უცხოეთისკენ მიფრინავს წერო...

დგება წუთები საბედისწერო.

                                  

თეთრკაბიანმა ვერხვმა ჩასთვლიმა,

ცრემლად იფრქვევა რთვილი და წვიმა...

                                  

აღარ ასვენებს გრიგალი მინებს ,

კარს მიასწყდება, ამოიგმინებს... -

                                              

ალბათ ჩემი მზეც ასე ქვითინებს!..


1915 წ.

სევდიანია შენი თვალები, როგორც მგოსანი უმიზნო ბრბოში.

სევდიანია შენი თვალები, როგორც სიმღერა საქართველოში...

სევდიანია... ნეტავი რისთვის? იქნებ გაცრემლებს სამშობლოს ბედი? -

არა, ცრემლისთვის არ გაჩენილხარ, არ აგატირებს შენ შემოქმედი...

არ აგატირებს... - რადგან მას დასწვავს გამოუცნობი ტრფობის სურვილი.

ეგ ტბა ბინდისა, - ჩამონისლული, მტრის ისრებისგან შემობურვილი,

ეგ ატლანტიდის თეთრი მარჯანი, ეგ თეთრი მკერდი, თეთრი ტილოსი,

ორნი ზამბახნი ღელეთა შორის და სიზმრის კოშკი - მარმარილოსი...

მაშ რა გატირებს შავთვალა შველო, აყვავებულა სამშობლოს მთები -

იქ ყვავილები ისე ხარობენ, პეპელამ ისე გაშალა ფრთები -

შენ კი ცრემლებად რად იღვენთები?..


1915 წ.

ეძღვნის ნარ-კანს


ჩემო კარგო! ქვეყანაზე - სამუდამოდ არვინ ჰკვდება,

შემოსილი ახალ ძალით, არც არავინ იბადება...

რა უყოთ თუ: შემოდგომით სევდით ყველა იმოსება.

ოქროს ჰანგად გაზაფხულზე - გაიშლება მიწის ქება...

თუ შენც მოჰკვდი... სახე შენი გაზაფხულზე მოფრინდება,

ვით პეპელა გაიხარებს, ვით პეპელა, კვლავ დასტკბება...

შენც გინახავს ხის ფოთოლი, შემოდგომით როგორ ჭკნება,

მაგრამ გული გაზაფხულზე ისევ ისე აჰყვავდება...

ჩვენი სულიც, თუ ხანდახან ღამის სუნთქვით დაიწვება,

განთიადის სარეცელზე მას აღადგენს დილის შვება...

უკვდავება მარად დაგვდევს... მიწით ცამდის თანა გვყვება

და რა ვქნათ თუ ხანდახნობით, ახალ სახედ შეიცვლება.


1915 წ.