მე გულს მიხერხავს სევდა უცვლელი,

მწუხარე ლანდი დამეხათრება.

ნიავს რად მოაქვს ძველი ფურცელი,

ეს მოგონება რად მენატრება?

მესიზმრებიან ბროლში ლალები,

და ბორკილებში ქალწულის ტერფი...

ჰარამხანებში - ქართველ ქალების,

ვარდისფერ ტანთა - დამდნარი ფერფლი...

 

რამდენი ჰგავდა მეორე მზესა,

კდემანართმევი პირს მარიდებდა,

ყრუდ მომესმოდა ქართული კვნესა,

ბოსფორის პირად, პირამიდებთან.

 

*

თქვენთვის ქართულ ჩანგს არ უმღერია,

არ უთქვამს ქება თქვენი სინაზის.

მხოლოდ მომღერლებს გაუმხელიათ

სტამბოლ-ქაიროს.

ბაღდად-შირაზის...

 

თქვენი ლანდები მოხეტიალე

ფარვანებივით შემომსევიან;

ფრთებდაწვართ გუნდი

თავს დამტრიალებს.

ვერ ვიგერიებ...

თვალი სველია!

ეგვიპტეში თუ ვნახე მტრედები,

გაცოცხლებულნი თქვენა მგონიხართ...

მე თქვენზე ვდარდობ გადამეტებით,

თქვენს ხმას მკვნესარეს გადავყოლილვარ...

და რა მოგაგეს მოსანიჭარი,

რომ დასთმე სევდა შენი ბავშვისა,

გაგხადეს დედა იანიჩარისა,

ხარჭა თუ ხასა ყიზილბაშისა!

 

მთის სუნთქვის შვილი გახდი მხევალი...

გერგო მონობა უსუნთქებლივი...

გაყიდულებო, თქვენი წყევანი,

გულში მხვდებიან ნასროლ ქვებივით.

 

გარეკილებო მათრახის ცემით,

დამკარგველებო თავისუფლების;

მხოლოდ შადრევნის მარგალიტ ცრემლით,

ღამ-ღამ სამშობლოს ესაუბრებით, -

 

რად ვერ მოქსოვეთ თეთრი აფრები

საქართველოში გადასაფრენი?

მშვენიერების ამაყ დიდებით,

სხვის ცის კიდურებს რომ ამდიდრებდით,

ვისთვის დაღუპეთ თქვენი მშვენება,

ვით გაზაფხულის გამოჩვენება!

 

ახლა რა გიყოთ, რით მოგარჩინოთ,

მოურჩენელო ჩემო წყლულებო?

ვით დაგაბრუნოთ ძველო აჩრდილნო,

სხვის ხომალდებზე მიბაწრულებო!

 

რა გინდათ ჩემგან დასაყუდარად,

სამშობლო გშიათ?

გწყურიათ მტკვარი?

სად დავემალო თვალთა მუდარას,

ვეღარ გიყურებთ,

            დახურეთ კარი!

 

*

გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი,

მისი ნაღველი, მომებურება...

ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი,

დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?

 

ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის,

ვინ დამცა სევდა განუკურნელი?

დამწვარ დროშების,

დამწვარ იალქნის,

დამჭკნარ ვარდების

            მიყვარს სურნელი...


1964 წ.

გუშინ შევხედე შორიდან

და გულით იქვე დავები...

გუშინ შევხედე ჩემ სოფელს,

მომიწყლიანდა თვალები.

 

სალამს მაძლევდნენ ალერსით

ტანჯავარ ხეთა რხევანი;

ჭალაში თეთრი მურყანი,

ღვია, ფათალო, ხევნარი.

 

იქ, ერთ პატარა ღელესთან,

ქოხი ლეღვის ხეს აბია;

უკან - რიყეა, ღვინჭრობი,

წინ - ატეხილი შამბია.

 

იქ იდგა ჩემი აკვანი,

იქ ვიყავ ლექსის მდევნელი;

იქ ტაშს მიკრავდნენ ფშატები,

პწკლიანი ვაზის მტევნები.

 

იქ, მომძახოდა ღრიალით

იორი ნიაღვრიანი...

 

იქ, მუქად-ლურჯი ღრუბელი,

იყო ჩემს ფიქრთა მთხრობელი.

 

მე დღესაც იქიდან მომდის

ნაზი ალერსის სურნელი.

და იმ ამომსკდარ წყაროთა

ისევ ისე ვარ მწყურნები.

 

რაც იქ მე დავილამაზე,

გამიხდა სიტყვის ტალკვესი;

იებად მოიფანტება

ლექსში ფერ-უსპეტაკესი.

 

და მე მოვდივარ...

            დიდ არწივთ

ვერც მომსწრე და ვერც ხლებული;

მე, ერთი უნარჩევესი,

თქმაში თმა-დავერცხლებული...


1964 წ.

მზის შადრევანი, -

            ერევანი.

                        მატენდარანი*.

თეთრ პერგამენტზე წამწამები შავათ დახრილი...

- უწყალო იყო ისტორია!

            შველა არ არი!

ასსარგადონი...

            ქალაქები ფუძედათხრილი...

შენც უწყალო ხარ,

            შავს თვალებში არა თენდება!

შენ თვითონვე ხარ - ჯვარზემცმელი,

                                   თავისმკვეთელი!

არეზის ზვირთებს,

            ზვარტნოცის მტვერს ნისლი ედება,

ჰსწვეთს წყლულის წვეთი

            და ქვითინების ანის კედელი...

დადე ეტრატი...

                        განკითხვანი შენი მწყურია...

დასტოვე ყველა ნაღმერთალები!

აქ მიწა ხანჯლის, შუბის წვერით

                        მოკირწყლულია,

მე კი დავმწვარვარ შავ თვალების

                        ნაღვერდალებით...

- დაიწვი ასჯერ, დაიბუგე,

                        შველა არ არი!

მეჩურჩულება სიჩუმეში მატენდარანი...

ასსარგადონი...

            ქალაქები ფუძედათხრილი...

თეთრ პერგამენტზე წამწამები შავათ დახრილი...


1964 წ.

* მატენდარანი - სომეხთა ძველ მატიანეთა საცავი ერევანში.