შუაღამეა, დაძინება კი არ მინდა მაინც,
ნეტავი რით ვერ გავურბივარ უსაზღვრო ფიქრებს?
სულ მალე ალბათ გაფითრდება სიბნელე ღამის,
და მერე ალბათ დილის ძილი მაინც ჩამითრევს...
თუ დამეძინა, მოვწყდები ალბათ დროებით მიწას,
და მერე სულიც ვერ აღიქვამს მშვენებას დარის,
როგორ არ მინდა, დამათენდეს უგონოდ მძინარს,
როგორ არ მინდა, დილას შევხვდე ნახევრად მკვდარი.
შუაღამეა, ვიცი, მაგრამ მინდა სიფხიზლე,
მე მძულს მათიშვა გონებისა წუთითაც თუნდაც,
არ მესმის კაცის, სიმთვრალიდან ძლივს რომ იღვიძებს
და ისევ ღვინით დროებითი სიკვდილი უნდა.
მე მიყვარს ფიქრი, დაკვირვება და ისევ ფიქრი,
მიზვარს ძიება და დაჭიმვა გონების ძაფის,
არ მინდა ძილი, მცირე ხნითაც არ მინდა ძილი,
მინდა ფხიზელი შევეგებო ცხოვრების ძახილს.


26.04.2007

ბევრი ტკივილი ამიტანია და დამიღვრია უაზროდ ცრემლი,
ბევრი სიცივეც დამინახია, დამუნჯებულა დგეს გული ჩემი,
თურმე ყოველი მცდარი აზრია, რაც კი არსებობს სიტბოს შესახებ,
ნეტავი სიკვდილს აღარ მაცლიან??? ან ამ ცხოვრებას რად შევესახლე???
და ეს ცრემლებიც სიმწრის ნამია, ნამი, რადგანაც გამიშრა წვიმა,
ისევ ჩემს სულთან ბროლის ჯამია, ეს დროც უაზროდ შორს გაიჭიმა,
სითბოთი გული ღვინით ჯამია და გამოვცალო ფიალა მინდა
ჩემს მოსასმენად არვის სცალია, დგეს სადღეგრძელო უსიტყვოდ ითქვა...


26.04.2007

როცა მინდა, რომ გაჩუქო სულის ჩუმი ერება,
მაშინ ხარ შორს და არც კი ფიქრობ, რომ სითბო მტანჯავს,
როცა მინდა, რომ გაჩვენო ლექსი ვით იწერება,
მაშინ მიდიხარ, არ გცალია, დროს სადღაც ხარჯავ.
როცა მინდა, რომ დაგიხატო მთელი სამყარო,
თვალები მაშინ გეხუჭება, გერევა ძილი,
და როცა მინდა, დაგანახო სინათლის წყარო,
მაშინ თამაში გირჩევნია გამომშრალ სილით.
როცა მინდა, რომ... როცა მინდა... რომ იყო ჩემთან ჩემთან,
მაშინ გიტაცებს ბრჭყვიალება ფერადი ქვების...
ცხოვრებით გართულს არ გცალია ჩემს მოსასმენად,
მოდი, დაგტოვებ, შეგიშალო, არ მინდა, ხელი.


26.04.2007