დალაქი ბუნბულა ფარსმანიშვილი მეტადჩვილი, გულნაზუქი მახსოვს,-- მოსიყვარულე, უწყინარი, ძვირუხსენებელი, მეგულკეთილე, თან გაგებული, შესმენილი კაცი.

__არავის აწყენინო, მოშიშება უნდა გქონდეს, ჩვენი ბოლო სამი ფიცარია!-ზედ დააყოლებდა ამ სიტყვებს, სამართებელს რომ ღვედზე ლესვას დაუწყებდა. კარგი მემუსაიფე იყო, ხალხის შემაქცევარი. სიტყვის თავზე ,,ჩემი ხარ ბატონი― არ დაავიწყდებოდა.

__სიწმინდის დარზე ვიდგეთ, და-ძმობაზე ვიაროთო!

__თავი და თავი გულის მოსავალია! ჯერ გულის მოსავალი მოირეწე და მოკრიფე, მერე მიწისა!

ბუნბულას მიერ შემეცნებულნი თავს აკანტურებდნენ ნიშნად თანხმობისა და თვით ბუნბულას საპატიურობისა.

დალაქის აზრით, სიგიჟით მოგებული არაფერია სინდისით, მოგებულთან! ადამიანს რომ შეხვდები, მარტო საქმეზე კი არ უნდა ელაპარაკო, გუნებიერად მოიალერსე, გუნება მოიმყუდროვე, ორივეს ჯანი და აგებულობა დაგიმშვიდდებათო!

იმდენად სათნო და წმინდა ადამიანი იყო ბუნბულა, რომ მისმა მტერ-მოყვარეებმა ხმა დაუყარეს, ბუნბულამ სთქვაო, ჩემს ჯეელობაში ქალები სულაც არ ყოფილანო!

იყვნენ თუ არა ქალები მის ახალგაზრდობაში, არ ვიცი, მაგრამ თითონ თორმეტი შვილი კი ჰყავდა: გოგოები- თათია, ნია, ფაცაცი, მზესა, გაია; ბიჭები-ბატატა, საჩინო, ჯაბა,გეგენა, ბათუა, ხოხორა, ბაბღია. ზოგი დაოჯახებულიყო, ზოგი ახლად იდგამდა ფეხს.

მე მიკვირდა, როგორ ეტეოდა ამოდენა ხალხი ბუნბულას ორ პატარა ოთახში? ერთხელ კიდევაც შევეკითხე.

__ ზოგი იატაკზეა, ზოგი სხვენზე, ზოგი ჭერში, ზოგი ერდოზე, ზოგი აივანზე, ზოგი ეზოში, ზოგი წყალზეა წასული, ზოგი პურზე, ზოგი დუქანში და ასე __ ვეტევით. იოლას გამოვდივართ, __ მომიგო ბუნბულამ. ამდენ შვილებში ყველაზე მეტად ბატატა უყვარდა, მე მგავსო, ხელს გაიშვერდა ბატატაზე და სიამაყით იტყოდა: __ ჩემი გვირგვინის შვილია!

ძვალად, ძარღვად კარგი იყო ბატატა მამასავით, მაგრამ ნიჭმოკლე, გონების თვალით უხედავი,დაბდური, ოტროველა.

რას აჭმევ. რითი ჰკვებავ შვილებს?

სამართებლით! განა არა ვარ გაოგნებული? ფიქრით სოფელი გადავაბნელე! ბედის ბედაური გავაჭენე და ეს მომერგო საწუთროში!

მაინც საწყენი, საკრული სიტყვა პირიდან არ ამოუიდოდა. ენად კარგი იყო. გულდებით იცოდა საუბარი, თითქოს ცეცხლზე შემდგარი თაფლის ქვაბი ტკბილი ჩუხჩუხით გელაპარაკებაო . სადალაქოში უყვარდა პოლიტიკაზე ლაპარაკი, პოლიტიკოსებს საქმიანობას უწუნებდა, თუ კაი ხალხია, ომი რად უყვართო, ომს რად აჩენენო! ნაპოლეონიც მიყვარს, გიორგი სააკაძეც, მაგრამ ომები იმათ მოიგონეს, მათი ძვლები ხალხის ცოდვით ვერ მოისვენებენო!

ყველა ნადობი, ნაძმობი, მოკეთე, სახლიკაცი, მეზობელი, თვისტომნი და მოყვარენი ვართ! ყველა რომ სიამტკბილობით ვიყვნეთ, განა ავკაცობა მოხდება დედამიწაზე? ჩვენი ბრალია, ჩვენით მოდის ყველაფერი! შუღლს შფოთი მოსდევს, შფოთს ჩხუბი, სისხლი და ციხე! სისხლს ომი მოსდევსო.

პირველი მსოფლიო ომი რომ ატყდა, ბუნბულა მართლა შეგეცოდებოდათ. კინაღამ არ შეირყა. __ქვეყანა ბოროტების მტვერით აივსო! აჰა ეგეც სიმწრის ჭაშნიკი! ვაი, სადა ხარ, სირცხვილო, ვაი, ადამიანის გაღორებას!

__ ღმერთო ჩვენსკენ მოღერებული ხანჯალი დაუმოკლე ჩვენს მტერს!

და შეწუხებული, დამწუხრებული ბუნბულა მიადგებოდა გამვლელ-გამომვლელს. __ კაცი არა ხარ?

__ მერე?

__ განა ძმები არა ვართ, გულის ძმავ?

__ მერე?

__ ხომ ადამიანი ხარ? ხომ ვართ ადამის შვილები!

__ მერე?

__ მერე ისა, რომ ჩემი სული შენს მუჭაში დევს!

__ რა გინდა?

__ ის მინდა ,რომ თუ საქართველოს მირონი გიყვართ,შევერთდეთ, ერთმანეთს მხარი მოვაბათ, ხელმწიფესთან წავიდეთ, დავუჩოქოთ, შევეხვეწოთ-ომი არ გვინდა-თქო!

__ ვინ მიგიშვებს ხელმწიფესთან?

__ ჩვენ ჩვენი საცადური არ დავაკლოთ!

__ მერე რა გამოვა?

__ როგორ თუ არა? ფარა ცხვრმა ხეს შეჰბღავლა და ხე გახმაო ! ხატიცხოვლის მადლმა, მართალია! როდის ვამბობ გულის მოსაპირავად?

საწყალ დალაქს გულწრფელად სჯეროდა კეთილ ადამიანთა ნების შეერთების ძალა. __ ეჰ, მოგცლია! -ეტყოდა ვინმე ილაჯგაწყვეტილი.

__ მაშ, ხალხი არ გენანება, დედამიწა, ცა-მზე? მაშ, სიცოცხლე უნდა ყმად მიუგდოთ სიკვდილს? მაშ, საკაცო მადლი დავკარგოთ?!

__ ენდე ღმერთს! ხელმწიფესთან წავიდეთ, ფეხქვეშ ჩავუცვივდეთ, მუხლ_დადგმით ვთხოვოთ, შევეხვეწოთ,_ მუდარით შესთხოვდა ბუნბულა უცნობსა თუ ნაცნობს,ახლობელსა თუ შორებელს, გამვლელსა თუ გამომვლელს. მაგრამ მის წინადადებაზე ყველას ეღიმებოდა. ერთმა ვირულა ბიჭმა შეჰკადრა კიდევაც: ტვინი ამოგიღვარესო?

სიმართლისა და მშვიდობის მაძიებელი დალაქი გაოცებული იყო ადამიანთა უმადურობით:_ვაი, გზა ვერ ვიპოვე ვერავის გულში! _ბოლოს წყრომამ ამოხეთქა მის გულს:

__მაშ, არ გინდათ ერთობის კარი? არ გსურთ ომი ავიცდინოთ? მაშ, ქრისტეს სიმართლეში მომეცით პასუხი! __ჩაიქნია ხელი და განმარტოვდა.

ხან ვენახში მუშაობდა, ხან ბოსტანში, ხან თავის ხელობაზე. უფრო კი დაშინაურდა, დვრიტა დაიდვა ... თავი ვეღარ მოიძია...ცალარქად დადიოდა.

...ერთ დღეს ბუნბულა გაჰქრა სოფლიდან. ცოლ-შვილი დარდობდა, დაეძებდა, მოკითხუკობდა, თუმცა ამაოდ. ატყდა ზრინვა-ტირილი, ვაი-უშველებელი.

ცოლმა__გულჩინამ ხატს ზვრაკი აღუთქვა. ვიღაცამ სთქვა, მატარებელში ვნახეთო! ცოტათი დაშოშმინდნენ.

ბუნბულას თანაზიარი ბიძაჩემი სუთლხანი ძალზე შეაწუხა მეგობრის დაკარგვამ და საყვარელი კაკლის ქვეშ პურისჭამა აკვეთა.

__ნაწყენი ვარ, ნაწყენი! ჩემზე უმახლობლესი ვინა ჰყავდა, რომ ხვაშიადი არ გამიზიარა, თუ სადმე წავიდა,- მაგრამ ავიტან,ავიტან, ოღონდ მშვიდობით დაგვიბრუნდებოდეს! - ეუბნებოდა ბიძაჩემი გულჩინას.

ბუნბულას ოჯახი და ბიძაჩემი ბუნბულას გზას დაეძებდნენ, ფოსტალიონს ავედრებდნენ, მოვიდეს წერილი თუ არა, მყისვე, იწვე თუ იდგე, მაშინვე გამოაქანეო!

გულჩინა ჩიოდა; ვინ იცის, სად რა კლდის ფხაზე სძინავსო! ვინ იცის, უსაზრდელო მათხოვრად დადისო, ვინ იცის, ყელიც გამოჭრეს ავაზაკებმაო!

ბიძაჩემი ანუგეშებდა:-ქვეყნის დამანგრეველი კაცია, რა უნდა გასჭირებოდაო, ესეც არი, ავი ამბავი ცხენით მოჭენდება და მადლობა ღმერთს, ჯერ ხომ ცუდი არა გაგვიგია რაო, წინასწარ გული რაზე გავიხეთქოთო! შეიძლება სოფელი უდალაქოდ დარჩესო! მართლაც ვერ წარმოედგინა, როგორ გაუბედავნენ სოფელს?

ბუნბულას ოჯახში კი ისევ გაისმოდა კვნესიანი სიტყვები: ვაი დაქცეულობას, გატეხილობას! დარდი ცალკე ჰკლავდა ოჯახს, უცნობლობა ცალკე.

თორმეტი შვილი ერთად ტიროდა, ცოლი ცალკე იმდუღრებოდა.

მეზობელი ქალები აშოშმინებდნენ. ისიც კი გაუბედეს: ვის რად უნდა შენი ბეხრეკი ბუნბულაო, ვინ გაიტაცებდაო! ზოგმა ბოროტმა ჭორშესხმულმა ამბავიც დააფრინა: __ბუნბულა ქარიან ცოლს გაექცაო,და თორმეტი შვილის შენახვასაო!

გულჩვილი ბიძაჩემი დარდით მთლად მომჩვარდა, ხმას არ გვცემდა, ბუნბულას განსაცდელზე ფიქრობდა.

მახსოვს კვირას დღე იყო და სადილად ღვინო აღარ მიიღო. მაგრამ იმ საღამოს ისეთი ამბავი მოხდა, რომ ბიძაჩემმა ხელადა ღვინო მარტო გამოცალა და ბაღდადურიც კი დაუარა!

რა მოხდა? ის მოხდა რომ... მარაგიანი ღამე იყო. ახლად პურმოხდილ თონის ფიცრებზზე ვისხედით ბალღები. თონე ნებივრად გვათბობდა. თონის განელებულ ცეცხლში ახალი კარტოფილი იწვოდა. მოჯამაგირე ჯუღურა გრძელ ზღაპარს გვიყვებოდა მზის ვაჟზე, რომ ამ დროს შმაგურად შემოვარდა ჩვენს ეზოში ბუნბულას ვაჟი ბატატა, კიბე სასწრაფოდ აირბინა და ბიძაჩემს შესძახა:_ სამახარობლო, სამახარობლოო!

ბიძაჩემი სიხარულით შეტორტმანდა კიდეც, მაგრამ თავს მოერია, არ წაიქცა. სირბილით, ფაციფუცით, ყველამ ბუმბულას სახლს მივაშურეთ.

ბუნბულა დარცხვენილი იდგა, ტანისამოსშემოლახული.აღშფოთებული მამასახლისი უღრინავდა..

__ რაები დაგიწყვია ქალაქში, ვინ მოგცა მთავარმამობა, რომელი სისხლმაჭარა ხარ, რომ ხელმწიფის საქმეში ერევიო!ქალაქიდან ჩაგვაბარეს შენი თავი, ფეხი არსად გადგასო. დაჯექი და ლუკმა ლოღნე!

თავდადრეკილი ბუნბულა არას ამბობდა, მხოლოდ ცოლს უთხრა,_მაჟრიალებსო, საბანი წამახურეო და, საბანს თავზე იფარებდა. ბიძაჩემისათვის ხმა არ გაუცია, ისე რომ, ბიძაჩემი სულხანი ნაწყენივით დარჩა_მე მაგისთვის ღამეები არ მეძინაო მაგან კი ზედაც არ შემომხედაო! ახლა ეს საჭირვვეულო ფიქრი გაუჩნდა.

ბიძაჩემი ამაოდ ეჭვიანობდა. ერთი კვირის მერე ბუნბულა თვითონ ეახლა ბიძაჩემს სადილობისას, კაკლის ქვეშ და ყოველივე უამბო.

გრძელ სიტყვაობას რომ მოვერიდოთ, ბუნბულას ოხვრანი და გმინვანი რომ გამოვტოვოთ, მისი თავგადასავალი ასე ყოფილა:

შაშვის წყაროზე მჯდარა---თვალი რომ მოვკიდე მწვანე ხევჭალებს და ვენახებს, გულმა ძაგაძუგი დამიწყო, ცრემლმა დამხეთქა,--- მაშ, აღარ უნდა იმწვანილონ, აღარ უნდა იკეკლუცონო? მაშ, სისხლმა უნდა დაფაროს-მეთქი!როგორ უნდა გაიმეტოს ადამიანმა დასაბუგავად ეს შრომილი სილამაზე,მონაგარი ჭირნახული,ახლავე უნდა ვუშველოთ,სანამ დიდი ვეშაპი ზღვაში შეიძვრება-მეთქი!აქ ხომ არავინ მიგდო ყური,ქალაქში წავალ, იქ განვითარებული ხალხია, დამიჯერებენ, ხელმწიფესთან გამომყვებიან, სიცოცხლის საქმეზე გაირჯებიან, მე ხომ ჩემი ოჯახისთვის არასა ვცდილობ-მეთქი! გული ამიჩუყდა,გადაღმა რკინიგზის სადგურში ზარი აწკარუნდა. ქალაქს წასვლის ნდომამ უფრო და უფრო დამრია ხელი, სულ ვტორტმანობდი, იქნებ ხალხი გადავარჩინო _მეთქი. ცოლ-შვილს არაფერი შევატყობინე, ვიცოდი, არ გამიშვებდნენ. შენ ხომ იქ არ იყავ, რჩევა მეკითხნა. მე კი ხალხის შველა მინდოდა. როგორ მოგრიალდა მატარებელი, როგორ ჩავჯექი, მე თვითონ არ მახსოვს და არც ის, როგორ ამოვყავი თავი ქალაქში. მეტის სიხარულისაგან თავბრუ მეხვეოდა.

პირდაპირ სასახლისკენ გავწიე მთავარ_მართებლის სანახავად, რომ მეთქვა ყველაფერი, არ უნდა ხალხს ომი-მეთქი! სასახლის კართან დავდექი – გამომიცვივდნენ, აქ რა გინდაო, მუჯლუგუნი მკრეს, ქიმუნჯებით გამომაგდეს.

__ არ წავალ, საქვეყნო საქმეზე ვარ მოსული-მეთქი! წამითაქეს, ახლა ქუჩაში შევჩივლე ნაცნობს თუ უცნობს. ერთს გადავუდექ,-გაიცინა, მეორემ- შემომაგინა, მესამემ – გიჟიაო! ეს არ მაკმარეს, ახლა პოლიციამ ჩამჭიდა ხელი, ვინა ხარ, ალბათ ჯაშუში იქნებიო, სხვა სახელმწიფოს მოსყიდულიო!

პოლიციაში წამიყვანეს. ერთი კვირა ცარიელ ფიცრებზე ვიწექი მშიერ-მწყურვალი, ჩამაცივდნენ, მეკითხებოდნენ. მაწვალეს, მცემეს, რაც გროშები მქონდა, ქრთამში ამართვეს, მერე გამაპანღურეს. გასწი, აქეთ აღარ მოიხედოო, შენი ფეხი არ ვნახო ქალაქში, შე მეტიჩარაო! რას მერჩოდნენ? მე ხომ საქვეყნო საქმეზე ვიყავ წასული, ქვეყნის სამჯობინარი მინდოდა? რად ჩამცხეს წიხლი შიგ გულში? რისთვის? რატომ არ ესმით, რომ ვიღუპები? რამ გააქვავა ადამიანის გული? ვის დარჩენია ქვეყანა? მე მეგონა, ადამიანი განაგებდა! ასე დავბრუნდი გაუკაცრავებული, თითქოს დანაშავები მქონდეს. ახლა რა ვქნა?_შეეკითხა ბიძაჩემს თვალგანმარტებით, სასოებით.

