[სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე იოანე საბანისძის მიმართ]*

მე, სამოელ ქრისტესმიერ ქართლის კათალიკოსი, უფალ იოანე საბანისძეს, წმინდა კათოლიკე ეკლესიის სულიერ შვილს და ჩვენთვის საყვარელს, ლოცვით უფლის მიერ მოგიკითხავ. მშვიდობა იყოს შენზე და შენი სახლის მთელ კრებულზე ქრისტეს მიერ. ჩვენ თავად ვიცით შენი წადიერება ღვთისმსახურებისთვის, შენი ღვთივმიმადლებული ცოდნა საღვთო წიგნებისა და შენიგულმოდგინება კარგი საქმეების სამოღვაწეოდ. შენ თვით იცი ამ სანატრელი ახალი მოწამის აბოს შესახებ, რომელიც ამ დღეებში ეწამა ჩვენს და მთელი ჩვენი ქვეყნის, ქართლის, მეოხად ქრისტეს მიმართ.

მნებავს, რომ დაიწეროს ამ სანატრელის "მარტვილო-ბაც" (როგორც იმ პირველი ქრისტესმოწამეებისა) და დაიდოს ესეც წმინდა კათოლიკე ეკლესიაში ყველასთვის გასახსენებლად, ვინც კი ჩვენს შემდეგ იქნება. ამის გამო ვგზავნი შენთან ამ წერილს ჩემი მღვდლის ხსართანის ხელით. ახლა მიიღე ეს წერილი, ჩემი დალოცვა და ჯვრის დაწერა ჩემი ხელისგან, და შენც ღვთის – მამის, ძისა და სულიწმინდის – შეწევნით, აგრეთვე ღვთისმშობლის, წმინდა მოციქულებისა და მოწამეების მეოხებით შეუდექი სრული ჭეშმარიტებით გადმოცემას, როგორც იყო და როგორც შენ თვითვე იცი, და აღწერე წმინდა მოწამე აბოს მარტვილობა, აღწერილი კი ჩვენ მოგვიტანე, რომ უფრო მეტად ვილოცოთ შენთვის. მადლი უფლისა იყოს შენზე. ამინ.

---------------------------------------------------

* დასათაურება პირობითია

წერილზე   პასუხი   იოანეს   მიერ

ჩემი ღმრთივპატიოსანი პატრონისა და ბატონის მარადსაწადელი და თაყვანსაცემი ბრძანება მივიღე სიწმინდისმოყვარე ხსართან მღვდლის ხელით, რის გამოც ჩემი ხელების ზეაპყრობით ჩემმა უღირსებამ მადლობა შესწირა ყოვლადძლიერსა და ქველმოქმედ ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, რომელმაც არ გახადა დავიწყებული ჩემი სიმდაბლე თქვენს ღვთისშემწყნარებელ წმინდა ლოცვებში, რომელთა მიღების ღირსიც გავხდი მე; ამასთან, უფრო მეტად ვაქებ და ვაკურთხებ მე ღვთის მოწყალებას, რომელმაც შთანერგა პატრონის გულში ამგვარი [საქმის] გამო ბრძანების [გაცემა], რაც ჩემთვის გახდება სარგებელი და ნაყოფი სულისა და სიამაყე და სიხარული ხორცისა საუკუნოდაც და ამ სოფელშიც.

ახლა რაღა მოვახსენო თქვენს უფლებამოსილებას? მძიმეა ჩემთვის ორივე მხრივ. თუკი ვეურჩები თქვენს ბრძანებას, დაწერილია, რომ "ურჩი შვილი წარსაწყმედელს მიეცესო" (იგავ. 13.1), ხოლო თუ მორჩილებას მოვინდომებ, ამისთვისაც ამბობს იგი, რომ "შენზე ღრმას ნუ გამოეძიებ და შენზე ძლიერს ნუ გამოიკვლევო" (ზირ. 3.22). ამის გამო  შიშმა და წუხილმა შემიპყრო მე, შეშფოთდა  ჩემი გონება, დავეცი და მოვაკლდი ცოდნას, მაგრამ უმჯობესად მივიჩნიე ჩემი ბატონის ბრძანებისადმი ჩემი თავის დამორჩილება, რითაც კვლავ გავძლიერდი  და  აღვემართე თქვენი ღვთისსათნო წმინდა ლოცვითა და ღვთისადმი მარადის ძღვნის მიმწოდებელი თქვენი მარჯვენის მიერ ჩემზე, უღირსზე, ჯვრის  გადაწერით. ამასთან, ვისწავლე ბრძენთმთავარი სოლომონის მიერ ნათქვამიც: "მიჰბაძე ჭიანჭველას, ზარმაცო, და გახდი მისებრ მშრომელი" (იგავ. 6.6-9), რადგან ისევე როგორც იგი შეებმება გულმოდგინედ მასზე  უფრო დიდ ხორბლის მარცვალს, მანამ სანამ არ აიღებს მას და არ წაიღებს თავის საზრდოდ,  ასევე  მეც გულმოდგინება მაქვს იმისა,  რომ "ავიღო" ჩემზე  უფრო "ძლიერი" და უფალმა აღავსოს  ჩემი  გულის  წადიერება.

და  ჩემი  უღირსი  გონების  მიერ აღვწერე შემოკლებული მარტვილობა, ჭეშმარიტი და უტყუარი,  წმინდა მოწამისა, მისივე მადლითა და მეოხებით, და მოგართვი ჩემს ბატონს, რისთვისაც კვლავ  ვითხოვ ვედრებით: მოსაწონი გახადოს უფალმა [ეს აღწერილობა] თქვენს გულში და მთელი ქრისტესმოყვარე ხალხის გულში, ვინც კი აღმოიკითხავს მას, რომ კვლავ და კვლავ თქვენი ლოცვების მოზიარე გახდეს ჩემი უღირსება.


იანვრის  თვის  7-ში

წმინდა და ნეტარი მოწამის აბოს წამება

რომელიც   ეწამა   ქართლში,   ქალაქ თბილისში,   სარკინოზთა   ხელით, გამოთქმული   საბანის   ძის   იოანეს   მიერ სამოელის,   ქრისტესმიერ   ქართლის კათალიკოსის,   ბრძანებით

პირველი თავი: ღვთისმსახური და მარტვილთმოყვარე კრებულისთვის თხრობა, უწყება და სწავლება, და ამ ახალი მოწამის აბოს ხსენება.

მეორე თავი: ნეტარი აბოს ქართლში შემოსვლა და ნათლისღება.

მესამე თავი: წმინდა აბოს მარტვილობა.

მეოთხე თავი: სანატრელი წმინდა მოწამე

პირველი თავი

შეკრებილ   ღვთისმსახურთა   მიმართ   უწყება, მარტვილთმოყვარეთათვის   სწავლება   და   ამ ახალი   მოწამის,   წმინდა   აბოს   ხსენება.

მამისთვის საყვარელნო, და ქრისტეს მეგობარნო და მონანო, და სულიწმინდის სამკვიდრებელნო, გხედავთ თქვენ როგორც ღვთისგან შეცნობილთ და ღვთის შემცნობელთ. მიტომაც გიწოდეთ თქვენ ქრისტეს მონებად და მეგობრებად; "მონებად" იმის გამო, რომ "მისი პატიოსანი სისხლით ხართ თქვენ ნაყიდი" (Iკორ. 6.20), ხოლო "მეგობრებად" იმიტომ, რომ მისი შექმნილები და დ აბადებულები ვართ და მისი სიყვარულით მოვნათლულვართ.

ახლა, გევედრებით თქვენ ქრისტეს მიმართ, რომ წადიერი გულით მომაპყროთ თქვენი ეგ ხილული ყურთასმენა, უფრო კი თქვენი გულისა და გონების ეგ გრძნობადი ყურნი გახსნათ მოსასმენად და უმასპინძლოთ ამ ჩემს სიტყვებს, რადგან [ეს სიტყვები] ქრისტესთვის არის და მისი სანატრელი მოწამეებისთვის, რომ მიიღოთ ისინი თქვენი სხეულის კარავში და სამყოფელი მოუმზადოთ მათ, რადგან უფალს ნებავს დამკვიდრება თქვენი [სხეულის] ნაწილებში, როგორც თქვა ეს წმინდა პავლე მოციქულმა, ეკლესიათა მოძღვარმა: "ტაძრები ხართ ღვთისა და სულიწმინდაა დამკვიდრებული თქვენში" (კორ. 3.16). უფალიც ამბობს წინასწარმეტყველის მიერ: "მე მოვალ და დავმკვიდრდები თქვენში" (ზაქარ. 2.10), და წმინდა სახარებაში კი ამბობს: "ღვთის სასუფეველი თქვენს გულებშია" (ლკ. 17.21).

ამიტომ, საყვარელნო, ნუ მოგეწყინებათ ამ სიტყვათა სმენა, რომ ფუჭად არ დავშვრეთ, - მე სიტყვით, თქვენ კი სმენით, - რათა ერთად მოგვცეს ჩვენ უფალმა ჩვენი გარჯის საზღაური.

ამასთან, არათუ მარტოოდენ ჩემთვის არის საშური წმინდა მოწამის ამ საწადელი მარტვილობის სმენა, არამედ, ასევე, მართებს ყველა თქვენგანს, რომ გაკვირვებაში იყოს ჩემთან ერთად, რომლებიც კი "მეშვიდე ათასწლეულში", - ამ "შემოკლებულ დროში", - ვდგავართ, რა დროისთვისაც უფალი ამბობს: "ბევრი შეცდება და ბევრს შეაცდენენ" (მთ. 24.5.11), და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთეს: "მოვა დრო, როდესაც ამ მაცხოვნებელ მოძღვრებას აღარ განიკუთვნებენ, არამედ საკუთარი სურვილისამებრ თვითონვე შეიკრებენ მოძღვრებას ყურთა ქავილით, როდესაც ჭეშმარიტებისგან მიაბრუნებენ ყურთასმენას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან" (II ტიმ. 4.3-4), რაც ხდება კიდეც ახლა ამ დროს ჩვენს შორის, რადგან მრავალი ჩვენგანი, რომლებიც მიწის ამ კიდეში ვართ, ამ ჩვენმა ზედამხედველებმა, ამჟამინდელმა ბატონ-პატრონებმა, თავიანთი თვითრჯულობითი მოძღვრების მზაკვრობით ქრისტესგან განდგომილებმა, სასტიკისა და სივერაგის გზით და საცთურების ხრიკით შეაცდინეს და გადადრიკეს ჭეშმარიტების გზისგან, და ისინი, რომლებიც ხუთასი წლის განმავლობაში და უფრო ადრეც ნათლისღების წმინდა მადლით არიან რჯულდებულნი, ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას აცდნენ. იმ დროიდან დღემდე ქრისტიანთა შვილები გადააგვარეს, ნაწილი – ძალადობით, ნაწილი – მოტყუებით, ნაწილი – ახალგაზრდული უმეცრებით, ნაწილი – მზაკვრობით, სხვები კი, რომლებიც ვართ-ღა მორწმუნეები, ძალადობის ქვეშ დამონებულნი და სინაკლულითა და სიგლახაკით, როგორც რკინით, შეკრულები, მათი ხარკის ქვეშ გვემულები, დატანჯულები და მეტად მძიმედ ვნებულნი, შიშით ვილევით და ვირხევით, როგორც ლერწმები - ძლიერი ქარისგან, მაგრამ, ჩვეულებისამებრ მამაპაპეული მსვლელობისა, ქრისტეს სიყვარულითა და შიშით, და ჭირთა მოთმენით, არ შორდებიან ღვთის მხოლოდშობილ ძეს.

ასეთ დროს გამოჩნდა ახოვნად ეს წმინდა მოწამე, რომელიც არათუ თავიდანვე ჩვენგანი იყო, არამედ მოვიდა იგი, უცხო უცხო რჯულით, უმეცარი ჩვენი სარწმუნოებისა, და ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, შეემეცნა, რის გამოც დღეს წმინდა და ახალი მოწამის ამ ახალმა დღესასწაულმა და ზეიმმა კვლავ გვირგვინი დაადგა ეკლესიას და ქრისტიანთა მთელი კრებული ერთბაშად გაანათა. ყველა პიროვნება ღირსი გახდა ამ დღეს ქრისტეს, ჩვენი ჭეშმარიტი ღვთის, მიმართ მეტისმეტი მადლიერების შეწირვისა, რადგან გაორმაგდა ღვთისგამოცხადების ეს დღესასწაული და მამაღმერთის მადლმა თავისი საყვარელი ძის ჩვენდამი გამოჩინებით და მისი წმინდა სულის გადმოსვლით სარწმუნოებისგან დაწნული გვირგვინი თავის მარტვილებს დაადგა ეკლესიის თავზე, რის გამოც დღესასწაულთა ეს სიმრავლე, როგორც გვირგვინი, გარშემო ადგას მას და ღვთისმოყვარეებს ჩვეულება აქვთ ყოველჟამს მასში შეკრებისა საღვთო დიდებისათვის, რადგან თავიანთი ერთად შეკრებით მრავალ ღვთისმსახურებას აჩვენებენ, თუმცა არათუ ფუჭ განცხრომათა და საჭმელთა ნაყროვნების განუძღომლობა იჩენს თავს მათში, არამედ ყველა გემრიელი საჭმლის სანაცვლოდ საღვთო სიტყვათა ძალა ტკბილად გამოდის მათი პირიდან, ვინაიდან წინასწარმეტყველის სიტყვა ხმოვანებს მათში: "ტკბილია ჩემს სასაში შენი სიტყვები, უფალო, თაფლზე მეტად – ჩემს პირში" (ფს. 118.103). მართლაც, საჭმელთა შეკრებას განძღომაც ახლავს, ხოლო ღვთის სიტყვათა გახსენებას არ ახლავს განძღომა ღვთისმოყვარე სულებისთვის, და კიდევ, "მის წმინდა მარტვილთა ხსენებით ვინ განძღება მარტვილთმოყვარე?". ამასთან, მათ ერთგულებაც აქვთ უფლისადმი, რადგან ასე ეუბნება უფალი თავის წმინდანებს: "ვინც თქვენ მიგიღებს, მე მიმიღებს" (მთ. 10.40). ამიტომ, უფრო გულმოდგინედ იმ საღვთო [საქმეებისთვის] ხდება მათი შეკრება: იქ წარმოადგენენ ისინი ცხონების სიტყვებს, იქ იზრდება წმინდა სამების სარწმუნოება, იქაა სიტკბოების სწავლებანი, მადლის მოძღვრებანი, მამათმთავართა მშვენიერება, წინასწარმეტყველთა დიდება, მოციქულთა ქადაგებანი, მოწამეთა მოღვაწეობა, ქრისტეს თავდებობა ჩვენთვის – ვნება, რადგან სიმტკიცე და სიხარული ხდება ჭაბუკებისთვის თხრობა ქრისტეს მოღვაწეთა სიმხნის შესახებ, სიამაყე და მხიარულება მოხუცებულთათვის – ხსენება მარტვილთა ღვაწლისა, საწადელი და სასურველი მღვდელთათვის და ეკლესიის ყრმათა, მოწაფეთა და შვილთათვის – წმინდანთა დღესასწაულის ზეიმი, და ემსგავსება მათი ხმები ეკლესიის შიგნით გალობისშემსხმელ ანგელოზებს, და სულიწმინდა, თაყვანცემული, ხარობს მათ    შორის,   და   მამა   იდიდება,   და   ძის   ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა იქადაგება, რადგან ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა და 3ეტად უხვმა უფალმა, რომელმაც არ უგულებელყო ადამიანთა ურვა და კაცთა სიყვარულის გამო წმინდა ქალწულისგან ხორცი შეიმოსა, თავისი წმინდა ხორცით სამოთხიდან გამოვარდნილი ადამიანი, დაცემული, ზეცისკენ აიხმო, და აღირსა მას მიუწვდომელი საიდუმლო, - იესო ქრისტეს ქვედადაბლება ჩვენთვის, ის, რაც [აქამდე] არ არსებობდა, და შენარჩუნდა ის, რაც არსებობდა – ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს დიდება, რადგან ქვედადაბლდა იგი, გვიხსნა ჩვენ, ამაღლდა ზეცად, საიდანაც გადმოვიდა, თან აიყვანა ჩვენი ეს მიწისაგანი კაცება და [ეს კაცება] მჯდომარეა მამის მარჯვნივ, რაც საკვირველად შეიერთა [მისმა] ღმრთეებამ განგებულებით, რომელიც ამ ორივე ბუნებით იქადაგება ერთ ძედ, ღმერთად და ადამიანად განყოფის გარეშე, იგივე არის რა სახელით "ემმანუელი – ღმერთი და ადამიანი ჩვენთან" (შდრ. მთ. 1.23), "რათა მისი სახელის მიმართ მოდრკეს ყველა მუხლი ზეცისათა, ამქვეყნისათა და ქვესკნელის [მკვიდრთა] და ყველა ენამ აღიაროს" მისი სახელი (შდრ. ფილიპ. 2.10-11), რადგან საშინელია, წმინდაა, ყოვლადძლიერია, საკვირველია, უფალია და ყოვლისმპყრობელია მისი სახელი. არ ძალგვიძს ჩვენ მივწვდეთ მისი სახელის სიმდიდრეს, მაგრამ, ჩემი უძლურებისა და თქვენი გულმოდგინების შესაბამისად, შევუდგები იმის უწყებას თქვენთვის, საყვარელნო, რომ არის იგი კარი, გზა, ტარიგი, მწყემსი, ლოდი, მარგალიტი, ყვავილი, ანგელოზი, კაცი, ღმერთი, მატლი, მიწა, მარილი, მატლი, მდოგვის მარცვალი, სიმართლის მზე, უკვდავი მამის ძე, ერთი ღმერთი – გარდაუქმნელი, განუქარვებელი, შეუცვლელი, რადგან გარდაუქმნელი და განუქარვებელია ღმრთეების ბუნება [მისი] ხორცშესხმისა და [ადამიანურ ბუნებასთან] შეერთების შემდეგ, რომლის შესახებაც, თუკი შევძლებ, თითოეულ ამ სახელდებასთან დაკავშირებით ჭეშმარიტს გაუწყებთ თქვენ, თუმცა კი გაუწყებთ მისივე მადლით თქვენ, ქრისტესმოყვარეებს:

