-სხვა რამ არ მწამდა,
სამშობლოზე წმიდათა წმიდა,
შემინდე, ღმერთო,
მამულიშვილის ყოვლის დათმობა;
მნათობი შენი
საქართველოს მწამდა მნათობად,
თოვდა თუ წვიმდა -
მამულისთვის თოვდა და წვიმდა.
ო, პალესტინავ,
პალესტინავ!
ყოვლის მომცველის,
ყოვლის მფლობელის
მწამდა შენის
სიტყვის, ცხოვლისა,
მაგრამ უადრეს,
უწინარეს,
უმალ ყოვლისა,
მე სამშობლოსთვის,
სამშობლოსთვის
ვიყავ მლოცველი.
ნექტრით ის მწვავდა,
მწარე მისგან გამმწარებია,
მის ცის ქვეშ
ყმობაც
ჩემთვის იყო ალამდარობა;
მე უკვდავება
მამულს გარეთ არ მწამებია,
არ მიძებნია
მამულს გარეთ მამამთავრობა.
თუ ღირსი ვარ მისი,
მისთა სერთა,
მისთა ტყე-ველთა,
მისი სიმაღლის,
მისი სიღრმის,
მისი გავრცობის -
გულიც და სუნთქვაც,
ყველა ნიჭი
ჩემის კაცობის
მე წმინდად დავდე
საქართველოს
საკურთხეველთან.
იქ მივეც მამულს,
შემოქმედო,
შენის განგებით,
რაც მოვიხვეჭე,
რაც დავკარგე,
რაც განვიცადე;
იქ ჩაიბარე
საქართველოს მართალ მიწაზე
ის ჩემი სუნთქვაც,
ჩემი ცრემლიც,
ჩემი ჰანგებიც.
შემინდე შენ შვილს,
თუ ცოდვილი ვარ შენს წინაშე.
მაგრამ ვარ ცოცხალ
იმავ სუთქვით,
იმავ ნაღვალით,
კვლავ მიწა ჩემი
შეგავედრო
ცრემლით მდაგველით,
ამად აღვიძარ,
ამად მოველ პალესტინაშიც.

მწყუროდეს მუდამ,
როგორც მწყურია
მთების, ქედების ბროლი ნაჟური:
ქცეული სიზმრად -
დიოსკურია,
ქცეული სიზმრად -
ცა აფხაზური.

მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი,
მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირი
ჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები,
ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი.

ზღვაზე ცახცახით
მზე დაწურული
და მისი ჩასვლა და აღსასრული. . .

მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილით
დამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.

შენ მთხოვდი ერთად,
შენ მთხოვდი ერთად _
მეც ჩემმა ბედმა არ გამაწბილა;
მაგრამ მე შენთვის,
მაგრამ მე შენთან
მომქონდა მხოლოდ ნაწილ-ნაწილად.
შენ მხოლოდ ერთად,
შენ მხოლოდ ერთად _
არ გწამდა ჩემგან ნაწილ-ნაწილი...
მაცოცხლე შენთვის,
მამყოფე შენთან,
მე კიდევ დამრჩა შემოსაწირი.