრაფედ, უბრძანა: ნუმცა ვინ მონაზონთაგანი დალიჭსა წინაშე იპოების, ნუცა ყოვლად ქალაქსა შინა სხუანი იგი დაემალნეს მას დღესა, ხოლო ანტონი ესოდენ არა ზრუნვიდა, უფროჲსღა მან განირცხა სამოსელი თჳსი და ხვალისა დღე წინაშე მაღალსა ზედა დადგა კადნიერად და ესვენა მსაჯულსა მას ბრწყინვალედ. ყოველთავე უკჳრდა ამისი, და მსაჯულიცა იგი ხედვიდა. და შემდგომად საქმისა მიერ წარვიდოდა იგი, უშიშად დგა და გჳჩუენებდა ჩუენ ქრისტეანეთა გულსმოდგინებასა, ილოცვიდა იგი მარტჳრობასა, ვითარცა პირველად ვთქუ, და მწუხარე იყო ფრიად, რამეთუ არა იმარტჳრა. ხოლო უფალმან დაჰმარხა იგი ჩუენთჳს და სხუათათჳს სარგებელად, რაჲთა მონაზონებითა მით, რომელ ისწავა მან წიგნთაგან, იყოს იგი მრავალთა მოძღუარ, რამეთუ რომელნი ხედვიდეს მისსა მას ცხორებასა, მრავალნი მაჰბაძვიდეს. მერმე იწყო მსახურებადვე, მსგავსად ჩუეულებისა აღმსაარებელთა, და ვითარცა თანა-შეკრულ იყო იგი და დაშურებოდა იგი მსახურებასა მას.

და რაჟამს დევნაჲ იგი დასცხრა, და იმარტჳრა ნეტრეული ეპისკოპოსი პეტრე, განვიდა მერმე მონასტრადვე თჳსად უდაბნოდ და იმარტჳლებოდა იგი დღითი-დღე გონებითა და იღუწიდა იგი სარწმუნოებისა მისთჳს სიმჴნითა და მარხვაჲცა დიდი და უფიცხლჱსი მოიპოვა, რამეთუ იმარხვიდა იგი მარადის. ხოლო სამოსლად მისა იყო შინაგან ძაძაჲ და გარეშე ტყავი, ვიდრე აღსასრულამდე მისა დაიმარხა იგი, არცაღა ჴორცნი სადა მწინკულისათჳს დაებანნეს, არცაღა ყოვლად ფერჴნი სადა ებანნეს, გინათუ წყალსა და თჳნიერ უნებლებისა შთაედგნეს, არცაღა შიშუელი ვის ეხილვა იგი, არცაღა ყოვლადვე ჴორცნი ანტონისნი ეხილნეს ვის შიშუელნი, გარნა ოდეს აღესრულა, და დაჰფლვიდეს. და ვითარ განეშორა იგი და დაიდვა გულსა მრავალ ჟამ, ვითარმედ არცა გამოვიდეს [30*] იგი გარე, არცა შე-ვინ-უტეოს შინა.

მარტჳნიანოზ ვინმე მთავარი ერისაჲ მოვიდა და ევედრებოდა ანტონის, რამეთუ იყო ასული მისი სნეულ ეშმაკითა. ვითარ მრავალ ჟამ დგა და ჰრეკდა კარსა, ევედრებოდა გამოსლვად მისა და ლოცვისა ყოფად ღმრთისა მიმართ ყრმისა მისთჳს, განღებაჲ კარისაჲ არა თავს-იდვა, გარდამოხედა ზე და ჰრქუა მას: კაცო, რაჲსა მაწყინებ მე, კაცივე ვარ მეცა, ვითარცა-ეგე შენ. უკუეთუ გრწამს ქრისტე, რომელსა ვჰმსახურებ მე, წარვედ და, ვითარცა გრწამს, ილოცე ღმრთისა, და გეყოს შენ. და მეყსეულად ჰრწმენა მას და ხადოდა სახელსა ქრისტჱსსადა წარვიდა და წარიყვანა ასულიცა იგი განწმედილი ეშმაკისაგან.

მრავალი სხუაჲცა ქმნა უფალმან მისგან, რომელმან-იგი თქუა: ითხოეთ და მოგეცეს თქუენ, მრავალთა ვნებულთა რომელთა გან-ვე არა-უღის კარი, გარეშე მონასტერსა დაადგრიან და სარწმუნოებით ილოცვედ გულითად და განწმდიან.

ვითარცა იხილა თავი თჳსი შფოთსა შინა მრვალთაგან და ვითარ არა უტევებდეს მსგავსად ნებისა მისისა შეყენებად, ვითარ-იგი მას უნდა, ეშინოდა, ნუუკუე რომელსა-იგი უფალი იქმს მისგან, გინა მან თავი აიმაღლოს, გინა სხუასა ვისმე ეგონოს მისთჳს, განიზრახა და წარემართა ზენა თებაიდად, სადა-იგი იცოდესვე არა.

და ვითარ მოიღო ძმათაგან პური, ჯდა იგი კიდესა მდინარისასა და ხედვიდა, უკუეთუ ნავი წარმოვიდეს მიერ, რაჲთა აჴდეს და წარვიდეს მათ თანა. ვითარ ამას განიზრახვიდა, ჴმაჲ ღმრთისაჲ იყო მის ზედა ზეცით: ანტონი, ვიდრე ხუალ, ანუ რასა ჰზამ? ხოლო იგი არა შეძრწუნდა, არამედ ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა წოდებად მრავალგზის, ესრჱთ ისმინა, მიუგო და ჰრქუა, რამეთუ: არა მიტევებენ მე ჯდომად კაცნი. ამისთჳს მნებავს აღსლვაჲ ზენა თებაიდად მრავალთა ამათგან შფოთებათა, რომელნი მქონან აქა და უფროჲსღა ამისთჳს, რამეთუ მიმჴდიან იგინი უფროჲს ძალისა ჩემისა. ხოლო მან ჰრქუა მას: დაღათუ თებაიდად ახჳდე, გინათუ, ვითარცა-ეგე გულსა მოგიჴდა, შთასლვად ბოკულიად, უფროჲსი და მრჩობიი სოომაჲ გაქუს ღათმენად. უკუეთუ გინებს გულითად დაყუდებაჲ, წარვედ აწ შენ უდაბნოდ. ხოლო ანტონი ჰრქუა: და ვინ მიჩუენოს მე გზაჲ, რამეთუ უცებ ვარ ამისა? და მეყს უჩუენნა მას სარკინოზნი, რომელთა ეგულებოდა წარსლვაჲ მას გზასა. მოვიდა და მიეახლა მათ ანტონი და ევედრებოდა მათ უდაბნოდ წარსლვად მათ თანა.

ხოლო მათ, ვითარცა ბრძანებითა ღმრთისაჲთა, გულსმრდგინედ შეიწყნარეს იგი, და ვიდოდა სამ დღე და სამ ღამე მათ თანა და მოვიდა მთასა ფრიად მაღალსა და პოვა წყაროჲ მთასა მას ქუეშე კეთილი, ტკბილი და, ცივი ფრიად, და ველი იყო მახლობელად და დანაკისკუდოანნი უღუაწად მდგომარენი მცირედ. ხოლო ანტონი, რეცათუ ღმრთით, აღიძრა და შეიყუარა ადგილი იგი, რამეთუ ესრჱთ ეუწყა მისგან, რომელი-იგი ეტყოდა კიდესა მას მდინარისასა. ხოლო პირველად მოიღო მოგზაურთა მათგან პური და დაადგრა მთასა მას მარტოჲ, და არავინ იყო სხუაჲ მის თანა, რამეთუ, ვითარცა თჳსი სახლი, იცნა. და მიერითგან აქუნდა ადგილი იგი. ხოლო მათ სარკინოზთა ვითარცა იხილეს ანტონისი გულსმოდგინებაჲ, მარადის გზასა მას წარვიდოდეს, სიხარულით მოართუმიდეს მას პურსა. და აქუნდა დანაკისკუდთაგანცა მცირედ საზრდელი. ამისა შემდგომად გამოიკითხეს ძმათა ადგილი იგი და, ვითარცა შვილთა რაჲ მამისაჲ, მოიჴსენეს და უზრუნვიდეს მას მიძღუანებად პურისა. ვითარცა იხილა ანტონი, რამეთუ მიზეზითა პურისაჲთა დაშურებიან ვინმე და დიდსა შრომასა თავს-იდებენ, და ერიდებოდა ამისთჳსცა მონაზონთა, განიზრახა თავით თჳსით და მიმავალთა მათ ევედრებოდა, რაჲთამცა მიართუეს მას სათხრელი და თოჴი, და იფქლი მცირედ, და ვითარცა მიართუეს ესე, მიმოვლო გარემო მთაჲ იგი და პოეა მცირედ ადგილი მარჯუჱ, ქმნა მცირედ მხალი, რაჲთა მიმავალთა მისა აქუნდეს ნუგეშინისსაცემელი მცირედი მაშურალსა გზისა მისგან ძნელისა; სათესავი აქუნდა, დაუცხრომელად იქმოდა და დასთესა მან და წლითი-წლად ამას ჰყოფდა და აქუნდა მიერ პური სიხარულით, რაჲთა არავის დაამძიმოს ამისთჳს, და რამეთუ ყოვლადვე თავსა თჳსსა დაუმძიმებელად დაიცვიდა.

არამედ შემდგომად იხილნა მერმე ვინმე შემავალნი და დასთესა მცირედ მხალი, რაჲთა მიმავალთა აქუნდეს მცირედ განსასუენებელი შრომისა მისთჳს და სიფიცხლისათჳს გზისაჲსა. პირველად უდაბნოჲსა მჴეცნი მიზეზითა მის წყლისაჲთა მოვიდოდეს და მრავალგზის ავნებდეს თესულსა მას მისსა და შრომილსა. ხოლო მან განცხრომით შეიპყრა ერთი მჴეცი და ეტყოდა ყოველთა: რად მავნებთ მე, რამეთუ მე არა გავნებ თქუენ; წარვედით და სახელითა იესუჲსითა ნუღარა მოეახლებით აქა. მიერითგან შეშინდეს მცნებისა მისთჳს და არღარა მოეახლნეს ადგილსა მას. ხოლო იგი მარტოჲ იყოფოდა შინაგან მთასა მას და ლოცვასა და მარხვასა მოცალე იყო. ხოლო ძმანი იგი, რომელ შევიდეს, ევედრებოდეს, რაჲთა თუედ-თუედ ჰმსახურებდენ მას და მოართუმიდენ მას ზეთისხილსა და ცერცუსა. ხოლო ბერცა იყო იგი მიერითგან და მუნ იქცეოდა იგი და რავდენთა დაითმენდა იგი ბრძოლათა, ვითარცა წერილ არს, არა თუ სისხლთა და ჴორცთა, არამედ წინა-აღმდგომთაგან ეშმაკთა, რამეთუ მიმავალთაგან მისა გუესმა ესე, და მუნცა შფოთი და ჴმანი მრავალნი და ბგერანი ჭურვილთანი ესმიედ. მაშინ მთაჲ იგი ღამე სავსე არნ ნაბერწყალითა, და ხედვიდეს მასცა, რამეთუ ჰხედავნ მიმართ და ჰლალავნ და ილოცავნ და შემავალთა მისა ნუგეშინის-სცემნ, ხოლო იგი თავადი ღუწოლასა შინა არნ და მუჴლთა მოიდრეკნ და ევედრებინ ღმერთსა. და იყო ჭეშმარიტად საკჳრველ, რამეთუ მარტოჲ ეგოდენთა მათ უდაბნოთა იქცეოდა და არცაღა ეშმაკთა ზედა-მისლვასა შეძრწუნდის, არცაღა ეგოდენთა მჴეცთა ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთათჳს ველისათა შეშინდის, არამედ ჭეშმარიტად, ვითარცა წერილ არს: რომელნი ესვენ უფალსა, შეუძრველად აქუნდა და შეურყეველად გრნებაჲ, უფროჲსღა ეშმაკნი ივლტოდეს მისგან და მჴეცნი ველისანი, ვითარცა წერილ არს, დაუმშჳდნეს მას.

და ვითარ გალობდა ფსალმონსა ანტონი, ეშმაკი იგი უმზირინ და იღრჭენნ მის ზედა კბილთა, ხოლო ანტონი ნუგეშინისცემულ იყო მაცხოვრისაგან და უვნებელად დგა მისთა მათ ზაკუვათაგან და ფერად-ფერადთა უცნებათა. და ვითარ მღჳძარე იყო იგი ღამე, ყოველნი მჴეცნი ველისანი მოუტევნა, და გამოვიდეს ყოველნი აფთარნი მათ ადგილთანი ჴურელით თჳსით და გარე-მოადგეს მას. და დგა იგი მარტოჲ შოვრის მათსა, ვითარ აღამტკმეს პირები მათი და დატკებნად აშინებდეს, გულისხმა-ყო მან მტერისა იგი მანქანებაჲ და ჰრქუა ყოველთა მათ: უკუეთუ ჴელმწიფებაჲ მოგიღებიეს ჩემ ზედა, განმზადებულ ვარ შესაჭმელად თქუენდა, უკუეთუ ეშმაკთაგან აღძრულ ხართ, ნუ სდგათ, არამედ წარვედით, რამეთუ მონაჲ ვარ ქრისტჱსი, ვითარცა ესე ანტონი ჰრქუა მათ, ივლტოდეს ყოლველნი, ვითარცა ტანჯვითა სიტყჳსა მისგან, და წარვიდეს.

