სოფლის უფროსად მინდოდი, ამტანად ძნელ ამბებისა.

ხალხური

სოფელს ატირდეს დედანი,_ სოფლის უფროსი კვდებაო, ნუ მოჰკლავ, დამბადებელო, სოფლობა წაგვიხდებაო!

ხალხური

ჩვენი სოფლის შარაზე დარბაისრული, მხნე ნაბიჯით მოაბიჯებდა გრძელ, ჩერქეზულ ჩოხაში გამოწყობილი ახოვანი, ბრგე, სახიერი, თეთრულვაშა ციციკორე -სოფლის დარბაისელი თავისი განუყრელი ურძნის ლიტაო ჯოხით.

ეს ჯოხი -ციციკორეს საერისმთავრო კვერთხი იყო.გაჯავრების დროს მაღლა შემართავდა, აზრის დასამტკიცებლად მიწას დაარტყამდა დაჟინებით.

მოდიოდა ჩუმად და რომ არ გცნობოდათ, მაინც მაშინვე შეატყობდით თვალსაჩინოებას. დიდი ხნის უნახავს გაეხარდებოდა ხოლმე ჩემი დანახვა: არდადეგებზე სოფელში რომ დავბრუნდებოდი, თუ სადმე მომკრავდა თვალს, გაღიმებული მეტყოდა:

-შენის ნახვით სამი წელიწადი ერთი კვირა მომემატაო!ისწავლე, კარგა ისწავლე, ეგებ ნასწავლებმა ჩაუყენოთ საქართველოს თვალიო! ერთხელაც მხარზე ხელი დამკრა და რიხიანად მითხრა: შენი ბიჭობის სახელი

სვეტიცხოველზე სწერიაო!

რატომ ეწერებოდა სვეტიცხოველზე ჩემი სახელი, ვერ გავიგე, ვერც კითხვა გავუბედე, ისე კი ეს ვაჟკაცური ქათინაური ძლიერ მომწონადა.

უშვილძირო იყო ძია ციციკორე.

-რათ მინდა შვილი, განა ცოტა მყავს მოსავლელი, მთელი სოფელი კისერზე მაწევსო!

მართალიც იყო! სოფელი ვინ?-ერთი კაცი! მთელი დღე ტრიალებდა სოფლის საქმეებზე, ღამეც კი მის განკარგებაზე ფიქრობდა. განა ტყუილად უყვარდა გარჯა, წვართულობა სოფლის მერჯულეს, გამგებელსა და მეუფროსეს! ყველას ჭკუას არიგებდა და ყველა გმინავდა მისი არამკითხაობის კირთებ ქვეშ. ციციკორე იყო სოფლის მზრუნველი, მომვლელი, მოჭირნახულე, თუმცა ხშირად ღიმილით შენიშნავდნენ, რომ სოფელი მისთვის არავის ჩაუბარებია:-არც ღმერთს, არც ხალხს და არც თვით ხელმწიფე-იმპერატორს! შეიძლება ეს იმის ბრალიც იყოს, რომ ციციკორეს დიდი პაპა იოთამი სოფლის ნაცვალი იყო ერეკლეს დროს და ციციკორეს მემკვიდრეობით მოსდგამდა სოფლის უფროსობა!

ციციკორე თავისას არ იშლიდა:

გულდიდობას, გულზვიადობასაც აბრალებდნენ, თავგაზიდულიაო; გულრბილი, დამთმო კაცი არ იყო, მაინც კაცური კაცი იყო, ლმობიერი, სწორი მხედაობა ჰქონდა.,, მოყვარისათვის, რომ იტყვიან, სწორედ გულთაგული!

ყველამ იცოდა, რომ ციციკორე გულიდან იყო მხედველი, რომ პირუტყუარი შემოცქერაც ისეთი იცოდა, თვალით განმცდელობა, რკინა დადნებოდა მისი მზერის ქვეშ. აბა, ტყუილს როგორ იკადრებდა!

დიდი ნდობაც ჰქონდა მოხვეჭილი სოფელში. სახლოსნობა და სისხლიანი საქონელი ციციკორეს მიერ გაიყოფებოდა ხოლმე, როგორც სანდო, დარბაისელ გამრიგესა და თავკაცის მიერ.

გაზაფხულის პირას აფუცუნდებოდა თუ არა დედამიწა, ამოჟოჟინდებოდა თუ არა ბალახი, სოფლის არამკითხე მოამაგე და ჭირისუფალი ჩამოუვლიდა სოფელს კომლ -და -კომლ, თან აფრთხილებდა.

_ცხენი არ აძოვო ყორიანის მინდორზე, ხომ იცი, იქაური ბალახი ცხენსა ჰკლავს, არც იქაური თივა აჭამო, ისიცა ჰკლავს, ეს იცოდე! _რა მიზეზია ნეტავი?

_რა მიზეზია და, ჩემის ანგარიშით, მანდ ხომ დიდი ომები მომხდარა და ბევრი მტერიც არის ჩახოცილი! და მტრის სისხლი იკბინება დღესაც, ახლაც არა ცხრება და მუშაობს ჩვენ სამტროდ! ამშრალა, მაგრამ ჰხედავ, არც ამშრალა, ისევ მიწაში დუღს შხამიანი და გვსუსხავს, ახლა იქიდან გვებრძვის, დახე, ცხენებსაც გვიხოცავს! ჩვენ რომ ბალახსა ვჭამდეთ, ჩვენც ამოგვწყვეტდა!

ასეთი დაკვირვება კი ჰქონდა ციციკორეს. სოფელი მართლაც ერიდებოდა ყორიანის მინდორს! _რას ბრაცუნებ ამ შუაღამით? _ ეტყოდა შემთხვევით შარაგზაზე შეხვედრილი დროული კაცი,

მასთან შეხუმრებული, სხვა ვინ გაუბედავდა?

_სოფელს ირგვლივ შემოვლა უნდა, მტერი მოძალე, თვალნაცემი არ შემოგვეპაროს! ათი თვალი და ათი ყური მაქვს გამობმული! ხუმრობა კი არ არი სოფლის პატრონობა ,_იტყოდა ციციკორე.

ციციკორე ბაქრაძე სოფლის მამობასა და მეურვეობას ჩემულობდა. იმის შინაგანი დაჯერება ჰქონდა,რომ გაჩენილი იყო რაღაც დიდი საქმის შესასრულებლად, ყველა ამბავში ერეოდა, რადგან თავისი პირდაპირი მოვალეობა ეგონა. დიდი ზეგავლენაც ქონდა ხალხზე. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, როცა ერთხელ მეზობელ სოფლიდან ავადმყოფი ბავშვი გადმოუყვანეს საექიმოდ.

-გვიშველეო, სულ ავადმყოფობსო, თანაც დაგოლვილია, არ იზრდებაო! ექიმებში ბევრი ვატარეთ, ვერა არგეს რაო!

-ჩემთან რა ხელი გაქვთ, ქალაქს წაიყვანეთო. იქ ბაგრატიონის გვარის კაცმა სამი სილა უნდა გაარტყასო, ანდეზე დადგება, ავადმყოფობა გაუვლისო!

-შენ გაულაწუნე, შენი ჭირიმე, ოღონდ მორჩეს... -შეევედრა ბავშვის მამა. -როგორ იქნება, ერეკლე მეფის შთამომავალი უნდა იყოს, მე ვინა ვარ?

-არც შენა ჰგევხარ ნაკლები გვარისასო! -ასიამოვნა ბავშვის მამამ. ციციკორემ შეიფერა, მაგრამ ბავშვისათვის სილის გაწნა მაინც ვერ გაბედა...

მკათათვეში, კალოობას, უთენებელზე, სოფლის დერეფნებში ჩხუბი გაიშლებოდა ხოლმე. დედამთილები მუჯლუგუნით, ქიმუნჯით აღვიძებდნენ მძინარ პატარძლებს:ადექითო, ძროხებს მოწველა უნდაო, ნახირში გარეკვა, ქათმებს დაპურება, ძნას ჩაშლაო. ხომ გახსოვთ სოფელში გაგონილი:―მოჯამაგირის დღე გაჰქრეს, პატარძალის დილის ძილი, ადრიანად წამოაგდებენ, ხომ დაუსივდება ცხვირი!..―

აი, ამ დროს გამოჩნდებოდა ციციკორე,___ რძალ_დედამთილის დამზავებელი. ჯერ პატარძალს ეტყოდა: სიცილით მოსულო, რა გატირებსო? დაჩუმდი, დაჩუმდი, ცხრა mაჭანკალით მოყვანილოო! ახლა დედამთილს მიუბრუნდებოდა: შე მადლიანო, შენი შვილის გვირგვინის ცოლია! ნამდომი! პატივდებაში იყოლიე! მერე ცოტა ხმას აუმაღლებდა_სულ ხომ შენს თვალქვეშ არ იქნება? ცოტა მოეშვი, მაგანაც გაიხაროს ამ ქვეყანაზე! ჰხედავ, სანაშენოთ რა კარგი ქალია, ოჯახი გაანაშენა, სამ წალიწადზე სამი ბიჭი დაგიგორა! ქართველები ცოტანი ვართ უნდა მოვმრავლდეთ! ვენაცვალე მაგის ბარაქას!

მერე ორივეს ერთად მიმართავდა:

_ ერთმანეთს ია-ვარდად უნდა ეშლებოდეთ! ნებით, წადილითა და სიყვარულით იცხოვრეთო! _ ასე დააწყნარებდა, თვითონაც გულს დაიმშვიდებდა სოფლის არამკითხე მესვეური და თავის გზაზე გასწევდა განუყრელი ყავარჯნით.

თუ თვალს მოჰკრავადა ლაღად მიმავალ სოფლის თამამ გოგოებს, ხმას შეუმაღლებდა: _ერთი უყურე, აბა ,ქალს ეგ უხდება? თავი უნდა დახარო მორჩილად და ნიავივით ჩუმად გაიარო, განა თვალები უნდა შემომაბდღვრიალოო?

უშიშარ ციციკორეს მხოლოდ ერთი შიში ჰქონდა,_ შიში უწესობისა, ამიტომაც იყო, რომ ყველას მწყემსავდა, ჰმოძღვრიდა. გარჯულვა უყვარდა, უფრო დედაკაცებისა. __ დედაკაცს და ცხენს ნება რომ მისცე, სტამბოლს გადაცვივიანო! __ თავდაღუნულ, უშთაგონებო ადამიანს რომ დაინახავდა, დაუტატანებდა: __ რას ჩასტირი მიწას, შე დალოცვილო? მიწაში ჩადებასაც მოესწრები! ცას შeჰხედე, მზეს შეჰხედე, ღვთის მოცემულს, გაიხარე, ღვთისნიერო!

_ ერეკლე მეფის ძვლებს მცხეთაში მირონი ჩამოსდის, შენ კი ცოცხალი ჰყარხარ, უსაქმურო! ორი გაწოვა დედამ, განა ერთი! _ გაფიცხებით არიგებდა ციციკორე წელიწყვეტიას, დაბდურას, დონდლოჩინას.

თვითონ მშრომელი ვერ იტანდა ზარმაცს, მცონარს, უსაქმურს, ცეცხლმოკიდებული ეძგერებოდა ჩრდილში მონებივრე გლეხს:

-შე ჟანგიანო, სამძილა ზარმაცო, მიმკვდარებულო, ლოხო! განა არ იცი, რომ ქვეყანა საგარჯილოა?

ზოგჯერ ერთგული ცოლი ქმარს დაიფარავდა ხოლმე ციციკორეს წყრომისგან: -ხომ იცი, მაზლო, ჩემი კაცი უცოდველი, პატიოსანია!

-დიაღამც, უცოდველია, უცოდველი, როგორც ყაჭიდამ გამოსული ჭია!_დაცინვით მიაგებებდა ციციკორე,_იქ მკვდრებს აკლია, აქ ცოცხლებს აწუხებს!

-რა ქნას, ავადმყოფობამ დარია ხელი,-შეეჯავახებოდა ქინძურას ცოლი.

-ავადმყოფობამ? მაგას თეთრი ფურის რძის თეთრი ფაფა მიართვი, რომ კბილები შრომით არ დაეღალოს!-ასე გააბახა ციციკორემ ზარმაცი ქინძურა, რომელიც შუა მუშაობაში ცოლის საალერსოდ ვენახიდან გამოპარულიყო.

ემართლებოდა კიდევაც!

სამართლიან და პატიოსან ციციკორეს არ უყვარდა არც ღლეტურა და, განსაკუთრებით, ქლარცი ენის პატრონი, ეჯავრებოდა ყბამოქნილის, ენამოლესილის, დაუყენებელი ყბის იკლიკანტური ბრტყელსიტყვაობა. თვითონაც როდი იყო სიტყვამიუგებელი კაცი!

-საქმე სიტყვის წინამავალი უნდა იყოს! აი, ვაჟკაცობა ამას ჰქვიანო! -რა ბედენაა, მოშაქრული, მოშაბათებული სიტყვები!

მოკლე სადღეგრძელოები იცოდა: მშვიდობა, მზეგრძელობა, კარგად ყოფნა, შვილიანობა, ვაჟით ვაჟიანობა, პურიანობა, ღვინიანობა, საქონლის გამრავლება, ხეხილის მსხმოიარობა!-ეს იყო და ეს!

სოფლის მეუფროსეს სიმძიმე ჰფერდრობა,-მძიმე იყავ, წონაში მეტი მოხვალო!

მაგრამ ციციკორემ გამონაკლისებიც იცოდა, ყველა ზარმაცს როდი ემტერებოდა@ აი, გინდაც, გრძელულვაშა ფადლაურა. რა მოსალხენარი კაცი იყო, რა მომღერალი, ვერც კი ეტეოდა გრძელ კახურ მრავალჟამიერში! მისი სიმღერის გაგონებაზე დაუდასტურებდი ბრძნის ნათქვამს: ,,ხან კაცი ღმერთსაც ემსგავსისო!―

დედაც მომღერალი ჰყოლია! მოდი და ნუ დაუჯერებ ციციკორეს თქმულს: დედის ხსენსა რაც ჩაჰყვება, სულს ის ამოჰყვბაო!

ამასთანავე ფადლაურა უსაშველო ზარმაცი იყო. სუფრის გარეშე არ არსებობდა,. იჯდა საჩრდილობელ ხის ქვეშ და როცა ჰკითხავდი:

-როგორა ხარო?-გიპასუხებდა:

-ძველებურად: არცა ვგრძელდები, არც ვმოკლდებიო!

ასე იყო: ქორწილიდან-ქორწილამდე, ნათლობიდან-ნათლობამდე... დაუკლისად სვამდა , მღეროდა და სვამდა.

სხვა რომ ყოფილიყო ფადლაურსთანა, ციციკორე ნაცარტუტას აადენდა, მაგრამ ზარმაც ფადლაურას სიმღერისათვის დიდ პატივსა სცემდა და ერთხელ, როცა სოფლის სადალაქოში ყბედმა დალაქმა ლოჭომ ფადლაური გაკენწლა, ყბაზე შეფიფქილმა ციციკორემ ლოჭოს მშვიდად უპასუხა.

-ფადლაურას ხმა ღვთიდან არი, პატივისცემა გვმართებს, თვისი ხმით ემსახურება ქვეყანას, რას ერჩიო!

მხნედ შემოაბიჯებდა ციციკორე სახლში, ბჭეშივე ქუდს შეიქნევდა და ძალუმი ხმით შესძახებდა: სახლო, ღმერთმა აგაშენოსო!

ახლაც, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ თვალწინ მიდგას ყავარჯენზე ნიკაპდაყრდნობილი ციციკორე-პორსუფთა, ახოვანი, ტანოვანი, მჭეხარი ხმის პატრონი.

თუ ვინმე ყურს არ მიუგდებდა ან აწყენინებდა, ციციკორე ერთს ღრმად ამოიოხრებდა და დაატანდა:

-ვაი, თემო და სოფელო!

ერთხელ, მეზობელმა თათრებმა ჩვენი საქონელი წაასხეს .სოფელი მდევარზე გამოვიდა. ვინც მდევარში წასვლა ვერ მოასწრო, მათ ციციკორემ სულ ცეცხლი გადააყარა თავზე.

-ჰაი ,თქვე ქალისპირებო! განა თქვენ გაამაგრებთ საქართველოსო?

თვითონ კი მართლაც მთელი ჩვენი სოფლის გამამაგრებელი და გამამხნებებელი იყო მუდამ.

განა დამავიწყდება ოდესმე, ერთ საშინელ ღამეს, თუ როგორ მოეპატრონა ჩვენს ოჯახს და გაგვამხნევა?

საშინელი, შავი ავდარი მოვიდა, ხორხოშასეტყვიანი.

