რისთვის ტოკავს ხშირი შქერი,
ან ნაკადი, ან ჩანჩქერი?

იმიტომ რომ, რაც კი სძულდა,
სულის სევდა, ფიქრთა მტვერი,
აიცალა... გაზაფხულდა!

გავსცდით ხანდაკსაც, ეს ბაღებში მყოფი ხევია,
მაღალი კოშკი გადაჰყურებს ქსანიდან ახოს...
და ის ქალი კი (ეხლა მალე კავთისხევია)
იმავე მღვრიე გულგრილობით მიყვება ახოს.
დედაენიდან კალოობას და დღეთა ამბის
კასპის ერთ დიდ კლდეს, ვერავისი კლდე ვერ სჯობია,
შევხვდი მეგობარს: ვარდის ნაცვლად კუკური ბამბის
გულზე ბნეული, ჩვენი დროის თანამგრძნობია.

გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი -
უქმი, შემაქცევარი,
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
სული სტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები,
რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.