"კარი" ეწოდა, რადგან თქვა: "მე ვარ კარი ცხვრებისა" (ი. 10.7), ვინაიდან ჭეშმარიტად მის მიერ, როგორც სასუფევლის კარში, შევდივართ მისდამი მორწმუნეები.

"გზა" ეწოდა, რადგან თქვა: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (ი. 14.6), ვინაიდან გზა ხდება იგი ჩვენთვის, ზეცად ამსვლელთათვის.

"ტარიგი" ეწოდა, "რადგან ჩვენთვის დაიკლა" (Iკორ. 5.7) და მარადის ცოცხალია და საუკუნო ცხოვრებას გვანიჭებს თავისი ხორცისა და სისხლის ჩვენდამი განაწილებით.

"მწყემსი" ეწოდა, რადგან თქვა: "მე ვარ კარგი მწყემსი" (ი. 10.14). ჭეშმარიტად ასეა, რადგან მოგვაქცია მან გზასაცდენილი ცხვრები, ამასთან, ლომი, ჩვენი მტერი, ჯვრის კვერთხით მოკლა, ხოლო ამ ლომისგან განადგურებული სხეული პირველქმნილი [ადამიანისა] თავისი ღმრთეების ძალით კვლავ გააცოცხლა და შხამიანი მგლის ნაკბენი თავისი ჭრილობით განკურნა, მომაკვდინებელი შხამი კი თავისი ღმრთეების წამლით გააქარწყლა, აღასრულა რა წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი სიტყვა: "დაიჭრა იგი ჩვენი ცოდვების გამო და მისი ჭრილობით ჩვენ განვიკურნეთ" (ეს. 53.5).

"თავსაკიდური ლოდი"
ეწოდა წინასწარმეტყველის მიერ (ფს. 117.22), რადგან იგია, რომელიც შეურაცხყოფილი და უკუგდებული გახდა , მღვდელთმოძღვართა და მწიგნობართა მიერ, ებრაელთა ტომისგან იერუსალიმში, თუმცა მთელი ცისქვეშეთის თავი გახდა იგი.

"მარგალიტი" ეწოდა (შდრ. მთ. 13.45-46), რადგან იგი, როგორც მარგალიტი, ღმრთეებით ბრწყინდება ორ ფიცრს – სულსა და ხორცს – შორის, რომელსაც სასუფევლის ღვთისმოყვარე ვაჭრები სარწმუნოებით ეძიებენ არა როგორც ღმერთს შიშველს და ადამიანს ლიტონს, არამედ როგორც ღმერთსა და ადამიანს, და ისინი მთელი საუნჯის დახარჯვით და თავიანთი სისხლის დანთხევითაც კი სარწმუნოებით ყიდულობენ მხოლოდ მას, დიდფასიანს.

"მარილი" ეწოდა, რადგან ჩვენს ამ ცოდვით შერყვნილ ხორცს მიეახლა, კერპთმსახურების სიმყრალე გაგვაშორა და ჩვენი სულები ღმრთისმსახურების სარწმუნოებით სურნელოვნად შეაზავა.

"ყვავილი"
ეწოდა,  რადგან  იესეს  ძირიდან  ყვავილად აღმოცენდა (ეს. 11.1) ეკლესიაში წმინდა ქალწულ მარიამისგან ხორციელად, ხოლო ღმრთეების სურნელებით მადლის სული მოჰფინა ჩვენზე.

"ანგელოზი" ეწოდა, რადგან წინასწარმეტყველის მიერ სახელად აქვს მას "დიდი განზრახვის ანგელოზი, საკვირველი" (ფს. 9.6), რომელიც მამის მიერ მხსნელად მოვიდა ჩვენთან.

"ადამიანი" ეწოდა, რადგან წინასწარმეტყველმა თქვა: "ადამიანია და ვის ეცოდინება იგი" (იერ. 17.9). ჭეშმარიტად სრული ადამიანობა შეიმოსა მან ცოდვის გარეშე და თავისი ღმრთეება ჩვენ გამოგვიცხადა.

"ღმერთი" ეწოდა, როგორც თქვა ნეტარმა იოანე მახარებელმა: "ღმერთი იყო ის სიტყვა და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, რამდენიც კი შეიქმნა" (ი. 1.3).

"სინათლე" ეწოდა მის მიერვე, რადგან თქვა: "იყო ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ასინათლებს ყველა ადამიანს, ამქვეყნად მომსვლელს" (ი.1.9).

"მიწა"
ეწოდა, როგორც თქვა დავითმა: "მიწამ გამოიღო თავისი ნაყოფი. გვაკურთხე ჩვენ, ღმერთო, ღმერთო ჩვენო" (ფს. 66.7). ჭეშმარიტად, მიწის დამბადებელი მიწაზე მოვიდა და მიწის მტვრით შექმნილთაგან აღმოცენდა მიწიდა ნ მიწამტვრის ბუნების მქონე ხორცი, როგორც მშვენიერი ჯეჯილი, და ნაყოფად გამოიღო თავისი წმინდანები: მოციქულები, მოწამეები, მართალნი, და ეს დაწყევლილი მიწა კურთხევის ნაყოფით აავსო.

"მდოგვის მარცვალი" ეწოდა, რადგან იმცირებს იგი თავის თავს და მიემსგავსება ჩვენს აღნაგობას, რომ ჩვენი სულის ხნულში დაირგოს, ღრმად გაიბას ძირი, თავისი ჯვრის რტოებზე შეგვკრიბოს, ამაღლდეს და თავის თავთან ერთად ჩვენც   აგვამაღლოს.

"მატლი" ეწოდა,  რადგან  თქვა:  "მატლი ვარ და არა ადამიანი" (ფს. 21.7), ვინაიდან ღმრთეების გამობრწყინებით თავისი ეს ღმრთეება როგორც ანკესი თავის სხეულში დაფარა ისე როგორც მატლში, ჩააგდო იგი ამ სოფლის ზღვაში და ამოიღო როგორც კეთილმა მეთევზემ, რის შესახებაც ამბობს: "შეიპყრობ დიდ ვეშაპს ანკესით და გააცვამ მას ყბებზე აღვირს და კაუჭს მის ცხვირში" (შდრ. იობ. 40.20-21). ეს არის ეშმაკი, რომელიც შეიპყრო მან და შემუსრა მისი მზაკვრობები, რის შესახებაც მოწმობს დავით მეფსალმუნე: "შენ შემუსრე იმ ვეშაპის თავები" (ფს. 73.13-14).

"სიმართლის მზე" ეწოდა, რადგან თქვა წინასწარმეტყველმა: "და გამოგიბრწყინდებათ თქვენ, მისი სახელის მოშიშთ, სიმართლისმზე, რომელსაც აქვს კურნება თავისი ფრთების ქვეშ" (მალაქ. 4.2), ვინაიდან სწორედ იგია, რომელიც იფარავს და ათბობს, და "არაფერია, რაც დაეფარება მის სიცხეს".

ხოლო არათუ მე თვითონ განგიმარტეთ თქვენ ამათგან რაიმე, საყვარელნო, ქრისტესმოყვარენო და სწავლისმოღვაწენო, არამედ ამას მოწმობს საწინასწარმეტყველო წიგნები, მოციქულთა ქადაგება, წმინდა სახარებათა ნაწერები და ნეტარ მამათა და მოძღვართა მიერ დადგენილი სარწმუნოება, რადგან უეჭველი სარწმუნოება დიდი საუნჯეა მორწმუნეებისთვის, რომლებიც მადლს იღებენ შენგან, ზეცათა მამაო, ღმერთო და უფალო ცხოვრებისმომცემელო, ვინაიდან ქრისტიანთა სარწმუნოება დიდი მოძღვრებაა . ამ მადლით გეთაყვანებიან შენ მართალნი, გაკურთხევენ შენ წმინდანნი, გაღიარებენ შენ მარტვილნი, ღირსნი ხდებიან რა დევნულებისა შენს გამო, რომელიც ევნე ჩვენთვის, ქრისტე ღმერთო. ისინი მოწმობენ შენს მიმართ, შენ გაფარებენ თავს და არაფრად აგდებენ ეშმაკის მაცთუნებლობასა და მის მსახურთა ძალადობას, რადგან არათუ მარტოოდენ ბერძნებმა მოიპოვეს ეს ღვთისმიერი სარწმუნოება, არამედ - ჩვენც, ამ შორეულმა მოსახლეებმა, როგორც მოწმობს უფალი და ამბობს: "მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაამის, ისააკისა და იაკობის წიაღში" (შდრ. მთ. 8.11). აჰა, ქართლის მოსახლეებსაც აქვთ სარწმუნოება და წოდებულია [ქართლი] წმინდანთა დედად, რომელთაგან ერთნი საკუთრივ აქაური მცხოვრებნი იყო, მეორენი კი – უცხონი და სხვა ადგილიდან მოსულნი დრო და დრო, მოწამეებად რომ ჩნდებოდნენ ქრისტე იესოს, ჩვენი უფლის მიერ, რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

მეორე   თავი

წმინდა მოწამე აბოს ქართლში შემოსვლა და ნათლისღება

რადგან იყო დრო, როდესაც ქართლის ერისთავი სახელით ნერსე, ადარნესე კურაპალატისა და ერისთავის ძე, ხმობილ იქნა ბაბილონის ქვეყანაში სარკინოზთა იმჟამინდელი ხელისუფლის, ამირა მუმნი აბდილას მიერ, რომელიც იყო დიდ ქალაქ ბაღდადში, მან რომ ააშენა; ხოლო ბოროტი ადამიანების დაბეზღებით საპყრობილეში ჩააგდო მან ნერსე, ქართლის ქვეყნის ერისთავი, და შეპყრობილი იყო იგი იქ სამი წლის განმავლობაში, სანამ, ღვთის ბრძანებით, არ მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და არ დაჯდა მის ნაცვლად მისი ძე მაჰდი, ქველმოქმედმა ღმერთმა კი დააჯერა მაჰდი ამირა მუმნის გულს ნერსეს გაშვება, გამოიყვანა იგი იმ მწარე საპყრობილისგან და კვლავ ერისთავად გამოუშვა აქ, მის ქვეყანაში.

ახლა მსურს, ქრისტესმოყვარენო, რომ ამიერიდან ამ წმინდა და სანატრელი მოწამის აბოს შესახებ  გაუწყოთ, როგორ ან რაგვარად მოხდა, ან საიდან მოაღწია მან აქ. იგი იყო აბრაამის შთამომავალი,   ისმაელის ძეთაგან, სარკინოზთა ტომიდან, და არათუ უცხო მოდგმისა ანდა ხარჭის ნაშობი, არამედ  ყოვლითურთ არაბთა მოდგმისა მამით და დედით, რომლის მამა და დედა, ძმები და დები იმავე ბაბილონის ქალაქ ბაღდადში იყვნენ. და იყო იგი ახლგაზრდა ჭაბუკი, თითქმის თვრამეტი წლისა ანდა უფრო მცირედის, ცვიდმეტი წლისა. მან ისურვა ნერსე ერისთავთან ერთად აქ წამოსვლა და მსახურად გაუხდა მას. იყო იგი ოსტატი, სურნელოვანი საცხებლების კარგად შემზავებელი; ამასთან, განსწავლული იყო აბრაამის ძის ისმაელის ძეთა, აგარის შთამომავალ სარკინოზთა მწიგნობრობაში.

ხოლო აქედან ჩვენი ქვეყნისკენ წამოსვლა არათუ თვითონ გადაწყვიტა თავისი თავით, არამედ ისევე როგორც ნეტარ აბრაამს უთხრა უფალმა იმავე ქალდეველთა ქვეყანაში: "გამოდი შენი ქვეყნიდან, შენი მოდგმისგან და შენი მამის სახლიდან და მოდი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ მე შენ" (შესაქ. 12.1), ამგვარადვე ესეც ასევე, შთამომავალი აბრაამისა, არათუ თავისი გონებით, არამედ ღვთისმიერი ნიშანცემით იქნა ხმობილი. ამიტომ, დატოვა მან მამა, დედა, ძმები, დები, ნათესავები, საქონელი, ყანები, როგორც უფალი წმინდა სახარებაში (მთ. 19.29), და წამოვიდა აქ, ნერსეს დამგზავრებული ქრისტეს სიყვარულისთვის. როდესაც მოვიდა იგი ქართლში, ცხოვრობდა იგი ნერსე ერისთავთან, თავისი სათნოებით საყვარელი გახდა მთელი ხალხისთვის და ამას დაუმატა ისიც, რომ ისწავლა ქართული წერა-კითხვა და თავისუფლად ლაპარაკი.