მდუმარე ბიძაჩემს თავი არ აუღია. ბოლოს, აიღო ხელადა, ღვინო დაუსხა ბუნბულას და ჯამი გაუწოდა.

ბუნბულამ ხელი გაასავსავა_მე ღვინის ულუფა აღარ მერგება! იქ იმოდენა სისხლი იღვრება, მე ღვინოს როგორ დავლევო, სისხლს მაგონებსო! ჩემ გულს სიმწრის ბოლი ასდის, რა დროს ღვინოაო!

ბიძაჩემმა გაკვირვებით შჰხედა, მერე აიღო თავისი ჯამი:_ეს გაუმარჯოს ჩვენი მეგობრების მშვიდობით დაბრუნებასო!

ბუნბულა გათავისდა, ხალხს აღარ ეკარებოდა. დადიოდა განაპირებული, განკვეთილი , გადაცოდინარებული, მისი გული სევდის სადგური გამხდარიყო. წინათ სიტყვით მაინც იკლავდა ჟინს, ახლა სიტყვის ნებაც მოუსპეს. ისე მოჰპარსავდა მუშტარს, ერთ სიტყვასაც არ გასცემდა. გულის ძარღვებშივე ჩაუსრისეს რწმენა და ჭეშმარიტებაც. რაღა დარჩენილიყო ბუნბულას არსებაში? მხოლოდ ჩენჩო, მხოლოდ ცარიელი ლენჯო , ეს იცოდა ბუნბულამ და მიწის ზურგზე სიარული ეზარებოდა.

ჩამქრალ თვალებს აქეთ_იქით უიმედოდ აცეცებდა, იმ ორიოდე სიტყვასაც ზოზინით , უხალისოდ იტყოდა.

იყო კაცი თავმომწონე და გარემოებამ ნაკაცარი გახადა.მერე რისთვის? _ კაცობრიობის გულისთვის!

ასეთი იყო ბუნბულას ბედი!

სკოლიდან მხიარულად გამოცვივნულ ბავშვებს სოფლის დიდ ცაცხვთან დაგვხვდებოდა ჩორეხი და როგორც ბატკნებს მწყემსი, ისე გადაგვარჩევდა რამოდენიმეს და გვმოძღვრიდა, გვწვრთნიდა, გვრჯულავდა, გვასწავლიდა...

ჩვენი ნამდვილი მასწავლებელი მართლაც ჩორეხი იყო და არა ჭროღა ლონგო, რომელმაც თავისი გაკვეთილების მეტი არაფერი იცოდა!

დარბაისელი ჩორეხის საგანი ერთადერთი იყო - საქართველო და მისი სიყვარული!

და აი, ახლაც, ცაცხვის ქვეშ, გვიკითხავს „საქართველოს ისტორიიდან― თევდორე მღვდლის თავდადებას და ბოლოს ლოცვასავით ჩაგვიკითხავს ზეპირად, როგორც გულში გადამდნარ საკუთარ გულისთქმას, და ხმამაღლა გაგვამეორებინებს „კალმასობიდან―:

„ქართველნი წინაპარნი ჩვენნი იყვნენ თუმცა კირთებასა შინა სხვათა და სხვათა მპყრობელთა მიერ, - მაკედონელთაგან, რომაელთაგან, ბერძენთაგან, ეგვიპტელთაგან, სპარსთაგან, სკვითთაგან, ოსმალთაგან და ჩინგიზთაგან, მაგრამ სიყვარული მამულისა და სიმაგრე სულისა ვერა დაატოვებიეს, იძლევდნენ და სძლიეს, იდევნენ და განდევნეს და ესრეთ მოიგეს უკვდავებისა სახელი!―

ამ სიტყვებზე ჩვენ ვბორგავდით, ვბობოქრობდით, აღარ ვიცოდით, სად წაგვეღო ხელები. რა გვაწრთობდა მაშინ ქართველ ბავშვებს? - „დედა ენა―, „ჯეჯილი― და რუსთა მეფის სიძულვილი!

მამულის თავისუფლების აზრის ცეცხლი იძვროდა ჩვენს სულში, მან დააალმურა ჩვენი გონებაც და უკვე მოზარდები, მამულის სევდით სახეშეკომლილები დავდიოდით. ეს სევდა გვაკაჟებდა მაშინაც, ულვაშის გინგლი რომ დაგვეტყო, როცა „ყოველივე ფერმკრთალდებოდა ოცნების წინაშე!―

თუ აქამდე ჩვენ გვწამდა „წმინდანნი ზეცისანი―, ახლა შემოგვესხივნენ „წმინდანნი ქვეყნისანი―, - ჩვენი ქვეყნის მამულიშვილები, - ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე და, როგორც ჩორეხი იტყოდა, „ხმალშეუხსნელი ერეკლე!―

ერეკლეს სახელს ჩორეხი უსათუოდ ოხვრით დაატანდა: - ა, ბეჩავ, ბაგრატიონო! ბაზალეთის ლერწმოვანები ჩვენთვის საიმედოს მღეროდნენ და ყურიც კარგად არჩევდა შორეულ მუსიკას.

„უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყე მარჯვენე ჩვენი―! - ეს იყო ჩვენი პირველი აღთქმა მამულისადმი, აღთქმის საყვარელი გამოთმა! - ემთხვიეთ ქართულ მიწას! - და ჩვენც ვემთხვეოდით.

- აკოცეთ წარსულის ნაშთებს! - ჩვენც ვასრულებდით ჩორეხის ბრძანებას და ძველი ტაძრის თუ კოშკის ხავსიან ქვებს დაჩოქილები ვეამბორებოდით.

ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას, როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს წარსულ დიდებას.

გაშლიდა რუკას, შემოგვისხამდა გარს, დაადებდა თითს რუკაზე:

- მესხეთი, - შეეალერსებოდა, თან ღიმილით იტყოდა, - ჩემი გვარიც იქიდან არი! იქიდან ვართ წამოსულები!

- სამცხე, აჭარა, შავშეთი, ტაო, კლარჯეთი, ერუშეთი, სრულიად ჭანეთი, - აი, საქართველოს ნატამალი! კურთხეული მხარე! არ დაივიწყოთ საქართველოს მოჭრილი ძუძუ! ჩვენი აკვანი! ქართული სალმით ამოდის იქ მზე. იქ გამოიგონეს ქართველებმა პირველი ფოლადი; იქ დაარტყა პირველად ურო თუბალაურმა!

„აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე!―

თითებს შემოატარებდა ჩვენს დაგლეჯილ მიწა-წყალს და მთრთოლვარე იტყოდა:

- იქ ჩვენი ქედ-წაგრეხილი მოძმენი ცხოვრობენ, ქართველები. გადაწვეს ჩვენი ტაძრები, ციხე- კოშკები, სულ ნაღმებით ააფეთქეს, ბევრი იმაგრა მესხეთმა, ომში გადადნა, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა, ბევრი სისხლი გვაქვს გამოშვებული!

- მეცოდება ჩემი სამშობლო - საქართველო ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!

მოთქვამდა და მოთქვამდა:

- ეჰ, როდის აიკუწება წიბონი გველეშაპისა? ვაი, მამულო, ნაჭირნახულევო, სისხლით შეღებილო, აკლებულო, დამწვარო, ტყვექმნილო, იავარქმნილო, ვაი, ძნელბედო, ვაი, მამულო, გამესამედებულო!

ჩორეხი თვალნათლივ ხედავდა საქართველოს ჭრილობებს, თითქოს ხელს ურევს ამ წყლულებში და იქიდან იღებს გამოულეველ ძალას ბრძოლისას, სიყვარულისასო!

ეს იყო მისი გულის ნაღარი.

უცბად დაეცემოდა გულის სიღამე:

- ვაი, ნაოხრობას, დაქცეულობას! არ გესმით ნანგრევების ღაღადისი?

- იმარხება საქართველო, იმარხება ქრისტეს კუნძული!

- ღმერთო, შენი მაქვს იმედი! ფეხზე ააყენე ჩვენი მამული, ჩვენი შემფერხებელი ისტორია, მოგვეც განახლების ძალთა ღონიერება! ღმერთო, შენ დაამხე ჩვენი მტერი ქართველთყლაპია!

- აღსდექ საქართველოვ! - თან ფეხს ღონივრად დაარტყამდა მიწას.

- აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდეს მოძულენი მისნი პირისაგან მისისა!

- ესე არს დღე იგი, რომელ ქმნა უფალმან! ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა! - თითქოს წინასწარ ზეიმობდა ჩორეხის სული. - მალე გავიგონებთ მომავლის ხმას, მალე!

მაგრამ უეცრივ მოიღუშებოდა მისი შავი და მკაცრი სახე.

- შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი! რაღა ამოიყვანს?

- რამ შეგადარდა, ჩორეხო?

- რათ დაჩუმებულა საქართველოს წიაღი, რათ? მესხია რას იგვიანებს? - გმინავდა ჩორეხი.

- პატარა ერი ვართ! ეჰ, რაც მკლავზე სისხლი დაგვდენია! სულ სისხლმა იავდრა ჩვენს მიწაზე! აი, ეს მარწყვიც კი ჩვენი წინაპრების სისხლის წვეთია, - იტყოდა ჩორეხი, როცა მარწყვს მოსწყვეტდა.

- ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა! საქმე საჭირო, საქმე! - და თვალებში რომ სევდას შეგვატყობდა, გაგვამხნევებდა: - ისევ დაისხავს ჩვენი ვენახი. ისევ დაგვებადება რუსთაველი, აღმაშენებელი, თამარი! ნუ გეშინიათ!

იმედის დაოქროებაც კარგია! რა ვქნა, რა ვუყო ამ სიყვარულს, სათქმელად რომ დუღდება გულში!

- ქუდზე კაცი! ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული! - შესძახებდა უცბად აღგზნებული ჩორეხი და თვალები ცეცხლით ევსებოდა.

- ქუდზე კაცი! - ყვიროდა ჩორეხი და ცოლი ორივე ხელს პირზე აფარებდა:

- დაჩუმდი, კაცო, არ გაგიგონ, არ დაგვღუპო!

ღონემიხდილი ჩორეხი უღონოდ მიეშვებოდა ტახტზე.

- ო, ყური მომიგდეთ, რა არის თქვენი სამშობლო და კარგად დაიხსომეთ! - გვეტყოდა ბავშვებს და თვითვე მიუგებდა: „გარნა არს ქვეყანა მშვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ―!

- „ნაყოფიერი ყოვლითვე, ვენახ-ხილითა, თესლ-მარცვლითა, ფრინველნი მრავალნი, გარეულნი და შინაურნი, ზამთარ თბილი და მშვენი, ზაფხულ შეზავებული. წყარონი ცივნი, მშვენნი, ჭალა-ტყენი, ბალახნი და ყვავილნი მრავალნი― - ო, აი, ჩვენი სამშობლო!

კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ, ლამაზად მორთულ და მოკაზმული. მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გული!

ჩამარცვლით ჩააყოლებდა ლექსს და იქვე შეგვასწავლიდა...

- დიდი მშრომელი ხალხი ყოფილა ჩვენი წინაპარი ქართველობა! შეხედეთ, ჩვენ სამშობლოში პატარა გორაკიც კი არ არის, რომ ზედ არ იდგეს ტაძარი, ციხე-კოშკი, სიმაგრე. დიდი ოფლია დაღვრილი, დიდი! ეს უნდა გვახსოვდეს. მარტო ყანწის ტრიალი კი არ ვიცოდით! სამაგალითოდ გვაჩვენებდა ძველ, საგვარეულო ხელნაწერს, მისი პაპის პაპის, მამამზეს მიერ ერთი კალმით გადაწერილს. წიგნის ბოლოს მართლაც ეწერა:

„მოიხსენეთ, რომელ ერთის გამოჭრილის კალმით დამიწერია, რომ არ გამომივცლია კალამი და ჩვემ შემდგომ, ვინც ეს ასე მწერლობა ეცადნოს, საქებელ იყავნ―!

ჩორეხი ხელს დაჰკრავდა წიგნს და იტყოდა:

- აი, ვინ იყო ჩემი პაპა! მათი სული კიდევ მუშაობს, - ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი დადგეს და არწევენ ახლაც, ამწამს, შიგ ოქროს ხუჭუჭთმიანი ყრმა წევს, ჩვენი მომავალი, ის ყრმა გაიზრდება და გაათავისუფლებს საქართველოს!

ასე სწამდა ჩორეხს, სასწაულით, ხელგაუნძრევლად თავისუფლების მოპოვება. გაიზრდება და გაათავისუფლებსო! ჩაგვიკითხავდა ლექსს ბაზალეთის აკვანზე და შემპარავი სიტკბოებით მოგვიყვებოდა: ბაზალეთის ტბის ძირას ძვირფასი ოქროს სახლია თურმე! ჭერი ვაარსკვლავებისა არის, იატაკი თვალ-მარგალიტით შემკული, შუა იატაკზე ოქროს აკვანი დგას თვლებითვე მოჭედილი. ზედ მტრედი ზის და არწევს ამ აკვანს... ის მტრედი თამარ დედოფლის სულია!

დღევანდელი ცხოვრებისა ჩორეხს ბევრი არა გაეგებოდა რა, „არა შეესმოდა―, შოთას თქმისა არ იყოს, „სოფლის გაღმა გაებიჯა―. იგი მხოლოდ წარსულში იყო შელტოლვილი და იყოცა მისი მძევალი!

თვით მისი მეზობელი სოფლის მღვდელი ზირაქი, სულის კაცი, ისიც კი დასძენდა: - არც მეტის მეტი განტევება უნდა ცხოვრებისაგანო. ნათქვამია, ეშმაკი რომ სახლს აგებდეს, ერთი ქვა შენც დაადეო!

მაგრამ ჩორეხი მხოლოდ წარსულით სუნთქავდა.

როცა წარსულზე ჩამოვარდებოდა საუბარი, პირველად თამარი უნდა ეხსენებინა. გზნებით აღიგზნებოდა: - ჯერ გული გავიწმინდოთ, სიტყვა მოვილამაზოთ, მერე ისე ვახსენოთ ჩვენი ლამაზი დედაო, და დაატანდა მამია გურიელის ლექსს:

თამარ! - ვინ იტყვის რა იყო, მეათასედსა ნაწილსა!

თან დაადიდებდა: „დიდი თამარი, საქართველოს დედათა პირის წყალი!―

თამარის ნაწაღმართევი საქართველოს ყველა გორაკსა და მწვერვალზეა დარჩენილიო, აბა,

შეხედეთო! არ ასვენებდა თამარის ასხივებული დიდება:

- სიცოცხლითვე დედამიწას არ ეკარებოდა! ერთ ადლზე მაღლა დადიოდა მიწიდგან.

- მაშ შვილი როგორღა ეყოლა?

- როგორ არ იცი, მზის სხივის მიერ ეყოლა შვილი! - ისეთი დარწმუნებით გვეტყოდა, რომ შეუძლებელი იყო, არ დაგეჯერებინათ. ძალიანაც აწყენინებდით.

თუ რამეს დავაშავებდით ბავშვები, დაგვაშინებდა, - დიდი პირიმზე გაჯავრდება, თამარ მეფეო!

ერთხელ, ერთ მორჩილს, საფქვილე გუდაში ბლომად ფქვილი რომ ჩაუყარა, ჰკითხა: - რომელ წმიდანს ემსახურები?

- თამარ ღვთისა სწორის სამლოცველოს!

- სად არის ეგ საყდარი?

- გომარეთში, ხევ-გაღმა დვალეთთან!

აღარ გაუშო მორჩილი. მთელი დღე დასვა, ასადილა, პატივი სცა. ფულიც აჩუქა და ბევრიც ელაპარაკა თამარ მეფეზე. მეორე კვირას, შეჯდა თავის კავშა ცხენზე და გაემგზავრა გომარეთს, თამარის ხატის სანახავად და დიდადაც კმაყოფილი დაბრუნდა.

შინგაზრდილი მწიგნობარი ჩორეხი „ვეფხისტყაოსანს― „შოთას ძღვენს― უწოდებდა. - ნეტა ჩემს გახარებას! - და გაშლიდა რუსთველის წიგნს.

- შენს პირს შაქარი, ოქროს ნისკარტო! - შეელხინებოდა, თითქოს ოქროს ბულბულს იჭერს წიგნის თითოეულ კაბადონზეო. კვირაძალზე შოთას სურათს სანთელს უნთებდა, როგორც წმიდანს და ოთახში ჩაკეტილი, მარტო, ხელაპყრობით ავედრებდა საქართველოს.

- დიდო რუსთველო, ლექსთა მამაო!

- ოდეს ენანი დადუმდეს და არავინ ღაღადებდეს, მაშინაც რუსთველის სიტყვა იჟღერებს მხოლოდ! შოთას ლექსის წინაშე ყოველი საქმე დადუმდება!

დიდად მონდომებული იყო ჩორეხი, წასულიყო რუსთავს და ჩოქით, თაყვანისცემით შემოევლო რუსთავის მიწა-წყალი!

- რა წიგნია! რა მაღლად და მშვენივრად თქმული! საქართველოსი კი არა მარტო, სამთელქვეყნოა! ტყუილად კი არ უთქვამს თვითონ შოთას: სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!

