პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ,
პირიმზე, ჩრდილი რაზედ გფენია?
მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ,
შენ მაინც რაზედ მოგიწყენია?
ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი გული
ეხლა სავსეა მწამვლელ გრძნობებით?
რომ ვერასოდეს კვლავ ვერ გიხილავთ
და სამუდამოდ გემშვიდობებით?
დამშვიდდით! მუდამ თქვენთან იქნება
ჩემი სიმღერა და წრფელი ნანა,
შემოგწირავდით ერთად ყველაფერს,
მაგრამ სხვა რაა სიმღერისთანა?

ცეკვაში თითქო ფრთებია
შენი ხელების მტევნები;
მე თვალს გადევნებ, მე მხოლოდ
ოცნებით დაგედევნები...
ახალგაზრდობა შენს ირგვლივ
ფერად ფერხულში ჩაება,
შენთვის უცხოა დარდი და
გულგამყინველი ვაება.
ახალგაზრდობას შენს ირგვლივ
საამური აქვს მსვლელობა,
(სადღაც კი თვალებს აცეცებს
გულგამყინველი მკვლელობა).
ახალგაზრდობას, რომელმაც
შენ აღტაცება დაგარქვა,
არ განუცდია, რა არის
გულგამყინველი დაკარგვა.
და ფრთები, მხოლოდ ფრთებია
შენი ხელების მტევნები,
ეგ სიხარული, ეგ ღიმი,
ეგ ბაღი, ეგ შადრევნები.
სხვისთვის კი ბედმა არც ვარდი,
არც გაღიმება ინება,
გიცქერ და გულნაღვლიანად
წარსულზე გამეცინება.
რად ვერ ისწავლეს ღიმილი
და თავისთავის დანდობა,
საკუთარ ხელით რად მოჰკლეს
თავისი ახალგაზრდობა?

გიცქერ და ვფიქრობ, მზიანო,
გიცქერ და გულით ვევნები -
რომ ფრთები, მხოლოდ ფრთებია
შენი ხელების მტევნები.

სულს ბორკილები
რისთვის დაადე?
რად შემჭერ ფრთები,
კაეშნის ბადე?
სტირიან მთები..
მოსთქვამენ ფრთები..
გეძახი: ვკვდები...
გამომეცხადე!

დაიმსხვრა სული
ფრქვეული ცამდე,
გაჰქრა ფარული
ცის სიდიადე.
აღმეძრა წყლული,
სევდით მოკლული,
ატირდა გული:
გამომეცხადე!

ლანდებათ ვნება
რად გამიხადე?
სულს მოსვენება
რისთვის უქადე?
შავ ფიქრთა კრება
კვლავ აღარ ცხრება
და გევედრება:
გამომეცხადე!