კუალად მერმე მცირედისა დღისა შემდგომად, ვითარ იქმოდა, რამეთუ შურებინცა იგი, მო-ვინმე-ვიდა კართა და განჰზიდა თხზულსა ჴელთა მისთასა, რამეთუ სფურითსა კერვიდა იგი, და ესე მიმავალთათჳს, რომელთა-იგი მიართჳან საჴმარი, მისცის მათ, აღდგა და იხილა მჴეცი, მსგავსი კაცისაჲ, ვიდრე ბარკალმსხჳლადმდე, ხოლო წჳვნი და ფერჴნი მსგავსად ვირისა. ხოლო ანტონი ჯუარი დაიწერა და თქუა: ქრისტჱს მონაჲ ვარი მე; უკუეთუ მოივლინე ჩემთჳს, აჰა ესერა ვარ მე. ხოლო მჴეცი იგი ეშმაკითურთ ესოდენ ივლტოდა, ვიდრემდის სწრაფისა მისგან დაეცა და მოკუდა. ხოლო მჴეცისა მის სიკუდილი დაცემაჲ ეშმაკთაჲ იყო; ყოველსავე ისწრაფდეს ყოფად, რაჲთამცა იგი გარდამოიყვანეს უდაბნოჲთ, და ვერ შეუძლეს.

ევედრებოდეს ოდესმე მონაზონნი, რაჲთამცა მივიდა მათა და იხილნა. იგინი მრავლით ჟამით არა ეხილვნეს და ადგილი მათი და წარმოემართა მათ თანა, რომელნი-იგი მისრულ იყვნეს მისა, და აქლემსა ეკიდა მათი პური და წყალი, რამეთუ ურწყული იყო უდაბნოჲ იგი ყოველი, და არა იყო წყალი ყოვლადვე, გარნა მთასა მას ხოლო, ვინაჲცა წარმოეღო მათთჳს წყალი, სადაცა საყოფელი მისი იყო. ვითარ მოაკლდა მათ წყალი გზასა ზედა, იჭირვოდეს, ვითარ მიმოვიდოდეს ადგილსა მას, და არა პოვეს წყალი და ვერცა სლვად ეძლო, არამედ ყოველნი დაცჳვეს ქუეყანასა და აქლემიცა იგი განუტევეს წარსლვად, ვიდრეცა უნდეს, ხოლო იგინი სულმოკლე იქმნნეს. და ბერმან მან ვითარცა იხილნა ყოველნივე ჭირსა შინა, შეწუხნა ფრიად და სულთ-ითქუმიდა და წარვიდა მათგან მცირედ, მოიდრიკნა მუჴლნი; ჴელნი განიპყრნა და ილოცვიდა. და მეყს ისმინა მისი უფალმან, და წყაროჲ აღმოჴდა მიერ ადგილით, სადა-იგი დგა, და ილოცვიდა. და ესრჱთ სუეს და ყოველთა განისუენეს და თხიერნი აღავსნეს და ეძიებდეს აქლემსა მას და პოვეს, რამეთუ საბელი იგი მისი დახუეუი იყო ლოდსა, და დგა. ვითარ მოიბეს იგი, ასუეს წყალი. აჰკიდნეს თხიერნი იგი და წარმოემართნეს უვნებელად, ვითარ მოვიდა გარე მონასტრებსა, ყოველნივე ვითარცა მამასა თჳსსა მიეგებვოდეს, ამბორს-უყოფდეს. და მას ვითარცა საგზალი დიდი რაჲმე მოაქუნდა მთით და ისტუმრებდა მათ ყოველთა სიტყჳთა და მისცემდა სარგებელსა. მერმე იყო სიხარული დიდი მთათა შინა და შური წარმატებისაჲ და ნუგეშინისცემაჲ ურთიერთას სარწმუნოებითა. უხაროდა მასცა, ხედვიდა რაჲ მონაზონთასა მას გულსმოდგინებასა და დასაცა მისსა დაბერებულსა ქალწულებასა შინა, და წინამძღუარ იყო იგი სხუათა ქალწულთა.

მრავლისა დღისა შემდგომად წარვიდა იგი მუნვე მთად.

მიერითგან მივიდოდეს მისა მრავალნი, არამედ ვნებულთაცა ვერ მიიკადრეს შესლვად მუნ. არამედ ყოველთა მიმართ შემავალთა მონაზონთა ესე ზედაჲს-ზედა აქუნდა მცნებაჲ, რაჲთა ჰრწმენეს უფალი იესუ ქრისტე და შეიყუარონ იგი და დაიცვნენ თავნი თჳსნი მწინკულევანთაგან გულისსიტყუათა და გულისთქუმისაგან ჴორცთაჲსა. და ვითარცა იგავსა წერილ არს: ნუ სცთები განძღებითა მუცლისაჲთა, ივლტოდეთ ზუაობისაგან და ილოცევდით მარადის, გალობდით პირველ დაძინებისა და შემდგომად ძილისა და ზეპირით დაისწავებდით ყოველთა წიგნთაგან მცნებასა და მოიჴსენებდით საქმესა წმიდათასა და ბაძვითა ამათითა წარწევნად განმარტებად სულთა თქუენთა.

მოჴსენებითა ამით მცნებათაჲთა უფროჲსღა აზრახებდა მათ მოციქულისა სიტყუასა ზედაჲს-ზედა წურთად მერმეცა: ნუ დაჰვალნ მზჱ გულისწყრომასა თქუენსა, და ესე ზოგად ყოველთათჳს მცნებათა თქუმად გეგონენ, არა ხოლო თუ განრისხებისათჳს, ნუცაღა სხუათა ცოდვათა ჩუენთათჳს დაჰვალნ მზჱ. კეთილ არს და უმჯობჱს, რაჲთა ნუმცა მზჱ დაჰვალს სიბოროტისათჳს დღისაჲსა, ნუცა მთუვარჱ ღამისათჳს ცოდვისა და ყოვლადვე ნუცა გულსა მოსლვად საკდემელად და სარცხჳნელად ჩუენდა, რაჲთა ესე ესრჱთ დაგუემარხოს ჩუენ, კეთილ არს ჩუენდა სმენად მოციქულისაჲ და დაცვად, ვითარ-იგი თქუა: თავნი თჳსნი განიკითხნედ, თავნი თჳსნი გამოიცადნედ. აწ უკუე დღითი-დღედ დღისა საქმეთა და ღამისათა კაცად-კაცადი სიტყუასა ჰყოფდინ თავისა თჳსისათჳს და, თუ ცოდა, დასცხერინ, და თუ არა ცოდა, ნუ იქადინ, არამედ დაადგერინ კეთილსა და ნუ უდებ არნ, ნუცა განიკითხავნ მოყუასსა, ნუცა განიმართლებნ თავსა, ვითარცა თქუა ნეტარმან მოციქულმან პავლე, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმან დაფარულნი გამოიძივნეს.

მრავალგზის თავისა თჳსისა საქმენი დაგუავიწყდიან, და ჩუენ არა უწყოდით, ხოლო უფალმან იცის ყოველი; მას თავადსა მიუტეოთ საშჯელი, ურთიერთას ვსწყალობდეთ და ურთიერთასი სიმძიმჱ ვიტჳრთოთ და თავსა თჳსსა განვიკითხვიდეთ და, რაჲ-იგი გუაკლს, აღვსებად ვისწრაფოთ. იყავნ ესეცა კრძალვა არა ცოდვისა ჩუენისათჳს, დაცვად კაცად-კაცადისა საქმესა ჩუენსა და აღძრვათა სულისათა, ვითარ გქონან, ურთიერთას უთხრობდეთ და დავისწავებდეთ და დავსწერდეთ. და ნუ გეშინინ, რამეთუ გრცხუენოდის უწყებად, და დავსცხრეთ და არა ვცოდვიდეთ და ყოვლადვე არა გული გჳთქუმიდეს ბოროტისათჳს, ვინ-მე ცოდაენ, და უნებნ, რაჲთამცა ხედვიდა ვინმე, ანუ ვინ ცოდის და არა ტყუვინ და დავიწყებაჲ უნებნ, ვითარცა-იგი ხედვიდით რაჲ ურთიერთას, და არა ვისიძვით, ეგრჱთცა, უკუეთუ უთხრობდეთ ურთიერთას გულისსიტყუათა ფრიად, დავიცვნეთ თავნი ჩუენნი გულისსიტყუათაგან ბოროტთა და მწინკულევანთა, რამეთუ გურცხუენოდის უწყებად, იყავნ ჩუენდა დაწერილი იგი თუალთა წილ მონაზონთაჲსა, რაჲთა გურცხუენოდის დაწერად, ვითარცა ხედვისა, და არცაღა ყოვლად გულსა მოგიჴდეს ბოროტი. უკუეთუ ესრჱთ განვაწესნეთ თავნი ჩუენნი, შემძლებელ ვიქმნეთ დამონებად ჴორცთა და სათნო-ყოფად უფლისა და დათრგუნვად საქმეთა ეშმაკისათა.

ამას ყოველსა ამცნებდა, რომელნი შეემთხუეოდეს მას, და ვნებულთა მათ სწყალობნ და თანა-ილოცავნ. მრავალგზის მრავალსა შინა შეისმინის მისი უფალმან, და არცაღა, რაჟამს შეისმინის, იქადინ და არცა არა სმენისათჳს დრტჳნავნ, არამედ მარადის ჰმადლობნ იგი ღმერთსა, ხოლო ვნებულთა მათ ჰლოცავნ, რაჲთა სულგრძელ იქმნნენ და უწყოდიან, ვითარმედ არცა მისი, არცაღა ყოვლად კაცთაჲ არს კურნებაჲ არამედ მხოლოჲსა ღმრთისაჲ, რომელმან ყვის, ოდესუნებნ. ხოლო ვნებულთა მათ, ვითარცა კურნებაჲ, შეიწყნარნიან სიტყუანი იგი ბერისანი, ისწავებედ იგინიცა, რაჲთა არა სულმოკლე იქმნნენ, არამედ უფროჲსღა სულგრძელ, ხოლო განკურნებულთა მათ ასწავებნ და ეტყჳნ: ნუ ანტონის ჰმადლობთ, არამედ მხოლოსა უფალსა.

იყო ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ფრუნტონ, ტაძრისაგან სამეუფოჲსა, და ვნებაჲ იყო ბოროტი მის თანა, რამეთუ ენასა შეიჭამნ და თუალთაცა თჳსთა ავნებნ. ვითარ შევიდა იგი მთად, ევედრებოდა იგი ანტონის, რაჲთამცა ლოცვა-ყო მისთჳს, ხოლო მან ვითარ ილოცა, მიუგო და ჰრქუა: ფრონტოს, წარვედ და განიკურნო. ხოლო იგი აიძულებდა და დგა მრავალ დღე. მიუგო ანტონი და ჰრქუა: ვერ შემძიებეი ხარ აქა განკურნებად, წარვედ და, ვითარ მიიწიო ეგჳპტედ, იხიიო, რომელი იქმნას შენ ზედა სასწაუიი. ჰრწმენა მას და წარმოვიდა. და ვითარ იხილა ეგჳჴტჱ, მყიშ დასცხრა სალმობაჲ მისი, ლა განიკურნა კაცი იგი, ვითარცა ჰრქუა მას ანტონი, რამეთუ ესე იოცვით ეუწყა მაცხოერისაგან.

ქალწული ვინმე იყო ბოსირელი, რომელ არს ტრიპოლისისაჲ, და ვნებაჲ იყო ფიცხელი და ფრიად ბოროტი მის თანა, რამეთუ ცრემლნი მისნი და წყალი, რომელი ცხჳრით და ყურით გარდამოდინ და ქუეყანასა დასწუთებინ, მეყსეულად მატლ იქმნებინ, რამეთუ იყო იგი ჴორცითაცა განრღუეულ და თუალნი არა ბუნსა ზედა სხდეს. ამისთა მამა-დედათა ესმა მისლვაჲ ვიეთიმე მონაზონთაჲ ანტონისა და ჰრწმენა უფლისაჲ, ვითარ-იგი წიდოვანი განკურნა, და ევედრებოდეს მათ, რაჲთა ასულითურთ წარვიდენ მათ თანა, ხოლო მათ თავს-იდვეს, და მამა-დედანი იგი მისნი დაადგრეს ასულისა თჳსისა თანა გარეშე მთასა მას მახლობელად პაფნოტისსა, აღმსაარებელისა და მონაზონისა. ხოლო იგინი შევიდეს და, ვითარცა ეგულებოდა ოდენ თხრობად ქალწულისა მისთჳს, უსწრო მათ ანტონი და უთხრა მათ ვნებაჲ იგი მის ქალისაჲ და ვითარ-იგი თანა-უვიდოდა მათ. ხოლო იგინი ევედრებოდეს მას, რაჲთამცა უბრძანა შესლვაჲ მათი, და მან არა უბრძანა, არამედ ჰრქუა მათ: წარვედით და ჰპოოთ იგი განკურნებული; არღათუ მომკუდარ არს, რამეთუ არა ჩემი არს ესე საქმჱ, რაჲთამცა ჩემდა, მდაბლისა კაცისა, მოხუედით, არამედ მაცხოვრისაჲ არს ესე კურნებაჲ, რომელმან ყვის ყოველსა ადგილსა წყალობაჲ თჳსი, რომელნი ხადიან მას, რამეთუ ლოცვასა მისსა მოხედნა უფალმან და შეიწყალა და მე მაუწყა თჳსითა კაცთმოყუარებითა, ვითარმედ სალმობაჲ მის ქალისაჲ მუნ განიკურნოს. და იქმნა უკუე საკჳრველი ესე და ვითარცა გამოვიდეს, პოვნეს მამა-დედანი მისნი მხიარულნი და ქალი იგი განკურნებული იყო.