- ნეტავ, რა გულიღა უნდა შერჩენოდა შოთას, როცა თავისი გული ასე მძლავრად დაადნო თავის ნაწერში.

ტკბილად ჩაიკითხავდა:

„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,

ვით ზღაპარი, ასე ესმის, უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უძს, ვითა ტრედი!―

შოთას ამ ლექსსში ჩორეხი უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდა, დღიურ საქმეთაგან განდგომილსა და შორეულ ოცნებაში გარდასულ საკუთარ პიროვნებას. და მისთვისაც საგანგებოდ მოსწონდა ეს ადგილი. შოთას კითხვით დამტკბარი, აღფრთოვანებული, ხელს მაღლა აიშვერდა და იტყოდა:

- რით არის სახარებაზე ნაკლები? - მიაჩერდებოდა მღვდელს და თან დასძენდა: - შემრისხენ და შემიწყალენ, მამაო, ვითხოვ მეოხებას!

მაგრამ მღვდელს არცა სწყინდა, არც ეცალა რუსთველისათვის. ის მეტად მიწიერი კაცი იყო და ხვეჭაში გართული.

- ვკითხულობ და გულს ძგერა ემატება! - განაგრძობდა ჩორეხი, განა ასეთი თაყვანისმცემელი და ტრფიალი სხვა კიდევ იქნებოდა რუსთველისა?

- მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები! ტყუილად კი არ უთქვამს დალოვცილს! მაგრამ რუსთველის ლექსის გარდა, მამულიშვილ ჩორეხს კიდევ უყვარდა ბიბლიიდან ეს ადგილი:

„მდინარეთა ზედა ბაბილონისათა დავსხედით და ვსტიროდით, რაჟამს მოვიხსენიერთ ჩვენ სიონი!

...ძეწნთა ზედა შორის მისთა დავკიდენით საგალობელნი ჩვენნი.

...უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯვენე-ცა ჩემი!―

დადიოდა ქედდადრეკილი, გულშეძრული მამულიშვილი, ოხრავდნენ მისი გულის ბაგენი და გმინვანი შორს ისმოდა:

- ვაი, ფრთამოტეხილო არწივო! ბოლომოჭრილო ხოხობო! ვაი, ქართლო, საქართველო! მორწმუნე ჩორეხს სრულიადაც არ სჯეროდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომი იყო:

- ღვთისმშობელო, თუ შენი წილი ვართ, შენი წილდებული და ხელდებული, რაღათ ააოხრებინე ლეკსა და თათარს საქართველო, ეს ვერ გამიგიაო!

- არა, ძმაო, თუ ღვთისმშობლისა იყო საქართველო, განა თავის მამულს ვერ მოუვლიდა? -

იტყოდა გაკვირვებული.

სულ ერთთავად დადიოდა, ან შარაგზაზე უნდა გენახათ, ან ტყე-ღრეში იარებოდა აწოწილი, წვერულვაშიანი, სათვალიანი, გამხდარი, ახოვანი ჩორეხი. მკაცრი შესახეოდაობისა, თმაგაბურძგნული, უქუდო, მტვრიანი, გაოფლიანებული, ძველებურ მასრებიან ჩოხაში, ხარაზულ წუღებში.

ყოველდღიური ხეტიალისა და წანწალისათვის მუდამ ჩანთით, წერაქვითა და ჭოგრით მავალს, წანწალოსანს უწოდებდნენ:

- მოდის ჩვენი წანწალოსანი!

სოფელში ალმაცერად უყურებდნენ. თუმცა პატივს სცემდნენ უანგარობისათვის.

- ნეტავი დღეს რა გათხარა, სად რა ხაზინა იპოვა? - კითხულობდნენ მეზობლები, მეგობრები, დასცინოდნენ. მაგრამ როცა მოუახლოვდებოდათ, პატივისცემით შეეგებებოდნენ, ისიც გააცნობდა თავის ახალ აღმოჩენებს, წყნარად, დამაჯერებლად.

ღამეობით ჩორეხს ერთთავად ვახუშტის ისტორია თუ გეოგრაფია ედო წინ და მის შემოწმება- შესწავლაში ათენებდა ღამეს.

- ვეჟო, ნუ მისცემიხარ უქმსა და უსიცოცხლო არქეოლოგიურ ოცნებებს! გეყო გუნდრუკის კმევა წარსულისადმი, სულს ნუ იჭუჭყიანებ წარსულის მტვერით! - შესძახებდა მეგობარი.

- ერის დაცემა იწყება იქიდან, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა! - უპასუხებდა ჩორეხი და განაგრძობდა: - ჩემი გონების მანათობელი ჩემი ქვეყნის წარსულია! მისი შუქი მესხივნათელა! იცი, რა ტკბილია წარსულზე ოცნება!

მართლაც, წარსულზე ფიქრით იყო დაფერფლილი და მით სამშობლოზე მტლედ შემოდებული ჩორეხი.

- აფსუს, რა ბიჭი იღუპება ქვეყნისათვის! - გულმტკივნეულად დასძენდნენ მეზობლები.

დიდი ფიქრი ჰქონდა ჩორეხს ნატვირთი, დიდ სევდას ატარებდა; მისი არავის ესმოდა და ასეთ განდგომასა და ხვაშიადის კრძალულებას ზოგი ზვიადობაში ართმევდა.

დილით გასწევდა ტყისკენ, მთისკენ, ახალ-ახალი ისტორიული ნაშთების საძებრად. ხელით გადასწევდა დაბურულ შინდსა თუ თხილსა, კუნელსა თუ წითელი ასკილის ტოტებს, ტაძარს რომ გარსმოჰხვეოდა, გულმოდგინედ ეძიებდა ფრესკებს და უსურვაზიან ქვებზე ამოკვეთილ წარწერებს. სევდით ივსებოდა, გული ეტირებოდა, როცა ნანგრვებთან იხილავდა გადაჯიშებულ ვაზს, - ველურ კრიკინას, ზოგჯერ მხარს რომ ძლივს შემოატევდი.

შინგასწავლული აზნაური ჩორეხი უძვილძირო იყო.

შავი გურანა თითქმის ძალით შერთეს, რომ გვარი არ ამოვარდნილიყო. უსწავლელი იყო გურანა, ძლივს იცოდა ყვავისფრჩხილოვანი წერა.

უმეცარმა და უწყინარმა პატარძალმა მალე გამოაჩინა მიმალული ჭანგები. ტყე-ღრეში მოსიარულე ჩორეხს უსაფუძვლო ეჭვებით სტანჯავდა, საყვარელთან პაემანზე ხომ არ დადის ტყეშიო! ბევრი დღე უსამართლოდ გაუმწარებია ჩორეხისათვის, მაგრამ რომელ ქმარს არ გადაჰხედია „ესე ამბავი― მგრძნობიარე ცოლისაგან?

ჩორეხმა ძილში ლაპარაკი იცოდა, და პირველ ხანებში ალქატი გურანა ჩუმად ხაშხაშს აპარებდა, აძინებდა და მთელი ღამეობით სულ თავთ ეჯდა ქმარს, ეგებ საყვარლის სახელი, ანუ საქმე წამოსცდესო! გაფაციცებით ეჭირა გულისყური! გათენებამდე ფხიზელსა და ღამენათევს მხოლოდ დილით ჩაეძინებოდა. ასე ნებაყოფლობით იწამებდა თავს ბედკრული ქსანტიპა, ახალმა სოკრატემ კი არაფერი იცოდა.

რა უნდა წამოსცდენოდა ხეტსა და ოლოლოს თუ არა ნადარბაზევი, ნაპალატევი, ნაქალაქარი, ნაკოშკარი, ნარუჯები, ნაოხრები, ნალეწები... ბევრი ღამე უთია მძვინვარე ცოლმა მშვიდად მძინერე ქმარს და ბოლოს მიანება თავი. ახლა კი ჩორეხს გინდაც ათი საყვარელი მოეყვანა, სულაც აღარ ენაღვლებოდა გურანას. ერთი კი სჭირდა, საღამოობით, ნაშთების ძიებიდან დაღლილი, ტყე-ღრეში ნახეტიალები ჩორეხი შინ რომ დაბრუნებოდა, გურანა უსათუოდ ცეცხლზე წყალს დაასხამდა, ეგონა, ძველი კოშკებიდან, ეკლესიებიდან, აკლდამებიდან ჩორეხს უსათუოდ ქაჯები, ეშმაკები და ავი სულები მოჰყვებიანო და შემოყოლილ ეშმაკებს ოხშივარი გარეკსო! ახლა იმათ ებრძოდა გამწარებული, ქმარი არ მიმიხილონ, არ წამართვანო! აი, ასეთი თანამოაზრე მეგობარი ჰყავდა საბრალო ჩორეხს...

ერთხელ, ნაქალაქარის ტყის ნატაძრალიდან ძველი ხატი ჩამოიტანა. ზედ გამოსახული იყო წმიდა გიორგი, ხუჭუჭთმიანი, ალისფერ ტანისამოსში, თავზე ჩაჩქანი უელავდა, ხელთ შუბი და ფარი ეპყრა. ძირს, წმიდანის ფერხთა ქვეშე ხმლით დასისხლული, კბილებდაღრჭენილი ვეშაპი გართხმულიყო.

- ერთხელ ვეშაპი დაამარცხა, ახლა კი წვიმის წვეთებს დაუჯაბნიათ! - შეწუხებული ხმით მეტყოდა ჩორეხი წმიდაზე და თან დასძენდა:

- ნაწვეთს უდენია ზედ ხატზე! ეჰ, რამდენი ძველი დახატულობა იღუპება. წვეთი რო დასდით, თითოეული წვეთი მე გულს მიღარავს, გულს მიხვრეტს, ღამეებით არ მეძინება, ტანჯვაში ვარ, გამოუთქმელ ტანჯვაში! იღუპებიან ჩვენი სიძველეები ყოველწამიერ, შეიძლება ჩემს სიცოცხლეში სულაც წაიშალონ! იღუპება, ჩემს თვალწინ იღპება! - გმინავდა ჩორეხი, გულთ ეყრებოდა და წამალი ვერსით ეპოვნა.

- რათ გინდა დაობებული ხატები? - შეკრებილებაში შეეკითხა ახალგაზრდა კნეინა. სჯობდა კი, რომ არ ეთქვა, ისე მრისხნედ შეხედა ჩორეხმა.

მახსოვს, იმავ შეყრილობაში ამბობდა გულმობრუნებული ჩორეხი:

- ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა! რძეც სდის და თაფლიც! ჩვენი ბუნება ერთი ხელით ოქროსა ჰყრის, მეორეთი - ვერცხლს! ღალიანი მიწაა, მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?

ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ვითარებაც აფიქრებდა წანწალოსანს. ამიტომაც, ძველი ნაშთების გარდა, ხეტიალის დროს ღელეებსა და ხევებში მადნებსაც ეძებდა. დიდი სისათუთით ჰქონდა პარკებში შენახული ოქრონარევი ქვიშა, მომბზინავი რიყის ქვები და სხვა მინერალები, როგორც დიდი მადნების ნიშნები და დიდ იმედებსაც ამყარებდა მათზე, - მომავალი მოდგმისათვის.

ნაღვლიანი ჩორეხი მთლად იმედიანი გახდა მას მერე, რაც ერთხელ, ნანახი სიზმრის შემდეგ, უცნაური ქვა აღმოაჩინა საჩვენოში, უჯარმის ნანგრევებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც სიზმარში ეჩვენა, ქვემო კოშკის ლიბოში.

მეც თვითონ მსმენია ხალხში, რომ უჯარმის მფლობელი ვახტანგ გორგასალი ხელთ ოქროს ბურთს ათამაშებდაო.

აი, ამ ბურთად მიიჩნია ოცნებით მთვრალმა ჩორეხმა ეს მართლა ბურთივით მრგვალი ქვა, სხვინარა, ოქროს ზოდივით მომბზინვარე. ზედმიწევნით სჯეროდა ჩორეხს, რომ სწორედ ის ოქროს ბურთია, გორგასალი რომ ხელთ ათამაშებდაო! რაკი სიზმარმა უთხრა, რომ ეს ქვა კარგი ნიშანიაო, ჩორეხმა, დიდი იმედების ნიშნად, პირდაპირ ეროვნების სამლოცველოდ გაიხადა ეს ქვა. ხან უჩოქებდა, ხან ემთხვეოდა, ხან გულში იკრავდა. მართლაც, სწორედ აღგზნებულ ქადაგს ჰგავდა მაშინ ჩვენი ჩორეხი!

სულ გამოიცვალა, რაც მოიპოვა ელვასავით გამომკრთალი, ბრწყინვალებით აელვარებული ქვა;

მას ეგონა, ქვის ოქროს კრთომა თავისუფლების ღვთის კრთომა იყო. არც ერთ მპყრობელს არ ჰქონდა ამქვეყნად ასე დანივთებული სიმდიდრე, როგორც მეოცნებე ჩორეხს.

- ნეტავ, სადმე კიდევ თუ იქნება ასეთი განძი და შესამკობელი? - იტყოდა გულში სახემტკბარი. - ახლა კი ეშველა საქართველოს! - გულში გალობა და ზატიკობა უნდოდა...

ეს ყოველივე მისი ფიცხელი გონების ნაგონარი იყო და ჩორეხს ნამდვილად ეგონა, რომ ეს პატარა ქვა სიკეთის უცილოდ ზეგარდმო ნიშანი იყო.

ბოლოს იხმო მღვდელი, დიდი საიდუმლოებით სახარების ფიცით გაენდო, ქვაც უჩვენა, თუმცა ხელი არ ახლებინა, როგორც სიწმინდეს, და ფიცის ჩამორთმევის შემდეგ დაავედრა, წმიდა ქვა ტრაპეზში დაეკრძალა, მთავრობისაგან ფარულად, შთამომავლობისათვის გადასაცემად. მხოლოდ წელიწადში ერთხელ უნდა ეხილა ეს ქვა თვით ჩორეხს, - სახელდობრ, აღდგომა ღამეს, ლიტანიის შემდეგ.

გორგასლის ქვა დაგილიდგულებული ჰქონდა ჩორეხს, - მისი დარდების მოსაფონარი. ახლა ქართლოსის საფლავი და ქართლოსის ძეგლის თავის აიჟინა.

- უნდა ვიპოვოთო!

- წმიდა ნინოს ლოცვით სეტყვამ არმაზი კი არ დაამსხვრია, არამედ ქართლოსის ოქროს ძეგლი! ქართლოსს ოქროს თავი ჰქონდა გამოქანდაკებული, ბრწყინვალე! სეტყვის და ქარიშხლის მერე იქვე, ხევებში ჩაგორებულა, იქ უნდა ვეძიოთ, სადღაც იქ არის ჩამარხული, უნდა ვიპოვოთ და ისევ იქ დავდგათ, სადაც უწინ.

მსმენელები იღიმებოდნენ - მოზღაპრე გახდაო!

ჩორეხი კი შეუპოვრად მისდევდა თავის ოცნებას, ვიდრე, ერთხელ, ჩვენდა საოცრად, სრულიად არ გამოიცვალა, რაღაც დარდმა მოიქვეშია, მაგრამ ვინ იყო მისი ახალი დარდის თანამხილველი?

ოდესღაც მტკიცე და ლაღი, ახლა რაღაც შესეტყვილი, მოღვედილი გეგონებოდათ.

რა დაემართა, რა ჩაქრა ჩორეხის გულში ან საიდან გაჩნდა მის გულში ნაცარი? რა სევდის ზღვა შემოადგა გულზე? ვერავინ ვერა თქვა! იყო სიტყვების გადაკოწიწება, ნართაული ხმები ჭორელებისა, ფარული გაღიმებაც, მაგრამ კვანძი ვერ გაიხსნა, ვერა და ვერა!

- რა მოხდა? - საიდუმლო მერე ძლივს შევიტყვეთ, როცა მოვისმინეთ ჩორეხის აფოთებული ლაპარაკი. წირვის შემდეგ ვეება ცაცხვთან ცეცხლმოკიდებული შეეძგერა ზირაქ მღვდელს.

- ქვა მოუპარავთ, გორგასლის ქვა! მოიპარა მღვდელმა, რათა დაწინაურებულიყო მთავრობაში, ანგარმა, უძველეს ტაძარში ძველითგანვე დახიზნული ნივთეული, ხელნაწერები, საძნე ურმით ჩაუტანა თბილისში რუს ექსარხოსს, ზედ გორგასლის ქვაც მიაყოლა ტრაპეზში ჩამალული!

- ერის ქვა! ინდოეთიდან მოტანილი!

- რა პასუხს გასცემ ერს, შე უკეთურო, შენ ხომ გაძარცვე ქართველი ერი! მზეზე გაშავდა შენი სახელი! დაიღუპა დიდი განძი, გორგასლის ქვა! საოცარი, იმედის ქვა, რომელსაც სითბოცა ჰქონდა, ცეცხლივით შუქსაც იძლეოდა. განა ოქროს სჯობდა? უოქროესი ქვა იყო, წმიდა ქვა, დალოცვილი, შელოცვილი გორგასლის ხელით! - ჩორეხმა ხომ მღვდელს ჩააბარა შესანახად, ვიდრე „მამულის გამოხსნის დღე― დადგებოდა.

ახლა კი...

