განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამიცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბედს კი მაინც არ შევურიგდები!
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ.
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე,
გზა დამიცალე, შავო ბურუსო.
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

განა მისთვის ამშვენებს
მას წითელი ორდენი,
დაჰყვეს მედიდურება
თუნდაც მცირეოდენი?
ან და განა იძლევა
ეს ორდენი რაიმეს,
რომ იწვევდეს ვისსამეს
ჰოიმეს და ვაიმეს?
არა. მისი ორდენი
სხვანაირად ჭიატებს,
ძველი ჯვარმედლების გზა
მას არ ახასიათებს.
ის აგონებს: „გახსოვდეს
მუდამ ძველი მხნეობა,
წამით არ დაივიწყო
შენი მოვალეობა.
თუ მტერს თვალი უჭირავს
ტფილისზე და ბაქოზე -
მხნედ და შეურყეველად
იდექ საგუშაგოზე“!
განა მისთვის ამშვენებს
მას წითელი ორდენი,
დაჰყვეს მედიდურება
თუნდაც მცირეოდენი?

თოვლი და ქარის ფაფარი,
გაფითრებული მთა-ბარი.
ქოხმახი მიუსაფარი,
უსახურავო, უკარო.
ისიც გადასწვეს ცხრაასშვიდს
(აბობოქრებულს, განა მშვიდს,
შენღა იხდიდი პანაშვიდს,
თავმონგრეულო ბუხარო!)
ის გაჰქრა! იმ სამწუხარო
გზისკენ ვერ გადაუხარო,
გამხიარულდი, ბუხარო,
ბუხარო თვალებგიზგიზა.
ოც წელს (ყოველ წელს) თრთის გული:
მოზღვავდა ბავშვთა კრებული
და თავის გახარებული
სიცოცხლით გადიკისკისა.