სულ ჩამორეგვა ყველაფერი! ეზოები წყალმა აატივტივა. სოფელმა წარღვნა იფიქრა: ოდნავ რომ გადაიღო ღვართქაფმა, ორღობეში გამოჩნდა თავზე ტომარაწამოსხმული ციციკორე და სახლებში ჩაკეტილებს მოგვძახოდა:

-ნუ გეშინიათ, გამაგრდით! გადაივლის ავდარი! ამისთანები უნახავს ჩვენს ხალხსა! ნუ შეშინდებით, გამაგრდითო!-აი, მაშინ კი ვიწამე ციციკორეს ბელადობა, მაშინ, ნამდვილ ბიბლიური წიასწარმეტყველს ჰგავდა აგზნებული თვალებით.

ახლა მეორე მეკომურთან შევიდა განსაკუთრებით ქვრივ-ობოლთა უკაცობა ოჯახები დაიარა, არ შეშინდნენო!

აი, რა გული, რა მხნეობა ჰქონდა ციციკორეს!

ახირებული ციციკორე ზოგჯერ სხვისი აზრების მასპინძლობას ვერ იჩენდა.

ერთხელ, შუა კამათში, ციციკორე მოკამათეს უეცრად შეეკითხა:

-მოულაღური იცი?

-ვიცი!

-მტრედი იცი?

-ვიცი!

-ყანჩა იცი?

-ვიცი!

-იშხვარი იცი!

-არა!

-მაშ, იშხვარი არ იცი და მელაპარაკები? ჯერ წადი, გაიგე იშხვარი რა არი, მერე მოდი და მელაპარაკე!-ასე დაამარცხა მოკამათე.

რა იყო ეს ,,იშხვარი― და რატომ აძლევდა ასე დიდ მნიშვნელობას ციციკორე, ახლაც არ ვიცი; მგონი , ,,იშხვარი― სულაც არ უნდა არსებობდეს ბუნებაში. ფრინველი ,,შხერო― თუ ჰყავდა მხედველობაში! მაგრამ შხერო რომელი არწივია, რომ მისი ცნობითა თუ ცოდნით თავი გამოიდო?

უცხო კაცი გაბედვით იტყოდა ხოლმე ციციკორეზე: კერპი კაცია, ხერკინააო,სიტყვით მტეხელიო, მაგასთან ლაპარაკს კლდის გლეჯა სჯობიაო! ნეტავ როგორ უძლებთო, მაგ შეუპოვარსაო!

მართლაც, თავის ნათქნამა იყო ციციკორე.

ჩვენში თითქმის აღარავის ედგა მიწური სახლი,ციციკორე კი ისევ ძველებურ,ბნელ დარბაზში ცხოვრობდა.

ეს დარბაზი თითქმის ერთადერთიღა შემორჩენილიყო მთელ სოფელში!

მეამაყება, რომ მოვესწარი ძველებურ ქართულ დარბაზს და დარბაზის გვირგვინში მერცხლის ბედეს!

მეამაყება, რომ საკუთარი თვალით მინახავს მოხარატებული დედაბოძი მზე-მთვარისა და რტომრავალი ხის გამოსახულებით, ზედ უსათუოდ გატყაპნული აღდგომის ჩანაჭუჭებული წითელი კვერცხი, დედაბოძზე მიკრული შინდის ჩხა, ზედ რომ ციციკორეს სუფთა წინდები და პაჭიჭები ეკიდა. საქარეში ზაფხულობით ნიავი სისინებდა, ზამთრობით-ქარი ღმუოდა, მაგრამ ვერას აკლებდა, დიდი შეშის სათარი კერაზე იდო. საკიდელზე ჩამოკიდებული დიდი, შავი ქვაბი შიშინებდა...

განებივრებული ვყავდი ციციკორეს ცოლს-კონიას. ახლაც მახსოვს გემო და სურნელი მისი შემზადებული საჭმელებისა და როგორ არ მოვიგონო მისი ხელით გაკეთებული: შინდისა და ღოლოს შეჭამანდი, ხარხიტო, ჭინჭარი, სატაცური და ქარქვეტის წნილი, ყველიერში-მახოხი!

ციციკორეს დარბაზში ძალზე ბნელოდა. ხელის ცეცებით უნდა შესულიყავი და დიდხანს ვერც გაერკვეოდი სიბნელეში.

-რას იკლავ თავს ამ ბნელაში, შე კაი კაცო, გამოდი მზე, ერთი მზიანი ოთახი დაიდგი, რა გაგჭირვებია ისეთი, უშვილო კაცი ხარ და უხარჯო!-ეტყოდნენ ხოლმე მეზობლები.

-აქ, ამ ბნელაში სიცოცხლე მირჩებნია თქვენს მზიურობას!-იყო ციციკორეს მუდმივი პასუხი და ცოლიც მაშინვე კვერს დაუკრავდა:

-გენაცვალეთ, აქ გვატარეთ მთელი სიცოცხლე და ახლა რომ აქედან სადმე გადავიდეთ, სირცხვილია, ხალხი რას იტყვის?

ციციკორეს მართლაც შეეძლო ქვიტკირის სახლის აგება, მაგრამ ვერ ელეოდა მამაპაპურ დარბაზს.

-რა ვქნაო, უდარბაზოდ ვერ გავძებ, სხვებმა შეიძლონო!

ძალზე უყვარდა თავისი მიწური და როცა სტუმარი მოუვიდოდა, თავისი ქოხის სადღეგრძელოს უსათუოდ დაალევინებდა და თვითონაც შეუმღერებდა ჯამით ხელში: -ეს სასახლე ვინ ააგო, ვინ დახურა მუხის გული?

ამშენებლის მამა ცხონდა, დამხურავის დედის სული!

სისუფთავე კი საოცარი ჰსუფევდა ძველ დარბაზში. თაროზე მიჯრით ეწყო დაკრიალებული, ძველებური ჯამ-ჭურჭელი-ჩინური თუ ქაშანური, კუთხეშიც მზითვის დიდი დაჭრელებული სკივრი იდგა, კონიასი.

უცნაური ზნე სჭირდა ციციკორეს. რაც უნდა ავად გამხდარიყო, ლოგინში არ ჩაწვებოდა.

_ქალი ხომ არა ვარ, ქვეშაგებში ჩავწვე და მტერი გავახარო?! _ ავადმყოფობა მის თვალში დიდი სირცხვილი იყო. სიცხიანი, თვალებზე ცხვრის ქუდჩამოფხატული ზამთარ-ზაფხულ სოფელს ჩამოივლიდა ხოლმე, რათა მტერს დანახვებოდა და არ გაეხარებინა, _ კარგადა ვარ, ჯამრთელად და ნებიერადო. ,,ვეფხვი ვინა თქვა მტირალი?― _ შეუძახებდა თავის თავს და მართლაც ვეფხვობდა.

იქნებ იფიქროთ, უშვილო ციციკორე უსაქმო ყოფილა, პირადი საქმე არ არ ჰქონია და მხოლოდ სხვის ჭკუის დარიგებას იყო გადაგებულიო. _არა, ციციკორე შრომაში იყო დამტკბარი! მისი საყვარელი საშრომელი _ ,,კარზე ვენახი― ან კარის ბოსტანი იყო, სადაც საამოდ სურნელობდა ნაირ_ნაირი მწვანილეულობა; სადაც ლაღობდა შეფოთლილი ვაზი, მსხმოიარე მტევანი,ათქვირებული კიტრი და ლობიო. ხშირად მინახავს პერანგა ციციკორე ოფლში გახვითქული, შრომით შეჯერებული და გახარებულიც.

მისი ცოლი კონია, ქალური საზრიანობით განთქმული, ალერსით გულზე დაგეხვეოდა. მშიერ_შიშველი ეცოდებოდა, გულჩვილი იყო!

_ დაეწვას საწერ- კალამი ახლანდელ სამართალსო, _ იტყოდა ხალხის ჩაგვრით ყოველდღიური მოწმე ბერ-დედა.

ახალგაზრდობაში, ლამაზი ქალი ყოფილიყო, ახლაც ემჩნევოდა გადავლილი სილამაზის იერი. მეტად სუფთა დედაკაცი იყო. სიბერის სილამაზე_სიფაქიზეაო,ხშირად იტყოდა.

ეზოში, სულ ვარდი ედგა.

სოფლის მეურნობაშიც ფხიზლობდა ციციკორეს თვალი. ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხუზე ჩამოივლიდა სოფლის მოლივლივე ჯეჯილებს, თვალს გადაავლებდა, შეისაყვარლებდა, შეაფასებდა და მათ პატრონებს ამბავს მიუტანდა.

მკაშიც დაჰხედავდა. ზოგი მომკელი ხელეურსაც მიაგებებდა.

ციციკორე თავთავს ფხაში გაჰხედავდა და გამოიცნობდა, როგორი ხვავი იქნებოდა წლეულს. ტყუილს არ იტყოდა ვისიმე დასამშვიდებლად. სწორე უყვარდა. უხაროდა, როცა კარგი მოსავლის მთხრობელი იყო და მახარობელი.

ღვთაებრივად სწამდა შრომის გამართლება:

-პატიოსანი ოფლის თითო წვეთი თუ მარგალიტად არ იქცეს, მოდით და მარჯვენა მომჭერით!-

იტყოდა ხოლმე.

სოფლის ეტიკი, უნაგარო და მამობრივი მზრუნველობით აღსავსე, ვითარცა გველეშაპს წმიდა გიორგი, ასე ებრძოდა ვაჭრებს, ჩარჩებს, სოფლის ყლაპიებს, -გლეხის სისხლის წურბელებს. ვაჭარ პინჩუხას არშინის გაცურება უყვარდა. ვერ იქნა და ვერ მოაშლევინეს. საკმარისი იყო

ციციკორეს მკაცრად შენაგონარი სიტყვა, რომ პინჩუხას სამუდამოდ ამოეკვეთა ეს ურიგობა. ციციკორე ცრუმორწმუნეობასაც ებრძოდა შეძლებისდაგვარად:

ბოხვერა მებადურს ჩვენი უბნის გოგო ნინუცა შეჰყვარებოდა! ღამღამობით იორის ზვირთებში ელანდებოდა. ბადეს რომ მოსწურავდა, თურმე იქიდან კისკისით ამომხტარი ნინუცა ბადეს დაუხევდა ხოლმე. უბირ ბოხვერას გულწრფელად სჯეროდა, რომ სწორედ ნინუცა იყო ის ბადიხევია ლამაზი ქალი, იორზე რომ ეჩვენებოდა, სჯეროდა მტკიცედ, ურყევად. და მეორე დღით, როცა ნუნუცა სოფლის ღობესთან შეჰხვდებოდა, სიცილიT ეტყოდა:-შენ, ეი, ნინუცი, გეუბნევი, მომცილდი!

ნინუცა გაიღიმებდა...

_რა გინდა, გოგო, ჩემგან? რას მესაყვარლები იორში? ნინუცა ხითხითებდა...

ბოხვერას გული მოსდიოდა... თან უხაროდა.

როცა ციციკორეს შემთხვევით გაეგო ბოხვერას ამბავი, დაებარებინა:

_ბიჭო და... არა გრცხვენიან, შე ოტროველავ! მართლა გგონია, ბნელო კაცო, რომ შენს ბადეში ნინუცა ებმევა? თვითონა ხარ გაბმული იმის ბადეში! სირცხვილი არ არის, ტვინი აამოძრავე, რათ ეჩაგვრინები სისულელეს!

განა ციციკორეს გამარჯვება არ იყო,რომ მას აქეთ ბოხვერას ნინუცა ალივით აღარ მოსჩვენებია, მხოლოდ ღვინობისთვეს, გვერდში ამოუდგა საქორწილო გვირგვინქვეშ?

დიდი გავლენა ჰქონდა ციციკორეს და მეშურნეთა მტრობაც დიდი ეხვია გარს. თავისუფლების ტრფიალ ხალხს სძულდა სხვისი ჯოხისა თუ სიტყვის ქვეშ ცხოვრება,სხვის მიერ ნაჩვენებ კალაპოტის მიყოლა ეურჩებოდა, ხშირად გამოჰკრავდა ხოლმე წყრომის ნაპერწკლებს, მაგრამ დაფანტული ცეცხლის ძალა იქვე ჰქრებოდა.

სოფელში,ზოგი ჩუმად უჩიოდა ციციკორეს იმ სუსხისათვის, რაც სოფელში დააყენა:- ვინ არი, რომ თავზე წამომაჯდაო! მაგრამ პირში ვინ გეუბნება ორიოდეს გარდა?

და აი, მხოლოდ ერთხელ...

სოფელში ცხოვრობდა მდიდარი გლეხი სავატელი, რომლის სილაღეს ვერ იტანდა ციციკორე.

- რას მედიდები, ჯიბეგაქსუებულო, ოქროსქამრიანო, სოფლისყლაპიავ! -შესძახა მჭახედ სოფლის შარაზე შეხვედრილ სავატელს, რომელიც საპირდაპიროდ თავაწეული მოდიოდა. სავატელმა აღარ დაახანა თავისი წყრომა და სცადა კიდეც ერთხელ ციციკორესთვის ჩამოეხია შარავანდედი.

-გასიბრძნებულო! რათა ხარ სხვისი ჩხრეკია, სხვისი ცხვირის მზომელა, ყველას გამკილავი, გამკენწლავი? ნეტავ როდის ჩაგაბარეთ თავი, ან ვინ დაგადგია ჩვენს მწყემსად, რომ გიყვარს ხალხის გარჯულვა? შენის შიშით კაცი ქალს ვერ დალაპარაკებია, ქალი - კაცს, ვაჟკაცს ღვინო ვერ დაულევია, ქალს ვერ გაუცინია, ბავშვს ვერ უცელქნია! ფულიღა გვაკლია შენს სახელზე მოჭრილი!

- დამნესტრე განა, სათოკე კაცო. - უპასუხა ციციკორემ და გულგაგრილებით განაგრძო გზა. -შენ ვინ ჩაგაბარა სოფელიო? ჩემმა სინდისმა და პატიოსნებამ! იესო ქრისტემ ლერწმის წბილით ამიწონა ეს სოფელი და ისე ჩამაბარა, ახლა ხომ გაიგე! - ეკამათებოდა გულში ციციკორე სავატელს.

განა მარტო სავატელი?

აკი ყველაზე საცოდავმა და ბეჩავმა ბერიკაცმა სიღარიბით გაწყალებულმა ჯაუნარმაც გაუბედა! ეტყობა, მის გათელილ გულში კიდევ ეგზნებოდა თავისუფლების სიყვარული!

-- რომ გიყვარს „გაგვიძეხ ბერო მინდიაო―, მერე? ვინა ხარ, რომ ერს გაუძღვე? თვითონ ქვეყანა არ არის მადლიანად მომართული, ღმერთმა ვერ დააწყო და შენ გინდა დააწესრიგო? ეჰ, ეჰ, ბეჩავ-ბიჭო! შენ უნდა მისცე მცნება ცასა და დედამიწას? თავს დაგვდგომიხარ ხევისბერივით და გვექადაგები! -- ასე ამხელდა ქელეხში ღვინით აბორგებული ბერიკაცი ჯაუნარი.

-- იცი თუ არა, ყველა კაცი რომ არ არი ღირსი კაცობის სახელის ტარებისა! იცი, რომ ზოგი ფრინველია – სჭამენ, ფრინველია, რომ ხორცს აჭმევენ! „ კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდისო―, იცი შე ბეჩავო, შე, ცარიელო ჯამო!

ჯაუნარი ლასლასით გაიყვანეს კარში და იქიდან მაინც შემოიძახა: ვინ მისცა მაგას უფროსობაო? ციციკორე იცინოდა.

ხალხს ესიამოვნა წამიერად შეუხებლის შეხება. ამ შემთხვევაში ციციკორეს მცირედი მაინც გაკენწვლა, განქიქება!

ერთხელ, დედაბერი მარადიაც შეება: სულ რომ ბობოქრობ, დამტკბარი გუნება როდისღა გაქვს? ადამიანს სიტკბო და სიწყნარე აცოცხლებს, სულ რომ სჭექ და გრგვინავ, იქნებ შენა ხარ მარტო ხმელეთზეით ხორციელი?―

ეჰ, ვის შესწევდა ძალა, გაეგო ციციკორეს ზრახვები და მიზნები. ვის, ვის უნდა გაეზომნა მისი დღიური საზრუნავი, საყოველთაო ფიქრები სოფელზე, მისი ფიქრის სიღრმეები თუ მწვერვალები? -- არავის! ვერცვის!

მაგრამ ციციკორე სოფლის გულთამხილავიც გახლდათ.