გულაზავთებული, გულდამსხვრეული, ცეცხლმოკიდებული ეძგერა მღვდელს:

- რა უყავ ჩემი დიდებული ქვა - საქართველოს სიმტკიცე, წმიდა ქვა! ფესვი მოათალე ჩვენს სიმაგრეს და მტერს მიართვი, შენივე ხელით ჩააბარე! - მღვდელს კი არაფერი ესმოდა, - რა გესაწყენარა? - ჰკითხავდა მღვდელი.

- და ნუთუ არ იცი, რა მნიშვნელობა ჰქონდა გორგასლის ქვას, ანუ ვინ იყო გორგასალი? შე ღვთის გარეგანო, ურჯულო, უკეთურო, მწარედ ცოდვილო, გაქსუებულო, საქართველოს დამშლელო, დამაქცეველო! ჩემი ცოდვის პასუხი შენ გაეცი! - თითქმის თავზე ნაცარი გადაიყარა...

ზირაქ მღვდელი გაშტერებული იყურებოდა; სად ჰქონდა შესაქციელი, შესაგებარი სიტყვა? მას ჩორეხის რისხვისა არც ეშინოდა, მხოლოდ ენანებოდა, რომ ცდებოდა, საქმეზე მიმავალს უგვიანდებოდა და ჩორეხის პატივისცემით იდგა მის წინაშე, მეტი არაეფრი.

მაღალი, ქერა, აწითლებული, ამოგანგლული, მუდამ ანაფორაშემოკეცილი, სოფლის ამაოებაში გართული ქვრივი ზირაქ მღვდელი მეტად მიწიერი ადამიანი იყო, თუმცა სულის მხედრობას ეკუთვნოდა. მას წირვა-ლოცვისათვის არ ეცალა, ერთგულად მუშაობდა თავის საოჯახო საქმეებზე და სხვასაც ამუშავებდა თავის გასამდიდრებლად.

სად ეცალა გორგასალის ქვისათვის? - ჰყავდა მოჯამაგირეები, მწყემსები, მეღორეები, მეჯიგეები. ჰქონდა საკუთარი წისქვილი, ჰყავდა ცხვრისა და ღორის ფარები, ვაჭრობდა ტყით, ჯონჯოლით, თაფლით, სანთლით, პურით, ღვინით, სინდისით; ჰქონდა საკუთარი ეტლი, ანუ „დილიჯანი―, თბილისში რომ დაჰყავდა მგზავრები, ჩუმად ჰხდიდა არაყს და ფულს ასესხებდა დიდი სარგებლით, ჰყავდა საყვარლები და ჩუმჩუმადვე კიდეც მაჭანკლობდა.

აბა, ასეთ მოუცლელ კაცს სად ეცალა გორგასლის ქვაზე საოცნებოდ?

დიდი და პატარა მღვდელს ემორჩილებოდა სოფელში. უიმისოდ არც ერთი საქმე არ ისკვნებოდა: არცა მამულის ყიდვა-გაყიდვა, არც საძირკვლის ჩაყრა და მით უფრო, არც ქორწილ-ძეობა-ნათლობა, სახლის განათვლა, სიკვდილი, საღვთო და საერო საქმე, სულისა თუ ხორცისა!

ყოველივე და ყველაფერი ზირაქ მღვდელს უნდა დაელოცნა.

მრავალი ქორწილი ჩაშლილა მხოლოდ მისთვის, რომ მღვდელს სასიძო ან საპატარძლო არ მოსწონებია. მრავალი გონჯი ქალი გათხოვილა კოხტად შეღერებულ ბიჭზე და მრავალი უსახური, მაგრამ შეძლებული ვაჟი, მღვდლის იმედით, ლამაზი ქალის პატრონი გამხდარა. ამ ნიადაგზე მღვდელს მრავალი მომდურავიც ჰყავდა სოფლის მზეთუნახავებში! მაგრამ ვინ შებამდა „სულქონიან― კატას ეჟვანს? ხშირად, ქრთამაღებული მღვდელი ასე ლოცავდა შებერებულ, შემჭკნარ პატარძალს: „გამრავლდით, ვითარცა აბრამ და სარა, ვითარცა იაკობ და რახილი―-ო!

არ უყვარდა ბერს ბერწი, უშვილო, უნაშენო ხალხი, რომელთა საგულდაგულოდ იტყოდა ფსალმუნიდან: „ნეტარ არს კაცი, ვითარცა ხე დანერგილი, თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი თვისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ―!

აივნის დაპირისპირებით, ეზოს ყურეში, შემოწნული იყო საქონლის ბაკი. იქ მღვდლის საქონელი ება. ბაკი სავსე იყო ნეხვითა და ყვითელი, ჩაგუბებული წუმპით. შებინდებისას დაეყრებოდნენ ნახირიდან დაბრუნებული კამეჩები, ხარები, ძროხები, განარებული შავი ბუღა. ისმოდა თქერა, დგრიალი, ხვნეშა. ქვრივი მღვდელი იჯდა აივანზე, სვამდა ჩაის და თან პურისმცხობელ მარინეს ეაშიკებოდა.

აბა, მითხარით, სად ეცალა ზირაქ მღვდელს გორგასლის ქვისათვის?

გავიდა დრო, მღვდელმა არ აპატია და ჩორეხი დაასმინა. გაფითრებული ჩორეხი ჩუმად იდგა განრისხებული ექსარხოსის წინაშე, როგორც მთავრობის წინააღმდეგ დასმენილი მეამბოხე. ჩორეხს ხმაც არ ამოუღია... ციხეში ჩასვეს, რამდენიმე თვის შემდეგ გამოუშვეს, რადგან ხელმოსაკიდი ვერა უპოვნეს რა.

დაბრუნდა შინ ჩორეხი მოტეხილი, მობერებული, მომჩვარული. თითქმის არავის არ სცემდა ხმას. მხოლოდ ჩიოდა, იმდენად ციხემ არ მომტეხა, რამდენადაც ქართველი კაცის ღალატმაო! მას ვერ წარმოედგინა ზირაქ მღვდლის საქციელი. ამიტომ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული დადიოდა... ბოლოს ლოგინში ჩაწვა. სულის დროშა დაკეცა... ჩუმად დნებოდა, ჩაწვა, ჩაიმუმლა. ვერ შეებრძოლა უცნაურ სენს, არც უნდოდა.

შემოდგომის წვიმიან დღეს სოფლის დუქანში რამდენიმე კაცი „შესანდობარს― სვამდა. - რას წვალობდა, წანწალობდა ამდენს საწყალი?

- თან რა წაიღო, არაფერი! - თქვა აზნაურმა დოლამ და თვალი შეატარა სავსე სუფრას და კიდევ დასძინა:

- პურის მადლმა, არაფერი!

- ან ჩვენ რა უნდა წავიღოთ წუთისოფლიდან?

- არაფერი! თქვენმა დღეგრძელობამ! - დაიძახა ძგვლიფამ.

- არც არაფერი! მამითქვენის მზემ, არაფერი! - კვერი დაუკრა წვერიკმაზიამ.

- მაშ, დავლიოთ, - აზნაურმა დოლამ დიდი ჯამი გაავსო ღვინით და ჩამოარიგა: - ღმერთმა შეიწყალოს ჩორეხი და სულით გაანათლოს!

- რა უნდოდა საწყალ ჩორეხს, არც ჩვენ გვიდებდა თავს! მთელი სიცოცხლე ნანგრევებსა და ხაზინის ძიებაში გაატარა! ეცხოვრა, ჩვენსავით ღვინო მაინც ესვა, არ ერჩივნა? ღმერთო, შეუნდე!

-ხ ზირაქ მღვდელმა დამარხა. სიტყვაც კი შეაწია.

- უსასყიდი კაცი იყოო, გარდაუწეველი მოსამართლეო, თუმცა ფიცხი და ეჭვიანიო! მშვიდობის ანგელოზმა დაამშვიდოსო იმქვეყნად! მადლი და მშვიდობა ვუსურვოთ ჩორეხის სულსაო, თუ რაც უსჯულოებანი და ცოდვანი ჰქონია, მაღალმა ღმერთმა აპატიოსო! - ეს იყო და ეს!

სოფელი არ შეძრულა... კუბოს გარშემო არ ისმოდა სალმობა, სულთქმა-მწუხარება... თმები არავის გაუწეწია... პირი არავის არ ჩამოუხოკია სისხლიანი თითებით. დასაკლისი ვერ გაიგეს. გურანა დაღვრემილი იდგა - ამდენი ჭიდრებულება გამოვიარეთ ერთად, ახლა მარტოს რადა მტოვებო!

ანდერძის მიხედვით, ჩორეხმა კოტმანის წმიდა გიორგის სამრეკლოს ქვეშ დაიმკვიდრა საფლავი.

ასე წავიდა ამ სოფლიდან კეთილი, თუმცა ძველმანი ადამიანი, დახავსებული თვალებით, დაღამებული გუნების კაცი, რომელიც მხოლოდ წარსულის ღამეში ცხოვრობდა, რადგან არ ჰქონდა აწმყოს მხედაობა; იყო ცალმაგი, ერთმაგად ნაქსოვი ადამიანი, ერთის თვალით მხედავი!

- ახლა შენ გაიხარე ჩორეხის მემკვიდრევ!

- ჩორეხის ნებაწადილობით შენ დაგრჩა მისი მამული - სახლი, კარი, მთა-ბარი, წისქვილი, ვენახი, სახნავი, სათიბი, მარანი, ბაღი, კალო, საბძელი, კარ-მიდამო, - მიმართა დიდი ჯამით წვერიკმაზიამ ახალმოზარდ ოფიცერს - მამრიკა ჩაღლაძეს - გურანას ძმისწულს, - ჩორეხს კეთილი სახსოვარი, შენ - კარგად ყოფნის სიხარული! შენ იცი, დღეიდან როგორი კარგი მეზობელი გვეყოლებიო!

მამრიკა იღიმებოდა, ჯერ თვითონაც არ იყო გამორკვეული, რომ ასე უცბად ხელთ ჩაუვარდა ამოდენა მამული, და დაბნეულიყო.

- ტომბახი ჩამოგვისხი, შენც მოილხინე, ხუმრობა ხომ არ არი ამოდენა მამული მოიგდე ხელთაო! - მიმართავდნენ ღვინის ნათლულები და მამრიკაც უხვად იხარჯებოდა მიცვლილი ჩორეხის ხარჯზე.

***

მთელი ცხოვრება ჩორეხმა ვახუშტის შესწავლასა და სიყვარულში გაატარა! რამდენი ღამე დასთენებია ზედ ვახუშტის გამო, რამდენი წყრომა გაუგონია ცოლისაგან! და ისე მოკვდა ჩორეხი, რომ ცოლმა ვერ შეიტყო, ვინ იყო ვახუშტი, ან რა ფასი ჰქონდა მის ნაღვაწს.

ჩორეხის სიკვდილის შემდეგ გურანამ მოკრიფა მისი მონაპოვარი თუ შენაძენი ძველი, არქეოლოგიური ნივთები: ქოთნები, სურები, მძივები, სამაჯურები, ჟანგშეწმული ხანჯლები, მახვილები, მათთან ერთად სამადნე პარკები და მთლად გადაყარა, - „ნასაფლავარიაო!― - ეზიზღებოდა, ეშინოდა. გოგოებმაც კი არ წაიკარეს მისაჩუქრებული ნამკვდრევი მძივები.

ხოლო ვახუშტის წიგნები, თვითონ ჩორეხის ნაწერები და წერილები გურანამ ხელიერთპირწმინდად გასახვევ ქაღალდად მიჰყიდა ისაკა ებრაელს. დარჩა მხოლოდ ვახუშტის სურათი, თვით ჩორეხის მიერ ფერადი საღებავით დახატული.

გურანამ სცადა სურათის გაყიდვაც, მაგრამ არავინ იყიდა, როგორც იყო, ჩარჩო გაასაღა, მაშინ გაძარცული სურათი გატეხილი მინის მაგიერ ჩასვა სარკმელში!

ჭუჭყიანი ფანჯრიდან სევდიანად იყურებოდა დაღვრემილი ბატონიშვილი ვახუშტი... თითქოს ჩორეხის დაკარგვასა და თავის ბედს დასტიროდა გურანას ხელში!

გურანას კი უკვირდა, რომ მისი მეუღლისაგან არავითარი საქმე და დოვლათი არ დარჩა. მართლაც, აბა, რას უჯდა იმისი კაცი მთელი სიცოცხლე?

ამ წიგნების იქით, ამ ძველმანების გადაღმა, გურანას კიდევ რაღაც „დიდი― ეგულებიდა და ეს „რაღაცა― რომ ვერ აღმოაჩინა, რომ მას ხელი ვერ შეახო, - ეს ძალზე უკვირდა...

***

აღარ არის ჩორეხი - სამშობლოს ბედით მუდამ მჭმუნვარე, ჭირნანახი, სევდით გულდაღამებული, მხოლოდ წარსულის ტრფიალი, კეთილშობილი, თუმც უღვაწი კაცი, მაინც დიდი მოწადინე და სევდით ნაჯაფარი...

გულჭირიანს და ფესვმოკვეთილს ღრმა ძილით სძინავს თავის შავ სევდასთან ერთად... მის გარშემო აღარ ტრიალებდა ეჭვები და ჭორები.

რატომღაც მგონია, რომ ჩორეხი არ არის მკვდარი; და რომ სადღაც, შავს ტყეში თუ ძველ ნანგრევში არის შეხიზნული! თითქოს მისი ხმაც კი მომესმის მკაფიოდ; ხან ბინდისას ვხედავ შარაგზაზე აჩქარებით მიმავალს, თმადაბურდულს, აქეთ-იქით თვალის მაძგერებელს.

და ისევ ისე წრიალებს ჩემს ფიქრებში წარსულზე პირაკვამლებული, ჩანაცრული, მწირი ჩორეხი, სამშობლოს დარდით მოავადე.

ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...

და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი... ნიშარძეულის წყალი როდესაც რომელიმე კრებას თუ საქმიან თათბირს ვესწრები ხოლმე და ფიცხი ორატორების გამოსვლას ყურს ვუგდებ, მაშინვე ჩვენი ფორე მომაგონდება!

ფორე! გუგულიანი საათი რომ გამოიწერა ვარშავიდან! ნათლად მახსოვს ის დღე, როცა მან ჩემი დასწრებით ამანათი გახსნა და ყუთიდან ამოღებულმა საათმა ფორეს ხელშივე ,,გუგუ‖ დაიძახა!

ფორე! რომელმაც 1910 წელს, ლევ ტოლსტოის სიკვდილზე სთქვა, რუსეთის მზე მოკვდა, მე რომ ფული მქონდეს, მთელ რუსეთს შავებს ჩავაცმევდიო!

ფორემ, პირველმა სოფელში, სამკალი მანქანა შემოიტანა, მთელი სოფელი ზედ დაეცა გაკვირვებული. ალბათ ისე აღტაცებული იყო ადამიანი, როდესაც პირველად წყლის წისქვილი გამოიგონეს და მძიმე ხელსაფქვავების ბრუნვისაგან გაანთავისუფლა მონა ქალები.

ეს ის ფორეა __ ქრისტეფორე თამარიძე, რომლის ოთახის კედლებზე ეკიდა რუსთაველის, შექსპირის, სპენსერის, ოუენის სურათები. გორის საოსტატო სემინარია ჰქონდა გათავებული, მაშ, რა გეგონათ!

სწორედ ის ფორეა, რომელმაც მღვდელს შენიშვნაზე, __ რათა სჭამ მარხვას, სულს გაუფრთხილდიო, უპასუხაა: მეც იმიტომ ვჭამ ცოცხალი ფერზე დავრჩე, სული არ დამემშესო!

რით იყო სახელდებული ფორე?

იგი იყო დაუღალავი წყლისთვის მებრძოლი, მეცადინე წყლის ჩა ყვანისა თავის უწყლო სოფელში!

აქედან დაიწყო მისი გასახელება!

ჭეშმარიტად საყვარელი იყო ფორე, წყლის ტრფიალი, წყლის სიყვარულით გაშმაგებული! მთელი სიცოცხლე მეცადინეობდა, რათა მრავალქაფა ნიშარძეულის წყალი ჩვენს სოფელში ჩამოეყვანა.

სოფელში ფორეს სახელქება ისმოდა, მაგრამ არავინ არ ეხმარებოდა, მხოლოდ ორიოდე მეზობელი ტკბილი სიტყვით აქეზებდა ამ წმინდა საქმეზე! გაწყალებულ პატარა სოფელს, სიღარიბის ბურტყლი რომ ასდიოდა, რა დახმარების გაწევა შეეძლო მეოცნებისთვის? ვინ გამოიღებდა ხელს? არავინ! ამიტომაც შერჩნენ ერთმანეთს მარტონი, __ ოცნება და ფორე, ფორე და სოფელი!

