(პოემიდან)

 

ვინც პლანეტების არის პატრონი

და ვინც იბრძოდა გამწარებითა,

დღეს, ლიტავრებით ტრიუმფატორი,

მოდის ატტილას ხანძარებიდან.

 

რომ სიღარიბის კარი დაჰკეტოს,

იწყება ბრძოლა ამირანიდან,

რომ საქართველოს მიწას დაჰკიდოს

ათი ათასი სემირამიდა!

 

სხვა ციკლოპები ადნობენ მადნებს,

რომ გააცოცხლონ ბარაქა მკვდარი

და სიდონიდან მოსულ ხომალდებს

ჩაუზნექია ტვირთებით მტკვარი.

 

აღსდგა! აივსო ყვითელ ზოდებით

ამოხაპული მაღაროები,

ისევ ჩათახი ჩამოზოვდება

სხვა საქართველოს მახარობელი!

 

*

ყანავ, კახურო, ათქვირებულო,

და ყამირებო ყარაიისა,

დახორცებულო იალაღებო,

ვაზო თორმეტი ფურის ნაწველო,

დასხმული ოქროს ბარძიმივითა,

წინანდლის ღვინო, დედისრძიანო!

 

ვეფხვის ნაწილო, ივრის ჭალებო,

ბეღელში ყრილო პურო ზღვიანო,

მთებო, შირაქის ერბოთ პოხილო,

მზევ, ლეშტერებად შესაგუბარო,

ტყევ, მუხრანისა, მუხრანიანო!

 

ოქროვ, მცხეთაში გამოწურულო,

და რუსთაველის სიტყვავ ძლიერო,

გამოზამთრულო შავო ნახირო,

ასსარგადონის სამაგიერო!

 

ჩემო დვრიტაო და ლექსის დედა!

თქვენი ბარაქის ვარ პატიმარი!

დატაროვებულ სიტყვებს რომ ვხვეტავ,

სიტყვა მაქვს თქვენგან ნაპატივარი!

 

თქვენი დაღუპვა კიდევ შორს არის

და კიდევ ადრე თქვენი სიბერწე.

მომდგარა რასსა ფარეშოსანი

და საქართველოს დასდგამს ღერძებზე.

 

დღეს შეაბერდით მზეებს მაღრიბულს,

შეჰერაზადას დატრიალებით.

ხვალ დინამიტით დასვინაღრებულს

გაგაჭენებენ მაგისტრალები!..


1924 წ.

ძველი მზეების დამრჩა ვალები,

ვიგონებ იმათ შრიალს ფარჩიანს.

ხარის ცხელ მუცელში ვარ ამოვლებული

ცეზარი ბორჯია.

 

ჩამორჩენილი მითრიდატეს ლეგიონერი,

ქვეყნის დაპყრობით მოსული,

მტკვარზე ვინც მღერის რომის ელეგიას,

სისხლი შავახეთქე ბარბაროსული.

 

მედგა მუზარადი (რა უტკბოესია!)

ომებში დამქონდა ხმალი ირიბული,

დღეს სისხლის ჯამებით ვხვრეპავ პოეზიას

და ფარად მიჭირავს მთვარე გატყირპული.

 

უფალო! დასცალე ჩემი საყვირები,

მაწოვე სიტყვა გამოკვერილი,

სასძეურს ატოკებ

ძროხა გატოქილი...

ასე ვლოცულობ მე ყოველ კვირას

წყნარი ბოკვერი.


1923 წ.

დაფეთებული შენსკენ მორბიან

სქელი ჯოგები, როგორც ლატანი.

შენ - დაგეშილი დედალი ორბი,

შენ - დაგრაგნილი ლევიათანი.

 

გღადრავენ მუცელს მწარე აფთრები:

ნუგზარ, ატილა და ტამერლანი.

იხევა ბოძზე გამოფატრული

აპოკალიპსის მწვანე მერანი.

 

საკლავით სავსე ეს ხვიმირები.

იფქვის ნახირი გამოხვეტილი.

და ფრონტონებზე ხიმერებივით

სწვეთს საშოები გადმოღვენთილი. -

 

ბლოკადა სისხლის, დაუძრახავი,

ნასუქარ მინდვრებს ლეშხებს უწველი

და ფარაონის სხვილი ძროხები

მორგის საწოლზე ყრიან მუცლებით.

 

დანებით დგანან ვით სატრაპები

ყასბები ტოგით შემოსილები.

დახეთქე სისხლით ყველა სარდაფი

და ფურგონები შემოსეული.

 

ბღავი ჩანგლებით: ჯერ  უძიროა

და არ ავსილა შენი ღარები:

გაწველილ მიწას გაუწირია

ჩამდგარი ღალის ნატბევარები.

 

დაარტყი ალყა, დააგრიალე,

ჩაასვი ღვიძლში პრესსი წყეული;

კიდევ დაბურღე მიწა ძლიერი

შადრევანებათ ამორწყეული.

 

მაგრამ მძინვარე თუ კი ჩაჰქერი,

გაძლევენ რევანშს ბუდის ბღარტები:

როცა გასკდება როგორც ჩანჩქერი

შენი ძარღვები დასაბღერტელი.

 

მორწყე და მორწყე მიწის ფერსვები!

მკვდარი ვერჰარნის მუცელი მშრალი;

შენგან ოცნებას ეალერსება

ბარბაროსული სისხლის შრიალი!


1923 წ.