საღამოვდება... წვიმას აპირობს,

მთები ვარდისფერ ნისლებში დგანან...

მეტივეები წყლის მონაპიროდ,

ნარიყი შეშით ხარშავენ ჭანარს.

 

წავალ, ჩავდგები მეც იმათ შორის,

ვიცი, სივრცეთა ოცნებით მგვანან...

დე, მასველებდეს ჟინჟღლი და თქორი,

შევეფარები სადმე ხეს, განა?

 

მკერდს გავიღეღავ, გავილუმპები,

არ მოვინატრებ სეტყვაშიც საფარს;

ან მათთან ერთად დავიღუპები,

ან ხელს შევტაცებ ვარსკვლავთა ფაფარს...


1964 წ.

მე თვითმფრინავში მომწყურდა წყარო,

ტყე მომენატრა, ტევნარის ჩრდილი...

ღრუბლების ზემოთ რამ გამახაროს,

შაშვის ჭახჭახი მომინდა დილით...

 

გული მომინდა... არ ჰქონდა გული!

იყო ჭენება, ქროლვა, კვეთება...

თან მიმყვებოდა სევდა მიწისა,

წყარო მწყუროდა ალმასწვეთება...


1964 წ.

ალმურში ვდგევარ და ვიწვი,

ვერ გამაგრილებს ნამქერიც,

და რა დავწერო, არ ვიცი, -

წუხანდელ ღამის ნამღერი?

პირველ სიტყვების რამ თუ ვთქვა,

სარკეზე შემომტვრეულის?

ან გაღვიძებულ ყრმის სუნთქვა?

და იცდის ჩემი რვეული!

 

უსმენელ სიტყვის მსმენელი,

ვარ უცნობ ჟღერის მნატვრელი...

მოსკდება შეუსვენებლივ

გამარჯვებული ნათელი...

რაღა ითქმება მისგვარი?

რა ხელთუფალი მაკურთხებს...

და საქართველოს ცისკარი

ჩემს რვეულს დაისაკუთრებს...


1964 წ.