იდგა კლდის რქაზე და მუდამ პირდაცული ფორე ახლა მტკიცე გონებით ღაღადებდა:

__ მოდით, მხარი მომაბით, მიშველეთ,სათხარი, მიმართება მივცეთ ამ ფურის ძუძუსავით ნაწველ ნიშარძეულის წყალს!

დაწვრილებით აგიხსნიდა რა დამართებით უნდა წაეყვანა წყალი: აი, __ აგზნებით ამბობდა ფორე, __ ჯერ წმინდა კაჟის კლდეზე გადმოვაქცევთ, მერე ხმელი კლდის გამოვილით დიდგვერდზე, გოხიან კლდეებზე, კამაროვანსა და მარმაროვანზე გადმოცურდება, რომ იმინდვრებს, ურწყულ მინდვრებს სარწყავად გაჰხდის, გამინდვრებულის მერე, სოფელში შემოსრიალდება ნიშარძეული და ბელტს დაალბობს. მერე... ფესვმა უნდაა გაიბას ჩინჩლი; როგორ იმედიანად აიყრის ზრო ტანს და დაყვავილდება ბუტკო; __ აგიყვავდებათ ძმებო, მწვანილი, ფეხის მოსავალი, დაისხამს ვაზი, ხეხილი! სამპირ მოსკდება __ შავფხა, შავთაველა, წითელი დიკა, დატაროვებული სიმინდი; მაშინ ნახეთ საქონლის მეხორცულობა, ყოჩი, შაქი! ნახეთ ავსებულობა, __ წველა, რძე, ერბო, თაფლი! თქვე პირუბანელებო, პირი ვერ დაგიბანიათ უწყლოობით. საწყალობელნო, უწყალო გაჭირვება გადგათ კარს! სად არი ღვთის წყალობა, მისი მოიმედენი რომ ხართ! ,, წყალობა‖_ც ხომ ,, წყალი‖_დან მოდის? გაანძრიეთ ხელი, მიშველეთ ერთკილოვნად, უგზაური ნიშარძეულის წყალი სოფელში ჩამოვიყვანოთ, მუხათწყაროში!

ასე მოუწოდებდა მიწურებში ჩასულ სოფელს, გულში კი უფრო თავისი ფხისა, გამჭრიახობის და მონდომების იმედი ჰქონდა! უნდოდა, ერთ დღეს, აღდგომი წითელ კვერცხივით მიემკვლია სოფლისათვილ ნიშარძეული!

თითქმის ყოველ კვირას ნიშარძეულში ადიოდაა ფორე, იქ ჩანჩქრის ჩქროს ესაუბრებოდა, ესაყვარლებოდა, ელაციცებოდა. მართლაც და, უპაემნო რა კაცია? უმიჯნურო სიარული რა ცხოვრებაა!

წყლის მხურვალე მაძიებელსა და გამომძიებელს გახრიოკებულ სოფელში შემრგო, სუბუქი, გემრიელი და იაფი წყალი შემოჰყავდა! რა იყო ამაზე კეთილშობილური საქმე? და აი, ზრუნვაში გართული ფორე ძიობდა წყლებს ჩვენი მიდამოების ტყესა თუ ღრეში. ჰსინჯავდა წყაროებს, ნაკადულებს, წყაროსთვალს, კოდას, ხევებს, სჩხრეკდა მათ სათავეებს, __ სათაურებს უსინჯავდა ფესვებს, ნიადაგს, ეძებდა მოკლე სადენ გზებს , გეზებს, ჰსახავდა გეგმებს, ჰხაზავდა მიმართულებას; დღემუდამ ჩოთქი ეჭირა ხელში, წყლის გამოსაყვან ხარჯთაღრიცხვას ანგარიშობდა; კიდევ კაპიკებს სწურავდა, მომჭირნეობდა.

ფორეს ჰნახავდით ტყის შეუვალ ტევრში, კლდის რქაზე, უძირო ხევებში, ჩამორიყულ ხეწვრილებში, ჭალებში, მწვერვალებზე.

ოცნების მიმდევარი, ხალხისათვის ბედნიერების მაძებარი, ხელში წერაქვით, ქაფჩით, რაღაც შინგაკეთებული საზომებით, მუდამ საწვიმარგადაცმული; გახუნებული ქუდით, ტალახიანი, მტვრიანი ფეხსაცმელებით, შეჭაღარევებული, შუბლდანაოჭებული, სევდიანი, საქმიანი, მზისაგან ამწვარი, გარუჯული, სიცოცხლის ალმურადენილი, ზეშთაგონებული! აი, ფორეს მაშინდელი სურათი!

გაზაფხულდა, მწვანე ნერგი აყვავდა...

აპრილის ბალახი ნიავზე სივსივებდა. ვანახის დედოფალი __ ატამი ყვავილით ბრწყინვალებდა.

თაფლატყეში, შხეფით სოველ კლდეზე იდგა ფორე და ნიშარძეულის ჩანჩქრის სამყვირალო ხმას ისმენდა, თითქოს ჯიხვების ჯახანი ისმისო. უყურებდა პიტალო ალმასგადმოფანტულ ჩანჩქერს.

და თითქოს გულში შესძახოდა:

__ მე დაგიმორჩილებ! მე შენზე ღონიერი ვარ!

მთაში ნაშობი თეთრ_ლურჯი ქაფი, თითქოს რძის ათასი აუზი გადმოსჩქეფსო გრიალით, ჩადიოდა ჩახევებულ ღრანტეკლდეებში და მერე ჯურღმულებში იკარგებოდა.

ბროლით ამტვერებული გარდმოსაქანელი, შვიდ-წალიკად ჩამოდიოდა. მთების ძუძუს წყარო პიტალოზე შხეფსა და ბუნგალს იტყორცნებოდა...

უყურებდა სიხარულით მორჭმული ფორე წყლის მჩქეფარებას, კაშკაშს და ჩანჩქერის საფიცხე მის გულს ემატებოდა. ფორე წყალს დაშტერებოდა, თითქოს ცხენთა ჯოგი დგრიალებსო, და ფორეს უნდა ქამანდი ესროლოს, რომ ეს ათასობით თეთრი ქურანი გააბასო.

სანახაობამ დაბანგა...

__ ჰეიდა, გულს აღარ უნდოდა შემოცდა! პირდაპირ ჰსურდა, ახლავე შესდგომოდა მდინარის დაურვებას; მოცდა, მოსაათება ეძნელებოდა... __ ჩაიყვანე სოფელში და გააძღე წყლით მიწა!

ჩანჩქერი კი... იფრქვეოდა და კლდე იწველებოდა, როგორც სიმაძღრის ძუძუ და ვერცხლის ღვარს მოჰქონდა ლოდნარი, ქვაყრილი, ძელყორე...

უსაღვთოესი, მყოფადი ოცნება ახლა თითქოს ხორციელდებოდა. ფორე გონებაში ამ წყალს სოფლის ვენახებსა და ხოდაბუნებში ჰხედავდა უკვე. ორივე ხელი გაეშალნა და არ ვიცი, მღეროდა, თუ ჩანჩქერს შესძახოდა:

__ მე დაგიმორჩილებ, დაგიურვებ, მე ხომ შენზე ღონიერი ვარ!

ჩანჩქერი, რომ იტყვიან, ღმერთში ადიოდა შეუწონელი ძალით.

რაღა უნდა ენახა ფორეს __ დასიცხულ, დაგვალულ სოფლის შვილს, ამაზე უსანატრესი, უტკბესი?

__ იცი რა არი ნიშარძეული? __ ოქრო ჯიღა!

ზემო მთებიდან მომავალი გლეხი წაადგა ფორეს კონცხზე მდგომარეს, ნეტარების ბურანში დაბანგულს, მოხათრე გლეხმა გაუბედავად შეახო ხელი.

__ მოგწონს?

__ განა რომ საყვარელია? __ უპასუხა ფორემ.

__ როდის გახდება ჩვენი ნიშარძეული? __ შეეხითხა გლეხი ჩანჩქერს. __ ხვალ! მტკიცედ უთხრა ფორემ.

ეს იყო დიდი ხნის წინათ...

კაი სახელებია: ვარდისოფელი, ვარდიგორა, ოქრობაგეთი, ოქროწყარო, მაგრამ ჩემი სოფელი მუხათწყარო მეკერძებოდა; თუმცა აღარც მუხა იდგა, აღარც წყარო მჩქეფარებდა. სიპოხეგამოწოვილი მიწა თვალცემულივით ბერწობდა.

__ მოხრეკილი ხევი, მშრალხევი, გოხნარი, ნაწყაროვალი, ნატბეურა, ნარუალი, ნაჭალევი __ ასეთი სახელები ერქვა ჩვენი სოფლის მიდამოებს და აქედანაც კი ჩანდა უწყლოობა, თვალიც რომ არ გადაევლოთ უხეტყეო, მაგრამ ოდესღაც ნატყევარი მიდამოებისთვის.

ბავშვებს არასდროს არ ენახათ არც ჩანჩქერი, არც ჩახრიალა, არც შადრევანი, არც უხვი წყლით გახარებული ბაღნარი, არც მტევნის ძუძუ, არც მზის ყანა!

ბავშობიდანვე მეზობლები გვალვას, სიცხესა და მტვერს, შესთხოვდნენ კმასაყოფელ წყალს, წვიმის მომცემელ ლაზარეს __ ქვეყნის ნაყოფით გამომზრდელს და ცხოვრობდნენ ნაკლულად, მწყურვალედ!

ეჰ, რა უსაწყურვილესი იყო სოფელი! ოჰ, რა ბრეს ადენდა ხორშაკი ქარი! სოფელი მტვერში ეხვეოდა; რასაც დასთესდნენ ბოსტანში თიბათვის დამდეგ აიფშრუკებოდა, მკათათვეში ამტვერდებოდაა.

__ რაღადა სთესთ? __ შევეკითხებოდი სოფლის დედაკაცებს. __ მაშ. რა ვქნათ, სოფელს ხომ არ გავაციებთ, სირცხვილია!

.......

ერთადერთი ნუგეში წვიმაღა იყო, თუ ავდრიანი გაზაფხულ-ზაფხული იქნებოდა, ჩვენი ბოსტნებიც ღაღანებდნენ, ხეხილიც მხიარულობდა. ვაი, რომ უფრო გვალვა იცოდა ჩვენს მხარეში! გაქვავებული ნახეთქი, უხალისო, გამშრალი მიწა.

აბუზული ხეები სევდიან სიჩუმეს გამოსცემდნენ. სოფელს თვალები ცაზე ყურებით სტკიოდა შავღრუბლის ცვარის მოლოდინში!

ჰხედავდა ფორე სოფლის არემარეს, ამპირ-იმპირ გადამწირულს, გადაბუგულს. წარღვნის წყალი არ ეყოფა ამ ნამშრალ მიწას! იტყოდა გულში:

ახ, ბედი გაიხსნებოდეს! ახ, შეიმარეშოს აქ წყალმა მადინარმა!

ბოლო ხნის გვალვების გამო, სოფელში რაც წყაროები იყო ან დაშრნენ, ან დამოკლდნენ. ჩვენი უბნის წყაროს ნაწრეტი წყალიც ნეკის სისხოდღა მოღანცალებდა. აღარ ისმოდამისი ცქაფი ჩხრიალი, ყრმობისას რომ სიმღერასავით მომესმოდა.

წყაროს თავზე მდგარი ნაგალი ხეც ჩათუთქულიყო, დაღონებული ტოტები ჩამოეყარა: უხალისო ფოთლები სევდიანად შრიალებდნენ.

__ ახ, ერთი მენახა ჩემი სოფლის მიწა გასველებული! წყალგამჯდარი! ჭყანტი იდგეს, ბჟანტალი ნიადაგი მენახოს!

და როცა ხალხზე ზრუნვას უქებდნენ, __ ბარაქალა, ფორე!

__ რა დროს ეგ არი? __ შეაწყვეტინებდა გაღიმებული. __ წყალი გამომაყვანინეთ თქვე

უღმერთოებო, დამეხმარეთ, მიშველეთ!

... და ისევ უღრან ტყეში, სოფლიდან დიდად მოშორებით გადმომჩქეფარე წყალს ჰზვერავდა, ზვირთებს უთვლიდა! შინ, კი ისევ ანგარიშობდა, ჰხაზავდა, დაფიქრებული, ჩაჰყურებდა ნახაზსა და ციფრებს. ჯიქურად წინ დასდგომოდა პირდაპირ შეუძლებელ საქმეს, წამიერად კიდევაც ხედავდა სოფელში ჩამოყვანილ წყალს და იმ წუთას იგი ახალგაზრდავდებოდა, ცმუკავდა, კიდევაც ღიღინებდა.

თუ ჩვენს კუთხეში შემთხვევით ინჟინერი ან ტექნიკოსი მოხვდებოდა ან სტუდენტი შემოივლიდა, ხელს ჩაავლებდა, წაიყვანდა, დაატარებდა, საწყლო ადგილებს აჩვენებდა, თავის აზრს გაუზიარებდა. რჩევას ჰკითხავდა და კიდევ ერთხელ აღიგზნებოდა, იქაურობას დააკორიანტელებდა!

მაგრამ მხარს არავინ აბამდა! მარტო იყო ფორე თავისს საქმიანობაში!

ბოლოს გადაწყვიტა თავდაპირველად ხარჯი თვითონ გაეღო. დაინახავენ, მომიდგებიანო! გაყიდა ცხენი, გაყიდა ფუტკარი, გაყიდა პატარა ვენახი, სამიოდა თხა, ათი კოდი პური შარშანდელ შემოსავლიდან შემონახული და ყოველივე ფულად აქცია! მაგრამ არ იყო საკმარისი მუშაობის დასაწყებად. ახლა მან გაბედა უქნელი საქმე. ერთ დილას იგი მიადგა ჩვენი დაბის წმინდა გიორგის მღვდელს და მაზრის ბლაღოჩინს მამა თევდორეს, მდიდარს, შეძლებულს, ძუნწსა და ხელმოჭერილს.

ფორემ მოურიდებლდ სთხოვა ფულით თანაშეწევნა და დაჰპირდა თავისი მამულის გირაოდ მიცემას.

თევდორე მღვდელმა, რომელიც ფულს სარგებლით ასესხებდა ხოლმე, მოიმიზეზა წმ. გიორგის საყდრის შეკეთებისათვის შემოწირული ფულის უკმარობა.

__ მე მხოლოდ წმ. გიორგის მოვალე ვარ! __ განაცხადა ბლაღოჩინმა. __ თუ მართლა წმინდა გიორგი გიყვარს, მაშინ მისი საქმე გააკეთე! __ რა საქმე?

__ ხომ იცი, რად გვწამს ქართველებს წმინდა გიორგი მთავარმოწამე? რად არი ჩვენი თავსალოცავი? თუმცა შენ ჩემზე მეტი უნდა იცოდე, მოგახსენებ... გველეშაპმა ხალხს სასმელი წყალი შეუკრა, თავის მყრალი ტანით ზედ გადაეფარა წყაროსთვალს, კლანჭებში ჩაამწყვდია. ხალხი უწყლოდ იხოცებოდა. გმირი და მხედარი გიორგი შეებრძოლა ვეშაპს, ჩასცა შუბი, სული გაანთხევინა და სახალხო წყალი დაიხსნა! ამ გმირობისათვის იწამა წმიდანად ქართველმა ხალმა, თორემ წმიდანი არა ყოფილა! და თუ შენ, წმიდა გიორგის მოსავი ხარ, დაგვეხმარე წყლის გამოყვანაში; გახდი წმიდა გიორგის მიმდევარი, წყალი მიეცი ხალხს! __ უკვე ფიცხად შეუძახა ფორემ მამამთავარს.

ბლაღოჩინს მხოლოდ წყნარად გაეღიმა მეამიტ ფორეს ახალ დებულებაზე წმიდა გიორგის შესახებ... ეს იყო და ეს...

როდი იცოდა ფორემ შეპუება! მან იყიდა სამოციოდე მილი და ეზოში დაალაგა, არხი კი ჯერ არ იყო გათხრილი! ეშმაკები ტიკებს ალბობდნენ, ღვინო არსად არ იყოო!

დიდი ფიქრის შემდეგ ფორემ გადაწყვიტა ნიშარძეულის ფონდის დაარსება გაზეთში და ამ მხრივ შეწირულების მოგროვება. ამ გამოგონებაზე ისევ გაუთბა გამყინვარებული გული, ისევ შემოიქროლა იმედმა, ისევ ეჩვენებოდა, რომ დაიმორჩილა ჩანჩქერის წყალი: ეჩვენებოდა თითქოს ნიშარძეული მერანი იყო და ქეჩოზე ხელწავლებული მოჰყავდა და მერანიც მშვიდად მოსდევდა სოფელში! ხან თითქოს ფორეს კვერთხი ეჭირა და მისს კვერთხს უკან მოსდევდა, მოსთრევდა წყალი! რას არ ჰხედავდა, რას არ წარმოიდგენდა! საორაგულე ფაცხებს სდგამდა მდინარის ტოტში, შიგ მურა კალმახს იჭერდა!

მაგრამ გრიგალ-ქარივით ატყდა მსოფლიო ომი და ყოველ კეთილ დაწყობილებას მიეცა თავისი აღსარული! ბევრი მწარე გაკვნიტა ხალხმა!

გავიდა დრო, ჩვენი ფორე მობერიკაცო გახდა, სამოცს გადასცილდა, __ მობერდა თავისი აუხდენელი ოცნების გაცამტვერებით. ფორეს შუბლი დაეღარა გუთან-გავლებულ მინდორივით, წვერ-ულვაში გადაეთოვლა, სახე შეუჭკნა, მის ღიმილს მადლიანი ეშხი გაუქრა, მოწუწუნეც გახდა, მწვავედ ჰგრძნობდა, რომ ხელიდან უსხლტებოდა ის ერთადერთი ნათელი ოცნება, რითაც იგი აქამდე ჰსუნთქავდა, სცოცხლობდა, მოქმედობდა!

