1. წერილი კახეთიდან

 

შემომეფეთა ალაზნის ველი

და რომ შევხედე დანამდვილებით,

გულმა ოცნებით წაიბარბაცა...

აჰა, ახმეტა და ბახტრიონი...

დამდგარან მთები, ვით მაყრიონი,

უმღერენ კახეთს - უკვდავ პატარძალს,

და ადგილიდან ვეღარ იძვრიან

მისი სიტურფით დაბნედილები...

 

უცბათ გადმოსკდა მთებზე მზის წყარო,

ვით საფერავის წითელი ღვარი,

შენ მომენატრე, დაუვიწყარო...

და ამოვიდა ლექსის ლიღარი...

 

ვით ლხინის სუფრა აუკეცელი,

ოქრონაწური შხეფებით სველი,

ისე ბრწინავდა ალაზნის ველი...

წამით არწივმა დაჰფარა ფრთებით...

მეც ისე ვიდექ, როგორც ის მთები...

 

2. ანანური

                                  

უეცრად წინ გადაგვიდგა

ორ მთას შუა დამალული,

ატყორცნილი ძველ კოშკებით,

ვაჟკაცური ანანური.

რას ფიქრობენ ნანგრევები,

ან რა დარჩათ სასანური? -

სდუმს არაგვი, სდუმან მთები,

ცა - ვარსკვლავით დანალული...

 

3. იქ, სადაც რკინის პალოთი...

სხივნაყარი ხმით ვგალობდი,

გაქანებული ვქროლავდი,

იქ, სადაც რკინის პალოთი

ვახტანგს დაება ხომალდი...

 

მე ვნახე: ლოდის ნატეხი,

ძველი ჩუქურთმით ქსოვილი,

ციხე-დარბაზის თაღები,

ცრემლების ნესტით სოველი.

 

მცხეთის, ბაგრატის კედლები,

გელათის ქვაკუთხედები.

სისხლგადასხმული კოშკები,

მრისხანე, აუხედები...

 

გამოშიშვლებულ აკლდამის

ძვლები ჭირნავაგლახარი,

გვერდით რომ ხმლები უწყვიათ,

პირდაჟანგული ლახვარი...

 

ქვისაგან გამოკვეთილი

ძეგლად ნადგომი ქურანი...

მათი ნაკვეთი კლდეები

და მათი ნასადგურალი...

 

მე მათ დიდებას ვგალობდი,

მე მათი ფრთებით ვქროლავდი,

იქ, სადაც რკინის პალოთი

ვახტანგს დაება ხომალდი...

 

4. საღამო ძველ თბილისში

 

...და შავნი შაშვნი დააცხრნენ ბაღებს,

სადაც ცოცხლობენ ძველი ზღაპრები...

შავი ხავერდით, შავ აბრეშუმით,

მოფრიალებენ გიშრის აფრები.

 

იღებს თბილისი ხელში ჭიანურს,

მიზრაფს ჩამოჰკრა დამჭკნარი ხელი...

გადმოდგა მთვარე ნარიყალაზე

და მოიღერა ბესიკმა ყელი...

 

5. ქართლის ღამე

 

შავი კამეჩი შავად დამწვარი.

ურმულიანი ღამე ქართლისა...

მტკვარი, ტირიფი, ძველი ტაძარი,

ჩუმი შრიალი ეზოს ვარდისა...

 

წყნარად ქათქათებს ზეცა კრიალა,

უხმოდ მოსცურავს ჩქერებში ტივი...

აქ ისტორიამ გადიგრიალა

და მიწა ჩუმად ისინჯავს ტკივილს...

 

6. თემურის ხანძართ ნატისუსალი...

 

მთვარე კაშკაშებს მტრედისფერ ბურში,

თამარის სახის დასადარელი.

მთები... სიჩუმე, როგორც ბნელ ჭურში...

ფოთლის არხევას არსად არ ელი...

 

უცბად მეყნოსა სუნი დამწვრისა,

თემურის ხანძართ ნატისუსალი,

თითქოს მან ქართლი ამ წამს გასრისა

და ერთი ფეხით ვერ მივუსწარი!..


1928-1929 წწ.

ზღვამ ჩაშალა ნამქერად

თეთრი ქაფის კრაველი,

ტალღებიდან ამღერა

ძველი მესაკრავენი.

