ყანა კახური, ათქვირებული,

და ყამირები ყარაიასა;

ვაზი თორმეტი ფურის ნაწველი,

დასხმული ოქროს ბარძიმივითა,

წინანდლის ღვინო დედისრძიანი;

 

თაფლი - ხეებზე ჩამოღვენთილი,

ბროწეულის ტყე წყაროებითა;

ცა - არწივების კლანჭით გარტყმული,

მთები - ფერადი დროშებივითა,

ნაციხარები ქვასისხლიანი...

 

მხარე - ნათხარი საძირკველების,

მხარე - სარკინე ფალავნებისა,

მხარე - ვაზებში გამოხვეული...

იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ყრმობისა,

ფერფლი ლერწამის ნაცარივითა...


1923 წ.

ღრუბლები ჰგვანან ლაფიან ჩვარებს,

მარტის ქარები მიაქანებენ;

ტყვეები მიჰყავთ იანიჩარებს,

ელოდებიან იალქანები...

 

იალქანებო! რა გეჩქარებათ,

ერთს გადავხედავ სამშობლო მხარეს,

ვაკოცებ მიწას, დედას მწუხარეს!

გინდ ამომართვით მერე ბეჭები

და გინდ მიმეცით გენიის ხანძარს!...

 

ეს მეხრეები - ქართლის ბიჭები

ხვალე ჰნახავენ ალჟირის ბაზარს!...


1923 წ.

შენ ყელგამოჭრილს ჰგევხარ ჯეირანს,

მეუცნაურა შენი სახელი

და მარტო შენი თვალები მჯერა,

როცა დგებიან მოყაბახენი.

 

როცა მთვარეზე გავალთ ოროლი,

უზანგში ფეხი შედგება ცხელი;

მაშინ ეგ ტანი აზნაურული

წამოვა, როგორც სვეტი ცხოველი.

 

დატრიალდება გარს მირაჟები

და სამუდამოდ ვიქნებით ორნი,

გვაჯირითებენ ჩქარი რაშები,

სანამ მკერდებში ჩადგება ბროლი.

 

ჩვენ გაგვიტალღებს მთვარის მორევი

და შეგვაშინებს მთვარის დიდება,

შენს თავს მომტაცებს მე მოურავი...

.......................................................

 

როცა დაჯდება მზე - დღის ყეენი,

შენ გამოჭრილი გექნება ყელი

და ხორბლისფერი, ძვირფასი ხელი,

გაქცეულ ფაფარს დაეკიდება.


1923 წ.