ამისა შემდგომად შე-ვინმე-ვიდოდეს ორნი ძმანი, და მუაკლდა გზასა ზედა წყალი, ერთი იგი მოკუდა, ხოლო ერთი იგი იურვოდა სიკუდიდ და ვერ ეძლო სლვად და იდვა იგიცა ქუეყანასა ზედა და მოელოდა სიკუდილსა. ხოლო ანტონი ჯდა რაჲ მთასა ზედა, მოუწოდა ორთა მონაზონთა, რამეთუ იყვნეს ესენი მუნ, ასწრაფებდა და ეტყოდა: წარიღეთ სარწყულითა წყალი და მირბიოდეთ ეგჳპტით კერძო გზასა, რამეთუ ორნი მოვიდოდეს, ერთი იგი აწღა მოკუდა, ხოლო ერთი იგი იურვის. უკუეთუ არა ისწრაფოთ, მოკუდეს იგიცა, რამეთუ ესე აწ ლოცვასა შინა მეუწყა. ვითარცა წარვიდეს მონაზონნი იგი, პოვეს ერთი იგი მდებარჱ და მომკუდარი იგი დაჰფლეს, ხოლო ერთსა მას ასუეს წყალი, მოეგო თავსა თჳსსა, და მოჰგუარეს ბერსა. რამეთუ იყო სიგრძჱ მის გზისაჲ დღისა ერთისა სავალ.

უკუეთუ ვინმე ეძიებდეს, ვითარმედ რად არა ვიდრე სიკუდილადმდე ერთისა მისთჳსცა თქუა, არა მართლ ეძიებს და იტყჳს, რამეთუ არა ანტონისი იყო სიკუდილისა მისისა სასჯელი, არამედ ღმრთისაჲ, რომელმან მისთჳს საჯა ესრჱთ და ამისთჳს უჩუენა და გამოუცხადა მას, ხოლო ანტონისი ესე იყო საკჳრველ, რამეთუ მთასა ზედა ჯდა და აქუნდა გული ფრთხილი, და უფალი უჩუენებდა მას შორად.

და მერმე კუალად ჯდა იგი მთასა ზედა და აღიხილნა თუალნი და იხილა ჰაერთა ზედა აღმავალი ვინმე და მრავალნი ვინმე, რომელნი მოეგებვოდეს მას. და იყო სიხარული. და ვითარ უკჳრდა მას და ჰნატრიდა და ესევითარსა კრებულსა ილოცვიდა უწყებად, ვინძი არს ესე, და მეყსეულად იყო მისა ჴმაჲ: ესე არს წმიდისა ამონის სული, რომელი-იგი ჯდა ნიტრიას მონაზონი, რამეთუ იყო ესე ვიდრე სიბერედმდე მონაზონებასა დადგრომილ, ხოლო სიგრძჱ ნიტრიისაჲთ ვიდრე მთადმდე, სადა-იგი იყო ანტონი, აცამეტისა დღისა საეალ, ხოლო რომელნი იყვნეს ანტონის თანა, ხედვიდეს რაჲ ბერსა მას დაკჳრვებულსა, ევედრებოდეს მას, რაჲთა უთხრას მათ. და უთხრა, ვითარმედ: აწ აღესრულა ამონ. რამეთუ იყო მისა მეცნიერ, და ზედაჲს-ზედა მოვიდის მისა, და მრავალნი მისგანცა სასწაულნი იქმნნეს მადლითა ქრისტჱსითა.

წეს-არს ამათიცა მოჴსენებაჲ, რომელთაგანი ერთი ესე არს საჴმარ:

ოდესმე იყო მისი წიაღსლვაჲ მდინარესა, რომელსა ჰრქჳან მგელ, და იყო მას ჟამსა ოდენ დიდრუვაჲ წყალთაჲ, ევედრებოდა იგი მისთანასა მას თევდორეს წარსლვად მისგან შორადრე, რაჲთა არა ურთიერთას თავნი იხილნენ შიშულად წიაღსლვასა მათსა მდინარესა მას. მერმე ვითარ განეშორა თევდორე, ჰრცხუენოდა მასცა შიშულად თავისა თჳსისა ხილვად. ვიდრე ჰრცხუენოდაღა და ზრუნვიდა, მეყსეულად წიაღიხატა იგი მიერ მდინარესა მას. ხოლო თევდორე, კაც იგიცა, წმიდაჲ იყო, მიეახლა და იხილა იგი წიაღსწრობილად და ყოვლადვე შეულტობელი წყლისაგან, ევედრებოდა მას კითხვად სახესა მას წიაღსლვისასა. ვითარ იხილა, რამეთუ არა უთხრობდა მას, აიძულებდა იგი, ეპყრნეს ფერჴნი მისნი და გამოჰკითხვიდა მას და ეტყოდა: არა განგიტეო, ვიდრე პირველად მითხრა მე. ვითარ იხილა ამონ იძულებაჲ იგი თევდორეჲსი, უფროჲსღა სიტყჳსა მისთჳს რომელ თქუა, მოჰჴადა მასცა სიტყუაჲ, რაჲთა არავის უთხრას ვიდრე სიკუდილდმდე მისა, და ესრჱთ უთხრა, ვითარმედ: აღიტაცა იგი და დაისუა წიაღ მდინარესა მას, არცაღა სლვით ვიდოდა, არამედ არცაღა შესაძლებელ არს ესე ყოვლადვე კაცთა მიერ, გარნა უფლისა ხოლო და რომელთა მან უბრძანის,ვითარცა დიდსა მოციქულსა პეტრეს უყო, ხოლო თევდორე სიკუდილისა შემდგომად ამონისა უთხრა ესე, და მონაზონთა მათ, რომელთა უთხრა ანტონი სიკუდილი ამონისი, დაისწავეს დღჱ იგი, და აღმოვიდეს ძმანი ნიტრიით ოცდაათისა დღისა შემდგომად, გამოჰკითხვიდეს, და ესმა მათგან, ვითარმედ მას დღესა და მას ჟამსა დაიძინა ამონ, რომელსა ჟამსა სული იგი ამონისი აღყვანებული იხილვა ბერმან. და ფრიად ამათცა და მათცა სიწმიდჱ იგი სულისაჲ ანტონისი დაუკჳრდა, ვითარ ესოდენსა სიგრძესა გზისასა აცამეტისა დღისა სავალსა მყისა ეუწყა, და სული იგი მისი იხილა აღყვანებული.

და არქელაოზცა კუმსმან პოვა იგი გარეშე მთასა, ევედრებოდა მას, რაჲთამცა ლოცვა-ყო პოლიკრატიაჲსთჳს ლავდიკელისა, საკჳრველისა და მორწმუნისა ქალწულისა, რამეთუ ელმოდა მას სტომაქი და გუერდი ფიცხლად მარხვითა, და ყოვლადვე იყო ჴორცითა უძლურ, ხოლო ანტონი ლოცვა-ყო მისთჳს. და კუმსმან მან დაისწავა დღჱ იგი, რომელსა დღესა ლოცვა-ყო მისთჳს. და ვითარ წარვიდა ლაუდიკიად, პოვა ქალწული იგი ცოცხალი. და ვითარ გამოიკითხვიდა იგი, რომელსა დღესა დასცხრა იგი უძლურებისაგან, წარმოიღო წიგნი, რომელსა ჟამსა ლოცვაჲ იგი მისთჳს დაიწერა. და ვითარ ესმა მათგან, უჩუენა მანცა მყის წიგნსა აღწერილი, და ყოველთავე უკჳრდა და გულისხმა-ყვეს, რამეთუ მას ჟამსა განკურნა იგი უფალმან სალმობისა მისგან, რომელსა დღესა ლოცვა-ყო ანტონი. და ევედრებოდა სახიერებასა მაცხოვრისასა მისთჳს. ხოლო მიმავალთათჳს მისა მრავალგზის წინაჲსწარ უთხრის მრავალ დღით, ოდესმე თჳთ ერთით, ანუ რომლისა საქმისათჳს მოვლენედ: რომელნიმე ხილვად ხოლო მისა მოვლენედ, და რომელნიმე უძლურებისათჳს და რომელნიმე ვნებულებისაგან ეშმაკთაჲსა. და ყოველნივე არა შრომად და არცაღა დაჭირვებად შეჰრაცხდეს შრომასა მის გზისასა, რამეთუ მიიქცეოდა კაცად-კაცადი თჳსა ადგილად და უცნობიედ სარგებელი. და ვითარ ესევითართა ხედვიდა და იტყოდა ანტონი, ევედრებინ: ნუვის გიკჳრნ ჩემი ამას ზედა, არამედ უფროჲსღა გიკჳრდინ უფლისაჲ, რამეთუ ჩუენ, კაცთა, მსგავსად ძალისა ჩუენისა მოგუმადლა ცნობადი იგი.

მერმე გარდამოვიდა გარე მონასტრებსა, და ევედრებოდეს მას აღსლვად ნავსა და ლოცვისა ყოფად მონაზონთა თანა, და ვითარ აღჴდა იგი, მას ხოლო მარტოსა მყრალობაჲ რაჲმე ფიცხელი და ფრიად მწარჱ ეცემოდა, ხოლო რომელნი-იგი ნავსა შინა იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ, თევზიცა იწებულ არს ნავსა ამას შინა და მისგან არს ესე მყრალობაჲ. ხოლო იგი იტყოდა: სხუაჲ არს ესე ყროლაჲ აქა. და ვითარ იგი ამას იტყოდა, ჭაბუკი ვინმე ეშმაკეული იყო და მისა წინა შესრულ იყო და დამალულ ნავსა შინა. და ვითარ მყის ჴმა-ყო, შეჰრისხნა ეშმაკსა მას ანტონი სახელითა იესუ ქრისტჱსითა, და განვიდა მისგან, და კაცი იგი განეგო მისგან მყის, მაშინ ყოველთა გულისხმა-ყვეს, ვითარმედ ეშმაკისაჲ იყო ყროლაჲ იგი.

და სხუისაცა ვის თანამე აზნაურისა იყო ეშმაკი, და მოვიდა მისა, რამეთუ იყო ეშმაკი იგი მისი ფიცხელ, და მასცა არა ეცნა, უკუეთუ ანტონისა მოსრულ არს, არამედ ჴორცსაცა თჳსსა შეიჭამნ. ხოლო რომელთა-იგი მოიყვანეს, ევედრებოდეს ანტონის ლოცვისა ყოფად მისთჳს. ხოლო ანტონის შეეწყალა ჭაბუკი იგი და ილოცვიდა და ღამესა ათევდა მის თანა. და ჭაბუკი იგი მყის ზედა-მოუჴდა ანტონის და აჭენა მას. ხოლო რომელნი-იგი მის თანა მოსრულ იყვნეს, განრისხნეს მისთჳს. ჰრქუა მათ ანტონი: ნუ განრისხნებით ჭაბუკისა მაგისთჳს, არა ეგე არს, არამედ მაგის თანა არს ეშმაკი, რამეთუ შეჰრისხნა მას უფალმან, და ბრძანებულ არს წარდევნებად ურწყულთა ადგილთა. ამისთჳს განრისხნა და ესე  საქმჱ ყო. ადიდებდით უფროჲსღა უფალსა, რამეთუ ესრჱთ ესე მოსლვაჲ მაგისი ჩემ ზედა სასწაულად თქუენდა იქმნა ეშმაკისა მაგისი განსლვაჲ. ესე ვითარ ჰრქუა ანტონი, მეყსეულად ჭაბუკი იგი განიკურნა, გონებაჲ მოეცა და გულისხმა-ყო, სადა იყო, და ამბორს-უყოფდა ბერსა და ჰმადლობდა ღმერთსა.