მაგალთად მან იცოდა ის დღე, რა დღესაც დაბადებული ბედნიერი ადამიანი იქნებოდა, ის დღეც იცოდა, როდესაც დარგული ხე თუ ხეხილი იხარებდა იცოდა შელოცვებით ნადირის კბილის დაკეტვაც, ამაში ტოლი არ ჰყავდა. თუ ღამეობით საქონელი გარეთ დარჩებოდა, ციციკორეს შეალოცვინებდნენ და სოფლის რწმენით საქონელს არც მგლისა, არც აფთრისა და არც ქურდისაგან ზიანი არ მოელოდა. ერთი სიტყვით, მისი საიდუმლო სიტყვა მგელს პირს შეუკრავდა, ქურდს_ ხელ-ფეხს.

ცხენის საიდუმლოც იცოდა: როგორ უნდა გამოიყვანო ცხენი ბოსლიდან ხანძრის დროს ისე, რომ არ დაფრთხეს, არ აიგლიჯოს, არ გაგიჟდეს. მარტო მიცვალებულის ზარი უნდა იმღეროს იმ დროს პატრონმაო და იმ ზარსა და გლოვის ხმაში დამორჩილებულ ცხენს გამოიყვან, თუ არადა, შიგ ჩაიბუგება ცეცხლშიო!

ერეკლე მეფე უყვარდა, იმპერატორი ნიკოლოზი კი მის თვალში არა იყო რა, ჩალა-მეფეაო! ცხრაას ხუთი წლის წინ მოძრაობას შეერყია მისდამი რწმენა!

-- ღმერთი არ არიო?!

-- ეგ როგორ თქვი, შე შავდღიანო, მწარე გონების კაცო. შე უნანელო? მაშ რაღა ქართველი ვარ, თუ ღმერთი არ არის?!

-- ღმერთი არ არიო? მაშ როგორღა ანათებს მზე? ხომ წაიქცა მთვარე და გადმოვარდა ციდან?

ხშირად, მზის მყუდროში, ღობის ძირას მიმჯდარი ციციკორე, იქვე მოთამაშე ბავშვების სიახლოვეს წყნარად დანით ჩხირსა სთლიდა და ვითომდა თავისთვის ღიღინებდა:

-- ვინცა კაცია, არანანო, ჩოხა- ჯაჭვია, თარანანო, ქუდი ნაბდისა, არანანო,-- -- ჩაბალახია!

დაიღინებდა თავისთვის, მაგრამ ამ ჩუმ ღიღინსაც კი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა, გვესმოდა ბავშვებს და ძალაუნებრივ გონებაში გვებეჭდებოდა ციციკორეს სავაჟკაცო სიტყვები, თუმცა მოხუცი სრულიადაც არ გვაგრძნობინებდა, რომ ჩვენს საგულისხმოდ ამბობდა.

წვრილფეხობის დამწყემსვაც უყვარდა.

-- გაიგონე, რა გითხრა, საქართველოს ცხრა კარი აბია! ეს დაიხსომე კარგად! თვითეული კარის ყარაულად უნდა გამოდგე!

ციციკორე სარდლობაშიც იჩენდა ნიჭს: ბალღების ომში ჩაერეოდა, ასე გვწვრთნიდა:

-- რაზმი ეგრე დააწყეთ: ჯერ წინმავალი უნდა წავიდეს, მერე უკან ამყოლი უნდა აჰყვესო: აქეთ-იქიდან მოკინკლავენი მოუდგებიან, რომ მტერი არ მოასვენონ და მერე მეუკანოენი მიჰყვებიანო. ზედ უნდა მიხვიდე, ზედ მისვლა უნდა იცოდე! დავლური ომიც უნდა ისწავლოთ, განა მარტო მოგერიებაო! წინდაწინ შენ დაჰკარი, გული საგულეს დადგება! შენ შენი ეცადე, გამარჯვება კიდე ღმერთზეა! ერთი არ დაივიწყო: ომში სიმღერით უნდა შეხვიდე! ნატყვიარი არ ინაღვლო!

ციციკორეს, როგორც ყოველ ქართველ კაცს, სახელი ყველაფერს ერჩივნა!

-- სახელი! არ დააგდოთ მიწაზე! -- გვეტყოდა ზრუნვით ახალგაზრდებს.-- სირცხვილი დიდი ქვა არის! სახელი არ გაასრესინოთ ამ ქვას!

ერთხელ, კუნძზე ჩამომჯდარ მეფანდურეს შეუტია: -- რას გადასცემ და რას გადმოსცემ? კაი ბიჭები შეაქე, რომ ლაჩრებიც გაკარგდნენ!

-- აწანწკარებ მაგ ფანდურს და ისიც კი არ იცი, რომ ჭკუა და გონება მოეთხოვება შაირის გამომთქმელს! შაირია განა სიტყვის საგრძელებელია, შე ცუნდრუკო და უმეცარო! განა ცოტა ჰყავს სადიდებელი და სასახელო, რომ გოგოებს უმღერი? გულის სიტყვები ამოთქვი, სავაჟკაცო რამ თქვი, რომ ხელი თვითონ დაებას ხმლის ვადას და რაში თავისით გაფრინდეს, მათრახმოუწნავად!

-- ვაჟკაცი კარგად უნდა შეაქო! ზომაზე მეტადაც შეაქე, ღირსია. სოფელი ასახელა! ლაჩრებიც შაეცდებიან! შენ კი ენის სისველე გაწუხებს! გულის ღარღლი კი არ არის, სიტყვაა, ღმერთს რომ მოუცია ჩვენთვის! სიტყვა ტყუილად არ უნდა დაიხარჯოს! სიტყვას ძალა აქვს! -- და მკაცრად შეუტია მეჩონგურეს:

--„ ლექსი მელექსემ უნდა თქვას, ვაჟმა, ვინც იზამს სახელსაო!― -- და არა შენსავით ჩანჩურამ, ჭიასავით რომ დასცოცავ! ვის რად უნდა შენი ლექსი, შე ბუხუნძელავ, და ისიც სააშიკო! გადააგდე ახლავე ჩონგური და მეორედ აღარ დამენახვო!

მეფანდურემ ჩონგური დააგდო და მოცხრილა...

აი, რა ძალა და გავლენა ჰქონდა ციციკორეს...

ერთხელ, ყველიერზე, ციციკორემ უშნო ლეთეთას ჩონგური გამოსტაცა ხელიდან და შეზარხოშებულმა უცნაურის ხმით წაიმღერა: გიორგის ებრძვის სიკვდილი, ელვა გამოდის ხმლისა, შამაუქნია სიკვდილმა, მარჯვენას მოაჭრისა, შამაუქნია გიორგიმ,-- სიკვდილს შუაზე სჭრისა!

მახსოვს, ლექსში განსაკუთრებით გამახარა ადამიანის გამარჯვებამ სიკვდილზე. ასეთი რამ მანამდე არსად გამეგო და ციციკორემაც ჩემს თვალში კიდევ უფრო აიწია, თუმცა არც მანამდე მემცირებოდა!

ჩვენი ციციკორე სიჭაბუკეში ცხენის გამხედნელი და განთქმული მონადირე ყოფილა. -- რამდენი ირემი მოგიკლავს, ციციკორე? -- შეეკითხებოდნენ მეგობრები.

-- ეჰ ვინ იცის, რამდენი ჩავთოფე! -- გააზვიადებდა ციციკორე, -- სად რამდენი ჩაიჩეხა კლდეში, ზოგი კლდეს რქით დაეკიდა, ზოგი ისეთ ღრანტეში ჩავარდა, მზის შუქიც ვერ ჩასწვდებოდა... ვინ იცის?.. ჩემი სიბერით ახლა ირმები ტკბილად იძინებენ!

დარბაისელი ციციკორე ბაქრაძენადირობის მაკვეხარი იყო.

წოწრეს ეთქვა: ციციკორეს ირემი თვალითაც არ უნახავსო!

ეს რომ გაიგო, იუცხოვა: წარბშეკრულმა ჯერ წყნარად იკითხა:

-- ეგ ვინა სთქვა? ვის მოუარაკებიაო? -- მერე მჭახე ხმა აუთრთოლდა: -- როგორ? მე მოუვლი მაგას, როცა ამოვგლეჯ სახრიკო ენას!

ამის მეტი სიტყვა არ უთქვამს-რა. ეს იყო და ეს, მაგრამ ამბობდნენ, წოწრეს მთელი ღამეები არ ეძინა! გაუჩნდა საჭოჭმანები.

-- ბოკოწინის დაუბოლოებელ ტყეში, -- გვიამბობდა ციციკორე, დიდი ვერხვის ქვეშ (ივრის წისქვილთან), -- ირმის ხრო თოფი ხმას რომ არ გაეფანტა, მშვილდ-ისრით ვნადირობდით. ჩემს ვაჟკაცობაში, უნდა მოგახსენოთ, ბევრს ირემს უზიდნია კისრით ჩემი ისარი! ჩემი ანასხლეტი, ანაცდენი ისარი, ტყვია არ გაგონილა! თუ ტყუილს ვამბობ, მაშ რად არი ჩემზე გამოთქმული ლექსი:

ირემმა ირემს ახარა, ბაქრაძე ავად გამხდარა! თოფის ხმა აღარსად ისმის, იქნება კიდეც მამკვდარა გამოსტყვრა თოფი ამ დროსა, ირემმა ტლინკი აყარა:

-- თუკი ბაქრაძე მამკვდარა, მაშ თოფი ვიღამ მახალა?!

თუმცა ჩვენც კარგად ვიცოდით და თვითონ ციციკორემაც,რომ ეს ლექსი სხვა ბაქრაძეზე იყო გამოთქმული, განთქმულ მონადირეზე, მაგრამ თავისად შეიფერა, რადგან გვარად ბაქრაძე იყო და ჩვენც აღარ ვაცივდებოდით; ვიცოდით სახელი უყვარდა!

მონადირეს, მეთევზეს, მეწისქვილეს, პოეტებს ხანდახან უნდა აპატიოთ ოცნების გადადუღება!

რაც არ უნდა დიდი და სახელ-ნაქნარი კაცი ყოფილიყო, ციციკორე ერთს აჰხედავდა და დარიგების კილოთი ეტყოდა:

-- ერეკლე მეფე ხომ გაგიგონია, ეგ ლომი საქართველოსი? -- იმაზე დიდი ხომ ვერ იქნები! მაინც უნდა გითხრა ჩემი: განა მარტო ხმლიანი გმირი იყო ჯავრის ამომყრელი? არა, რატომ აღარ გაგონდებიან გმირთა აღმზრდელი ძუძუები? არც ესენი უნდა დავივიწყოთ! მარტო ხმლის ქნევა რა ბედენაა! მერე ისიც ამ დროში მაინც, როცა ლეკი და თათარი აღარ გვაწუხებს? -- ეს უთხრა ხმლითა და სახელით გადიდებულ, გაამაყებულ თავბერას, სამი ყაჩაღი რომ მოეკლა თრიალეთზე, როცა მის ცხვარს მტაცებელთა ბრბო დაესხა თავს! -- ნუ გასდიდდებიო!

ქარივით დაეცემოდა, წამoფრენილ ვეშაპივით დაეტაკებოდა ვინმე ლაღ ვაჟკაცს, რომელიც შეუპოვრად მიაბიჯებდა გზაზე და სალამის თუ ქუდის მოხდით ციციკორეს შესაფერ პატივს არ მიაგებდა. გაკვირვებული გლეხი, თავის გზაზე მიამიტად მიმავალი, უკან დაიხევდა და ციციკორეს წყრომას მოერიდებოდა:

_ დაძვირდა ვაჟკაცი! _ ამოიოხრებდა ციციკორე, _კაცს ვერ გამოიცნობ ისე, როგორც გარედან ლებანს კირკიტ კაკალში!

დიდი სიტკბოთი უყვარდა სამშობლო ციციკორეს, დიდი, გამოუთქმელი ალერსით.

ერთხელ წავუკითხე და ძალიანაც მოეწონა გრიგოლ ორბელიანის წერილიდან ერთი სტრიქონი:,, ქვეყანაზე მხოლოდ ერთი საქართველოა და ისიც ჩვენიაო!―

_ მალადეც! _ რუსულად გამოთქვა ორბელიანის ქება და თავისი აღტაცება ციციკორემ. _ რა ჭკვიანად არი ნათქვამი, აი, ბრძენი კაცი! მაგის მთქმელს გაუმარჯოსო! _ხშირად ახსენებდა გრიგოლს.

ციციკორე ვერ იტანდა გაყრას, დაცალკევებას. ნუ იტყვით, ეს ჩემი წილიაო! გაუყრელი ოჯახი ყველაზე მტკიცეაო! ერთნი უნდა იყვნეთ, მაშინ იქნებით მაგრებიო!

ეს უბირი, უსწავლელი კაცი საქართველოს ერთიანობის დიდი ერთგული იყო:

_ არა, განთვისება ნუ გვინდა! გეთაყვა, ნუ იტყვი, მე იმერელი ვარო, მე კახელი ვარო, მე მეგრელი ვარო! ერთი ძუძუს შვილები ვართ! ერთმაგე უნდა იყოს ერი, რათ ვარგა გათვითებული, განცალკევებულიო!

ხომ მჭახე კაცი იყო, მკაცრი და ზავთიანი, მაგრამ დიდად კეთილი და მშრომელიც.

თუ დაინახავდა უგერგილოდ, უნდილად მომუშავეს, ხელიდან ბარსა თუ თოხს წაჰგლეჯდა, თვითონ წაიმუშავებდა; თვითონ დაბარავდა სხვის მაგივრად, ან მომკიდა, მოსცელავდა და გუთანს მოეკიდებოდა, თუ გუთნის დედას გუთანი მარჯვედ არ მიჰყავდა.

_ ვიმუშაოთ, სოფელში დოვლათი დავატრიალოთო!

ისიც მინახია ჩემს ბალღობაში, ციციკორე რომ სხვის თავდანებებულ საქონელს აძოვებდა სოფლის პირში, რათა საქონელი ყანებსა და ვენახებში არ გადასულიყო და მოსავალი არ წაეხდინა.

განსაკუთრებით ღირსსახსოვარი იყო ციციკორეს საქციელი მსოფლიო ომის დროს:

ერთხელ, შუადღისას, სოფლის შარაზე გამოჩნდა დედაბერი თუბალაური, რომლის პატრონი შვილი ომში იყო წასული და ყანა მოუმკელი რჩებოდა. გაჰკიოდა დედაბერი და ტირილით ხელში ნამგალს ატრიალებდა:

__ ბიჭო, ნამგალი დაგიჟანგდა, მამხმარე არავინ არი, შენი ყანა დაიწო! რა ვქნა, ომია, მომკელი არავინ არი!__ თან ჰკიოდა უბედური და თან ცრემლით ზუზუნებდა . ცალკე შვილი აგონდებოდა , ცალკე მოუმკელი ყანა!

__ფეხზე დაგრჩა ყანა, არ გეცოდება, რომ ომში წახველი? ცოლ-შვილი დაგრჩა, მე დაგრჩი მოხუცებული დედა! ნეტავ ვის ეომები, რა გაქვს საომარი!-გულსაკლავად ზუზუნებდა თუბალაური შარაგზაზე და მისი სიტყვები გულს უკლავდა უკაცო სეფელს.

უცბად, შარაზე გამოჩნდა თავისი განუყრელი კვერთხით ციციკორე.

-ვაი, თემო და სოფელო! მერე, თუ კაცი გამოილია ჩვენს სოფელში? მაშ, მე ვაჟცი აღარა ვყოფილვარ!

მეორე დილით, ადრე, ციციკორე თუბალაურის ყანაში ჩავიდა, თან წვრილფეხობა წაიყოლა! თვითონ მკიდა, ბალღობა ხელეურებს უკრეფდა, ულოს უგრეხდა. ხუთ-ექვს დღეზე მოუმკა ბერმა ციციკორემ თუბალაურს ყანა და მართლა გააკვირვა სოფელი! განა თქმაღა იქნება, როგორ ემადლებოდა თუბალაური?!.

ისიც მოსაგონარია, რომ თუბალაურს მამითადში ყანა სულ ბაგაბუგითა და ყიჟინით უმკია, როგორც ძველად იცოდნენ.

მახსოვს, პირველ მსოფლიო ომში წასულები საღვინით ხელში როგორ დალოცა ციციკორემ. გამაგრდით ბიჭებო, სიკვდილისა ნუ გეშინიათო, ვინც მოკვდება დავმარხოთო, სხვა კიდევ გამოჩნდებაო! ხმა და სახელი შორს გაგივარდებათ, მტერიც დაშინდებაო. თუ ტყვიამ გაკოცათ, თამარ დედოფლისაგან ულუფა მოგივათო.

