ათასფუთიან ჩაქუჩის ცემით
ვერ გატყდა გმირი,
ბრწყინვალე შუქით და დიადემით
სდგას, ვით ქვითკირი.
ზეცაზე ბრწყინავს ვარსკვლავი შენი,
ძველი დიდება.
ბუნება - დედა, ნუგეშთა  მფენი
მზედ გეკიდება.
გული, ვით მიწა, სურდათ, რომ ეხნათ
მკაცრ სარაზეთი -
მე გამძლეობა მინახავს ქვეყნად...
მაგრამ... ასეთი?

ხარობს გული, ხარობს გული იმას,
რომ  დაშორდა  გრიგალსა და წვიმას.

რომ ლექსთა ცეცხლს  გადაშორდა ფერფლი
(იყო  მსხვერპლი, მაგრამ  მსგავსი  მსხვერპლი?)

სევდიანი თვალს  მოშორდა რული,
გამოცოცხლდა,  გამოცოცხლდა გული.

სიხარულით კვლავ  წკრიალებს ქნარი
(იყო  მკვდარი... მაგრამ  მსგავსი  მკვდარი?)

თითქო ხელებზე დადებული მომხსნეს ხუნდები!
რაკი ვეღირსე, მშვენიერო, მე შენგან სალამს,
ჩემს დაობლებულს, ძველ მაგიდას კვლავ ვუბრუნდები,
ჩემს მიტოვებულს ვუბრუნდები მე ისევ კალამს!

რა ენერგია არის ქვეყნის, რომ არ იცლება?
იმ ენერგიას მატებს მგოსანს დღეს აფხაზეთი:
არსებობს ქვეყნად მრავალგვარი გამოფხიზლება,
გამოფხიზლება, ფრთების გაშლა... მაგრამ ასეთი?