შემცივდა და მზემ სხივები მომაფარა შიშველ მხრებზე,
ავტირდი და თვალს შეაშრო ცრემლი სითბომ,
მოვიწყინე... არ მაცადა არც მოწყენა და თითებზე
ჩუმად კოცნით მომეფერა... გამეღიმა ცოტაც თითქოს...
ფიქრს გავყევი... წყალს დაეცა და სინათლე მომაყარა,
ქარს მივენდე... თამაშიც კი აუკრძალა ჩემთან ნიავს,
მიმოფანტა ღრუბელი და წვიმაც აღარ მომაკარა...
განა ოდეს ვიფიქრებდი, რომ ვნახავდი მზეს ეჭვიანს?!...
მიმეძინა... აიკრიფა სხივები და მომასვენა,
აამღერა მერე დილით ისევ ჩემთვის ფრინველთ გუნდი,
აკაშკაშდა, სიყვარულით გამიღიმა, შემომხედა,
სიხარულით ჩამჩურჩულა: " დაგიბრუნდი! დაგიბრუნდი!"
შემომხედა თვალებში და შეცბა უცებ... დარდი ჰპოვა...
და მის სახეს განცვიფრებამ შეაყინა გაღიმებაც...
მიხვდა... მიხვდა, რომ სხვა მიყვარს და უსიტყვოდ მიმატოვა...
თუმცა ამით მან ხომ ჩემთვის თვის სიცოცხლეც გაიმეტა...


25.04.2007

ისევ სიბნელე... ისევ ღამე... და ისევ ქარი...
ისევ მდინარის ჩუმი ხმა თუ ტკბილი ბაასი...
კვლავ მოგონება... კვლავ ზმანება საყვარელ ქალის...
კვლავ მონატრება... კვლავ ტიკტიკი მწარედ საათის...
ისევ ფიქრები... მომავალი ნაცრისფერია...
ისევ დუმილი... დროს გაძლება უნდა ხანდახან...
ისევ ლოდინი... ჩემნაირიც ალბათ ბევრია...
ისევ ოცნება... თუ იმედი იქნა თანახმა...


25.04.2007

აღარ გენატრები... აღარ გენატრები, ვიცი...
აღარ გეფიქრები... აღარ გეფიქრები, რატომ??
აღარ შემადარებ აწი ვარსკვლავების ციმციმს,
აღარც ცივ მთვარეს და აღარც ულამაზეს მნათობს,
აღარ ჩამიხუტებ... აღარ მომიფერებ კოცნით,
აწი ამატირებს მხოლოდ მონატრება შენი,
და თუ ვიზეიმებ, მხოლოდ გაზაფხულის ქორწილს,
ცრემლებს შევიყვარებ, წარსულს სინანული შვენის...
სულში დაგროვილა უკვე უშენობის სევდა...
ღამეს მივენდობი, ღამე თუ გამიგებს მარტო...
აღარ გენატრები... აღარ გენატრები ნეტავ???
აღარ გეფიქრები... აღარ გეფიქრები... რატომ???


25.04.2007