სხუაჲცა მრავალი ესევითარი შეთქმულად და წრფელად თქუეს მისთჳს მრავალთა მონაზონთა ყოფილად მის მიერ. არა ესოდენ ესე საკჳრველ არს, რავდენ სხუაჲ უსაკჳრველჱსად ჩანს. ვითარ-იგი პურსა ჭამნ, და აღდგა ოდესმე და ილოცვიდა ცხრა ჟამს და აგრძნა თავისა თჳსისაჲ, რამეთუ აღიტაცა გონებითა, და საკჳრველ ესე იყო: მდგომარჱ ხედვიდა თავსა თჳსსა, ვითარცა გუამსა გარეშე იპოვა, და ვითარცა ზე ჰაერთა წინა-ვინმე-უძღოდეს მას. და მერმე იხილნა მწარენი და ფიცხელნი ჰაერთა ზედა მდგომარენი, და უნდა დაბრკოლებაჲ  მისი, რაჲთამცა გარე-არა-წარჰჴდა მათ, ხოლო რომლნი-იგი წინა-უძღოდეს მას, შეჰრისხნეს მათ. ესენი სიტყუასა მოჰჴდიდეს მათ, ნუმცა უკუე თანამდებ რაჲმე იყოს მათა, უნდა მათ სიტყჳსა ყოფაჲ შობითგან მისით, აყენებდეს ანტონის წინამძღუარნი იგი და ეტყოდეს მათ, რამეთუ შობითგანნი იგი უფალმან აჴოცნა, ხოლო ვინაჲთგან მონაზონ იქმნა და აღუთქუა ღმერთსა, ჯერ-არს სიტყჳს-ყოფაჲ. მაშინ შეასმენდეს და ვერაჲ ამხილეს. მიერითგან თავისუფალ იქმნა და დაუბრკოლებელ გზაჲ თჳსი. და მეყს იხილა თავი თჳსი მდგომარჱ და იყო იგივე ანტონი. მაშინ პურის-ჭამაჲ იგი დაავიწყდა და დაადგრა იგი მას დღესა და ღამე ყოველ სულთ-ითქუმიდა ლოცვით, რამეთუ უკჳრდა, იხილა რაჲ ესე, რავდენთა მიმართ არს ჩუენი ესე ბრძოლაჲ, და რავდენითა შრომითა შემძლებელ ვინმე არს გარე-წარსლვად ჰაერთა.

და მოიჴსენა, რამეთუ ესე არს, რომელი თქუა მოციქულმან, ვითარმედ მთავრისა მისთჳს ჴელმწიფებისა ჰაერთაჲსა, რამეთუ: ამას ზედა აქუს მტერისა მის ჴელმწიფებაჲ ბრძოლად და განცდად და დაბრკოლებად თანა-წარმავალთა. ამისთჳსცა უფროჲსღა ამცნებდა: აღიღეთ თქუენ საჭურველი ღმრთისაჲ, რაჲთა შემძლებელ იქმნნეთ წინა-აღდგომად დღესა მას ბოროტსა, რაჲთაჲ არა აქუნდეს სიტყუად ჩუენდა ბოროტი მტერსა და ჰრცხუენეს. ხოლო ჩუენ ესე გჳსწავიეს და მოვიჴსენით მოციქულისა იგი სიტყუაჲ: გინა ჴორცითა არა ვიცი, გინათუ თჳნიერ ჴორცთა არა ვიცი, ღმერთმან იცის, რამეთუ პავლე ვიდრე მესამედ ცადმდე აღიტაცა, და ესმა მას უთქუმელი იგი სიტყუაჲ, და გარდამოჴდა, ხოლო ანტონი ჰაერთამდე თავი თჳსი იხილა აღმავალი და ღუაწლი დიდი, ვიდრემდის თავისუფალ იქმნა. აქუნდა ესეცა მადლი კუალად, ვითარ: ზინ იგი მარტოჲ მთასა გარე, და, თუ რასმე თავით თჳსით იგი ეძიებნ და განიზრახავნ, ესე მას ღმრთისა მიერ ლოცვასა შინა გამოეცხადის. და იყო, ვითარცა წერილ არს, ღმრთით-სწავლულ ნეტრეული იგი.

ამისა შემდგომად მერმე ოდესმე სიტყუაჲ იყო მისა მიმართ მათი, რომელნი-იგი შესრულ იყვნეს მისა, მყოფებისათჳს სულისა, ანუ რომელი ადგილი ამისა შემდგომად არს მისა. და იყო მერმესა ღამესა უწოდა ვინმე ზეგარდამო და  ჰრქუა; ანტონი, აღდეგ, გამოედ და იხილე. აღდგა, გამოვიდა და იხილა, რამეთუ იცოდა, ვისა ჴმასა ერჩინ იგი, აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა გრძელი ვინმე უშუერი და საშინელი მდგომარჱ, რომელი აღსწუდებოდა ვიდრე ღრუბლადმდე, და აღმავალნი ვინმე, ვითარცა მფრინველნი, და ჴელნი განეპყრნეს. რომელნიმე დაბრკოლდებოდეს მისგან და რომელნიმე გარე-წარჰფრინვიდეს, მიერითგან უზრუნველად აღყვანდეს. ესევითართა მათთჳს იღრჭენდა კბილთა გრძელი იგი, ხოლო დაცემულთა მათთჳს უხაროდა.

და მეყსეულად ჴმაჲ იყო ანტონისა: გულისხმა-ყავ, რომელსა-ეგე ხედავ. და ვითარ განეღო გონებაჲ მისი, გულისხმა-ყო, ვითარმედ სულთაჲ არს ესე თანა-წარსავალი, და მდგომარჱ იგი გრძელი მტერი არს, რომელსა სურს მორწმუნეთაჲ, რამეთუ ბრალეულთა ჴელითა თჳსითა შეიპყრობს და დააბრკოლებს თანა-წარსლვად. ხოლო რომელნი-იგი არა ერჩიან მას, ვერ უძლის შეპყრობად, არამედ გარე-წარჰჴდიან.

ესე მერმეცა ვითარ-ესე იხილა, და რეცათუ მოეჴსენებინ, უფროჲსღა იღუწიდა და წარემატებოდა პირველთა დღითი-დღედ. ესე არა თუ ნებსით უთხრის მან, არამედ ვითარ დაყოვნის ლოცვასა შინა და თჳსისაგან არნ, უკჳრნ მას და გამოჰკითხვედ, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს, და აიძულებედ მას, უნებლიაჲთ უთხრის, ვითარცა მამამან ვერ დაუფარის შვილთა თჳსთა, არამედ ესრჱთცა შერაცხის, ვითარმედ გონებაჲ მისი არს წმიდა, ხოლო მათა მიმართ იყო თხრობაჲ ესე სარგებელად, რომელნი-იგი ჰკითხვედ, და მონაზონებისა ნაყოფ კეთილ და სალმობათათჳს ფრიად ნუგეშინის-საცემელ ექმნებოდა ხილვაჲ იგი. ვითარ-იგი კუალად გონებითაცა უწყინო იყო და სულითა მდაბალ, ესევითარი იყო და კანონსა ეკლესიისასა უფროჲსად პატივს-სცემდა, და ყოველთა მღდელთაჲ უნდა უწინარჱს თავისა პატივის-პყრობაჲ. ხოლო ეპისკოპოსთა და ხუცესთათჳს არა ეკდიმებოდა თავისა თჳსისა მოდრეკაჲ. და თუ ვინმე დიაკონი მისა მოვიდის სარგებელისათჳს სულიერისა, სიტყუასა აღსაშჱნებელსა იგი უთხრობნ მას, ხოლო ლოცვაჲ მას ყოფად სცის. და არავე ეკდიმებინ სწავლად მისგან, და რამეთუ მრავალგზის ჰკითხავნ და ევედრებინ სმენად მისგან, რომელნი-იგი მისრულ არიედ, და აღიარის, ვითარმედ სარგებელ მეყვის, თუ ვინმე საჴმარი სიტყუაჲ თქჳს. და პირსაცა მისსა მადლი აქუნდა დიდი, და უფროჲს ყოველთა, აქუნდა ესე მადლი მაცხოვრისაგან, დაღათუ შოვრის მრავალთა მონაზონთა არნ, და უნებნ ვისმე ამისი ხილვაჲ, რომელთა-იგი წინაჲსწარ არა იციედ, და ვითარ მოვიდის, მეყს სხუათა მათ გარე-წარჰჴდის და მისა მირბინ, რამეთუ პირი მისი მიიზიდავნ მას. არა თუ სიმაღლითა ჰასაკისაჲთა, არცა სივრცითა გუამისაჲთა უშუენიერჱს იყო სხუათა, არამედ ჩუეულებითა, დაწყნარებითა და სულისა სიწმიდითა, რამეთუ შეშფოთებელ იყო სულითა და შეუძრწუნებელად ჰქონდეს გარეშენიცა ცნობანი, და სიხარულითა მით სულისაჲთა მხიარულ არნ პირი მისი, და ჴორცთაგან ძრვითა საცნაურ იყო და გულისხმისსაყოფელ სულისა დაწყნარებაჲ, ვითარცა წერილ არს: გულისა მხიარულისაჲ პირიცა შუენიერ არნ, ხოლო რომელნი მწუხარებასა არიედ, მათი მწუხარე არნ.

ესრჱთ იაკობმან ცნა ლაბანისი ბოროტისა ზრახვაჲ და ჰრქუა ცოლთა თჳსთა: არა არს პირი მამისა თქუენისაჲ, ვითარ გუშინ და ძოღან. ესრჱთ სამოელმან იცნა დავითი, რამეთუ მხიარულ იყვნეს თუალნი მისნი, და კბილნი მისნი, ვითარცა სძჱ, სპეტაკ. ესრჱთცა ანტონი იცნობებოდა, არცაღა შე-სადა\-ძრწუნდის, დაწყნარებულ იყო სული მისი, არცაღა მწუხარე სადა იყო, რამეთუ მხიარულ იყო გული მისი, ხოლო სარწმუნოებითა ფრიად საკჳრველ იყო და ღმრთის-მსახურ, არცაღა მელეტიანოზთაგან წვალებათა ეზიარა სადამე, იცოდა მათი იგი პირველითგან სიბოროტჱ და განდგომილებაჲ, არცაღა მანიქეოსთა უღმრთოთა, არცაღა სხუათა მწვალებელთა ეტყოდა სამე მოყურობით, გარნა სწავლისათჳს ღმრთისმსახურებისა მოქცევად ესრე შეერაცხა. და ამცნებნ: მეგობრებაჲ ამათი და ზრახვაჲ -- სავნებელ და წარსაწყმედელ სულისა. ესრევე სახედ არიანოზთაჲცა წვალებაჲ სძულდა და ამცნებნ ყოველთა არა მიახლებად მათა, ნუცა ბოროტსა სარწმუნოებასა მათსა სმენად, მი-ვინმე-ვიდოდეს მისა არიანოზთაგანნი. და გამოიკითხა უღმრთოებაჲ მათი, და წარმოდევნნა იგინი მიერ მთით და თქუა: გუელთა უბოროტე არიან სიტყუანი ამათნი. მერმე ტყუვეს ოდესმე არიანოზთა ამისთჳს, ვითარმედ იგივე სარწმუნოებაჲ აქუს მათ, განრისხნა და დაუკჳრდებოდა, ვითარცა ესმა.

ამისა შემდგომად მერმე ევედრებოდეს ეპისკოპოსნი და ძმანი ყოველნი, და გარდამოვიდა მთით და შევიდა ალექსანდრიად, და არიანოზთათჳს იტყოდა, ვითარმედ: წვალებაჲ უკუანაჲსკნელი არს ესე და წინამორბედი ანტიქრისტჱსი, ასწავებდა ერსა მას და ეტყოდა: არა თუ დაბადებული არს ძჱ ღმრთისაჲ, არცადა არაარსისაგან ყოფილი. არამედ თჳსი არს მამისა არსებისაჲ და სიტყუაჲ და სიბრძნჱ, უღმრთოება არს ესე, რომელმან თქუას, ვითარმედ ოდესმე არა იყო, რამეთუ იყო მარადის სიტყუაჲ იგი მამისა თანა, და აწ ნუცაღა ერთი ზიარებაჲ გაქუნ უღმრთოთა თანა არიანოზთა, რამეთუ არცა ერთი ზიარებაჲ არს ნათლისაჲ ბნელისა თანა, რამეთუ თქუენ კეთილად ჰმსახურებთ და ქრისტეანენი ხართ, ხოლო იგინი დაბადებულად იტყჳან მამისაგან შობილსა და ღმრთისა სიტყუასა. არაჲთ უმჯობჱს არიან წარმართთა, ჰმსახურებენ დაბადებულსა თჳნიერ დამბადებელისა ღმრთისა, გრწმენინ, რამეთუ იგიცა ფრიად გან-ვე-რისხებულ არს მათთჳს, რამეთუ დამბადებელსა უფალსა ყოველთასა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა, ესენი ქმნულთა თანაშეჰრაცხენ.

ხოლო ერსა მას ყოველსა უხაროდა, ესმოდა რაჲ ესევითარისა კაცისაგან შეჩუენებაჲ ყოველთა მწვალებელთაჲ. ხოლო მოქალაქენი ყოველნი მოვიდოდეს ხილვად ანტონისა და წარმართნიცა იგი, რომელთა ჰრქჳან მათ მიერ მღდელნი მათნი, ეკლესიად მოკრბებოდეს და ეტყოდეს: ვევედრებით ხილვად კაცსა მას ღმრთისასა, რამეთუ ყოველნი ესრჱთ ხედვიდეს მას, და მუნცა მრავალი განწმიდნა უფალმან ეშმაკთაგან და ვნებულთაცა გონებითა ულხინა. და მრავალნი წარმართნი ევედრებოდეს, რაჲთამცა შეეხნეს ბერსა მას, და ჰრწამნ, ვითარმედ სარგებელ ეყოს მისგან. ესოდენ ქრისტეანე იქმნნეს მცირედთა მათ დღეთა, ვითარმცა წელიწადსა ერთსა იხილა ოდენ ვინმე. მერმე ჰგონებდეს რომელნიმე ერისა მისგან შეძრწუნებასა მისსა, ამისთჳსცა აყენებდეს მათგანნი სიმრავლესა მას, ხოლო იგი შეუძრწუნებელად იტყოდა: ნუ უმრავლჱს არიანა ესენი მათსა, რომელთა-იგი მთასა გარე ჰბრძავთ ეშმაკთა?

