შენ მთხოვდი ერთად,
შენ მთხოვდი ერთად _
მეც ჩემმა ბედმა არ გამაწბილა;
მაგრამ მე შენთვის,
მაგრამ მე შენთან
მომქონდა მხოლოდ ნაწილ-ნაწილად.
შენ მხოლოდ ერთად,
შენ მხოლოდ ერთად _
არ გწამდა ჩემგან ნაწილ-ნაწილი...
მაცოცხლე შენთვის,
მამყოფე შენთან,
მე კიდევ დამრჩა შემოსაწირი.

მხოლოდ ცეცხლია,

მხოლოდ წვაა,

    მხოლოდ ლექსია,

მხოლოდ ჰიმნია,

     ჰიმნი დასთა,

       ასთა, ათასთა -

საქართველოში ხანში შესვლა უმძიმესია,

ქართულ მიწაზე უნდა იყო სულ ახალგაზრდა.

სიცოცხლის ეშხით,

კაცმა რომ თქვას,

       ყველაზე მეტად,

ყველაზე ნაღდად

      გულს ვიჯერებთ

          ჩვენ, პოეტები  -

დაფნის, პატივის,

    სიყვარულის ხვეჭა და ხვეტა,

ვარდ-ყვავილები, ფარდაგები,

   ოქროს ეტლები,

გაზაფხულები,აპრილები,

    სულის წამღები;

მიწის გულიდან აფრენილი

    ცაში ბაღები;

შავ კლდეებიდან მოვარდნილი

    ვერცხლის წარღვნები,

მთაგრეხილები, მწვერვალები, იალაღები

მხოლოდ ცეცხლია,

მხოლოდ მხოლოდ წვაა,

      მხოლოდ ლექსია,

მხოლოდ ჰიმნია,

   ჰიმნი დასთა,

       ასთა, ათასთა...

საქართველოში ხანში შესვლა უმძიმესია,

საქართველოში უნდა იყო სულ ახალგაზრდა.



biblioteka.litklubi.ge

ქართველო, სანამ გქვიან ქართველი
და ტკბილი ენა იცი ქართული,
სანამ გინთია თვალში ნათელი
და სადმე გიდგას ოდა-სართული;
სანამდე აღებ კარს სტუმრისათვის,
გიყვარს შეხვედრა წელგამართული,
სანამდე ზიზღი იცი მტრისადმი,
ხოლო მოყვრისთვის ჰანგი ქართული,
რა დაგავიწყებს შენს ძველ ნააკვნარს,
რა დაგავიწყებს იმ ძველ საბუდრებს,
ზედ რომ წინაპრის სუნთქვა დააკვდა
და მტრებმა ცეცხლით დაისაკუთრეს.

იქ შენი მზეა, შენი თოვლია,
შენი გვარტომის გასახარები;
ევფრატის წყლამდე გაფანტულია
ჩვენი ქვიტკირის ნასახლარები.

იქ არის შენი საზღვრის კარები,
ათასჯერ სიზმრად რომ გაქვს ნახული,
შენს ყურში რეკენ ოშკის ზარები,
შენ თვალწინ გიდგას შენი ხახული.

შენ შენი გქონდა დედულ-მამული,
მაგრამ ზედ კარგან გყავდა მომდგარი
მუდამ მრისხანე და მოშხამული,
მარად ვერაგი თურქის ხონთქარი.

რა დაგავიწყებს ძველ ნატყვიარებს,
სად გაქრნენ შენი ნაფუზვარები?!
იმ ქართულ გზებზე დღესაც კრიალებს
წინაპრის ცხენთა ნაქუსლარები.

იქ არის შენი აკვნის გამთლელი
შენი დაშლილი ოდა-სართული. . .
ქართველო, სანამ გქვია ქართველი,
გეძახის შენი მიწა ქართული.