დაგვტოვეთ მარტო!..
მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა,
იმ საზღვრის ხაზთან,
იმ შავ ხაზთან
დღეს მეც შევჩერდი.
დაგტოვეთ მარტო-
ერთი სიტყვაც
მაქვს ქვეყანასთან,
დაგვტოვეთ მარტო
ახლა მე და ეს მზისქვეშეთი.

მე ცამდე სავსე
ათას დრამით, ათას ქარიშხლით,
ყველა ქარიშხლის
ყველა დრამის
სუნთქვით მცნობელი...
ერთი რამ სიტყვაც,
ერთიც დამრჩა
მე ანგარიში-
დაგვტოვეთ მარტო
მე და ჩვენი წუთისოფელი.

მე მისი ჯიში,
სისხლი მისი
და მისიანი,
მე ხმა შენდობის
ხმა იმედის
ხმა დამშვიდების;
ქება-დიდებით მე ვავსებდი
ამ დიდ მზიანეთს,
სხვა რამ არ მითქვამს
გარდა
ქება-დიდების.

ახლა დავკეცოთ,
ახლა დავდოთ,
ახლა დავხუროთ
რაც რამ დამთავრდა,
რაც რამ გაქრა,
რაც რამ დანაცრდა...
უშუამავლოდ, უმსაჯულოდ, უმეთვალყუროდ
დამტოვეთ მარტო
მე ამ დღესთან, ამ ქვეყანასთან.

ბევრი ამქვეყნად
ერთ თბილ დღეს ნატრობს.
ბევრს თოვლიც არ წვავს,
გულით რომ სურდეს.
მე კი სხვა მიწის რა უნდა მშურდეს
სამშობლო ჩემო, შენს შვილს და პატრონს

ცხელ ინდოეთის ვიყავ სტუმარი,
სულით შევეწყვე, გულით გავენდე,
მიწას არ ჰქონდა რამ საწუნარი
ოკეანიდან ოკეანემდე.

რის დაწუნება, რა დაწუნება
ისიც შენგვარად არის ზღაპარი.
მაგრამ შენ არ ხარ მარტო ბუნება,
მაგრამ შენ არ ხარ მარტო მთა-ბარი.

სუნთქვა ხარ, სუნთქვა, გულის ფანცქალი,
ლხინის აფრენა, ჭირის მოთმენა,
მაგრამ მცირე ხარ,
შენ გენაცვალე,
სულ პატარა ხარ, გულისოდენა.

არ გასწვდომიხარ მერიდიანებს,
ამ დედამიწის სიგრძე-განედებს,
შენი ფოთოლი არ მიფრიალებს

არ დავბერდები, გულო, არასგზით,
(სხვა გზა რომ მქონდეს,
სხვა შესაფერი);
ვიწამლებ ჩემი მტკვრით და ალაზნით,
ჩემი ზეკარით, ჩემი ლატფარით.
ვიწამლებ ჩემი მცხეთის ლამპრებით,
კოლხურ აისის ოქროს კონებით;
ჩემი გეგუთის
თეთრი ზღაპრებით,
ჩემი თბილისის შემოდგომებით.
არ მოვხუცდები, გულო, არასგზით,
ლტოლვის, სიცოცხლის,
სუნთქვის დასტურად...
კუბოს კარამდის, კუბოს კარამდის
გულო, დაღლილო _ ახალგაზრდულად!
ახალგაზრდულად
კვლავ მზეს ვეფეროთ,
წლებსაც, _
ჩვენზე რომ ლახვრად დაძრულა...
ახალგაზრდულად, გულო, ბებერო,
ცოტაც, სულ ცოტაც, ახალგაზრდულად!