ცამეტ ქვასავით აინთება მწვანე კაბარე,

დაჭრილ სკვითივით როიალი მოგესალმება;

შენი თვალები გაიშლება ღამის პეპლებად.

ნეტამც გამხადა აშფაშაგის მეისრაბარი.

 

ვნატრობ, ყაბახებს გამარჯვება მერგოს პირველი

და შემაჩერდეს შენი სახე მღვრია ქარვისა,

ამაყ მზერაში ჩაიწვოდა ჩემი მაისი,

შენი თვალების ფერადიდან გამომჭვირვალი!

 

არ იქნებოდით, ქალბატონო, ჩემი მსაჯული,

ყვითელ სარკეში გამოხედვა ესერაბამი,

მეჩვენებოდა ჯირითის დროს, ვით სერაბიმი -

ყარყუმის ქუდში ვარდისფერი მანასაჯურით.

 

და საზანდარშიც ითოვლებდა ნისლი მთიური, -

დაჭექდებოდა შავ თვალებში ეგ სიამაყე;

როგორც კაფეში მაიმედებს მე თერიაყი,

შენი შემოსვლა და გიჟური უვერტიურა!


1919 წ.

არღნის თოვლებში გზა-ჯვარედინი.

მზე - დასიებულ მთავარანგელოზს.

ჯდება გუმბათზე ჯალალ-ედ-დინი.

ბრინჯაოს ჯირითს ამსხვრევს ანჯელო.

 

ნატისუსალში ამთქნარებს ვატმანს.

ვაგზლის გეიშა ფარნებს ამძიმებს.

და სარაცინი აწივლებს ფატმანს.

ქერა ლოთები ჰსცლიან ბარძიმებს.

           

ათოვლებული ტორეადორი

ხელსარკიანი დადის გოტიე.

სჭამს სურავანდი და თიადორა

ჩამპალ ბუზებში ტაძარს გოტიურს.

           

ვერსალზე დარდი მე მილოდინებს.

შუაღამისას მაცმევენ ნიღაბს.

ვიღაც მიმზადებს გილიოტინებს.

ჰკბენენ ძაღლები მომავალ იღბალს.


1919 წ.

შენზე ვარ ჯვარცმული და შენდამი შეყვარებული გომბეშო ვარ. ჩემში ავხორცობს  შენი ბრაზიანი მზის თქარათქური და შენს ალორთქილ სხეულში ყვითლად ჩაღვრილი მალარია.

მაცხელებს შხამით ამწვარი შენი სივრცე და შენ ყვითელ თვალებს მივდევ გველივით აწივლებულ ტრამალებში.

მზეში ნაზელი შენი უდაბნოები მიმზადებენ თეთრ საშიშროებას და ელდით გეხლიჩება საქანელნი ცისანი. ქამელეონით დაკბენილ შუადღეებიდან შენი ხელი გოგირდებს მაყრის - უცნობ მხედრობის შეციებულ რაინდს.

ჩემში ორთქლავენ: შენი პირსისხლი ვენახები, ლომისფერი  ყანები, ბალღამით მხრჩოლავი უგზაური შენი მდინარენი; კაპას მაშხლებ ჩაშლილი, ცხელ სიშიშვლეში თეთრად აჩაღებული კალოები. ჩემში ილეწება მეფური დაშნით მოცელილი შენი ქალაქები და შენი დიდების ჩარდახი მადგება თავს.

            დავიწყებული არაგვის წყლები გიდგამენ ტახტებს კეთროვან ჩრდილთა სიჩუმეში; შენ გახვალ წარსულ დღეთა ჯირითზე და არ იცი, ვინ წაიღებს შენ სილამაზეს, მკერდი შენი ვრცელია ცხელ რუშებში და ვინ ააწივლებს შენს ტუჩებს... ბედი შენი დააკრეს ქარის  ფაფარს და სარაცინი უკივის შენ სარეცელს...

            იქნება შამქორი და იქნება ნუქარდინი...

            ხალიფას დროშით აინთება შენი ქოხები შიშით მზირალნი საფირონივით.

            შენი ნაზი ქუსლი ჩასველდება სისხლში და თვალწინ გაგიტარებენ დროშად ჯვარცმულ მოურავს.

მინდვრებიდან მოვა მთვრალი სუნი და მრუში სუნთქვა შეგიწვავს სახეს. მზის ურაგნებში დასისხლული მკერდი გადაგეხსნება, როგორც მწუხრის

         ღვთიშობლები საცეცხლურის გრილ სვეტებში.

საიდუმლო შენი იქნება სასტიკი და ტკივილი იქნება უღმერთო...

შენი დალურსმული სული მაღრჩობს; შენს ეშაფოტის გზაზე ჩემი თვალები დაიხევა; ყვითელი აყალო გაწვება სარკოფაგად და უღვთოდ გაიკვრები თეთრ ნამქერებზე. უბე გექნება ღია და თითები ასანთლებული.

            მეურმის სიღარიბით ვატარებ იღბალს და შენს დასრესილ აბრეშუმს; გვიან დაისების ოსანნა თვალი ჩემი მოკვდება შენზე.


1919 წ.