ასეთი სიტყვით გაისტუმრა თავისი სულიერი შვილები-მერე იწაფა საღვინე და ახლა წამსვლელებს გადასცა-გზა გქონდეთ მშვიდობისა, დაბრუნებისაო!-ასე ომახიანად უთხრა მაშინ, როცა სხვები იცრემლებოდნენ და დედაკაცების წივილ-კივილისაგან ყურთასმენა აღარ იყო.

ციციკორეს თვალზე ცრემლი არავის უნახავს, მხოლოდ ერთხელ, როცა პატარა მწყემსი ბათულა მგელს დაეგლიჯა და მომკვდარიყო,-ამბობდნენ, იმ დღეს ენახათ ციციკორე ტყეში, თვალებზე ქუდი მოეფარა და ისე ფარულად ტიროდაო.

ბათულას სიკვდილმა ისე იმოქმედა, რომ თავის უკანასკნელ ცხვარზე აიღო ხელი.

ზვარა ჰყავდა შეყენებული წმინდა გიორგისათვის. მაგრამ ბათულას ღარიბ ოჯახს რომ არ ჰქონოდა რა საქელეხოდ, ციციკორეს აეხსნა თავისი ზვარა და მიეყვანა,-ეს დაკალითო! ბათულას სულს მიუვიდეს, უფრო მადლიაო!-და მართალიც იყო!..

მაგრამ ყოველივე ამას თავი დავანებოთ! უფრო ის მაგონდება მკაფიოდ, რომ ციციკორეს არავითარი სიახლე არა სწამდა ცხოვრებაში. არა და არა!

აი, გზის პირად მომავალი ციციკორე დაინახავდა ვენახში გულმოდგინედ მომუშავე გლეხს. გახვითქული გლეხი როსტია შაბიამნის წამალს ასხამს ვაზის ფოთოლს. ციციკორე შედგება ღობესთან და პატრონის გასაგონად ჩაილაპარაკებდა:

-მაგ ვენახიდან არა გამოვა რა!

-რათა, ძია ციციკორე?

-რათა და ,დაღუპე ვენახი! აბა, ეგ რაღა ვენახია?

_ როგორ? დღედაღამ შიგ ვტრიალებ , არას ვაკალებ, ახლაც ჰხედავ, რა ერთგულად ვწამლავ!

_ სწორედ ეგ არი! განა შაბიამანი შეიძლება? არ იცი, რომ ზიარებას წამალი არ მიეკარება! ნაწამლი ღვინო და ზიარება, რაღა ღვინოა?_ იტყოდა წარბშეჭმუხვნით სოფლის მესჯულე და თან დასძენდა:

_ ვინც მორჩილია და გამგონი, ვინც უფროსის შეუკითხავად არას იქმს, ვისაც სახლისა, სოფლისა და მამულის უფოსი სწამს, იმის ვენახი ტურფად დაისხამს! უწამლოდაც საწნახელს აავსებს და ვისაც უფროსობა არ ესმის, იმას არც ვაზი უგდებს ყურს, არც თავთავი!

ციციკორეს არა საწამდა შაბიამნისა და, საერთოდ, ახლი წესების სარგებლობა. ისიც უნდა ითქვას, რომ როსტიასაც არაფრად მიაჩნდა ციციკორეს ეტიკობა. აი, ეს გაუტარა სიტყვაში და აგრძნობინა სოფლის უფროსმა.

იმ ხანებში კახეთის რკინიგზა გაჰყავდა და მოლოდინშიც სულ ამ რკინიგზაზე იყო ლაპარაკი. მთლად უნდა შეცვლილიყო კახეთის ცხოვრება. აყვავებას მოელოდნენ. ყველა ღიმით შეჰყურებდა იმ დღეს, როცა მატარებელი გამოჩნდებოდა კახეთის მიწაზე. მხოლოდ ციციკორე არ იზიარებდა საერთო სიხარულს:

-ხბოსავით კი ნუ კუნტრუშობთ! ჯერ დაფიქრდით, გაზომეთ და მერე ისე სთქვით, მართლა ეგრე-რიგად სჭირდება ხალხს რკინიგზა თუ არა!

-აგიჟინიათ მატარებელი, მატარებელიო! აქებთ რკინიგზას და იმას კი არა ფიქრობთ, რა უნდა ჰქნას ხარ-კამეჩმა, ცხენმა? მაშ, ურემი უნდა გადავყაროთ? მერედა უურმოთ ქართველი კაცი გაგონილა? ან ღვინის ქირაზე რით წავიდეთ, ან ცხენს რა ვუყოთ? ამას რატომ არ უფიქრდებით?-იტყოდა ნაღვლიანად და ალერსით გადაუსვამდა ხელს წაბლა ხარს გახრეშილ ქედზე:

-თუ ეს აღარ იქნება, ნურც მე ვყოფილვარ!

უფრო ხნიერი გლეხები ეთანხმებოდნენ ციციკორეს. ციციკორე დაჟინებით გაიძახოდა:

-ხალხო დაფიქრდით, იქნებ არც არი საჭირო ეგ რაღაც რკინის ,,მაშინა!― ჰაერი გაფუჭდება, პური და მტევანი მოიწამლება, ხალხი იავადმყოფებს, უნამუსობა თამოვარდება! განა გოგოები ეგრე თავისუფლადღა გაივლიან?-და ხელი მიაშვირა პატარა გოგონებს, სკოლიდან რომ შინ მოცანცალებდნენ.

-ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი! რკინის გუთანზეც ასე არ იყო? გადაგვაყრევინეს ხის გუთნები, შემოვიღეთ რკინისა და გაქრა ბარაქაც! ხის გუთანი ღრმად ხნავს! ბარაქაც დიდი აქვს.რკინის გუთანი სუსტია, ერთი პატარა ქვა დააბრკოლებს, სადა აქვს მადლი! რათ გვინდოდა, მაგრამ ეშმაკმა შემოგვახვია თავზე! ახლაც ისე მოგვივა!

-კარგად ჩაფიქრდით, ავწონ-დავწონოთო.

ახალ თაობას კი სიცილადაც არ ყოფნიდა ციციკორეს მოსაზრებანი.

-უხატოდ გაგიჟებულა ჩვენი ციციკორე!

ციციკორემ კიდევაც შეუჭეხა მასწავლებელს,-რომელი ,,ალექსა― მაკედონელი შენა მყევხარო, რათ ურევ ქვეყანასო!

მერე ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაიწერა და განაგრძო:

-ღმერთო, შენ დაგვიფარე იმ ჯადოქრებისაგან! ხომ გაგეგონებათ: ნუ დააგდებ ძველსა გზასა, ნურცა ძველი მეგობარსაო! მამა-პაპას უთქვამს და კარგადაც. რა სჯობია გატკეპნილ გზას, ნაცადს, ნავალს! რათ გინდა ახალი გზა კლდე-ღრეში გაყვანილი, წამისწამ სახიფათო?!

-უწინ, ჩვენს დალოცვილ დროში, ექიმი რას ერქვა-ვინ იცოდა! ახლა კი სულ ავადა ხართ!

რათა, ვისი მანქანებით? ეს ეშმაკიდან მოდის, ქალაქიდან! აბა, დააკვირდით, ხალხნო, თუ მართალი არ ვიყო!

ქვეყანა უპატრონო ნუ გგონიათ, ქვეყანას ვიღაცა პატრონობს! ვიღაცა უჩინარი და იმისი გეშინოდეთ, ნუ გააჯავრებთ!

ამ დროს, ხალხიდან გამოერჩია ქალაქიდან ჩამოსული ქარხნის ახალგაზრდა მუშა, თბილისის გაფიცვების მონაწილე გარსია და ციციკორეს სიტყვა შეუბრუნა:

-ძია კაცო, შენ ვინა გკითხავს სოფლის საქმეს, რა პირისა და პასუხის გამცემი შენა ხარ? ქვეყანა წინ წავიდა, შენ კი ადამის ჟამის ამბებს გველაპარაკები! ვისაც უნდა იცხოვროს ძველ ჭკუაზე, წავიდეს სასაფლაოზე, იქ უქადაგოს მკვდრებს, ჩვენ კი ჩამოგვეცალოს თავიდან!

ასე, ერთი ხელის დაკვრით მოსპი გარსიამ ციციკორეს მპყრობელობა. მერე ვინ? ციციკორეს ნარცხადაც რომ არ გამოდგება. ქალაქში ნათრევი, ფეხშიშველა და თავშიშველა მუშა! ციციკორემ ახლა იგრძნო, რომ ძველი ცხოვრება წასულა დაუბრუნებლად, ახალი ცხოვრების სიო დაეტაკა ზედ მკერდზე.

იდგა დათუთქული ციციკორე და ხმას ვერ იღებდა გაოცებული, გაოგნებული,-როგორ გამიბედაო! ასე დაფასდა განა მისი ღვაწლი და მისწრაფება! ორთითზე დაბჯენილი გლეხები უსმენდნენ და ჰკვირობდნენ ციციკორეს მოთმენას.შიგადაშიგ ზოგი ფრუტუნებედა კიდეც ციციკორეს დამარცხებით გახარებული .ციციკორეს მეტად ემწვავა, ემწვიტინა. განა სავატელსა და ჯაუნარს არ შეუბრუნებიათ ხმა მის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა...

მილასლასებდა თავისი ერთგული ჯოხით ციციკორე და თან გულში იფუფქებოდა. სამდუღრე ცრემლი დუღდა მის გულში, მაგრამ შიგვე შრებოდა. როგორი უკაცრაული მკადრა? -ჩემთვის, ასეთი უკაცრაული და სიკვდილი ხომ ერთიაო! ხალხში ჩემი სახელის ასე მთლად გამოთრევა ვინ გამიბედაო?!

ახლა ციციკორე გამომტვრეული ნაპრალიღა იყო, ჩვენი სოფლის მეუფროსეს არავინ აღარ დაუჯერა არც რჩევა, არც ჭკუა! დაუჯერა გული სიბოროტის მტვერით აივსო! მაშ, რაღა ვყოფილვარ? განა მარტო სტომაქის ქვაბისათვის ვარ დაბადებული? გულს სევდის ლურსმანი დამსჭვალოდა და ვეღარ ამოეძრო! თითქოს ფრთასა და ბოლოს ახეთქებს დაჭრილი არწივიო,_ეს რა ცოდვა დაედო თავსა, რა დააშავა? დაჩუმდა მისი შემჭახებული ხმა. გულზე მოკიდებული ალმური სწვავდა.

_დიდება ძალთა ღვთისათა! __ერთი ამოიოხრა ციციკორემ სიკვდილმისჯლივით, მიდიოდა თითქოს სიცხისაგან ალაკრული, თითქოს ცხელი სილაგარტყმული!

შინ შევიდა ვითომდა მშვიდი და დაწყნარებული, თითქოს პირზე რკინა ეკერა, გული კი ზღვასავით ბობოქრობდა.

_ვინღა იქნება სოფელზე თვალმიგდებით? _რაც უნდა ჰქნან უჩემოდ!

_მერე ვის ამწყრალებ სოფელს, სოფელმა რა ჰქნას? ბრალი სოფლისა, რომ თავისი სიმაგრის ტოტი თვითონვე მოიჭრა!

ციციკორე ლოგინში ჩაწვა.

_როგორ ბრძანდები, როგორ გაისაძლისებ? _შეეკითხებოდნენ სანახავად მოსული მოკეთეები, მეზობლები. ციციკორე დინჯად, ჩამარცვლით მიუგებდა დიდი ჭირდებულივით:

როსტემ თქვა: დღეიმც კრულია დაბადებისა ჩემისა,_

სიყრმე სიბერედ ვაქციე,

დღე ვერა ვნახე ლხინისა,

ვერ გავიხარე კისერი,

უღელი მედგა რკინისა!

და ამას ამბობდა კაცი, რომელსაც უყვარდა წინათ ამ სიტყვების გამეორება:

ჯავრო, არ მოგცემ ნებასა, გულო, არ დაგაშავებო,

მტერო, არ შეგეპუები, ხმალო, შენ გაგაფხავებო!

ერთი სიტყვით, ციციკორეს სულს შავები ემოსა! გულზე თოვლი ედო, ტვინს ნისლი ეხვია, უარსებოს დაემგვანა! გეგონებოდა სიტყვის საცეხვი გამოელიაო, კბილი დაკეტა. ნამდვილად თქვენს წინ კაცი კი აღარ იდგა, არამედ დაკემსილი, გაცრეცილი ღამე!

ამის შემდეგ დარცხვენილი ციციკორე სოფელში ვეღარ გამოდიოდა, გზაბაწარა, საცალფეხო ბილიკებითღა იარებოდა, სოფლის ირგვლივღა ტრიალებდა. მეთხე ბიჭებსღა ესაუბრებოდა. იმ საცალფეხო ბილიკებზეც სოფელზე ზრუნავდა, თუმცა მუხისა და თელის ანგელოზი დაიფიცა, სოფლის საქმეებს აღარ გავეკარებიო...

ახი კი იყო ციციკორეზე, ყველას რომ თავის ნებასა და სურვილს აძალებდა, ეგებ ზოგს საკუნთო სკამზე უნდოდა ჯდომა? ეგებ სხვასაც ჰქონდა ზეშთაგონების ძლიერება. სხვაც იყო გულთამხილავიც, უდრეკი და გულადიც!

ოი, საოცრება! ერთი კვირის მერე, მახარე დორეულმა სახლის შენება დაიწყო და საძირკვლის გასკვნაზე რომ ცხვარი დაკლა, ციციკორეს არ დაუძახა!

მეორე კვირას კოდალამ რძიანი ძროხა დაკლა, მგელს დაეგლიჯნა, არც იქ დაპატიჟეს! _ რას სჩადიან უგუნურები! _ გუნაბაში იტყოდა მოხუცი.

ციციკორეს წარმოდგენაში ქვეყანა იქცეოდა! სოფლის გულაგრილებამ დაასულმოკლა ციციკორე. პირახსნით, გულახსნით აღარავინ ელაპარაკებოდა, თუ ასე ეჩვენებოდა!

ციციკორეს გულში ცხრა თონე იწვოდა, მაგრამ ვინ იყო გამნელებელი?- იმედს ვინ დამიდებს, გულს ვინ დამიამებსო?

აღარ ისმოდა ციციკორეს მჭექარე ხმა, არწივული ყაშყაში! ალმასის გამყრელი სიტყვა ახლა გარსიამ ჩააწყვეტინა.

სადღა იყო მპყრობელობა და განგება! სადღა იყო სოფლის მდეგი, ღვაწლის მძლე, ახლა სულიერი გვემით განცდილი, შეძრწუნებული, შემუსრილი?

უქნელი საქმე ქნა გარსიამ. გარსიამ თუ... ახალმა ადამიანმა, ახალმა ცხოვრებამ, ახალმა ძალამ. მის წინ ციციკორე უმწეო გამოდგა.

ციციკორეს ეგონა, ხალხი გამოიშლებოდა განრისხებული, აზავთებული, მკლავს მკლავზე გადააბამდა, დაიხსნიდა თავის წინამძღვარს და მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას ასე ადვილად არ შეარჩენდა ვიღაც ,,მოთრეულ― გარსიას!

მაგრამ ჩქამიც რომ არავის დაუძრავს! ოი, სირცხვილო!

იდგა გულშეწეული, გულდამსხვრეული, განა კაციღა იყო? არა, -დამპალი ქვა ფშანტალა, ოდესღაც ღონიერი და გამძრავი, გულმაგარი, ახლა დამკრთალი, თოთქოს კიდეც დალეულიყო! სხვისი მფარველი თვითონ დარჩა უმფარველო, თვალმტკინვეულადაც არავინ შეხედა.

გაგონილა?!

სიკვდილსღა ნატრობდა ციციკორე და მართლაც ნახა, როგორ არა, ნახა სიკვდილი! ტანთ შავი ნაბადი ეხვია, თეთრად ცელს აელვარებდა.

ციციკორე არ იყო გარეთ ნავალი კაცი და ამას დიდ ნაკლად უთვლიდნენ. მიჭედილ-მილურსმული იყო თავის კერასა და სოფელს.

-ჩემი ჭიპი თურმე კერას არი დაფლული, რომ სულ ჩემს კერაზე ვიდგე და არ გავგარეულდეო!

თბილისი ჯერ არ ენახა, არც ელექტრო, არც მატარებელი და ეს ჰქონდა მარად საკვეხრად.

-რა არი ეგ თქვენი ქალაქი! ათას საკვირველებას ამბობდნენ, მაგრამ მე არც მიკვირს, არც მეშინია და არცა ვნახავ! იქ რა მესაქმება!