რაჟამს წარვიდოდა, წარვჰგზავნიდით მას. და ვითარ მივიწიენით ბჭეთა ქალაქისათა, შე-ვინმე-გჳდგა დედაკაცი, ღაღადებდა და იტყოდა: მგებდ მე, კაცო ღმრთისაო, რამეთუ ასული ჩემი ფიცხლად ეშმაკისაგან იგუემების; გლოცავ შენ, მგებდ, რაჲთა მე არა ვიურვოდი სრბითა. ესე ვითარ ესმა ბერსა მას, ვევედრებოდეთ ჩუენცა, და ნებსით დადგა. ვითარ მოეახლა დედაკაც იგ, ქალი იგი დავარდა ქუეყანასა ზედა. ხოლო ანტონი ვითარ ილოცვიდა და ქრისტესა სახელ-სდვა, აღდგა ქალი იგი ცოცხალი, რამეთუ განვიდა მისგან არაწმიდაჲ იგი სული. ხოლო დედაჲ იგი მისი აკურთხევდა ღმერთსა, და ყოველნივე ჰმადლობდეს, და მასცა თავადსა უხაროდა და მივიდოდა, ვითარცა თჳსსა სახლსა, მთად. და ბრძენცა იყო ფრიად, და საკჳრველ ესე იყო, რამეთუ წიგნი არა ესწავლა და გონებაშეკრებულ იყო და გულისხმისმყოფელ კაც.

შე-ვინმე-ვიდეს მისა ორნი წარმართნი ფილოსოფოსნი; ჰგონებდეს, ვითარმედ შემძლებელ იქმნენ გამოცდად ანტონისა, და იყო იგი გარეშე მთასა მას. ხოლო პირისა მათისაგან გულისხმა-ყო კაცთაჲ მათ და ჰრქუა თარგმნითა: რაჲსა ესოდენ მოშუერით ბრძენნი ეგე კაცისა ამის ცოფისა? ხოლო მათ ჰრქუეს: არა ცოფისა, არამედ უფროჲსღა ბრძენისა. მიუგო მათ და ჰრქუა ანტონი: უკუეთუ ცოფისა მოხუედით, მეტი არის შრომაჲ ეგე თქუენი; უკუეთუ გგონიე მე ბრძენ, იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ ჯერ-არს კეთილისა ბაძვაჲ. უკუეთუმცა   მე თქუენდა მივედ, გბაძევდ სამემცა თქუენ; უკუეთუ თქუენ ჩემდა მოხუედით, იქმნენით ვითარცა მე, ქრისტეანე ვარ. ხოლო მათ დაუკჳრდა და წარვიდეს, რამეთუ ხედვიდეს, ვითარ-იგი ეშმაკთაცა ეშინოდა ანტონისა.

სხუანიცა ვინმე ესევითარნი მერმე შეემთხჳვნეს მას გარეშე მთასა მას და ჰგონებდეს, ვითარმცა განკიცხეს იგი, რამეთუ წიგნი არა ესწავა მას. ჰრქუა მათ ანტონი: თქუენ რაჲ სთქჳთ: რომელი უწინარჱს არს: გონებაჲ ანუ წიგნი? და რომელი ძალისა მიზეზი არს: გონებაჲ წიგნისაჲ, ანუ წიგნი გონებისაჲ? ხოლო მათ ჰრქუეს: პირველად არს გონებაჲ და წიგნისაცა მომპოვნებელ გონებაჲვე არს. ჰრქუა მათ ანტონი: რომელთაჲ გონებაჲ ცოცხალ არს, მათ არარაჲ უჴმს წიგნი. ესე სიტყუაჲ მუნ მყოფთაცა დაუკჳრდა და თჳთ მათცა. ხოლო იგინი წარვიდეს და დაუკჳრდა, რამეთუ ესოდენსა ხედვიდეს სანატრელისა მის მეცნიერებასა, რამეთუ არა ვითარცა მთათა ზედა გაზრდილი და დაბერებული ველურ იყო სახითა, არამედ მხიარულ იყო და მოქალაქისა სახე, ხოლო სიტყუაჲ შეზავებული აქუნდა საღმრთოჲთა მარილითა, არავის ეშურობნ, არამედ უფროჲსღა უხარინ მის ზედა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა.

ამისა შემდგომად მერმე მოვიდეს მისა სხუანი ვინმე, რამეთუ იყვნეს ესენი წარმართთა მათ მიერ საგონებელ ბრძენ, და ეძიებდეს მისგან სიტყუასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებისა და იწყეს შეტყუებად ქადაგებისათჳს საღმრთოჲსა ჯუარისა, ჰგონებდეს, ვითარმედ განკიცხონ იგი. და-ღა-დუმნა ერთი ჯერი ანტონი, და პირველად შეიწყალნა იგინი უმეცრებისა მისთჳს და ეტყოდა თარგმანითა, რომელი კეთილად თარგმანებდა მისსა მას სიტყუასა, და თქუა: რაჲ უმჯობჱს არს: ჯუარისა აღსაარებაჲ, ანუ მრუშებისა და ყრმათა განხრწნისა შეხებაჲ? რომელთა-იგი ჰრქჳან თქუენ მიერ ღმრთეება, ხოლო რომელი ჩუენ მიერ თქუმული ესე ხატი არს მსგავსებისაჲ და სიკუდილისა შეურაცხებისაჲ საცნაური, ხოლო თქუენი ეგე ბილწებისა ვნებაჲ არს.

მერმე რაჲ უმჯობეს არს სიტყუად, რამეთუ ღმრთისა სიტყუაჲ არა სცთა, არამედ იგივე თავადი არს, და ცხორებისათჳს და ქველისსაქმისა კაცთაჲსა შეიმოსნა ჴორცნი კაცთანი, რაჲთა ქმნულებასა კაცთასა ეზიაროს და ყვნეს კაცნი ზიარ ღმრთეებისა მეცნიერებისა ბუნებასა, ანუ პირუტყუთა მიმსგავსებად ღმერთი და ამისთჳს მსახურებად ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და ხატთა კაცთასა, რამეთუ ესე არს თქუენ ბრძენთა მიერ მსახურებაჲ. ანუ ვითარ იკადრებთ სიკიცხევად, რამეთუ ჩუენ ვიტყჳთ ქრისტესა კაცად გამოჩინებულად, სადაღა თქუენ გონებისაგან სულსა განსწვალებთ და იტყჳთ, ვითარმედ იგი შესცთაო და გარდამოვარდა სამყაროჲსაგან ცათაჲსა ჴორციელად. ჰე, თუმცა კაცთა ზედა ხოლო, და არა ოთხფერჴთა მიმართ და ქუეწარმავალთა მისლვად და მიცვალებად. ხოლო ჩუენი სარწმუნოებაჲ ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქრისტეს მოსლვასა იტყჳს, ხოლო თქუენ ცთომასა უშობელსა სულისასა უთხრობთ, და ჩუენ შესაძლებელსა და კაცთმოყუარებასა წინაჲსწარ მეცნიერისასა ვბრძნობთ. რამეთუ ესე არა შეუძლებელარს ღმრთისაგან, ხოლო თქუენ ხატსა მას გონებისა სულსა იტყჳთ და დაცემულებასა მიამსგავსებთ და იქცევისად მას ზღაპრობთ და მიერითგან იგიცა გონებაჲ სულითა ამით ქცეულად შემოგყავს. რამეთუ რაბამ სახეცა არნ ხატი, ეგრეცა იგი, რომლისაჲ-იგი ხატი არნ. რაჟამს გონებისათჳს ესევითარსა ჰგონებთ და განიზრახავთ, რამეთუ მასცა მამასა გონებათასა ჰგმობთ, ხოლო საღმრთოჲსათჳს ჯუარისა რაჲ-მე უმჯობჱს ვთქუთ ძჳრისზრახვისა მოწევნასა უკეთურთაგან და დათმენაჲ ჯუარისაჲ და ვითარვე სახედ არა შეძრწუნებაჲ მოწევნასა სიკუდილისასა.

ანუ ცთომაჲ უსირიდოჲსი და ისიდოჲსი და ძჳრისზრახვაჲ ტჳფონისი და კრონიდჱსი სივლტოლაჲ და შვილთა შთანთქმაჲ და მამისა კლვისა ზღაპრობაჲ, რამეთუ ესე არს თქუენი იგი სიბრძნჱ! ვითარ უკუე ეკიცხევთ ჯუარსა და არა გიკჳრს აღდგინებაჲ, რამეთუ რომელთა-ესე თქუეს, იგიცა მათვე დაწერეს. ანუ რაჲსა მოიჴსენებთ ჯუარსა ხოლო და სდუმით მკუდართა აღდგომილთა და ბრმათა თუალთა ახილვასა და განრღუეულთა განკურნებასა და კეთროანთა განწმედასა და ზღუასა ზედა სლვასა და ეშმაკთა განსხმასა და სხუათა სასწაულთა და ნიშებთა, რომელ-ესე არა კაცად, არამედ ღმრთად აჩუენებენ ქრისტესა! ფრიად მგონიეთ მე შეცოდებულ თავთა, რამეთუ არა მართლ აღმოიკითხავთ წიგნთა ჩუენთა.

აღმოიკითხეთ და იხილეთ, რამეთუ რომელ-იგი ქმნა ქრისტემან, ღმრთად მას გამუაჩინებს, რამეთუ მოვიდა, ჴორცნი შეისხნა ცხორებისათჳს კაცთაჲსა. მითხართ ჩუენ თქუენცა თქუენი იგი, რაჲღა-მე სთქუათ პირუტყუთა მათთჳს, ანუ პირუტყუებაჲ და ველურებაჲ, უკუეთუ ვითარ ესე მესმის, ინებოთ სიტყუად, ზღაპრად თქუმულ არს ესე თქუენ შოვრის, და სხუასა სხუად აქცევთ: აღტაცებასა ქალისასა ქუეყანით და ეფესტოს მკელობრებასა ცეცხლად და ერას ჰაერად და აპოლოს მზედ და არტემის მთოვარედ და პოსიდონს ზღუად. არარაჲ უნაკლულჱს არა ღმერთსა ჰმსახურებთ, არამედ დაბადებულსა ჰმსახურებთ თჳნიერ დამბადებელისა ღმრთსა.

უკუეთუ კეთილი იგი დაბადებული ესრჱთ გარდააქციეთ, არა-მე გიღირდა ამათი დაკჳრვებაჲ და არა ღმერთ-ყოფად დაბადებულთა, რაჲთა არა შემოქმედისა პატივი ქმნულთა მისცეთ? უკუეთუ ჯერ-ვიდრემე-არს თქუენდა ხუროთმოძღურისაჲ მის პატივი მის მიერ აღშჱნებულსა მას სხჳსა მიცემად, გინათუ ერისთავსა პატივი ერისაგანსა, და აწ ამისთჳს რაჲ-მე ვთქუათ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ კიცხევის რაჲმე ღირს ჯუარი? ხოლო იგინივე მას ჰპოებდეს  და მიმოიქცევდეს პირსა აქა და იქი.

განიღიმა ანტონი და ჰრქუა მათ მერმე კუალად თარგმნითა: მათ თჳთ მისგანვე პირსა აქუს მხილებაჲ, რამეთუ თქუენ უფროჲსღა განჩინებისათა მათ სიტყუათა ზედა დამტკიცებულ ხართ და ესე გაქუს ჴელოვნებად და ჰგონებთ ჩუენსა, ნუუკუე თჳნიერ სიტყუათა გამოჩინებულთა ღმერთსა ჰმსახურებთ. მითხართღა მე თქუენ პირველად: საქმენი, უფროჲსღა ღმრთისა ცნობაჲ, ვითარ მტკიცედ იცით: გამოჩინებითა სიტყუათაჲთა, ანუ შეწევნითა სარწმუნოებისაჲთა? ანუ რომელი უფროჲს არს: შეწევნაჲ სარწმუნოებისაჲ, ანუ სიტყუათა გამოჩინებაჲ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: უფროჲს არს შეწევნით სარწმუნოებაჲ, და ესე არს ჭეშმარიტი მეცნიერებაჲ. ჰრქუა მათ ანტონი: კეთილად სთქუთ, რამეთუ სარწმუნოებაჲ სიყუარულითა სულისაჲთა არნ, ხოლო სიტყჳს-გებაჲ ჴელოვნებით შემკრებელთაჲ არს.

აწ უკუე რომელთა აქუს სარწმუნოებით შეწევნაჲ, ამათ არარაჲ უჴმს, არამედ, ვინ უწყის, მეტცა არს სიტყუათა განჩინებაჲ, რამეთუ რომელსა-ესე სარწმუნოებით ვსცნობთ, ამას თქუენ სიტყჳსა გამოჩინებითა ჰგონებთ განჩინებასა და, ვინ უწყის, ვერცა გულისხმა-ჰყოფთ თქუენ, რომელშა-ესე ჩუენ ვსცნობთ.