მაშინ შეუდგა იგი ძველი და ახალი რჯულის წმინდა საღვთო წიგნების წვდომასა და შესწავლას, რადგან უფალი მცოდნეს ხდიდა მას. და მოდიოდა იგი წმინდა ეკლესიაში და მუდამჟამს ისმენდა წმინდა სახარებისას, საწინასწარმეტყველოთა და მოციქულთა საკითხავებს, და მრავალი რჯულისმეცნიერისგან გამოიკითხავდა და სწავლობდა, ხოლო ზოგიერთს თითქოსდა შეპაექრებითად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სწავლის მიზეზად უხდებოდა მას ეს.

აი, ასე გახდა იგი სრულქმნილი მთელი იმ მოძღვრებით, რაც აქვს წმინდა კათოლიკე ეკლესიას ქრისტეს მიერ.

მაშინ უგულებელყო მან მუჰამედის რჯული, მიატოვა მამისეული ლოცვის წესი, შეიყვარა ქრისტე მთელი გულით და გამოირჩია იგი ამ სიტყვით: "მითხრეს მე ურჯულოებმა მოძღვრება, მაგრამ არ იყო ისე, როგორც შენი რჯული" (ფს. 118.85), თუმცა ვერ აცხადებდა თავის თავს სრულ ქრისტიანად, ფარულად კი მარხულობდა და ლოცულობდა ქრისტეს მიმართ და ეძებდა დაცულ ადგილს, სადაც მიიღებდა ქრისტეს ნათელს, რადგან ეშინოდა მას ქვეყნიერების დამპყრობი ჩვენი ზედამხედველი სარკინოზებისგან.

და მოხდა იმ დღეებში სარკინოზ ხელმწიფეთა ხელახალი განრისხება ნერსე ერისთავის მიმართ, და განერიდებოდა იგი, რადგან სასტიკად ებრძოდა მას სარკინოზების ჯარი, უფალმა კი დაიფარა იგი მათი ხელებისგან; და გაიარა მან ოსეთის კარი, რომელსაც დარიალანი ეწოდება, ხოლო გავიდა რა, იყო მასთან ერთად მისი ჯარისგან მარტოოდენ დაახლოებით სამასი მამაკაცი  და  მათთან  ერთად  იყო  ქრისტეს  ეს  სანატრელი მონა  აბოც.  ნერსე  კი,  დევნილი  თავისი  ქვეყნიდან,  შევიდა ჩრდილოეთის  ქვეყანაში,  სადაც  არის  სამკვიდრებელი  და სამყოფელი  მაგოგის  ძეებისა,  რომლებიც  არიან  ხაზარები –  ადამიანები  ველურები,  საშინელი  შესახედაობით,  მხეცის ბუნებისანი,   სისხლიანის   მჭამელნი,   რომლებსაც   რჯული არა  აქვთ,  არამედ  მარტოოდენ  შემოქმედი  ღმერთი  იციან.

და როდესაც მივიდა ნერსე ერისთავი ხაზართა მეფესთან, მიიღო მან იგი უცხოობისა და თავისი   მტრებისგან დევნულებისათვის და მისცა მას და მთელ მის ხალხს საჭმელი და სამოსი.

მაშინ, როდესაც ნახა ნეტარმა აბომ, რომ გაშორებულია იგი სარკინოზების საშიშროებასა და ძალადობას, იჩქარა მისულიყო ქრისტესთან და მოინათლა მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით პატიოსანი მღვდლების ხელით, რადგან სულიწმინდის მადლით მრავლად არის ჩრდილოეთის ქვეყანაში ქალაქები და სოფლები, რომლებიც ქრისტეს სარწმუნოებით ცხოვრობენ უშფოთველად.

ამის შემდეგ ქრისტეს მადლით უფრო მეტად ავსებული ნეტარი აბო მიეცა მარხვასა და ლოცვას დაუბრკოლებლად.

მაშინ, გარკვეული დროის შემდეგ, შეევედრა ნერსე ჩრდილოეთის მეფეს, რომ გაეშვა იგი იქიდან აფხაზეთის ქვეყანაში, რადგან თავიდანვე ჰყავდა მას გაგზავნილი იქ დედა, ცოლი, შვილები, შენაძენნი და მისი სახლისგან ყველანი, ვინაიდან დაცული იყო ეს ქვეყანა სარკინოზთა საშიშროებისგან. ამასთან, ღმერთმა მოალბო ჩრდილოეთის მეფის პიროვნება და გაუშვა მან ნერსე მრავალი საბოძვარით. და გაემართნენ ისინი სიხარულითა და ღვთისადმი მადლიერებით, გაიარეს ქვეყანა წარმართებისა, რომლებმაც საერთოდ არ იციან ღმერთი, და საშიშროების გარეშე მიდიოდნენ დღე და ღამე სამი თვის გზაზე, ხოლო ნეტარი აბო ამდენი დღის განმავლობაში ლოცულობდა გზაზე, მარხულობდა და არ წყვეტდა ფსალმუნებას.

და როდესაც მიაღწიეს მათ აფხაზეთის ქვეყანას, ამ ქვეყნის მთავარმა მიიღი ნერსე მთელი მისი ხალხით. როდესაც ნახა ნერსემ დედოფალი - თავისი დედა, ცოლი და თავისი ძეები, ყველანი სიხარულით აკურთხებდნენ ღმერთს მათი ჯანმრთელად და მშვიდობიანად შეხვედრის გამო.

მაშინ, როდესაც ეუწყა აფხაზეთის მთავრს ნეტარი აბოს შესახებ, რომ ახალი მონათლულია იგი, გაიხარა მეტად ცმთელი თავისი ხალხით; და მოუხმეს მას მთავარმა, ეპისკოპოსმა და მღვდლებმა და აკურთხევდნენ, ანუგეშებდნენ, ამცნობდნენ ცხონების სიტყვებს, ახარებდნენ ქრისტეს გამო და საუკუნო ცხოვრებისთვის, ის კი თავის მხრივ მადლიერებიტ მიუგებდა მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების სიტყვებს, იმგვარად, რომ უკვირდათ კიდეც მათ და ადიდებდნენ ღმერთს. ნეტარი აბოც უფრო მეტად ჰმადლობდა ღმერთს, ნახა რა ის ქვეყანა ქრისტეს სარწმუნოებით სავსე, რადგან ურწმუნოთაგანი არავინ არის მათ საზღვრებში, ვინაიდან მათ საზღვრად არის პონტოს ზღვა, ყოვლითურთ ქრისტიანთა სამკვიდრებელი ვიდრე საზღვრამდე ქალდეისა, და ტრაპეზუნტი იქ არის, სამყოფელი აფსარიისა, და ნაფსის ნავსადგური, და არის ეს ქალაქები და ადგილები ქრისტესმსახური იონთა მეფის საბრძანებელი, რომელიც საყდრობს დიდ ქალაქ კონსტანტინოპოლში.

ხოლო წმინდა და ნეტარმა აბომ, როდესაც ნახა იმ ადგილის ადამიანთა მეტისმეტი ღვთისმოყვარეობა და შეუწყვეტელი ლოცვა მთელი ხალხისა, საღვთო შური აიღო, რადგან გაიხსენა მან წმინდა მოციქულის სიტყვა: "კარგია მარადის კარგის გამო ბაძვა" (გალ. 4.18). დაიწყო მანაც იანვრის თვის ზამთრის დღეებში, ამ თვის ჩვიდმეტში, წმინდა მამის ანტონის ხსენებისას, და იტვირთა მანაც მკაცრი მოღვაწეობა, ქალაქის შიგნით, როგორც უდაბნოში, შეებმოდა მტერს – ეშმაკს და დუმილითა და მარხვით აუძლურებდა თავისი სიჭაბუკის სხეულს" "რომ შესძლებოდა ეშმაკის ყველა გახურებული ისრის ჩაქრობა" (ეფეს. 6.16). გაიხსენა მან ჩვენი მაცხოვრის შესახებ, თუ როგორ დასძლია მან, წმინდა ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გასულმა, ის მზაკვარი განმცდელი, ეშმაკი, ორმოცდღიანი წმინდა ლოცვითა და მარხვით. ამგვარადვე, ეს ნეტარი აბო ერთ სიტყვასაც კი აღარ ამბობდა ადამიანთა შორის, არამედ მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა თავის წმინდა ლოცვაში. ასე განვლო მან სამი თვე და იმყოფებოდა მარხვითა და დუმილით, ხოლო დიდი მარხვის წმინდა დღეებში, შვიდ შვიდეულში, მხოლოდ კვირასა და შაბათ დღეს, მას შემდეგ, რაც მიიღებდა იგი წმინდა საიდუმლოს, ქრისტეს და ხორცსა და სისხლს, მაშინღა სინაკლულით იღებდა საჭმელს, სანამ არ დადგა ის წმინდა დღე, დიდი დღესასწაული აღვსება, ჩვენი ღვთის ქრისტეს აღდგომა. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა მან მკაცრი მარხვა, თავისი ენაც გახსნა უსიტყვობისგან და ადიდებდა ღმერთს.

ხოლო ქართლიდან ნერსეს დევნულების შემდეგ გამოგზავნა მაჰდი ამირა მუმნმა, ღვთის ბრძანებით, ნერსეს დისწული, გურგენ ერისთავის ძე სტეფანოზი ქართლის ქვეყნის ერისთავად მისი დედის ძმის ნერსეს ნაცვლად. მაშინ გაიხარა ნერსემ, რომ არ გააშორა უფალმა უფლებამოსილება მისი სახლიდან. ამიტომ, ისიც უფრო გულმოდგინედ მოწადინებული გახდა, გამოგზავნა შუამავლები და ითხოვა ხელისუფალთაგან, ამ ქვეყნის ამირებისგან, რომ უსაფრთხო გაეხადათ იგი ბოროტისგან და მთელი მისი სახლით თავისუფლად შემოსულიყო [ქართლში]. და როდესაც წამოვიდნენ ისინი აფხაზეთის ქვეყნიდან, მაშინ ნეტარ აბოს მოუხმო აფხაზეთის მთავარმა და უთხრა: "ნუ გახვალ შენ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლის ქვეყანა სარკინოზებს უკავიათ, შენ კი წარმოშობით სარკინოზი ხარ და არ დაგანებებენ შენ, რომ ქრისტიანად იყო მათ შორის. ამიტომ, მეშინია მე შენს გამო, რომ არ გაგაშორონ შენ კვლავ ქრისტეს სარწმუნოებისგან ნებსით ანდა უნებლიეთ და არ დაღუპო შენი ამდენი შრომა". მაგრამ ნეტარმა აბომ უთხრა: "მას შემდეგ, რაც შემიწყნარა მე ქრისტემ, ჩემი თავდაპირველი უმეცრების სიბნელე გამაშორა მე და თავისი სინათლის ღირსი გამხადა, არასოდეს უარვყოფ მის სახელს; თუნდაც რომ ოქროსა და ვერცხლის სიმრავლე მომცენ მე ანდა ტანჯვითა და გვემით განმსაჯონ მე, ვერ განმაშორებენ ჩემი უფლის სიყვარულს, ახლა კი შენ ნუ შემაჩერებ მე, ღვთისმსახურო, რადგან რა მადლი იქნება ჩემი აქ ყოფნა, სადაც არ არის არც შიში, არც სიკვდილი ქრისტესთვის? ახლა გევედრები, გამიშვი მე, რომ ცხადად ეუწყოთ ქრისტესმოძულეებს ჩემი ქრისტიანობა, ვინაიდან მსმენია მე წმინდა სახარებისგან ჩვენი მაცხოვრის მიერ ნათქვამი: "არავინ აანთებს სანთელს და არ შედგამს მას საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე გადგამს, რომ უნათებდეს ყველას; ასე ბრწყინავდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე" (მთ. 5.15-16), და ახლა მე რატომ დავფარო ეს ჭეშმარიტი სინათლე, რითაც გამანათლა მე ქრისტემ? არასოდეს დავიმალები მე სიკვდილის შიშით, რადგან ვისწავლე მე წმინდა მოციქულისგან: "ვერც მხდალნი დაიკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (Iკორ. 6.9-10). ამიტომ, არ მეშინია მე სიკვდილისა, რადგან მე სასუფეველს ვეძიებ ქრისტესგან" და ასე დააჯერა მან მთავარი და [მანაც] გაუშვა.

და წამოვიდა იგი ნერსესთან ერთად ქართლის ქვეყანაში, შემოვიდა ქალაქ თბილისში და მიმოდიოდა გაცხადებულ ქრისტიანად. ხოლო როდესაც ნახეს იგი ქრისტიანად იქ მყოფმა სარკინოზებმა, რომლებიც თავიდანვე იცნობდნენ მას, მათგან ნაწილი უსაყვედურებდა, ნაწილი აგინებდა, ნაწილი აშინებდა, ნაწილი დევნიდა, ნაწილი მშვიდობიანი სიტყვით არწმუნებდა, მაგრამ იგი გამყარებული იყო ქრისტეს მიმართ და არავისგან ძრწუნდებოდა, არამედ სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა ქალაქში და გარშემო ყველა სოფელში გაცხადებულ ქრისტიანად, თუმცა "ვერავინ გაიწოდა მისკენ ხელი უკეთურად, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო" (ი. 7.10), ქრისტესმოყვარე ადამიანები კი, რომლებმაც იცოდნენ ღვთის მიმართ მისი სათნოება, პატრონობდნენ მას საჭმლითა და სამოსით.


მესამე თავი

წმინდა აბოს წამება

რომლებიც ხართ ქრისტეს მოყვარეები და მარტვილთმოყვარეები, მიიღეთ ჩემგან ეს სანატრელი ამბავი წმინდა მოწამისა და ქრისტესმოღვაწისა, თუ როგორი  სიმხნითა და დიდებით გახდა იგი გვირგვინოსანი ქრისტეს  მიერ.

ჩვენი  უფლის იესო ქრისტეს მეუფების ჟამს, ვნებიდან და მკვდრეთით აღდგომიდან რვაასოთხმოცდამეათე წელს, კონსტანტინოპოლში, ამ დიდ ქალაქში, ლეონის ძის კონსტანტინეს მეფობისას, სარკინოზთა შორის მაჰდის ძის მოსე ამირა მუმნის მეფობისას, ქართლში სამოელის კათალიკოსობისას და გურგენის ძის სტეფანოზის ერისთავობისას დასაბამიდან გასულ ექვსიათასსამასოთხმოცდაცხრა წელს, იანვრის თვის ექვსში, პარასკევ დღეს, განცხადებას, შევიმეცნეთ ამ წმინდა და ნეტარი მოწამის, კეთილადმოღვაწე აბოს მარტვილობა ქალაქ თბილისში.