 

წვიმის ჩანგი ჟღეროდა,

გუგუნებდა ნაღარა,

ზღვამ დასძახა „ჰეოდა!“

გაიწეწა ჭაღარა...

 

ზღვა გავიდა მაღლარზე,

ცას გაეფხვნა შხაპითა;

დააბინდა მაღლა მზე

და მიწაზეც დაბინდდა;

 

შეჰკრა კუპრის სარტყელით,

სჭექდა შემოკივილით;

ზვირთი ზვირთში დათხრილი

ინჩქრეოდა ტკივილით!

 

ჰგავდა შურისძიებას,

ზღვა არ იყო ჭკუაზე;

თითქოს იგი მიებათ

დამფრთხალ ცხენის ძუაზე.

 

ზღვამ ხურვება დაახშო...

ზღვა დალაგდა თელილი,

როგორც სუფრა სავახშმო,

წყნარად გადაფენილი.

 

ძირს მძივთა ნალეწები

მოფანტულად ეყარა,

მთვარის სირმა ბეწვებით

ქათქათებდა ქვეყანა.

 

გვიყურებდნენ ვარსკვლავნი,

როგორც ჯიხვის თვალები;

თვლემდა გაუნასკვავი

ტალღა ნაბურთალევი...


1928 წ.

„აქა დაბნელდა მზე. ასე, რომე წერაი აღარ

ეგებოდა და კალატოზნი აღარა ხედვიდეს საქმესა.

თუე იყო ივლისი, დღე პარასკევი, ქორონიკონი რმ

(1460). თუ რაი მოხდების, ღმერთმან უწყის...“

                                               XV საუკ. მინაწერი.

 

მზე დაგემალათ, მზემ გიღალატათ,

მზემაც ინდომა ერთხელ შაბაში!..

არც დილა იყო, აღარც დაისი...

შიშით გეკროდათ ცოლი და ბავშვი,

ბნელმა გაგხადათ უხილავადა!

გაგიწყრათ ღმერთი ადონაისი!

 

შესწყვიტეთ შრომა, გარჯა და ლხინი.

სადაც ისმოდა ცხენის ჭიხვინი...

მისჩერებოდით ცაზედ ერთ წერტილს.

ვეღარა სწერდით, ან რას დასწერდით,

შიშით და ზარით გული დაიწვით...

და ჰკითხულობდით ზარდაცემული:

„თუ რა მოხდება, ეს ღმერთმა იცის...“

 

*

ისევ გაბრწყინდა ცანი ცათანი:

მზეს ვერ ჩაყლაპავს ლევიათანი!

და ისევ ისე ჭანდრების ჩრდილში

ხმები გმირული დააგუგუნეთ

და გააგრძელეთ კვლავ საუკუნე!

 

*

თქვენ აღარა ხართ, მშვიდობა თქვენდა!

გადაგეყარათ გულზე ნაცარი.

დაირღვა, რაც კი თქვენით აშენდა,

მიყუჩდა თქვენი ნაავკაცარი.

 

ბევრჯერ თქვენს მერეც მზეს

გველეშაპმა

ყელზე მოაგდო შავი ბაწარი,

მაგრამ რაც მოხდა, ერთი არ არი? -

ღრმა საფლავებში ხომ გაასწარით!

 

*

მზე თქვენი წილი ჩამქრალი არი

და გულზე ცეცხლი მოჭიდებული...

მზე დღეს ჩვენია... გააქვს ბრიალი,

ბრწყინავს სხივსავსე და დიდებული!

 

არ გვეშინია მზის ჩაქრობისა,

ჩვენ მზე არასდროს დაგვიბნელდება!

არა გვჩვევია ბუნების შიში,

წარკვეთილება, არც დაფეთება!

 

ვხედავთ სამშობლოს გამზიანებულს,

ფრთას იფართოებს ჩვენი ოცნება;

ითხრება მონის მონური სული

და ფესვიანად გაიტყორცნება!

 

თქვენ საფლავებზე ვდგავართ ამაყად,

ერთპირ, ერთსიმხნით, ერთძლიერებით,

ჩვენ მზეს ვუყურებთ გაჩახჩახებულს,

მისი ნათელით ბედნიერები!


1928 წ.