ამიერითგან უმჯობჱს არს და უძლიერჱს არს სარწმუნოებითა შეწევნაჲ თქუენსა მაგას სიბრძნით განზრახვასა. ხოლო ჩუენ -- ქრისტეანეთა, არა თუ სიბრძნისა სიტყჳთა წარმართთაჲ გუაქუს საიდუმლოჲ, არამედ ძალითა სარწმუნოებისაჲთა მოცემული ჩუენდა ქრისტჱს მიერ ღმრთისაგან, და რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ. აჰა ესერა ჩუენ წიგნი არა გჳსწავიეს და გურწამს ღმერთი და გჳცნობიეს იგი დაბადებულთაგან მისთა ყოველსავე ზედა წინაჲსწარმცნობელად, და რამეთუ შემწჱ არს სარწმუნოებაჲ ჩუენი.

აჰა ესერა ჩუენ დამტკიცებულ ვართ ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებასა, ხოლო თქუენ სიბრძნით სიტყჳსა ლალვასა. და რამეთუ თქუენთა მათ კერპთა უცნებაჲ განქარდების, ხოლო ჩუენი სარწმუნოებაჲ განეფინების ყოველსა სოფელსა და ადგილსა, და რამეთუ თქუენ განიზრახავთ და ჰბრძნთბთ და ვერ გარდააქცევთ ქრისტეანეთაგანსა წარმართად, ხოლო ჩუენ ქრისტჱს სარწმუნოებასა ვქადაგებთ და წარმოვსტყუენავთ თქუენსა მაგას მრჩობლეშმაკებულებასა, და იციან ყოველთა ქრისტე ღმრთად და ღმრთისა ძედ. ხოლო თქუენ კეთილწერილთა მათგან წიგნთა თქუენთა ვერ დააბრკოლებთ ქრისტჱს მოძღურებასა, ხოლო ჩუენ სახელ-ვსდებთ ჯუარცმულსა ქრისტესა და ყოველთა ეშმაკთა განვასხამთ, რომელთათჳს თქუენ გეშინის, ვითარცა ღმერთთა. და სადა-იგი სახჱ სამეუფოჲსა ჯუარისაჲ არნ, უძლურ იქმნიან გრძნებანი, და ვერ შეეწევიედ წამლობანი. მითხართღა აწ, სადა არიან თქუენნი იგი მისნობანი? ანუ სადა არიან ეგჳჴტისა მსახრვალნი? სადა არიან გრძნეულთა მათ უცნებანი? ანუ ესე ოდეს ყოველი დასცხრა და უძლურ იქმნა, ანუ არა ოდესცა მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტჱს ჯუარი აღემართა? აწ კიცხევის-მე რაჲ ღირსა ესე, ანუ არა უფროჲსღა იგინი განქარვებულნი მისგან და მხილებულნი უძლურნი?

და ესეცა საკჳრველ არს, რამეთუ თქუენი ეგე არასადა იდევნა, არამედ კაცთაგან უგუნურთა ქალაქად-ქალაქად პატივ-ეცემის, ხოლო ქრისტჱსნი იდევნებიან. და უფროჲს თქუენსა ჩუენი გარდამატებულად ყუავის და განმრავლდების, რამეთუ ქებულნი იგი თქუენნი და მოზდუდვილნი განიხრწნებიან, ხოლო ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებაჲ და სწავლაჲ, რომელი ტყუვილ გიჩნს თქუენ, და იდევნაცა მრავალ გზის მეფეთაგან უღმრთოთა, ხოლო მადლმან ქრისტესმან აღავსო ყოველი ქუეყანაჲ.
ოდეს სადა ესრჱთ ღმრთისა ცნობაჲ გამობრწყინდა, ანუ ოდეს ესრჱთ სიწმიდჱ და სათნოებაჲ ქალწულებისაჲ გამოჩნდა, ანუ ოდეს ესრჱთ სიკუდილი შეურაცხ იქმნა, -- ანუ არა ოდესცა ჯუარი ქრისტჱსი აღემართა? არავინ აცილობდეს, ხედვიდეს რაჲ მარტჳლთა ქრისტჱსთჳს, შეურაცხისმყოფელთა სიკუდილისა, და ხედვიდესღა ქალწულთა ეკლესიისათა ქრისტჱსთჳს წმიდად და შეუგინებელად გუამთა მათთა დამარხვასა. და არს ესეცა სახედ ჩუენებად ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებისათჳს, ვითარმედ იგი ხოლო არს ჭეშმარიტ ღმრთისმსახურებისათჳს. უკუეთუ თქუენ არღა გრწამს და ეძიებთ სიტყუათა განზრახვასა შეტყუებად, ხოლო ჩუენ არა რწმუნებითა სიბრძნესა წარმართთასა ვაჩუენებთ, ვითარცა თქუა მოძღუარმან ჩუენმან, არამედ სარწმუნოებით ვაუწყებთ, საქმით უსწრობთ2* სიტყუათა მათგან შემზადებულთა. აჰა ესერა არიან ვნებულნი ეშმაკთაგან, რამეთუ იყვნეს ვინმე მისრულ ეშმაკთაგან ურვილნი, და წარმოადგინნა იგინი შოვრის და თქუა: ანუ თქუენ განზრახვითა თქუენითა, გინათუ მეცნიერებითა, გინა გრძნებითა ხადოდეთ კერპთა თქუენთა და განწმიდენით ესენი! უკუეთუ ვერ შემძლებელ ხართ, დასცხერით ცილობად ჩუენდა მომართ და იხილოთ ჯუარისა ქრისტჱშისა ძალი, ვითარ-ესე თქუა, სახეი-სდვა ქრისტესა და დასწერა ვნებულთა სახჱ სამეუფოჲსა ჯუარისაჲ მეორედ და მესამედ, და მყის აღემართნეს კაცნი იგი ცოცხალნი და გონიერნი და ჰმადლობდეს უფალსა. ხოლო რომელთა-იგი წოდებულ იყო ფილოსოფოს, უკჳრდა, და ჭეშმარიტად დაკჳრვებულ იყვნეს გონიერებასა მის კაცისასა და რომელ-იგი იქმნა სასწაულები. ხოლო ანტონი ჰრქუა მათ: რაჲსა გიკჳრს ამისთჳს? არა ჩუენ ვართ, რომელნი ვიქმთ ამას, არამედ ქრისტე არს, რომელი მორწმუნეთა მისთაგან ამას ჰყოფს. გრწმენინ თქუენცა და იქმნენით, ვითარცა ჩუენ, და იხილოთ, რამეთუ არა მეცნიერებაჲ სიტყუათაჲ ჩუენ შოვრის არს, არამედ სარწმუნოებაჲ სიყუარულითა ქრისტჱსგან შეწევნითა, უკუეთუ გაქუნდეს თქუენცა, არღარა სიტყუათა გამოჩინებასა ეძიებდეთ, არამედ სრულიად ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებაჲ შეჰრაცხეთ. ესე სიტყუანი არიან ანტონისნი, ხოლო მათ ესეცა დაუკჳრდა და წარვიდეს და ამბორს-უყოფდეს მას და აღუვარებდეს სარგებელისა ყოფასა მისგან.

და მიიწია ვიდრე მეფისამდე ანტონისთჳს სიტყუაჲ, ვითარცა ესმა ესე კოსტანტინოსს აგჳსტჱსსა და ძეთა მისთა კოსტანტის და კოსტას აგჳსტეთა, და მოსწერდეს მისა, ვითარცა მამისა, და ილოცვედ მიღებად წიგნისა მისგან. არამედ არცაღა წიგნი იგი დიდ რაჲმე შეერაცხა და არცაღა ებისტოლისა მისთჳს თავი სთნდა, არამედ იგივე იყო, ვითარცა-იგი ვიდრე მოწერადმდე მისა მეფეთა. ოდეს მუართუეს მას წიგნი, მოუწოდა მონაზონთა და ეტყოდა: რაჲსა გიკჳრს, უკუეთუ მოსწერს მეფჱ ჩუენდა? რამეთუ კაცივე არს, არამედ უფროჲსღა გიკჳრდინ, რამეთუ ღმერთმან შჯული კაცთა მოუწერა და ძისაგან თჳსისა გუეტყოდა ჩუენ; უნდა, რაჲთამცა არცა მოიღო წიგნი იგი და თქუა: არა ვიცი ესევითართა მიწერაჲ.

ვითარ იიძულა ძმათაგან და ყოველთა მონაზონთა, ვითარმედ ქრისტეანენი არიან მეფენი, რაჲთა არა შეწუხნენ და დაბრკოლდენ, მაშინ უბრძანა აღმოკიხვაჲ და მიწერა, ვითარმედ შეიწყნარნა იგინი, რამეთუ ქრისტესა თაყუანისცემენ, ხოლო აზრახებდა მათ ცხორებისათჳს, და ნუ დიდად მოგითუალავს წარმავალი ესე, არამედ უფროჲსღა მოიჴსენებდით მერმესა მას საშჯელსა და უწყოდეთ, რამეთუ ქრისტჱ მხოლოჲ ჭეშმარიტი, საუკუნჱ მეუფჱ არს; კაცთმოყუარე ყოფად ჰლოცვიდა მათ და რაჲთა იღუწიდენ სამართაისა და გლახაკთასა. ხოლო მათ მიიღეს წიგნი იგი და უხაროდა.

ესრჱთ ყოველთა მიმართ იყო ანტონი საყუარელ, და ყოველნი მამად ჰლოცვიდეს მას, ესრჱთ შესწავებულ იყო ყოველთა. და ესრჱთ რომელნი შეემთხუეოდეს   მას, კაცად-კაცადსა სიტყუასა მისცემნ და მერმე მიიქცის მუნვე მთად. და ჩუეულებაჲ იგი მარხვისაჲ აქუნდა, რამეთუ მრავალგზის მიმავალთა თანა მისა მჯდომარესა და სლვასა შინა განკჳრდის, ვითარცა დანიელსა წერილ არს, და იგი ჟამისა ერთისა შემდგომად ზრახავნ სიტყუასავე მას შემდგომსა, რომელნი-იგი მისრულ არიედ ძმანი, ხოლო რომელნი-იგი მის თანა იყვნეს, ცნიან, ვითარმედ ჩუენებასა რასმე იხილავს იგი. რამეთუ რომელი-იგი ეგჳპტეს იქმნებინ, მრავალგზის მთასა გარე არნ, იხილავნ და უთხრის სერაპიონს ეპისკოპოსსა, შინაგან არნ და ხედავნ ანტონი, უცალო არნ ხილვასა მას შინა.

ამისა შემდგომად ვითარ ჯდა და იქმოდა იგი, რეცათუ დაკჳრვებულ იქმნა და მრავალ ჟამ იყო ჩუენებასა მას და სულთ-ითქუმიდა და მერმე ჟამისა ერთისა შემდგომად მოექცა მათ, რომელნი-იგი მის თანა იყვნეს, და სულთ-ითქუნა, შეძრწუნდა და აღდგა, ილოცვიდა და მოიდრიკნა მუჴლნი, დაყოვნა მრავალ ჟამ და აღდგა და ტიროდა ბერი იგი.

ვითარ შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი მის თანა იყვნეს და ევედრებოდეს სმენად მისგან და ფრიად აურვებდეს, და ვითარ აიძულეს სიტყუად, ხოლო იგი ეგრჱთვე ფრიად სულთ-ითქუმიდა და იტყოდა: ეჰა, შვილნო, უმჯობჱს არს სიკუდილი, ვიდრე ყოფადმდე ხილვისა ამის. მერმე კუალად ევედრებოდა, ხოლო ცრემლოოდა და იტყოდა: მომავალ არს ეკლესიათა ზედა რისხვაჲ და მიცემად არს ჴელთა კაცთასა, მსგავსთა პირუტყუთასა, რამეთუ ვიხილე ტაბლაჲ საუფლოჲ და მახლობელად მისა მდგომარეები ჯორები გარემოჲს ყოვლით კერძო, და უწიხნიდეს შემართ ესრჱთ, ვითარცა-იგი არნ უწესოთა ხლდომაჲ პირუტყუთაჲ და წიხნაჲ.

მერმე სულთ-ითქუმიდა და იტყოდა: აგრძენით სამე, ვითარ-იგი სულთვითქუემდ, რამეთუ მესმა მე ჴმაჲ, ვითარმედ: საძაგელ იქმნნეს საკურთხეველნი ჩემნი. ესე იხილა ბერმან.

და მეორესა წელსა იყო მოსლვაჲ არიანოზთაჲ და აღჭრაჲ ეკლესიათაჲ, ოდეს-იგი ჭურჭელსა წმიდასა სამსახურებელსა მძლავრ მოიტაცებდეს და წარმართთა აჰკიდებდეს, ოდეს წარმართთაცა სავაჭროთაგან აიძულებდეს მისლეად მათ თანა და ფრდიდეს მათ წინაშე სავაჭროსა ზედა, ვითარცა უნდა. მაშინ ჩუენ ყოველთა გულისხმა-ვყავთ, ვითარმედ წიხნაჲ იგი ჯორთაჲ წინაჲსწარ ეუწყა ანტონის, რომელსა-ესე აწ უღმრთონი არიანოზნი იქმან მსგავსად პირუტყუთა.

