მთავარი ნიჭი-

სხვა რამ ნიჭი არა თქვას კაცმა,

(ნიჭს და ბედ-იღბალს

    ნურვინ აღრევს,     

                       ნურვინ შეურევს).

მთავარი ნიჭი:

     თავის დროზე

               წერტილის დასმა, -

მხოლოდ ეს ნიჭი

     კოდში უდევთ მართო რჩეულებს.

მაგრამ ვაი, რომ

როცა ბოლოს მოდის გამჩენი,

მოდის გამჩენი, უკვე სამტროდ,

           სამუხანათოდ.

წერტილის დასმა -

      თვით რჩეულთაც

          უთრთით მარჯვენი,

წერტილის დასმა -
        თვით რჩეულთაც ნიჭი ღალატობთ.



biblioteka.litklubi.ge

ჯერ კიდევ სისხლი
დუღს ძალ-ღონეში,
ღმერთს კი ღმერთს თვისი
აქვს განაჩენი -
მე ველი სიზმარს,
სიზმარს, რომელშიც
კარს მომადგება ბრმა მამაჩემი.

კვალვ იმ ჩექმებში,
კვლავ იმ ჩოხაში,
მამა ტანადი, მამა თვალადი;
მამა,რომელსაც ჩემს ბავშვობაში
მე ნათელ ცისქვეშ გზას ვუკვალავდი.

იმ ძველ ალერსით,
იმ ძველ ყავარჯნით,
იმ ძველ საუბრით,
ძველ შეკითხვებით...
მეტყვის: დამიდექ ისევ მკვლავმარჯვნით,
დღეს ამ ბნელ გზებში მე შეგიძღვები.

თუ იმერეთში სინათლით სავსე
გინახავთ ჩვენი პატარა თემი
და უსინათლო ვაჟკაცი გახსოვთ-
მშობელი მამა ის იყო ჩემი.

მას ერთხელ გაჰკრა სიკვდილმა გვერდი
და თვალში მოხვდა რჯულძაღლის ცელი,
და მერე ჩამქრალ თვალების სევდით
ოდაში იჯდა თხუთმეტი წელი.

ხან თემშარაზეც ფრთხილად და ჩუმად
გამოჩნდებოდა ჩალისფერ ჩოხით
და სიცოცხლის და სიკვდილის შუა
გზას მიიკვლევდა ბამბუკის ჯოხით.

და მოკვდა ისე, რომ მას სიკვდილი,
არ დაუნახავს - გამხმარი ძვალი
და მოკვდა ისე, რომ ტკბილზე ტკბილიც
არ დაუნახავს ქვეყანა თვალით;

არ ჩარჩენია ჯავრად მშვენება
ლურჯი ველების, ლურჯი ქედების...
მე კი, მე იმ დროს რა მეშველება,
ორივე თვალში რომ ვიხედები.