ვიცი, მაიკო ორბელიანი

მარაოს ნიავზე გაცივდა...

შენ კი, დრო, სწრაფი - ბორბლებიანი,

მოგკიდებია რა სიმკაცრითა!

 

შენი თვალების  მახსოვს ბრიალი,

წამწამი ლერწმად როგორ დამწკრივდა,

როგორ გაცივდა ნაპერწკლიანი,

ერთხელ რომ სულსაც ამომაცლიდა!

 

რა უყავ თმების შავბნელი ღამე,

ყელზე მარჯანი წითელ მარცვლითა,

რა უწვიმია თითქოს საცრიდან,

შენს თავზე წვიმას თეთრი ნაცრითა?

ვეღარც ღიმილი და ვერც სხეული

მზეს ვეღარ გიგავს... თქმა მეძნელება...

ნუთუ მოჰპარე თოვლს ვერცხლეული,

თავს გადიყარე თეთრ ენძელებად...

 

მე მახსოვს შენი თვირთვილა კაბა,

და შენს ღაწვებზე ნუშის ნამქერი...

რა დარჩა შენგან? ჭაღარის გაბმა,

ატლასის ფერფლი, ალმასის მტვერი!

 

შენ გაზაფხულის ტურფა სახელო,

გაძარცულ მოლზე უფრო საწყალო,

ერთხელ ჩემს ლექსში თაფლის ჩამსხმელო,

მე რა გიშველო, რით დაგაწყნარო,

და იმედები ბაღის მიმჭკნარის,

რით აგიმწვანო, გაგინაძვნარო?...

ჩემს გულის ფეთქვას მხოლოდ დაენდე.

ატმის ტოტივით ისევ აენთე!

 

აგაელვარებს ცხრა წყარო მზისებრ,

აგაცლის თმებში ყინულის ეკლებს...

სიზმრად სანახი გახდები ისევ,

პირიმზის ოქროს აგინარეკლებს!

 

ბრწყინვით აგინთებ შუბლზედ ალმასებს,

მე - ოქრომჭედი, მზის მოკალმასე...


1964 წ.

რომელ ქარიშხალს ჩამოსტყდი ნეტავ, -

                        ცეცხლის ნატეხად, -

ქალი და ხმალი!

ისევ ჟღრიალებს კასტანიეტა,

ბაბილონზე მეტს სძლებს შენი ხალი!

 

ამოღებული სატევრის ელდავ,

ვინ არი შენი კოცნის დამთვლელი?

ვთვლიდი, დავიწვი...

ვერ გამომნელდა...

ზარხოში ცეცხლის ღვინით დავთვერი!

 

წარბქამანდებით ნაცნობი სახე...

გრიგალთა ვნება წარუმართველი...

შენი ხანჯლური სევდაც ხომ ამხელს,

კარმენ, ბასკი ხარ, ვგონებ ქართველი!

 

და თუ ასეა...

            გახსოვს მუხრანი?

დანაყულ ხმალზე სისხლის კურცხალი...

მთვრალი ყივჩაღი გზად მობუღრავე

მტვერში ღრიალით დანამუხლარი.

 

ვაი, თუ ავი სიზმარი ახდა,

ტორეადორი დაეცეს მხოლოდ;

ვაჰ, თუ თავიდან იწყება, ახლად,

ის, რაც გათავდა მუხრანის ბოლოს...


1964 წ.

მე პოეტების მიყვარს ქიშპობა,

კუნთების გლეჯა, სიდიდის ნდომა,

ზოგის ლექსები დღესვე ისპობა,

სხვამ საუკუნე კიდეც გაზომა!

 

ზოგს გვიყვარს ზავთი შეხეთქებისა,

ზოგს - შუშხუნები სახელქებისა!

 

ლექსი ხომ წყლულის შესახვევია

და არა მხოლოდ უბრალო ჩვარი!

ზოგი სტვირის ყელს შემოხვევია,

ზოგია ლექსის იანიჩარი!

 

მათში მე ვიცნობ ზოგსაც პირწყლიანს,

ქაღალდზე წყლად რომ დაიჟურება,

ზოგი - ქვა ქუჩის მოსაკირწყლია,

ზოგი - საძეგლედ მიეშურება...

 

როგორც ვერ მოსძოვს ვაჟას საფლავზე

ბალახს ჯიხვის ხრო გალაღებული,

იქნებ ოცნება ერის დაფნაზე

ბევრს ვერც გვეღირსოს, განაღდებული.

.............................................................

 

მომწონს, ძველ-ძუელი რომ ეჯავრებათ,

მეც რომ ლექსის თქმას აღარ მაცლიან;

როცა კამათში მოეჯარებათ,

წილადობილა...

                        გაწამაწია...

 

მე ყველა მიყვარს...

            მე ყველას ვკოცნი, -

ცრემლის და მელნის დამანთხეველთა!

და მჯერა, ყველას ერთად მიგვიყვანს

სამშობლოს ცეცხლი საკურთხეველთან...


1964 წ.