ვითარცა იხილა ესე ხილვაჲ ესრჱთ, რომელნი-იგი მუნ იყვნეს, ჰლოცვიდა და ჰრქუა: ნუ იურვით, შვილნო, რამეთუ, ვითარცა განრისხნა უფალი, ეგრჱთვე კუალად განკურნოს, და მერმე კუალად ადრე მოიღოს ეკლესიამან სამკაული თჳსი და ეგრჱთვე ჩუეულად ბრწყინვიდენ, და იხილნეთ განდევნილნი კუალად მგელნი იგი და უღმრთოებაჲ მერმე თჳსსავე ბუდესა დატევნილი, ხოლო ღმრთისმსახურებისა სარწმუნოებაჲ კადნიერად ყოვლითა აზნაურებითა ყოველსა ადგილსა, გარნა ნუ სადა შეიგინებით არიანოზთა თანა, რამეთუ არა მოციქულთაჲ არს ესე მოძღურებაჲ, არამედ ეშმაკთაჲ და მამისა მათისა სატანაჲსი და უფროჲსღა პირუტყჳსა და უთესლოისა გონებისაჲ არს, მართლ ვითარცა ჯორთაჲ პირუტყუებაჲ.

ესე არს საქმჱ ანტონისი, ხოლო ჩუენდა არა ჯერ-არს ურწმუნოებაჲ, ვითარმცა უკუე კაცისა მიერ იქმნა ესოდენი საკჳრველი, რამეთუ მაცხოვრისაჲ არს აღთქუმაჲ, ვითარცა-იგი თქუა: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: გარდაიცვალვ ამიერ! და გარდაიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენდა. და მერმე: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რაჲცა სთხოოთ ამასა ჩემსა, მოგცეს თქუენ სახელითა ჩემითა; ითხოვდით, და მოგცეს. და იგი არს, რომელმან მოწაფეთა ჰრქუა და ყოველთა მორწმუნეთა  მისთა: სნეულთა განჰკურნებდით, ეშმაკთა განასხემდით, უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.

არა თუ ბრძანებით ჰკურნებდა წმიდაჲ ანტონი, არამედ ლოცვითა და ქრისტჱს სახელის-დებითა, ვითარმედ ყოველთა მიმართ ცხად არნ, რამეთუ არა იგი ჰყოფნ, არამედ უფალი, რომელი ანტონისგან კაცთმოყუარე ექმნის, და განჰკურნებდა ვნებულთა. ანტონს ლოცვაჲ ხოლო იყო და შრომაჲ, რომლისათჳსცა მთასა ზედა ჯდა და უხაროდა საღმრთოთა მათ ხილვათაჲ და მწუხარე არნ იძულებასა მრავალთასა და გარდამოყვანებასა გარეშე მთასა. რამეთუ მსაჯულნი ყოველნი ევედრებოდეს მას გარდამოსლვასა მთით, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო შესლვაჲ მათი მუნ მათთჳს, რომელნი-იგი შეუდგეს მსაჯულნი, არამედ ევედრებიედ მას, რაჲთა მოვიდეს და იხილნეს იგინი.

ხოლო იგი გარე-მიიქცევნ პირსა მათგან და იჯმნინ, რაჲთა არა გარდამოვიდეს მათა, ხოლო იგინი დადგრომილ არიედ და ჰგებედ მას. და უფროჲსღა თანამდებთა მათ და მჴედართა ქუეშე მყოფთა მიუვლინებედ მას, რაჲთა მათითა მიზეზითა გარდამოვიდეს. რამეთუ ევნებინ მას უნებლიად და ხედავნ მათ გოდებასა შინა, მოვიდის იგი გარეშე მთასა, და არავე ურგებ არნ შრომაჲ იგი მისი, არამედ მრავალთა სალხინებელ ექმნის და სარგებელ მოსლვაჲ იგი მისი. ხოლო
მსაჯულთა სარგებლად აზრახებნ და ეტყჳნ: უფროჲს ყოველთა სამართლად ჰშჯიდით და გეშინოდენ ღმრთისა და უწყოდეთ, რამეთუ რომლითაცა საშჯელითა შჯიდეთ, მითვე განიკითხნეთ.

არამედ უფროჲს ყოველთა მთასა ზედა ყოფაჲ უყუარდა, მერმე ამისა შემდგომად აიძულებდეს მას გარდამოსლვად, რომელთა-იგი უჴმდა. და სპაჲსპეტიცა ვინმე მრავალთაგან ევედრებოდა მას გარდამოსლვად: ვითარ მოვიდა, და ზრახვიდა მას მცირედ ცხორებისათჳს სარგებელად და მვედრებელთა მათთჳს ისწრაფდა.

ხოლო რომელი-იგი იყო დუქსი, აიძულებდა მას და-რე-ყოვნებად. ხოლო იგი ეტყოდა: ვერ შესაძლებელ არს დაყოვნებაჲ ჩემი თქუენ თანა. და მსგავსად განცხრომისა ამას არწმუნებდა და ეტყოდა, რამეთუ: ვითარცა თევზთაღა დაყოვნიან ჴმელსა ქუეყანასა და მოსწყდიან, ეგრეცა მონაზონთა თუ დაყოვნონ თქუენ თანა და თუ თქუენ შოვრის იქცეოდიან, დაჴსნდენ. ჯერ-არს, ვითარცა თევზთაჲ ზღუასა შინა, ეგრეცა ჩუენი მთათა გარე ყოფაჲ, ნუუკუე დავყოვნოთ და დაგუავიწყდეს შინაგანი. ვითარცა ესმა სპაჲსპეტსა მას ესე და სხუაჲცა მრავალი  მისგან, დაუკჳრდებოდა და თქუა: ჭეშმარიტად მონაჲ ღმრთისაჲ არს! და ვინაჲ სატუხისა თანა ესევითარი და ესეთი გონებაჲ, არა თუმცა საყუარელ იყო ესე ღმრთისა?!

ამისა შემდგომად იყო ვინმე სპაჲსპეტი, რომელსა სახელი ერქუა ბალაკიოს. ესთენ მწარედ გუდევნიდა ჩუენ ქრისტეანეთა უღმრთოთა მათთჳს და სახელხენეშთა არიანოზთა სწრაფისათჳს, და ესთენ ფიცხელ იყო იგი, ვითარმედ ქალწულთაცა სცემდა და მონაზონთა სტანჯვიდა შიშუელთა.

მიავლინა მისა ანტონი და მიწერა ებისტოჱ, რომელსა წერილ იყო ესე: ვხედავ რისხვასა მომავალსა შენ ზედა, დასცხერ დევნად ქრისტეანეთა, ნუუკუე რისხვაჲ მოიწიოს შენდა. რამეთუ აჰა ესერა მოვალს. ხოლო ბალაკიოს განიცინნა და ებისტოლესა მას ჰნერწყუა და დააგდო, ხოლო რომელთა-იგი მიართუეს, აგინნა და ამცნო, რაჲთა უთხრან ესე ანტონის: რამეთუ იღუწი შენ მონაზონთათჳს, აჰა ესერა მოვალ შენ ზედაცა. და არღა წარჴდეს ხუთნი ოდენ დღენი, და მოიწია მის ზედა რისხვაჲ. რამეთუ პირველსა სავანესა ალექსანდრიაჲსასა, რომელსა ჰრქჳან ქერეუ, განვიდოდა იგი ბალაკიოს და ნისტორიოს, პიტიახში ეგჳპტისაჲ, და ორნივე სხდეს ცხენთა, რამეთუ იყვნეს ორნივე ბალაკისნი, უმშჳდჱს ყოველთა, რომელნი იზარდებოდეს მისგან. და ვითარ არღა მიწევნულ იყვნეს ადგილსა მას, იწყეს ცხენთა მათ სიმღერად, ვითარცა ჩუეულ იყვნეს, ურთიერთას და მყის უმშჳდჱსმან მან, რომელსა ზედა ჯდა ნისტორი, კბილითა გარდამოიქუა ბალაკიოს და დათრგუნა იგი და ესრჱთ კბილითა მოჰსჭამა ბარკალსხჳლი მისი. და მუნთქუესვე წარიქუეს ქალაქად. და მესამესა დღესა მოკუდა. და ყოველთავე უკჳრდა ესე და იტყოდეს, რამეთუ: რომელ-იგი თქუა ანტონი, ადრე აღესრულა, რამეთუ ესრჱთ განმწარებულთა მათ მოაქცევდა {!}, ხოლო სხუათა, რომელნი-იგი შეემთხუეოდეს მას, ასწავებდა, ვითარმედ მეყსეულად დაავიწყდის საშჯელი იგი და ჰნატრიედ მონაზონთა, რომელთა დაუტევებიეს სოფელი ესე, ესოდენ დაჭირვებულთა ზედა-ადგებინ, რეცათუ არა სხუაჲ ვინმე არნ, არამედ იგი არნ ვნებულ.

და ესრჱთ კუალად ყოველთა მიმართ იყო სარგებელად შემძლებელ, ვითარმედ მრავალთა მჴედართა და მრავალთა მდიდართა დაუტევიან ამის სოფლისა სიმძიმჱ და მიერითგან იქმნიან მონაზონ. და ყოვლადვე, ვითარცა მკურნალი, მიცემულ იყო ღმრთისაგან ეგჳპტესა ნეტარი ანტონი, ვინ მწუხარჱ შეემთხუეოდა მას და არა მოიქცეოდა მხიარული! ვინ მივიდის მისა გოდებით თჳსთა მკუდართათჳს და არა მეყსეულად განიშორებდა გლოვასა! ვინ განრისხებული მივიდოდა და არა მშჳდობად მოიქცეოდა! ვინ გლახაკი მოწყინებული მოვიდოდა და ისმენდა მისსა და ხედვიდა მას და არა შეურაცხ-ჰყოფდა სიმდიდრესა და ნუგეშინისცემულ იქმნებოდა სიგლახაკისათჳს! ვინ მონაზონი შეურვებული მივიდის მისა და არა უფროჲს განძლიერდებოდა! ვინ ჭაბუკი მივიდა მთად, და იხილის რაჲ ანტონი, და არა დასცხრის გულისთქუმისაგან და შეიყუარის სიწმიდჱ! ვინ მოვიდოდა მისა ეშმაკისაგან განცდილი და არა განისუენებდა! ვინ გულის-სიტყუათაგან ურვილი მივიდოდა, და არა დამშჳდნა გონებაჲ მისი!

და რამეთუ ესე დიდი იყო მონაზონებაჲ ანტონისი, ვითარცა პირველად ვთქუ, მადლი განკითხვისაჲ სულთაჲ აქუნდა და იცოდა მათი იგი ძრვაჲ, და ვითარძი ვის მათგანსა აქუს ზედა-მისლვაჲ და სწრაფაჲ ძჳრის-ზრახვად. და არა ხოლო თუ იგი მოიკიცხებოდა მათგან, არამედ შეურვებულთაცა გულისსიტყუათა მათ მიერ იგი ასწავებნ, რაჲთა შეუძლონ მათთა მათ ძჳრისზრახვათა გარე-მიქცევად, უთხრობნ ძჳრისმოქმედთა მათ. ზაკულებათა და უძლურებათა. და თითოეული {!} ვითარცა სალბუნითა განკურნებული მის მიერ, მიერითგან გარდამოვიდოდეს კადნიერად ცნობათაგან ეშმაკისათა და მსახურთა მისთაჲსა.

და რავდენთა თხოილთა ქალწულთა ვითარცა იხილეს ხოლო მიერ მდინარესა ანტონი, დაადგრეს ქრისტესთჳს ქალწულებასა. მოვიდოდეს სხჳთ საზღვრით მისა, რომელთა-მასაცა ყოველთა თანა სარგებელ ეყოფოდა, და მიიქცეოდეს თჳსსა ადგილსა და ვითარცა მამისაგან წარიგზავნებოდეს.

ამისთჳსცა უკუე აღ-რა-ესრულა იგი, ყოველნი, ვითარცა ობოლნი, შევიქმნენით მამისაგან, გარნა ჴსენებითა ხოლო მისითა ნუგეშინისცემულ ვიქმნენით და მოვიჴსენებდით სწავლათა და ნუგეშინისცემათა მისთა.

და ვითარ-იგი იყო აღსრულებაჲ ცხორებისა მისისაჲ, ჯერ-არს ჩემდა მოჴსენებად და თქუენდა სმენად გულსმოდგინედ. და ესეცა მისი საწადელი იქმნა, რამეთუ მსგავსად ჩუეულებისა მოხედვა-ყო მონაზონთა, რომელნი იყვნეს გარე მთასა, რამეთუ წინაჲსწარ ეუწყა ღმრთისაგან თავისა თჳსისა აღსრულებაჲ, და ეტყოდა ყოველთა ძმათა, ვითარმედ: ამას გეტყჳ თქუენ: უკუანაჲსკნელსა ხილვასა ვჰყოფ და მიკჳრს, უკუეთუ კუალად თავნი ჩუენნი ამას სოფელსა ვიხილნეთ, რამეთუ ჟამი არს ამიერითგან ჩემისა განსლვისაჲ და ვარ მე ას და ხუთის წლის.