მაინც ვხედავდი ნიშარძეულის კლდის ქიმზე ზევიდაან გადმომზირალს! უყურებდა ტანშევერცხლილ ჩანჩერს, ეალერსებოდა მის თვითოეულ ზვირთს; ჩანჩქერის თვითეულ წვეთში იყო ჩამწვარი ფორეს ფიქრიც და ოცნებაც!

სულ პირუკუღმა მოდიოდა ფორეს საქმე. წყალზე დაადნა ფორეს თვალგული! მაინც არაფერი გამოვიდა! არვინ წაეხმარა!

ომმა სულ გაწყვიტა სოფელი, ვინ იყო მხსნელი?

__ დაიწვას ცარიელი ჯიბე! __ წაიკვნესებდა ბერიკაცი.

უფრო დაბერდა ფორე, სამოცდაათს გადასცილდა. ,,ძია ფორე‖ ,, ფორე პაპამ‖ შესცვალა, მაგრამ წყლის საქმეს არა ეშველა რა!

ახლა სიტყვიტაც აღარაავინ ეხმარებოდა წყლის მებრძოლს, თანაგრძნობაც სამგორის ქარს გაებურთავებინა! სოფელში ეკვე ლაპარაკიც ეზარებოდათ ნიშარძეულის წყლის გამოყვანაზე, როგორც გარკვეულად აუხდენელ ოცნებაზე და ფორეს კიდევაც ალმაცერად უყურებდნენ.

__ თავში იწყვიტოს, ფორე უცოლშვილოა, შესანახი არავინა ჰყავს, ნება აქვს ქარიანობისა, ოცნების აყოლისა, ჩვენ კი __ წვრილშვილებს რაში გამოგვადგება ფორეს აყოლა?!

ასე ფიქრობდნენ ზედმიწევნით ფორეს მეზობელი გლეხები, რომელნიც სიღარიბით ისე დააიხელთნენ, რომ ვერაფრით ვერ შეეწივნენ სოფლისთვის მარტომბრძოლ ფორეს!

ხანიერმა, სახენაცვალმა ფორემ ერთხელ კიდევ შეუტია სოფელს ცეცხლოვანი მოწოდებით:

__ ძმებო, გავიდეთ კლდის გამკაფველებათ, ბელტის მჭრელებად, რუსხმულის მკეთებლად, არ უკანასკნელი კაპიკი, კალაპოტში ჩავსვათ ჩვენი გიჟმაჟი ნიშარძრეული და სოფელში გამოვიყვანოთ! რომ იცოდეთ, რა შემრგო წყალია, რა მსუბუქი, თამარ-მეფეს აუწონია ლერწმის წბილით!

ახლა ამის საპასუხოდ სოფელში თქვეს: ფორეს ტვინი უფრინავს! ურგები კაციაო! სალექსედ გახადეს.

დანართვილარი გული კიდევ ემხურვალებოდა, მაგრამ აღარაავინ არ გამოეხმაურა, ყურიც არ მიუგდეს! მობეზრდა სოფელს უქმი საქმე, სიტყვაა უსაქმო! დრო მიდიოდა, ფორე თითონ უძლურდებოდა, მუხლში სიბერემ ჩაიდგა ფესვი, გულს მყინვარი შეეპარა! მხედველობა მიუსუსტდა და... ამაზე უბედურება რაღა იქნებოდა, ნიშარძეულის სანახავადაც კი ვეღარ მიდიოდა, გულჯავრეული, ბღუნვით მავალი! ჩამოძენძილი ჩოხით, ჩამორღვეული პაჭიჭებით მოსიარულე.

რაღაც სასიცოცხლო მოაკლდა ფორეს, თითქოს მისი არსება გამოიფიტა, გამოშრა, თითქოს სამოთხეს მოსწყვიტეს! ვერც ვერავის ანდობდა თავის სევდას და ხვაშიადს. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში, თავის გულში და თავის მზერაში და ისე, უნახავად ჰხედავდა ნიშარძეულის ჩანჩქერს გახურებული გულით, შუბლგაცხელებული, გაფაციცებული!

მტკიცედ გამოფიცული, უცვალებელი ოცნება მაინც ცოცხლობდა ფორეს მკერდქვეშ.

ამ დროს ფორეს გული ნაღვერდალს ისროდა! მაგრამ ღამეობით იყო ძნელი! ვეღარ იგებდა ფორე, თუ სად იყო, შინ თუ ნიშარძეულზე? გახელებულ ტრფიალს ხშირად ეჩვენებოდა ქაფიანი ჩანჩქერი და გულს უხოკავდა შმაგური სიყვარული!

ეს იყო ფორეს საკვებელიც და გულის სატკივარიც!

... აი, უეცრივ, ძილში თითქოს არწივთ იხუვლა მთიდან და ფორეს ეზოში ჩამოვარდა, მზის ჭიატმა ციალა შუქით შეანათა ფორეს გამოხუნებული კარ-მიდამო.

მოკრეხილს, მტვრიან ეზოძი მიწიდან სცემდა და სცემდა აფეთქებული შადრევნები, დაბროლებული, მარჯნით ნაელვები ჩქეფები; შიგ მიჭვრიტანული კდემით სრიალებდნენ ელვამდგარი ცისარტყელები, ჩაცრილი ოქრო, ლურჯანა ნარგიზფერი __ ერთად.

ვერცხლურ ღვარიდან მოსრიალებდნენ ცისფერი ბაღდადები, მარმაშა ზვირთებში წყობისად იდგნენ დასხმული ვაზები, ვაშლ-ატამის ბრიალა ტოტები, ყვავილნარი, ხევნარი, კორდი, მდელო, მტილი, მოლი, ირგვლივ, შემობურვოდა კაკლის ჭალა. ნიგვზნარის ხასხასა შრიალი საამოდ ელამუნებოდა ფორეს გაბადრულ გულს.

თითქოს ირგვლივ დაჰქროდნენ ფრთალაჟვარდული ჩიტები, ფირფატები, თოლიები; თითქოს მოჟუჟუნე ქალები გალობდნენ ტკბილად საგალობულს და მრგვლივ საყნოსავი ყვავილსურნელება იდგა და მღიმარი ყვავილები უმწიკვლო ღვარებში ელვარებდნენ. უთეთრესი, უბროლესი, ულურჯესი და ჟოქროესნი, ანკარა, თაფლისა და არძის ნიაღვარშხეფი გამოსჩქეფდა თქართქარით. წაღმით ავარდნილი, დამძლავრებული შხაპი მარგალიტს იტყორცნებოდა, მცინარე ლალის გამოსხივებანი გულს ანათებდნენ, თვალებში უსრიალებდა საფირონისა, ფირუზისა და ბადახშანის ციმციმი. დაჩითული კალმახები მიმოქროდნენ ზვირთებში! ფორე სიხარულით ჰბორგავდა ძილში. როგორ შეაყელთა უწყლობამ, რამდენი იტანჯა, იწვალა და აჰა, თითონ წამოსულა წყალი სოფელში, გაურჯელად!

აუსრულდა ფორეს უსაწადლესი ნატვრა!.. სახეატკრეცილი, გაგანიერებული თვალებით, ხარბად შეჰყურებდა წყლის კაშკაშს, ბროლის მცვრევას და თვალს როდი უჯერებდა უეცარი სანახაობით მონადირებული! თითქოს ტრფიალი და სატრფიალო ერთმანეთს შემოხვდნენო! მადლი, მშვიდობა, სიხარული ჰსუფევდა ეზოში! __ სანატრელი სახილველი!

ჰქუხდა ჩაქუხა ჩანჩქერი და ემადლებოდა ფორე მოულოდნელ სიხარულს. ვაგლახ, ნაგონარი გამოდგა, მეოცნების ფიცხი გამონაფიქრი!

გამოიღვიძა, თვალშეხედული მოჩვენება განქრა! გვერდით მდგარ ლიტრაში ისევ დუბელა წყალი იდგა ნადუღარივით. თითონ სიცხესა და სიზმარს დაედუნებინა, ფორეს მკერდზე ხვითქი სდიოდა. ისევ უყვარული სინამდვილე... ისევ ურწყული, უძუძური მიწა... ამტვერებული შარა... გამხმარი ხეები. მიმჭკნარი ბოსტანი, უღიმღამო დედაკაცები, სევდიანი ბავშვები... ოცნების უსაზრდელობა...

სადღაა ბროლის ტბორები, შუშხუნასავით მფეთქავი ტანბროლა შადრევნები?!

ისე დააჭმუნვარა ფორე, ისე შეარყია ამ ცხადივით ჩვენებამ, რომ მთელი დღეები გარინდებული იჯდა დერეფანში. აღარ საქმობდა, მხოლოდ იმ ადგილებს დაჟინებით უყურებდა დერეფანში, საიდანაც სრიალა შადრევნები სცემდა სიზმარში, კვიპაროსივით ასული, მაშხალასავით ცაში შეტყორცნილი!

სად წავიდნენ? ცაში თუ ავიდნენ დაუბრუნებლივ!...

მართლაც, სად წავიდნენ შადრევნები? სად წავიდა ახალგაზრდობა, ღონე, იმედი? __დაფიქრდებოდა ღამენათევარი, როცა მთვარე თეთრად დაანათებდა ბალიშს და აღარ აძინებდა მოხუც მეოცნებეს.

__ სად წავიდა ოცნება, სიყვარული? ახალგაზრდობის ჩოხა გაცვითა, გული, გონება, შეძლება თავისს ოცნებას გარდააგო და რა უეცრად გაცურდა თითებშუა ყველაფერი, რა ძნელია, რა ძნელია ყველაფრის გაქარწყლებანი?

და სულ პირველად, ფორეს თვალზე კურცხალი დაიწურა. თითქოს მისი ცხელი ცრემლი ნიშარძეულის ჩანჩქერს შეუერთდა, მისივე ხმელი გულისა და მისი მშობლიური მიწის მოსარწყავად!

წყალს შეალია ფორემ თავისი ახალგაზრდობა, ოცნებას დააწვევინა! ქვასა და კლდეს შეაცხო თავისი სიცოცხლე, მაგრამ მარტოდმარტომ ვერ დაიმორჩილა ვერც ჩანჩქერი, ვერც ვერავის გული! ერთი საქმიანი თანამგრძნობელი არ მისცა ბედმა!

ფორე სანახევროდ კიდევაც დაბრმავდა! ეზოშიც კი ვერ იარებოდა უჯოხოდ, მაინც დიდ მეოცნებეს სჯეროდა, რომ ნიშარძეულის წყალი სოფელში უსიკვდილოდ ჩამოვიდოდა!

და აკი ერთ ღამეს, თითონაც გადამდნარიყო იმ ოცნებაში! ნიშარძეული კი მხოლოდ წრეულს ჩაამოვიდა მუხათწყაროში.

ვის არ უყვარს მზე?

მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, ―ცას წავალო― რომწკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.

პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!

როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!

მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.

არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!

მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში.

ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! - ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!

ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, - მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!

მარიტა!

მარიტა - თითქოს მზე ჩამოვარდნოდა!

ქალი კი არა, - მთვარის გამოახლება იყო!

მარიტა – ჩემი ყრმობის მეგობარი! ქალებში – დედოფალი.

- შენ „მზევარ― უნდა გერქვას, „მზევინარა―, ბევრს უთქვამს მარიტასათვის.

მარიტას მერე , მე აღარ გამკვირვებია არც ყინწვისის ღვთაევრივი ფრესკა, არც არმაზელი ტურფა სერაფიტა.

- ვისაც ღმერთი არ გინახიათ, მოდით და ნახეთ მუხათწყაროში! გადამეტი არ გეგონოთ და მარიტას მშვენების სამზერად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელ სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ.

- რამ წარმოქმნაო? - ჰკვირობდნენ.

მართლაც, ხეობის თვალი იყო მარტა.

ახლაც ჩემს თვალწინ დგას ალმასური სახე, მწყაზარი. მოციმციმე ტრედონა, წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი – მტრედივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე; ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული.

მართლაც , პირმეტყველი სამოთხე იყო მარიტა!

გიოცნებია ნუკრის თვალებზე? გყვარებია მერცხლიანი თვალები? ძვირფასი სახის დამარმარება? მარიტას სახე – მართლაც სინათლე იყო! ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე!

მარიტა ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა! რა უცნაურია ბუნება! როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება!

მარიტას სულის მშვენიერაბა აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა !

თვითონვე გრძობდა მარიტა ბუნების მიერ მომადლებულ ნიჭს, გულში მადლიერობდა, რომ მშვენიერების ღირსი გახადა ბუნებამ და ამ ნაჩუქარ დიდებულ განძს, თავისი ზნეობითაც უვლიდა, ნაზად და სათუთად უვლიდა...იცოდა რომ უხვად იყო დასაჩუქრებული! იცოდა, აფასებდა, უფთხილდებოდა!

რამდენ ვაჟს უნატრია: ნეტამც შვილად გავჩენოდი შენს დედამთილსო! -ახ, ვინ ბედნიერი გაისაკუთრებს?ვინ იქნება მისი მისი მკუთვნელიო? _გლეხის ქალი და ეგრე ლამაზი?

_განა ეთერიც გლეხის ქალი არ იყო, უღარიბესი მეწისქვილის ასული, მეფისწული აბესალომი რომ ეტრფიალა?

ჩემი სახლის გასწვრივ მოჩანდა ჩაჩიკას ქოხი, ვეება ლეღვის ხეს გამობმული! ამ ქოხი შვილი იყო მარიტა! _ჩვენი ნათლული და ჩემი მეგობარი; დედით ობოლი, დიდედა ლელაურის მუხლქვეშ გაზრდილი.

მაშინ ის პატარა გოგო იყო, მეც მისი ტოლი ბიჭი ვიყავი!

ენკენისთვის მიწურულები იყო, როცა ყურძნები დაკრეფილია, ქვევრები ნიგვზის ფოთლებითა და აყალოთი ახლად არის წახურული, ეზოებში კი მოდებულია ბრელო ახლადმოჭრილი სიმინდისა. ამ დროს მოყვითლული დღეები კელაპტარივით იწვიან. ჰაერი გამჭირვალეა, ცა ლურჯად ჩამდნარი, უციაგესი...

უჩუმრად იდგნენ ცივ_გომბორის მთები, ჩემი მშობელი მთები. ქვევით იორი ლაპლაპებდა ომში ამოღებული ხმალივით. ივრის ხასხასა ჭალები ნოყივრად შრიალებდნენ. უბნის გოგო - ბიჭები ჰაერში გაბმულ ―ირმის დორბლებს― ვიჭერდით, დავკუნტრუშობდით, ვღეროდით.

უეცრივ, ჩვენს ეზოში შემოვიდა შუახნის, შეჭაღარავებული ცხენოსანი, უნაგირზე პატარა გოგო შემოესვა - მარიტა.

ყვითელი აბრეშუმივით თმა_კულული... ლურჯი თვალები....ისე ვიგრძენი, თითქოს ჩვენს ეზოში ია შემოვიდა შემოვიდა და შემოეფინა... მე შევდექი და გაკვირვებულმა ცქერა დავიწყე მერე მოწიწებით მივუახლოვდი, ხმის გაცემა გავბედე და... მალე ერთად ვთამაშობდით მე და მარიტა!

ახლად დაქვრივებული ჩაჩიკა ჩვენსას სტუმრად მოსულიყო თავისი დაობლებული პატარა გოგოთი. მალე მარიტას ნადედობიც გამოჩნდა-დიდედა ლელაური!

დედაჩემს ძალზე გაეხარდა ნათლულის ნახვა. კარგადაც დახვდა. მთელი დღე ჩვენთან დაიმყოფეს მარიტაანთ. მეორე დღეს, ჩაჩიკა სიდედრის ქოხში ჩასახლდა.

იმ დღიდანვე მუშაობას შეუდგა შრომამოუწყენელი ჩაჩიკა თავისი სიდედრის, მამულში, თვითონ არაგვიდან იყო, ცოლი რომ მოუკვდა, იქ ვეღარ დადგა, ცოლის სიყვარულით მის სოფელს შემოეხიზნა.

მშვენიერი ვენახიც გააშენა! სულ ერთთავად შიგ მუშაობდა! მეზობლები დიდ პატივსა სცემდნენ შრომისათვის:

-სირცხვილია, ჩაჩიკას ღვინო საქეიფოდ დაილიოს, წამლად უნდა მიიღო და წვეთეულად იხმაროო!

ღარიბი იყო ჩაჩიკას ოჯახი, თუმცა ჩაჩიკას გარდა დიდედა ლელაურიც მხნეობდა. წერა-კითხვაში გაწაფული მარიტა ახლა სხვას ასწავლიდა ანაბანას დიდის გულმოდგინებით. რომ წამოიზარდა, საოცარი ხალიჩის მქსოველი დადგა! გაზაფხულის ყველა ფერით ხალიჩას ჰქსოვდა, გამოცდილ ოსტატივით!

მეც იმ დროებში დავიწყე ლექსების წერა. ორივემ ვიგრძენით, რომ ხელოვანნი ვიყავით და ალბათ ამიტომ სულის თვისტომები გავხდით... შეიძლება ესეც იყო ცჩვენი ასე დამეგობრებისა;

მაგრამ, მაშინ რომ ჩემთვის გეკითხათ, გეტყოდით, რომ მიზეზი,- მარიტას უნაზესი ხმა იყო და კდემამოსილი სახე, თანაც უჩვეულო, ქალწულებრივი სიმშვიდე.