თუმცა ხმაში შეატყობდი, რომ სოფლის უმანკო წიაღში აღზრდილს მისტიური შიში ჰქონდა ქალაქის ცივილიზაციისა, მაგრამ ამაყი არ ტყდებოდა.

სიბერე ლომსაც მორევიაო! მოერია ციციკორესაც.ნაბიჯი გაუძნელდა, შემდეგ გაცივდა, მაგრამ სიამაყით ავადმყოფობას არ დაუწვა და გადაჰყვა კიდეც თან...

... და 1915 წელს , კახეთის პირველმა მატერებელმა ივრის სადგურიდან რომ შეჰკივლა პატარძეულის მიდამოებს, სწორედ იმხანად მარხავდნენ ციციკორეს!

მატარებლის ხმის გაგონებაზე მეზობლები გაკვირვებით ამბობდნენ: -აკი ეშინოდა, დახე, რა დროზე გაეცალაო!

ციციკორეს სიკვდილის ღამით, თურმე, არც ვარსკვლავები ჩამოცვენილა, არც წყლები შხიოდნენ, არც ქარი გრიალებდა, როგორც სცოდნია, ხალხის სიტყვით, დიდი კაცის სიკვდილის დროს, არც ძაღლებს უღმუვლიათ მთელი ღამე! არაფერიც არ მომხდარა ამის მსგავსი!

ღამე იყო წყნარი და გრილი, ადრეული შემოდგომის ღამე!

დილაადრიან, ნახირის გარეკვისას, მეზობელი ქალები, ჩვეულებისამებრ, სოფლის გზაჯვარედინზე ერთმანეთს შამოხვეოდნენ: -ვაი და ვაი!

-რა იყო, რა მოხდა?

-მაშ, არ იცი?

-რაი?

-მაშ, არ შეიტყე ჩვენი დასაკლისი?

-არა და არა!

-ჩვენი სოფლის ბურჯი წაიქცა წუხელის! ციციკორემ სული ჩააბარა გამჩენელს!

-ვაი და ვუი! - შეიცხადა მეორემ.

-ნეტამც არ გეთქვა! ახლა რაღა გვეშველება?

ბევრი მართლაც გულით შეწუხდა. ხნიან ქალებს ცრემლიც კი გადმოუგორდათ დანაოჭებულ თვალებზე.

სასაფლაოდან კაცები თავდადრეკილები მოდიოდნენ, რაღაც დაბნეულები.

__რა იქნება დაღმით -ჩაღმართით? ავაი, ჩვენს უპატრონობას! რა დამწონი კაცი დაგვაკლდა! ოჯახებში ციციკორეს შესანდობარს სვამდნენ:

__ღმერთს ჩაბარდა ჩვენი ციციკორე, ახლა ცივი მიწის ტყვეა! წავიდა! სალამი მივცეთ, ბიჭებო, ღვინო დავუშვათ ჯამზე,_ იტყოდა რომელიმე ტუხა, ბახა, ყოტა, ბირხოლა თუ ბოხვერა და ჯამზე ღვინოს დაუშვებდნენ მოსაგონებლად.

__ვაი რომ ვეღარ გავიგებთ ციციკორეს დარიგებას, გულშემატკივრობას!

სავატელმაც თავი მოიხარა, მივიდა, კუბოს ხელი დაარტყა და გულისტკივილით დასძახა: _განა კიდევ გააჩენს ჩვენი სოფელი ამისთანა კაცსაო?

თუმცა მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა. აკი ამბობდნენ: ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში ვერ მოიხარშებაო!

ციციკორეს დამარხვის დღეს, ერთი მღიმარი კაცი არა ჩანდა მთელ სოფელში, მხოლოდ ჰაერში მაძღარი ქელეხის სული ტრიალებდა.

__ეჰ, ვეღარ ჩამოივლის ჩვენი ციციკორე სოფლის შარაზე ყავარჯნის ბჯენით! __ვეღარ შეგვსუსხავს!

__სიმართლე სუსხია? ისე ღმერთმა მე მიშველა, რამდენჯერ ყავარჯენიც აყვავებულა სიმართლით! ციციკორეს ამაგი მერე დაფასდება ოქროს წონად!

__დახე, რა გვიყო ტიალმა სიკვდილმა, კიდურზე მიგვიყვანა!

დამარხვის დღეს, დედაბრები იცრემლებოდნენ: დასტურ, რაღაა ჩვენი სოფელი, ციციკორეს მერე ნასოფლარიღააო! დიახ, ნასოფლარი! მაშ, რაღაა მას მერე, რაც მიწაში ჩაწვა ციციკორე!

ახალგაზრდებს ეღიმებოდათ...

ბებრები ტირილით აცილებდნენ ცხედარს.

ყოველთვის ასე ყოფილა. გულმდუღარებით მხოლოდ თავის თაობას დასტირიან წმიდა, გულწრფელი ცრემლით თანამედროვენი!

შუადღის სიცხე ანთია სოფელში. სიჩუმეს მხოლოდ ორღობეში ჭრიჭინობელას დამღლელი ჭრიჭინი არღვევს... გზას სძინავს...

ყოფილი სემინარიელი, ანარქისტი იორამ, სოფლის შარაზე მოაბოტებს.

იორამს ლურჯი სატინის ხალათი აცვია, აბრეშუმის ფუნჯაღვედით შემოჭერილი.

ზამთრობით პალტოს საყელო მუდამ აწეული, თავზე აუცილებლად შავი „შლაპა―.

ლაპარაკისას ქუდს იხდის და შავ ფაფარს უკან გადაიყრის.

ხშირად შევსწრებივარ:

მოპირდაპირე მხრიდან ზანტად მოაბიჯებს შუახნის მღვდელი ზირაქი, „სანთლიკუდა― დიაკვანთან ერთად.

მღვდელი ცერად იყურება და სოფელში „ცეროს― უძახიან ზედსახელად.

იორამი წინ გადაუდგება მღვდელს და თავისი ბოხი ხმით, ისე რომ ქვემოუბანში ესმით, დაიწყებს:

– აბა, მღვდელო, მითხარი, რამ შეჰქმნა ქვეყანა?

– ღმერთმა, უფალმა, – ფიცხად მიუგებს მღვდელი და განაგრძობს: – მაშ, ვინ შემოსა ცა ღრუბლით, ზღვა ვინ შემოადგინა მიწას, ქვეყნის სივრცე, სიღრმე ზღვისა მაშ ვინ გაზომა, თუ არა ღმერთმა?!

– კარგი და პატიოსანი! მაგრამ ესეც მიბრძანე, მღვდელო, ვინღა შექმნა ძონძი, ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ხომ შენმავე ღმერთმა, არა?

– ღმერთს სცოდავ, ჯოჯოხეთის ნახეთქო! გეყო ცეცხლთან თამაში, შე ხანძრის მთესველო! – აენთებოდა მღვდელი.

– ნახვამდის, მამაო, მალე შენი თმიანი თავი გილიოტინის ცულქვეშ მენახოს! – და ქუდის მოხდით, გესლიანი ღიმილით დაემშვიდობებოდა იორამი. შენაწყენებული მღვდელი ბოროტ სიტყვას დაადევნებდა:

– ღმერთმა შეგასწროს შენს აღთქმულ სამეფოს – რძითა და ერბოთი მჩქეფარეს! ანარქისტი ქვემოდან შემოსძახებდა:

– ღმერთმა მალე შეგასწროს გილიოტინას! ფრთხილად იყავი! ხალხის გამარჯვება მზადდება, მეფეები საფლავში ეშვებიან!

– მთავრობისა მაინც გეშინოდეს, შე ანტიქრისტე, თუ სინდისისა არა! – მიჰყვირის მღვდელი. – მზად ვარ, პირველმა მივიღო ბრძოლა კაცობრიობის თავისუფლებისათვის! კლდეზე გადავჩეხ თვითმპყრობელობას! – მიეწევა უკან დაბრუნებული ანარქისტი მღვდელს. – რის იმედით, რის იმედით, იუდავ ისკარიოტელო?

– მძლავრ კაცს გული აწონილი აქვს, ბნელეთის ნალექო! რწმენით მთის დადნობა შემიძლიან! – და ისევ გამოსცილდება იორამი, ზევითკენ წამოვა.

– სულმოკლე მანიაკო! – შესძახებს მღვდელი მით უფრო თამამ სიტყვებს, რამდენადაც მანძილით შორდება ქვემოთ მიმავალი ანარქისტი.

ხშირად გზის ყურეში იორამი დაიჭერდა ბავშვებს და თავისი კარნახით ამეორებინებდა:

– „ძირს მეფე, ბატონი, მღვდელი, პოლიციელი!―

მღვდელს არ ესმოდა, მაგრამ ტანით გრძნობდა და გულში ბურდღუნებდა:

– მოიცა, შენც ნელი-ნელ შეგწოვს ტვინის გამლაყებელი სოფლის ცხოვრება, ცოტა დაიცა, ჯერ ახალი ხილი ხარ!

მომხვეჭი მღვდლის ხელში მუდამ დაჩაგრულმა დიაკვანმა, ახლა კი გულში იორამის მიერ მღვდლის დამცირებით დიდად ნასიამოვნებმა, მლიქვნელობით შეუკმია:

– ეჰ, მამაო, სადღა არის განკრძალვა ქვეყანაზე! რა უკადრისი სიტყვები გაკადრათ!

– მერე, რას შემეცილება? – ამბობს დიაკვანთან დარცხვენილი და ცეცხლმოკიდებული მღვდელი.

– რასა ბრძანებთ, – მლიქვნელის გემოთი იტკბარუნებს პირს დიაკვანი: – რასა ბრძანებთ, თქვენი სახელი ცამდის არი ამდინარი! ჯერ მე რა ვარ, რომ პირში გიჭვრეტთ და ის ურწმუნო რა ღირსია თქვენთან ტოლის დადებისა? – აღარ ათავებს გუნდრუკის კმევას კალთაჩახეული დიაკვანი.

– საშიში კაცია, დიაკვანო, ფარულად ყუმბარებს ამზადებს, ქვეყნის აფეთქებას აპირობს, ხომ იცი, ცოლ-შვილის პატრონი ვარ!

ანარქისტი მართლაც საშიში იყო... მეტაც ფიცხი, ფეთიანი ხასიათისა.

სემინარიის რექტორისათვის სილა გაერტყა და მისთვის გამოაგდეს „მგლის ბილეთით― მეხუთე კლასიდან.

– უჰ, თავისუფლების სურვილმა შემომიტია! – დაიძახებდა ზოგჯერ იორამი და თვალებს ააელვარებდა.

ერთხელ, მახსოვს აივანზე წიგნს ვკითხულობდი. გავარვარებული შუადღე იყო. ვხედავ, აივანზე ამოვარდა აგზნებული, თვალებგაფართოებული იორამი და შემომყვირა:

– კაცო, არ გესმის?

– რა?

– მიწის ქვეშიდან ხმა ისმის! აბა, ჩამოდი ყური დაადე მიწას! – და ძალით ჩამათრია კიბეზე.

– აბა, დაადე ყური როგორ გუგუნებს! ხომ იცი, რასაც ნიშნავს?

– რას?

– იმას, რომ მოდის... მოდის!

– ვინა, ვინ მოდის?

– მოდის გუგუნით, ჭექით, ძლიერებით მოდის რევოლუცია!

მე გაოგნებული შევყურებდი...

– განა არ გესმის? – გაცოფებული მღელვარება, დელგმა. ნიაღვრის როხი, ჰაერშიც თოფის წამლის სუნი ტრიალებს.

შუადღის სიცხე ანთია სოფელში და სიჩუმეს მხოლოდ ჭრიჭინობელას დამღლელი ჭრიჭინი არღვევს...

ბორგნეულ და მრისხანე ანარქისტს ყველა ერიდებოდა. მისი „ყუმბარებისა― ეშინოდათ. ამბობდნენ, საბძელში ფარულად აკეთებსო და როცა მოინდომებს, მთელ სოფელს ააფეთქებსო! დედაკაცები ისე არ ჩაუვლიდნენ შარაზე მიმავალ ანარქისტს, რომ მალულად პირჯვარი არ გადაეწერათ:

– ღმერთო მაღალო, ღმერთო ძლიერო, შენ დაგვიფარე უბედურებისაგანაო!

მართლაც, საშიში და უცნაური იყო იორამი! მე მინახავს იორამი ადიდებულ იორთან მდგარი და სწორედ მაშინ შემიცვნია მისი აბორგებული და დაუდეგარი ბუნება!

მოდის, მოჰკივის ვეფხვის კრჩხიალით აღვარებული, გაზაფხულის პირზე განრისხებული, გაგიჟებული, ღვართქაფიანი იორი, თან მიათრევს ძირფესვიანად მოგლეჯილ ხეებს, ხერგებს, წისქვილის დოლაბებს, ორღობის ნამტვრევებს და მოლოკილ მიწას! მოჰყივის ველური ყივილით, განგაშით ჩაშავებული, შესაზარი!

იორამი კი ნაპირზე იდგა ივრის ცქერაში ჩამტკბარი. მთლად გალურსული. მის ნიაღვართან სულს მეტად ეთვისებოდა აღვართქაფებული იორი, არწივისა და მერნის ფრთებით რომ მოჰქროდა აბორგებული და ნაზავთარი.

იორში ჩამჩქეფარე გაცოფებული ხევები აძლიერებდნენ ზარსა და ზრიალს, მდინარეს ესართებიან, ქაფშეტყორცნით ეკვესებიან და აღელვებენ მკერდს უჩოჩქოლებენ...

როგორ უხაროდა იორამს ივრის ადიდება! ეს იყო მისი ნამდვილი სტიქიონი!

– ფრთა გაუშლია იორს, დახე, რა ლამაზია! როგორ აფეთებს თვალებს, როგორ იყრის ფაფარს! – და უხაროდა ივრის ღვარცოფი, მდინარის დაუტევრობა, მისი განიერი ფრთები. დელგმა და ზათქი!

მართალი გითხრათ, გავოცდი, როცა ივრის პირად მარტოდმარტო მდგარი იორამი დავინახე ადიდებულ მდინარესთან მოლაპარაკე.

– ეგრე, ეგრე, შეაზვინე ზვირთი! მძულს მდორე და გუბე! შეულეწე მტერს გული! ყბები ჩაუმტვრიე! გაწმინდე შმორი, გაასუფთავე ჰაერი! ვიშ, სიცოცხლის სუნი ტრიალებს!

– რა გენაღვლება, რომ წაიღო ჩვენი ბოსტნები, სიმინდები, ვენახები, სათიბები, ნერგი აღარ შეგვარჩინა და ვაზი! გაგვძარცვა, გაგვლოკა, გაგვატიალა! – შეცჩიოდა მეზობელი გლეხი აღტაცებულ იორამს.

იორამს კი თვალი ვერ მოეშორებინა აზვირთებული მდინარისათვის.

– ეგრე, ვეფხვო, ეგრე იბობოქრე, სიცოცხლე მაგრძნობინე! უჰ, შენი ჭირიმე!

ხოლო როცა იორი ჩამოიკლებდა, დაწყდებოდა, დაწკნდებოდა, დაპატარავდებოდა, პოეზიის მოძულე იორამი ასე ტკბილად პოეტურად მიუალერსებდა:

– კიდევ გამოდი ძოვნად, ირემო. კიდევ მიჩვენე ფრთები, ქოჩორა მტრედო! იორამს ის აწუხებდა, რომ მრევლი არა ჰყავდა.

თუ სოფლის სახარაზოსა და დუქნის წინ დაიჭერდა სათავისოდ ორ-სამ კაცს, უფრო შიშით თუ ხათრით ყურისმგდებლებს, აგზნებით ჩაჰკირკიტებდა:

– ანარქიზმის მეტი არა გვიშველის რა! საერთმანეთო, სამთელქვეყნო, დიდი აზრი, დიდი ცეცხლი, უნდა გავაღვიოთ! კასპიის ზღვა შავ ზღვას ვჰკრათ: ძველი ქვეყანა უნდა ავაფეთქოთ დაუყოვნებლივ, რაღას ვუცდით!

შიშით ვერავინ უბედავდა შეკამათებას, რადგან ყველას სჯეროდა, რომ ანარქისტს ორივე ჯიბე „ბომბებით― ჰქონდა გამოტენილი.

– გეყოფა, ძმობას, რა დროს აფეთქებაზეა ლაპარაკი, შე დალოცვილო! – შებედავდა ერთადერთი უფროსი ძმა ძუნძგლი, ხანში შესული, დამკრთალი, შესეტყვილი კაცი, დადუნებული ხელებით, თოვლივით გაწყალებული გუნებით.

ძმებს ხშირად ჰქონდათ შეხლა-შემოხლა და კამათი.

ორივენი უცოლშვილონი იყვნენ შეძლებული მამის დანატოვარ სამკვიდროზე.

