გადამწვანებულ მწერვალებიდან
მოედნებიანს დავსცქერი ბათომს,
ესაა მკრთალი ნათელი დილის,
დილის, რომელიც სიხარულს მათოვს.

ო, მოგონებავ, როგორ გიცდიდა
ის სიხარული თეთრი რტოებით.
რაგვარ სიცხადით შენ განგიცდია
ყრმობა - გემების მოახლოებით.

მოგონებები! ისინი - როგორც
მოგზაურები ლამაზი ნავის,
მიმოსცურავენ აღმოსავლეთით,
როცა ასეთი ცისკარი ჰყვავის.

მტევნები სავსე მზის ალუბლებით
გულში რეკავენ სიცოცხლის ქარად,
მახარებს ჩემი თავისუფლება -
და სიყვარული მახარებს მარად.

გადავიარეთ მრისხანე ზღვები
ქარიშხალის და ზღვის მონობაში,
გატაცებები სხვები და სხვები
იფანტებიან მოგონებაში.

და მიიზიდენ მძლავრი გემები,
ვით ცხელ უდაბნოს ქვიშიან ველად,
სიზმრები, პალმა და აქლემები,
რაღაც მძიმედ და განუძრეველად.

ციკლიდან „ეპოქა“

გადაეფარა საქართველოს გზებს
ინდუსტრიალურ რიცხვების გეგმა,
მისი ზრახვები და გატაცება
მიიღოს ქროლვამ გამოსადეგმა.
იქ, დიდუბეში, პანთეონს იქით,
მზით მიდამონი რომ იდაგება,
კამარა შეჰკრეს უზარმაზარი:
ლითონის ქარხნის იწყეს აგება.
ქარხნებს ამიერკავკასიისას
უპირველესი მიუდგა სწორი,
ეს უდიდესი იქნება ძეგლი
ყველა ლითონის ქარხანათ შორის!
და კონსტრუქციის უკანასკნელის,
საქსოვ მანქანით მოდის პარტია,
გზავნის „ვილიამ და სკოტი“-ს ფირმა,
ეს ამერიკის მისამართია.
და კონსტრუქციის უკანასკნელის
მანქანებს ძაფით ევსება უბე,
კვლავ ახალ-ახალ მანქანებს გზავნის
ფირმა „ლეკოლი“, ფირმა „დიუბე“.
და აწყობს მხოლოდ ერთი ფაბრიკა,
რომლის აგება მომავალს მართებს,
ჩვიდმეტიათას კილო აბრეშუმს
და სამიათას ქაღალდის ნართებს.