მარტოდმარტო შრიალებდა

შავი ზღვის პირს შავი მუხა,

და რამდენიც ჰქონდა ბზარი,

ცას იმდენჯერ დაექუხა.

 

ზღვის ჩიტები ჟივილის ხმით

ესეოდენ ტყეთა ნარჩენს,

ნისკარტებით ზედ აფენდნენ

ცისარტყელის ჩამონაჭრებს.

 

ნისკარტებით ციდან სხივი

და ცვარ-ნამი ჩამოჰქონდათ,

და რამდენიც ეგალობათ,

ხეს იმდენი ბზარი ჰქონდა.

 

შავი ზღვის პირს შავი მუხა

მარტოდმარტო შრიალებდა,

ტიტველ მკერდზე ილეწავდა

ტალღებს ნისლით მფშვინვარეთა...

 

მუხა იდგა, როგორც ვეფხვი,

ვეფხვზე უფრო მრისხანედა,

და რამდენსაც ზღვა დაჰკრავდა,

იმდენ ფესვებს იმატებდა!


1925 წ.

ქვაკუთხედი ლოდები...

ნამტვრევი ნანგრევები...

აქ ცხოვრობდნენ ოდესღაც

მორკინალი დევები.

 

ქვად ხმარობდნენ ზურგის ძვალს,

სისხლს - საძირკვლის წებოდა;

მათი ხმალის ნაკრავით

რაზმი ილეწებოდა.

 

თუმცა სვამდნენ ჩარებით,

ჰქონდათ რკინის წვივები, -

აწუხებდათ მოწყენა,

ტალახი და წვიმები...

 

დარჩა ტყე და სიჩუმე,

ხეზე მღერის შროშანი...

ხის ქვეშ დამიწებულან

ლაშქარნი და დროშანი...


1925 წ.

მთები... მთები...

 

ბუმბერაზთა საშინელი მხედრობა...

თუ ხარ მონა,

აქ არავინ გენდობა!

მონურ ღიმილს

მე ვინ გადამაბრალებს?

მე გაპობილ ნაპრალებს

ყივჩაღურებ

ჩავყურებ...

 

მახარებს ცისარტყელა -

ლაჟვარდების საყურე,

გულის ნაწვეთს მე ვუერთებ

მთაში ამტყდარ წვიმას

და მძულს... ორტაბახურებრ

ვისაც გულში სძინავს!


1925 წ.