ხოლო  იყო  ამგვარად:

რამეთუ ამ დღეებზე ცოტა ხნით ადრე შეიპყრეს ქრისტეს ეს ნეტარი მოწამე, მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც იყო ქალაქ თბილისში, და დაატყვევეს საპყრობილეში, რამდენიმე დღის შემდეგ კი გამოითხოვა იგი ქართლის ერისთავმა სტეფანემ, გამოიყვანა საპყრობილიდან და გაუშვა, მაგრამ ცოტაოდენი დღის შემდგომ კვლავ ამოქმედდნენ ამ წმინდა მოწამის დამბეზღებლები, განრისხებულნი და აღბორგებულნი, შურით სავსენი ქრისტიანთა მიმართ, შეთანხმებულად პირი შეკრეს მათ ერთმანეთში წმინდანის წინააღმდეგ, შევიდნენ მსაჯულთან, რადგან სხვა მსაჯული ამირა იყო შემოსული ქალაქ თბილისში, და უთხრეს მას: "არის ამ ქალაქში ერთი ჭაბუკი, რომელიც იყო წარმოშობით სარკინოზი, გაზრდილი და მცხოვრები იმ რჯულით, რომელიც მოგვცა ჩვენ მუჰამედმა, ჩვენმა მოციქულმა, და ახლა მიუტოვებია მას ეს ჩვენი რჯული, თავის თავს ქრისტიანად ამბობს, უშიშრად დადის ქალაქში და ბევრ ჩვენგანს ასწავლის ქრისტიანად გახდომას. ახლა ბრძანე მისი შეპყრობა და ჩააგდე იგი სატანჯველსა და გვემაში, სანამ არ აღიარებს ჩვენი მოციქულის მუჰამედის რჯულს, ხოლო თუ არა, მოკვდეს იგი, რომ მისი ქადაგებით არ გაუხდეს მას მბაძველად ბევრი".

როდესაც ისინი ამას აბეზღებდნენ, გაიგონეს ეს ვიღაც ქრისტიანმა ადამიანებმა, სწრაფად მივიდნენ  და უთხრეს ნეტარ აბოს: "ახლა უკვე გეძებენ შენ, რომ შეგიპყრონ, გტანჯონ და გგვემონ", და არწმუნებდნენ  მას, რომ გარიდებულიყო და დამალულიყო. მაგრამ მან უთხრა მათ: "მე არა მარტოოდენ ტანჯვისთვის ვარ გამზადებული ქრისტეს გამო, არამედ სიკვდილისთვისაც", და გამოვიდა იგი  სიხარულით  და  მიმოდიოდა ქუჩებში გაცხადებულად.

მაშინ წააწყდნენ  ნეტარ  აბოს  მსაჯულის  მსახურები, შეიპყრეს იგი და შეიყვანეს იგი მსაჯულთან.

და უთხრა მსაჯულმა: "რა არის, რაც მესმის შენს შესახებ, რადგან ხარ შენ მოდგმით და ტომით სარკინოზი, მაგრამ მიგიტოვებია მამისეული რჯული და ქრისტიანებთან ერთად შემცდარხარ? ახლა გაემზადე და ილოცე იმ რჯულით, რომლითაც გაგზარდეს შენ შენმა მშობლებმა". მაგრამ ნეტარი აბო გაძლიერდა ქრისტეს მიერ, აივსო სარწმუნოების სულით და უთხრა მსაჯულ ამირას: "ეგ კარგად თქვი, რომ ვარ მე წარმოშობით სარკინოზი, სარკინოზობაშივე შობილი მამის მხრივაც და დედის მხრივაც. განსწავლული ვიყავი მუჰამედის რჯულში და ვცხოვრობდი მასში, სანამ უმეცრებაში ვიყავი, მაგრამ როდესაც ისათნოვა ღმერთმა, რომელმაც გამომირჩია მე ჩემს ნათესავთა და ძმათა შორის, მიხსნა მე თავისი ძისა და ჩემი ღვთის იესო ქრისტეს მიერ და შემაცნობინა მე უფრო კარგი სიკეთე, მაშინ დავტოვე მე კაცთა ოსტატობით შეწმასნილი ის პირველი რჯული და ზაპრობის სიბრძნით ნახელოვნები რწმუნებულობა და ახლა შევუდექი მე წმინდა სამების – მამის, ძისა და სულიწმინდის - ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მომადლებულს ქრისტეს მიერ; ამით მოვნათლულვარ და ამასვე ვცემ თაყვანს, რადგან ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი, და ახლა ყოვლად უცილობლად ქრისტიანი ვარ. უთხრა მას მსაჯულმა: "მიატოვე სიშლეგის ეგ განაზრახი და თუკი შენი სინაკლულის გამო ხარ ქრისტესადმი შედგომილი, მე უფრო მეტად მოგცემ შენ საბოძვარსა და პატივს ახლავე". უთხრა მას ნეტარმა აბომ: "შენი ოქრო და ვერცხლი შენთანვე იყოს შენი თავის დასაღუპად. მე პატივს ადამიანებისგან არ ვეძიებ, რადგან მაქვს მე საბოძვარი ქრისტესმიერი, ცხოვრებისა და უხრწნელების გვირგვინი და საუკუნო პატივი ცათა შინა".

მაშინ ბრძანა მსაჯულმა, რომ შეეკრათ იგი რკინის ბორკილით ხელზე და ფეხზე, და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში, ამ ნეტარს კი უხაროდა, ჰმადლობდა უფალს და ამბობდა: "გმადლობ შენ, უფალო და მაცხოვარო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, რადგან შენი წმინდა სახელისათვის განსჯისა და პყრობილების ღირსი გამხადე მე" (და მოხდა ეს დეკემბრის თვის ოცდაშვიდში, სამშაბათ დღეს, ქრისტეს მოციქულის, პირველდიაკონისა და პირველმოწამის, ყველა მოწამის მხედართმთავრის წმინდა სტეფანეს ხსენებისას. მართებული და შესაფერისიც ასე იყო, რომ ეღვაწა მისთვის ყველა მარტვილის მხედართმთავარს თავის ყველა მოწამესთან ერთად, რომ არ დაბრკოლებულიყო ეს უკანასკნელი მოწამე ქრისტესი და თანაშერაცხვოდა იგი მათეულ ახოვანებას).

და იმყოფებოდა ნეტარი აბო საპყრობილეში მარხვით, ლოცვითა და ფსალმუნებით დღე და ღამე შეუსვენებლად და აღასრულებდა იგი ქველმოქმედებას, რადგან გაყიდა მან ყველაფერი, რაც ჰქონდა, და ზრდიდა მასთან ერთად პატიმრობაში მყოფ მშივრებსა და გაჭირვებულებს, ხოლო ცრუმოძღვრები და დამბეზღებლები შედიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ მას, ერთნი, თითქოსდა მომფერებლური სიტყვით: ‘შვილო, ნუ გაიწირავ შენს თავს, ნურც შენს სიჭაბუკეს გაყიდი ქრისტიანობაზე და ნურც შენს ძმებსა და ნეთესავებს გაშორდები, რომ არ შეამთხვიო ცუდი რამ შენს თავს და შეგვაწუხო ჩვენ ყველანი”, მეორენი კი მათგან აშინებდნენ მას და ეუბნებოდნენ: "რა სარგებელი იქნება შენთვის შენი ქრისტე ანდა ვინ გიხსნის შენ ჩვენი ხელისგან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გაგვიმზადებია შენთვის, თუკი არ მოიქცევი ჩვენკენვე”. მაგრამ ის ნეტარი არ ისმენდა მათსას, არამედ ლოცულობდა და მოუწყინებლად ფსალმუნებდა თავისი გონებით, და მათი მრავალი სიტყვის შემდეგ უთხრა მათ: "ჩემს მიმართ ნურაფერს იტყვით, რადგან "მე როგორც ყრუს, არ მესმოდა და როგორც მუნჯი არ გახსნის თავის პირს; ვიყავი მე როგორც სმენის არმქონე ადამიანი, რომლის პირშიც არ არის სიტყვა, რადგან მე უფალს ვსასოებ" (ფს. 37.14-16). "გამშორდით მე, უკეთურნო, და გამოვიძიებ მე ჩემი ღვთის მცნებებს" (ფს. 118.115). და რადგან ვერ შეარყიეს ეს მართალი, გამოვიდნენ იქიდან შერცხვენილები.

და იყო ეს ნეტარი საპყრობილეში ცხრა დღე. ყოველდღე მარხულობდა იგი და ღამისთევით რჩებოდა განთიადამდე, მეცხრე დღეს კი უთხრა მასთან ერთად საპყრობილეში მყოფ ყველა ქრისტიანს და სხვებსაც: "ხვალ არის ჩემი გასვლა ხორცთაგან და მისვლა ჩემს უფალთან და ღმერთთან იესო ქრისტესთან", რადგან უფალმა გამოუცხადა ეს თავის მოწამეს. მაშინ გაიხადა მან თავისი სამოსი და გასცა იგი გასაყიდად, რომ ეყიდათ მისთვის სანთლად კერეონები და საკმეველი, და დააგზავნა ისინი ქალაქის ყველა ეკლესიაში, რომ აენთოთ. ამასთან, ვედრებით შეუთვალა ყველა მღვდელს, რომ ელოცათ მისთვის, რათა არ დაბრკოლებულიყო იგი ქრისტეს სარწმუნოებაში და ღირსი გამხდარიყო ქრისტეს მოწამეთა მოღვაწეობისა, მან კი იმ დღესასწაულის წმინდა ღამეს, ღამისთევისას, აიღო თავის ხელებში ორი დიდი სანთელი, დადგა საპყრობილის შუაში და თავის ფეხებზე მდგომარე დარჩა ვიდრე განთიადამდე სრულიად დაუჯდომლად, ვიდრე არ დაასრულა ფსალმუნნი და არ დაიწვა სანთლები მის ხელებში, მისსავე კისერზე რკინით შეჭედილებში; და ამბობდა იგი, შეურყევლად ფეხზე მდგომი: "წინასწარ ვხედავდი უფალს, ჩემს წინაშეა მარადის, რადგან ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევირყიო" (ფს. 15.8), და შემდგომი სიტყვები.

და როდესაც გათენდა მეათე დღე, [დღე] მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულისა, რაც არის იანვრის თვის ექვსში, იყო ის დღე პარასკევი, და თქვა ამ ნეტარმა: "დიდია ჩემთვის ეს დღე, რადგან ვხედავ ორივე მხრივ ჩემი უფლის იესო ქრისტეს მძლეობას, ვინაიდან ამ დღესასწაულის ჟამს ჩავიდა იგი მოსანათლად იორდანის მდინარეში გაშიშვლებული და წყალთა სიღრმეში დამალული ვეშაპის თავები შემუსრა ღმრთეების ძალით. მმართებს მეც ამ დღეს, რომ განვიშორო ჩემი სხეულის შიში, რაც სამოსელია ჩემი სულისა, ჩავიდე, როგორც წყალთა სიღრმეში, ამ ქალაქში და მოვინათლო ჩემი სისხლით, ცეცხლითა და სულით, როგორც იქადაგა ეს იოანე წინამორბედმა, შემდეგ კი, ამასთან, ჩავიდე წყალთა შიგნითაც და კვლავ გავნათლდე (რადგან დღეს არის სულიწმინდის გადმოსვლა ყველა წყალზე, რითაც ინათლებიან ქრისტეს მორწმუნეები იორდანის ნაკადულთა მსგავსად), და ჩემი სხეულის გაშიშვლებით მზაკვარი მტრის ხრიკები, რაც ჩაიფიქრა ჩემზე, სასაცილო გავხადო და გავთელო ჩემი ფეხით ამ ქალაქში, და კიდევ, ამ პარასკევ დღეს ჩემმა უფალმა იესო ქრისტემ თავისი ვნებით და ჯვარზე თავისი ხელების გაშლით შეარცხვინა და ქვეყნიერების ყველა მხარისთვის დასაცინი გახადა მთელი სოფლის მტერი. ახლა მეც მმართებს, რომ გავიდე საბრძოლველად ქრისტიანთა მტერთან და ქრისტეს გამო ჩემი სისხლის დანთხევით საცინლად ავიგდო იგი და ყველა ქრისტიანისთვის მოსაძაგებელი გავხადო, რადგან ეგონა მას, რომ სიკვდილის შიშით გამაშორებდა მე ჩემი უფლის იესო ქრისტეს სიყვარულს, მაგრამ მე შევარცხვენ მის განაზრახს, დავძლევ მას ქრისტესმიერი შეწევნით და გადავიხდი ჩემი უფლის ორმხრივ ვალს.

მაშინ მოითხოვა მან წყალი, დაიბანა თავისი პირი, იცხო ზეთი თავის თავზე და თქვა: "იმ ჟამს ოდესღაც ვიყავი მე მენელსაცხებლე, სურნელოვანი საცხებლების კარგად შემზავებელი, მაგრამ ეს საცხებელი ჩემი დასაფლავების დღედ არის. ამიერიდან აღარ ვიცხებ მე ჩემი მწირობის ამ გაქარწყლებად ზეთს, არამედ როგორც "ქება ქებათაში" მასწავლა მე ბრძენმა სოლომონმა, "შენი ნელსაცხებლების სურნელებისკენ ვრბოდი" (ქებ. 1.3), ქრისტე, რომელმაც ამავსე მე შენი სარწმუნოებისა და სიყვარულის განუქარვებელი სურნელებით. იცი შენ, უფალო, რომ შეგიყვარე შენ ჩემს თავზე მეტად".

და თქვა რა ეს, გაგზავნა [ვიღაც] წმინდა ეკლესიაში და მოჰგვარეს მას წმინდა საიდუმლო, ქრისტეს ხორცი და სისხლი. ეს იყო იმ დიდი დღესასწაულის დღის მესამე საათი, და როდესაც მიიღო მან ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი საიდუმლო, თქვა: "გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო იესო ქრისტე, რომელმაც მომეცი მე ჩემს საგზლად შენი ცხოვრებისმომნიჭებელი ხორცი და ჩემს სიხარულად და განმამტკიცბლად - შენი პატიოსანი სისხლი. ახლა ვიცი, რომ არ დამტოვებ მე, არამედ ჩემთან ხარ [შენ] დამკვიდრებული და მე – შენთან. ამიერიდან აღარ მივირებ სხვა საჭმელს, რითაც კვლავ მეშიება, და არც სხვა სასმელს, რითაც კვლავ მეწყურება, არამედ საკმარისია ეს ჩემთვის საუკუნო სიცოცხლედ. ახლა, "თუნდაც რომ მივდიოდე მე სიკვდილის აჩრდილთა შორის, არ შემეშინდება მე ბოროტისგან, რადგან შენ, უფალი, ჩემთან ხარ" (ფს. 22.4).

და როდესაც თქვა ეს, მყისვე მოვიდნენ მსაჯულის მსახურები, და გაშორდა იგი ყველა პატიმარ ქრისტიანს და უთხრა მათ: "ლოცვაში მომიხსენეთ მე, რადგან ვეღარ მნახავთ მე ამ საწუთრო სოფელში". და გამოიყვანეს იგი ასევე ხელებზე და ფეხებზე ბორკილით და მიჰყავდათ ქალაქის შუაში, ხოლო რომლებიც კი ხედავდნენ მას, ქრისტიანები და მისი ნაცნობები, ცრემლს ღვრიდნენ მისთვის, მაგრამ წმინდა აბომ უთხრა მათ: "ნუ ტირით ჩემთვის, არამედ გიხაროდეთ, რადგან მე ჩემს უფალთან მივდივარ. ლოცვით გამისტუმრეთ და უფლის მშვიდობამ დაგიფაროთ თქვენ," ხოლო თვითონ მიდიოდა ისე, როგორც მკვდარს გაჰყვება ვინმე; ამგვარად ხედავდა თავის სხეულს და თავისი სულით გამყოლად ქცეული თვით ამბობდა ამ ასმეთვრამეტე ფსალმუნს: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა" (ფს. 118.1), და შემდეგ, ამ მუხლის საგალობლად, წარმოთქვამდა ნეტარი ავაზაკის სიტყვებს: "მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა" (ლკ. 23.42).

