1926 წ. 26 მაისი. ღამე ნინოწმინდის გალავანში:

სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი,

ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე.

 

ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...

გალავანში - ჯამი აქაფებული;

შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...

 

საზანდარმა ღამე ააცახცახა,

ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,

ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,

და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...

 

ნინოწმინდა... ჩვენ, როგორც ხაზარები...

ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

 

 

როგორც ხმალი, ძმებო ტამერლანისა,

სიყვარული ისე დამჯახებია!

მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს

და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;

ძუძუები ოქროს კალმახებია,

წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...

 

წინანდალის ვაზი აყვავებული,

ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,

აფრენილი ბაზიერის დაფითა,

დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

 

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...

ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!


1926 წ.

მზისპირის ნაბანი მინდა,

შვიდი მაისის წვიმისა!

ვეპასუხები გაზაფხულს,

როგორც ძვირფასის ღიმილსა.

 

მესმის, მზის ოქროს დუდუკზე

რასაც იმღერის ეთერი,

წვიმის ნაბრწყენი წვეთების

ტაკტაკი შეუწყვეტელი.

 

მესმის, ამ პირველ ყვავილებს

რასაც დასძახის ფუტკარი,

რასაც ჟღერს ოქროსხმიანი

ვაშლის რტო გამომბუტკვარი.

 

თავზე დამნათის ოცნება,

ვით ამ ხეს - თეთრი ყვავილი,

მზის თვალით ვუმზერ ქვეყანას,

მზის სიხარულით დავივლი.

 

რადგანაც სული სავსეა

ათასი ნაკოცნარებით

და გული აყვავებულა,

დიდი მინდორის ნაირი...


1926 წ.

მე მშობლიური ღამე ვიცანი,

ვისმენ ბინდების მკვნესარე ზუზუნს,

ცაა ფირუზის თლილი ფიცარი,

დნება ვარსკვლავი - თამარის ძუძუ...

 

ცვივა ტყეებზე ოქროს მანანა,

ციცნათელები არხევენ არაგვს...

და ორი ტურა, ქილილ-დამანა,

სოროში ჯერით ამბობენ არაკს.


1926 წ.