რატომღაც ზედმეტად სჯეროდა ჩემი პოეტობისა:

-მომეცი შენი ლექსი, ამ ფარდაგზე ამოვქსელო! - მეხვეწებოდა, - აქეთ-იქიდან კი, ვარდებს ამოუქარგამო.

მაგრამ სად მქონდა ისეთი ლექსი, რომ ღირსი ყოფილიყო მარიტას გულისყურისა თუ მისი თითების შრომისა?

ახლაც კი ვერ დავარწმუნებდი მარიტას,რომ მის მიერ ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი ჯერაც არ დამიწერია!

ერთხელ, ჩემი მასწავლებელი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, ჩამაცივდა:

_ჩქარა ―საქართველოს ჰიმნისათვის― ლექსი დამიწერეო! მალე გავთავისუფლდებით და ჰიმნი დაგვჭირდებაო!

ეტყობა, სულხანიშვილს მარიტასათვის სჯეროდა ჩემი ნიჭისა!

ცხადია, თავი ხიფათში არ ჩავიგდე და კისრად ვერ ვიდე მუსიკოსის დავალება, ისევე როგორც მარიტას თხოვნა.

ეს იყო 1916 წელს,რევოლუციის წინა წელიწადს!

საოცარია,როგორც მარიტა და ნიკო სულხანიშვილი მთხოვდნენ დაჟინებით ლექსს, ისე ჩემთვის აღარავის არ უთხოვია ლექსი, არც ერთ რედაქტორს, არც ერთ თაყვანისმცემელს!

საოცარი მშრომელი იყო ჭირდებული დიდედა ლელაური, მარიტაც მას მიემგვანა, მასაც სწყუროდა ცხოვრების წმინდა წყაროს წყალი!

მარიტა შრომაშიც ფაქიზი იყო, მუდამ ფურფუშებით და ფანცი_ფუნცებით მორთული წინსაფარი ჰქონდა აკრული__მარწყვის ყვავილით მოჩითული.

საშინლად მეცოდებოდნენ ―მეთავთავე ქალები―თუ ბალღები. მკათათვის სასტიკ სიცხეში ტვინი უნდა აედუღებინათ ცხარე მზის გულზე! წაღუნულებს, სისხლდაწკრეტილებს, ნამგლისაგან გაბნეული, დანარჩენი თავთავი უნდა მოეკრიფათ. წინსაფრით შინ ეზიდებოდნენ.

ეს მათი წლიური სარჩო იყო, ხოლო თუ ქალს ქმარიცა ჰყავდა, ეს მონაკრეფი თავთავი მაინც მისი პირადი ქონება იყო, ქმარი ვერ შეეხებოდა, ამას მიუმატებდნენ კალოს გალეწილ ჯელჯს და ბოლოს საკუთრად ლეწავდნენ. ამ პაპანაქებაში, სიცხეში, საშინელი ჯაფით შეგროვილი გროშებით ქალს შეეძლო მეწვრილმანისაგან ქმრის დაუკითხავად ეყიდა თავიჩითი საკაბე თუ ბამბაზია, საკუთრივ ან თავის შეუმოსავ ბავშვებისათვის.

მკათათვის დილიდანვე სამკალში გაშლილ დედაკაცებში ჩადგებოდა მარიტა და გულმოდგინედ ჰკრეფდა დაბნეულ თავთავს. მე ვერ ვიტანდი მარიტას სიცხიგულზე შრომას და ვეშველებოდი. ბევრჯერ დედაჩემი გამჯავრებია, მზე არ ჩაგვარდესო, მაგრამ თავთავებზე წახრილ მარიტას არ წავხმარებოდი, არ შემეძლო.

-წადი, გენაცვალე, არ დაისიცხო! - წყნარად მეტყოდა მარიტა და მისი უნაზესი ხმა უფრო მაბამდა იმ ადგილს, სადაც მარიტა ჰკრეფდა თავთავებს, ვიდრე მზის შუქი ჩაიკრიფებოდა.

იწვოდა დუბიანი, მზისაგან დამწვარი წითლობი; შორს ჰმშვენოდნენ გრილი ბაღნარები; მაგრამ საგრილობელი, ჯავრიანი ხეები მარიტასთვის არ შრიალებდნენ.

საღამოთი, სახემტკბარი მარიტა გამობრწყინდებოდა თავის დერეფანში, სულაც არ ეტყობოდა მთელი დღის დაღლილობა. პირმოოქროვილი დეიდა ლელაური წადიერებით ეალერსებოდა საყვარელ შვილიშვილს.

-ჩემო სპეტაკო შროშანავ, ჩემო ბამბიქულავ! რად გინდა მზითევი? შენი მზითევი-შენი აბრეშუმივით გადავარცხნილი თმებია!-ეტყოდა დიდედა.

-შენი მზითევი- შენი იისფერი თვალებია!

-მთვარისპირავ, შენი გულ-მკერდის ნათელი -შენი მზითევია!-და ეგრე უნდა ჩაჰყოლოდა ანაგებად, თავიდან ფეხის ფრჩხითებამდე დიდის ალერსით დამტკბარი ლელაური. კრძალული მარიტაც ჩუმად ნებივრობდა.

-შენთვის გაქარწყლდეს დიდედაშენი, ჩემო ობოლო, მარგალიტზე უთეთრესო!-განაგრძობდა დიდედა და თან ნაწნავს უწნავდა. წამოწოლილი მარიტა შველივით განაბულიყო.

-ვარდის ჩიტო, პატარა მტრედო გვიძინა! - არა ცხრებოდა დიდედა ლელაური. მზის ცისკარო!

ჩვენს დროს ბავშვთა ერთი ბედნიერი დღე ― არიფანა ― იყო-საძმო სუფრა,- ყვავილთა დღესასწაული, ყრმათა პურ-მარილის შეერთება. არიფანას ყოველწლიურად, ვარდობისთვეში, ვმართავდით უბნის ბავშვები.

შინიდან წავიღებდით წინასწარ დამზადებულ სანოვაგეს, ტკბილეულს, ტკბილ სასმელს, შერჩეულ ადგილზე გავშლიდით სუფრას, თავზე დავიდგამდით გვირილის გვირგვინებს, სუფრა კი ვარდ-ყვავილებით, ზიზილებით გვქონდა აყვავებული.

ვმღეროდით, ვლექსობდით, ვცეკვავდით, ვთამაშობდით.

კარგად მახსოვს, უკანასკნელი არიფანა ჩვენი ვენახის თავში გავმართეთ, დიდი სამასწლოვანი კაკლის ჩრდილის ქვეშ.

მე, ძველი არიფანების მონაწილეს, მიფიქრია, რატომ ისევ არ შემოვიღებთ

ჩვენი ბავშვებისათვის არიფანას,-ამ მშვენიერ ძველქართულ ჩვეულებას,-ბუნების დღესასწაულობას ყმების მიერ?

უკანასკნელ არიფანაზე განსაკუთრებით დამახსოვდა მარიტა, არიფანას დიასახლისი! უკანასკნელის, ვამბობ, რადგან მაშინ უკვე საარიფანო ჰასაკს გადავაღწიეთ, მოზარდობაში გადავდგით ფეხი, ერთი ჩვენი ტოლი გოგო იმ წელს კიდევაც გაათხოვეს.

და აი, უკვე სხვა თვალით მეჩვენა მარიტა, - გარდასხვავებული! შედედებული, მკერდამოვსებული ქალწული იდგა თეთრმოვარდისფერო კაბაში!

არიფანას სუფრაზე მარიტა ტკბილი მზრუნველობით დიასახლისობდა, რიგს გვაძლევდა, დაგვზრუნავდა, გვეალერსებოდა. ოდნავი სევდა უკრთოდა თვალებში, ალბათ იმიტომ,რომ ჩვენსავით ისიც სამუდამოდ ეთხოვებოდა ბავშვობას, უკვე მოზარდობის ჰასაკში გადასული.

ისიც შევნიშნე, რომ ჩვენი მეზობელი, ჭაბუკი მეძროხე გედია ნათელიძე, თვრამეტ-ცხრამეტი წლის ბიჭი, სუფრის თადარიგში ეხმარებოდა; თან მოკრძალებითა და ღიმილით მისჩერებოდა; თითქოს რაღაცას ემუდარება, შესთხოვსო, ხან თითქოს კიდევაც ებუზღუნებოდა. ერთი სიტყვით, ისე მეჩვენა, რომ გედია ვერავის ამჩნევდა მარიტას გარდა. ის მშვენიერი ყვავილთა გვირგვინი, დიდის ეშხით რომ დაწნა გედიამ, სწორედ მარიტას დაადგა თავზე, ლეკურიც მასთან იცეკვა!

მარიტასაც ეტყობოდა უჩვეულობა-უეცრად მოსწყდებოდა იქაურობას, გაირინდებოდა, თითქოს სხვა სამყაროში გადასულაო, და მის მშვენიერ, კამკამა სახისთვის თითქოს ნაღველს თავისი ფრთა გაეკრა...

შესემჩნევი ბიჭი იყო მეძროხე გედიაც-რჩეულებში ამორჩეული! მაგრამ მარიტასთვის ღარიბი, უქონელი, უყოლელი, უმამულო!

მალე ხმა დაირხა მარიტა და გედია შეყვარებულები არიანო! გედია აღარ მალავდა. ერთხელ ჩემთანაც წაიღიღინა, ტყეში რომ ვიყავით შინდზე:

„ მენატრები,მარიტავ, სული ამდის ყელშია!―

გედია ზაფრადაცემულივით ტორტმანებდა, იკლაკნებოდა სიყვარულით, მოუსვენრობდა, საქმეს თავს ვერ უდებდა, სიყვარული შეჰსეოდამის თითოეულ უჯრედსა და ძარღვს.

„წყეულო სიყვარულო,

ვაი, ჩაგავლებ ხელსა,

სულ ლუკმა-ლუკმა დაგკუწავ,

მერე შეგიკეთებ ცეცხლსა!―

ბევრი სხვაც იყო მარიტას სხივოსანი სახით ელდა დაკრული. თვალმცეცხლი ბიჭები ეტმასმებოდნენ მარიტას, არა ერთი ჭაბუკი მწყემსი, მევენახე, მეხრე თუ მეძროხე.

მარიტას ბრალი იყო, ზოგს რომ ძროხები ეკარგებოდა, ზოგი სამუშაოზე ვეღარ მიდიოდა, ზოგი ღამეს თეთრად ათენებდა, ზოგი დღისითაც გმინავდა.

-გაძნელდა უშენობა!

შორიდან შესჩიოდნენ მარიტას აჩრდილს.

მაგრამ ყველაზე მეტად დაჭრილი გედია იყო.

მახსოვს, სიონობა ჩვენს სოფელში, დღეობა და ღრეობა.

მოზარდობა ფოლორცზე ორ ჯგუფად გავიყავით.

ერთი ცალ მხარეს იდგა, მეორე - მის პირდაპირ.

ხელი ხელთ გვქონდა დავლებული. ჩვენ რომ სიმღერით ვიტყოდით, თან სკუპით წინ მივიწევდით, მეორე ჯგუფი შეგვეპასუხებოდა სიმღერით და სკუპითვე უკან დაიწევდა.

ჩვენს ჯგუფში მარიტა იდგა, მეორეში__გედია. გედიას ჯგუფმა ძველებურად მოგვიმღერა:

- ა, ნიშანი, მოგვეც, ქალო, თამროს გარდამაო! ჩვენ ვუპასუხეთ: არ მოგცემთ და არ ვიკადრებთ, თამარ კარგა ვყაო!

გედიას ჯგუფი: - მეძროხის ცოლად მინდოდა, თამროს გარდამაო!

ჩვენ: - მეძროხე მოჩანჩალეა, თამარ კარგა! ვყაო

გედიას ალმურმა აჰკრა, გედიას ჰკენწლავდნენ.

არა ცხრებოდა სიმღერა:

გედიას ჯგუფი: - მომე თოფი, მოვიტაცებ!

მარიტას ჯგუფი: ვერც მოხვალ და ვერც ხელს ახლებ! გედიას ჯგუფი: - ნიშანი მოგვიტანია.

მარიტას ჯგუფი: - არ გვინდა შენი ნიშანი!

გედიას ჯგუფი:-ასი თუმნის ფარჩა! არი

მარიტას ჯგუფი:-არც შაურის ძონძებია! სანეხვეზე ნაგდებია!

გედიას ჯგუფი: მოველი და მოგიტაცე!

მისცვივდნენ მარიტას და გაიტაცეს თავის მხარეზე. მაგრამ მოწინააღმდეგ ჯგუფმა ისევ უკან გამოიტაცა.

ამნაირად, არ ემეტებოდათ მარიტა მეძროხე გედიასთვის.

შემდეგ ორივე ჯგუფი შეერთდა, გაჩაღდა ტაშ- გოგონა. თავდავიწყებული გედია უვლიდა, ცეკვავდა და თან ლექსს შესძახებდა რაღაც ჟინით:

ლე, ლე, ლეკურ - კაბა!

გოგოებმა შეუკიდეს.

დედამ კაბა შემიკერა, დარაია, შრიალაო!

აბა, ბიჭო, შემოხედე, როგორ მადგა ტანშიაო!

ბიჭებმა შეუძახეს:

ღმერთმა შენცა შეგარცხვინა,

შენი კაბის არშიაო!

გედიამ მარიტა გაიწვია საცეკვავოდ,მარიტამ თვალი მიანათა და... შეცურდა წრეში, ცეკვავდა მარიტა და ყველანი მას მივჩერებოდით... როგორ უხდებოდა ქალწულს თვალთა ნარნარება! თითქოს ნიავი ცეკვავს ლერწმის წვერზეო! ყველამ სული განაბა და როცა მარიტას ბოლო წრე უნდა შემოევლო, სწორედ ამ დროს, თვალი შეჰკრა საყდრიდან გამოსულმა ბებერდედა ლელაურმა, ხელი ჩაჰკიდა და წრიდან გაიყვანა.

მარიტა დარცხვენილი იდგა დამნაშვესავით, თითქოს უჩინთვალმა გაუგო გედიასადმი ტრფიალება და აუკრძალაო.

- რა შენი ტოლია ეგ ჭირსაცმელი? - ცალკე საყვედურით უთხრა მარიტას.

მარიტას პირველად დაეწვა გული...

მეზობელი ბიჭებიც გადამეტი სიყვარულისათვის დასცინოდნენ მგრძნობიარე გედიას, - სად არის ამდენი დრო, რომ მარტო ქალს შესწირო, ათასი საქმე აქვს სოფელში ადამიანს და თავშისაცემი? გედია კი მარტო მარიტას გზას ანდობს თვალებსო?

--ეგრე არ უნდა, შენ , ბიჭო, ნიადაგ ქალთან სწორება. ხან ხვევნა უნდა, ხან კოცნა, ხანდახან მკლავზე გორვება, ხანდახან კარზე გახვიდე, უკან არ დაგრჩეს ცხოვრება!

განა ცხოვრებისაღა რამ ესმოდა გედიას? ერთს საღამოს მენიშნა გედიას დედის, ხათუთას, სიტყვები, შვილს რომ მუდარის მიჰმართავდა დერეფანში,.

როცა ძროხის მოწველის მერე ფეხი წამოჰკრა ქვას, საწველელი წაექცა და რძე დაეღვარა:

--დავბერდი , შვილო, შრომა აღარ შემიძლია, თვალთ აღარ მიჭრის, ნისლი რომ მეხვევა, სუდარა მგონია! ცოლი მოიყვანე, ცეცხლის ამნთები მინდა! მარიტა მოიყვანე, სანთლით ნარჩევი ქალია!

რა იცოდა ხათუთამ, რომ მის შვილს უკვე შმაგურად შეჰყვარებოდა მარიტა!

მოეყვანა კი არა, წამსვე ხელს დასტაცებდა , ციმციმ გამოიტაცებდა, თავსაც შეაკლავდა.

ლელაურისა ეშინოდა, თორემ მარიტას თანხმობა კიდეც ჰქონდა მიცემული! ავარდა სიყვარულის ალი! ავარდა და აგიზგიზდა!

მარიტასაც და გედიასაც ახლა შეეძლოთ ―ვისრამიანის― ენით ეთქვათ ერთმანეთისთვის : ―ჩემგან კიდე საშენო სხვა აღარავინ იპოების და შენგან კიდე საჩემო! მე მაისი ვარ შენ__ გაზაფხული!―ან ერთად ემღერათ:

,,გინდ მოვიდნენ ცხრანი მზენი , მე უშენოდ ვერ დამთბება! ̈

მარიტას ―მისაფუძვლამდე― შეერყია გედიას გული! მარიტა და გედია ერთმანეთის საფერისები იყვნენ, მაგრამ მათი ბედი გადაწყვიტა დიდედა ლელაურმა:

გედია? ცუდი ბიჭი როდია, მაგრამ უარსებოა, ღარიბი! ჩემს ერთადერთ შვილიშვილს ვერ დავაჩაგვრინებ, ისიც გვეყოფა, რაც გვწეწა სიღარიბემ! -და თითისტარს ჩახვეულ ფარტენაზე ცრემლი დააგდო.

მაშინ მწყემსი შეთე დაუბეჯითეს და კიდეც მოიწონა.