და ასე მიაღწია მან მსაჯული ამირას კარს, და როცა მიაღწია, იმ კარს გაბედულად გადასწერა ჯვარი და თვითონაც ჯვარი აღიბეჭდა. და წარადგინეს იგი მსაჯულის წინაშე. უთხრა მას მსაჯულმა: "რა არის ჭაბუკო, რა გადაწყვიტე შენი თავისთვის?" ხოლო წმინდა მოწამე აღივსო სულიწმინდით და უთხრა მას: "მე გადავწყვიტე და ქრისტიანი ვარ". უთხრა მას მსაჯულმა: "არ დაგიტოვებია შენი ეს სიგიჟე და უგუნურება?" უთხრა მას ნეტარმა აბომ: "უმეცრებასა და უგუნურებაში რომ ვყოფილიყავი, არ გავხდებოდი ქრისტესადმი შედგომის ღირსი". უთხრა მას მსაჯულმა: "ვერ ხვდები, რომ ეგ შენი სიტყვები სიკვდილის შემძენად გიხდება შენ?" უთხრა მას წმინდა აბომ: "თუკი მოვკვდები, მწამს მე, რომ ქრისტესთან ერთად ვიცოცხლებ, შენ კი რად აგრძელებ? რაც ჩემზე გაქვს განზრახული, გააკეთე, რადგან მე, ისევე როგორც მაგ კედელს, რომელსაც ხარ მოყრდნობილი, არ მესმის სენი ეგ ფუჭი სიტყვები, ვინაიდან ჩემი გონება ქრისტესთან ერთად არის ზეცაში". უთხრა მას მსაჯულმა: "ამდენი რა სიტკბოება გაქვს შენი ქრისტესგან, რომ სიკვდილისთვისაც არ გებრალება შენი თავი?" უთხრა მას წმინდა აბომ: "თუკი გინდა შეიცნო სიტკბოება მისი, შენც იწამე ქრისტე, მოინათლე მისდამი და მაშინღა გახდები მისი სიტკბოების შეცნობის ღირსი".

მაშინ გარისხდა ამირა და ბრძანა, რომ გაეყვანათ იგი გარეთ და მოეკვეთათ მისი თავი. მსახურებმაც გამოიყვანეს კარის გარეთ, ტაძრის ეზოში, და გახსნეს იგი რკინის ბორკილებისგან ხელზე და ფეხზე. ხოლო ნეტარმა თვითონვე დაუყოვნებლივ გახია ის სამოსი, რაც ემოსა, გაშიშვლებულმა ჯვრით აღიბეჭდა თავისი სახე და სხეული და თქვა: "გმადლობ და გაკურთხებ შენ, წმინდაო სამებაო, რადგან ღირსი გამხადე მე, რომ მიმეღწია შენს წმინდა მოწამეთა მორკინალობამდე". და თქვა რა ეს, უკან, თავის ზურგზე, ჯვრისებრ დაიწყო ხელები, მხიარული სახითა და გაბედული სულით ღაღადისი აღავლინა ქრისტეს მიმართ და მოუდრიკა თავისი კისერი მახვილს. და მოუქნიეს მას მახვილი სამგზის, ეგონეთ რა, რომ სიკვდილის შიშით გააშორებდნენ მას ქრისტესგან, მაგრამ წმინდა მარტვილლი დუმილით მხნედ განიკუთვნებდა მახვილს, სანამ არ შეავედრა თავისი სული უფალს.

და როდესაც ნახეს იმ ქრისტესმბრძოლებმა, რომლებიც აბეზღებდნენ წმინდა მოწამეს, რომ აღესრულა ეს ნეტარი ქრისტეს მიმართ, რომ "იასპარეზა მან კარგი ასპარეზობა" და რომ სარწმუნოებითა და მოთმინებით დასძლია მათი სიშლეგე, უფრო მეტად აივსნენ შურით, შევიდნენ ტირანთან და უთხრეს: "ჩვენ ვიცით, რომ ჩვეულება არის ქრისტიანებისა ამ სახით: თუ ვინმე თავს მოიკლავს მათი ქრისტესთვის, მოიპარავენ მის სხეულს, დასაფლავებიტ პატივს მიაგებენ მას, სიცრუით გაავრცელებენ ხალხში მასზე რაღაც სასწაულსა თუ მაკურნებლობას, ამასთან, სამოსელს, მისი თავის თმას და მის ძვლებს გაიყოფენ თითქოსდა დასაცავად სნეულთათვის და ამ სახით მრავალ უმეცარს შეიტყუებენ. ახლა ბრძანე, რომ ჩვენ მოგვეცეს მისი სხეული, რათა გავიტანოთ იგი, დავწვათ ცეცხლით, გავაქროთ და [ამ გზით] აღმოვფხვრათ ქრისტიანთა საცთური, რომ ყველამ ნახოს ეს და შეშინდეს, და ზოგი მათგანი ჩვენკენ მოიქცეს, ჩვენიანებს კი ეშინოდეთ და აღარ მიჰყვნენ ქრისტიანთა მოძღვრებას" (ამას ისინი თუმცაღა ქრისტიანების შურით ამბობდნენ, მაგრამ ამოწმებდნენ კი იმას, რაც ჭეშმარიტია და მართალი, იმდენად რამდენადაც ქრისტესმოწამეები მკურნალნი და მეოხნი არიან ყველა იმათთვის, რომლებიც კი ქრისტესმიერი სიყვარულითა და სარწმუნოებით მიეახლებიან მათ). უთხრა მათ მსაჯულმა: "წაიღეთ, საითაც გინდათ, და გააკეთეთ, როგორც თქვენ თვითონ იცით".

მაშინ მოვიდნენ ისინი, აიღეს მიწიდან მისი პატიოსანი სხეული, ჩადეს იგი ასაკიდებელ კიდობანში მისივე სამოსლითურთ, ამოთხარეს ამ მართლის დანთხეული სისხლი მიწიდან, (ისე რომ, საერთოდ არაფერი დატოვეს მიწაზე), ჩადეს ისიც ჭურჭელში და დადეს წმინდანი ურემზე, იმ მხნე ორმოცი წმინდანის მსგავსად, რადგან იქ, სადაც თავი მოჰკვეთეს წმინდა მოწამეს, იმ წმინდა ეკლესიის კართან იყო, რომელიც წმინდა ორმოცი მოწამის სახელზე იყო დაფუძნებული. ამიტომ, მართებული იყო, რომ ამ ახოვან ორმოც წმინდანს მიმსგავსებოდა იგი.

და როდესაც ქალაქის გარეთ გამოიტანეს წმინდანის წმინდა სხეული, აიტანეს იმ ადგილას, რომელსაც "საგოდებელი" ეწოდება, რადგან იქ არის ქალაქის ადამიანთა საფლავები. იქ გადმოიღეს იგი ურმისგან და დადეს მიწაზე. შემდეგ მოიტანეს შეშა, თივა და ნავთი, რაც დაასხეს წმინდა სხეულს, და დაანთეს ცეცხლი, სანამ არ დაწვეს წმინდა მოწამის ხორცი იმ ადგილას, რომელიც არის ქალაქის ციხის აღმოსავლეთით (და რომელსაც ჰქვია "დილეგი"), კლდის პირზე, რაც არის პიტალო კლდე იმ დიდი მდინარისა, აღმოსავლეთით რომ ჩაუდის ქალაქს (მისი სახელია მტკვარი). ხოლო ქრისტიანთაგან არავის მისცეს უფლება იმ ადგილას მისვლისა, სანამ არ დაასრულეს წმინდა მოწამის ხორცთა დაწვა, ხოლო წმინდა მოწამის ძვლები, რომელთა დაწვაც ვეღარ შეძლეს, მოკრიბეს ცხვრის ტყავში, მაგრად შეკრეს და ჩაყარეს იმ დიდ მდინარეში, ქალაქის ხიდის ქვევით, რომელზეც აღმართული იყო ხიდის პატიოსანი ჯვარი. და გახდა წყალი მდინარისა ამ წმინდა ძვლების სამოსელი, გარს შემოეხვია რა მათ, სიღრმე წყლისა კი – წმინდა მარტვილის საფლავი, დაუდევრად რომ არავინ შეხებოდა მათ.

ამგვარად იმოქმედეს ქრისტესმბრძოლებმა, და ასე იასპარეზა კარგი ასპარეზობა ამ ნეტარმა.

მაშინ დაიძრა ქალაქის ქრისტიანთა სიმრავლე, განისორეს მატ ტირანთა შიში და ყველანი გადიოდნენ იმ ადგილას, სადაც დაწვეს წმინდა მოწამის ხორცი; მოხუცები მორბოდნენ თავიანთი ჯოხებით, კოჭლები – ხტომით, როგორც ირმები. ჭაბუკები – სირბილით, ბავშვები ერთიმეორეზე შეჯახებით, ქალები კი მსგავსნი იყვნენ იმ წმინდა მენელსაცხებლეებისა, რომლებსაც სირბილით მიჰქონდათ სურნელებანი ჩვენი ღვთის ქრისტეს წმინდა საფლავთან. ნამდვილად იყვნენ ესენიც მატი მსგავსნი, რადგან მირბოდნენ ცრემლით და თან მიჰქონდათ ტავიანთი ხელით სანათები და საკმეველი. ყველანი სიხარულითა და ქრისტესადმი მადლობით მიდიოდნენ, იღებდნენ იმ ადგილის მიწას, მიჰყავდათ სენთაგან შეპყრობილები ბევრი, რომლებიც იმავე დღეს იკურნებოდნენ, ყოვლადძლიერმა ღმერთმა კი უფრო მეტად გამოავლინა თავისი ძალა, პატივი მიაგო თავის წმინდანს და აჩვენა საკვირველი ნიშანი, რათა ყველას სცოდნოდა, რომ ქრისტესმოწამეა იგი.

როდესაც შეღამდა ის დღე და იყო პირველი საათი ღამისა, გადმოავლინა უფალმა იმ ადგილას მოელვარე ვარსკვლავი, როგორც ცეცხლის ჩირაღდანი, რომელიც ხანგრძლივად იდგა იმ ადგილას, სადაც დაწვეს ქრისტეს ნეტარი მოწამე, და იდგა იგი ჰაერთა ზევით ვიდრე იმ ღამის სამ საათამდე, ანდა უფრო მეტ ხანს, გამოსცემდა რა ბრწყინვალებას, თუმცა არათუ ამქვეყნიური ცაცხლის მსგავსად, არამედ როგორც საშინელება ელვისა, რასაც ხედავდა ყველა მოქალაქე, მათ შორის ის მსაჯულიც, მთელი ხალხი, ქალაქის მკვიდრი ქრისტიანები, ყველა სარკინოზი და სხვა მხრიდან მოსული მწირები. ხანგრძლივად ხედავდნენ ისინი თვალის გუგებით, სანამ არ შერცხვათ მოძალადეებსაც და მივიდნენ მსაჯულ ამირას მსახურთაგანნი ვინმე იმ ადგილის სანახავად, რადგან იფიქრეს, იქნებ ქრისტიანებმა აანთეს იმ ადგილას სანათიო. და როდესაც უახლოვდებოდნენ იმ ადგილს, ნახეს, რომ ჰაერთა ზევით მაღლდებოდა ვარსკვლავი და ვერ მიდიოდნენ იმადგილთან, რადგან საღვთო შიშმა შეიპყრო ისინი.

და კიდევ, მეორე ღამეს უფრო მეტადაც გამოსცა წყალმა გასაკვირველი სინათლე და მოჩვენება ეგონათ რა მათ მიწაზე და ჰაერის ქვეშ [გამომკრთალი] ზეციური ცეცხლი, უნდოდათ ამ საკვირველებათა დაფარვა, თუმცა წყლებმა ვერ შეაკავეს იგი და ვერ ჩააქრეს ვერც მღელვარე ტალღებმა, და იმ სიღრმეებში, სადაც ჩაყარეს სანატრელი მოწამის ღვთივპატივცემული ძვლები, ხიდის ქვეშ, ამობრწყინდა სინათლეები სვეტების მსგავსად, როგორც ელვანი, რომლებიც ასევე ხანგრძლივად იდგნენ და განათებული იყო მდინარის კიდეების ირგვლივ კლდე, კბოდე და ხიდი, ზემოდან ვიდრე ქვემომდე, რასაც კვლავაც ქალაქის მთელი სიმრავლე ხედავდა, რათა ყველას ერწმუნა, რომ ჭეშმარიტად იესო ქრისტეს, ღვთის ძის მარტვილი იყო იგი, და შეეცნო ყველას, ქრისტეს მორწმუნესაც და ურწმუნოსაც, რომ წეშმარიტია უფლის სიტყვა, რაც თქვა მან: "მე თუ ვინმე მსახურებას გამიწევს,პატივს მიაგებს მას ჩემი მამა, რომელიც არის ცათა შინა" (ი. 12.26), და თუ ხრწნად ხორცზე ამდენი პატივი უკვე აჩვენა მან, რამდენად უფრო მეტად იხილავენ მას, მართალთა უხრწნელად აღდგომისას, დიდებითა და პატივით გვირგვინოსანს ანგელოზთა შორის და [რაოდენ] შერცხვებათ თავიანთი უგუნური სიშლეგის გამო იმათ, რომლებმაც ქრისტე უარყვეს და მის წმინდანებს გვემდნენ, დევნიდნენ და სპობდნენ (ხოლო უფალი ცათა შინა შეიწყნარებდა).

ახლა კი, საყვარელნო, გვმართებს ჩვენც, რომ ამიერიდან კიდევ უფრო მეტად განვიკუთვნებდეთ სანატრელ პირველმოწამეებს, რომ ამ ხილული ახალმოწამის კვალობაზე იმ პირველებისაც ვირწმუნოთ და ვთქვათ ნეტარი დავითის სიტყვა: "ძვირფასია უფლის წინაშე მისი წმინდანების სიკვდილი" (ფს. 115.6), რადგან მას შეჰფერის დიდება აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

მეოთხე თავი

წმინდა მოწამე აბოს ქება

ახლა მოდით, ქრისტეს მორწმუნენო, დ ა ვიდღესასწაულოთ ამ ახალი წმინდა მოწამის ხსენება, რომელიც ჩვენდა მეოხად მოგვანიჭა ქრისტემ მთელ ამ ჩვენს ქართლის ქვეყანას, დიდი სიხარულით გავხსნათ ჩვენი გულისა და გონებათა საუნჯენი, მხიარული სახითა და წრფელი ენით ვაქოთ მისი კეთილმოღვაწეობა და ვთქვათ:

გიხაროდეს, სანატრელო მოწამეო, უფლის მიერ, რადგან შენ, ჩვენი მაცხოვრის უკანასკნელი მშრომელი მეთერთმეტე საათისა, დღის მშრომელებთან ერთად ადრე ამდგართ შეესწორე და მათთან ერთად მათ საზღაურს არ დააკლდი.

გიხაროდეს, მოწამეო, უფლის მიერ, რადგან შენ მიემსგავსე უკანასკნელ მოციქულ პავლეს მამისეულ რჯულთა და მოძღვრებათა უკუგდებით და, მის მსგავსადვე, ქრისტეს, ღვთის ძის აღსარების გამო თავი
მოგეკვეთა.

