ციკლიდან „პაციფიზმი“

ბავშვს ღიმილი არ უქრება
და მისი ზრდა
მზის ნერგია,
ამაოდ გზა ემუქრება
და ატომის ენერგია...

მწვრთნელო! ბავშვის
დაიფარე
თვალთა ელვა და გიზგიზი,
მისი რწმენა მოელვარე,
მისი მღერა და კისკისი.

არ მოაკლდეს
ბავშვებს ზრუნვა,
არ შეეხოს ქართა ღელვა.
რისხვა მათ,
ვინც მოისურვა
ყვავილების გადათელვა.

თქვენ კი,
ვინაც ასე უვლით
ჩვენს მომავალ
გმირთ და მცველებს,
ქებას გიძღვნით
მთელის გულით
და მადლობას
უგულწრფელესს.

გაფრინდა ბავშვობის დღეები,
მინდვრები, ჭალები, ტყეები,
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან.
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა,
ბალახი, მდინარე, ხეები,
დღეები, ბავშვობის დღეები.

ბავშვი გზად ვლიდა. ბალახი. ცვარი.
ხელით მიჰყავდა პატარა ცხვარი.
იმაზე კარგი აბა რა არი,
ხელით მიჰყავდა პატარა ცხვარი.

ილორის წმიდა გიორგის ჭროღა
თვალები, შუბი... მკაცრი მიმოხვრა.
შესაწირავად მიჰქონდა ოხვრა.
და მიჰყვებოდა პატარა ცხვარი.

საბრალო ბავშვი თრთოდა, ვით შველი,
თვალები ჰქონდა ცრემლებით სველი:
მას ჩვეულება ეს ძველისძველი
ჰკლავდა, რომ მსხვერპლად მიჰყავდა ცხვარი.

ასტეხდნენ სიცილს, მე კარგად ვიცი,
„ევრი“, „ტაიმსი“ და „ნიცი-ნიცი“:
„ცხვარი, ვით ცხვარი და არა კვიცი -
რა მოხდა? მიჰყავთ პატარა ცხვარი!“

მაგრამ ეს ბავშვი, ტყის პირად მსვლელი,
თვალი რომ ჰქონდა ცრემლებით სველი,
მედგრად, გულმტკიცედ ურტყამდა ბერლინს
შემდეგში, გმირი და არა ცხვარი.