იორამი სემინარიიდან დაითხოვეს, ძუნძგლიმ ოცდაათი წლის წინათ დაასრულა სემინარია და მას მერე სოფლიდან ფეხი არ მოუცვლია. ერთთავად წიგნებში იყო ჩაფლული, ანარქისტი კი ყუმბარებს ამზადებდა სამყაროს ასაფეთქებლად.

ყველაზე უმეტეს ძუნძგლის მყუდრო, უშფოთველი ძილი უყვარდა, თითქმის ქათმებთან ერთად იძინებდა, ქათქათა ლოგინი უყვარდა, ლოგინს გაასწორებდა, ჩაჰკუჭავდა საბნის ნაპირებს, ჩაიგებდა საბნის ყუას და სიტკბომიცემული, უკვე მწოლარე, ძმას ღიმილით გადმოსძახებდა:

– არ მიყვარს ხეტიალი და აჯანყება! ამას რა ჯობს, რა ტკბილია შენი სახლი – შენი საყუდარი! მივეყუდრები მოგონებებში და ვარ ჩემთვის, მზის მადლმა!

ერთხელ მეც ვკითხულობდი გერცენს, სპენსერს, კრაპოტკინს, მაგრამ... რა გამოვიდა? ეჰ, ესე ჯობია. ოცდახუთი წელიწადია, ამ ტახტზე ვწევარ, მე და ჩემმა ღმერთმა! ყველას თავისი ღმერთი გვყავს. მე ჩემი ღმერთი მწამს.

ახალგაზრდობაში მხოლოდ თავისუფლების ოცნებას ვსდევდი, ქარიშხალთან მინდოდა მეცხოვრა! ახლა... ღუღუნა ბუხარი! ცა გასკდა, დედამიწა ჩაინგრა, ბუხარი კი დარჩა, ბუხარი და ორი კაცი! მეტი არა, მესამე მყუდროებას დაგვირღვევს!

მართლაც, მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა მის სიმყუდროვეს. ბუხარი მტრედივით ღუღუნებდა, კედელზე გაკრულიყო ცეცხლის ნათელი აჩრდილები...

ძმა გამოსძახებდა მეორე ოთახიდან:

– სიწყნარე მხოლოდ იალბუზზეა! მერე, განა შენ არა ბრდღვინავდი წინათ, ფაფარაყრილი? შენ არ იყავი, გიტარაზე რომ დამღეროდი: მოვკვდეთ ხალხის გულისთვისა, ფურცელი ვართ მაღლის ხისა!

– რა ვუყოთ მერე, მე ახლა ჩამოცვენილი ფურცელი ვარ! ვინ დაემდურება დაცვენილ ფოთოლს, რატომ არ შრიალებ მთვარიან ღამეშიო! მე, ჩემო ძმაო, რაღა მესაქმება რევოლუციასთან? ნეტავი, შენც დროს არ ჰკარგავდე ტყუილად და მყუდროდ იცხოვრო! მშვიდობა და მყუდროება მიყვარს, ჩემს სახლში, ჩემს კერაზე; ჩემი ეზო და ნამყენი, ჩემი ქოცო! მიყვარს ბოსტნიდან რეჰანის სურნელს რომ შემომიქროლებს ნიავი, მიყვარს, როცა კოჭობში ჩუხჩუხებს წითელი ლობიო, ქინძითა და შინდის ჩურჩით შეზავებული. ზედ ცოტა ნივრის წნილიც... რა სჯობია?

რად მინდა ბრძოლა, ხმაური, განგაში, აურზაური, ყიჟინა, რბევა, კაცის სისხლი? ხომ სულ წყალს უნდა მისცეს კაცის შრომა, ოფლი და ამაგი? განა მიწისთვისაც ადვილია? მიწასაც უმძიმს...

– მაშ, ბრძოლა ხალხის თავისუფლებისათვის არაფერი ყოფილა? – რისხვეულად შეეტაკებოდა იორამი.

– დიახაც! მთა და ბარი არასოდეს გასწორდება!

იორამი ჩაიქნევდა ხელს.

– მაგრამ, კანტი, მილლი, სპენსერი, პლეხანოვი, კრაპოტკინი...

– თუ გინდა კიდევაც მიუმატე ისო ზირაქი, სოლომონის ეკლეზიასტე, მაინც ყოველივე „ამაოება-ამაოებათა―, ჩემო ძმაო.

იორამი კი ბობოქრობდა, მზად იყო თავი შეეკლა თავისი რწმენის გულისათვის! არც თავის უფროსსა და პატივცემულ ძმას ერიდებოდა. ძმობა და სახლიკაცობის სიყვარული ითრგუნებოდა.

ძმას ტკბილად, ნეტარყუჩობით მიეძინებოდა. ძილში ცხვებოდა... ცა ქათქათებდა, იასამნის ბუჩქი მთვრალ სურნელებას გამოსცემდა... იორამი კი მარტოდმარტო აივანზე ბოლთასა სცემდა. ირგვლივ მდორე ცხოვრება იშმუშნებოდა...

გულჩათხრობილ იორამს ჩუმი და ნაზი სიყვარულით შეჰყვარებოდა მამასახლისის ქალი, ძუძუUმკერდა მერცია.

მერცია ლაღი, ხორციელი, საღერღელაშლილი ქალი იყო, კალმახივით დახტოდა, უყვარდა სიმღერა, ჩალეკურება.

იორამი უმნინდესი სინაზით და „აღსურვებით― ეტრფოდა.

„ვნებათა ქვემდებარე კაცი – ვერ განმხედველი გონებისაო― – ძველი ნათქვამია!

მახსოვს, მკათათვე მთვარიან ღამეს, ჩვენი სოფლის ახალგაზრდობას ორღობეში წინ მიგვიძღოდა იორამი და გვამღერებდა:

„აღსდეგ, მშიერო მუშათა კლასო!―

კალოებზე იღვიძებდნენ მთელი დღის ნამაშვრალები, ძილგატეხილები, მაინც სიამოვნებით ყურს უგდებდნენ ჩვენს სიმღერას.

ახლა მოვაყოლებდით „თამარის დროშა გაშალეს!― ეს სიMღერა იორამისაგან აკრძალული გვქონდა, მეფეზე არ შეიძლებაო! მაგრამ ჩვენს რიგებში ჩამდგარი მერცია რომ ხმას დააწკრიალებდა, იორამი სულ იბნეოდა, ლამის თავის „ყუმბარები― გასცვივნოდა ჯიბეებიდან.

იორამის ერთადერთი თავშესაფარი გარსიას სახარაზო იყო, მისი ერთგული დასამხრისი. სახარაზო – იორამის კლუბი იყო, მისი ფორუმი. აქ ქადაგებდა, აქ მძვინვარებდა. თბილისის გაფიცვებში გემოაღებული გარსია, იორამის ერთადერთი და უკანასკნელი მოწაფე, აღტაცებით უსმენდა მასწავლებელს.

გარსიას ცალი ფეხი იაპონიის ომში დაეკარგა. მერე ხარაზობა შეესწავლა, ადელხანოვთან ემუშავნა თბილისში; იქ 1905 წლის გაფიცვებისათვის გაეციმბირებინათ და ციმბირიდან გამოქცეულს ჩვენი სოფლისათვის შეეფარებინა თავი.

პირბადრი კაცი იყო გარსია, ზრდილი. სოფელში უქებდნენ უანგარობასა და სიმართლეს. ხუმრობა უყვარდა. შეკითხვაზე, როდის იქნება მზად ჩემი ფეხსაცმელიოლ მიუგებდა:

– გოჭის ხუთშაბათსაო!

სწორედ გარსიას სახარაზოში ვუკითხავდი ხოლმე გლეხებს ჩემს ბალღობაში ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის ნაწერებს.

– აი, გასძეხ კარგი მზითა! – მეტყოდნენ ხოლმე წაკითხვისას ისეთი მადლიერებით, თითქოს თავად დამეწეროს ეს წიგნები!

მაგრამ, ერთხელ, „ელგუჯას― კითხვა რომ ჩავათავე, მოწონებით სიჩუმის შემდეგ, გარსიამ თავი მაღლა აიღო, აექთ-იქით მიიხედ-მოიხედა, აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, მერე თითბრის ყვითელი მუშტა საძირე ტყავს დაჰკრა და მითხრა:

– ვის ათბობს მზე და მთვარე, რატომ იმაზე არ გვეტყვი! აბა, თუ ბიჭი ხარ, „გილიოტინას― წიგნი წაგვიკითხეო!

მე განვცვიფრდი. თუმცა სიტყვა „გილიოტინა― გაგებული მქონდა! სწორედ იმ ხანებში წავიკითხე ფელიქს გროს „მარსელელნი―, მოთხრობა საფრანგეთის რევოლუციის დროიდან, მაგრამ, მაინც ვერ მივხვდი, რომელი იყო „გილიოტინას― წიგნი...

ამის შემდეგ „მარსელელებთან― ერთად, ზოგი რამ სხვაც საფრანგეთის რევოლუციიდან წავუკითხე და აღფრთოვანებული გარსია მოწონებით იმეორებდა რევოლუციის დროინდელ ზოგ გამონათქვამს:

– როცა მეფე ცოცხლობს, ჩვენ ვიხრჩვებით!

– თავისუფლების ხე ტირანის სისხლით ირწყვება, სხვაგვარ ვერ გაიდგამს ფესვებს, ვერც აყვავდება!

გაუგონარი სიძულვილით სძულდა გარსია ხარაზს ნიკოლოზ მეორე, ერთი პატარა ლაქუცა ძაღლი ჰყავდა, „ნიკალაის― ეძახდა.

მერცია გათხოვდა ჩაფარზე...

იორამი გამწარდა, მთლად მოდუნდა. ღონე და მოთმენა გამოელია.

ქვეყანა მისთვის ჯოჯოხეთად იქცა.

„ფათერაკი ვანუა― ახლა ორგვარად ზვერავდა იორამს, – როგორც „ბუნტისთავს― და როგორც მეტოქეს.

მთლად გულაცრუებული შეიქმნა იორამი ცხოვრებაზე. წინათ გაზეთებით მაინც ერთობოდა სოფელში, ახლა ისიც აკვეთა.

მახსოვს, ერთხელ, გაზეთი გვერდზე გადასდო, გადაისროლა, როცა შიგ ერთი ჩვენი გამოჩენილი პოეტის ლექსს შეჰკრა თვალი:

– აპოლონის ლილიპუტები! ვის რათ უნდა მათი ფეხმოკლე აზრები?

– აბა, ნახე, – სიმწრით შემომჩივლა, – რა სიტყვა აქვს, რა ენათქმა, რა აზრი, აზრი კი არა – ლაფიანი წუნწლებია.

დაითავისეს ნიცშე, შოპენჰაუერი და თვალდაფქულ მკითხველს სჯერა ყოველივე!

ან რა ქვეყანა ვართ? – სამგლეთი, ფილისტერების ქვეყანა, მშიერმუცელა! ოხ, აქ ყოფნა აღარ შემიძლიან!

...შემოდგომის წვიმა სცრის ერთფეროვანი დაჟინებით... აივანზე ზინტლიანი ძაღლის წუნწლები. ერთ ნაბიჯზედაც არაფერი ჩანს, ყველაფერი დაფარა შემოდგომის ბურუსმა! დედამიწაში ჩამჯდარი მიწურები... ღარიბული ოთახი, ჭუჭყიანი, ჩამოღვარცლული კედლები.

უბადრუკი, უნიჭო სინამდვილე. წინ – არაფრის სიხარული, არავითარი სიახლის მოლოდინი... ირგვლივ – გუბე და მდორე ცხოვრება, ჩამპალი ჭაობი, დაგუბებული ჰაერი! რა გააღვიძებს, თუ არა ყუმბარა, ამ უჩქეფო-უხალისო, უსიცოცხლო ყოფას?

წვიმა კი სცრის... სცრის... და სცრის...

იორამი მზად არი გარეთ გავარდეს და თმაში ხელებშეტაცებულმა იყვიროს: – მიშველეთ, მიშველეთ!

მოთმენაგამოლეული, ქანცგაწყვეტილი ჩაქანდება თავქვე, ქვემო ვენახებში, დაერევა ვაზებს შლეგივით! ამტვრევს, ლეწავს ჭიგოებს! თითქოს ვიღაცას ებუღრავება! თვითონაც არ იცის, რას სჩადის, გულს კი იოხებს!

გარშემომდგარი ნისლი კი, შემოდგომის ზლაზნია ნისლი, გველეშაპივით მიიპარება ვენახში. მცირე ხნის შემდეგ აღარც იორამი ჩანს და აღარც ვენახი! ყოველივე ნაცარა ნისლითაა გარმოხვეული!

და... აქეთ! – იორამი, იქით – ნისლივით უმოძრაო და უქმი ცხოვრება! არც ერთი თანამგრძნობელი! ერთადერთი ღვიძლი ძმა, ისიც მისი აზრების მოწინააღმდეგე!

განა ყუმბარა ცოტა არ არის ასეთი დაგუბებული ცხოვრებისათვის?

– ო, რა საზიზღარია სიღარიბე... ჭაობი... მიბრეცილი ქოხები... მობრეცილი ტვინი... რამ გააჩინა ასეთი ცხოვრება? ვინ გამოიგონა? – კითხულობდა გულისწყრომით იორამი და პასუხი არსაიდან იყო.

...აღარც მიწის გუგუნი ისმოდა... იორიც ძალზე ჩამოკლებულიყო. რა ექნა?

ხანდახან მოხდებოდა, რომ ანარქისტი და მღდველი ასეთ ჟინჟღლიან ამინდში გუნების ჟინჟლიანობისა გამო მცირე ხნით „დაზავდებოდნენ―, მაშინ მიჰყვებოდნენ „ერთმანეთში სმას―. „დილის არყით― დაიწყებდნენ. სვამდნენ მონდომებით და წადილით.

„ყუმბარის― შიშით ჯერ მღვდელი უთმენდა, მაგრამ არყის მეოთხე ჭიქის შემდეგ გამხნევებული შეკამათებას შეუბედავდა.

მოთმინებიდან გამოსული იორამი ჯერ თვალებს შეუბრიალებდა, მაგრამ გაითვალისწინებდა რა მღვდელთან ბრძოლის უნაყოფობას და უმიზნობას, უღონოდ მიესვენებოდა დუქნის შელაქავებულ კედელს, მზად იყო თმაში ხელი ეტაცნა და ეყვირა:

– მიშველეთ! – მიშველეთ!

გარეთ ისევ ჟინჟლავდა, ჟინჟლავდა, უიმედოდ, გულისგამაწვრილებლად, გასაწყალებლად, – ლამის წვიმასა და ღრუბელს ქვეყანა გადაებნელებინა...

აყვავებული ვაშლის ხის ქვეშ ახალგაზრდა ქვრივი დედა ეალერსებოდა ყრმას, რომელსაც აბრეშუმივით ხვეულ კუკულებში ნიავისაგან მონაბერი ვაშლის ყვავილის თეთრი ფერფლი ჩაჰფენოდა.

__ რა გითხრა ვარდის დედამა, დილილა დედილასა! __ ძუძუმწოვარს ჩაესიტყვებოდა აკვანში. ყრმა იცინოდა...

დედა ეტიტინებოდა,--- გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე! შენს სიცილზე ღრუბლები იფანტებიან, შუბლს თუ შეიკრავ --- შავად იკუმშებიან! გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე, ღრუბლები გადიკარგებიან.

ჩემი დეიდა მაიკო იყო.

დეიდას დედის სუნი ასდისო! მართალი ყოფილა. არასდროს დამავიწყდება დეიდა მაიკოს ალერსიანი შემოცქერა.

შინგაზრდილი იყო, მაგრამ გონებაგახსნილი, დიდად მეტყველი, მიყვარდა მისი ნაუბრის მოსმენა ზამთრის გრძელ ღამეებში, თითისტარი ბზრიალში, ბევრი რამ ,,საღვთო― ჩამრჩა ხსოვნაში იმ ღამეებიდან, ბევრიც ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ...

ახლაც გულზე მაქვს დაჭდეული დეიდა მაიკოს სიტყვები:

--- თუ შენს გუნებას დილიდანვე მზის სხივი არ შეჰყვა, ძნელი იქნება ცხოვრება! იმ პირველმა სხივმა უნდა მოგივარაყოს გუნება! უნდა თან აგყვეს და შენც მას უნდა აჰყვე! მაშინ ჰნახავ,--- არასდროს არ დაღამდები!

უეცრივ იცოდა გაყუჩება: თითქოს აქაურობას მოსწყდებოდა, სხვა ქვეყანაში გადავიდოდა. შევეკითხებოდით: სად იყავ?

