ვიყავ ბერლინში - ასფალტის სარკე,
ცივი სახლები, ცივი ნუსხები...
ისეთი არის მისი სიკარგე,
რომ მწუხარებით დაისუსხები.

აზრი ცივია. და რახანია
იყენებს ამ აზრს შავი დღისათვის,
რომ ქაოსია, რომ გერმანია
იბრძვის რასიულ სიწმინდისათვის.

ფრიდრიჰშტრასეზე ვიდოდა, ვნახე,
მისი ახალი ადამიანი,
ბარბაროსული ჰქონდა მას სახე,
ენაც ველური და შხამიანი;

იძახდა: ჩვენი არისო რასა
ყველაზე მძლავრი და სრულყოფილი;
მიანგრ-მოანგრევს, დალეწავს, რასაც
მიადგეს მხეცებრ სვეკმაყოფილი.

არ შეუძლია მას შენელება
და ვერ მოითმენს ხმის შებრუნებას,
ეს სიამაყის საშინელება
ადამიანურს არცხვენს ბუნებას.

გამომხატველი ავადმყოფ ჟინის,
მიმოდის როგორც გრიპი, ცხელება,
მწვავე სიმსივნე ახალ ბერლინის,
მიხაკისფერი საშინელება.

ჩვენს კომკავშირელს კი განაზრახი
აქვს მისწრაფება მძლე, ხელოვანი,
როგორც სიცოცხლე არანაძრახი,
როგორც სიკვდილი სახელოვანი.

ჩვენს სამშობლოში, ნახეთ, ვითარი
ჰყვავის ვარდები დაულეველი,
სხვაგვარ ამაყი, თქვენ ხართ მდიდარი,
მილიონებში ხელის მრეველი.

ახალგაზრდობა არსებობს ბევრი,
გადასული დრო ფერს რომ უნახავს,
მაგრამ ჩვენსავით ოცნებამჭევრი
ახალგაზრდობა არვის უნახავს.

შენი ქარხნები, შენი ტყე-ველი
მსგავსი არ არის ქვეყნის ბებერის,
იყავ მედგარი და უძლეველი,
როგორც ოქტომბრის დროშას შეჰფერის!

ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა...
იუნონავ, შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა.
დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი,
და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.

გეძახოდა ჩემი სული, გეძახოდა ჩემი ვნება...
მე მომწყურდა შენთან ერთად ახალი წლის მიგებება,
ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე და ავანთე ჩემი ბინა,
და მომწყინდა მარტოობა, და უშენოდ მომეწყინა.

კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა, როგორც გველი.
სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი,
ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს,
და ვუცდიდი განახლებას, და ვეძებდი აღდგომის კვალს.

ხომლი მოკვდა, დაიბინდა; აიღველფა ცის ეთერი,
ცას ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი,
შენ არ სჩანდი... დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი,
და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.

დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს,
ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს...
დიდი ხნიდან ბედს მივენდე და იმისი მსხვერპლი ვხდები,
და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები.

მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ყური მიგდე,
ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე.
სახსნელი გზა კი არსად ჩანს, და ამაოდ ველი მშველელს...
და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს.


არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,
ო, რა ხანია,
ეხლა კი შევხვდით,
აგე, კაფე „მანჰატანია“.

ეხლა ჩვენ შევხვდით, ნუ უყურებ
დროთ უხსოვრებას,
ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,
ახალ ცხოვრებას!

გახსოვს ავდრები ნათესების
და საძოვრების?
ეს იყო სევდა და ბურუსი
ძველი ცხოვრების.

გახსოვს შორი გზა... ცდა მოგების
და საშოვრების?
ეს იყო ბნელი გვირაბები
ძველი ცხოვრების.

გადავივიწყოთ - სიღარიბე,
გამათხოვრება -
ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,
ახალ ცხოვრებას!

არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,
ო, რა ხანია,
ნამეტანია, მეგობარო,
ნამეტანია!

ის მოგონება გავატანოთ
დროთ უხსოვრებას -
ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს,
ახალ ცხოვრებას!