აქ ადიდებდნენ დამპალ კინტოს, თათრულ მუხამბაზს,

აბანოს წვირეს, შუა ბაზრის კორიანტელსა,

გაბერილ შარვალს, ყარაჩოხელს... (გასამხელია?)

 

აქ ივიწყებდნენ ფიროსმანის მზიან მუშამბას,

ბექა ოპიზარს, ოსტატობის წმინდა ანდერძსა,

აქ ივიწყებდნენ ძველ პოეტებს ოქროსყელიანს...

 

ვხედავ მათ ნათელს, შარავანდედს სცვივა ფანტელი:

ათი ათასი მთაწმინდაზე ბრწყინავს სანთელი,

თავს დაგნათიან, სატახტოო, დიდო, უკვდავო, -

რომ მათმა სხივმა სამუდამოდ გაგასუფთავოს!


1928 წ.

ალვის შტო იყავ, სარო, ლამაზი,

მოგკვეთეს თურმე, ზეცას წახველი...

სადა ხარ მტკვარზე მოჭრილო ხეო,

ნუთუ არ წაგყვა მიწის ნაღველი?

ჩამო, აჰყვავდი... ბრწყინავს მაისი,

ყველა ხეების გამომჩარხველი...


1928 წ.

რაც შეიწოვა მიწამა

წარსულის სისხლი მწვიმარი,

რაც კი ცხოვრებამ იწამა,

ცრემლი თვალს ნაციმციმარი, -

 

რომ დაიკარგოს ცვარიც კი,

არა ყოფილა ადვილი;

ის ხალხის გულს აქვს ნარიცხვი,

დახსომებული, დათვლილი.

 

მიწამ რაც უნდა დახარჯოს,

ვერ ამოსწუროს სავსებით, -

იმ სისხლზე ჰყვავის ყაყაჩო,

ფერწითელობის მსგავსებით.

 

იმ ცრემლებს შეუკრეფია

ქართლის ცივტკბილი წყარონი,

იმ ცრემლში გულის ღველფია

და მებრძოლ ხმალთა წკარუნი...

 

წარსულის სისხლი მწვიმარი,

რაც შეიწოვა მიწამა,

ცრემლი თვალს ნაციმციმარი,

რაც კი ცხოვრებამ იწამა, -

 

არ დაკარგულა ცვარიც კი,

დაშრეს, არ არი ადვილი;

ის ხალხის გულს აქვს ნარიცხვი.

დახსომებული, დათვლილი...


1928 წ.