--- ნივქარს მივდევდი , ნიავწანწალას!

--- რადა?

--- სათქმელი მქონდა!

--- დაეწიე?

---ბოლოს, როგორც იყო!... --- სიტყვა გადაეცი?

--- მოვასწარი!

ანდა:

--- ჰოი, შენ კი გენაცვალე!

--- ვის ეალერსები, დეიდა?

---ჰხედავ, ეზოში ცაცხვი როგორ მწვანედ ხასხასებს!

--- მშვენიერო, სასურველო ტკბილო და საყვარელო! აი, შე კამკამა სხივით გაზრდილო! ---

იტყოდა და მოეხვეოდა ფანჯარასთან მდგომ წითელ ვარდს და წყალს დააპკურებდა.

---ხატულავ ჩემო ხატულავ! --- მიეფერებოდა ხბოს და აკოცებდა მშვენიერ თვალებში.

--- აქ სად შემოსულხარ, მოუსვენარო! --- დასწვდებოდა ფანჯრის შიგნით დაბორიალებულ ფუტკარს, გააღებდა სარკმელს და გარეთ გააფრენდა. --- აგერ, შენი სარბიელი, გაინავარდე!

ჩიტების ენა იცოდა: --- ჰხედავ, ის კუდრაჭა ღობეზე რას ეხუმრება ღაბუას? მოლაღურს შესძახებდა: --- ჯერ არ მოსულა ჩემი ბიჭი გოგია სკოლიდან! დეიდა მაიკოს ხმის სიტკბო დღესაც ჩამესმის... საოცარი ალერსები იცოდა:

--- ჩემი სიცოცხლის ცისკარო! --- თავს შემოგევლე!

--- ჩემო გშლილო იაო!

--- შენი გულის ჭირიმე!

--- საყვარელო, სასახელო!

--- წამლად დაგაყენე, წამლად დაგედე!

--- ჩემო სიყმის მზევ, შენ კი გენაცვალე!

--- ჭირი მოგჭამე!

--- ჩემო სულო და სიცოცხევ! ჩემო სულისდგმავ! --- შენი მუხლების ჭირიმე!

--- ჩემო ცხოვრების ნიავო!

--- სანდომელავ, ჩემო ბალის კუნწულავ!

--- ჩემო ათასნაირო!

--- დედის ოქროს შანდალო!

--- ჩემო დამტირებელო, მშვემიერო თვალებო!

--- შენამც დამაყრი მიწასა!

--- უშენოდ ნუმცა ვარ ცოცხალი!

--- იმ ადგილის ჭირიმე, სადაც შენ მომაგონდები!

და ვინ მოსთვლის, ან სადღა მახსოვს? რა იქმნენ, სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები, ძველად ათასმა მაიკომ რომ იცოდა საქართველოში?

რატომ აღარ ვალერსობთ დღეს ამ სიტყვებით, რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება, რად გავიძარცვენით, ხომ გვცივა უამსიტყვებოდ!

რატომ აღარ ესმით ეს ტკბილქართული ჩვენს ბავშვებს, --- შვილებსა და შვილიშვილებს?

რატომ დაჰკარგეს ჩვენმა ქალებმა ქართული საალერსო სიტყვები? ნუთუ დაყრუვდნენ, მოკვდნენ, გადაშენდენ ეს სიტყვები? ნუთუ ისე გახევდა ჩვენი გული , რომ ეს თბილი, მდედრული სიტყვები აღარ არიან ჩვენთვის საჭირო, რად დაივიწყეს ისინი დღევანდელმა ქართველმა დედებმა? --- მე სწორედ მათ საგულისხმოდ ვწერ ამას!

სულ ახალი ქვრივი დარჩა დეიდა მაიკო, სამი უმამო ვაჟიშვილით. მთელი დღე ფუსფუსებდა, ფეხჩაუდგმელი შრომობდა მეთაფლე ფუტკარივით, ათას საოჯახო საქმეში გართული თან ღიღინებდა, იღიმებოდა, ალერსობდა.

--- ღმერთო მაღალო, ვინ გააჩინა ამდენი სილამაზენი? --- ეს სხვანაირი დილა, იისფერი ცის ღიმილი, დილის ოქროს ქრიალი, მზეკაბანის ღელვა ყანებზე, ქვეყნის მამშვენებელი ვარდები, ყოველთა მხედი ალვისხეები, აყნოსებული ცაცხვები... ცივწყარო.ბროლოა ნიავი...

--გწყალობდეს ამომავალი მზის შუქი!___მომილოცავდა მზის ამოსვლას, თან დასძენდეა__მზე რომ ვარდივით ამოდის, ხომ გიხარიან? დილის სუნს რომ ჩავისუნთქავთ, ამოსუნთქვა აღარ მინდაო!

თუ გუნებას დილიდანვე სხივი არ შეჰყვა, წააგებ... იმ ერთ სხივზე უნდა ააგო მთელი დღის სიცოცხლე! სვალსა და გულში ოქროს დიელო შეიყენე და გაიხარე! იმ სხივის ენდე. ის სხივი წაიყვანს მთელი დღის შენ საქმიანობას!

ასე მარიგებდა დეიდა მაიკო და თან სარეცხსა ჰფენდა თოკზე, მთელი დღე მოფუსფუსე, სახემწვარი, ნაჯაფარი, გადაქანცული, შუბლზე ოფლმოსხმული, ამაგადარი, მაგრამ მაინც ლამაზი, ნამთევი ვარდივით და მხიარული მერცხლივით.

--ჩიტის ხმა გამოდის, შვილო დაანებე წიგნს თავი! კოკორგახსნილი ყვავილი გეძახის! არ დაჰკარგო ოქროთი მოჭედილი დღე! მზენიავში გაცურდი , ცას აჰხედე, მიწას დაჰხედე! აგერ ჯეჯილი აღაღანდა, ყაყაჩო წამოწითლდა, ატამი სთოვს, ვარდი კვირტში იღვიძებს! გეყოფა ამდენი კითხვა! გადი გარეთ, მზის მადლმა! წიგნს რა სჯობია, მაგრამ ყველას თავისი დრო აქვს! დაინახე ბუნების შეუზომელი სილამაზე! მადლიანობა! განა სულ საქმეს უნდა შეასკდე?__ ასე მტუქსავდა, მარიგებდა დეიდა მაიკო, რადგან მე დილით_საღამომდისინ წიგნებში ვიყავი ჩაფლული.

--დილის სხივს აჰყევ , ბიჭო! თორემ ცხოვრება გაგიძნელდება! მზის ჭიატი გწამდეს ყველაზე მეტად და ბედნიერი იქნები!_მიმეორებდა, მინერგავდა თავის რწმენას.

ასეთი იყო დეიდა მაიკო_ ნიავისა და ყვავილების მეგობარი,მათი თანამზრახველი.

_აბა, შეხედე, მართლა და სასწაული არ არის ეს აყვავებული, აბრიალებული ხეები? თამარის ოქროს დალალი და ეს გადაფეთქილი ატამი განა ერთი არ არის?

მაგრამ დაგლეჯილი პატარა მწყემსი რომ გამოივლიდა, მაშინ მაიკოს აღარ ეცალა ბუნების მშვენიერებისთვის.

_ მოიცა, პატარავ, მოიცა, აქ მოდი!_ დაუძახებდა და პატარა ხანს უკან შინიდან გამოუტანდა მთელ პურს, ზედ თაფლს წასცხებდა, ისე უთავაზებდა.... და ისევ განაგრძობდა:

მზე რას ლაპარაკობს, ვარდივით რომ ამოდის ცათაბროლში, არ იცი? მე ვიცი! მე იმ სხივის სურნელიც კი მომდის!სიყვარულით იტყოდა დეიდა მაიკო.

_ჩიტის თვალით უყურე ქვეყნიერებას , მზეს ელაპარაკე, სანამ ბუდისკენ წავა, ჩანჩქერის შხეფის წინწკლას ესაუბრე ,კამკამა ჭავლს, ხასხასა ყანებს,ბროლის ნიავს!

_ნაბლიას ჰკითხე რჩევა, ფერისულას, ენძელას, ატმის ყვავილს და იქნები მდიდარი! დედილა დილილასა, დედილა დილილასა!_ თვალებში სიყვარულჩამდგარი ელერსებოდა აივნის სვეტზე ახვეულ გვირილას...

მახსოვს, ერთხელ მეტად ციოდა. თებერვლის ქარი უბერავდა. დეიდა მაიკო აივანზე გამოსულიყო, მარტოდ დაეგულებინა თავი,ეგონა,არავინ ხედავდა.

მაიკომ გახედა ჯერ ისევ თოვლაუღებელ სერბსა და ღელეებს გაღმა, შუბლზე ხელი მიიდო და გასძახა:

_მალე მომიდი, გაზაფხულო, მალე მომიდი, მოგვეწყინა ზამთარი, ხალხს პური გამოელია კიდობანში, მალე მოვიდი!_ და ისე შინაურულად ეძახოდა, ემუდარებოდა გაზაფხულს, როგორც თავის ახლობელსა, თვისტომსა და მეგობარს.

და უცებ, მე რომ დამინახა, დაიბნა: დამნაშავესავით მეუბნებოდა:

_რა ვქნა , ბიჭო გოგიავ, უმზეოდ ყოფნა არ შემიძლიან, მომბეზრდა ზამთარი! ახ ნეტავ სულ ყვავოდეს, სულ მზე იდგეს!

_თუ ეს კრიალა ცა, ეს აყვავებული ატმის ხე საჩუქრად და ღვთის წყალობად არ ჩათვალე, არ დატკბი, არ გაიხარე, რაღა ფასი აქვს შენს სიცოცხლეს, დედილასა! _რათ გინდა დარდი, გადააგდე, თუ ჩემი ხათრი გაქვს!

დარდი აბერებს! სიცილით იმუშავე, ვერ გაიგებ, დღე ისე გავა! ცხოვრება ტანჯვისკენ კი არ გვეძახის, _ სიხარულისკენ! უნდა იმღერო, სიმღერა ნათელს ერთვის!

_ღმერთო მაღალო, ვინ გააჩინა ამდენი სილამაზე! მაგრამ ვინ იცლის მის საყურებლად? აგერ, გზად მგზავრები მოდიან და აბა, შეამჩნიონ ღობეზე გადასული თეთრი ყვავილი ან იგრძნონ მისი სურნელება? ბედშავები!

მგზავრებს თეთრი ყვავილისთვის არ ეცალათ, თბილისიდან მოდიოდნენ დეიდა მაიკოს ნათესავები, თან ომის ამბავი მოჰქონდათ, იმ დღეს ომი გამოცხადებულიყო! პირველი მსოფლიო ომი!

_უი, დამიდგა თვალი, ვაი ჩვენს დღეს! მილიონი ადამიანის სიცოცხლე გაჰქრება ერთ წამში, ჩალასავით დაიწვება; ხანძრების ენით აღიგვება დედამიწიდან ადამიანის ამადარი შრომა! _ მწუხარებით ამბობდა დეიდა მაიკო და მისი სული უკვე ნისლსა და თოფის კვამლში გახვეულიყო...

გაირინდა მაიკო. მისი თვალი აღარას ხედავდა, მის ყურს აღარ ესმოდა ბუნების ტკბილი ხმა, გულს _ სიხარული. ახლა... თავისი ეზოც აღარ ესურვილებოდა. სტუმრებთანაც თავი შეიკრძალა, თითქოს ნათესავები კი არა, სულ უცხონი ესტუმრნენო, თუ წინათ

ძალუა ჯერანას ალერსით მიესაყვარლებოდა ხოლმე:

_ ყელზე დაგეხვევი, მუხლებში გემთხვევი, ძუძუებში შეგივარდებიო!_ ახლა კი წასვლისას მშრალად გადაჰკოცნა, ისიც მასპინძლის მოვალეობით.

_ეჰ, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპება!_ მუხლებში ხელებს იშენდა მაიკო.

მოხუცი ბიძა ლაშხია ანუგეშებდა :- რა ვუყოთ, ახალგაზრდობა ომში გამოიჯეკება, გამაგრდება, გაიწურთნება! უომრადაც არ ვარგა სიცოცხლეო!

-- არა უშავს რაო! ქვიშანაჭამი ქათამი, -- ქვიშანაჭამი ვაჟკაციო! უბირი, დაბდური ლაშხია ერეკლეს დროინდელი კაცის თვალით უყურებდა ომს, როცა ლომდარი ვაჟკაცების ხმლით შეხლა სწყვეტდა ბედს.

მაგრამ მაიკოს არა ეყურებოდა რა... თითქოს მის ეზოში უკვე შემოსულიყო ვიღაც სასტიკი, დამძალავი და მისი ვარდით აყვავებული ეზოც უკვე მოსჩანდა ნატიალევი, ნაოხარი, წალეკილი...

დაღონებული სტუმრები მალე წავიდნენ, თავის სოფელში მიეჩქარებოდათ. ომი იწყებოდა, ყველა თავის ბუდეს ეშურებოდა. ალაყაფის კარებამდის მივაცილეთ.

-- სიცოცხლე ძაფზე უგია ქვეყნიერებას! -- შეტირებული ხმით წარმოსთქვა მაიკომ, მერე ხელი ჩაგვჭიდა პატარებს და შინისკენ გაექანა ფეხაჩქარებით, თითქოს წვიმას უნდა შეასწროსო:

-- სიკვდილის ყეფა ისმის, ავდგეთ, წავიდეთ, სიკვდილს დავემალნეთ! -- რას ამბობ ჩემო რძალო, -- ეუბნებოდა დედაბერი ნანუა.

-- ცოცხალი კაცი ვერც მზეს დაემალება, ვერც სიკვდილს! რაც ქვეყანას, ის – ჩვენ! -- გულცივად დასძინა ნანუამ.

-- მშვიდობით, ყვავილებო, ჩიტებო, სისხლით მოისვრება მიწის პირი, კვნესით აივსება ცის სიმაღლე! გაჰქრება მზისობა. მწვანოსნობა, გაშავდება სახედველი!

-- რად გინდა ცუდგუნებიანი სიტყვა? -- დასძინა პაპა ლაშხიამ.

გამტკნარებული დეიდა მაიკო სდუმდა... თითქოს მისი სამყარო უცბად ვიღაცამ დააბნელა, დაანგრია!

მოღამდა. აიძაგრა ღამის ბალანი. ადრე დავწექით, ჩვენ, ბალღები, შიშისგან მივეყუჟნეთ ერთმანეთს. ტანაძაგრულები. შეშინებულები...

***

დაიწყო 1914 წლის ომი. ადგა ღორი გაუმაძღრობისა...

-- ცას სირცხვილი იჭერს, თორემ თავზე დაგვექცეოდა – ამბობდნენ დროული კაცები.

სალდათი აკრიფეს...

ყველგან საფლავის კარები გაიღო.

ღამე ვარსკვლავები ცვიოდა...

-- მორჩა, ხმელეთი გადაბრუნდა! დროება შეინძრა!-- ზუზუნებდნენ დედაბრები.

დიდი თადარიგი გვმართებს, პატარა ხალხი ვართ, საქართველოს მიწა შუბითა და ხმლით არი დახეული! ღმერთო, შეგვიწყალე! -- ქუდი მოიხადა მოხუცმა ციციკორემ.

-- წმინდაო გიორგი, მტრის ძალთა დამცემელო, შენ უშველე საქართველოს! ღვთიშობელო დედაო, ერთის შემხედვარის გულს ნუ ატკენ! ხორცით – ძვლამდე მოგვათმენინე ტკივილი როგორც შენს შვილს დაუთმენია! -- სასოებით შესცქეროდა ხატებს დაჩოქილი დედაჩემი.

ლეშით გამომტყვრალი ყორნები გვეზმანებოდნენ...

პატარა ბიჭები მუსრს ავლებდნენ ყვავებს, ყორნებს, ყიჭალებს, ყვანჩალებს, -- მაგათ ამოკორტნონ მამაჩემის თვალებიო?

მახსოვს, შარაზე მოღანცალე მთვრალი ჩიტურია, ომში მიმავალი, ეტანებოდა გოგოებს.

-- ერთი მაკოცნინეთ, გოგოებო, იქნებ, ვეღარ დავბრუნდე უკან; იქნებ, ყორნებმა გამინაწილონ! ვინ იცის, სად ჩავყარო ძვლები! გოგოებო მადლი ჰქენით, ერთი მაკოცნინეთო!

დამფრთხალი გოგოები აქეთ-იქით გარბოდნენ თუმცა კი ხვდებოდნენ ჩიტურას სიტყვების სიმართლეს.

სევდიანი დღეები დაგა სოფელში, კვნესა, ზუზუნი... ზედაც გვალვა მიემატა.