ახლა კი ღირსეულად ვინ შეგაქებს შენ, ჭეშმარიტად საქებს? მსურს, რომ გაქო შენ, ყოვლედქებულო ქრისტესმოწამეო, მაგრამ ვერ ვბედავ, რადგან ჩემს გონებაზე მეტად ამაღლდა შენი სათნოებების ქება. ამასთან, მეშინია მე დადუმებისა, რადგან სანატრელი ქრისტესმიერი სიყვარულით შემიყვარე მე, სანამ ჯერ კიდევ იყავი ამ ჩვენს სოფელში, ახლა კი, შენს საქებად ჩემი ენის შეჩერებით იქნებ შეჩერდეს შენი ჩემს გამო მეოხებითი მოღვაწეობა ქრისტეს მიმართ. ახლა, შენგანვე ქრისტესმიერი მადლის მიღებით, ჩემი ძალისამებრ შეგაქებ შენ, მშვენიერებით შემკულო ქრისტეს მიერ.

გიხაროდეს, გიხაროდეს, სანატრელო მოწამეო, უფლის მიერ, რადგან შენ ქრისტეს თვითმხილველი და ხელითმსახური წმინდა მოციქულების ნეტარება სარწმუნოებითა და სიმხნისმიერი აღსარებით უნახავად მოიპოვე.

რადგან შენ ზეცათა მამამ თავისი მხოლოდშობილი ძის მიერ გვირგვინი დაგადგა და სულიწმინდის მადლით აგავსო.

შენ ძემ მამის მიერ შეგიწყნარა და სულიწმინდამ გადიდა.

შენ სულიწმინდამ შეგიყვარა და მამასთან და ძესთან თავისი ერთობით პატივი მოგაგო და ბრძოლაში გამარჯვებულად გამოგაჩინა.

შენთვის გაუკვირდა ანგელოზთა მწყობრს, რადგან როგორც უხორცომ დაითმინე ქრისტესთვის სიკვდილი.

შენთვის   ხარობენ   მამათმთავარნი,   რადგან   ნეტარმა აბრაამმა ქრისტეს გამო თავის წიაღში მიიღო თავისი შთამომავალი, რომელიც მიიღო მან თავის კარავში და მისგან მრავალი ერის მამად გამოჩნდა.

შენ ქრისტეს მოწაფეებს ნაყოფად გაუხდი და მოციქულებს – მოწაფედ.

შენ ზეცის მეუფის წიგნში მოწამეთა შორის სახელით დაიწერე და მარტვილებთან ერთად გვირგვინოსანი გახდი.

შენ აღმსარებლებთან ერთად განწესდი და მართლებთან ერთად იდიდები.

შენთვის დიდად გვიკვირს ჩვენ, წმინდაო მოწამეო, რადგან მეფობის ამ დროში ისმაიტელთა განდიდებისას შენ ნებსით აირჩიე სიმდაბლე ქრისტესთვის, მახვილით შენარჩუნებული რჯული უარყავი, ჭეშმარიტი აღიარე და ჯვარცმულს ეცი თაყვანი უფლად და ღმერთად.

საიდან ან ვისგან ისწავლე ქრისტესთვის ესოდენი შემმეცნებლობა? რომელმა საკვირველებამ აგიყვანა შენ სასუფევლის დიდებამდე?

შენ ჭეშმარიტად მიემსგავსე მარჯვენა ავაზაკს, რადგან გყავდა შენც ერთი ვინმე, შენთან ერთად შეპყრობილთაგანი, ქრისტიანთა შვილი, რომელიც გაშორებული იყო ქრისტესგან და მიდევნებული უცხო რჯულს, მაგრამ კვლავ ქრისტეს აღსარების გამო შენთან ერთად განისჯებოდა, თუმცა საბრალო კვლავ დაბრკოლდა და დაეცა, რადგან სიკვდილის შიშით ეს საწუთრო შეიყვარა და ის საუკუნო დაღუპა; აიტაცა იგი ბოროტმა მტერმა და ქრისტეს ცხვარი ნამგლევი გახდა, ვინაიდან გაშორდა იგი კარგ მწყემსს და ქრისტეს ძლიერების კვერთხი თავის ხელთაგან გააგდო; ამიტომაც დამარცხდა იგი და განიდევნა გონიერი ცხვრების სამწყსოსგან, შენ კი სანატრელო მოწამეო, იმ კვერთხით – თავისი ჯვრით დაგიფარა ქრისტემ შენი მისდამი ძლიერი სარწმუნოების გამო.

შენ იმ ავაზაკს შეესწორე სარწმუნოებით და სამოთხეში განწესდი.

შენ ქრისტეს ჯვრით სამოთხის კარი გააღე და მცველმა ქერუბიმებმა, ცეცხლის მსგავსებმა, ვერ გამოგკითხეს, თუ ვინ ხარო.

და რაღა ვთქვა უფრო მეტად, რადგან "უფალმა ივნო ჩვენთვის; უდანაშაულომ დამნაშავეთათვის" (I პეტრე 3.18) დაღვარა თავისი უბიწო სისხლი, ხოლო შენ გადაიხადე ვალი, რადგან შენც დაღვარე შენი სისხლი მისი სიყვარულისთვის. ამიტომაც გამარჯვების გვირგვინით შეგამკო შენ და თავისი მამის სასუფევლში დამკვიდრებულად გამოგაჩინა.

შენ გამო, წმინდაო მოწამეო, ქრისტეს სიყვარული ჩვენდამი და ჩვენი მისდამი სარწმუნოება კვლავ განახლდა, რადგან შევერიეთ უცხო ხალხს, ქრისტესგან განდგომილს რჯულით, ამ საწუთროს მოყვარე ერს, ღვთის ძისადმი ურწმუნო მოდგმას, ჩვენი სარწმუნოების მაგინებელთ, რომლებისგანაც ვისწავლეთ მათი საქმენი და მათდამი ბაძვით ჩვენს გულთა წადილს ვემონებოდით, როგორც თითქოსდა ქრისტესაგან უიმედონი და საუკუნო ცხოვრების დამვიწყებლები, ხოლო ახლა შენ მიერ კვლავ მოგვეახლა ქრისტე და კვლავ შევიმეცნეთ ჩვენ მისი შიში და სიყვარული მისი, და ღირსნი გავხდით მისი მადლისა, მისი [ჩვენდამი] სიყვარულისა და წყალობისა ყოველდღიურად მრავალი ნიშნისა და კურნების ჩვენ შორის გამოვლინებით.

შენ მახვილითა და ცეცხლით შენმა უგუნურმა შემწირველებმა ალზე მეტად გაგაბრწყინეს, რადგან ვერ შეიცნეს უცნობოებმა უფლის სიტყვა: "იყოს ისე, რომ ყველას, ვინც დაგხოცავთ თქვენ, ეგონოს თითქოს მსხვერპლი შესწირა ღმერთს" (ი. 16,2). ჰოი უგუნურება და უმეტესი უგუნურება მათი, რადგან შენ, რომელსაც თავდაპირველად არავინ გიცნობდა, თუ ვინ იყავი ანდა რომელი ერისგან ან რომელი ხალხისგან, ანთუ რომელი რჯულით ცხოვრობდი, ახლა უკვე მათდა უნებურად წარმოგაჩინეს ქრისტეს გაცხადებულ აღმსარებლად და ყველამ მარტვილად შეგიცნო.

შენ პატივი მოგაგო ყველა ქმნილებამ, რადგან მოწამეა ცა შენი სიმართლისა უცხო ცეცხლის გადმოვლინებით იმ ადგილზე, სადაც შენ, ცეცხლით დამწვარი, შეიწირე როგორც უბიწო კრავი.

შენ მიწამ წმინდა და სათნო მსხვერპლად მიგძღვნა ღმერთს შენი პატიოსანი სხეულის დაწვით, რადგან გაგიხდა იგი შენ როგორც აბელის, ენუქის, აბრაამის და ელიას საკურთხეველი, რომლებიც სრულადდასაწველ კრავებს სწირავდნენ ღმერთს, და კიდევ, ადგილი შენი სამსხვერპლოსი მიემსგავსა აარონ და ზაქარია მღვდლების სასაკმევლეს, რადგან ცეცხლის ნაკვერცხლებზე საკმეველთა სურნელებისებრ ადიოდა უფლისადმი წმიდათა წმიდაში, ზეცის საკურთხევლისკენ მაგ შენს ხორცთა [სურნელება].

შენ მიგიღეს მაგ ნაკადულებმა როგორც ქრისტეს მარტვილი, ხოლო ქრისტე ღმერთმა სიღრმეთა სიბნელე ზეცის სინათლით გააბრწყინა.

შენ შენმა ნათესავებმა გაგიუცხოვეს და გაგაგდეს, ხოლო ქრისტემ ისმაიტელთა შორის, როგორც ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია და მიგძღვნა თავის ეკლესიას.

შენ, ეგ ველური ზეთისხილი, აგიღო ქრისტემ და თავის სამკვიდრებელ ყვავილნარში კურთხევის ნაყოფად დაგრგო და შენი სარწმუნოების ნაყოფით ახარა ეკლესიას, რომელშიც იშვებენ ქრისტეს მორწმუნეები და ნეტარყოფენ შენს დიდებულებას, შენს მოღვაწეობას, შენს სიმხნეს, შენს მარტვილობას, შენს გვირგვინოსნობას.

როგორ გაქებდე შენ, ბრძოლისმძლეველო წმინდა მოწამეო, რადგან შენ, ეგ ახალი ქრისტესმორწმუნე, ჩვენს მოძღვრად გახდი; სწავლულნი უფრო მეტად ცნობიერჰყავ, შერყეულნი უფრო მეტად განამტკიცე, განმტკიცებულნი განამხიარულე, წარმართნი წადიერჰყავ ქრისტესადმი დასამონებლად, შენი მარტვილობის სახსენებელი ჩვენ დაგვიტოვე, შენი სახელის ყველასათვის საუწყებლად მქადაგებელნი გავხდით.

ახლა ვევედრებით ყველანი შენს ქრისტესმოწამეობას: მეოხად იყავ წინაშე ყოველთა მაცხოვრისა ჩვენ ყოველთათვის, რომლებიც აღვასრულებთ შენს სახსენებელს და ვადიდებთ მამას, ძეს და სულიწმინდას აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

ძველი ქართული ტექსტი ახალ ქართულზე თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

"საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. I, 2008 წ. თბილისი

ძველ ქართულად

ხოლო ნეტარი პეტრე ჰრომეს შინა იხარებდა ძმათა თანა და ჰმადლობდა ღმერთსა დღე ღა ღამე ერისა მისთჳს მორწმუნისა, რომელნი მოსრულ იყვნეს სახელითა ქრისტჱსითა. მოვიდოდა ხარჭებიცა მეფისა აგრიპაჲსი პეტრჱსა, რამეთუ სახელები მათი ესე არს: აგრიპინა და იკარია და ევფემია და დორის.

ამათ ვითარცა ესმა სიწმიდისა იგი სიტყუაჲ და ყოველნი სიტყუანი ქრისტჱსნი, მოიქცეს ყოველნი ღმრთის მსახურებად და შეითქუნეს ურთიერთას, რაჲთა შეუგინებელად დაადგრენ საწოლისაგან აგრიპაჲსისა, რამეთუ იიძულებოდეს იგინი ფრიად მისგან. ხოლო იგინი არა ერჩდეს მას. და იურვოდა მათთჳს აგრიპა და წუხდა ფრიად, უფროჲსღა, რამეთუ უყუარდეს იგინი ფრიად; მზირნი განაჩინნა და მოავლინნა, რაჲთა უწყოდის, ვიდრე იგინი მივიდიან. და უთხრეს, ვითარმედ: პეტრჱსა მივიდიან. მოუწოდა მათ აგრიპა და ჰრქუა: ქრისტიანემან მან გასწავაა თქუენ არა ზიარებად ჩემდა? ესე უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა წარგწყმიდნე და იგი ცეცხლითა დავწუა. ხოლო იგინი იტყოდეს ყოველთა სატანჯველთა აგრიპაჲსთა თავსდებად, გარნა ნუ-ხოლო-მცა შეიგინებიან მისგან. და განძლიერდეს ძალითა ქრისტჱსითა.
იყო ვინმე ერთი ფრიად ქმნულ-კეთილი ალფიანჱსი ვისიმე, მეგობრისა კეისრისა, ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქსანთიპე. ვითარცა იხილნა სხუანიცა დედანი აზნაურნი, მიმავალნი პეტრჱსა, და იგიცა აფიანეს განეყენა. ხოლო იგი ფრიად ტრფიალებისა მისისათჳს ქსანდიპჱსისა უკჳრდა, რამეთუ არცაღა ცხედარსა ზედა უნდა მის თანა დაწოლაჲ. ხოლო აფინა ვითარცა მჴეცი განძჳნდებოდა და უნდა პეტრჱსი ჴელითა თჳსითა განხეთქაჲ: გულისხმა-ყო, რამეთუ მისგან იქმნა განყენებაჲ ცოლისა მისისაჲ. და სხუანიცა მრავალნი დიდ-დიდნი დედანი აღიძრნეს სიტყჳსა მისთჳს სიწმიდისა, რომელ ესმოდა პეტრჱსგან, და ქმართა განეყენებოდეს საწოლთაგან და უნდა სიწმიდით დადგრომაჲ და ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ. და შფოთი დიდი იყო ჰრომეს  შინა.

და ალფიანეცა აუწყა თავისა თჳსისაჲ აგრიპას და ჰრქუა: ანუ შენ, აგრიპა, შური მომაგე მის კაცისაჲ, რომელმან-იგი განმაყენა ცოლი ჩემი. უკუეთუ არა, მე თავით ჩემით შური ვიძიო. და აგრიპა ჰრქუა მას, ვითარმედ: მე ეგრევე ვნებაჲ შემემთხჳა მისგან. და ალფინოზ ჰრქუა მას: რად უდებ-გიყოფია. აგრიპა? არამედ შევიპყრათ იგი, ვითარცა ძჳრის მოქმედი კაცი, რაჲთა ცოლნი ჩუენნი ჩუენ თანა იყვნენ; რაჲთა მათცა შური მოვაგოთ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან თავით თჳსით შურის გებად, რომელთა-იგი მან განაშორნა ცოლნი.

და ვითარცა-იგი ამას განიზრახვიდეს, აგრძნა ქსანთიპე ქმრისა თჳსისა იგი ზრახვაჲ აგრიპაჲს თანა. მიუვლინა და აუწყა პეტრეს, რაჲთა განვიდეს ჰრომით. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: აწ უკუე ვივლტოდითა, ძმანო? ხოლო იგინი ეტყოდეს: არა ეგრე, არამედ ძალ-ღა-გიც მსახურებად უფლისა. ხოლო პეტრე ერჩდა ძმათა მათ და განვიდა მარტოჲ. და ჰრქუა მათ: ნუვინ თქუენგანი გამოვალნ ჩემ თანა, არამედ მე ხოლო განვიდე მარტოჲ და შევიცვალო ხატი სამოსლისა ჩემისაჲ.

და ვითარცა განვიდოდა პეტრე ბჭეთა ქალაქისა ჰრომჱსათა, იხილა უფალი შემომავალი ჰრომედ.  და პეტრე ვითარცა იხილა უფალი, ჰრქუა მას: აქა ვიდრე ხუალ, უფალო? ხოლო უფალმან ჰრქუა მას: შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად. პეტრე მიუგო უფალსა და ჰრქუა: კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო? და გონებასა თჳსსა მოეგო პეტრე და იხილა უფალი ზეცად აღმავალი. მოიქცა ჰრომედვე, იბარებდა და ადიდებდა უფალსა, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: მეორედ ჯუარს-ეცუმია?