-შეთე? - ცხვრის პატრონი, სიმდიდრით დამტკბარი! მისი ცხვრის ფარები თურმე თრიალეთის მთებს ღრუბელივით აშავებს და წვიმასავით იწველება!

-შეთეს ბეღლებში კიბით უნდა ჩაიხედო! სავსე აქვს ქვევრი, ჭურჭელი, გოდორი!

ჩემი მარიტაც გაიხარებს; სიღარიბის პატარძლობა არ უწერია, სულ ვარდი უნდა აყაროს ცხოვრებამ; მზით უნდა იყოს გადანამქრული! ამის ღირსია! -წარმოთქვა უმერყეო ბერდედამ. ამ სიტყვებს წინ ვერა დაუდგა-რა ...

თუმცა კი ჩაჩიკამ გაიკმარა საოჯახო თათბირზე:

-რათ უნდა უსიყვარულო სიყვარული? კალთაში ჩაეშლებაო! ოქროთი ვერ მოიგებ ბედნიერებას! - მაგრამ ვერც სიღარიბის დასასუსხად გაიმეტა და თანაც სიდედრის მკაცრმა კილომ გააჩერა:

-ჩემი შვილის უბედურებაც მეყო და ისიც, აქამდის რაც ვიწვნიეთო!

აგრე შერთეს მარიტას უნდომი, უნდო, უყვარული ქმარი შეთე__მლაშე, ზვიადი, ყომრალი კაცი, მგლისფერი!

პირანთებული მარიტა მიემკვდარა, რა შეიტყო თავისი ბედი, მაგრამ რას იქმოდა? ბევრჯერაც თვალებს დახუჭავდა, წარმოიდგენდა თავის გედიას! დიდი იმედები გამტვერდა! ვარსკვლავმა გვირგვინი ჩამოიყარა... ლალის საყურე გაშავდა...

ქორწილი რომ გათავდა, მარიტასა და შეთეს საქორწილო გვირგვინები ხმლითა და ხანჯლით აჰხადეს, ვითომც უომრად, უბრძოლველად, უხმლოდ და უხანჯლოდ ამათ ვერავინ გაჰყრისო. მარიტასათვის ნისლისფერი ცხოვრება დაიწყო...

შეთე, ნამშრალი, გოროზი, ყველასაგან უყვარული და ყველას უარისმყოფელი, დახარბებული იყო ცხოვრებას. დღეში ათჯერ დასთვლიდა თავის ცხვარს და კიდევ არ ეკმავებოდა.

არ უყვარდა ღარიბი თანამოძმენი: გაბოტილი იდგა დაჰკილავდა. ერთხელ ასეთი სიტყვა გათალა:

-თანატოლები რათ უნდა ვიყვნეთ ქონებულიუ და უქონელი-თან შავი ალმური ასდიოდა სახეზე.

მარიტას გულზე მჩხვლეტავი ნემსებივით ეჭიდებოდა მგლის ნაკბილარივით შეთეს სიტყვები.

გედია? გარეგნულად არ შემკრთალა, წარბიც არ შეიდრიკა სიამაყით, მას ეგონა,თუ ქალმა გასწირა!ჯერ სულაც გაჰქრა სოფლიდან, მერე ორჯერ სამჯერ  ̳აიარა შეთეს ახალი სახლის წინ დათოვლილი ნაბდით, მარიტასკენ არც კი გაუხედნია!

დრო გადიოდა. ესე ამბავი ყველას დაავიწყდა, გედიას და მარიტას კი – არა!

ოი, სასწაულო, არ ვიცი, ვისი რჩევით, შეთემ გედია ნათლიად მიიყვანა, როცა ბიჭი ეყოლა.

ბოროტი ენები მარიტას აბრალებდნენ.

გედია ისე იქცეოდა, როგორც ყველა ნათელ-მირონი, ეტყობოდა შეთემ არა იცოდა-რა, ან რა უნდა სცოდნოდა?!

გედი და მაროტა ცალ-ცალკე, უჩუმრებად ებრძოდნენ გრძნობას და ვერ მორეოდნენ .

... და ერთხელ, როცა შეთე თრიალეთზე იყო, ხოლო მისი დედა გულიზარი ამიერ ქვეყნიდან გასულიყო, გედია ჩავიდა მათს ოჯახში სამძიმრის სათქმელად.

მარიტასთვის სამძიმარი უნდა ეთქვა ნათლიას, მაგრამ ნამდვილად კი, მარიტას ღიმილი სწყუროდა! სულ ერთი სიტყვაც რომ გაეგონა მისგან, მთელ წელიწადს იკმარებდა ბედნიერებისათვის!

მარიტაშემთხვევით მარტოდმარტო დახვედროდა ოჯახში.

--გაუმარჯოს იმ ორ წვეთ თაფლს, რომელიც დღეს ერთ სიტკბოდ შეერთდება!-- კისკისებდა სიო.

ლოყაწითელი მაისის იასამნის მიბნედილი სურნელი მხიარულობდა...

ასე შეხვდნენ ერთმანეთს—ახალი ტარიელი და ნესტან-დარეჯანი...

მეზობლის შინაბერა ბალბალუკას,--„ნემსისპირას―, კივკივით მოსიარულეს, არ გამორჩა გედიას სტუმრობა. კევიღეჭიამ გამოაქვეყნიერა ყოველივე.

სოფლის ენაკეციამ ნაზი, ქლარცი და თავაზიანი ლაპარაკი იცოდა. და ამ ნაზ სიტყვათა გადაცემა-გადმოცემაში, თავისი ვითომდა კლდამამოსილებით, მთელ სოფელს ამცნო გედიას და მარიტას ვითომდა საცოლქმრო შეყრა.

ბალბალუკას ნაენავი, ჭორშესხმელი, ამბავი მივიდა სოფლის მეუფროსემდის.

-- განა სოფელი ბრმა არი, განა განა გულზე გახვრეტა მეტიღა იქნება? -- რისხვით ამბობდა ციციკორე.

-- არა, ღობესაც თვალი აქვს, კედელსაც, ჯამ-ჭურჭელსაც!

-- ქალი ეშმაკის თვალია!-- წარმოსთქვა ციციკორემ და ხმის ამოღება ვერავინ გაბედა.

ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე ციციკორე თავზე ცივ წყალს ისხამდა. გმინავდა, თრთოდა. ტვინი გაუფიცხდა.

-- მირონი დააქციეს, ტალახში შარიეს, ქვეყანა შეგვიგინეს, გაუგონელი ამბავია, ძნელად დასაჯერებელი, ქვეყნის გადაჯიშების ნიშანია სწორედ! მერე ვის დროს ხდება: ჩემს ხელში! ღმერთიც მე მომთხოვს პასუხს, ქმარიც, სოფელიც, ჩამავლობაც!

-- ვაი, თემო და სოფელო!-- ბობოქრობდა ციციკორე.

-- დამიძახეთ ელიას, ზაზას, გორიას, სოლომონს,ყანდუას,ზაქარას!-- განკარგულებას იძლეოდა.

შუაღამისას სოფლის თნამოავკაცების ფარული თათბირი გაიმართა ციციკორეს საბძელში . დიდი სჯა_კამათი იყო. ციციკორემ გულის ბოღმა_ვაება წამოცალა. თავისი დაიჟინა . ზოგი კი წინაღუდგა , მაგრამ გავლენიანმა სოფლის მეუფროსემ მაინც თავისი გაიტანა , და ვინც კი თავდაპირველად გაიკმარა , ბოლოს იმანაც კი ციციკორეს მხარი მოაბა მკაცრ გადაწყვეტილებაში!..

... ზაფხულის ნაცრისფერი დილა გათენდა ,ნაწვიმარი ,ნაცივარი, წუხანდელი წვიმის ღრუბლების ნაფლეთებიკიდევ დახეტიალობდნენ ჩვენი სოფლის ცაზე , თითქოს ცაც იყო შეციებული,შეტალახებული,გამურული,ჰაერიც უგემური,წუხანდელ ნაწვიმარზე. წვიმით მტვერგარეცხილი ძეძვის ორღობე უფრო ჩაშავებულიყო,ჩუმი წვიმის წვეთები ცრემლივით ცვიოდა.

დილაადრიან, უეცრად რაღაც ყრუ გუგუნმა თუ ზრზენამ გამომაღვიძა...

ლოგინში ვნებივრობდი და ნათბილარს წამოდგომა მეზარებოდა... გუგუნი იზრდებოდა, ჩვენს სახლს უახლოვდებოდა...

მაშინღა ვეცი ფანჯარას.

ახლაც თმები მებურძგება იმ სასტიკ სანახაობაზე.

სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით,ჩოჩქოლით,გაონავრებული, გაძალიანებული...

აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნიშნისმოგებით უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას. მოდიოდა ღვარცოფულად, მაგრამ მუნჯად...

პერანგა ქალი უკუღმა შეესვათ ვირზე...

ახლაც მაგონდება იმ ქალის კუნთების თრთოლა. ეტყობოდა, სციოდა და სტკიოდა, სცხელოდა და იგმირებოდა. ალბათ, ენატრებოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი არსად ჩანდა და მისი ტანჯვა კი ძნელი იყო, ვითარცა სიკვდილი!

იმწამს იგი ათთჯერ მოკვდა და ისევ ათჯერ ძალით აცოცხლებდნენ!..

... მოჰყავდათ სოფლის წამებული, თითქოს დედოფალი მოჰყავთო, და მთელი მისი ამალა გამხდარიყო.

თრთოდნენ ქალის ანგელოზური მხრები და ბრბო კი ტალახსა და საქონლის ფუნას ესროდა თეთრ პერანგზე, რომელსაც თანდათან თავისი ფერი ეკარგებოდა.

არც ერთი ხმა...

არც ერთი შეძახილი... ეს იყო გასაკვირველი...

მაგრამ სიჩუმე საზარლდ ხმაურობდა, ჩანჩქერივით გრიალებდა და თან იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს.

წამებული ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს იქით, სიცოცხლის გადაღმაა, და ამ წამის ტანჯვას არცა ჰგრძნობსო და უცბად, როცა მოსახვევში შეუხვია პროცესიამ, მაშინ ვიცანი ის ქალი!

ჩვენი მარიტა! მინაცრებული, გამტკნარებული. მარიტა ყოფილიყო! მაისის გამონაყოფი მარიტა!

დედაჩემი სულ კანკალებდა, თვალებზე ცრემლი ჩამოსდიოდა. გაოგნებულს თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა! ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!

იმ საშინელი დღის შემდეგ გაუკაცრავებული, დამცრობილი მარიტა აღარავის სჩვენებია!

მარიტა მოკვდა სოფლისთვის!

თითქოს სადღაც უჩინრად გარდაიხვეწა...

ყველა უხერხულობდა მარიტას სახელის ხსენებას. ბავშვიც კი შეყოყმანდებოდა ხოლმე, ხოლო თუკი ენაზე მოადგებოდაეს სახელი, ენის ტარზევე შეირჩენდა და არც კი წარმოთქვამდა...

ჩუმად იყვნენ მარიტას ნამეგობრალებიც... ყველა მიხვდა თავის შეცდომასა და ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი დანაშაული...

გულგაგმირული გედია გადაიხვეწა ყაზახში, თათრებში, და იქვე მოეღო ბოლო უსაშველო დარდით, თავზე ხელაღებული ვიღაცას შემოჰკვდომია.

სოფელმა იგრძნო თავის ნამხეცარი, ნაპირუტყვალი! აწყენინა თავის საუკეთესო შვილს, უმანკოს და უნაკლულოდ პატიოსან ადამიანს!

მარიტა ზეზეურად დადნა და სულო მალე უთმქელი სევდით გადავიდა თეთერის ქვეყანაში! გაიგო რა მისი ცოდვის მზიდველმა სოფელმა მარიტას სიკვდილი, საშინლად იტკივილა!

მთელი სოფელი მოჯარდა მარიტას ეზოში.

მარიტას უხრწნელი სილამაზე __მთვარის საშუბლე, პიტალო ვეწრცხლური სახე, დამარმარებული ყელი, __ სიკვდილშიც კი მომხიბლაობდა!

სოფელმა ზღვიერის ცრებლით დაიტირა თავისი მზეჯავარა. კუ7ბოსთან ყველა წყაროსავით იღვრებოდა.

მხოლოდ გულჯავრიანი ციციკორე ამაყი და გაძაგრული იდგა. ჩაღრუბლული, მძიმე ფიქრებში შესული, განა შემნანე, ხან ყავარჯენს დაებჯინებოდა, თითქოს სასტიკი მზერით ამოწმებდა, მართლა მოკვდა თუ არაო? საოცარი იყო, ციციკორე მარიტას სიცოცხლის ხელყოფელი, სოფლის ამტირებელი, სულაც არ იტანჯებოდა, მას მართალი ეგონა თავი! მან ხომ სოფლის ძველთაძველი ზნეობა დაიცვა, სირცხვილი არავის შეარჩინა! მხოლოდ ნორჩი, „გაუხარელი― ქალი ენანებოდა, როგორც ადამიანს და თვითვე: უკვირდა თავისი ძალა და გავლენა:

__სად დავკარი და სად გავარდაო!

„გამაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნაღველითა― ვხოვრებამ... ბედმა...__შეეძლო გაემეორებინა მარიტას.

გლოვის კვამლით სოფელი გაშავდა..

სოფელს თავისი თამარ დედოფალი მოუკვდა... ხეებიც კი სტიროდნენ...

სამარის პირად, როცა დადგა უკანასკნელი წუთები გამოთხოვებისა და მიწის მიყრისა, იმ წამს, კუბოსთან მიჯრილმა მარიტას შეურაცხმყოფელმა ხალხმა, ახლა შეშინებულმა, უეცრივ უკან დაიხია, თითქოს ამაზე სხვა რამ უფრო საზარი დაინახა, კინაღამ ერთმანეთი გადათელეს და გათქერეს... რადგან ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ ღვთიურ სილამაზეს. ვერავინ... ვერავინ...

თვით უშიშარმა დოლენჯიმ ბიჯიც ვერ წადგა, რომ მისაყრელი მიწა პეშვით აეღო გასაყრელად. იდგა ხალხი ფა გულამომჯდარი ქვითინებდა.

ბოლოს, ისეევ ციციკორემ გამოიყვანა ხალხი ბურანიდან.

ისიც ფეხის ბორძიკით მივიდა კუბოსთან, დაიღუნა, აიღო ერთი მუჭა მიწა და კუბოს მიაყარა... უცბად ასწვდა ნიჩაბს და წავიდა მიწა ხრიალ-ხრიალით.

ეშველა ხალხს. გულს ეფონა... თორემ ცრემლი დაახრჩობდა!

კლდეთა ამონაყარ მიწაში ჩასვენდა მარიტა.

მიწას არ შერცხვა, მაგრამ ბალახი მიწაში ჩაძვრა სირცხვილით.

უცბათ მზე გაჩაღდა, აბრიალდა, თითქოს მისი ნაწილი მარიტა მასვე შეუერთდაო.

მარიტას სიკვდილმა,როგორც ხალხა იტყოდა, -მთები გადააბნელა, ქვეყანა დააცარიელა, ქვა დაადნო, კლდე დაშალა...

ხალხური ლექსი იტყოდა:მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო!

იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, -მარიტა მოდისო!

საიქიოში ოქროს სკამიმიართვესო,დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე:ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილიხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ!

იეაო ქრისტემ კი ხელმანდილი მამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მადრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლას გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო...

მთელი წელიწადი უწვიმარი იყო... ყანები ჩაიწვა. ვენახები გადახმა. ყანწი ვერავინ გაასველა! დაშრა ჭური და საწნახელი!

ამ უბედურებას მარიტას უსამართლო სიკვდილს აბრალებდნენ, რომ სოფელმა უბრალოდ გასწირა მარიტა!

მახსოვს; დიდხანს იყო ამაზე მითქმა -მოთქმა, საუბარი. მერე ვიღას გვეცალა?!

მარიტაუკვე წაფერფლა ცივმა დრომ და გრილმა მიწამ!

ვიღას ახსოვს?

მხოლოდ შემსწრენი და მახსოვარნი დაუჯერებელ ზღაპარ-ამბავით გავიხსენებთ ხოლმე მარიტას სახისა და გულის სილამაზეს, ისიც ჩვენს შორის!...

........

ამ გაზაფხულის პირზე ვინახულე ჩემი სოფელი და მარიტას ნაეზოვარიც.

ირგვლივ ყოველივე დამუნჯებულოყო. ნამოსახლარზე მარიტას სახლისნაკედლარებიც კი აღარ ჩანდა.

იქ, სადაც მარიტას მამისეული სახლი იდგა, ახლა ქერის ბურდო ეყარა და გათმებისაგან გარს მტვერი და ბუნგალი ირეოდა.

ყოველივე წალეკილი იყო „ზვირთთაგან მღელვარისა ამის მიუნდობლის საწუთროსათა―.

აღარც ერთი ხე აღარ გადარჩენილიყო მარიტას ეზოში.

მხოლოდ ძველი კერის ადგილზე თავისით ბროწეული ამოვარვარებულიყო.

ჩემს წინ ახლად აყვავებული, ცეცხლისფრიანი ბროწეულის ყვავილი მიღიმოდა, მარიტას სახესავით ალაკრული!

ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!

მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?

ვინ იცის?!