ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა,

შემოვეფარე შენ სიმართლესა,

შენ საფარველსა ვარ მონდობილი...

ცოტა მაჩუქე ღალა და ზეთი,

ეგებ ავანთო სინათლის წვეთი

ჩემი გულიდან გამოდნობილი...

 

დე, ჩემმა ლექსის ნერგმა მარადღე

შენი წიაღის წვენით იხაროს,

გამფოთლე შენი ძუძუს წყაროთი,

თავზე მზის ცვარი გადავიყარო!

 

შენი სიმაგრის კარზე ვიმღერი:

მომეცი შენი ლერწამის ღერი,

რომ ჩემს კაბადონს ზე დაჰნათოდეს

ნათელი შენგან გამოტეული,

შენი ოცნება გულზე მათოვდეს,

შენ, დამტევნელო დაუტევნელის...

 

მე ჩავისუნთქე შენი მზის სიტკბო,

დე, გულის ოქრო დამიბადაგოს,

დე, მან დაფერფლოს გული, დადაგოს,

თავისუფლების დროშის ქადაგო,

ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა,

ჩემო დიდებავ, სანიადაგო!


1926 წ.

მთვარე შრიალებს ფიჭვივით.

დაუსრულებელ ოხვრაში,

ამოდის კოხტა ბიჭივით

ცისკარი ახალ ჩოხაში...

 

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,

ვინ არის მისი მკერავი?

ეს გული ვიღამ დასხლიტა,

ბურთივით გაუთქერავი?

 

შენ დამარწიე, იორო,

მაჩქეფე თავზე მირონი;

დალაგდნენ ლექსის ჯიქნებად

ეგ შენი სანაპირონი -

 

შენი ჩანჩქრები, საწური

აბრეშუმისა ბადითა,

შენს ვენახებში სუფრები

ჩონგურითა და მწვადითა;

 

შენი ბდღვრიალა კალმახი,

აცვია თითქოს ჩითები;

დილა, რომელსაც ნისკარტით

ეზიდებიან ჩიტები...

 

და უწმინდესი ტაძარი,

არხზე წისქვილი პატარა:

შენმა ტინებმა სიმაგრე

ლექსებში გამამატანა!

 

შენი ფშანების ნაჟური

ლექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი,

თუ ამოგხაპეს, გაგყიდეს,

გავხდები შენი ვაჭარი!

 

მთვარე შრიალებს ფიჭვივით.

დაუსრულებელ ოხვრაში,

ამოდის კოხტა ბიჭივით

ცისკარი ახალ ჩოხაში...

 

მთვარე გომბორზე წაიქცა -

რძით გავსებული ტიგანი...

იორზე ვმღერი წნორებთან,

ერთი იმ წნორებთაგანი!


1925 წ.

წარწერა თასზე

 

 

მთის იქით ჩასჭკნა ყვავილი

ნაქროლი ნიავქარისა;

ჩუქურთმა გამოყვანილი

ვიყავი მინანქარისა.

 

ახალგაზრდობა სად გაჰქრა

და სიჭაბუკე მთვარისა?

თასი ვარ მარიამისა,

მოხუცებულის, მცხრალისა...

 

ტაძარზე

 

მთაზე ვაშენე ტაძარი,

ნაშენი არა იყო რა;

შემეწეოდა ერთგულად

საწყალი ხარი ნიკორა -

აღმართებსა და კლდეებზე

ქვისა და ხე-ტყის მთრეველი;

შენ დაუმკვიდრე ნიკორას,

უფალო სასუფეველი!

 

რაინდის ეპიტაფია

 

მიყვარდა სმა და ნადიმი,

ამხანაგები რჩეული,

თეთრი მიმინო მიყვარდა,

ჩემს ცერზე შემოჩვეული.

 

ვიცოდი მიჯნურისათვის,

ცრემლთაღვრა, გაჭრა, ხელობა,

რაზმის გაპობა სეტყვისებრ,

ყაბახზე ცხენფიცხელობა;

 

მომსხლა სიკვდილის ნამგალმა,

საფლავს მქნა ჩამონაყარი,

დავტოვე ცოლი ლამაზი,

ცხენი და კოშკი მაღალი...

 

ცხენი უკუღმა აჰკაზმეთ,

ცოლმა დაიჭრას კავები,

ხმალი ხელთ დამაჭერინეთ

დამიწებული მკლავებით,

დაფას დაჰკარით, მიმღერეთ,

სთქვით შოთას ტკბილი ტაეპი.


1925 წ.