აღმოვიდა ძმათა მათ თანა და უთხრა, რაჲ-იგი იხილა და ესმა. ხოლო იგინი ეგლოვდეს და ზრუნვიდეს გულითა მათითა, ტიროდეს და იტყოდეს: გევედრებით შენ, უფალო პეტრე: ჩუენ აბალნერგთათჳს იზრუნე. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: უკუეთუ იყოს ნებაჲ უფლისაჲ, და ღათუ ჩუენ არა ვიზრუნოთ თქუენთჳს, შემძლებელ არს უფალი დამტკიცებად. რომელნი-იგი მან თავადმან დაჰნერგნა, თქუენ ურთიერთას დაჰნერგევდით, ხოლო მე ნებითა უფლისაჲთა აქამომდე ვიყავ თქუენ თანა ჴორცითა და არა უდებ-ვყავ და აწ ნებითა მისითა მივალ უფლისა სიხარულით და მხიარულებით.

და ვითარცა ამას იტყოდა პეტრე, ძმანი იგი ტიროდეს, მოიწინეს ოთხნი მტარვალნი და წარიყვანეს პეტრე და მიიყვანეს აგრიპა მეფისა გულის კლებისათჳს მისისა. ხოლო აგრიპა დიდსა ბრალსა დაჰკრებდა პეტრეს და ბრძანა ჯუარ-ცუმაჲ მისი. და შეკრბა სიმრავლჱ ძმათ.აჲ მდიდართაჲ და გლახაკთაჲ, ქურივთაჲ და ობოლთაჲ. მამანი და დედანი: უნდა ხილვაჲ და გამოტაცებაჲ პეტრჱსი.

ხოლო ერი იგი ღაღადებდა და იტყოდა: რაჲ ცოდა პეტრე, აგრიპა, ანუ რაჲ ბოროტი შეგამთხჳა შენ? წყლულ ხარ შენ სხჳსა სიტყჳთა. უკუეთუ ესე მოკუდეს, გუეშინის ჩუენ, ქრისტემან ყოველნი წარგუწყმიდნეს ჩუენ.

ხოლო პეტრე შევიდა შორის მათსა და დაამშჳდა ერი იგი და ჰრქუა: კაცნო, რომელნი-ეგე უფლისა იესუ ქრისტჱს ერად განჩინებულ ხართ, რომელ-ეგე იესუ ქრისტჱს მოსავნი ხართ, გეჴსენენ თქუენ, რომელნი სასწაულნი იხილენით თქუენ ჩემ მიერ, გეჴსენედ ყოველნი ძლიერებანი ღმრთისანი, რავდენნი იგი კურნებანი ქმნნა ჩემ მიერ ქრისტემან; დაუთმეთ მას, რამეთუ მოვალს და მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა თჳსთაებრ. და აწ აგრიპაჲსთჳს ნუ განჰრისხნებით, რამეთუ მსახური არს მამისა თჳსისა შემწეობისაჲ. ხოლო ესე იქმნეს ჩემ ზედა, რამეთუ უფალი გამომეცხადა მე და რაჲ-ესე შემთხუევად იყო, მითხრა მე. არამედ რაჲ გეგულების შენ, აგრიპა, იქმოდე, ანუ რაჲსა არა მიგყავ შენ ჯუარად?.

და ვითარცა მიიყვანეს წმიდაჲ პეტრე ჯუარსა მას, იწყო ლოცვად და სიტყუად: ჵ სახელი ჯუარისაჲ, საიდუმლოჲ დაფარული! ჵ ბუნებაჲ კაცისაჲ, რომელი განშორებად ვერ შემძლებელ არს ღმრთისა, გაიძულებს შენ აწ აღსასრულსა განსუენებისასა, რომელი მიწევნულ ხარ, რომელ-იგი გამოცხადებად არა დავიდუმო. სული იგი მაწუევს საშუმინველისა ჩემისაჲ დაფარულსა მას საიდუმლოსა ჯუარისასა, ხოლო ჯუარი ნუ ესე გგონიენ, რომელ-ესე ჩას, ვითარცა შეურაცხი; და უფროჲსღა რაჟამს ძალ-გიც სმენად, რომელნი-ეგე შემძლებელ ხართ, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა დასასრულთა ვარ მე. მნებავს თქუენდა მიმართ თქუმად სიტყუათა მათ ცხოვრებისათა.

ისმინეთ, ძმანო, და ყოველთა საცნობელთა თქუენთა და იხილენთ თქუენ ყოველთა სულნი თქუენნი, განიწმიდენით გუამისაგან, რომელი ჰგიეს ჭეშმარიტად. განაშორენთ სიბრმისაგან პირნი ეგე თქუენნი და სასმენელნი თქუენნი საჩინოდ მომიპყრენით და საჩინონი ეგე განჰმარტენით და სცნათ თქუენ ქრისტჱს მიერნი იგი ყოფილნი და ცხორებ\ისა თქუენისა იგი საიდუმლოჲ, ჟამი არს შენდა, პეტრე, მიცემად ჴორცთა შენთა ერისაგანთა ამათ, ვითარცა არს ჩუეულებაჲ მათი.

შევიდოდა წმიდაჲ პეტრე ჯუარ-ცუმად და იტყოდა: ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრჱთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა.

და ვითარცა დამოჰკიდეს იგი ძელსა მას, იწყო სიტყუად და თქუა: კაცნო, რომელთა-ეგე ჯერ-არს სმენად, ყურად-იღეთ, უფროჲსღა აწ, რომელესე გითხრა თქუენ, ყოვლისაეე ბუნებისა საიდუმლოჲ იგი და ყოვლისავე დაბადებულისა დასაბამი პირველი, რომელ იქმნა.

რამეთუ პირველი იგი კაცი, რომელი იქმნა ხატად, თავ-დამოქცევით დამოვეკიდე მე. ამან აჩუენა არა არსი იგი შობაჲ მაშინდელი, რამეთუ მკუდარ იყო ესე, არცაღა ძრვაჲ აქუნდა, გარდამოვარდა იგი და დასაბამი იგი მისი ქუეყანად მიაქცია და ყოველივე ესე სამკაულებისა ხილვაჲ გამოაჩინა და დამოჰკიდა, რომლითა მარცხენჱ იგი აჩუენა ვითარცა მარჯუენჱ და მარჯუენჱ - ვითარცა მარცხენჱ; და ყოველივე ცვალა ბუნებისა მისისა სასწაული, და ვითარცა კეთილი არა კეთილი იგი ეგოს, და სახიერი იგი - ვითარცა ბოროტი  და ნანდჳლვე ბოროტი იგი - ვითარცა სახიერი. რომლისათჳს უფალი საიდუმლოდ იტყჳს: უკუეთუ არა ჰყოთ მარჯუენჱ ვითარცა მარცხენჱ და მარცხენჱ ვითარცა მარჯუენჱ და ზედაჲ ვითარცა ქუჱ, ვერ სცნათ თქუენ სასუფეველი ღმრთისაჲ. ესე გონებაჲ ჩემდამო ქმნა და ხატი ესე, რომელსა მხედავთ მე დამოკიდებულსა, მისი გამოხატული არს, პირველისაჲ მის, რომელმან პირველად შემოიღო შობაჲ კაცისაჲ.

ხოლო თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რომელთა-ესე აწ გესმის და რომელთა მერმე სმენად არს, არამედ რომელთა-ეგე თავს-გედვა პირველი საცთური, მერმე გიღირს ზემო აღსლვაჲ თქუენ, რამეთუ ჯერ-არს, რომელნი მოველით ჯუარსა იესუჲსსა, რომელი-იგი არს განწესებული სიტყუაჲ ერთი და მხოლოჲ, რომლისათჳს სული წმიდაჲ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ არს ქრისტჱ? - არამედ სიტყუაჲ ღმრთისაჲ. ანუ ესე ჩემსა ზე ძელი, რომელსა-ესე მე ჯუარ-ცუმულ ვარ, რამეთუ ოხრაჲ არს ქცეული ბუნებაჲ კაცისაჲ, ხოლო სამშჭუალი, რომლითა შეპყრობილ არს მართალსა ძელსა გძილი იგი საშუვალ, მოქცევაჲ არს და სინანული კაცისაჲ.

ესე შენ მაუწყე და გამომიცხადე, სიტყუაო, ცხორებისაჲ ესე ძელი, რომელ აწ ჩემ მიერ ითქუმის:

გმადლობ, შენ მხოლოო, არა ბაგითა ამით საწუთროჲთა, არცა ენითა ამით, რომლისაგან ჭეშმარიტებაჲ და სიცრუვჱ გამოვალს, არცა სიტყჳთა ამით, რომელი ჴელოვნებისაგან ამის სოფლისაჲსა ითქუმის, არამედ მით ჴმითა: გმადლობ შენ, მეუფეო საუკუნეო, რომელ-იგი დუმილით საცნაურ არს; რომელი-იგი არა ჭურითა ამით ჴორცთაჲთა ჴრწნილებისა მოქმედისაჲთა არს; რომელი არა ჴორციელთა სასმენელთა მიიწევის; რომელი არა ბუნებასა ამას განრყუნადსა ესმის; რომელი არა ამას სოფელსა არს და ქუეყანასა ამას დატევებად არს; არა წიგნთა დაწერითა, არცაღა რომლითამე არსითა და რომლითამე არა-არსითა, არამედ ამით ჴმითა: გმადლობ შენ, იესუ ქრისტე მხოლოო, რომელ არს შენი, რომელ-ესე ჩემ თანა სული არს შენი მოყუარჱ, შენი მეტყუელი და შენი მხედველი, შეგივრდების შენი რომელი-ეგე მარტოდ სულითა ხოლო საცნაურ ხარ. შენ ხარ მამაჲ ჩემი, შენ ხარ დედაჲ ჩემი, შენ ხარ ძმაჲ ჩემი, შენ ხარ მოღუაწჱ ჩემი, შენ ხარ ყოვლად და ყოველი შენ თანა. შენ ხარ ყოვლად და არსი იგი შენ შორის, და არაარსი, სხუა არსება, რომელ ესე არს, გარნა შენ ხოლო.

ამისა, ძმანო ჩემნო, მიივლტოდეთ და მისა მიმართ მხოლოჲსა არსებაჲ იგი ისწავეთ; მათ ითხოვდით, რომელთა-იგი გეტყჳს მოცემად თქუენდა და აღგითქუამს თქუენ; რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ასმიეს და გულსა კაცისასა არა მოსრულ არს; რომელი-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა. გევედრებით შენ, ქრისტე მხოლოო, რომელთათჳს-იგი აღმითქუ ჩუენ მოცემად, და გმადლობთ შენ და აღგიარებთ და შენ გადიდებთ, რამეთუ შენ ხარ მხოლოჲ უფალი და არა არს სხუა შენსა გარეშე და შენი არს დიდებაჲ უკუნისამდე. ამენ.

და ვითარცა წინაშე მდგომარემან მან სიმრავლემან ერისამან დიდითა ოხრითა ამენი თქუეს, მის თანა მისცა სული თჳსი უფალსა სამ გზის სანატრელმან პეტრე. დამშჭუალულმან ჯუარსა ზედა.

ხოლო მარკელოზ არცაღა უკუნჰკითხა აგრიპას გინა თუ სხუასა ვის, რომელ არა ჯერ-იყო. ვითარცა იხილა, რამეთუ წმიდამან პეტრე განისუენა, თჳსითა ჴელითა გარდამოჴსნა ჯუარისაგან და განბანა იგი სძითა და ღჳნითა და მოგალა ერგასისის ლიტრაჲ მური და ალოვჱ და ფურცელი სხუაჲ სულნელი ერგასისი ლიტრაჲ და შემურნა ჴორცნი იგი წმიდისა პეტრჱსნი და აღავსო ლუსკუმაჲ მარმარილოჲსაჲ თაფლითა რჩეულითა და თჳსსა საფლავსა შთადვა იგი.

ხოლო ნეტარი პეტრე დაადგა მას ღამე ჩუენებით და ჰრქუა მას: მარკელე, არა გესმაა უფლისა იგი სიტყუაჲ: აცადენით მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა? ხოლო მარკელოზ მიუგო და ჰრქუა: ჰე, უფალო, მასმიეს. და პეტრე ჰრქუა მას: იგი, რომელ-რაჲ გაქუნდა, მკუდარსა თანა წარსწყმიდე, რამეთუ შენ ცხოველმან ვითარცა მკუდარმან მკუდარი დაიღუაწე.

ხოლო მარკელოზ რაჲ განიღჳძა, უთხრა მათ გამოცხადებაჲ ესე ყოველი, რომელი გამოუცხადა მას წმიდამან პეტრე, ყოველთა მათ ძმათა, რომელნი მტკიცე იყვნეს სარწმუნოებასა ზედა პეტრჱს მიერ, უფლისა მიერ ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და მტკიცედ დგეს ყოველნი, და პავლჱს მოსლვასა მას ჰრომდ უფროჲს ხოლო განძლიერდებოდეს მორწმუნენი იგი.

ხოლო ნერონ კეისარმან, ვითარცა აგრძნა პეტრჱსი განსლვაჲ ცხოვრებისაგან, ფრიად აბრალებდა აგრიპას, ვითარმედ რაჲსა უკითხავად მისა მოიკლა, რამეთუ ეგულებოდა მას უმეტჱსსა ტანჯვასა შეგდებად იგი და უმეტჱს გუემად. რამეთუ წინაშენი ვინმე მისნი წმიდამან პეტრე დაიმოწაფნა და განადგინნა მისგან, ამისთჳს გულ-წყებულ იყო ნერონ ფრიად და მრავალ ჟამ აგრიპას არა ზრახვიდა. და ეძიებდა იგი ყოველთა მათ დამოწაფებულთა წმიდისა პეტრჱსთა წარწყმედად.

და ეჩუენა ვინმე ღამე ძილსა, რომელი სტანჯვიდა მას და ეტყოდა: ნერონ, ვერ შემძლებელ ხარ აწ მონათა ქრისტჱსთა დევნად და წარწყმედად, არამედ განაშორენ ჴელნი შენნი მათგან. და მაშინ ნერონ შეშინდა და განეშოვრა დევნისაგან მოწაფეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა.

მას ჟამსა ოდენ, რომელსა წმიდაჲ პეტრე ამის სოფლისაგან განეშოვრა, შეკრებულ იყვნეს ყოველნი იგი მორწმუნენი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსნი ერთბამად და ადიდებდეს და უგალობდეს ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სუფევაჲ და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


სინური მრავალთავი

ძველ ქართულად

მოელოდეს ჰრომესა შინა პავლეს. ლუკა გალატიაჲთ მოსრულ იყო, ტიტე - დალმატიაჲთ, რომელნი იხილნა პავლე და განიხარა. და გარეშე ჰრომსა საუნჯჱ ვისიმე სასყიდლით დაეპყრა, რომელსა შინა ძმათა თანა იყოფოდა იგი და ასწავებდა ყოველთა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, შეიწყნარებდა ყოველთა მათ,  რომელნი მივიდოდეს მისა, და განთქუმულ იყო იგი ყოველთა მიმართ ჰრომს შინა. და მრავალნი სულნი შეეძინებოდეს უფალსა ჩუენსა. და მრავალთა ჰრწმენა ტაძრისაგანთაცა კეისრისათა. და იყო სიხარული დიდი ყოველთა მიმართ.