უბნები მიყუჟდა... მთვარიან ღამეში არ ისმოდა გოგო-ბიჭების სიცილი. გოგოები მოწყენით ქსოვდნენ ფარდაგებს და ზედ წითელ-ყვითელ ასოებით ამოჰყავდათ დანი- შნულთა სახელები:

„გვიტიას მოსვლას გაუმარჯოს!―

„ლევანას მტერი დაუმარცხე― და სხვა.

მალე გაზეთებში დაიგრიხა ვილჰელმ მეორის ულვაშები,ამაზე ადრე გამოჩნდა გასანთლებული სახე ―ჩვენი ხემწიფისა― გაისმა აქამდე არ გაგონილი სიტყვები: „შრაპნელი―, „ცეპელინი―, „მაკენზნენი―, „ჰინდერბურგი―, „კარპატი―, „სარაყამიში―. გაზეთებიდან სისხლი მოჟონავდა. ცაშიც თვითეულ ვარსკვლავს თითქოს ნაღმი ჰქონდა მიცემული და უცბად უნდა აფეთქებულიყო, დალეწილიყო ყოველივე.

-- ტყვიის კურატად გავუშვი ჩემი ბიჭი!--ორღობეში გმინავდა ბებია მარიამი. მეორე თუ მესამე წყებაში მაიკოს ვაჟი ვახტანგიც წაიყვანეს ომში.

მალე ჩვენი სოფლის ეზოებსა და ორღობეებში გახშირდა წივილი-კივილი, ლეჩაქების შემოგლეჯა, შეტირება,მდუღარების გადმობნევა, შავების ჩაცმა, ატირებული ბალღები, გულჩაკლული მშობლები...

წიქარა თუ შინდა ხარებს ყელზე ჩამობმულ ზანზალაკებსა და ეჟვნებს აჭრიდნენ, რომ არ ეწკრიალნათ და მით მგლოვიარეთა, ჭირისუფალთა გული არ დაეჭრათ მათი შემბმელის დაკარგვის მოგონებით.

მე დილიდან საღამომდის ვერ ავდიოდი წერილების კითხვას პატრონებისათვის და იქვე, საპასუხო წერილების წერას, რადგან წერა-კითხვა ბევრმა არ იცოდა. ბრძოლის ველიდან მოსულ წერილებში კი ასეთი სიტყვები ეწერა:

-- არ დაიდარდოთ...

-- ჩემს სახელზე ჩემს ზურიკოს უყურეთ!

-- ყანების დარდი გამოგყვა!

-- ვაზი არ გამიტიალოთ!

-- ჩემს ცხენს მოუარეთ!

თან აიმედებდნენ ცოლ-შვილს: ნუ გეშინიათო: კიდევაც მოგივალთო და კიდევაც გაგახარებთო, ოღონდ ჩვენს მოსვლამდის გასძელითო.

დაღუპპულთა პესახებ ჩონგურზე ლექსებს გამოსთქვამდნენ; კვნესით აგედნენ სიტყვებს, ყველას გული დარდისაგან ჰქონდა გაცხელებული. ცრემლი ყველში ებჯინებოდათ.

იქ კი-კარპატებში, გალიციის ველებზე, ვარშავასა თუ არზმურში, ერზინჯანში, ბელორუსიის ჭაობებში ჩაღუპულჩა სიკვდილი გულს ჭიინჭრით ადუშებდა; ძმას მხარს მოსტეხავდა, მოკეთის გულს დასჩაგრავდა, მამას წელს მოსწყვეტდა, დედას-შავად ჩამოაბერდა... თვალთაგან ჩამონადენი კურცხალი ჩონგურის სიმებს ალბობდა... ბევრის კუნწულა ცოლ-შვილი ობლად, ოხრად რჩებოდა... სოფლის ხატებს საშვთოებსა და სამპირ კელაპტრებს აღუთქმიდნენ შინდარჩენილები, წარულთა მშვიდობით მოსაყვანად.

,,შორ და მშვიდობით წასულნი― კი წერილებში ჩიოდნენ თავის სატანჯველს: ამხანაგების დაღუპვას, უწყალო სიკვდილს, სანგრებში ჭუჭყს, წყლის გუბეს, აგურივით ,,არჟანოი― პურს...

-ვინ დაგვიტირებს, ვინ დაგვიჯდება გვერდით, ვინ დაგვაყრის ცრემლებს? ყვავები თავს დაგვტრიალებენ! ხის ჯვერი და ამოსული შამბია ჩვენი ბოლოო!-იწერებოდა ზოგი, უფრო უცოლშვილო, უპატრონო: ღვინით მითხარი, ძმაო, შენდობაო, სიზმრად ვნახე, რომ ვარსკვლავი მოსწყდა მაღლიდან, დაბლა დაენარცო, ვეღარ მოგივალთო, და უმერესად ვეღარ მოდიოდნენ ,,სისხლის არყით მთვრალები―.

მაიკო დეიდა იყო მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი, თან მოიჭიეისუფლე, მათთან ერთად გულდამდნარი. თვითონაც შიშითა და გულის ხეთქებით ელოდა შვილის წერილს. ბრძოლის ველიდან იმედიანი წერილები მოდიოდა, მაგრამ ქვეყნის ცრემლი უგმირევდა გულს. რამდენი ღამე თეთრად დასთენბია!

და ერთ დღეს,-ხარება და გახარება მიადგა მაიკოს სახლ-კარს ომღი დაჭრილი და განკურნებელი ვახტანგი მცირე ხნით ღინ გამოუღვეს ბრძოლის ველიდან.

მთელი უბანი დღესასწაულობდა. მაშინვე პურობა გაიმართა, კიცნისაგან ლოყები გაუცვითეს ნაომარს.

მაიკოს გულს ღამე გაუთენდა, დანართვილარი გული მოუთბა. პირს შუქი ამოეფინა, მისი წილი მზე განათდა.

-კიდევ შედხედაო, კიდევ მიყურე, თვალი დამიტკბე!-არა ცხრებოდა დეიდა მაიკო და შვილს თავს ევლებოდა. ხან ტიტოდა, ცან ეღიმებოდა.

ვახტანგი გარდასხვავებული მეჩვენა; ღიმილი სულ დაჰკარგოდა, სახეს მკაცრი იერი მისცემოდა. თითქოს ამ წუთს სხვაგან არიო. აბნეულად ლაპარაკობდა:

-ხარბაზნის ალზე ვერასა ცხედავდიო. მშობიარე დედაკაცივით მოჰკიოდა ყუმბარაო, ყუმბარის ხმაზე არაფერი მესმოდაო!

განა იმას მოვიფიქრებდი, რომ პურ-მარილი კიდევ შემრჩებოდა? განა მართლა კიდევ ვზივარ სუფრაზე?

-ქაშს რო ვჭამდით, ვიტყოდით,-ის კაცი ქართველი არ არის, შინ რომ დავრუნდეს და ომში დაღუპულის სადღეგრძელო არ დაილიოსო!-ვიძახოდით, გვეღირსება განა, ჩვენ, ქარველებს, ჩვენს ქვეყანაში მისვლა და ღვინის დალევაო?-მე ვიტყოდი: კიდევ მივალ და კიდევაც დავლევ მეთქი! აპა,, თუ არა!

ვახტანგმა ხელთ აიღო 1ვარტლიანი კათხა და სულ პირველად არდაბრუნებულები ადშეგრძელა,-იმათ გაუმარჯოთ, ჩვენ რომ პატარა პურ-მარილი დაგვინარჩუნესო.

შენაჯგუფარი დედაკაცები ტიროდნენ... ეკითხებოდნენ: -როგორ გადარძიო?

-სიკვდილს გამოვექეცი! წმიდა გიორგიმ ცხენებზე შემისვა და გამომაქროლა! მეტი აღარ მახსოვს რაო!-გულმატთლად ამბობდა ვახტანდი.

დეიდა მაიკო პირჯვარს იწერს, წმინდა გიორგის და პირიღვთისას ახსენებს თან ღალის ძველას ვიწრო მხრებზე იხურავდა, იწურავდა...

-კიდევ გვიამბე, კიდევ,-ეხვეწებოდნენ ვახტანგს, ისიც სიზმარნანახივით ჰყვებოდა წყნარად:

-ბრზოლის ველი? ნეტავ თქვენ, რომ არ გინდახიათ! თუმცა მზეა, მაგრამ სულ ვნელაში ვართ,- ყუმბარისა და ზარბაზნის ვოლში! ზღვის შესაწონი სისხლი ივრება. რა ცოდვას სჩადიან ეს ხელმწიფეები, დაიქცეს ამათი რჯული!

დედაკაცებს შეაჟრჟოლათ ამ უცნაურ და თამამ სიტყვებზე.

-მაშ, სანდალი ყუმბარამ დაგლიჯა, უცრემლოდ ჩავიდა საფლავში?

-დიდი საძმო საფლავი ამოსჭრეს მინდრზე და ყველა შიგ ჩაყარეს, იმ ადგილას მეომარი! სანდალას ნაგლეჯებიც იქ ჩააყოლეს!

დედაკაცები გლოვობდნენ ჭაბუკი მეზობლის დაღუპვას, ზმუოდნენ, ზუზუნებდნენ, ძუძუებს ოხოკავდნენ, თავში იშენდნენ.

-ასეთი ცეცხლი ჯერ ქვეყნიერებას არ უნახავს!-განაგრძობდნენ დედაკაცები. -ეს ოხერი წუთისოფელი სულ არაფერი ყოფილა!- წამოიკვნესა ვიღაცამ. -როდის უნდა დაბრუნდე ომში?-შეეკითხნენ ვახტანგს, როცა ლაპარაკით გული მოიჯერეს.

-არა არა! ჩემის ცოცხალის თავით არ წავალ!- წამოიძახა შემკრთალმა ვახტანგმა.-ტყეში გავარდები, გინდ აქ გავუგლეჯივარ ნადირს, გინდ ომში ყუმბარას! ჩემი მიწა მაინც დამეყრება გულზე!

-არ გაგიშვებ, გინდ თვითონ ხელმწიფე მოვიდეს შენ წასაყვანად!-გადაეფარა მაიკო, რომლის სახეზე ერთად ისახებოდა დედობრივი სინაზე, სევდა და თრთოლა.

-არ წავა, არ გავგზავნი!-გადაწყვეტით თქვა დეიდამ და ხელი მოწყვეტით ჩამოუვარდა მწუხარებით შეძრწუნებულს:

-ეჰ, რამდენია ჩემი შვილისთანა, იქ ტყვიის წინ?! განა ჩემი შვილები არ არიან?

ეს არის დასაკვნესარი! -დასძინა ბოლოს, -რომ არ წავიდეს ვახტანგი, ქვეყანას ამით არ ეშველება?!

მეზობლები და თვითონ ვახტანგიც თითქოს პირშეწბილებულნი მისჩერებოდნენ დეიდა მაიკოს, რომელსაც თავს შავი ფიქრები დასწოლოდა და თავნამქრიანი ღამე, შავკუპრი ამინდი... და არსად იყო მოსაფონარი.

ვადა გავიდა, ნაიძულები ვახტანგი ისევ ომში წაიყვანეს. დედა-შვილი ბედს დამორჩილდა. რაღა დარჩენოდა დედას გარდა მოლოდინისა და მღელვარებისა? იგი მხოლოდ სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა ცხოვრობდა მუდმივ ურკვეულობაში.

კიდევ ზღვის შენადენის ოდენი სისხლი დაიღვარა, მრავალი დაიღუპა, ტყვემყოფელი ვახტანგი აღარ დაბრუნებულა; სადღაც გადაითესა, ჩაიკარგა უნგრეთსა თუ პოლონეთში.

დეიდა მაიკო კი ისევ ისე შრომობდა, ფუსფუსებდა საფუტკრეში, ბოსტანში, უძღვებოდა ოჯახს, ისევ გადაქცეული, ნაცვეთი ხელებით, მკერდშეოფლილი, სახეამწვარი, მოჭირნახულე, შრომობდა და ... უჩინრად დნებოდა. მზეშუქი აღარ უხაროდა, ყვავილებს აღარ თესავდა სულ შეიკეტა თავის გულში, რაღაც ბასმაში გავლებულ ყვავილიან ლეჩაქს ატარებდა ქვეყნისა და ბუნების დამგლოვიარებისა გამო!

ხომ ბუნების მეცნიერი იყო, ბუნებისა ყოველივე ესმოდა და ახლაც, როდესაც ცა წამოცრემლავდა, მაიკო დანანებით იტყოდა,- განა არ გესმით, როგორ სტირიან მამები დახოცილ შვილებს?!

ხოლო მთებიდან ჩამოსული ჯანღები რომ დაედებოდა მიწას, დეიდა მაიკო ამოიოხრებდა: -ეგ ნისლი დედებისა და ქვრივ-ობლების ცრემლებმა დააყენესო!

კიდევ გაასურნელა მაისმა ქვეყანა, მაგრამ მაიკოსათვის ეს ქვეყანა მხოლოდ ჭვარტლითა და ბურით იკვამლებოდა. აღარ ჰქონდა ხალისი, მხოლოდ ჩიტთა ფაფობას ნაფოტებზე წასმულ ფაფას უდგამდა ჩიტებს, ესღა იყო მისი ჩიტებთან საუბარი!

ფირუზთვალა ცა ბრწყინავს. ხე შუქით იბურება, ბალახი ბიბინებს, სიო ცეკვავს ლერწმის წვერზე, ვერხვი ვერცხლურად შრიალებს, ცაცხვი სურნელობს, ჩქეფს დავინული ტოტი მდინარისა, ბროლტანა ჩანჩქერი გრიალებს ალმასური მტვერით. ამდგარა ძალი სიცოცხლის სულისა, სიცოცხლე მღერის! დეიდა მაიკო კი ჩაკეტილა თავის გუნებაში, თითქოს მისთვის უხილავი იყოს სხივნარა სამზეო, ლურჯი ცის ხასხასა მდელო, მოლი, ხევნარი,ხილნარი! თითქოს აღარას ეუბნებოდეს მას სავსე მინდორი,ბურვილი ტყე_გუმბათი,ვაზისყვავილი, გულისმოსალხენი მწვანოსნობა,ფერობა,ფურცლიანობა,დილის ცვარდაცვარული მინდორი,_ხმატკბილობა,ფრთოსანთ ჟრიამული, ბუნების საწადელი ხმა!

რა უყვეს, სად მიმალეს მისი გუნება? დაქვრივებისას ამდენი არ უგლოვია! ომის ყოველი ამბავი, მეზობლის დაღუპვის ცნობა მის ნაზ გულს სდაღავდა, სჭრიდა, ჰკეპავდა!

დიდხანს ელოდა დიდი მოლოდინით დეიდა მაიკო თავის შვილს, ელოდა და ბოლოს დარდით დანაღვლებული, შავსახადშეყრილი, ვახტანგს თან გადაჰყვა.....

მაიკო დეიდა აღარ არი ამ ქვეყანაზე, მაგრამ დღესაც ისევ ჰყვავიან მისი ეზოს ხეები, მისი ღობეზე ოსევ გადმოკიდულა ის თეთრი ყვავილი, და მეგონა, დეიდა მაიკოს ღიმილი ამ ყვავილებშია გადასული და იმ სურნელოვანი სპეტაკი ფურცლებიდან მესაუბრება სიცოცხლის სიყვარულზე.

დეიდა მაიკოს სახლიდან, შარაზე რომ გავივლი, ფეხს აუჩქარებ ხოლმე, იქნებ, დეიდა გამოვიდეს ეზოს კარებიდან; მის ეზოში ნიავი რომ გამომიქროლებს, ასე მგონია,დეიდა მაიკო მეგეგება ჩვეული ალერსით.

ახლა სხვა ცხიოვრობს მაიკოს ეზოში, მაგრამ მაიკოსეული ბოსტნის ისევ სიცოცხლით ხარობენ და საამოდ ფშვინვარებენ. სიცოცხლე ერთი წამით არ შეწყვეტილა, არ დამარცხებყლა, ცხოვრება ისვე მიდის თავისი გაწამაწიით.

ისევ ბრწყინავალებს მწყაზრი, ვარდმოფენილი, სინაზისანი, ციაგნი, გამომცინარი დილა; ისევ ხასხასებს დაწმენდილი ფოთოლი. ისევ ელვარებს გაშალაშინებული ტბა, დაცვარული მინდორი_ როგორც ბავშვის ტუჩები, დედის რძეშეფრქვეული.

სიცოცხლე უკვდავია, დაუმარცხებელი! განა ტყუილად ამბობდა დეიდა მაიკო: _არა, სიცოცხლე სიკვდილის ყმა არ იქნება, არასოდეს! დილილა დედილას!