მოჰქრის ურა ცხენი

მონგოლური დაღით,

ზედ შავი თარაქამა

ვერ უსწორებს აღვირს.

 

და კალია მჭამელი

უკან სვეტად მისდევს,

მუზარადის მტვერით

დაბნელებულ მინდვრებს!

 

ვერ უძლებენ მთები

მულიდების ყივილს;

საყვირებით ზურნით

დროშების ტყე წივის...

 

ბრწყინავს თათრის ხმალი,

ბრწყინავს თათრის ჩალმა,

მოდის ჩინგისხანი!

გზა გაცეცხლა ალმა!...

 

*

ხვალ ნახავთ კალიებს -

მინდვრების დალაქებს,

გაშანთულ მიწის ქერქს,

დათხრილ ქალაქებს...

 

ხვალ ნახავთ სახლებზე

ღრიანკალს, ბუს,

დამდნარ გალავნებს,

გოგირდის ბურს,

მოედანზე აზელილ თმას და ტვინს,

აჩეხილ ფალავნებს...

 

ცხენის ქაჩაჩში

ჩარჩენილ თავთავს,

უზანგში - მტევანს,

ვენახში - სამარეს...

ნაფუძრებს - თეთრი ძვლით მოთესილს,

მეწყერებს,

ტრამალებს,

ტრამალებს...

 

ხვალ ნახავთ, სისხლით აივსება

წყაროზე ტაგანი

და ვერცხლით ნაჭედ

იატაგანით -

კეთრით,

ბუგრით ივლის -

მხარგრძელი ანგელოზი,

მონგოლური ანგელოზი

დაადგება თბილისს.

ქალაქის გულს დაბეჭდავს,

გულში სიკვდილს დათესს

და ქართლი განკვართული -

ნაპრალებში,

მღვიმეებში

ჩააყენეს ნათელს!


1926 წ.

მიყვარს ლაჟვარდის ალმასი,

ზედ მთვარისპირი ნამგლური,

ცა მინანქრული, ლამაზი,

ცისკრულად გადანამქრული,

 

ნაწვიმარ ნაძვთა ნაწური,

მდელოზე დანაცვინარი,

ვენახში ვაზი გაწნული,

მტკვარი კაშკაშით მცინარი...

 

და გულის ნამეტნაობით

ზღვა სიყვარული ამტყდარი...

ლექსი, ოცნებით ნაომი.

მზე - ჭიმჭიმაზე დამდგარი...


1926 წ.

სად ჩავა, სად ჩაქრება

მზე, ქედებს ჩაწურვილი?

სად ჩაიქრონ ჩანჩქრებმა

მოუკლავი წყურვილი?

ლექსი სად დაიძახებს,

სად შეჰყივლებს სურვილი?


1926 წ.