იყო ვინმე პირის მწდჱ კეისრისაჲ, რომელსა სახელი ერქუა პატროკლოს, მწუხრად მივიდა სავანესა მას პავლჱსსა და ერისა მისგან ვერ შეუძლო შესლვად შინა პავლჱსა, არამედ დაჯდა იგი სარკუმელსა ზედა მაღალსა და ისმენდა იგი, ასწავებდა რაჲ პავლე ერსა მას სიტყუასა მას ღმრთისასა.
ხოლო ეშმაკი, დასაბამითგან უკეთური, რომელი ეშურობს მარადის უფლისა მიერ მადლსა და სიყუარულსა და ცხოვრებასა მორწმუნეთასა, და დასდვა ძილი პატროკლეს, და გარდამოვარდა იგი სამ-ქორედისა მისგან და მოკუდა. და მეყსეულად უთხრეს კეისარსა მისი.

ხოლო წმიდამან პავლე გულისხმა-ყო სულითა და თქუა: კაცნო ძმანო, პოვა ადგილი უკეთურმან მან, რაჲთა განგუცადნეს ჩუენ. განვედით გარე და ჰპოოთ ჭაბუკი ერთი გარდამოვრდომილი სარკუმლით და მომკუდარი და ადრე მოიღეთ იგი აქა. ხოლო იგინი განვიდეს და მოიღეს იგი პავლჱსა. რაჟამს უკუე იხილეს იგი ერმან მან, შეშფოთნეს ფრიად. ხოლო წმიდამან პავლე ჰრქუა მათ: აწ სარწმუნოებაჲ თქუენი გამოჩნდინ. მოვედით თქუენ ყოველნი და ვევედრნეთ ტირილით უფალსა, რაჲთა ცხოვნდეს ყრმაჲ ესე და ჩუენ უბრალო ვიყვნეთ. და ვითარცა მოვიდეს და სულთ-ითქუნეს ყოველთა ღმრთისა მიმართ, ყრმამან მან მადლითა ქრისტჱსითა მოიდგნა სულნი და აღდგა. და აღსუეს იგი კაჰრაულსა და წარგზავნეს იგი მშჳდობით კეისრისა სხუათა თანა, რომელნი იყვნეს კეისრისა მის ტაძრისანი.

ხოლო კეისარსა ვითარცა ესმა სიკუდილი პატროკლჱსი, მოვიდა რაჲ იგი აბანოჲთ, და შეწუხდა იგი მისთჳს ფრიად და ბრძანა სხჳსაჲ დადგინებაჲ ადგილსა მისსა ღჳნოსა მას ზედა. უთხრეს მონათა მისთა და ჰრქუეს: უფალო კეისარ, პატროკლე ცოცხალ არს და დგას იგი ბჭეთა გარე. ხოლო პატროკლეს ეშინოდა შესლვად წინაშე კეისრისა. და ვითარ შევიდა, ჰრქუა მას კეისარმან: პატროკლე, ცოცხალ ხარა? ხოლო მან ჰრქუა: ცოცხალ ვარ, უფალო კეისარ. კეისარმან ჰრქუა მას: ვინ არს, რომელმან განგაცოცხლა შენ? გონიერებითა სარწმუნოებისაჲთა აღივსო ყრმაჲ იგი, მიუგო და ჰრქუა მას: იესუ ქრისტემან, მეუფემან საუკუნემან. განრისხნა კეისარი და ჰრქუა: აწ უკუე იგი მეუფჱ ყოფად არსა საუკუნეთაჲ და დაპყრობად ყოველთა მეფეთა? პატროკლოს ჰრქუა: ჰე, კეისარ, მან დაარღჳნეს ყოველნი მეფობანი, რავდენნი არიან ცასა ქუეშე. იყოს იგი მხოლოჲ მეუფჱ მეუფეთაჲ და არა იყოს მეუფებაჲ, რომელი განერეს მას. ხოლო კეისარმან სცა პირსა მისსა და ჰრქუა მას: პატროკლე, შენცა ვიდრემე განჩემებულ ხარ მას მეუფესა? ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ მან აღმადგინა მე მკუდრეთით.

ამისა შემდგომად ბარსაბა, ძემან იუსტჱსმან, და ჰორიონ კაბადუკმან და ფესტოს გალატელმან, რომელნი წინაშე მდგომელნი იყვნეს ნერონ კეისრისანი, და ამათცა მიუგეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ჩუენცა იგივე მეუფჱ გურწამს, კეისარ. მაშინ კეისარმან შეიპყრნა იგინი და შეაყენნა საპყრობილესა და გუემნა იგინი ბოროტად, რომელნი-იგი პირველ უყუარდეს ფრიად,და ბრძანა გამოძიებაჲ დიდისა მის მეუფისა მონათაჲ და განსცა წიგნები ესევითარი ბრძანებისაჲ, ვითარმედ ყოველნი რომელნი იპოვნენ ქრისტიანენი და ქრისტჱს ერისაგანნი, მოწყდებოდედ.

და მრავალთა თანა სხუათა მოიყვანეს წმიდაჲ პავლე კრული, რომელსა ყოველნივე ხედვიდეს მას, ვითარცა მის თანა შეკრულნი. გულისხმაყო ამისგან კეისარმან, ვითარმედ ესე არს მთავარი ერისაჲ ამის. ჰრქუა კეისარმან პავლეს: კაცო დიდისა მის მეუფისაო, რაჲ გულსა მოგიჴდა ჰრომთა სამთავროსა და ერსა ჰკრებ ჩემისაგან ერის მთავრობისა?

ხოლო წმიდაჲ პავლე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას წინაშე ყოვლისა მის ერისა: კეისარ, ჩუენ არა ხოლო თუ შენისა ამისგან ყურისა ერთისა ერსა ვკრებთ, არამედ ყოვლისა სოფლისაგან, რამეთუ ეგრე გუამცნო ჩვენ უფალმან ჩუენმან, ვითარმედ: ნუვის აყენებთ, რომელსა უნდეს ერისკაც ყოფის საუკუნისა მის მეუფისა. არა სიმდიდრემან, არცა ამის სოფლისა ბრწყინვალებამან გიჴსნეს შენ, რამეთუ იგი თავადი არს მეუფჱ საუკუნეთაჲ და მსაჯული სოფლისაჲ.

ესე ვითარცა ესმა კეისარსა, განრისხნა ფრიად და ბრძანა ყოველთა მათ კრულთაჲ ცეცხლითა დაწუვაჲ, ხოლო პავლჱსი _ თავისა მოკუეთაჲ შჯულითა ჰრომთაჲთა. ხოლო წმიდაჲ პავლე არავე დადუმნა, არამედ ეტყოდა მას სიტყუასა მას ღმრთისასა და მთავარ სპაიპეტსა4* მას ლონგეონს და ასისთავსა კესტონს.

ხოლო იყო ნერონ კეისარი ჰრომეს შინა და მრავალსა შინა საქმესა ეშმაკისასა იქცეოდა. და მრავალნი ქრისტიანენი მოისრვოდეს მისგან, ვიდრემდე ჰრომნი ყოველნი შეკრბეს წინაშე ტაძარსა მას სამეუფოსა, ღაღადებდეს და იტყოდეს: კმა არს, კეისარ, რამეთუ კაცნი ესე ჩუენნი არიან. აჰჴოცა ჰრომთა ერსა? მაშინღა ნერონ კეისარი დასცხრა სიბორგილისაგან თჳსისა და ბრძანებაჲ დადვა: ნუმცა ვინ ქრისტიანჱ განეტევების, ვიდრემდე ვეკითხო პავლჱსთჳს ჭეშმარიტად.

მაშინ ჩუეულად მეორედ მოჰგუარეს მას წმიდაჲ პავლე შემდგომად ბრძანებისა მის. და განეჩინა კეისარსა პავლჱსი თავისა მოკუეთაჲ. ხოლო წმიდამან პავლე ჰრქუა მას: კეისარ, არა მცირედ ჟამ ცხოველ ვარ მე ჩემისა მეუფისა და, ოდეს თავი მომკუეთო, მე აღვდგე და გამოგეცხადო შენ, რაჲთა სცნა, რამეთუ არა მოვკუედ, არამედ ცხოველ ვარ მე უფლისა ჩემისა მიერ იესუ ქრისტჱსა, რომელი მოვალს განსჯად სოფლისა. ხოლო ლონგონ და კესტოს ჰრქუეს პავლეს: ვინაჲ არს ესრჱთ თქუენდა ესევითარი მეუფჱ, რომელი ესრჱთ გრწამს იგი და არა გნებავს გარდაქცევად ვიდრე სიკუდილდმდე?

ხოლო წმიდამან პავლე ჰრქუა მათ: კაცნო, რომელნი-ეგე ხართ უმეცრებასა შინა და საცთურსა ამის სოფლისასა, მოიქეცით და განერენით ცეცხლისაგან მის მომავალისა. არა ეგრე არს, ვითარ-ეგე თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ მეუფესა ქუეყანისასა ერად განწესებულ ვართ ჩუენ, არამედ ზეცით მომავალისა ღმრთისა ცხოველისა, რომელი-იგი უშჯულოებისათჳს, რომელ იქმნების ამას სოფელსა, მოვალს. და ნეტარ არს იგი კაცი, რომელსა ჰრწმენეს იგი, რამეთუ ცხონდეს უკუნისამდე. ხოლო იგინი ევედრებოდეს წმიდასა პავლეს და ჰრქუეს: გლოცავთ შენ, შემეწიე ჩუენ და მყვენ ჩუენ ეგრე, ვითარცა-ეგე შენ ხარ, და განგიტეოთ შენ.

ხოლო წმიდამან პავლე ჰრქუა მათ: არა ვარ მეოტი ქრისტჱსი, არამედ შჯულიერი მოსაგრჱ ღმრთისა ცხოველისაჲ. უკუეთუმცა3* მოსიკუდიდ ვიყავ ჩემისა მეუფისა, ვყავმცა ეგე, რომელსა-ეგე თქუენ მეტყჳთ, ლონგე და კესტოს. არამედ რამეთუ ცხოველ ვარ მე ღმრთისა ჩემისა და იგი მიყუარს მე და მივალ უფლისა, რაჲთა მოვიდე მის თანა, ოდეს მოვიდეს იგი დიდებითა მამისა მისისაჲთა. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ვითარ უკუე შენღა თავი მოგეკუეთოს, ჩუენ ვცხონდეთ?

და ვითარ იგინი იტყოდეს ამას, მოავლინნა4* ნერონ კეისარმან კაცნი: ფერეტან ვინმე და ფართენიოს ხილვად პავლჱსა, უკუეთუ თავი მოკუეთილა პავლჱსა ანუ აფრა,  და პოვეს იგი ცოცხალიღა. და ჰრქუა მათ პავლე: გრწმენინ თქუენ ცხოველი ღმერთი, რომელ-იგი ჩემიცა და ყოველთა მორწმუნეთა მისთაჲ არს აღმადგინებელი მკუდრეთით.

ხოლო მათ ჰრქუეს პავლეს: წარვიდეთ ჩუენ აწ ნერონ კეისრისა და რაჟამს მოჰკუდე და აღსდგე შენ, მაშინ გურწმენეს ჩუენ ღმერთი იგი შენი. ხოლო ლონგოს და კესტოს ევედრებოდეს წმიდასა პავლეს ცხოვრებისა მათისათჳს. ჰრქუა მათ პავლე: ხვალისა დღე მო-რაჲ-ხჳდეთ საფლავსა ჩემსა და ჰპოვნეთ მუნ ორნი კაცნი, რომელნი ილოცვიდენ, ტიტე და ლუკა, და მათ მოგცენ თქუენ უფლისა მიერი იგი ბეჭედი.

და ვითარცა ჰრქუა მათ ესე პავლე, დადგა აღმოსავალით კერძო და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და ილოცვიდა მყოვარ ჟამ უფლისა მიმართ. დასცხრა იგი ლოცვისა მისგან და ზოგად ზრახვიდა იგი ერთბამად და ყოველთა მათ ასწავებდა სიტყუასა მას ცხოვრებისასა ებრაელებრითა ჴმითა ყოველთა მიმართ, ძმათა და მამათა.

და ამისა შემდგომად წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა და არღარა იტყოდა მიერითგან. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა და ესხურა სამოსელსა მას მეჴრმლისასა. ხოლო მეჴრმლესა მას და ყოველსა მას სიმრავლესა, რომელნი დგეს მუნ, უკჳრდა სასწაული იგი და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი დიდებაჲ პავლეს. და მოვიდეს და უთხრეს ნერონ კეისარსა, რაჲ-იგი იქმნა სასწაული წმიდისა პავლჱს ზედა.

ვითარცა ესმა ესე ნერონ კეისარსა, ფრიად დაუკჳრდა, განიზრახვიდა მყოვარ ჟამ სასწაულისა მისთჳს. მოვიდა მისა წმიდაჲ პავლე ცხრა ჟამს ოდენ, ვითარ-იგი მრავალი ერი დგა წინაშე მის კეისრისა, სიბრძნის მოყუარენი იგი და მეგობრები იგი ასისთავისაჲ მის. და ჰრქუა ნერონ კეისარსა დიდითა ჴმითა წმიდამან პავლე: კეისარ, აქა ვარ პავლე, ერისა კაცი იგი ღმრთისა ცხოველისაჲ. აწ გრწმენინ შენ, რამეთუ არა მოვკუედ, არამედ ცხოველ ვარ მე ღმრთისა ჩემისა მიერ. ხოლო შენდა არს მრავალი ძჳრი და დიდი ტანჯვაჲ, უბადრუკო, ამისთჳს რამეთუ დასთხიე შენ სისხლი მართალი უბრალოდ. და ესე გეყოს შენ არა მრავალთა დღეთა შემდგომად.

და ესე ვითარცა თქუა წმიდამან პავლე, აღმაღლდა მათგან. ხოლო ნერონს ვიმარ ესმა სიტყუაჲ ესე პავლჱსგან, შეძრწუნდა იგი ამას ზედა ფრიად და უბრძანა ყოველთაჲ მათ პყრობილთაჲ განჴსნაჲ და განტევებაჲ: პატროკლჱსი და ბარსაბაეთი მოყუსებითურთ მათით. და ვითარცა-იგი უბრძანა წმიდამან პავლე, განთიად მოვიდოდეს საფლავსა მას ლონგონ და კესტოს. და შიშით მოვიდოდეს იგინი მისა. და ვითარცა მიიწინეს იგინი მუნ, პოვნეს ორნი კაცნი, რომელნი ილოცვიდეს საფლავსა მას ზედა, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ პავლე. და შორის მათსა დგა წმიდაჲ პავლე.

მათ რაჲ იხილეს დიდებული ესე საქმჱ, დაუკჳრდა გულსსა მათსა. ხოლო ტიტეს და ლუკას შიში დიდი დაეცა და სივლტოლად იქცეს. და იგინი სდევდეს მათ. და ეწინეს და ჰრქუეს ტიტეს და ლუკას კესტოს და ლონგონ: არა კლვად გდევნით თქუენ, ვითარ-ეგე თქუენ ჰგონებთ, ნეტარნო კაცნო ღმრთისა ცხოველისანო, არამედ რაჲთა, ცხოვრებაჲ საუკუნოჲ მომცეთ ჩუენ, ვითარცა-იგი აღმითქუა ჩუენ ნეტარმან პავლე, რომელი ვიხილეთ მცირედრე წინა შორის თქუენსა მდგომარჱ ლოცვასა ზედა.

და ესე ვითარცა ესმა სიტყუაჲ მათ კაცთაგან ტიტეს და ლუკას, მრავლითა სიხარულითა და მხიარულებითა მოაქციეს. და მოსცეს მათ კაცთა ქრისტჱს მიერი იგი ბეჭედი. და ადიდებდეს ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სინური მრავალთავი