ხოლო მათ ვითარცა ესმა, ტიროდეს და გარე-მოეხუეოდეს და ამბორს-უყოფდეს ბერსა მას. ხოლო იგი, ვითარცა უცხოჲთ ადგილით, მივიდოდა თჳსა ქალაქად და სიხარულით იტყოდა, ამცნებდა მათ და ასწავებდა: ნუ სულმოკლე ხართ შრომასა, ნუცაღა მოგეწყინებინ მარხვაჲ, არამედ რეცათუ დღითი-დღედ მოსწყდებით, ესრეთ ცხოვნდებოდეთ და, ვითარცა პირველად ვთქუ, ისწრაფდით სულისა თჳსისა დაცვად მწინკულევანთაგან გულისსიტყუათა და მობაძავ იყვენით წმიდათა და ნუ მიეახლებით მელიტიანოზთა მწვალებელთა, რამეთუ იცით მათი იგი ზაკულებაჲ და შეგინებული გონებაჲ; ნუცაღა ზიარებაჲ გაქუნ რაჲმე უღმრთოთა მიმართ არიანოზთა, რამეთუ მათი იგი უღმრთოებაჲ ყოველთა მიმართ საცნაურ არს. ნუცაღა, უკუეთუ იხილნეთ, ზედა-რაჲ-ადგებოდიან მსაჯულნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ წარჴდეს, მოკუდავი და საწუთროჲ არს მათი იგი უცნებაჲ. უფროჲსღა წმიდად თავნი თქუენნი მათგან დაიცვენით და დაჰმარხეთ მამათა მოცემული, უფროჲსღა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ღმრთისმსახური სარწმუნოებაჲ, რომელ-იგი წიგნთაგან ისწავეთ და ჩემ მიერ მრავალგზის მოგაჴსენე, ხოლო ძმანი იგი აიძულებდეს მათ დადგრომად მათ თანა და მუნ აღსრულებაჲ. ხოლო მან არა თავს-იდვა და მრავლისათჳს, ვითარცა-იგი რეცა დუმილით, გამოუცხადებდა უფროჲსღა ამისთჳს, რამეთუ მეგჳპტელთა აღსრულებულთა მონაზონთა გუამთა, უფროჲსღა წმიდათა მოწამეთა, ჰყუარობინ დამარხვად და წარგრაგნად ამრენაკსა და არა დაფლვად ქუეყანასა, არამედ კიდობანსა შინა დადებად და დამარხვად შინა თჳსისაგან; ჰგონებედ, ვითარმედ ამით პატივ-სცენ აღსრულებულთა.
ხოლო ანტონი მრავალგზის ამისთჳს ეპისკოპოსთა ევედრებოდა, რაჲთა ამცნონ ერსა, და ერისკაცთაცა კდემნ და დედათა ასწავებნ და ეტყჳნ: არცაღა შჯულიერ, არცა ყოვლად ღირს არს ესე საქმედ, რამეთუ მამათმთავარნი და წინაწარმეტყუელნი, ვიდრე აქა ჟამადმდე ჩანან საფლავნი, და იგიცა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისაჲ ყოვლად წმიდაჲ იგი გუამი სამარესა დაიდვა, და ლოდი დასდვეს, და დაემალა იგი, ვიდრემდის აღდგა მესამესა დღესა. და ამას ეტყოდა და უჩუენებდა, ვითარმედ უშჯულოება არს სიკუდილისა შემდგომად არა დაფლვაჲ გუამთა აღსრულებულთაჲ. დაღათუ წმიდა იყოს, და რაჲმე უფროჲს არს ანუ უწმიდჱს უფლისა გუამისა? მრავალთა ისმინეს და დაჰფლვიდეს ქუეყანასა მიერითგან და ჰმადლობდეს უფალსა, რამეთუ კეთილად  ისწავეს. ხოლო მან ესე იცოდა და ეშინოდა, ნუუკუე მისიცა გუამი ესრე ყონ.

ისწრაფა, წარემართა იგი და იჯმნა მათგან, რომელნი-იგი მთსა გარე იყვნეს მონაზონნი, და შევიდა შინაგან მთასა. სადაცა ჩუეულებაჲ აქუნდა ყოფად. და მცირედთა თუეთა შემდგომად დასნეულდა და მოუწოდა, რომელნი-იგი იყვნეს მის თანა, რამეთუ ორნი იყვნეს, რომელნი დაადგრეს მის თანა ათხუთმეტ წელ მონაზონებასა, რომელნიცა ჰმსახურებდეს მას სიბერისათჳს. მიუგო და ჰოქუა მათ: აჰა ესერა, ვითარცა წერილ არს, გზასა მამათასა წარვალ, რამეთუ ვხედავ მე თავსა ჩემსა წოდებულსა უფლისა მიერ, ხოლო თქუენ ფრთხილ იყვენით და  მრავალთა ჟამთა შრომასა თქუენსა ნუ წარსწყმედთ, არამედ აწ რეცათუ გიწყიეს, ისწრაფდით დამარხვად გულსმოდგინებასა თავისა თქუენისასა. რამეთუ იცნით ძჳრისზრახვანი იგი ეშმაკთანი და გიხილავს, ვითარ-იგი მძჳნვარე არიან, არამედ უძლურ ძალითა. ნუ გეშინინ მათთჳს, არამედ უფროჲსღა მარადს ქრისტესა გსუროდენ და მისი გრწმენინ. დაღაცათუ დღითი-დღედ მოსწყდებით, ეგრე ცხოვნდებოდეთ. ეკრძალენით თავთა თქუენთა და მოიჴსენებდით, რომელი-იგი გესმა სწავლაჲ ჩემგან. და ნუცაღამცა ერთი რაჲ არს ზიარებაჲ მწვალებელთა მათ თანა მელიტიანოსთა, ნუცა ყოვლად მწვალებელთა მიმართ არიანოზთა.

იცით სამე, ვითარ-იგი მე მათგან გარე-მივიქცეოდე ქრისტჱს მბრძოლისა მისთჳს და უცხოდ მადიდებელისა გონებისა მათისა, ხოლო თქუენ ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მვგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა. ესრჱთ შეჰრაცხეთ, ამას ზრახევდით და თუ რაჲმე გჭირდეს ჩემთჳს, მომიჴსენეთ მე, ვითარცა მამაჲ, და ნუვის უტევებთ გუამსა ჩემსა წარღებად ეგჳპტედ, ნუუკუე სახლთა თჳსთა დადგან. ამის მადლისათჳსცა შემოვედ მთად და მოვედ აქა.

იცით სამე, ვითარ-იგი მარადის ვაყენებდი მათ, რომელნი-იგი ამას იქმოდეს  და ვამცნებთ დაცადებად ესევითარსა ჩუეულებასა. დაჰფალთ გუამი ესე ჩემი თქუენდა ქუეყანასა დაფარეთ. და იყავნ ჩემი ესე სიტყუაჲ დამარხულ თქუენ მიერ, და ნუმცა ვინ იცის ადგილი იგი თჳნიერ თქუენსა. რამეთუ მე აღდგომასა მკუდართასა მოვიღო იგი მაცხოვრისაგან უხრწნელი. განყავთ სამოსელი ჩემი და ათანასის ეპისკოპოსსა მიეცით ერთი ხალენი და რომელ-იგი დავირეცი სამოსელი, რომელ-იგი მან მომცა ახალი და დაძუელდა. და სერაპიონს ეპისკოპოსსა მიეცით ერთი იგი ხალენი, და თქუენ გაქუს ძაძისა სამოსელი. და აწ ჯმნულ იყვენით, შვილნო, რამეთუ ანტონი წარვალს და არღარა თქუენ თანა არს.

და ამბორს-უყო მათ და განირთხნა ფერჴნი თჳსნი და, ვითარცა მეგობართა თჳსთა, ხედვიდა მომავალთა ანგელოზთა და მათთჳს მხიარულითა პირითა მოაკლდა  და შეეძინა იგი წმიდათა მამათა. ხოლო მათ, ვითარცა მოსცა მცნებაჲ, წარგრაგნეს  გუამი იგი მისი სამოსელსა და ქუეყანასა დაჰფლეს და დაფარეს. და არავინ იცის. სადა დამალულ არს, თჳნიერ ორთა მათ ხოლო. და მათ მოიღეს თითოეულად {!} ხალენი იგი წმიდისა ანტონისი და ძუელი იგი  სამოსელი და, ვითარცა დიდსა საფასესა, ეგრე ჰმარხვიდეს. და იგინი ვითარცა ანტონის ხედვედ. და შე-რაჲ-იმოსიან იგი, ვითარცა მოძღურებაჲ მისი, ჰმოსიედ. ესე -- ჴორცთა ცხორებისა ანტონისი აღსასრული და იგი მონაზონებისა დასაბამი. და თუ მცირედ არს ესე მისა მიმართ სათნოებისა, არამედ ამის გამო განიზრახეთ თქუენცა, რაბამ იყო კაცი იგი ღმრთისაჲ ანტონი, რომელმან სიჭაბუკითგან ვიდრე ესევითარისა ჰასაკისამდე ერთბამად დაიმარხა გულსმოდგინედ მონაზონებაჲ. არცაღა სიბერითა მოუძლურდა მრავალფერისათჳს საჭამადისა, არცაღა უსუსურობისათჳს ჴორცთაჲსა შეიცვალა ხატი სამოსლისა თჳსისაჲ, ანუ და-სადმე-იბანნა ფერჴნი წყლითა და ესრჱთ დაადგრა, და ეგო უვნებელად; და თუალნი ცოცხლად ეგნეს, და კეთილად ხედვიდა; და კბილთაგანი არცაღა ერთი მოჰვარდა. გარნა გრძილნი ხოლო კბილთა მისთანი მოსდნეს მრავლითა მით ჰასაკითა სიბერისაჲთა; ხოლო ჴელნი და ფერჴნი მისნი ცოცხლად დამარხულ იყვნეს, და ყოვლად და ყოველთა უფროჲს, რომელნი ფერად-ფერადსა საზრდელსა და აბანოსა და სამოსელსა თითოფერსა იჴუმევდეს, უბრწყინვალჱს მათსა ჩნდა და ძალითა უგულსმოდგინეჲს. და ყოველთა ადგილთა ესე განთქუმულ იყო და საკჳრველ ყოველთაგან და სასურველ იყო ყოველთა, რომელთა-იგი არა ეხილვა სათნოებისა და ღმრთისმოყუარებისა სულისა მისისაჲ. არს ესე საცნაურ არა მწიგნობრობისაგან, არცაღა გარეშეთაგან სიბრძნისა, არცაღა მეცნიერებით, არამედ ღმრთისმსახურებითა ხოლო ანტონი იცოდეს ყოველთა, ესე ღმრთისა ნიჭი ვერვინ უვარ-ყოს, ვინაჲ სპანიას და გალიას, ანუ ვითარ ჰრომეს და აფრიკეთს მთასა ზედა დაფარული მჯდომარჱ განითქუა. არა თუ ღმერთმან ყოველსა ადგილსა თჳსნი იგი კაცნი გამოუცხადნის, რომელმანცა-იგი ანტონის პირველად აღუთქუა, დაღათუ იგინი ღმრთისათჳს დაფარულად იქმედ და დავიწყებაჲ უნებნ, არამედ ღმერთმან იგინი, ვითარცა სანთელნი, უჩუენნის ყოველთა, რაჲთა ესრჱთ, რომელთა ესმეს, იცოდიან შემძლებელ ყოფად მცნებანი ღმრთისანი და წარსამატებელად და საბაძველად სათნოებისა მის გზისა მოღებისათჳს. ესე აწ სხუათაცა ძმათა აღმოუკითხეთ, რაჲთა ისწაონ, ვითარ ღირს მონაზონთა ცხორებაჲ ყოფად, და ჰრწმენეს, რამეთუ უფალმან და მაცხუვარმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მადიდებელნი თჳსნი ადიდნის. და რომელნი ჰმონებედ მას ვიდრე აღსასრულადმდე, არა ხოლო თუ სასუფეველსა ცათასა შეიყვანნის, არამედ აქაცა დაფარულნი და რომელნი ისწრაფიედ განშორებად სოფლისაგან, განცხადებულ და განთქუმულ ყვნის მათითა სათნოებითა და სხუათა სარგებლისათჳს ყოველსა ადგილსა ადიდნის. და თუ საჴმარ იყოს, წარმართთაცა აღმოუკითხეთ, რაჲთა ესრჱთ ოდენ ცნან, რამეთუ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე არა ხოლო თუ ღმერთ არს და ღმრთისა ძე, არამედ რომელნი ამას ჭეშმარიტად ჰმსახურებენ და ჰრწამს მართლ მისა მიმართ ეშმაკთა, რომელთა-იგი წარმართნი ჰგონებედ ღმრთად, ამათ ქრისტეანენი ამხილებედ არა ხოლო თუ რამეთუ არა არიან ღმერთ, არამედ და-ცა-სთრგუნვენ, ვითარცა მაცთურთა განმხრწნელთა კაცთასა. აღიწერა ათანასისგან ეპისკოპოსისა ალექსანდრელისა სადიდებელად სამებისა წმიდისა: მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.